გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, სსიპ "ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1691 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი გოროშიძე, ინდიკო აბაშიძე |
თარიღი | 1 აპრილი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
ბ. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის N36/2012 დადგენილებით დამტკიცებული (დანართი N1) ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი და პირობები“.
გ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის N1106 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი: „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის N1106 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი: „აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის N36/2012 დადგენილებით დამტკიცებული (დანართი N1) ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი და პირობების პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტები: „1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ტექსტში შემდგომ - ,,უნივერსიტეტი“ ან ,,თსუ“) აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების საკითხი წყდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებული ყოველი ცალკეული კონკურსისათვის. 2. აკადემიურმა საბჭომ აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ცალკეული ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისათვის“. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
მოსარჩელე გიორგი გოროშიძე დაბადებულია 1950 წელს და არის 72 წლის. სარჩელზე თანდართული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, 2014 წელის 7 მარტს მოსარჩელესა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ახორციელებდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფსიქოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე(დანართი 1). ხელშეკრულება ძალაში იყო 2014 წლის 19 თებერვლიდან 2020 წლის 19 თებერვლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იკავებდა აკადემიურ თანამდებობას, თუმცა ვინაიდან იგი დღეს არის 65 წელს გადაცილებული, მის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავება დამოკიდებულია თსუ-ს აკადემიური საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სათანადო პირს იდავოს იმ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხზე, რომელიც 65 წელს გადაცილებული პირისთვის ითვალისწინებს 65 წელს მიუღწეველ პირებთან შედარებით უფრო რთული პროცედურის გავლას აკადემიურის თანამდებობის დასაკავებლად.
მოსარჩელე ინდიკო აბაშიძე არის 72 წლის. სარჩელზე თანდართული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელესა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ინდიკო აბაშიძემ 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2025 წლის 16 სექტემბრამდე ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დარგობრივ დეპარტამენტში დაიკავა აკადემიური თანამდებობა(დანართი 2). სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 30 სექტემბრის N06-01/98 დადგენილების მიხედვით ინდიკო აბაშიძეს მიენიჭა ემირიტუსის აკადემიური წოდება, რის შემდეგაც შეწყვიტა ზემოთ ნახსენები შრომითი ხელშეკრულება. (დანართი 3). აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ მოსარჩელეს ეკავა აკადემიური თანამდებობა სახელმწიფოს მიერ დაარსებულ უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა ვინაიდან მოსარჩელე მიღწეულია 65 წელს, მის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავება დამოკიდებულია ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე.. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სათანადო პირს იდავოს იმ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხზე, რომელიც 65 წელს გადაცილებული პირისთვის ითვალისწინებს 65 წელს მიუღწეველ პირებთან შედარებით უფრო რთული პროცედურის გავლას აკადემიურის თანამდებობის დასაკავებლად.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 22 თებერვლის N2/2/863 გადაწყვეტილებით;
1. სადავო ნორმების ანალიზი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსხვავებული წესის დადგენას, კერძოდ: „ამ მუხლის მე-2 პუნქტისგან გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით“. მოსარჩელეებს აკადემიური თანამდებობა ეკავათ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად, უნდა განვიხილოთ როგორ მოწესრიგებას გვთავაზობს აღნიშნული უნივერსიტეტების წესდება.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის N36/2012 დადგენილებით დამტკიცებულია „,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი და პირობები(შემდეგში „აკადემიური საბჭოს დადგენილება“). დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობას. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკადემიურმა საბჭომ აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ცალკეული ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისათვის. შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში 65 წლის ან მეტი ასაკის პირის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნა დამოკიდებულია უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს სრულ უმრავლესობაზე, რომელიც საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს ფაკულტეტის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის N1106 ბრძანებით დამტკიცებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება(შემდეგში „ბსუ-ს წესდება). წესდების 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. ამდენად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 65 წელს მიღწეული ადამიანის აკადემიური თანამდებობის დაკავების საკითხი დამოკიდებულია აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედის გადაწყვეტილებაზე.
მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან 65 წელს ასაკს მიღწეულ პირებს უკრძალავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობის დაკავების უფლებას. ზემოთ განხილული სადავო ნორმებიდან გამომდინარე მოსარჩელეებისთვის ასევე პრობლემურია კანონმდებლობის ისეთი მოწესრიგება, რომლის მიხედვითაც, 65 წელს მიღწეულ პირთა აკადემიური თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა დამოკიდებულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე. მოსარჩელეების პოზიციით, მათი აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობა უნდა ხდებოდეს 65 წლის ასაკს მიუღწეველი პირებისთვის გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად და არა სპეციალური პროცედურით, რომელიც აკადემიური საბჭოს მიზანშეწონილობაზეა დამოკიდებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებისთვის არაკონსტიტუციურია სადავო ნორმებით შექმნილი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიაკუთვნებს მათ უფლებას დაიკაონ აკადემიური თანამდებობა სახელმწიფოს მიერ შექმნილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
2. დამძლევი ნორმა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმაწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად... და თუ არ არსებობს ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, “დასახელებული ნორმა „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“.[1] სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას.[2]
საკონსტიტუციო სასამართლომ „დამძლევი ნორმის“ ტესტი ჩამოაყალიბა 2014 წლის 24 ივნისის განჩინებაში საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. კერძოდ: „სადავო ნორმის „დამძლევ ნორმად“ მიიჩნევა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობა, ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ამასთან, არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს / წინაპირობას შექმნიდა“.[3]
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქვემოთ განხილული იქნება რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმატიული შინაარსი ზემოთ დასახელებულ დამძლევი ნორმის ტესტის კრიტერიუმებს.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 22 თებერვლის N2/2/863 გადაწყვეტილება
იმის დასადგენად არის თუ არა გასაჩივრებული ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის N2/2/863(შემდეგში „აკადემიკოსების საქმე“) გადაწყვეტილების დამძლევი, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დადგენილი სტანდარტები.
№863 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმების მიხედვით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის უფლება არ ეძლეოდათ 70 წელს გადაცილებულ აკადემიკოსებს. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შესამოწმებლად იმსჯელა თუ რამდენად გააჩნდათ 70 წელს მიღწეულ ადამიანებს იმ ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა, რომელიც ეკისრებოდათ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტს.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 28-ე პარაგრაფში განმარტა: „აღსანიშნავია, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არა მხოლოდ პრეზიდენტისა თუ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციების, არამედ ზოგადად, აკადემიის ამოცანების, თითოეული აკადემიკოსის უფლებამოსილების განხორციელება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის განსაკუთრებულ ფიზიკურ მოთხოვნებთან. აკადემიკოსის, ისევე როგორც დასახელებული ადმინისტრაციული თანამდებობებისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულება მოითხოვს პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას. დასახელებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელება მოითხოვს გონებრივ, ინტელექტუალურ რესურსს. იმისთვის, რომ პრეზიდენტმა საერთო კრებას წარუდგინოს კონკრეტულ თანამდებობებზე დასამტკიცებელ პირთა ღირსეული კანდიდატურები, მას უნდა გააჩნდეს მათი ფუნქციების სიღრმისეული ცოდნა, თუ რა მოეთხოვება პირს ამ თანამდებობაზე საქმიანობისთვის და ვინ შეძლებს მის ყველაზე ეფექტურად განხორციელებას“.
გადაწყვეტილების 29-ე პარაგრაფში ვკითხულობთ: „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა თუ ვიცე-პრეზიდენტის მიერ განსახორციელებელი ფუნქციები და მათი სრულყოფილი შესრულება საჭიროებს ამ თანამდებობაზე ისეთი ადამიანის არჩევას, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ინსტიტუციური მეხსიერება, ამ სფეროში საქმიანობის დიდი გამოცდილება. ამგვარ უნარებს არათუ არ აკნინებს ასაკის მატება, არამედ ისეთ სპეციფიკურ და მეტწილად მეცნიერულ ცოდნაზე დამყარებულ სფეროში, როგორიც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობაა, შესაძლოა განაპირობებდეს კიდეც სწორედ წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება“.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ გადაწყვეტილების 30-ე პარაგრაფში დაადგინა: „ბუნებრივია, თითოეულ თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელება, ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, იმავდროულად მოითხოვს მათ შესასრულებლად საჭირო ენერგიას. თუმცა მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება ისეთ განსაკუთრებულ ენერგიას მოითხოვს, რომელიც, როგორც წესი, არ გააჩნია 70 წელს გადაცილებულ ადამიანს. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტობა/ვიცე-პრეზიდენტობა და ამ საქმიანობის გამართულად შესრულება არ მოითხოვს ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომლის გარეშეც აპრიორი გამორიცხული იქნებოდა მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებელი შესრულება და, ამგვარად, დაემუქრებოდა საფრთხე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სათანადო ფუნქციონირებას. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს და მოპასუხე მხარის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ის კონკრეტული ფაქტორები, გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო 70 წელს მიღწეული პირის მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულების შეუძლებლობა. ამ თვალსაზრისით ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა უშვებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იმ პირთა საქმიანობას, რომელთაც ამ თანამდებობაზე არჩევის შემდგომ შეუსრულდათ 70 წელი“.
აკადემიკოსების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის თანახმად, 70 წლის ასაკობრივი საპენსიო ზღვარი ისეთი თანამდებობისთვის, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალურ სამუშაოსთან არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
ამის შემდეგ უნდა დადგინდეს გასაჩივრებული ნორმები ხომ არ აწესებენ იგივე შეზღუდვას კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. სადავო ნორმა იწვევს იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას
აკადემიკოსების საქმეზე გასაჩივრებული ნორმები დიფერენცირებულ მოპყრობას ადგენდნენ 70 წელს მიღწეულ და 70 წელს მიუღწეველ აკადემიკოსებს შორის, რაც იწვევდა კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. მოცემულ სარჩელში შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ 65 წელს მიღწეული და 65 წელს მიუღწეველი პირები, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ შექმნილ უმაღლეს უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავება სურთ. შესაბამისად უნდა განვიხილოთ აღნიშნული პირები რამდენად არიან არსებითად თანასწორები და სადავო ნორმები იწვევს თუ არა მათ დიფერენცირებას.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი აწესებს პირდაპირ დისკრიმინაციას 65 წელს მიღწეულ და 65 წელს მიუღწეველ პირებს შორის, ვინაიდან 65 წელს მიღწეულ პირებთა ჯგუფს ართმევს შესაძლებლობას დაიკავონ აკადემიური თანამდებობა. ამასთან, კანონის 36-ე მუხლის მე-3 მუხლი უნივერსიტეტებს ანიჭებს დისკრეციას დაადგინონ 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისგან განსხვავებული წესი - უფლება მისცენ 65 წელს მიღწეულ პირებს დაიკავონ აკადემიური თანამდებობა. სარჩელში გასაჩივრებული, თსუ-სა და ბსუ-ს წესდებების მიხედვით, აკადემიური საბჭოს დისკრეციას წარმოადგენს 65 წელს მიღწეულ პირთა თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი, რასაც თსუ-ს შემთხვევაში სჭირდება აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო ბსუ-ს შემთხვევაში აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის 2/3. 65 წელს მიუღწეველ პირებსა და 65 წელს მიღწეულ პირებს შორის არსებული დიფერენცირების დასადგენად ერთმანეთს უნდა შევადაროთ ის, თუ როგორ ხდება 65 წელს მიუღწეველი პირებისა და 65 წელს მიღწეული პირების მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავება.
თსუ-ს წესდების 28-ე მუხლის მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭივალეობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პირობებს. კონკურსს აცხადებს რექტორი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს. თსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, 65 წელს მიღწეული პირები ღია კონკურსში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, დამოკიდებულია საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე. იგივე პროცედურას ითვალისწინებს ბსუ-ს წესდების 57-ე მუხლი იმ განსხვავებით, რომ 65 წელს მიღწეულ პირთა კონკურში მონაწილეობა დამოკიდებულია აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედის გადაწყვეტილებაზე. განვიხილოთ ერთი პრაქტიკული მაგალითი. დავუშვათ, თსუ-ს რექტორის ბრძანებით ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 65 წელს მიღწეულ პირებს აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ კონკურსის გამოცხადების მომენტისთანავე. ამისგან განსხვავებით, 65 წელს მიღწეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით გადაწყვეტს, რომ კონკურსში 65 წელს მიღწეულ პირებსაც ჰქონდეთ მონაწილეობის უფლებას, რაც დამოკიდებულია ფაკულტეტის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულების მიზანშეწონილობაზე. ამდენად, 65 წელს მიღწეულ პირებს აკადემიური თანამდებობის დაკავებისას ხვდებათ ისეთი ბარიერი, რომელიც არ არსებობს 65 წელს მიუღწეველ პირებთან მიმართებით. აღნიშნულ პირების არსებითად თანასწორი ინტერესი გააჩნიათ ეკავოთ აკადემიური თანამდებობა, ეწეოდნენ საგანმანათლებლო საქმიანობას, თუმცა, სადავო ნორმები იწვევს მათ დიფერენცირებას - შესადარებელი ჯგუფებიდან ერთს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად უწესებს ბარიერს, რომლის დაძლევა მათ შესაძლებლობებზე არ არის დამოკიდებული, ხოლო შესადარებელ ჯგუფთა მეორე კატეგორია ასეთ ბარიერებს არ ხვდება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირება, რაც წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევას. ამდენად, სადავო ნორმები იწვევს იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რასაც ადგილი ჰქონდა N2/2/863 გადაწყვეტილებაში.
5. შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს. არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს / წინაპირობას შექმნიდა
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს“.[4] ამასთან, „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“[5].
N863 სარჩელით გასაჩივრებული ნორმები მოსარჩელეებს ბლანკეტურად უკრძალავდა თანამდებობების დაკავების უფლებას. მოცემულ სარჩელზე გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი შეზღუდვა არ არის ბლანკეტური, რადგან უნივერსიტეტის მმართველი ორგანოების დისკრეციაზეა დამოკიდებული 65 წელს მიღწეულ პირთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისად, N2/2/863 გადაწყვეტილებასა და სადავო ნორმებს შორის არსებობს სამართლებრივი განსხვავება - ერთ შემთხვევაში ხდებოდა თანამდებობის დაკავების უფლების ბლანკეტური შეზღუდვა, ხოლო მეორე შემთხვევაში ნორმა ითვალისწინებს საგამონაკლიო შემთხვევას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შესადარებელ ნორმებს შორის სამართლებრივი განსხვავება a priori არ განაპირობებს მათ განსხვავებულობას „დამძლევი ნორმის“ სტანდარტის გამოყენებისთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის N2/16/1346 განჩინება, რომლის მიხედვითაც: „ამა თუ იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხის შეფასებისას შემზღუდველი ღონისძიების მოქმედების ხანგრძლივობა მნიშვნელოვანი ფაქტორია და განაპირობებს უფლების შეზღუდვის ინტენსივობას. სადავო ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „დამძლევი ნორმის“ იდენტიფიცირების პროცესში აღნიშნული ფაქტორის გავლენას განსაზღვრავს ის გარემოება, თუ რამ განაპირობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თავდაპირველი გადაწყვეტილებით ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა. კერძოდ, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოხდა უფლებაშემზღუდველი ღონისძიების განსაკუთრებით ინტენსიური, ხანგრძლივი ხასიათის გამო, შესაძლებელია, უფრო ნაკლები ვადით დადგენილი შეზღუდვა კონსტიტუციის შესაბამისად იქნეს მიჩნეული. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ხანმოკლე შეზღუდვის დაწესებით უფლების შეზღუდვის ინტენსივობა არსებითად იყოს შემცირებული და არ იყოს აცდენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებს. თუ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება აღარ არის აბსოლუტური, თუმცა მაინც საკმაოდ ხანგრძლივად და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, კვლავ არაპროპორციულად მძიმედ ზღუდავს უფლებას, იგი მიიჩნევა იგივე შინაარსის ნორმად და ძალადაკარგულად იქნება ცნობილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე“.[6]
N1346 განჩინებაში მართალია სადავო ნორმა იმეორებდა 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შეზღუდვას, თუმცა განსხვავდებოდა მისი მოქმედების ვადა - უვადო აკრძალვის ნაცვლად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა უკანასკნელი სქესობრივი აქტიდან 10 წლის ვადით იყო შემოფარგლული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების იდენტურობის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, დონაციის უფლების 10 წლის ვადით შეზღუდვასა და უვადო შეზღუდვას შორის სხვაობა იყო თუ არა იმ ხარისხის, რომელიც გამორიცხავდა ნორმების შინაარსობრივ მსგავსებას და განაპირობებდა საკითხის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებას. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა დონაციის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ლეგიტიმური მიზნების მოქმედება რამდენად აუცილებელი იყო უფლების 10 წლიანი ვადით შესაზღუდად. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 10 წლიანი ვადა არ წარმოადგენდა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად სათანადო საშუალებას, შესაბამისად, მიიჩნია რომ სადავო ნორმებს შორის უფლების შეზღუდვის დროითი განსხვავება არ წარმოადგენდა ისეთ სამართლებრივ გარემოებას, რომლის პირობებშიც საჭირო გახდებოდა ნორმის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასებას. ამის გათვალისწინებით, უნდა შევაფასოთ წინამდებარე საქმეში გასაჩივრებულ ნორმასა და აკადემიკოსების საქმეში არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის არსებული განსხვავებულობა შეზღუდვის ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით წარმოადგენს თუ არა ისეთ განსხვავებულ სამართლებრივ გარემოებას, რაც გასაჩივრებული ნორმების არსებით ფორმატში განხილვის საჭიროებას განაპირობებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ N2/2/863 გადაწყვეტილების 30-ე პარაგრაფში განმარტა: „ბუნებრივია, თითოეულ თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელება, ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, იმავდროულად მოითხოვს მათ შესასრულებლად საჭირო ენერგიას. თუმცა მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება ისეთ განსაკუთრებულ ენერგიას მოითხოვს, რომელიც, როგორც წესი, არ გააჩნია 70 წელს გადაცილებულ ადამიანს. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტობა/ვიცე-პრეზიდენტობა და ამ საქმიანობის გამართულად შესრულება არ მოითხოვს ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომლის გარეშეც აპრიორი გამორიცხული იქნებოდა მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებელი შესრულება და, ამგვარად, დაემუქრებოდა საფრთხე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სათანადო ფუნქციონირებას. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს და მოპასუხე მხარის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ის კონკრეტული ფაქტორები, გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო 70 წელს მიღწეული პირის მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულების შეუძლებლობა. ამ თვალსაზრისით ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა უშვებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იმ პირთა საქმიანობას, რომელთაც ამ თანამდებობაზე არჩევის შემდგომ შეუსრულდათ 70 წელი“. გადაწყვეტილების 32-ე პარაგრაფში კი მიუთითა: „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილ არსებითად თანასწორ პირთა მიმართ დიფერენცირებული მიდგომა არ არის რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზანთან, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, ის წარმოადგენს დისკრიმინაციულ დიფერენცირებას და უნდა იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად“. აღნიშნული განმარტებები გულისხმობს, რომ ისეთი თანამდებობებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალურ სამუშაოსთან და არ მოითხოვს ფიზიკური სამუშაოს შესრულებას, საპენსიო ასაკის 70 წლიანი ზღვრის დაწესება გაუმართლებელია. ასეთი სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა განპირობებულია ლეგიტიმურ მიზანსა და საპენსიო ასაკს შორის რაციონალური კავშირის არარსებობასთან.
სარჩელით გასაჩივრებული ნორმები ბარიერს აწესებს აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი 65 წელს მიღწეული პირებისთვის. თსუ-სა და ბსუ-ს წესდებების მიხედვით აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისგან, ასოცირებული პროფესორისგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისგან. მოსარჩელე გიორგი გოროშიძეს ასოცირებული პროფესორის თანამდებობა ეკავა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფსიქოლოგიის მიმართულებაზე. თსუ-ს წესდების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოვალეობები; გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ; დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელე ვალდებული იყო: 1. სტუდენტებისთვის მიეცა ხარისხიანი განათლება; 2. განეხორციელებინა კვლევითი სამუშაო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; 3. ყოველი სასწავლო წლის განმავლობაში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N112/2013 დადგენილებით და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით ასოცირებული პროფესორისათვის გათვალისწინებული სავალდებულო 20 საათიანი (10 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) დატვირთვა. ბსუ-ს წესდების მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აკადემიური პერსონალი ვალდებულია ა) დაიცვას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი და ეთიკის კოდექსი; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ ; ე) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელე ინდიკო აბაშიძე ვალდებული იყო: 1. შეესრულებინა წესდებით ნაკისრი ვალდებულებები; 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეზრუნა საგანმანათლებლო პროგრამის, სასწავლო და სალექციო კურსის/მოდულის შემდგომ სრულყოფა-გაუმჯობესებაზე და სასწავლო პროცესში გამოეყენებინა ბსუ-ში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები.
გასაჩივრებული ნორმების ლეგიტიმურ მიზნად მსგავსად N2/2/863 გადაწყვეტილებისა შესაძლოა დასახელდეს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობა. მოსარჩელეებისთვის კანონით და შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები დაკავშირებულია მათი მხრიდან ინტელექტუალური სამუშაოს შესრულებაზე, რაც არ მოითხოვს ფიზიკურ დატვირთვას მსგავსად N2/2/863 გადაწყვეტილებისა. შესაბამისად, არც გასაჩივრებული ნორმებით დაწესებული შეზღუდვაა სავარაუდო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ რაციონალურ და გონივრულ კავშირთან. ამდენად, ის გარემოება, რომ N2/2/863 გადაწყვეტილებაში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ბლანკეტურად კრძალავდა თანამდებობის დაკავებას, ხოლო მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ნორმები ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, არ წარმაოდგენს ისეთ სამართლებრივ გარემოებას, რომელიც განაპირობებდა საკითხის არსებით ფორმატში განხილვის საჭიროებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და არსებითი განხილვის გარეშე დამძლევი ნორმის გამოყენებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში გასაჩივრებულია როგორც კანონი, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რაც კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრობლემაზე ამომწურავად მსჯელობის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, რომ სარჩელით გასაჩივრებულია თსუ-ს აღმასრულებელი საბჭოს დადგენილება, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა არსებობდეს კითხვა - შეიძლება თუ არა აღნიშნულ აქტზე კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება. სარჩელის აღნიშნულ ნაწილზე სწორედ ამ კითხვას გაეცემა პასუხი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. წინამდებარე სარჩელის მიზნებისთვის უნდა გაირკვეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის N36/2012 დადგენილებით დამტკიცებული „,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი და პირობები“ წარმოადგენს თუ არა ნორმატიულ აქტს კონსტიტუციურ-სამართლებრივი მიზნებისთვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით „“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ინდივიდუალური და ნორმატიული სამართლებრივი აქტის ურთიერთგამიჯვნა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ როგორია ამ აქტით მოწესრიგების ადრესატთა წრე და ობიექტი. ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია, იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება ამ წრის გვარეობითი ნიშნით იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ეხება როგორც კონკრეტულ პირს, ისე მისი გამოცემის მომენტში განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა ჯგუფს. ნორმატიული აქტი თავისი ბუნებით აბსტრაქტულ, საერთო ნორმას წარმოადგენს და დაკავშირებულია არა რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან ან შემთხვევასთან, არამედ თავის იურიდიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური შემთხვევების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ნორმატიული აქტის მრავალჯერადი გამოყენების თვისება. ამდენად, ნორმატიული აქტი, როგორც ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ. განსხვავებით ნორმატიული აქტისაგან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ხასიათდება თავისი შინაარსის კონკრეტულობით. იგი კონკრეტულ ურთიერთობას (შემთხვევას) ეხება. ამ თვალსაზრისით ერთჯერადი გამოყენების ნორმატიული აქტი ყოველთვის ზოგადი (აბსტრაქტულ-გენერალური) სახის აქტია, რაც არ შეიძლება ითქვას ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის შესახებ, რომელიც გამოიცემა ნორმატიული აქტის კონკრეტიზაციისა და ინდივიდუალიზაციისათვის“.[7]
`უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს 65 წელს მიღწეული პირი თუ გამონაკლისი არ არის დადგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური ორგანოს წარდგინებით. მოცემული ნორმების ანალიზიდან ირკვევა, რომ კანონმდებელმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაანდო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების დამტკიცება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული თსუ-ს წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, აკადემიური საბჭო ადგენს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების პირობებს. წესდების აღნიშნული ნორმის ანალიზიდან ჩანს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 65 წელს მიღწეულ პირთა არჩევის წესის პირობების განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე განახორციელა.
ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 65 წელს მიღწეული პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავების საკითხი ზოგად დონეზე მოწესრიგებულია საქართველოს კანონით, თუმცა კონკრეტული დაწესებულების შიგნით აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია დაწესებულების აკადემიური საბჭოს დადგენილებით. თსუ-ს აკადემიურის საბჭოს დადგენილებით მოწესრიგებული საკითხი ზოგადი შინაარსისაა და მიემართება პირთა განუსაზღვრელ წრეს. დადგენილებით განსაზღვრული პირობები ასევე წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების წესს, რაც ხაზს უსვამს მის ნორმატიული ხასიათის ბუნებას. შესაბამისად, ერთი მხრივ სახეზეა კანონმდებლობით თსუ-ს აკადემიურ საბჭოზე დელეგირებული უფლებამოსილება დადგენილებით მოაწესრიგოს 65 წელს მიღწეულ პირთა თანამდებობის დაკავების პირობები, ხოლო მეორე მხრივ დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული შინაარსის მქონე წესები. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და ექვემდებარება კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/16/1346 გადაწყვეტილება საქმეზე გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, II-6.
[3] იხ. მითითება 6., II-12.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის N2/16/1346 განჩინება საქმეზე „გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, II-12.
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის N1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ვინაიდან მოვითხოვთ სადავო ნორმების „დამძლევი ნორმის“ ინსტიტუტით გამოყენებით არაკონსტიტუციურად ცნობას, მათი არაკონსტიტუციურობის განმაპირობებელ გარემოებებზე მითითება გაკეთებულია სარჩელის წინა თავში.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი