რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგო მუშლიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №1/4/212 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 3 აგვისტო 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
იაკობ ფუტკარაძე (სხდომის თავმჯდომარე);
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2004 წლის 7, 14 და 15 ივლისის ღია სასამართლო სხდომებზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელე - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგო მუშლიანი და მისი წარმომადგენლები თამარ კორძაია და თამარ ხიდაშელი, მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილების უფროსი ბათარ ჩანქსელიანი და ამავე განყოფილების მოწვეული სპეციალისტი მარინე რობაქიძე, მოპასუხის - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ჯავახია, სპეციალისტი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლისა და სამართლის თეორიის კათედრის დოცენტი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი არჩილ ლორია, მოწმე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გივი შარანგია, განიხილა საქმე: “რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგო მუშლიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ".
დავის საგანია: (1) “იმიგრაციის შესახებ" საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე-5 მუხლის, (2) “საქართველოს რესპუბლიკაში იმიგრაციის საკითხების განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 30 ნოემბრის N821 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 32-ე პუნქტისა და (3) “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 47-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით იმ ნაწილებში, რომლებიც შეეხება ვიზების გაფორმებას საქართველოში შემოსვლასა დასაქართველოდან გასვლასთან დაკავშირებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 13 დეკემბერს გადმოეცა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის სერგო მუშლიანის 212-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მისი არსებითად განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. იმავე წლის 25 დეკემბერს გაიმართა ღია განმწესრიგებელი სხდომა და სასამართლო კოლეგიამ 31 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო (საოქმო ჩანაწერი N1/14/212). საოქმო ჩანაწერის მიხედვით, საქმის დასახელება იყო “რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგო მუშლიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ". საქართველოს პრეზიდენტი საქმეში მოპასუხედ იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 30 ნოემბრის N821 დადგენილებით დამტკიცებული დებულების სადავო პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციაში 2004 წლის 6 თებერვალს შეტანილი ცვლილებების შედეგად საქართველოს მთავრობის შექმნის გამო, აღნიშნულ დებულებასთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოპასუხე გახდა საქართველოს მთავრობა და ამის შესაბამისად შეიცვალა საქმის დასახელება. ამასთან ერთად, საოქმო ჩანაწერით სადავო იყო აგრეთვე “საკონსულო მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე-6 მუხლის “ბ" პუნქტის “ბ.ა.დ." ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა. საქმის არსებითად განხილვის დროს მოსარჩელემ უარი თქვა აღნიშნული ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნაზე.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ" ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა" ქვეპუნქტი და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
მოსარჩელის აზრით, სადავო აქტები ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს, რადგან მას, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ იმიგრანტს, უზღუდავენ ქვეყანაში თავისუფლად, უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყნიდან უვიზოდ გასვლის უფლებას.
მოსარჩელის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებული „საქართველოს მოქალაქეები“ არ უნდა იქნეს განმარტებული სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით. იმიგრანტებს, ანუ საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს, მათ შორის მოსარჩელესაც, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, სახელმწიფოსთან აკავშირებთ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების უფლება და მათზე ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებები და მოვალეობები. ამ კატეგორიის ადამიანებს საქართველოს კონსტიტუცია უზღუდავს გარკვეულ პოლიტიკურ უფლებებს, რადგან ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება დანარჩენ უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა“. კონსტიტუციით გათვალისწინებულ გამონაკლისად მოსარჩელის წარმომადგენლები მიიჩნევენ პოლიტიკური უფლებების შეზღუდვას და ამ კატეგორიის პირების სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან განთავისუფლებას, ხოლო კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ იგი უნდა შეესაბამებოდეს კანონიერ მიზანს და ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს (დაწესებული შეზღუდვები უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური მიდგომის გზით). საქართველოდან გასვლის უფლებასთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს ქვეყნიდან გასვლის დროს ახლა აუცილებლად სჭირდება ვიზის აღება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან გასვლა მათთვის არ არის თავისუფალი. მართალია, მიმოსვლის თავისუფლება არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი და იგი განსაზღვრული პირობების არსებობისას შეიძლება შეიზღუდოს, მაგრამ მხოლოდ ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის და სხვათა უფლებების და თავისუფლებების დაცვის მიზნით. მოსარჩელის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმები არ შეესაბამებიან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს და მოითხოვენ მათ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადებას.
მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წამომადგენლების აზრით, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია: „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან“. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად. აღნიშნული უფლებების აბსოლუტურობაზე შესაძლოა ითქვას მხოლოდ მის გარეგან გამოვლინებამდე, ხოლო გარეგნული გამოვლინების შემდეგ იგი უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, წესრიგს. პარლამენტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელი არ არის გათანაბრებული საქართველოს მოქალაქესთან და, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოსვლისას უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მხედველობაშია ქვეყანაში შესასვლელი და ქვეყნიდან გასასვლელი ვიზები, რაც, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებთან თუ შეთანხმებებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე უსაფუძვლოდ მიიჩნევს დავას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ეზღუდება საქართველოში თავისუფლად შემოსვლისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. მოპასუხის აზრით, ვიზა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი კანონიერი მიზნების განსახორციელებელი კონტროლის საშუალებას წარმოადგენს. გადაადგილების თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ თვითნებურად და კანონის გვერდის ავლით ხდებოდეს პირის საქართველოდან გასვლა და საქართველოში შემოსვლა. იგი გულისხმობს, რომ არავის არ აქვს უფლება შეგნებულად შეუქმნას დაბრკოლება და აუკრძალოს საქართველოდან გასვლა იმას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არც საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველ პუნქტს არ ეწინააღმდეგებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებები და მოვალეობები გააჩნიათ, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, აღნიშნული ზოგადი პრინციპებიდან შესაძლოა დაშვებული იქნეს გამონაკლისი და ამ კატეგორიის ადამიანებს მიენიჭოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული განსხვავებული უფლებები და მოვალეობები. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა აზრით, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი თეიმურაზ ჯავახია სრულად დაეთანხმა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს. მოწმე გივი შარანგიამ აღნიშნა, რომ არის სახელმწიფოები, სადაც მუდმივად მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში უფორმებენ გასასვლელ ვიზას. ამ შემთხვევაში ვიზის არსებობა გამართლებულია სახელმწიფო ინტერესებისა და იმ ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიზნით. ამასთან, ბევრ ქვეყანაში გასასვლელი ვიზა გაუქმებულია. ასეთია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, ყოფილი სოციალისტური სისტემის ქვეყნები. რუსეთში უკვე თითქმის ერთი წელია, რაც გაუქმდა ქვეყნიდან გასასვლელი ვიზა. საქართველოც ამ მიმართულებით მიდის, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. მოწმის განმარტებით, ამჟამად უკვე შემუშავებულია და საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულია კანონპროექტი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის შესაბამისადაც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს აღარ დასჭირდებათ ქვეყნიდან გასვლისას ვიზის გაფორმება. მოწმის აზრით, საქართველოდან გასასვლელი ვიზის გაუქმება არანაირად არ შელახავს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ასევე არ მოახდენს რაიმე არსებით გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტზე. თუმცა, ამან შესაძლოა რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას შეუქმნას გარკვეული უხერხულობა, რაც კანონმდებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
სპეციალისტ არჩილ ლორიას აზრით, მოსარჩელე არასწორად აიგივებს ერთმანეთთან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებას და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის უფლებას. მისი განმარტებით, ვიზა არის სპეციალური ნებართვა სახელმწიფო ტერიტორიის საზღვრის გადაკვეთის შესახებ. უცხოელი საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოპოვების შემდეგ ვალდებულია კანონით განსაზღვრული წესით, ე.ი. ვიზის მეშვეობით შემოვიდეს საქართველოში. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება იგი საქართველოში კანონიერად მყოფად, რაზედაც საუბარია კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში. ამასთან, კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად, შეზღუდვის გარეშე შემოვიდეს საქართველოში. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე თანასწორობა არ გამორიცხავს სუბიექტთა განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობას - გულისხმობს ყველა ადამიანისათვის მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენებისა და დაცვის თანაბარი გარანტიების უზრუნველყოფას.
შესაბამისად, უცხოელებისათვის საქართველოს მოქალაქისაგან განსხვავებული პირობების დაწესება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველ პუნქტს. საქართველოდან გასვლის ვიზასთან დაკავშირებით, სპეციალისტი დაეთანხმა მოსარჩელეს. იგი მიუთითებს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. გასასვლელი ვიზის არსებობა, მისი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას - კონსტიტუციით არ არის დადგენილი რაიმე დამატებითი შეზღუდვა ქვეყნის ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით იმ პირთა მიმართ, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული უფლების კანონისმიერი შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების არსებობისას, ეგრეთ წოდებული სპეციალური და არა ზოგადი ნორმის მეშვეობით. სპეციალისტი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ შემოსასვლელი ვიზის არსებობას, ხოლო ქვეყნიდან გასასვლელი ვიზა, მისი აზრით, უნდა გაუქმდეს, მით უმეტეს მოსარჩელის კატეგორიის პირთა მიმართ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის შედეგად, - კონსტიტუციური სარჩელის მონაცემების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლების, მოწმის ჩვენების, სპეციალისტის დასკვნისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
I. მოსარჩელე - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგო მუშლიანი იმიგრანტის სტატუსით ცხოვრობს საქართველოში. „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, „იმიგრანტად საქართველოში ითვლება უცხოელი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიპოვა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება“. ს. მუშლიანის სასარჩელო მოთხოვნა ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმას, რომ იმიგრანტისათვის დაწესებულია (1) საქართველოში შემოსასვლელი ვიზა და (2) საქართველოდან გასვლის ვიზა. პირველ შემთხვევაში, შემოსასვლელ ვიზასთან დაკავშირებით, მოსარჩელე სადავოდ ასახელებს სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც მოცემულია ორ ნორმატიულ აქტში - (1) “იმიგრაციის შესახებ" საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე-5 მუხლში (ამ მუხლის სათაურია „იმიგრანტის შემოსვლა საქართველოში“) და (2) “საქართველოს რესპუბლიკაში იმიგრაციის საკითხების განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 30 ნოემბრის N821 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 32-ე პუნქტში (ეს პუნქტი შედის დებულების იმ ნაწილში, რომლის სათაურია „იმიგრაციის შესახებ შუამდგომლობათა განხილვის წესი“). „იმიგრაციის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის ხუთი პუნქტიდან სადავოა: პირველი პუნქტი - „უცხოელს, რომელიც მიიღებს საქართველოში ცხოვრების ნებართვას, საქართველოს დიპლომატიურ ან საკონსულო დაწესებულებათა მეშვეობით მიეცემა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა“; მე-2 პუნქტი - „საქართველოში შემოსასვლელ ვიზას ძალა აქვს ერთი წლის განმავლობაში გაცემის დღიდან. თუ ამ ხნის მანძილზე უცხოელი არ ჩამოვა საქართველოში, ვიზა კარგავს ძალას, ხოლო საქართველოში მისი იმიგრაციის საკითხი გადაწყდება ხელახლა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად"; მე-3 პუნქტი შემოსასვლელი ვიზის ნაწილში - უცხოელმა, რომელმაც მოიპოვა საქართველოში ცხოვრების უფლება, საქართველოში შემოსვლისას საპასპორტო კონტროლის გავლის დროს სხვა სათანადო დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს აგრეთვე შემოსასვლელი ვიზა.
მინისტრთა კაბინეტის N821 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 32-ე პუნქტი სადავოა საქართველოს რესპუბლიკაში შემოსასვლელი ვიზის მიღების აუცილებლობისა და ვიზის მოქმედების ვადების განმარტების ნაწილში - საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება და იუსტიციის სამინისტრო დაინტერესებულ პირზე იმიგრაციის ნებართვის გაცემის დროს ვალდებულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან ერთად განუმარტოს მას “საქართველოს რესპუბლიკაში შემოსასვლელი ვიზის მიღების აუცილებლობა, ვიზის მოქმედების ვადები". რაც შეეხება გასვლის ვიზას, მასთან დაკავშირებით მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევს სამართლის ნორმას, რომელიც მოცემულია “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონის 24-ე მუხლში (მუხლის სათაურია “საქართველოდან გასვლა"). ამ მუხლში სადავოა მე-2 პუნქტის ნაწილი საქართველოდან გასვლის ვიზის წარდგენის შესახებ - საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა უცხოელებმა საქართველოდან გასვლისას სხვა სათანადო დოკუმენტებთან ერთად შესაბამის ორგანოებში უნდა წარადგინონ საქართველოდან გასვლის ვიზა.
II. სასამართლო კოლეგიამ გამოიკვლია სადავო სამართლებრივი ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებთან შესაბამისობის საკითხი. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს დანიშნულებაა შეამოწმოს სადავო სამართლებრივი ნორმების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის დებულებებთან, მაგრამ, ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგია ითვალისწინებს მათ მიმართებას საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. საქმის არსებითად განხილვის დროს მოსარჩელე მხარე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად და პოზიციის გასამყარებლად იმოწმებდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლს, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლს. თავის მხრივ, მოპასუხე მხარეც, სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით, ამ საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სწორედ დასახელებულ მუხლებზე მიუთითებდა. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ძირითადი საერთაშორისო აქტები “ცხადყოფენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა სწორედ მათ შესაბამისად არეგულირებს დღეს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხებს". მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების ასეთი პოზიციების გათვალისწინებით სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს ზემოხსენებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სათანადო დებულებებთან სადავო ნორმების მიმართების საკითხი.
III. საქმის მასალებიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე სერგო მუშლიანის კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სახელდობრ, დასაკმაყოფილებელია მოსარჩელის მოთხოვნა - არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა უცხოელებმა საქართველოდან გასვლისას შესაბამის ორგანოებში უნდა წარადგინონ საქართველოდან გასვლის ვიზა. ეს სამართლებრივი ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებს.
1. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან". ეს კონსტიტუციური დებულება სხვა პირებთან ერთად მოსარჩელესაც შეეხება. განსაზღვრებითი ნაცვალსახელი “ყველა" გულისხმობს ნებისმიერ ადამიანს გამონაკლისის გარეშე, იმის მიუხედავად, არის იგი საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი. “ყველას", ცხადია, იმიგრანტიც მიეკუთვნება. მოსარჩელესთან მიმართებით საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი გარემოება არის ის, რომ მას მინიჭებული აქვს იმიგრანტის სტატუსი და მართლზომიერად არის შემოსული ქვეყნის ტერიტორიაზე. კონსტიტუცია აკანონებს საქართველოდან თავისუფლად გასვლის შესაძლებლობას. ეს ნიშნავს ქვეყნიდან შეუზღუდველად, დაუბრკოლებლად გასვლის უფლებას. გასვლის ვიზის დაწესება კი ამ უფლების შეზღუდვის მაჩვენებელია. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით აღიარებული უფლებების, მათ შორის საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-3 პუნქტში. თანაც, უფლების შეზღუდვის პირობები აქ ამომწურავად არის ჩამოთვლილი - მათი გაფართოება და უფლების რაიმე სხვა მიზნით შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურ ქმედობად ჩაითვლება. კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების შეზღუდვა შეიძლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
მოპასუხე მხარემ სათანადო არგუმენტებით ვერ დაასაბუთა, რომ საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისათვის საქართველოდან გასვლისას ვიზის წარდგენის მოთხოვნა, ესე იგი შესაბამისი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა ისეთი სამართლებრივი ბარიერის შექმნით, როგორიცაა სპეციალური ნებართვის მიღება, ხორციელდება კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოდან გასვლის ვიზის წარდგენის ნაწილში საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით არამართლზომიერი, არაკონსტიტუციურია.
2. საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისათვის ქვეყნიდან გასვლისას საქართველოდან გასვლის ვიზის წარდგენის მოთხოვნა არ შეესაბამება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებს. ამ პუნქტის მიხედვით, “საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა". კონსტიტუცია ქვეყნიდან თავისუფლად გასვლის უფლებასთან მიმართებით იმიგრანტისათვის საქართველოს მოქალაქისაგან განსხვავებულ რაიმე გამონაკლისს არ ითვალისწინებს. პირიქით, კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ ადგენს, რომ საქართველოდან თავისუფლად გასვლა შეუძლია ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება ამ ქვეყანაში. ამგვარად, იმიგრანტს, კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნიდან თავისუფლად გასვლის თვალსაზრისით საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლება აქვს მინიჭებული. რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისს, სადავო ნორმის მიხედვით იმიგრანტისათვის გასვლის ვიზის წარდგენის მოთხოვნა, როგორც უკვე ითქვა, არამართლზომიერი, არაკონსტიტუციურია.
3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში არსებითად ერთნაირად არის დადგენილი, რომ თითოეულ (ყოველ) ადამიანს აქვს უფლება დატოვოს ყოველი ქვეყანა, მათ შორის თავისიც (წავიდეს ყოველი ქვეყნიდან, მათ შორის საკუთარი ქვეყნიდან). ამ საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებში ჩამოყალიბებული ნორმების მიხედვით, ყველა და მათ შორის, ცხადია, იმიგრანტიც, თავისუფალია იმ მხრივ, რომ დატოვოს ნებისმიერი - როგორც სხვისი, ისე თავისი ქვეყანა. “ყოველი ქვეყანა", რაღა თქმა უნდა, საქართველოსაც მოიცავს. ამასთან, საქართველო აქ მცხოვრები იმიგრანტისათვის თავის ქვეყნადაც ჩაითვლება.
სამივე საერთაშორისო-სამართლებრივი აქტით დაშვებულია ქვეყნიდან გასვლის უფლების შეზღუდვა. შეზღუდვის პირობები კონვენციის მე-4 ოქმსა და პაქტში, ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, შესაბამისი მუხლების ცალკე პუნქტებშია მოცემული და მხოლოდ ამ მუხლებში აღნიშნული უფლებების, მათ შორის ქვეყნიდან გასვლის უფლების შეზღუდვას ეხება. დეკლარაციაში კი ისინი (შეზღუდვის პირობები) სხვაგან (29-ე მუხლის მე-2 პუნქტში) არის ჩამოყალიბებული და კონკრეტულად ქვეყნიდან გასვლის უფლებას კი არა, არამედ საერთოდ, დეკლარაციით გათვალისწინებული უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვის პირობებს შეეხება. ეს სხვაობა მოცემულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით არსებითად არ ცვლის საქმის ვითარებას. შეზღუდვის პირობები ამ აქტებშიც, საქართველოს კონსტიტუციის მსგავსად, მკაცრად, ამომწურავად არის განსაზღვრული (აკრძალულია უფლების შეზღუდვის დამატებითი საფუძვლის შემოღება). უფლების შეზღუდვის საფუძვლები ძირითადად ერთნაირია კონვენციაში, პაქტსა და საქართველოს კონსტიტუციაში. დეკლარაციაში, კონვენციასა და პაქტში მოცემულია უფლების შეზღუდვის ზოგიერთი დამატებითი პირობა, რომლებიც არაა შეტანილი საქართველოს კონსტიტუციაში. ასეთია, კერძოდ, ზნეობის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, რასაც დეკლარაციაში ემატება აგრეთვე “საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები". მაგრამ ქვეყნიდან იმიგრანტის გასვლის უფლების შეზღუდვა, სამართლებრივი ბარიერის - გასვლის ვიზის დაწესება მოპასუხე მხარემ ჯეროვნად ვერც ამ დამატებითი საფუძვლებით ვერ დაასაბუთა. ამგვარად, “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის მოთხოვნა, რომ საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა უცხოელებმა საქართველოდან გასვლისას შესაბამის ორგანოებში უნდა წარადგინონ საქართველოდან გასვლის ვიზა, არც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლის დებულებებს არ შეესაბამება.
IV. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა “იმიგრაციის შესახებ" საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე-5 მუხლისა და, შესაბამისად, “საქართველოს რესპუბლიკაში იმიგრაციის საკითხების განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 30 ნოემბრის N821 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 32-ე პუნქტის სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობისა და ამ საფუძვლით მათი ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. აღნიშნული სამართლებრივი ნორმებით იმიგრანტისათვის დაწესებულია საქართველოში შემოსასვლელი ვიზა და მოწესრიგებულია ამასთან დაკავშირებული საკითხები. მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა საფუძვლიანი არგუმენტები, რომლებიც სადავო ნორმების ანტიკონსტიტუციურობას დაადასტურებდა. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებს.
1. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას საქართველოში შემოსასვლელ ვიზასთან მიმართებით საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე უცხოელის ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების ნიშნით გათანაბრების შესახებ. მოსარჩელის სიტყვით, “საქართველოში შემოსვლის შეუზღუდავი უფლება, ანუ უფლება, რომელიც არ საჭიროებს წინასწარ ნებართვას ხელისუფლებისაგან (ვიზას) შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც უფლება (თანდაყოლილი, თუ მინიჭებული) აქვს ამ ქვეყანაში მუდმივად იცხოვროს". აქედან გამომდინარე, მოსარჩელის დასკვნით, საქართველოს კონსტიტუციის დებულება - “საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში" - “თანაბრად უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე უცხოელის მიმართ". სპეციალისტის - არჩილ ლორიას მართებული მოსაზრებით, “ძირითადი კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტში ... კანონმდებელი სპეციალურად და სავსებით არაორაზროვნად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად, შეზღუდვის გარეშე შემოვიდეს საქართველოში და ამ შემთხვევაში სიტყვები „საქართველოს მოქალაქე“ არგულისხმობენ ნებისმიერ ფიზიკურ პირს“. ამდენად, იმიგრანტისათვის, ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების უფლების ქონის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქისაგან განსხვავებული პირობების დადგენა, კერძოდ კი შემოსასვლელი ვიზის დაწესება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
2. მოსარჩელის წარმომადგენლებმა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე უცხოელის საქართველოში შემოსასვლელი ვიზის საწინააღმდეგო მნიშვნელოვან არგუმენტად მიიჩნიეს და დაიმოწმეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 1999 წლის ზოგადი კომენტარი N27(67) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების საკითხებზე. მოსარჩელის წარმომადგენელთა სიტყვით, ამ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის მიხედვით „ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მონაწილე სახელმწიფოებს დაავალა, მათ მიერ წარდგენილ ანგარიშებში მიეთითებინათ ინფორმაცია, რამდენად იცავენ ისინი ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირთა უფლებას - დაუბრკოლებლად დაბრუნდნენ თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში“. აქ მოყვანილი ტექსტისა და მისი დედნის ურთიერთშეჯერების შედეგად გამოირკვა, რომ დასახელებული დოკუმენტი მოსარჩელე მხარის მიერ, მოცემულ შემთხვევაში, სწორად არ არის გაგებული: დედანში ლაპარაკია მუდმივი რეზიდენტების ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე არა დაუბრკოლებლად დაბრუნების უფლებაზე, არამედ, ზოგადად, დაბრუნების უფლებაზე. ეს გარემოება არსებითად ცვლის საქმის ვითარებას და ამის გამო, ცხადია, ხსენებული დოკუმენტი მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დამადასტურებელ არგუმენტად აღარ გამოდგება.
3. საქართველოში შემოსასვლელი ვიზის არსებობით არ დასტურდება მოსარჩელის - იმიგრანტ ს. მუშლიანის უფლების დარღვევა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან“, ხოლო „საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში“. კონსტიტუციის 22-ე მუხლის ამ პუნქტში განსაზღვრულია: 1. საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება, რომელიც ენიჭება ყველას, მათ შორის იმიგრანტსა და საქართველოს მოქალაქეს; 2. საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლება, რომელიც ენიჭება არა ყველას, არამედ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. მაშასადამე, საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლება, კონსტიტუციის მიხედვით, იმიგრანტს არ გააჩნია. ამგვარად, საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლება კონსტიტუციით არა ყველასათვის, არამედ მარტოოდენ საქართველოს მოქალაქისთვის არის უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა, რასაც კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს, საქართველოში შემოსვლის უფლებასთან მიმართებით საქართველოს მოქალაქის გარდა არავის სხვას და, მათ შორის, არც იმიგრანტს არ შეეხება.
ვინაიდან მოსარჩელეს - იმიგრანტ ს. მუშლიანს არ გააჩნია საქართველოში თავისუფლად შემოსვლის კონსტიტუციური უფლება, ცხადია, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა შესაბამისი სადავო ნორმებით თითქოს-და მისი ამ უფლების დარღვევისა და თვით სადავო ნორმების კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან შეუსაბამობის თაობაზე. იმიგრანტის საქართველოში თავისუფლად შემოსვლის კონსტიტუციური უფლების უქონლობა, თავისთავად ცხადია, არ მოასწავებს საერთოდ ქვეყანაში შემოსვლის უფლების არქონას. ამ უფლებას იმიგრანტი განახორციელებს საქართველოში შემოსასვლელი ვიზით, რაც სასამართლო კოლეგიას კონსტიტუციურად მიაჩნია. სხვა საქმეა, თუ საქართველო უარს იტყვის ასეთ ვიზაზე. ეს საქართველოს სუვერენული უფლებაა და მისი კეთილი ნების გამოვლენად ჩაითვლება.
4. მოსარჩელე მხარეს იმიგრანტისათვის საქართველოში შემოსასვლელი ვიზის დაწესების საწინააღმდეგო არგუმენტად მოჰყავს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ის დებულება, რომ “საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს ... საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი ... აქვთ". მოსარჩელე - იმიგრანტი ს. მუშლიანი კი არის საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოქალაქე და მასზედაც ვრცელდება კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება საქართველოს მოქალაქესთან ზოგადად მისი უფლებრივი გათანაბრების შესახებ, მაგრამ ეს თანაბრობა არ გულისხმობს საქართველოში თავისუფლად - უვიზოდ შემოსვლის კონსტიტუციურ უფლებას. ამის საფუძველს იძლევა ძირითადი კანონის 47-ე მუხლის პირველ პუნქტში გაკეთებული დათქმა, რომ უფლებრივი თანაბრობა არ მოიცავს კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისებს. სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოში შემოსასვლელ ვიზასთან მიმართებით სწორედ ასეთ – კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისთან გვაქვს საქმე. კონსტიტუციით გათვალისწინებული გამონაკლისია ის, რომ საქართველოში უპირობოდ – თავისუფლად შემოსვლის უფლებას ძირითადი კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ანიჭებს. ძირითადი კანონის 22-ე მუხლის ამ პუნქტში არ არის ასახული საქართველოში იმიგრანტის თავისუფლად შემოსვლის უფლება. პირიქით, კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსის მიხედვით კარგად ჩანს, რომ იმიგრანტს ასეთი უფლება არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებით შემოსასვლელი ვიზის დაწესება მართლზომიერია და კანონით გათვალისწინებულ იმ გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით არის დაშვებული. სასამართლო კოლეგიის აზრით, კონსტიტუციის 47-ე მუხლის ამ პუნქტის შესაბამისად საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოქალაქეებისათვის დაშვებული უფლებრივი გამონაკლისები, მოსარჩელე მხარის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, არ შემოიფარგლება იმით, რომ “მათ უფლება არა აქვთ ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებისათვის აღიარებული პოლიტიკური უფლებებით". ამგვარად, საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლება ნამდვილად კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული ის გამონაკლისია, როცა იმიგრანტი უფლებრივად საქართველოს მოქალაქესთან არ არის გათანაბრებული. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ დასტურდება საქართველოში იმიგრანტის შემოსასვლელი ვიზის განმსაზღვრელი სადავო ნორმების შეუსაბამობა კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებთან.
5. ქვეყანაში შესვლის საკითხს ეხება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-4 ოქმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი. დაკლარაციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, “ყოველ ადამიანს აქვს უფლება ... დაბრუნდეს თავის ქვეყანაში". “ყოველი ადამიანი" იმიგრანტსაც გულისხმობს და, ამასთან ერთად, ადგილსამყოფელი სახელმწიფო მისთვისაც გარკვეულწილად თავისი ქვეყანაც არის. ასე რომ, დეკლარაციის ეს ნორმა იმიგრანტსაც შეეხება, მაგრამ იგი ერთგვარად შეზღუდული, შეკვეცილია. საქმე ის არის, რომ აქ მოცემულია თავის ქვეყანაში დაბრუნების უფლება. დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უკვე იყო ამ ქვეყანაში, აქედან წავიდა და ახლა ისევ იქ, უკანვე მივა. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ნორმა ამ თვალსაზრისით უფრო ფართო შინაარსის მომცველია. მასში განსაზღვრულია ქვეყანაში შემოსვლის უფლება. შემოსვლა დაბრუნებასაც მოიცავს. ამასთან ერთად, იგი იმასაც გულისხმობს, რომ ადამიანი ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში და აქვს მასში პირველად შესვლის უფლება, რასაც შინაარსობრივად გამორიცხავს დეკლარაციაში ნახმარი სიტყვა “დაბრუნება". “დაბრუნება" სიტყვის გამოყენება დეკლარაციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში იმით აიხსნება, რომ მასში ერთობლივად არის ფორმულირებული ქვეყნის ჯერ დატოვების უფლება და შემდეგ, შესაბამისად, უკან დაბრუნების უფლება. საერთოდ, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელის შესვლის საკითხი ეროვნულ კანონმდებლობას ექვემდებარება – შესაბამისი სახელმწიფოს სუვერენიტეტის სფეროს განეკუთვნება და მის პრეროგატივას წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აღნიშნა, რომ უცხოელებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული დაცვით მაშინ შეუძლიათ ისარგებლონ, როცა წამოიჭრება საკითხი დისკრიმინაციის და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა არარსებობა უცხოელის ზოგადი უფლებისა - შევიდეს, იცხოვროს თუ დარჩეს განსაზღვრულ ქვეყანაში (იხ. 1985 წლის 28 მაისის სასამართლო გადაწყვეტილება აბდულაზიზის, კაბალესისა და ბალკანდალის საქმეზე. შერიეს A. N 94). სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, “არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოართვან თავის საკუთარ ქვეყანაში ჩასვლის უფლება". პაქტის ეს პუნქტი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მსგავსად, სამართალსუბიექტობის თვალსაზრისით იმიგრანტსაც მოიცავს, მაგრამ იგი არ გამოდგება მოსარჩელე მხარის იმ მოსაზრების საბუთად, რომ “საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირებს ქვეყნის მოქალაქეების თანაბრად აქვთ ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლის უფლება". პაქტის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით აკრძალულია საკუთარ ქვეყანაში ჩასვლის უფლების თვითნებურად ჩამორთმევა. სადავო ნორმები იმიგრანტისათვის საქართველოში შესვლის უფლების არათუ თვითნებურად ჩამორთმევას, არამედ საერთოდ ჩამორთმევასაც არ ითვალისწინებს. ქვეყანაში შემოსასვლელი ვიზის დაწესება ნიშნავს შემოსვლის უფლების არა ჩამორთმევას, არამედ მხოლოდ შეზღუდვას, რაც სპეციალური ნებართვის მიღებით გამოიხატება. ეს კი პაქტის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით არ იკრძალება. მაშასადამე, საქართველოში იმიგრანტის შემოსასვლელი ვიზის არსებობა არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლის მოთხოვნებს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-4 ოქმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, “არავის არ შეიძლება ჩამოერთვას იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება, რომლის მოქალაქეც ის არის".
ევროპული კონვენციის ამ დებულებასთან საქართველოში იმიგრანტის შემოსასვლელი ვიზის მიმართების გასარკვევად სასამართლო კოლეგია მიუთითებს ორ გარემოებაზე. ჯერ ერთი, კონვენციის დებულება შეეხება სახელმწიფოში შემოსვლის უფლების ჩამორთმევას. საქართველოში იმიგრანტის შემოსასვლელი ვიზის დაწესება კი, როგორც უკვე აღინიშნა, არანაირად არ ნიშნავს ქვეყანაში შემოსვლის უფლების ჩამორთმევას. მეორეც და, რაც მთავარია, ევროპული კონვენციის ეს დებულება სახელმწიფოში შემოსვლის უფლებას მხოლოდ მისი (ამ სახელმწიფოს) მოქალაქისთვის (მოქალაქეობის მქონე პირისთვის) უზრუნველყოფს: ქვეყანაში შესვლის უფლება განპირობებულია მოქალაქეობით - შეეხება მოცემული სახელმწიფოს მოქალაქის შესვლას მისივე ქვეყნის ტერიტორიაზე. ამგვარად, კონვენციის მე-4 ოქმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოში იმიგრანტის შესვლის უფლებას. აქედან გამომდინარე, ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე უცხოელისათვის ქვეყანაში შემოსასვლელი ვიზის დაწესება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის დებულებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა" ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
I. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე სერგო მუშლიანის 212-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 47-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა უცხოელებმა საქართველოდან გასვლისას შესაბამის ორგანოებში უნდა წარადგინონ საქართველოდან გასვლის ვიზა;
II. “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან (აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებული იქნეს სიტყვები - “და საქართველოდან გასვლის ვიზა");
III. არ დაკმაყოფილდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე სერგო მუშლიანის სასარჩელო მოთხოვნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 47-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი (1) “იმიგრაციის შესახებ" საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-3 პუნქტის ნაწილი შემოსასვლელი ვიზის წარდგენის შესახებ, (2) “საქართველოს რესპუბლიკაში იმიგრაციის საკითხების განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 30 ნოემბრის N821 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 32-ე პუნქტის ნაწილი საქართველოს რესპუბლიკაში შემოსასვლელი ვიზის მიღების აუცილებლობისა და ვიზის მოქმედების ვადების განმარტების შესახებ;
IV. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
V. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
VI. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
VII. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში".
იაკობ ფუტკარაძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
ნიკოლოზ შაშკინი