გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტისა და სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1687 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი მიქელაძე |
თარიღი | 28 თებერვალი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
ბ. საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ
გ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის N1/1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული - საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას დაადგინოს გადაწყვეტილების ძალა იმ დროიდან, როდესაც მოსარჩელემ მიმართა უფლების დასაცავად თუ კონსტიტუციური სარჩელის შეტანისას სადაო აქტს შეიძლება მხოლოდ მომავალში შეეზღუდა მოსარჩელის უფლება და სარჩელის დაკმაყოფილების დროისათვის კი უფლება შეზღუდულია. იმ დათქმით, რომ გადაწყვეტილება ახდენდეს სადაო აქტის არა ბათილობას არამედ უფლების მომავალში სარგებლობით შესაძლებლობას, თუკი სამართლებრივად შესაძლებელია უფლების დაცვა შემდგომი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული ან სამართლებრივი წარმოების გარეშე. |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი: ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით |
1. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 6613-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს პირის უფლებას განმეორებით გამოცდის ჩაბარების გარეშე მიიღოს მონაწილეობა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში თუკი მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 (ათი) წელი იმ შემთხვევაში, როდესაც გამოცდის ჩაბარების შემდგომ არ არის გატარებული ძირეული საკანონმდებლო ცვლილება და არ არის მიღებული შესაბამისი სპეციალიზაციის (დარგის) ახალი: მატერიალური ან/და ახალი საპროცესო კოდექსი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი: ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად,დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. |
1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის N1/1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული - საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-5 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს პირის უფლებას განმეორებით გამოცდის ჩაბარების გარეშე მიიღოს მონაწილეობა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში თუკი მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 (ათი) წელი იმ შემთხვევაში, როდესაც გამოცდის ჩაბარების შემდგომ არ არის გატარებული ძირეული საკანონმდებლო ცვლილება და არ არის მიღებული შესაბამისი სპეციალიზაციის (დარგის) ახალი: მატერიალური ან/და ახალი საპროცესო კოდექსი |
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი: ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი: ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
2015 წლის 28 ნოემბერს წარმატებით ჩავაბარე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. თუმცა რამოდენიმე მცდელობის მიუხედავად არ ჩავრიცხულვარ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 6613-ე მუხლის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2008 წლის 18 აპრილის წესდების შესაბამისად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან არ არის გასული 10 (ათი) წელი. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ჩემს მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან ათ წლიანი ვადის ამოწურვის შემდგომ აღარ მექნება უფლებამოსილება მივიღო მონაწილეობა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, თუ განმეორებით არ ჩავაბარებ აღნიშნულ გამოცდას, ცხადია მომავალში ათწლიანი ვადის ამოწურვის შემდგომ აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება ჩემს მიმართაც.
იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას და არაკონსტიტუციურად ცნობს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების სადაო ნორმების ნორმატიულ შინაარსს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის უფლების დაცვას დამოკიდებული იქნება იმ გარემოებაზე თუ როდის მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას. თუ სასამართლო საკითხს გადაწყვეტს იმ დროისათვის, როდესაც ჩემს მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან (2015 წლის 28 ნოემბრიდან) უკვე გასული იქნება 10 წელი, გადაწყვეტილებით ვეღარ შემინარჩუნდება დაცული ინტერესი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტების თანახმად სადაო ნორმატიული აქტი ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფრო გვიანი დროიდან. შესაბამისად არსებობს იმის ალბათობა, რომ ერთი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩემთვის არავითარი უფლების მომცემი არ აღმოჩნდეს გადაწყვეტილება იმის გამო, რომ შესაძლოა გადაწყვეტილების დროისათვის გასული იყოს უკვე ჩემს მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის ვადა. საკონსტიტუციო სასამართლო კი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის“ 23-ე მუხლის პირველი და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოკლებული
იქნება შესაძლებლობას გადაწყვეტილება გაავრცელოს იმ დროიდან, როდესაც მოსარჩელემ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლების დასაცავად. მოცემული ნორმით შესაძლოა შემეზღუდოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის დროული განხილვის უფლებაზე საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების სადაო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც მოსარჩელის ინტერესის დაცვა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როდის გადაწყვეტს და გამოაქვეყნებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას!
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-12, მე-15 და 31-ე მუხლებით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში სადავოდ არის ქცეული როგორც საკანონმდებლო აქტი, ისე მის საფუძველზე გამოცემული აქტი- იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2015 წლის 28 ნოემბერს წარმატებით ჩავაბარე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, თუმცა რამოდენიმე მცდელობის მიუხედავად არ ჩავრიცხულვარ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 6613-ე და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების (იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის N1/1 გადაწყვეტილება) მე-5 მუხლი უკრძალავს პირს უფლებას მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან ათი წლის შემდეგ მიიღოს მონაწილეობა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, თუკი განმეორებით არა აქვს ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. კანონმდებლის მიერ ასეთი შეზღუდვის დაწესება ლახავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ უფლებებს. პირი მოსამართლედ ვერ გამწესდება თუ არ გაუვლია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (სამოსამართლო) სასწავლო კურსი და არ ჩაუბარებია შესაბამისი გამოცდები სწავლის დასრულებისას. რა ლეგიტუმურ მიზანს ემსახურება ათწლიანი ვადის გასვლის შემდგომ განმეორებითი გამოცდის ჩაბარება თუ არ არის მიღებული ახალი მატერიალური ან/და საპროცესო კოდექსი? სადაო ნორმატიული აქტებით დადგენილი შეზღუდვა ვერ ამართლებს ლეგიტიმურ მიზანს. როდესაც პირის მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდგომ არ ხდება ახალი მატერიალური ან /და საპროცესო კოდექსის მიღება არ არსებობს ისეთი მოწესრიგების აუცილებლობა, რომ ათი წლის შემდგომ განმეორებით აბარებდეს პირი მოსამართლის გამოცდებს. მიზანი დაცულია სხვა უფრო მსუბუქი ფორმით, კერძოდ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლითა და დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარებით. უფრო მეტიც, თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას ვნახავთ, რომ მსგავსი საკითხები უფლების ნაკლებად მზღუდავი ფორმით არის მოწესრიგებული. მაგალითად, საფრანგეთში გარკვეულ შემთხვევებში ეროვნულ სასამართლო სკოლაში პირები შესაძლოა ჩაირიცხონ საერთოდ გამოცდის ჩაბარების გარეშეც თუ ასწავლიდნენ იუნივერსიტეტში და აქვთ პრაქტიკული საქმიანობის კანონით დადგენი სტაჟი (http://www.difederi-co-giustizia.it/wp-content/uploads/2010/09/reqruitment-evaluation-and-career.pdf).
პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციური უფლება სუბსიდიური (დამატებითი) ხასიათისაა. შესაბამისად სადაო აქტის ანტიკონსტიტუციური ხასიათი ვლინდება თავისუფალი განვითარების კონსტიტუციურ უფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებაში ერთობლივად. პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციური უფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მოიცავს უფლებას „საყოველთაო საქმიანობის თავისუფლებაზეც“ აღნიშნული უფლება სხვა მრავალ აქტიობასთან ერთად მოიცავს უფლებას განახორციელოს პირმა ნებისმიერი ქმედება საკუთარი ინიციატივების განსახორციელებლად და მოიცავს უფლებას პროფესიასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. ასევე ადამიანს აღჭურავს უფლებით თავად შეარჩიოს საქმიანობის ფორმები და დრო. ცხადია, რომ არა სადაო აქტით დადგენილი ვადა, პირს ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან ათი წლის შემდგომაც. საქმიანობის თავისუფლებაზე კონსტიტუციური უფლება პირს აღჭურავს შესაძლებლობით განახორციელოს ნებისმიერი აქტიობა, ნებისმიერ დროს საკუთარი პიროვნების განვითარებისათვის. სახელმწიფოს ამ უფლებაში ჩარევა შეუძლია მხოლოდ საჯარო ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ერთხელ უკვე წარმატებით ჩაბარების შემდგომ პირი იძენს უფლებას მიიღოს მონაწილეობა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსშ. თუ არ არის მიღებული შესაბამისი დარგის ახალი მატერიალური ან/და საპროცესო კოდექსი, გაუგებარია რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადაო აქტებით დადგენილი წესი, რომ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან ათი წლის შემდეგ პირი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში თუ განმეორებით არ ჩააბარებს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდას.
სადაო აქტებით დადგენილი მოწესრიგება რეალურად არის „საერთო სასამართლოების შესახებ 1997 წლის კანონით“ დადგენილი მოწესრიგების სამართლებრივი „ექო“ აღნიშნული კანონი 2009 წლის 26 ივნისის ცვლილებებამდე, საერთოდ არ ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლას მოსამართლედ გამწესებისათვის. 2009 წლის 26 ივნისის ცვლილებებამდე მოცემული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო შემდეგი წესი: „მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.“ ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი 2009 წლის 26 ივნისის ცვლილებებამდე დადგენილი იყო წესი, რომ „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან შვიდი წლის განმავლობაში არ გამწესდება მოსამართლის თანამდებობაზე. იმ დროისათვის, როდესაც არ ხდებოდა იუსტიციის უმღლეს სკოლაში სწავლა და მოსამართლედ გამწესებისათვის საკმარისი იყო მხოლოდ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, ცხადია არსებობდა ლეგიტიმური მიზანი იმგვარი მოწესრიგებისა, რომ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ პირი ვეღარ გამწესებულიყო მოსამართლედ, ვითარება, როდესაც სკოლაში სწავლას არ ითვალისწინებდა კანონი, სამოსამართლო გამოცდის შედეგების მოქმედების ვადის დადგენა იყო ლეგიტიმური, რადგან სხვა მექანიზმი პირის პროფესიულ ფორმაში ყოფნის უზრუნველსაყოფად არ არსებობდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საერთო სასამართლოების შესახებ 1997 წლის კანონით დადგენილი წესი. მას შემდეგ, რაც მოსამართლედ გამწესებისათვის აუცილებელი გახდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლა და შესაბამისი გამოცდების ჩაბარებაც სწავლის დასასრულს, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის ვადის დადგენა დარჩა უფუნქციოდ. ლეგიტიმური მიზანი, რასაც ის ემსახურებოდა, უზრუნველყოფილ იქნა სხვა უფრო მსუბუქი ფორმით, კერძოდ: იუსტიციის სკოლაში სწავლითა და გამოცდების ჩაბარებით სწავლის დამთავრებისას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ლეგიტიმური მიზნის არ არსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელია, არაკონსტიტუციურია. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის 3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ)
მიზანი, რასაც შეიძლება ემსახურებოდეს სადაო აქტებით დადგენილი წესი, ისედაც დაცული და უზრუნველყოფილია იიუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლითა და სწავლის შემდგომ გამოცდების ჩაბარებით. საკანონმდებლო შეზღუდვა ნებისმიერი უფლებისა ყოველთვის ანტიკონსტიტუციურია, როდესაც შეზღუდვის აუცილებლობა არ არსებობს იმის გამო, რომ მიზანი სხვა მხრივად დაცულია და ისე მიიღწევა. თუ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვა ხდება კონკურსით, მიმდინარეობს სწავლება და თანაც სწავლის დამთავრებისას ხდება გამოცდების ჩაბარება, მაშინ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ათი წლის გასვლის შემდეგ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის განმეორებით ჩაბარება, თუკი გამოცდის ჩაბარების შემდგომ არ მიღებულა შესაბამისი სპეციალიზაციის ახალი მატერიალური ან/და საპროცესო კოდექსი? ამგვარი მიდგომით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ 10 წელიწადში ერთხელ დავიცვათ დისერტაცია, 10 წელიწადში ერთხელ ავიღოთ მართვის მოწმობა, 10 წელიწადში ერთხელ მივიღოთ უმაღლესი განათლება, 10 წელიწადში ერთხელ გავიაროთ სამხედრო სავალდებულო სამსახური და ასე შემდეგ.
რომც დავუშვათ ამგვარი შეზღუდვისათვის ლეგიტიმური მიზნის არსებობა, ეს მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ კანდიდატის კვალიფიციურობისა და კომპეტენტურობის დადასტურება. შეზღუდვის კონსტიტუციურობისათვის აუცილებელია, ის მიზანთან მიმართებაში პასუხობდეს პროპორციულობის ტესტს. პროპორციულობის ერთერთი კრიტერიუმი არის შეზღუდვის აუცილებლობა. ყველა შესაბამისი შესაძლებლობიდან არჩეული უნდა იყოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც ყველაზე უფრო ნაკლები ხარისხით ზღუდავს კერძო პირის უფლებას. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ანდრეას ფოსსკულე პროპორციულობის ტესტის შეფასების შკალაში შეზღუდვის აუცილებლობას განმარტავს შემდეგნაირად: „შერჩეული საშუალების აუცილებლობას ადგილი აქვს თუ არ არსებობს სხვა რომელიმე ერთნაირად გამოსადეგი, მაგრამ უფრო ნაკლები ხარისხის სიმძიმის საშუალება (უფრო რბილი საშუალების არჩევანი). დაუშვებელია ლეგიტიმური მიზანი უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე განხორციელდეს. მიზანი აქ პირის კვალიფიციურობაზე მიიღწევა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ერთხელ ჩაბარებითაც იმის ფონზე, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ხდება კადრების მომზადება და მათ უწევთ დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე კრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ ვინ დაასკვნა ის ფაქტი, რომ ათი წლის გასვლამდე ლეგიტიმური მიზანი დაცულია და ათი წლის შემდგომ უკვე ლეგიტიმური მიზანი დასაცავია და გენმეორებით უნდა ჩააბაროს პირმა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა? კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს იმ გარემოებას, რომ ლეგიტიმური მიზანი დაცულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლით და დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარებით.
კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში სადო აქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს პირის უფლებას მიიღოს მონაწილეობა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, მის მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან ათი წლის შემდგომაც, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის განმეორებით ჩაბარების გარეშე, თუ გამოცდის ჩაბარების შემდგომ არ არის მიღებული შესაბამისი დარგის(სისხლის სამართლის ან/და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი) ახალი მატერიალური ან/და საპროცესო კოდექსი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამობის დასაბუთება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას და არაკონსტიტუციურად ცნობს „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონისა“ და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების“ სადაო აქტებს, უზრუნველყოფს თუ არა მოცემული გადაწყვეტილება მოსარჩელის უფლების დაცვას დამოკიდებული იქნება იმ გარემოებაზე თუ როდის მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას. მართალია, კანონით მოწესრიგებულია რა ვადაში განიხილება კონსტიტუციური სარჩელი, მაგრამ არ არის განსაზღვრული თუ რა ვადაში უნდა დაუბრუნდეს საკითს სათათბიროდ გასული სასამართლო და გამოაცხადოს გადაწყვეტილება. თუ სასამართლო საკითხს გადაწყვეტს იმ დროისათვის, როდესაც ჩემს მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან (2015 წლის 28 ნოემბრიდან) უკვე გასული იქნება 10 წელი, ამ გადაწყვეტილებით ვეღარ შემინარჩუნდება დაცული ინტერესი, იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სადაო ნორმატიული აქტი ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფრო გვიანი დროიდან. არსებობს იმის ალბათობა, რომ სადაო აქტებით დადგენილი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც ჩემთვის არავითარი უფლების მომცემი არ აღმოჩნდეს გადაწყვეტილება. შესაძლოა გადაწყვეტილების დროისათვის გასული იყოს ჩემს მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის ვადა. საკონსტიტუციო სასამართლო კი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის” სადაო ნორმებიდან გამომდინარე მოკლებული იქნება შესაძლებლობას გადაწყვეტილება გაავრცელოს იმ დროიდან, როდესაც მოსარჩელემ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის სადაო ნორმებით შესაძლოა შემეზღუდოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის დროული განხილვის უფლებაზე საკონსტიტუციო სასამართლოში. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების სადაო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც, მოსარჩელის ინტერესის დაცვა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როდის გადაწყვეტს და გამოაქვეყნებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას.
მეორის მხრივ ვერც სადაო აქტების მოქმედების შეჩერებაზე ვიშუამდგომლებ, რადგან „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების“ სადაო ნორმები ჯერ არ მეხება და შესაბამისად ვერც გამოუსწორებელ შდეგებზე ვისაუბრებთ. გამოდის, რომ შესაძლებელია შეიქმნას პარადოქსული ვითარება, როდესაც სარჩელის დაკმაყოფილებაც და სარჩელის დაუკმაყოფილებლობაც ერთნაირი შედეგების მომტანი იქნება კონსტიტუციური სარჩელის შემტანი პირისათვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის სადაო ნორმები „აფერმკრთალებს“ პირის კონსტიტუციურ უფლებას მიმართოს, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს, თავის უფლებათა დასაცავად.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს კონსტიტუციურ სარჩელს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების სადაო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე, მაგრამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს და გამოაქვეყნებს იმ დროისათვის, როდესაც უკვე გასული იქნება ჩემს მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წელი, ამას ჩემთვის არავითარი შედეგების მოტანა არ შეეძლება რადგან ათ წლიანი ვადის დინება უკვე ამოწურული იქნება. მაშინ, რაღა აზრი აქვს სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას თუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შედეგები მოსარჩელისათვის შესაძლოა არაფრის მომცემი აღმოჩნდეს.
თუ მოსარჩელემ სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით უფლების დასაცავად მიმართა გონივრულ ვადაში და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმ დროისათვის, როდესაც უფლება უკვე ხელყოფილია ამაში მოსარჩელეს არანაირი ბრალი არ მიუძღვის. სასამართლოსადმი მიმართვა თვითმიზანი არ არის, მიმართვა მიზნად ისახავს მოსარჩელის უფლების დაცვას.
საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით (იმ შემთხვევაში თუ კონსტიტუციურ სარჩელში/წარდგინებაში გადასაწყვეტია შინაარსობრივად არსებითად განსხვავებული საკითხები, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება გაყოს რამდენიმე საქმედ და ცალ-ცალკე გადაწყვიტოს, მათ შორის სასარჩელო მოთხოვნის რომელიმე ნაწილი სხვა სარჩელთან ერთად გააერთიანოს ერთ საქმედ) და ჯერ იმსჯელოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის“ სადაო აქტების კონსტიტუციურობაზე, შემდეგ კი „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების“ სადაო აქტების კონსტიტუციურობაზე.
ვითხოვთ საკანსტიტუციო სასასმართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის“ 23-ე მუხლის პირველი და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას დაადგინოს გადაწყვეტილების ძალა იმ დროიდან როდესაც მოსარჩელემ მიმართა უფლების დასაცავად თუ კონსტიტუციური სარჩელის შეტანისას სადაო აქტს შეიძლება მხოლოდ მომავალში შეეზღუდა მოსარჩელის უფლება და სარჩელის დაკმაყოფილების დროისათვის კი უფლება შეზღუდულია. იმ დათქმით, რომ გადაწყვეტილება ახდენდეს სადაო აქტის არა ბათილობას არამედ უფლების მომავალში სარგებლობით შესაძლებლობას, თუკი სამართლებრივად შესაძლებელია უფლების დაცვა შემდგომი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული ან სამართლებრივი წარმოების გარეშე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: კი
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა