თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა ... უნდა ... განახლდეს“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/3/1648 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 23 თებერვალი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 მარტი 2022 17:57 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა ... უნდა ... განახლდეს“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა ... უნდა ... განახლდეს“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2021 წლის 8 სექტემბერს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე – ბადრი ნიპარიშვილი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1648). კონსტიტუციური წარდგინება, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2021 წლის 13 სექტემბერს. №1648 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 თებერვალს.
2. №1648 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტები ადგენენ საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველს. კერძოდ, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რათა ის ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. სადავოდ გამხდარი პუნქტების მე-2 წინადადებების თანახმად, წარდგინებით მიმართვის შემთხვევაში საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლი ადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის არდაწყებისა და შეჩერების საფუძვლებს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ ამ მუხლით დადგენილი შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა/სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს/განახლდეს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
5. კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელზეც საქმისწარმოება შეჩერებულია იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. იმავდროულად, ამავე საქმის შეჩერების შემდგომ, მიღებულ იქნა ამნისტიის შესახებ აქტი, რომლის საფუძველზე პირი თავისუფლდება ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და, შესაბამისად, არსებობს დევნის შეწყვეტის აუცილებლობა.
6. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განმარტებით, სადავოდ გამხდარი ნორმები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტამდე, გამორიცხავს შეჩერებული საქმის განახლებას. ამდენად, იმ პირობებშიც კი, თუ საქმის შეჩერების შემდგომ გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც უალტერნატივოდ იწვევს ბრალდებულთა მიმართ საქმის დასრულებას და დევნის შეწყვეტას, მისი (საქმის) არსებითად განმხილველი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განაახლოს სასამართლო განხილვა და შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა. წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ პირს აქვს დროული მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, რაც დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან, მათ შორის, რეპუტაციულ საკითხთან, გირაოს თანხის დაბრუნებასთან, ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტასთან და სხვა.
7. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა, საქმის გარემოებები იმგვარად შეიცვალოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტამ აქტუალობა დაკარგოს კონკრეტულ საქმესთან მიმართებით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, იმისთვის, რომ არ დაირღვეს საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება, საქმის წარმოების განახლება დამოკიდებული არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტასთან.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). კონსტიტუციური წარდგინება, კონსტიტუციური სარჩელის მსგავსად, უნდა აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური წარდგინება მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1648 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა. სადავო ნორმის თანახმად, თუ აღარ არსებობს ამავე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი, სასამართლო განხილვა/სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს/განახლდეს. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის შემდგომ, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლის გამოვლენისას, გამოირიცხება საქმისწარმოების განახლების შესაძლებლობა.
3. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმის შეჩერების პირობებს, მათ შორის, ხანგრძლივობის საკითხს ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინების მიმართვის შედეგად, საქმე ჩერდება მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ხოლო სადავოდ გამხდარი ნორმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილი განსაზღვრავს შესაბამისი საფუძვლის არარსებობისას საქმის განახლების წესს, ამასთან, სადავო ნორმა დამოუკიდებლად არ აწესრიგებს საქმის შეჩერების წინაპირობებს და არც საქმის განახლებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლები. შესაბამისად, სადავო ნორმის რეგულირება შემოიფარგლება საქმის განახლების აუცილებლობაზე მითითებით და მისი მოქმედება გავლენას არ ახდენს იმ პროცესუალურ წესრიგზე, რომელიც იწვევს საქმის შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის გადაწყვეტამდე.
4. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1648 კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების ‒ „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა ... უნდა ... განახლდეს“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1648 კონსტიტუციური წარდგინება, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1648 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1648 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების - „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა ... უნდა ... განახლდეს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში