მოქალაქე ფირუზ ბერიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/9/227 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 17 აპრილი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარ ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოქალაქე ფირუზ ბერიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146-ე მუხლის მე-7 ნაწილის დებულება – ”დაკავებულის მოკვლევის ორგანოში მიყვანის მომენტიდან”, 162-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 283-ე მუხლის დებულების – ”დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოქალაქე ფირუზ ბერიაშვილის წარმომადგენლები – დათო აზმაიფარაშვილი, არჩილ ჩოფიკაშვილი, ნინო ელბაქიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე გამოარკვია:
2001 წლის 24 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა მოქალაქე ფირუზ ბერიაშვილის წარმომადგენელმა – კავშირმა ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146-ე მუხლი მე-7 ნაწილის დებულების – ”დაკავებულის მოკვლევის ორგანოში მიყვანის მომენტიდან”, 162-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 283-ე მუხლის დებულების – ”დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან” არაკონსტიტუციურად ცნობა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2001 წლის 18 სექტემბერს 14:20 საათზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული ფირუზ ბერიაშვილი, პოლიციის დაწესებულებაში წარადგინეს და დაკავების ოქმი შეადგინეს იმავე დღეს 15 საათზე, ანუ რეალური დაკავებიდან 40 წუთის შემდეგ. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პროცესუალური ვადების ათვლა მოკვლევამ და გამოძიებამ დაიწყო არა რეალური დაკავების მომენტიდან, არამედ დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის მომენტიდან.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გამოძიების ასეთმა მოქმედებამ უხეშად შეზღუდა მისი, როგორც ეჭვმიტანილის უფლებები, რომლებიც მისთვის კონსტიტუციის მე-18 მუხლით არის გარანტირებული. კერძოდ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდეს.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ”დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა – 9 თვეს”.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონსტიტუცია მიუთითებს მკაცრად დადგენილ ვადებზე და მათი ათვლის წერტილად იგი მოიაზრებს იმ მომენტს, როდესაც პირს რეალურად დააკავებენ ან სხვაგვარად შეუზღუდავენ თავისუფლებას და არა იმ მომენტს, როდესაც დაკავებულს პოლიციის დაწესებულებაში მიიყვანენ.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოკვლევისა და გამოძიების მოქმედებას საფუძვლად უდევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კონკრეტული დებულებები, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: ”ბრალდებულის პატიმრობის ვადა გამოითვლება ეჭვმიტანილის სახით პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მიყვანის მომენტიდან, ხოლო თუ ასეთი რამ არ ყოფილა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან”.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად: ”დაკავების ვადა ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს დაკავებულის მოკვლევის ორგანოში მიყვანის მომენტიდან. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან აღკვეთის ღონისძიების სხვა სახით გამოყენების შესახებ, პირი დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდეს”.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილი: ”პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებული უნდა იქნეს დადგენილების გამოტანის არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანიდან 24 საათში. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და დაიკითხოს ბრალდებულის სახით.
მოსარჩელე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაზე, სადაც ნათქვამია, რომ ”სასამართლო კოლეგია ასევე აღნიშნავს, რომ პირი დაკავებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც დაკავებისათვის უფლებამოსილი პირი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და საფუძველზე, შეზღუდავს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებას”.
მოსარჩელის აზრით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, პირის დაკავების მომენტიდან აღრიცხული დრო ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში, რასაც აშკარად ეწინააღმდეგება 162-ე მუხლის პირველი ნაწილის, 146-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 283-ე მუხლის მითითებული დებულებები.
მოსარჩელის თქმით, აღნიშნული სრულად ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილი: ”ბრალდებულის პატიმრობის ვადა გამოითვლება ეჭვმიტანილის პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მისი მიყვანის მომენტიდან, ხოლო თუ ასეთი რამ არ ყოფილა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან” და 146-ე მუხლის მე-7 ნაწილის დებულება ”დაკავებულის მოკვლევის ორგანოში მიყვანის მომენტიდან” არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებაში.
სარჩელში მოყვანილია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის დეფინიცია, რომელიც ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა საქმეში – ”კურტი თურქეთის წინააღმდეგ” და დაადგინა: ”სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამეორება მე-5 მუხლის ფუნდამენტური მნიშვნელობის შესახებ იძლევა პირების ფიზიკური თავისუფლებისა და პერსონალური უსაფრთხოების დაცვის გარანტიას”.
სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტი, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილი, 146-ე მუხლის მე-7 ნაწილის დებულება – ”დაკავებულის მოკვლევის ორგანოში მიყვანის მომენტიდან” და 283-ე მუხლის დებულება ”დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან” საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, განიხილა რა მოქალაქე ფირუზ ბერიაშვილის 227-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი და თანდართული მასალები, მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებები, მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა მუხლების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვას მოითხოვს, მასში დასმული საკითხები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ფაქტობრივად გადაჭრა 2003 წლის 29 იანვრის №2/3/182,185,191 გადაწყვეტილებით საქმეზე ”საქართველოს მოქალაქეების ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშერიშვილი, და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. კერძოდ, სასამართლო კოლეგიამ ამ საქმის განხილვისას იმსჯელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლებზე, რომლებიც საპროცესო ვადებს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში დაკავებულის მიყვანას უკავშირებს და არა თვით დაკავების ფაქტს. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და მიეცეს საშუალება ისარგებლოს აღნიშნული უფლებებით. ასევე პირი დაკავებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც დაკავებისათვის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და საფუძველზე, შეუზღუდავს ადამიანს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებას.
მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირს ნებისმიერი უფლების განხორციელება და შესაბამისად, პატიმრობის ვადის ათვლაც დაკავებისთანავე ეწყება.
ამჟამად, მოსარჩელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა მუხლების (146-ე მუხლის ნაწილის, 162-ე მუხლის პირველი ნაწილის და 283-ე მუხლის სადავო დებულებების) არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს იმ მოტივით, რომ პროცესუალური ვადების ათვლა ამ ნორმების თანახმად იწყება არა რეალური დაკავების მომენტიდან, არამედ პოლიციის დაწესებულებაში ამ მოკვლევის ორგანოში მიყვანიდან.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა უკავშირდება პირის უფლებას დაკავებისთანავე მოითხოვოს აღიარებული ნებისმიერი უფლების განხორციელება, რაც უკვე გადაწყვეტილია სასამართლო კოლეგიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებით, რომელმაც ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად მხოლოდ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი მუხლების კონსტიტუციურობაზე იმსჯელა.
თუ იმავე ნორმატიული აქტის სხვა ნორმები, რომელთა კონსტიტუციურობის შემოწმებას არ ითხოვდნენ 182-ე, 185-ე და 191-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების ავტორები, არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას (2/3/182,185,191), მათი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა აქტის გამომცემი ორგანოს პრეროგატივას წარმოადგენს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმეორებით ვერ იმსჯელებს იმავე საკითხებზე.
ვინაიდან 227-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 182-ე, 185-ე და 191-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განხილვის შედეგად, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ”დ” პუნქტის შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიღებული არსებითად განხილვისათვის.
2. გარდა ამისა, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ პირის დაკავების დროის ჩათვლის საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 148-ე მუხლით, რომელშიც გარკვევით არის განმარტებული პირის ეჭვმიტანილის სახით დაკავების მომენტიდან აღრიცხული დროის პატიმრობის ვადაში ჩათვლის შესახებ, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოთხოვნებს.
ის გარემოება, რომ იმავე კოდექსის სხვა მუხლებმა (146-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 162-ე მუხლის პირველი პუნქტი და 283-ე მუხლი) პირის დაკავების და პატიმრობის ვადის ათვლა პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მისი მიყვანის მომენტს დაუკავშირეს, არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის საფუძველი გახდეს, ვინაიდან კანონის ცალკეულ ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებათა ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 182-ე, 185-ე და 191-ე კონსტიტუციურ სარჩელებზე გამოტანილი 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ეთხოვა საქართველოს პარლამენტს ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების გათვალისწინებით შეიტანოს ცვლილებები და დამატებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2003 წლის 1 მაისამდე.
როგორც ამ საქმის განხილვამაც ცხადყო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლები არც ისე იშვიათად შეიცავენ წინააღმდეგობრივ დებულებებს, რომელთა შესაბამისობაში მოყვანა გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.
იხელმძღვანელა, რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტით, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ”დ” პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
სასამართლო კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე ფირუზ ბერიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 162-ე მუხლის პირველი ნაწილის და 283-ე მუხლის დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით:
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. განჩინება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
4. განმეორებით ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს ამ განჩინების გათვალისწინებითაც განახორციელონ გადაუდებელი ღონისძიებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სათანადო ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ზაურ ჯინჯოლავა (წევრი).