დავით ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1672 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, , , |
ავტორ(ებ)ი | დავით ანანიძე |
თარიღი | 27 იანვარი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ,,ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის #189 განკარგულება და ამავე განკარგულებით დამტკიცებული დანართი ,,ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონიმიკური განვითარების პროგრამა“.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის #189 განკარგულება და ამავე განკარგულებით დამტკიცებული დანართი ,,ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონიმიკური განვითარების პროგრამა“ (მთლიანად). | საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი; მე-19-ე მუხლი, მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,ე“ ქვეპუნქტი , 31-ე მუხლი, 31' მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებების დარღვევას და აჭარის ა.რ. მთავრობის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 313 „კონსტიტუციური სარჩელი /კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიღების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან იგი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის 31' მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 31' მუხლის დადგენილი მოთხოვნის მიხედვით: კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. კონსტიტუციური სარჩელი ხელმწოერილია მოსარჩელის (ჩემს) მიერ.
ბ) იგი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. ვინაიდან მისი შემომტანი პირი ვარ საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი.
გ) სარჩელში მითითებული სადაო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან იგი ეხება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას და საქართველოს კონსტიტუციის ნორმები ეწინააღმდეგება სადაო ნორმატიულ აქტს.
დ) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) მასში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით,
ვ) კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა დაცულია.
კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევას.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქმის არსი მდგომარეობს მასში, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2016 წლის 18 ოქტომბერს გამოსცა განკარგულება #189 ,,ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის დამტკიცების თაობაზე.“
მითითებული განკარგულებით დამტკიცდა და განკარგულებას დანართის სახით დაერთო ,,ხულოს მუნიციპალიტტის კურორტ ,,გოდერძზე“ ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ანუ ე.წ. ,,წესები“, როგორ უნდა განვითარდეს ,, კურორტ გოდერძზე ტურიზმი და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
მიუხედავად მყვირალა და პოპულისტური სათაურისა, ამ პროგრამაში არსად არ არის გათვალისწინებული ,,ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური განვითარების საკითხები და გეგმები. რა თქმა უნდა თავისთავად ასეთი პროგრამის მიღება და შესრულება არაფერ ცუდს არ მოიცავს, მაგრამ ე.წ. ,,პროგრამაში“ გაწერილია სულ სხვა წესები, რაც კარგად ჩანს ამ პროგრამის პირველ მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ ,,1. ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა (შემდგომ ,,პროგრამა“) ადგენს აღნიშნულ დასახლებაში ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კომპენსაციის სპეციალურ პირებობებსა და წესს, რომელიც მოქცეულია კურორტ ,,გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაში“.
აქედანვე ნათლად ჩანს, რომ ,,პროგრამის“ მიზანია კურორტის განაშენიანების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის და კომპენსაციის გაცემის ,,სპეციალური“ წესის და პირობების შემოღების მცდელობა, ანუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ კურორტის განაშენიანების ზონაში მცხოვრები მოსახლეობისათვის მათი ქონების გამოსასყიდად შექმნა ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ალტერნატიული ვარიანტი აჭარის მოსახლეობისათვის, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლსა და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
უკანონო განკარგულებაში და მის დანართ ,,პროგრამაში“ გაწერილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შეხედულებით დადგენილი წესები, კურორტის განაშენიანების ზონაში მცხოვრები მოსახლეობის რომელ ნაწილს ეკუთვნის კომპენსაცია და რომელს არა, რა რაოდენობით უნდა აუნაზღაურდეს კომპენსაცია საკურორტო ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მათი საკუთრებაში არსებული ნივთის გამოსყიდვისათვის, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებისათვის და თვითნებურად დაკავებული მიწისათვის, ან საერთოდ უნდა აუნაზღაურდეს თუ არა მათ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების კომპენსაცია. ამასთან, მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც თანახმაა მიწის საკუთრების, ან მფლობელობის სანაცვლოდ აჭარის ა.რ. მთავრობის ,,პროგრამით“ დაწესებული თანხები მიიღოს, მოსახლეობასთან ფორმდება სპეციალური ხელშეკრულება და ისინი კარგავენ უფლებას ხელშეკრულების გაფორმების დღიდან რაიმე სახით მოეპოვებინა მიწაზე საკუთრება, ეს იქნება მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, აღიარების კომისიაზე მიმართვა, თუ სხვა გზა საკუთრების მოპოვებისა, რაზედაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებებს (იხ. ხელშეკრულებები).
შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, წერილები აქვს გაგზავნილი-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის, რომ საკურორტო ზონაში მცხოვრები მოსახლეობისათვის საჯარო რეესტრმა არ მოახდინოს მიწის ნაკვეთის რაიმე სახით რეგისტრაცია, ხოლო აღიარების კომისიამ ამ ტერიტორიაზე, დაინტერესებულ პირებს არ უღიაროს საკუთრებაში მიწის ნაკვეთები, რომელიც მათ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით ეკუთვნის (იხილეთ თანდართული წერილები).
მითითებული წერილებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და აღიარების კომისია ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან ქონების მაძიებლებს, სამინისტროს წერილობითი დავალების შესასრულებლად, რის გამოც ისინი ვერ სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების უფლების გარანტიებით, რადგან კონსტიტუცია თანაბრად იცავს როგორც მესაკუთრეს, ასევე საკუთრების სამართლიანი მოპოვების, ანუ საკუთრების მაძიებლის უფლებას. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, კურორტის განაშენიანების ზონაში მცხოვრები მოსახლეობა ვერ სარგებლობს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით დაწესებული შეღავათებითა და სიკეთით, რომელთა მიზანია, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე, მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა და მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის წახალისება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ,,საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“.
საქართველოს კონსტიტუციის კომენტარებში (თავი მეორე (ადამიანის უფლებები) განმარტებულია, რომ ,,კონსტიტუციის მე-21,(მუხლი 19) მუხლით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და გასხვისებაც“...
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ,,კონსტიტუცია აღიარებს საკუთრების უფლებას მიუხედავად მისი გამოვლინებისა, კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლებაზე“.
საქართველოს კონსტიტუცია ,,მხოლოდ საკუთრებაში არსებული ობიექტის დაცვის გარანტიას კი არ აღიარებს, არამედ იგი ასევე იცავს და უზრუნველჰყოფს საკუთრების შეძენის უფლებას“ (იხ. კომენტარი გვ.105).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა რომ: ,,თუ საკუთრების შეძენის სამართლებრივ შეძენის გზებზე ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ, ეს საკუთრების უფლების შემდგომ დაცვას გარკვეულწილად აზრს დაუკარგავს, შესაბამისად, საკუთრების შეძენის მექანიზმების არსებობა გამოიწვევდა საკუთრების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის ელემენტებისგან შემდგარი საკუთრების სამოქალაქო კონცეფციისგან ,, დაცარიელებას“, სუბსტანციის დაკარგვას და ილუზორულს“ გახდიდა, ასევე საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას. საკუთრების შეძენის კონსტიტუციური გარანატია იცავს საკუთრების მართლზომიერად შეძენის შესაძლებობას“ (იხ. კომენტარები გვ.207-208).
,,კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრებაში ნებისმიერი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მე-19 (ძველი 21 მუხლი) მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში. სახელმწიფოს ვალდებულებაა თავისი პოლიტიკა კონკრეტულ სფეროში დაუქვემდებაროს მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ აუცილებელი საზოგდოებრივი საჭიროების შინაარსს,იმდაგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ,,საკუთრების უფლების ხელყოფა მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევით, ავტომატურად ნიშნავს პირველი პუქნტის დარღვევასაც“. (იხ. კომენატარი გვ.213).
ჩვენს შემთხვევაში გასაჩივრებული აქტით თანაბრად ირღვევა როგორც მესაკუთრის, ასევე მართლზომიერი მფლობელობის, მფლობელის, მოსარგებლის და თვითნებურად დაკავებული მიწის მფლობელის უფლებები. აქტი საკუთრების მაძიებელ სუბიექტს უკრძალავს და ბარიერს უქმნის მისი მოპოვების უფლებას თანაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩარევა ხდება სხვა, მესამე პირების სასარგებლოდ, (იხ. პროგრამის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აღიარების კომისიებზე და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე ზეწოლით, მაქსიმალურად უშლის ხელს არამარტო საკურორტო ზონაში არამედ, აჭარაში მცხოვრებ მოსახლეობას სარგებლობდნენ ზემოთ მითითებული კანონების შეღავათებით და გახდნენ მესაკუთრეები.
აღიარების კომისიები უმეტესწილად საკუთრების აღიარებაზე უარს ეუბნებიან აჭარის მოსახლეობას მარტო იმ მიზეზით, რომ მიწა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და არ შეიძლება მისი აღიარებით გადაცემა ფიზიკურ თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მოსახლეობას (ფიზიკურ პირებს) უარს ეუბნება მხოლოდ იმიტომ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის #189 განკარგულებით დადეგენილ საკურორტო ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას შეზღუდული აქვს საკუთრების, როგორც რეგისტრაცია ასევე მიღების უფლება. ჩემს მიერ ჩამოთვლილი მიზეზების გამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა და მათ შორის საკურორტო ზონაში მცხოვრები მოსახლეობა, ვერ სარგებლობენ ზემოთ ჩამოთვლილი კანონებით დაწესებული შეღავათებით და ვერ ხდებიან მიწის (უძრავი ქონების) მესაკუთრეები იმის გამო, რომ ისინი ცხოვრობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საკურორტო ზონაში, ამიტომ ისინი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რის გამოც მათ მიმართ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-11-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია ...საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად ,,სახელმწიფო ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფახაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, მუნიციპალიტეტს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურდიულ პირებს“.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,ა“ და ,,უ“ ქვეპუნქტების მიხედვით სახელმწიფო ქონებაში არსებულ (სხვადასხვა სახის ქონებაში) მოიაზრება ასევე უძრავი ქონება-მიწაც.
ამავე კანონის 1-ლი მუხლი აწესრიგებს კანონის რეგულირების სფეროს, სადაც მე-5 პუნქტში ნათქვამია, რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
,,ფიზიკური და კერძო სამართლის ირიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე და ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე“.
რაც იმას ნიშნავს, რომ ე.ი. მიწის ნაკევთის გადაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან სახელმწიფო/ორგანოს, მუნიციპალიტეტის თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, ხელს ვერ შეუშლის მის კერძო საკუთრებად აღიარებას და რეგისტრაციას, რაზედაც მიუთითებს, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი პრაქტიკა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის #ბს-504-501-კ17 გადაწყვეტილება).
,,ფიზიკური და კერძო სამართლის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამომწურავად ჩამოთვლის იმ მიწის ნაკვეთებს, რომელთა აღიარება კანონით არ შეიძლება. ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ,,გოდერძის“ ტერიტორია და მიმდებარე ადგილები კანონის ჩამონათვლის ამ სფეროში არ ექცევა, რის გამოც მათი აღიარების წესით მოსახლეობისათვის იმ მიწის ნაკვეთების გადაცემის შეზღუდვა მომდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და უწინარესად გასაჩივრებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, რის გამოც ეს ნორმატიული აქტი ერთდროულად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს:
1. საქართველოს კონსტიტუტიციის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება...მიწის წიაღის და სხვა ბუნებრივი რესურსების გამგებლობა“.
,, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციური კანონის 6.3 მუხლის თანახმად ,,დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოსათვის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილების დელეგირება“ ხოლო ამავე კონსტიტუციური კანონის 9.2 მუხლის თანახმად ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არა აქვს უფლება ნორმატიული აქტით მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული საკითხები“.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის #189 განკარგულება ,,ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური განვითარების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“და თვით ეს ,,პროგრამა“, რომელიც გაწერილია 10 მუხლში მცდელობა იმისა, რომ აჭარის არ. მთავრობამ თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს აჭარაში მიწათსარგებლობის საკითხი და თავისი შეხედულებისამებრ მოაგვაროს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დადგენილი საკითხის საკუთრების შეძენის და ჩამორთმევის წესები და გარანტიები.
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამომწურავად განმარტავს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების შემდეგ შემთხვევებს:
ა) გზისა და მაგისტრალების გაყვანა-მშენებლობისათვის.
ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის.
გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის.
დ) ელექტროეერნგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის.
წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტიური ხაზების გაყვანისათვის.
დ) ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის.
ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისათვის.
ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის.
ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის.
თ) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობების და ობიექტების მშენებლობისათვის.
ი) ეროვნული თავდაცვის საჭირო სამუშაოებისათვის.
კ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის.
საკურორტო მშენებლობა მით უფრო კერძო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჩამონათვალში არ შედის.
ამავე მე-2 მუხლის 1 ლი პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ან და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირების სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის საფუძველზე ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“.
ჩვენს შემთხვევაში აჭარის ა.რ. მთავრობამ და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ისარგებლეს იმით, რომ აჭარის მოსახლეობის 90%-ზე მეტს არა აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული საკარმიდამო და მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთები,რამაც შესაძლებლობა მისცა და ფიზიკური პირების ფაქტიურ სარგებლობაში არსებული მიწები გადაიფორმეს აჭარის ა.რ. საკუთრებაში, რის შემდეგ მოსახლეობას ხელს უშლიან კანონის მიხედვით დაწესებული, მათ სარგებლობაში არსებული მიწების გადაფორმებაში, ამიტომ მოსახლეობა ვერ იყენებს კანონით დაწესებული საკუთრების მოპოვებისა და არსებული საკუთრების რეგისტრაციის შეღავათებით და სიკეთით. ამასთანავე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ შეითავსა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ფუნქიები ექსპროპრიაციის უფლებების თაობაზე.
პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც აღიარების კომისიამ კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არაერთ ფიზიკურ პირს უარი უთხრა საკუთრების აღიარებაზე იმის გამო, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი განლაგებული იყო საკურორტო ზონაში და ეკუთვნის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. ამავე დროს, მოსახლეობისათვის გასაცემ იგივე მიწებს, უპრობლემოდ აძლევს ან ყიდის მათთვის სასურველ პირებზე, მათ შორის უცხოელ მოქალაქეებზე.
მაგალითად:
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. პაქსაძეების მცხოვრებმა ქალბატონმა ეთერ გელაძემ (აწ გარდაცვლილია) 1998 წლის მაისში კომლის სარგებლობისათვის მიწის რეფორმების გზით საკარმიდამოდ მიიღო 8500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილი, 6500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი განლაგებულია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. დანისპარაულის ე.წ. ,,ზანკების“ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად შენდება კურორტი ,,გოდერძი“ ოჯახი ამ მიწის ნაკვეთს იყენებს თავის სარჩენად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მოჰყავს სასოფლო სამეურნეო კულტურები, ინახავს პირუტყვს და ა.შ.
2017 წლის მაისის თვეში კომლის ერთ-ერთმა წევრმა ედნარ გელაძემ რომლის ინტერესებს მე ვიცავ, მიმართა საჯარო რეესტრს მის მფლობელობაში არსებული საკარმიდამო (6500 კვ.მ) მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის, რისთვისაც რეესტრს წარუდგინა კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტები.
რადგან საჯარო რეესტრისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესში არ შედიოდა მითითებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, ამიტომ სარეგისტრციო წარმოების პერიოდში 2017 წლის 05 აგვისტოს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელსაც ფაქტიურად კომლი დღესაც სარგებლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიჰყიდა უცხოურ ფირმას შპს ,,ჯი ეს პი გრუპ“-ს (ს.ნ 445470348) რის გამოც ამ, საკითხზე დღემდე მიმდინარეობს სასამართლო დავა. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინელმა მთავრობამ ეს საკითხი თავისებურად გადაწყვიტა სწორედ სადავო განკარგულების გამოყენებით.
მეორე მაგალითი:
ნოდარ აბაშიძეს, ,,ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ/მიწებზე საკუთრების აღიარების კომისიამ, 2009წ ლის 4 დეკემბრის განკარგულებით აღიარებაზე უარი უთხრა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მიწის ნაკვეთი (5215 კვ.მ) , რომელსაც იგი 1993 წლიდან სარგებლობდა, მდებარეობს კურორტ გოდერძის განაშენიანების მიმდებარედ და იგი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის, თუმცა კანონი ასეთ უარს არ ითვალისწინებს. მსგავსი პრეცედენტი გვაქვს მოქალაქეების ხულოს მცხოვრებ: ზებურ შავაძის, ნადიმ გელაძის, გია აბულაძის და სხვათა მიმართ, რომელთა დავები სასამართლოში ეხლაც მიმდინარეობს, ჩემის აზრით აწარის ა.რ. მთავრობის მხრიდან ამ საკუთრებისადმი არასწორი მიდგომის გამო.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა