საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1680 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 7 თებერვალი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განსხვავებულ მოთხოვნას უყენებს, ერთი მხრივ, იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურდიულ პირებში დასაქმებულ უცხოელებს, რომლებიც არ ახორციელებენ საგანმანათლებლო ან სამედიცინო საქმიანობას (ასეთ შემთხვევაში, იურიდიულ პირს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50 000-ლარიანი წლიური ბრუნვა თითოეულ დასაქმებულ უცხოელზე), ხოლო, მეორე მხრივ კი, საგანმანათლებლო და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურდიულ პირში დასაქმებულ უცხოელებს (ასეთ შემთხვევაში, წლიური ბრუნვა არ უნდა იყოს 35 000 ლარზე ნაკლები). | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმის შინაარსი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.[1] საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.[2]
საქართველოში არსებობს სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვა, რომელთა გაცემის საფუძვლები და შესაბამისად, მიმღები სუბიექტებიც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. საქართველოში ბინადრობის გაცემის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს პირის მიერ საქართველოში სწავლა, შრომითი საქმიანობა, ინვესტიციის განხორციელება, საქართველოსთან ისეთი სამართლებრივი კავშირი, როგორიც არის ყოფილი მოქალაქის თუ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი და სხვა.
კერძოდ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საქართველოში ბინადრობის ნებართვის სახეებს, ესენია: ა) შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად; ბ) სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში სწავლის მიზნით; გ) ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით; დ) საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა; ე) მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი; ვ) სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა ტრეფიკინგის მსხვერპლზე ან დაზარალებულზე, ასევე თანამემამულის სტატუსის მქონე პირზე; ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრზე ან პირზე, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. თ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში დადგენილი ოდენობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ან საქართველოს ტერიტორიაზე, დადგენილი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში; ი) დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი; კ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოში აქვს საკუთრების უფლება დადგენილი ღირებულების უძრავ ნივთზე; ლ) უვადო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან დადგენილი ოდენობის წლიური ბრუნვა ან აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ უცხოელს მხოლოდ შრომითი საქმიანობის განხორციელების საფუძველი გააჩნია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად (კერძოდ, ის ვერ აკმაყოფილებს ბინადრობის სხვა საფუძვლებს), იგი უფლებამოსილია მოითხოვოს სწორედ შრომითი ბინადრობის ნებართვა. ამავე კანონით შრომითი საქმიანობა განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლისთვისაც პირი იღებს ანაზღაურებას.[3]
ამდენად, უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოში შემოსავლისა და ყოფნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომითი ბინადრობის ნებართვა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.“
ამდენად, კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს შრომითი ბინადრობის გაცემის ორ დამოუკიდებელ საფუძველს - უცხოელი საქართველოში უნდა ახორციელებდეს ან 1) სამეწარმეო საქმიანობას, ან 2) შრომით საქმიანობას.
თითოეულ შემთხვევაში უცხოელს მოეთხოვება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნული საფუძვლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შეთხვევაში, ის ვალდებულია წარადგინოს: 1) საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტი; 2) ცნობა რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; 3) ცნობა, რომლიც ადასტურებს, რომ საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის (ხოლო, საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე).
ხოლო, შრომითი საქმიანობის განხორციელების შეთხვევაში, უცხოელი ვალდებულია წარადგინოს: 1) საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტი; 2) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; 3) ცნობა, რომელიც ადასტურებს რომ დამსაქმებელი დაწესებულების (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის.
ზემოაღნიშნული საკითხების დაზუსტების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი წერილით მიმართა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სთხოვა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა. კერძოდ, (1) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტი წარმოადგენდა თუ არა უცხოელზე შრომითი ბინადრობის გაცემის სამართლებრივ საფუძველს, იმ შემთხვევაშიც, როდესაც შრომითი ბინადრობის მაძიებელი უცხოელის დამსაქმებელს საქართველოში წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი; (1) წინა კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, სააგენტოს ვთხოვეთ განემარტა, კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული ორივე პირობა (1. ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; 2. დამსაქმებელი საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები) სამეწარმეო იურიდიულ პირში დასაქმებული უცხოელის მსგავსად, მიემართება თუ არა ასევე არასამეწარმეო იურიდიულ პირში დასაქმებულ უცხოელს; და ბოლოს, (2) კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ დამსაქმებელ საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში ასევე მოიაზრებიან თუ არა საგანმანათლებლო და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის (N 01/118900) წერილით გვეცნობა, რომ (1) "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირებში, მათ შორის ა(ა)იპ, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ უცხოელებზე კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში; (2) "საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N520 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება სამეწარმეო იურიდიულ პირში დასაქმებული უცხოელის მსგავსად, ასევე მიემართება არასამეწარმეო იურიდიულ პირში დასაქმებულ უცხოელს; (3) სააგენტოს მიერ ასევე გვეცნობა, რომ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ დამსაქმებელ სამედიცინო/საგანმანათლებლო დაწესებულებებში იგულისხმებიან როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
"საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N520 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, როდესაც დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები. აღნიშნული ცნობით/ცნობებით უნდა დასტურდებოდეს, რომ: (ა) მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; (ბ) უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; (გ) ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – 35 000 ლარზე ნაკლები.
ამრიგად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული სადავო წესი, თანაბრად ვრცელდება როგორც სამეწარმეო, ისე არასამეწარმეო, არაკომერციულ იურდიულ პირებში დასაქმებულ უცხოელებზე. კერძოდ, იმისათვის, რომ ა(ა)იპ-ში დასაქმებულმა უცხოელმა მიიღოს შრომითი ბინადრობის ნებართვა, მან, მათ შორის, უნდა წარადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ შრომითი საქმიანობიდან მიღებული შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც უცხოელის დამსაქმებელი საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებაა, მიუხედავად იმისა, კომერციულია იგი, თუ არა, მისი წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის უნდა იყოს არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.
ამგვარად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტი შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს, ერთი მხრივ, იმ არაკომერციულ იურდიულ პირებში დასაქმებულ უცხოელებს, რომლებიც არ ახორციელებენ საგანმანათლებლო ან სამედიცინო საქმიანობას (ასეთ შემთხვევაში, საწარმოს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50 000-ლარიანი ბრუნვა თითოეულ დასაქმებულ უცხოელზე), ხოლო, მეორე მხრივ კი, საგანმანათლებლო და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ არაკომერციულ იურდიულ პირში დასაქმებულ უცხოელებს (ასეთ შემთხვევაში, წლიური ბრუნვა არ უნდა იყოს 35 000 ლარზე ნაკლები). შესაბამისად, წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ მიგვაჩნია სწორედ ზემოაღნიშნული განსხვავება.
აქვე უნდა განვმარტოთ, რომ წლიური ბრუნვა გულისხმობს იურიდიული პირის ერთობლივ შემოსავალს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არასამეწარმეო იურიდიული პირების (ფონდების, კავშირების, პოლიტიკური, რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაციების, აგრეთვე, სხვა მსგავსი დაწესებულებების, რომელთა საქმიანობაც არ არის ძირითადად მიმართული მოგების მიღებაზე) შემოსავალს შიძლება შეადგენდეს დაფინანსების შემდეგი წყაროები: გრანტები, სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლები, შემოწირულობები, საწევრო შენატანები და დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა.
სადავო ნორმის დისკრიმინაციულობა
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან ადგენს განსხვავებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა ჯგუფებს შორის, კერძოდ, იმ უცხოელთა შორის, რომლებიც დასაქმებულნი არიან არაკომერციულ იურდიულ პირებში, მიუხედავად იმისა, თუ რა საქმიანობას ახორციელებენ აღნიშნული ორგანიზაციები.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმით აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ დიფერენცირებული მოპყრობა ხდება „სხვა ნიშანის“, კერძოდ, გარკვეული საქმიანობის განმახორციელებელ არაკომერციულ ორგანიზაციაში დასაქმების მიხედვით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს.“[4]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „(...) ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს მასზე თანაბარი წვდომის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან.“[5] ამიტომ, „(...) თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“.[6]
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, „თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა)“.[7] ამდენად, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა სადავო ნორმებით დადგენილი აკრძალვა არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას. რისთვისაც, უნდა გამოიკვეთოს შესაბამისი შესადარებელი პირები.
შესადარებელ პირთა არსებითი თანასწორობა
მოცემულ შემთხვევაში, იმის გასარკვევად, იწვევს თუ არა სადავო ნორმა დიფერენცირებულ მოპყრობას, უნდა გაანალიზდეს პირთა ის წრე, ვისზეც უშუალოდ ვრცელდება სადავო ნორმის რეგულირება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს: ა) სადავო ნორმა ეხება თუ არა არსებითად თანასწორ პირებს და ბ) ადგენს თუ არა მათ მიმართ განსხვავებულ მოპყრობას.
უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნისა და ფუნქციონირების დანიშნულება, უმთავრესად არის არაკომერციული ხასიათის საქმიანობა, რაიმე განსაზღვრული, იდეალური მიზნის მისაღწევად მოქმედება. ასეთი ორგანიზაციები, ძირითადად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შედეგების მიღებისთვის იქმნება. შესაბამისად, არაკომერციულ იურიდიულ პირებს, მათ მიერ განხორციელებული საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის კონკრეტული სფეროების მიუხედავად, ერთი და იგივე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მიზანი გააჩნიათ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციაში დასაქმებული პირებიც, მათი საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და მიზნის გათვალისწინებით, არსებითად თანასწორ პირებს წარმოადგენენ.
მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა დამსაქმებლის წლიური ბრუნვის განსხვავებული ოდენობების შესახებ დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას უდგენს, ერთი მხრივ, შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ იმ უცხოელებს, რომლებიც საქმიანობენ საგანმანათლებლო ან სამედიცინო არაკომერციულ ორგანიზაციებში, ხოლო, მეორე მხრივ, იმათ, ვინც შრომით საქმიანობას, მართალია, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებში ეწევიან, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ეს ორგანიზაციები არ ახორციელებენ საგანმანათლებლო და სამედიცინო საქმიანობას.
ის, თუ რამდენად წარმოადგენს საგანმანათლებლო ან სამედიცინო არაკომერციულ ორგანიზაციაში დასაქმება, ზემოაღნიშნულ პირთა განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევის და დისკრიმინაციის მიზნისთვის მათი არსებითად არათანასწორად მიჩნევის ობიექტურ საფუძველს, მიგვაჩნია, რომ ეს უნდა გაანალიზდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის შინაარსისა და ლეგიტიმური მიზნის კონტექსტში.
დიფერენციაციის შეფასების კრიტერიუმი და ლეგიტიმური მიზანი
აღსანიშნავია, რომ დიფერენცირებული მოპყრობა a priori დისკრიმინაციას არ ნიშნავს. „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს.“[8]
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის უფლების თავისებურებებიდან გამომდინარე, დიფერენციაციის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეული მათგანისადმი ვერ ექნება იდენტური, ერთგვაროვანი მიდგომა. (...) კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას, სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია. (...) თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თანასწორობის პრინციპი კანონმდებელს, შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის თავისუფლებას უტოვებს იქამდე, სანამ ხელმისაწვდომია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება.“[9]
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის დაადგინა განსხვავებული კრიტერიუმები. კერძოდ, თანასწორობის უფლებასთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს მკაცრი შეფასების ტესტით ან რაციონალური დიფერენციაციის ტესტით. განსხვავებულია მათი გამოყენების წინაპირობები და საფუძვლები. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - რაციონალური დიფერენციაციის ტესტს (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი).[10]
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, დიფერენციაციის ნიშანი არ წარმოადგენს მე-11 მუხლის სახელდებით აკრძალულ ნიშანს. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა ადგენს დამატებით ტვირთს, რომელიც ეკისრება უცხოელ დასაქმებულთა მხოლოდ ერთ ჯგუფს, თუმცა ეს რეგულაცია არსებითად არ აშორებს ბინადრობის მაძიებელთა ამ ჯგუფს მეორე ჯგუფისგან ბინადრობის მიღების თანაბარი შესაძლებლობების უგულებელყოფით, რადგან სადავო ნორმის მიხედვით, მათ, დამსაქმებლის 50 000 ლარიანი წლიური ბრუნვის არსებობის პირობებში, უფლება აქვთ მიიღონ შრომითი ბინადრობის უფლება. ამდენად, დიფერენციაციის ინტენსივობა იმდენად მაღალი არ არის, რომ მკვეთრად აშორებდეს პირებს შრომითი ბინადრობის მიღების თანაბარი შესაძლებლობებისგან. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით არსებული დიფერენცირება უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტით.
რაციონალური დიფერენციაციის ტესტით სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირებისას მოწმდება ა) საკმარისია თუ არა დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) არსებობს თუ არა რეალური და რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.[11] როგორც რაციონალური დიფერენცირების, ისე მკაცრი შეფასების ტესტის ფარგლებში, აუცილებელია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვას გააჩნდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო საშუალება იყოს დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და გონივრულ კავშირში.
ზოგადად, სადავო ნორმით დადგენილი პირობის ლეგიტიმურ ინტერესს (მიზანს) შეიძლება წარმოადგენდეს შრომითი ბინადრობის ნებართვის მხოლოდ რეალური საჭიროებისამებრ გაცემა, რათა არ მოხდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასიური მიგრირება ფიქტიური შრომითი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით.
უშუალოდ შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარსადგენი საწარმოს ბრუნვის დამადასტურებელ დოკუმენტებს შორის არსებული სადავო განსხვავების ლეგიტიმური მიზნის სწორად იდენტიფიცირების თვალსაზრისით კი, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაშია მისაღები, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტის გასაჩივრებული შინაარსი ჩამოყალიბდა 2019 წლის 30 მაისის საკანონმდებლო ცვლილებით. ინიცირებული ცვლილების მიზანს, განმარტებითი ბარათის თანახმად, წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ბინადრობის მოწმობის მისაღებად კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებდა, რაც, დღევანდელ რეალობაში და მიგრაციის არსებული დონის გათვალისწინებით, იყო რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე უფრო დაბალი.[12]
როგორც პლენარული სხდომის აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა,[13] შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამსაქმებელი საწარმოს 50 000-ლარიანი წლიური ბრუნვის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ვალდებულება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საწარმო არ იყოს ფიქტიურად დაფუძნებული და მას რეალურად გააჩნდეს იმის ფინანსური შესაძლებლობა, კერძოდ, იმ ოდენობის წლიური ფინანსური ბრუნვა, რომელიც მართლაც უზრუნველყოფს დასაქმებულ უცხოელს შესაბამისი ანაზღაურებით. ამგვარად, ეს არის ერთგვარი ფინანსური გარანტია იმისა, რომ საწარმო მართლაც ფუნქციონირებს და რეალურად შესწევს უნარი, სათანადო ანაზღაურებით უზრუნველყოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მიმღები უცხოელი.
მიგვაჩნია, რომ (შრომითი) ბინადრობის ნებართვის მისაღებად, დასაქმებულისათვის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მინიმალური თანხობრივი ზღვარის დაწესება და იმის დადასტურების ვალდებულება, რომ მის დამსაქმებელს რეალურად გააჩნია ამის ფინანსური შესაძლებლობა, მართლაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ბერკეტს, რომელიც ემსახურება ფიქტიური შრომითი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით ქვეყნაში უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს.
რაც შეეხება იმ განსხვავებას, რომელიც გათვალისწინებულია საგანმანათლებლო და სამედიცინო არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებული უცხოელებისათვის, აღნიშნული განსხვავება კანონპროექტში გაჩნდა პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს, როდესაც კანონპროექტზე დანიშნულ მომხსენებელს პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა შესთავაზა საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული უცხოელებისათვის ბინადრობის ნებართვის მისაღებად უფრო შეღავათიანი პირობების შემოღება, კერძოდ კი, 50 000-ლარიანი წლიური ბრუნვის შემცირება. აღნიშნული შეღავათის დაშვების არგუმენტად, დეპუტატი მიუთითებს იმ გარემოებას, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული გამონაკლისი იმგვარი დაწესებულებებისათვის, რომლებიც მოქალაქეებს ეხმარებიან ცოდნის შეძენასა და ჯანმრთელობის დაცვაში და რომლებსაც ამისთვის შესაძლებელია დამატებითი სპეციალისტების მოწვევა დასჭირდეს.[14] ამდენად, სადავო ნორმით გათვალისწინებული გამონაკლისის მიზანს წარმოადგენს გარკვეული - საგანმანათლებლო და სამედიცინო - მომსახურების გამწევი ორგანიზაციებისათვის შეღავათის მიცემა იმისთვის, რომ მათ უფრო მეტი უცხოელი თანამშრომლის აყვანა შეძლონ, რაც გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია მართლაც პასუხობდეს უცხოელი მასწავლებლის თუ სამედიცინო სფეროს სპეციალისტის ქვეყანაში სამუშაოდ შედარებით მარტივად ჩამოყვანის საზოგადოებრივ მოთხოვნილებას.
გამოსადეგობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას, „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი ... ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის - რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.“[15]
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნა უდავოდ უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ფიქტიური შრომითი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით ქვეყნაში უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს, ხოლო, მეორე მხრივ, გარკვეული პროფესიის მქონე უცხოელი სპეციალისტების მარტივად დასაქმების საზოგადოებრივ მოთხოვნილებას.
აუცილებლობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“[16]
როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ სადავოდ ვხდით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ განსხვავებას, რომლის მიხედვითაც, არაკომერციულ, არასამეწარმეო ორგანიზაციებში დასაქმებული უცხოელებისათვის, შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დადგენილია განსხვავებული მოთხოვნები იმის მიხედვით, თუ რა საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი ა(ა)იპი. ვთვლით, რომ აღნიშნული განსხვავება, რომლიც არასაგანმანათლებლო და არასამედიცინო ა(ა)იპებში დასაქმებულ უცხოელებს ბინადრობის ნებართვის მისაღებად აკისრებს უფრო მძიმე ტვირთს, არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ ღონისძიებას და წინააღმდეგობაში მოდის თანაზომიერების (პროპორციულობის) პრინციპთან.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტით შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად გათვალისწინებული წინაპირობების მიზანს, როგორც უკვე ითქვა, წარმოადგენს ფიქტიური შრომითი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით ქვეყნაში უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფიქტიური საქმიანობის (საგანმანათლებლო, სამედიცინო თუ საქველმოქმედო) საბაბით ხორციელდება იგი. ამგვარად, ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზანი - უკანონო მიგრაციის შეზღუდვა - თანაბრად მიემართება როგორც სამედიცინო და საგანმანათლებლო, ისე, ნებისმიერი სხვა საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო ორგანიზაციაში დასაქმებულ უცხოელს. სწორედ ამიტომ, კანონმდებელმა საგანმანათლებლო და სამედიცინო ორგანიზაციებისათვის, მართალია შედარებით მსუბუქი ფორმით, მაგრამ, მაინც დატოვა სადავო ნორმით დადგენილი ბინადრობის უფლების მიღებისთვის გათვალისწინებული, გარკვეული რაოდენობის წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება, იმ პირობებში, როცა უცვლელი დატოვა, მაგალითად, დასაქმებული უცხოელის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა. მაშასადამე, კანონმდებელმა შეამცირა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ფინანსური გარანტია, რომ შესაბამისი საწარმო მართლაც ფუნქციონირებს და მას რეალურად შესწევს უნარი, სათანადო ანაზღაურებით უზრუნველყოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მიმღები უცხოელი.
ზემოაღნიშნულ გამონაკლისზე მსჯელობისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მომხსენებელმა კერძოდ აღნიშნა, რომ, მაგალითად, სკოლა, რომელსაც მოწვეული ჰყავს უცხოელი სპეციალისტი და რომელსაც ხელფასის სახით, მინიმუმ 1500 ლარს უხდის, ამას დამატებული იჯარის გადასახადი, უცხოურ ორგანიზაციებთან ერთად დათვლის შედეგად, გამოვიდა 35 000 ლარი, რის გამოც, მომხსენებელმა შესაძლებლად მიიჩნია საგანმანათლებლო და სამედიცინო ორგანიზაციებისათვის წლიური 50 000-ლარიანი ზღვარის დაწევა 35 000 ლარამდე,[17] რაც, თავის მხრივ, აისახა კიდევაც საბოლოოდ მიღებული კანონის ტექსტში. ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკანონო მიგრაციის შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, სრულიად საკმარისია შესაბამის ორგანიზაციას ერთ დასაქმებულ უცხოელზე გააჩნდეს 35 000 ლარის წლიური ბრუნვა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დასაქმებულ უცხოელს როგორც 1500 ლარიანი ყოველთვიური ხელფასით, ისე, შესაბამისი საიჯარო გადასახადით.
ამ მხრივ, მხედველობაშია მისაღები, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, შრომითი ბინადრობის ნებართვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაიცემა საქართველოში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ოფიციალურად წარმოადგენს 214,5 ლარს.[18] მაშასადამე, საარსებო მინიმუმის ხუთმაგი ოდენობა უდრის დაახლოებით 1,072 ლარს, რაც წლიურად არის 12,870 ლარი. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა გაცილებით ნაკლებია 1,500 ლარზე, რაზეც საუბარი იყო საპარლამენტო განხილვის დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ დამსაქმებელ საგანმანათლებლო ან სამედიცინო არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციას აქვს 35 000 ლარის ოდენობის წლიური ბრუნვა და ეს სრულად უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, გაუგებარია, რატომ ვერ მიიღწევა იგივე მიზანი, მაგალითად, საქველმოქმედო ან სხვა სახის საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციის შემთხვევაში და რატომ მოეთხოვება მას 50 000 ლარის ოდენობის წლიური ბრუნვა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ორივე შემთხვევაში უცვლელია დასაქმებულ უცხოელთა შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური მინიმალური შრომის ანაზღაურების კანონით დადგენილი ოდენობა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ როგორც საგანმანათლებლო ისე სამედიცინო სფეროებში დასაქმებულ უცხოელ სპეციალისტთა შრომის ანაზღაურება, როგორც წესი დაბალი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ განსხვავებულ (დიფერენცირებულ) მოპყრობას, რომლის საფუძველზეც, არასაგანმანათლებლო და არასამედიცინო არაკომერციულ ორგანიზაციაში დასაქმებულ უცხოელს, ბინადრობის ნებართვის მისაღებად ესაჭიროება დამსაქმებლის 50 000 ლარის ოდენობის წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, საფუძვლად არ უდევს რაიმე სახის რაციონალური დასაბუთება, რომელიც წარმოაჩენდა ამგვარი განსხვავებული მიდგომის მაქსიმალურ რეალისტურობას, გარდაუვალობას ან საჭიროებას. არც სადავო ნორმიდან და არც შესაბამისი საპარლამენტო განხილვებიდან არ გამოიკვეთა ამ განსხვავების იმგვარი გარდაუვალობა და საჭიროება, რომელიც რაციონალურად გაამართლებდა, მაგალითად, თუნდაც საქველმოქმედო ორგანიზაციაში დასაქმებული უცხოელის მიერ, შრომითი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საჭირო ასეთ გაზრდილ ტვირთს. ამდენად, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის აშკარად არაპროპორციული და არათანაზომიერია საშუალებაა, რის გამოც ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ხორციელდება ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტით დადგენილი სადავო დიფერენცირება, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო და სამედიცინო, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა საქმიანობის განმახორციელებელ არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულ უცხოელებს შორის, შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების თვალსაზრისით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“
[1] „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი;
[2] იქვე, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი;
[3] იქვე, მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტი;
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება, II. პ. 1;
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება, II. პ. 3;
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება, II. პ. 1;
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება, II. პ. 10;
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება, II-3;
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება, II-76;
[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება, II-20;
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება, II-6;
[12] იხ.: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/200320 ;
[13] ის.: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/217840 ;
[14] იხ.: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/217840 ;
[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48;
[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60;
[17] იხ.: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/217840 ;
[18] იხ.: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/49/saarsebo-minimumi ;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა