აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/1288 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 28 თებერვალი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 თებერვალი 2022 23:09 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი- წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – აკაკი თოიძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა;
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბერს (რეგისტრაციის №1288) კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძემ. №1288 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს განსახილველად გადაეცა 2017 წლის 28 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/8/1288 განჩინებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით, გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად. №1288 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 12 თებერვალს.
2. №1288 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულია თანასწორობის უფლება. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია საკუთრების უფლება, ხოლო 26-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია შრომის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
5. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 38-ე და 39-ემუხლებთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე აკაკი თოიძე, 1994 წლიდან 2004 წლის ჩათვლით ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, წარმოეშვა სამისდღეშიო პენსიის მიღების უფლება. 2007 წლის 5 იანვარს მოსარჩელემ სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც მოცემული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, აკაკი თოიძეზე ვრცელდებოდა 2004 წლიდან ამოქმედებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველია პირის მიერ 65 წლის ასაკის მიღწევა. ვინაიდან აკაკი თოიძე არ წარმოადგენდა აღნიშნულ ასაკს მიღწეულ პირს, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, მას არ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. მოსარჩელე მხარემ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა საერთო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
7. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია და ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა მიმართ. კერძოდ, მოსამართლეთა ერთი ჯგუფი, რომელთაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვის საფუძველზე წარმოეშვათ კომპენსაციის მიღების უფლება, თუმცა არ უსარგებლიათ ამ უფლებით და 2006 წლის პირველი იანვრის საკანონმდებლო ცვლილებით აღარ ეძლევათ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, არათანასწორ მდგომარეობაში არიან მოსამართლეთა იმ მეორე ჯგუფთან მიმართებით, რომელთაც აგრეთვე უფლებამოსილების ამოწურვის საფუძველზე, საერთო საპენსიო ასაკის მიღწევის გარეშე, 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონით დაენიშნათ კომპენსაცია და კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, შეუნარჩუნდათ აღნიშნული კომპენსაციის მიღების უფლება.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დიფერენცირება მაღალი ინტენსივობისაა, რამდენადაც მკვეთრად აცილებს ერთმანეთისგან მსგავსი სოციალური სტატუსისა და თანაბარი დაინტერესების მქონე პირებს. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ დიფერენცირება მოკლებულია ლეგიტიმურ საჯარო მიზანს და ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს.
9. მოსარჩელის პოზიციით, სოციალური უფლება ეკონომიკური ბუნებიდან გამომდინარე, როგორც მატერიალური სიკეთე, დაცულია საკუთრების უფლებით და მოსამართლისათვის განკუთვნილი კომპენსაცია მოიაზრება ამ უფლებით დაცულ სფეროში. თავის მხრივ, სადავო ნორმით დადგენილი წესი შეუძლებელს ხდის აღნიშნულ სიკეთეზე წვდომას, საკუთრების უფლების შეძენის შესაძლებლობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი შეზღუდვა არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებ წინაპირობებს, რამდენადაც დადგენილი შეზღუდვა არ ემსახურება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას.
10. მოსარჩელის არგუმენტაციით, შრომის თავისუფლება იცავს სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებსაც, რაც მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფოსგან მიიღოს გარკვეული სახის მატერიალური სიკეთეები. შესაბამისად, სოციალური დაცვის გარანტიის - კომპენსაციის გაუქმება, საერთო საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ზღუდავს შრომის თავისუფლებისა და სოციალური დაცვის უფლებას.
11. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები გავრცელდა უკუძალით, რამაც გააუარესა მისი უფლებრივი მდგომარეობა. კერძოდ, საერთო საპენსიო ასაკის მიღწევამდე მას შეეზღუდა სოციალური დაცვის გარანტიებით სარგებლობის უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს კონსტიტუციით დაცულ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს.
12. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესის ცვლილება განხორციელდა ზოგადად პირთა წრისათვის და არა მასში შემავალი რომელიმე ცალკეული ჯგუფისათვის. ამდენად, მოპასუხე განმარტავს, რომ სადავო ნორმა ადგენს კომპენსაციის მიღების წინაპირობებს, რომელიც ერთნაირად ვრცელდება ყველა პირის მიმართ.
13. მოპასუხის მითითებით, იმისათვის, რომ კომპენსაციის მიღების მოლოდინი დაცული იყოს საკუთრების უფლებით, უნდა არსებობდეს სათანადო საკანონმდებლო საფუძველი. მოსამართლეებს, რომლებსაც 2004 წელს წარმოეშვათ კომპენსაციის მიღების უფლება, ლეგიტიმური მოლოდინი ვერ ექნებოდათ განუსაზღვრელი ვადით, რამდენადაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობდა მსგავს დათქმას. შესაბამისად, მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების ლეგიტიმური მოლოდინი საკუთრების უფლებით დაცული იქნებოდა იქამდე, ვიდრე კანონი განსხვავებულად არ დაარეგულირებდა საკითხს. ამასთან, მოპასუხე განმარტავს, რომ, მართალია, შეცვლილი წინაპირობებით, თუმცა კანონმდებლობა კვლავაც ითვალისწინებს მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნას და, შესაბამისად, არ მომხდარა მისთვის საკუთრების უფლების სრული გაუქმება.
14. მოპასუხის პოზიციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შემდგომ, კომპენსაციის მიღების უფლება არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. მოპასუხე მხარე ასევე განმარტავს, რომ სადავო ნორმა უფლებას ანიჭებს კონკრეტულ პირებს და არ ადგენს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ის არ ზღუდავს კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, საპენსიო ასაკის მიღწევა კომპენსაციის დანიშვნის აუცილებელ წინაპირობად იქცა 2006 წლის პირველ იანვარს ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ. დასახელებული ცვლილებების ამოქმედებამდე კი საერთო სასამართლოების მოსამართლეებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებოდათ მხოლოდ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის საფუძველზე, მიუხედავად საპენსიო ასაკის მიუღწევლობისა. შედეგად, მოსარჩელის პოზიციით, დისკრიმინაციას იწვევს ის ფაქტი, რომ მოსამართლეთა ერთ ჯგუფს, რომელთაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვის საფუძველზე წარმოეშვათ კომპენსაციის მიღების უფლება, თუმცა არ უსარგებლიათ ამ შესაძლებლობით, 2006 წლის პირველი იანვრის საკანონმდებლო ცვლილებით აღარ ეძლევათ კომპენსაციით სარგებლობის საშუალება, მაშინ, როდესაც მოსამართლეთა მეორე ჯგუფს, რომელთაც აგრეთვე უფლებამოსილების ამოწურვის საფუძველზე, საერთო საპენსიო ასაკის მიღწევის გარეშე, 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონით დაენიშნათ კომპენსაცია, კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, შეუნარჩუნდათ კომპენსაციის მიღების უფლება.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის საყოველთაო პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ კანონით დადგენილი მოპყრობა თანასწორი უნდა იყოს არსებითად თანასწორ პირებს შორის და უთანასწორო – არსებითად უთანასწორო პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს თანასწორობის უფლების დარღვევაზე იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე, იგი ჩაყენებულია განსხვავებულ, უარეს უფლებრივ რეჟიმში არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართება შეიძლება ჰქონდეს ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც მოსარჩელეს უზღუდავს რაიმე უფლებას ან სხვას აღჭურავს მისგან განსხვავებული უფლებით, რის საფუძველზეც, იგი ექცევა უთანასწორო მდგომარეობაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, დიფერენცირების არსებობის დასაბუთებისათვის მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ მის მიერ იდენტიფიცირებული პირთა ჯგუფების მიმართ განსხვავებული მოპყრობა სწორედ სადავო ნორმებიდან მომდინარეობს.
4. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს და კომპენსაციის გაანგარიშების წესს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილია 65 წლის ასაკის მიღწევა, როგორც კომპენსაციის დანიშვნის აუცილებელი წინაპირობა და თანაბრად ვრცელდება ყველა იმ პირის მიმართ, ვისაც დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის სგამო. ამდენად, სადავო ერთგვაროვან უფლებრივ რეჟიმს ყველა იმ პირისათვის, რომელმაც მიაღწია 65 წლის ასაკს და აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობებს. იგი არ ახდენს კომპენსაციის მიღების განსხვავებული წესის რეგლამენტაციას საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რომელიმე კატეგორიისადმი. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ნეიტრალური შინაარსის არის და არ ადგენს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას (mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/7/588 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). იმავდროულად, სადავო ნორმა არ არეგულირებს კომპენსაციის მიღების უფლების შენარჩუნების საკითხს მოსამართლეთა იმ ჯგუფისათვის, რომელთაც უფლებამოსილების ამოწურვის საფუძველზე, საერთო საპენსიო ასაკის მიღწევის გარეშე, 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონით დაენიშნათ კომპენსაცია. შესაბამისად, სადავო ნორმები არ განაპირობებს 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთათვის მისი განსხვავებული პირობებით მიღებას.
5. ამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პენსია (სახელმწიფო კომპენსაცია) დანიშნული ჰქონდა საერთო სასამართლოს შვიდ ყოფილ მოსამართლეს, რომელთაგან ხუთი მოსამართლე მიღწეული იყო 65 წლის ასაკს, შესაბამისად, მათ პენსია (სახელმწიფო კომპენსაცია) დაენიშნათ 65 წლის ასაკის მიღწევის გამო, ხოლო ორ მოსამართლეს, რომლებსაც სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მომენტისათვის არ ჰქონდათ 65 წლის ასაკი შესრულებული, პენსია (სახელმწიფო კომპენსაცია) დანიშნული ჰქონდათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო. შესაბამისად, პირებს, რომლებსაც 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონით დაენიშნათ კომპენსაცია და კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, შეუნარჩუნდათ აღნიშნული კომპენსაციის მიღების უფლება, მიღწეული ჰქონდათ საპენსიო ასაკისთვის ან სარგებლობდნენ პენსიის დანიშვნის სხვა (შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი) საფუძვლით. ამდენად, ფაქტობრივად არ არსებობენ ის პირები, რომელთა შორის დიფერენცირებაზეც მიუთითებს მოსარჩელე მხარე.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1288 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. №1288 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
8. მოსარჩელის მითითებით, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ მას წარმოეშვა კომპენსაციის მიღების უფლება, არ ისარგებლა ამ შესაძლებლობით. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაციით, მისთვის კომპენსაციის მიღება დამოკიდებული გახდა საპენსიო ასაკის მიღწევაზე. ამდენად, მოსარჩელის არგუმენტაცია საკუთრების უფლების, შრომის თავისუფლებისა და კანონის უკუძალის პრინციპის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ სადავოდ გამხდარი წესი შეუძლებელს ხდის კომპენსაციაზე წვდომას.
9. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა არეგულირებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს, რომელიც ვრცელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, სათანადო სუბიექტების მიერ კომპენსაციის მიღების წინაპირობების დაკმაყოფილებისას. იმავდროულად, სადავო ნორმა არ ადგენს 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონით კომპენსაციის დანიშვნის შენარჩუნების თუ ცვლილების საკითხს. შესაბამისად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს პირის შესაძლებლობას, ისარგებლოს 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლებით. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1288 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1288 („აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე