ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 563 |
ავტორ(ებ)ი | მათიას ჰუტერი |
თარიღი | 17 სექტემბერი 2013 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი: 1. ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; 2. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მათიას ჰუტერი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. 3. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს; 4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #1/3/512 გადაწყვეტილება), თუმცა საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 28 ივნისს მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტის იდენტური შინაარსის მქონე ნორმა; 5. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გახდილი ნორმა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით აღიარებულ საკუთრების უფლებას, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ თანასწორობის უფლებას; 6. კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა; 7. არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობის შესწავლის გარეშეც შეუძლებელია სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2013 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდეს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მოქმედება. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი მიწაზე საკუთრების უფლების მქონე პირთა წრეს განსაზღვრავს. აღნიშნული მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება აქვს უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, უცხოელი, ასევე უცხოელის მიერ საზღვარგარეთ ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას (მათ შორის მემკვიდრეობით) ვერ მოიპოვებს. შესაბამისად, მათიას ჰუტერი როგორც ავსტრიის მოქალაქე და ამდენად, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირი 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოკლებულია შესაძლებლობას საკუთრების უფლება მოიპოვოს (მათ შორის მემკვიდრეობით მიღებულ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული კი საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ საკუთრების უფლების დარღვევას წარმოადგენს.
უფრო კონკრეტულად: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ადგენს, რომ: 1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. 3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით. ხოლო საკუთრების უფლების შინაარსის განმარტების მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. საკუთრების უფლების შინაარსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ „საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას ( იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება, II.პ.5.).“ რაც შეეხება უშუალოდ საკუთრების უფლების შინაარსს, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება „აღიარებული და ხელშეუვალია“ და დაუშვებლად მიიჩნევს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმებას. კანონმდებლის მიერ იმის მითითება, რომ უფლება აღიარებული და ხელშეუვალია, მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს და სახელმწიფოს შემხვედრ ვალდებულებებს წარმოშობს. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული ნორმა საკუთრების უფლების მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. იგი იცავს მესაკუთრეს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ უარყოფითი ჩარევებისაგან (როგორიცაა მისი გაუქმება, უსაფუძვლო შეზღუდვა ან ჩამორთმევა), არამედ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას განახორციელოს აქტიური პოზიტიური მოქმედებანი საკუთრების უფლების შინაარსის რეალური გამოვლინებისათვის. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არა მხოლოდ აღიარებს საკუთრების უფლებას, არამედ გამოყოფს მის ისეთ ელემენტებს, როგორიცაა „საკუთრების“, „საკუთრების შეძენის“, „საკუთრების გასხვისების“ და „მემკვიდრეობით მიღების“ უფლებები. ამასთან მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ თითოეული მათგანი დამოუკიდებლად ვერ იარსებებს და უფლების სრულყოფილი რეალიზება ყველა მათგანის ურთიერთქმედებით მიიღწევა. დასახელებული ელემენტების შინაარსი კარგად ჩანს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით სხვადასხვა საქმეზე გაკეთებული განმარტებებიდან. სასამართლოს პოზიციით, საკუთრების უფლებით სარგებლობისთვის საკმარისი არ არის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება, II.პ.33). საკუთრების უფლების ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, მიზანშეწონილია განისაზღვროს, ვის აქვს საკუთრების უფლება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და არიან თუ არა მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივ მდგომარეობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს რომ: კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებისა და შესაბამისი ნორმების ანალიზის საფუძველზე უნდა გავარკვიოთ, რა კონსტიტუციური სტატუსი აქვთ ამ პირებს - არიან თუ არა ისინი საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლებების სუბიექტები. აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული უფლებების სუბიექტები ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილა და დაასკვნა, რომ კონსტიტუცია ცალკეული უფლების სუბიექტების იდენტიფიცირებას თავად ახდენს. „იყენებს რა შემდეგ ტერმინებს: „ყოველი ადამიანი,“ „ადამიანი,“ „ყველა“, „პირი“ ასევე „მოქალაქე“ და „საქართველოს მოქალაქე“. ამ ტერმინოლოგიურ მრავალფეროვნებაში, ერთი ცხადია, რომ „ყოველი ადამიანი“, „ადამიანი“, „ყველა“ და „პირი“ პირთა გაცილებით ფართო წრეს გულისხმობენ, ვიდრე „საქართველოს მოქალაქე“, ეხება ყველა ადამიანს, მათი მოქალაქეობრივი კუთვნილებისგან დამოუკიდებლად, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებს. ხოლო ტერმინები, „საქართველოს მოქალაქე“ და „მოქალაქე“ შემოღებულია ზუსტად პირთა წრის შემოსაფარგლად მოქალაქეობრივი კუთვნილების ნიშნით. რიგ შემთხვევებში ზუსტად მოქალაქეობა ან მისი არქონა გადამწყვეტია პირის უფლების სტატუსის განსაზღვრისთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 28 ივნისის #466 გადაწყვეტილება, II.პ.5).“ გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი საკუთრების (ისევე როგორც მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების) უფლებას საყოველთაოდ აღიარებულს უწოდებს, იგი მოქალაქეობრივ კუთვნილებაზე დამოკიდებული არ არის. უცხოელთა სამართლებრივ მდგომარეობაზე საუბრისას ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის მიდგომა. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო უფლებამოსილია დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისებს, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, ეს უკანასკნელი შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან. ვინაიდან კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებელი ყველა გამონაკლისი “ნებადართული” უნდა იყოს კონსტიტუციის მიერ. შესაბამისად, სახელმწიფოს მოქალაქეობის ნიშნით შეზღუდვის დაწესება მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის უფლებებსა და თავისუფლებებზე შეუძლია. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი საკუთრების უფლებას საყოველთაოდ აღიარებულს უწოდებს, ეს უკანასკნელი მოქალაქეობრივი კუთვნილებისგან დამოუკიდებლად, საქართველოს იურისდიქციაში მოქცეული ყველა პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია. შესაბამისად, შესაძლებელია იმის თქმა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეიძლება საქართველოში საკუთრების უფლების სუბიექტები იყვნენ. საკუთრების უფლების შინაარსის და სუბიექტის განსაზღვრის შემდეგ, მიზანშეწონილია განვიხილოთ საკუთრების უფლების შეზღუდვის შემთხვევები და წესი. თუმცა, მანამდე საინტერესოა კანონმდებლის დამოკიდებულება საკუთრების უფლების დროში შეზღუდვის მიმართ. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ამა თუ იმ უფლების დროსა და სივრცეში შეზღუდვის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში შეზღუდოს კონსტიტუციის რიგ მუხლებში, მათ შორის 21- ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებანი და თავისუფლებანი. მსგავს შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი ვალებულია არა უგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად. კონსტიტუციის ეს ნორმაც ადასტურებს, რომ საკუთრების უფლების თუნდაც ხანმოკლე დროით შეზღუდვა განიხილება როგორც უკიდურესი შემთხვევა და პარლამენტის სპეციალური მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. რაც შეეხება უფლების შეზღუდვას სივრცეში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, სახელმწიფო ამ შემთხვევაში მოკლებულია შესაძლებლობას დათქვას უფლების აღდგენის კონკრეტული ვადები, მაგრამ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ დევნილთა უფლებების ასე განუსაზღვრელ ვადასთან მიბმა ვერ უნდა იყოს მისი მხრიდან პოზიტიური ვალდებულების მხარდაჭერის სათანადო გამოხატულება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 16 ნოემბრის #1/5/224 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ანზორ თევზაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). აღნიშნული განმარტებები ადასტურებს, რომ საკუთრების უფლების თუნდაც ხანმოკლე ვადის განმავლობაში შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ გამართლებას საჭიროებს.
რაც შეეხება საკუთრების უფლების ფარგლებს: საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა უმრავლესობის მსგავსად, საკუთრების უფლება აბსოლუტური არ არის და შეზღუდვებს ექვემდებარება. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს 3 ძირითადი პირობა, რომელიც საკუთრების უფლების შეზღუდვის გასამართლებლად სახეზე უნდა იყოს: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, კანონით განსაზღვრული შემთხვევები და წესი, ასევე უფლება უნდა შეიზღუდოს იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის ეს დანაწესი გარკვეულწილად ეხმიანება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით უფლების შეზღუდვის გასამართლებლად განსაზღვრულ ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა შეზღუდვის დასაშვებობა, შეზღუდვის აუცილებლობა და კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პროპორციულობა. სწორედ ამ კრიტერიუმებთან მიმართებით უნდა შემოწმდეს სადავო აქტის კონსტიტუციურობა. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო აქტის თანახმად, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელის მიერ საქართველოში ან საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება არ შეუძლიათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დასახელებულ პირებს 2014 წლამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ეზღუდებათ. შესაბამისად უნდა შეფასდეს არის თუ არა შეზღუდვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით გამოწვეული, კანონით განსაზღვრული და იმგვარი, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება და დარგის საჯარო-სამართლებრივი მოწესრიგება. ვინაიდან არსებობს მიწების არარაციონალურად გასხვისების საფრთხე, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე. ასევე შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზარალოს სოფლის ადგილობროვი მცხოვრებლები. განმარტებით ბარათში ასევე მითითებულია, რომ უფლების გარკვეული ვადით შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს საჯარო ინტერესი, უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებამდე და საკადასტრო მონაცემების მოწესრიგებამდე თავიდან იქნეს აცილებული მიწების არარაციონალურად გასხვისება და იაფი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მასობრივი შეყიდვა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს წარმოადგენს თუ არა მიწების არარაციონალურად გასხვისების და იაფი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მასობრივი შესყიდვის თავიდან აცილება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას; უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა დეფინიციას და არ არსებობს შეფასების უფრო კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რა ჩაითვლება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი შინაარსი ცვალებადია აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების” არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება, II.პ.26).“ მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე მეურნეობის ორგანიზება და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ერთერთი ძირითადი მიზანია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა და ხშირ შემთხვევაში სოფლად დასახლებული მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთ წყაროს მიწათმოქმედება წარმოადგენს, მიწის რაციონალურად გამოყენება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, შესაძლებელია ამ კუთხით სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანები მიჩნეული იქნეს საზოგადოებრივ საჭიროებად. იმის შესაფასებლად, რამდენად წარმოადგენს შემთხვევა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს შეფასდეს: • რამდენად აუცილებელია შეზღუდვა საზოგადოებისთვის, მისი ნორმალური არსებობა და განვითარებისთვის;
• საკუთრების უფლების ობიექტის არსი, მისი შესაძლო სოციალური დატვირთვა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება, II პ.12). აღნიშნული ტესტით თუ ვიხელმძღვანელებთ, პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი იქნება. ვინაიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვა დააზარალებს არა მხოლოდ შეძენის, არამედ მიწის გასხვისების მსურველთა ინტერესებსაც, რაც საკუთრების უფლების ობიექტის სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულების გათვალისწინებით (სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა) უარყოფითად აისახება საინვესტიციო გარემოზე და ზოგადად ეკონომიკურ განვითარებაზე. შემდეგი საკითხი უფლების შეზღუდვის კანონიერებას ანუ კანონით განსაზღვრულობას უკავშირდება. საკუთრების უფლების შეზღუდვა ექვემდებარება გარკვეულ ფორმალურ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი ხორციელდება კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. შესაბამისად, აუცილებელია, არსებობდეს „კანონი“, როგორც საკანონმდებლო საქმიანობის პროდუქტი, უფლების შეზღუდვის და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კანონით განსაზღვრისთვის. თუმცა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ შეზღუდვა კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტით ხორციელდება პრობლემას ვერ ხსნის. წინააღმდეგ შემთხვევაში “კანონიერი” იქნებოდა ყველა, მათ შორის ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო შეზღუდვა, რომელსაც კანონი დაადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კანონის გასაგები ფორმით არსებობის პრინციპი მოითხოვს ეროვნული კანონმდებლობის სათანადოდ გასაგები და საკმარისად ზუსტი დებულებების არსებობასა და შესრულებას. ეს დებულებები უნდა აკმაყოფილებდეს „სამართლის“ ცნების არსებით მოთხოვნებს. კონვენცია მოითხოვს იმის უზრუნველყოფას, რომ თვით შინასახელმწიფოებრივი სამართალი შეესაბამებოდეს „სამართლის“ არსებით მოთხოვნებს. სახელმწიფოს ვალდებულება, შექმნას სამართლის ზოგად პრინციპებთან შესაბამისი და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველმყოფი კანონმდებლობა, კარგად ჩანს შემდეგი განმარტებიდან: საკუთრების უფლების უზრუნველყოფა ასევე გულისხმობს მის დასაცავად ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების შექმნას. საკუთრების აღიარებას აზრი დაეკარგებოდა და უშინაარსო გახდებოდა, თუკი სახელმწიფო არ მოახდენდა მის უზრუნველყოფას (იხ. ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, გვ 242). კონკრეტული შემთხვევა სახელმწიფოს მიერ დასახელებული ვალდებულების უგულებელყოფას წარმოადგენს, რადგან სადავო აქტის ნორმატიული შინაარსი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 26 ივნისის #512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსის იდენტურია. მესამე საკითხი, რომელიც უფლების შეზღუდვის გასამართლებლად განიხილება მის პროპორციულობას უკავშირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ნაწილში უნდა შეფასდეს:
• გამოსადეგია თუ არა შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის;
• არის თუ არა შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთი ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი ზომა;
• არის თუ არა შეზღუდვა მისაღწევი მიზნის პროპორციული.
როგორც უკვე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების ძირითად მიზეზად მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის მოწყობა დასახელდა, არადგან არსებობს მიწების არარაციონალურად გასხვისების საფრთხე. კანონპროექტის ავტორთა აზრით, აღნიშნულმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოს ეკონომიურ უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე. ასევე, შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზარალოს სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლები. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ქვეყნის უშიშროება ის სიკეთეებია, რომელთა დასაცავადაც მოპასუხე მხარე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში უცხოელთა მიმართ 2012 წლის 26 ივნისამდე არსებულ შეზღუდვებს ამართლებდა. მოპასუხის ამ პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ „შესაძლებელია არსებობდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი, რომელზე საკუთრების უფლებაც, თავისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, წარმოადგენდეს სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილს, თუმცა ზოგადად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ასეთად ვერ იქნება განხილული. მსგავსია სასამართლოს პოზიცია გარემოს დაცვის საჯარო ინტერესთან დაკავშირებით. სასამართლო არ გამორიცხავს, რომ გარკვეული კატეგორიის მიწის, მაგალითად, სარეკრეაციო ზონების გასხვისების აკრძალვა ემსახურებოდეს გარემოს დაცვის მიზნებს. თუმცა ზოგადად სასოფლო-სამეურნეო მიწაზე უცხოელის საკუთრების შესაძლებლობის აკრძალვასა და გარემოს დაცვას შორის ლოგიკური კავშირი არ იკვეთება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება, II.პ.69;). სასამართლოს აღნიშნული პოზიცია ადასტურებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვა არათუ მიზნის მიღწევის ერთადერთი, არამედ ზოგადად არაეფექტური ზომაა. მიწის რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა, ისევე როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების, გარემოს და სახელმწიფო უშიშროების დაცვა კომპლექსური ღონისძიებებით მიიღწევა და უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვით ვერ გადაიჭრება. საკითხის საფუძვლიანი შესწავლა ადასტურებს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ქვეყნის უშიშროების ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი არა მესაკუთრის მოქალაქეობრივი კუთვნილება, არამედ ამ ობიექტის მიმართ დამოკიდებულებაა. მაგალითისთვის შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოს კანონი „მართლზომიერ მფლობელობაში, სარგებლობაში არსებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ. “ აღნიშნული კანონი განსაზღვრავს იმ სტრატეგიული ობიექტების ნუსხას, რომლებიც ფიზიკური/კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში გადასვლას არ ექვემდებარებიან. აღნიშნულით კანონმდებელი ცდილობს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები სახელმწიფოს კონტროლს დაუქვემდებაროს და კონტროლი არა მესაკუთრეზე, არამედ უშუალოდ ობიექტზე შეინარჩუნოს. რაც შეეხება მიწის კადასტრის ორგანიზებას, იგი უთუოდ დადებითი გადაწყვეტილებაა, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის აკრძალვის გასამართლებლად ვარგისი არგუმენტი არ არის შემდეგი მიზეზების გამო: 1. ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შეძენა უქმნის. სასოფლო–სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირისთვის, რომელიც მიწით დაკმაყოფილებული არ არის (აღნიშნული შეზღუდვის ერთერთ მიზეზად დასახელდა), მნიშვნელობა არ აქვს მიწის შემძენის მოქალაქეობრივ კუთვნილებას. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრის მოქალაქეობრივი კუთვნილება ასევე ვერ გახდება საფრთხის შემცველი, თუ კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას, გარემოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. უფრო მეტიც, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცეული ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი მოქალაქეობრივი კუთვნილების ან/და რეგისტრაციის ადგილისგან დამოუკიდებლად ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. პარლამენტი უფლებამოსილია, არეგულიროს საკუთრების უფლება, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განსაზღვროს საკუთრების უფლების შინაარსი, მოქმედების ფარგლები და საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევები. ამავე დროს, კანონმდებლის მიერ შემოღებული რეგულირების მექანიზმები შესაძლებელია თანაბრად იყოს მავალდებულებელი როგორც უცხოელების, ასევე საქართველოს იურიდიული პირების მიმართ. უცხოელი შესაძლებელია იმავე სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლებში მოექცეს, როგორიც შეიძლება განსაზღვრული იქნეს საქართველოს იურიდიული პირისათვის თუ საქართველოს მოქალაქისათვის. 2. 2013 წლის 28 ივნისს "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად, მიწის კადასტრის ერთიანი სისტემის ორგანიზების ვადად 2013 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. შესაბამისად, აღნიშნული დროისთვის სისტემა მოწესრიგებული უნდა იყოს, რაც შეზღუდვის გახანგრძლივების საჭიროებას გამორიცხავს. დასახელებული გარემოებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კანონმდებლის მიერ დაწესებული შეზღუდვა აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვარგისი ზომა არ არის. შესაბამისად, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია მის პროპორციულობაზე საუბარი. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ის მოთხოვნები, რასაც მოქმედი კანონმდებლობა და პრეცედენტული სამართალი საკუთრების უფლების შეზღუდვის მიმართ ადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი ცალსახად მიუთითებს, რომ არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. „საკუთრების უფლება, რომელიც კანონმდებლის მიერ განსაზღვრებად უფლებას წარმოადგენს, კანონმდებლის მიერ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრის შედეგად არ უნდა გადაიქცეს უფლებად, რომელიც უმეტესწილად სწორედ საკანონმდებლო რეგულირებაზე იქნება დამოკიდებული. საბოლოო ჯამში, თავიდან უნდა იქნეს აცილებული თავად უფლებით დაცული სფეროს ძირითადი არსის გამოფიტვა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება, II პ.57). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების შეძენის სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა გამოიწვევდა საკუთრების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის ელემენტებისაგან შემდგარი საკუთრების სამოქალაქო კონცეფციის „დაცარიელებას“, სუბსტანციის დაკარგვას და ილუზორულს გახდიდა ასევე საკუთრების კონსტიტუციურ- სამართლებრივ გარანტიას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება, II პ.39; ). აღნიშნულით სასამართლომ კიდევ ერთჯერ გაუსვა ხაზი, თუ რა მძიმე შედეგის მომტანია საკუთრების შეძენის ელემენტის შეზღუდვა. სადავო აქტით განსაზღვრულ ვადაში, ანუ 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოსარჩელე ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, თუნდაც მემკვიდრეობით მიიღოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია, რომლის თანახმადაც, "მემკვიდრეობის მიღების უფლება საკუთრების უფლების შემავსებელ ელემენტს წარმოადგენს ( იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება, II პ.74).“ 2012 წლის 26 ივნისის #1/3/512 გადაწყვეტილებაში, სადავო აქტით დადგენილ შეზღუდვასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ: სასამართლოს ეს პოზიცია ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანიშნულებას, უზრუნველყოფილი იქნეს გონივრული ბალანსის დაცვა კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. „თანაზომიერების პრინციპი... უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმია. ზუსტად ამიტომ მას კონსტიტუციური კონტროლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია იმის მოლოდინი, რომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთმიმართება სამართლიანი იქნება. რაც უფრო მეტად ერევა ხელისუფლება ადამიანის თავისუფლებაში, მით მაღალია მოთხოვნები ჩარევის გამართლებისათვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება, II პ.19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2... პუნქტის დამრღვევი ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საკუთრების უფლების შეზღუდვისადმი...წაყენებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, იმავდროულად წინააღმდეგობაში მოვა ამავე მუხლის პირველ პუნქტთანაც (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება, II პ.6;). სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის დამოუკიდებელი მსჯელობა მიეძღვნას სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციის 21--ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამობის დასაბუთებას. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კანონპროექტის ავტორები მიუთითებენ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, ევროპული ქვეყნების მიერ დაწესებულ შეზღუდვას შეეხება. ცალკეული ევროპული ქვეყნის (პოლონეთი, ჩეხეთი) პრაქტიკის გაცნობა ადასტურებს, რომ მათ მართლაც დააწესეს შეზღუდვები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენაზე. თუმცა იმ განსხვავებით, რომ შეზღუდვა მიწის შეძენის მსურველთათვის დამატებითი მოთხოვნების დაწესებაში და არა სრულ აკრძალვაში გამოიხატება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტიც, თუმცა იმგვარად, რომ არ დაირღვევს საკუთრების უფლების არსი. სადავო ნორმა კი საკუთრების უფლებას არათუ ზღუდავს, არამედ შინაარს გამოცლილ ფორმალობად აქცევს, რაც მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველია. გარდა იმისა, რომ საკუთრების საყოველთაოდ აღიარებულ უფლებას ხელყოფს, სადავო აქტი დისკრიმინაციული ხასიათისაა. სადავო აქტი საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ქცევის განსხვავებულ წესს ადგენს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლების მიზნებისთვის ისინი იდენტური არიან. საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. კონსტიტუციის აღნიშნულ ნორმაში მოცემული კრიტერიუმები ერთი შეხედვით ამომწურავია და მოქალაქეობის ნიშნით თანასწორობაზე არ მეტყველებს. აღნიშნული მიდგომის პასუხად საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს ... ამ მუხლში არსებული ნიშვნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა. კონსტიტუციის მე-14 მუხლი „ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II პ.2.)“ ამგვარი განმარტება მთლიანად შეესაბამება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლსა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებთა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლს, რომლებიც პირდაპირ აკეთებენ მითითებას იმის შესახებ, რომ ჩამონათვალში მოყვანილი დისკრიმინაციის ნიშნები არ არის ამომწურავი და სხვა ნიშნებით განხორციელებული დისკრიმინაციაც აღნიშნული მუხლების დაცვის სფეროში ჩარევას წარმოადგენს. სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, “მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება, II პ.6)” კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზე არ არის მტკიცებულებები, რომელიც დაუძლეველი ინტერესის არსებობას და შესაბამისად, სახელმწიფოს ჩარევის აუცლებლობას დაადასტურებს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ - მიუთითებს სასამართლო (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II პ.3). საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი დებულებების, ასევე საქათველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი წესების მიმოხილვის საფუძველზე დასტურდება, რომ სადავო აქტი უფლების შეზღუდვის გასამართლებლად დადგენილ აუცილებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. ვინაიდან: 1. შეზღუდვა განპირობებული არ არის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და მით უფრო სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესით; 2. კანონის “კანონიერების” პრინციპთან შეუსაბამოა აქტი, რომლითაც უფლების შეზღუდვა ხორციელდება. 3. ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არა თუ ერთადერთი და პროპორციული, არამედ ზოგადად არა ვარგისი ზომაა სადავო აქტით დადგენილი შეზღუდვა. სწორედ ამიტომ, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს შეიზღუდოს ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით ზუსტად ისე, როგორც მოქმედი სამართლით. ეს კონსტიტუციური პრინციპი არსებითად წყვეტს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, შეზღუდულია ადამიანის უფლებებით - ადამიანის უფლებების სუბიექტი კი ადამიანია, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილისა თუ ფიზიკური ადგილისამყოფელის მიუხედავად. კიდევ ერთი ვალდებულება, რასაც აღნიშნული ნორმა პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს სათანადო კანონმდებლობის მომზადებას უკავშირდება. მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს – არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით. როგორც უკვე აღინიშნა, 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ბათილად ცნო “სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც ამ კატეგორიის მიწაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების უფლებას ზღუდავდა. კერძოდ, მოსარჩელის მიერ სადავოდ იყო გახდილი ნორმები, რომელთა თანახმად უცხოელი უფლებამოსილი იყო საკუთრებაში ქონოდა მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ან მიწის ნაკვეთი თუ იგი ამ მიწას მართლზომიერად ფლობდა როგორც საქართველოს მოქალაქე. ამასთან მემკვიდრეობით მიწის მიღების შემთხვევაში, მესაკუთრე ვალდებული იყო 6 თვის განმავლობაში გაესხვისებინა საქართველოს მოქალაქეზე. “ორივე შემთხვევაში სადავო რეგულირებების მიზანი და ფაქტობრივი შედეგი ერთი და იგივეა: გამოირიცხოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის საკუთრება. პირველ შემთხვევაში იზღუდება საკუთრების უფლების შეძენის კომპონენტი, მეორე შემთვევაში კი საკუთრების ფლობისა და განკარგვის უფლებრივი კომპონენტები. საკუთრების უფლების ნებისმიერი კომპონენტის შეზღუდვის საფუძველიც და ზღვარიც, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, ერთი და იგივეა. ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია დაასაბუთოს, რომ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, რომლის დაცვასაც კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #1/3/512 გადაწყვეტილება). მიიჩნია რა აღნიშნული შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციულ ზომად, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო აქტები. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ნათელია სასამართლოს პოზიცია როგორც ზოგადად საკუთრების უფლების ასევე მისი ცალკეული კომპონენტის შეზღუდვის მიმართ. ნათელია ისიც, რომ სადავო აქტით შემოთავაზებული რეგულაცია 2014 წლის 31 დეკემბრამდე უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენას და მემკვიდრეობით მიღებას კრძალავს ანუ მისი ნორმატიული შინაარსი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი ნორმების შინაარსი იდენტურია. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ხოლო ამავე მუხლის 41 მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად [...] და თუ არ არსებობს ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ვრცელი მსჯელობა მიუძღვნა საკუთრების უფლების შინაარსს და მის მნიშვნელობას როგორც პიროვნების ასევე სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით. მაშინ, როცა ქვეყანის ეკონომიკა მეტწილად უცხოური ინვესტიციების ხარჯზე ვითარდება, სადავო აქტის მოქმედებამ შესაძლოა არა მხოლოდ კონკრეტული სუბიექტის, არამედ ზოგადად ქვეყნის ინტერესები დააზიანოს. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი