გოდერძი გორდეზიანი და სსიპ "საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1690 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გოდერძი გორდეზიანი, სსიპ "საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია" |
თარიღი | 29 მარტი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს 2021 წლამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთანავე, გადასაცემი ფართობი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მისმა გამოყოფამ არ დაარღვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრები.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი „1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით. 2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
კონსტიტუციის მე-11 მუხლით აღიარებული თანასწორობის უფლების დაცვის სუბიექტია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. მოსარჩელე არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაცია სსიპ „საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია“, რომელიც ეწევა რელიგიურ საქმიანობას.
სადაო ნორმა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე საკუთრების მოპოვების უფლებას ითვალისწინებს ექსკლუზიურად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ტყის ფართობზე საკუთრების უფლება თავის მხრივ, წარმოშობს ტყის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების, მათ შორის ტყის სასარგებლო თვისებებისა და ტყის რესურსების გამოყენების უფლებამოსილებას.[1] ამასთან, როგორც სადავო ნორმის განმარტებით ბარათსა და მიჩენილი უბნის გამოყოფის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებებშია აღნიშნული, მართმადიდებლური ეკლესიისათვის ტყის ფართობების საკუთრებაში გადაცემა უზრუნველყოფს მოქმედი საეკლესიო და სამონასტრო კომპლექსების მიმდებარედ თვითმყოფადი ბუნების შენარჩუნებას,მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნასა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებების ხელშეწყობას.[2] შესაბამისად, სადაო ნორმით მართლმადიდებელ ეკლესიას ენიჭება პრივილეგიები, რომლებზე წვდომაც არ აქვს არცერთ სხვა რელიგიურ ორგანიზაციას, მათ შორის არც მოსარჩელეს, რაც წარმოადგენს უთანასწორო მოპყრობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის კონტექსტში.
კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით მოსარჩელეა საქართველოს მოქალაქე გოდერძი გორდეზიანი რომელიც ცხოვრობს ქალაქ სიღნაღში, ქედელის დასახლებაში, მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესია-მონასტრების სიახლოვეს (მათ შორის ბოდბის წ. ნინოს მონასტერი, ბოდბის დედაღვთისმღობელი, ბოდბისხევის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია), რომელთაც ესაზღვრება ტყის ტერიტორიები. ტყე მოსარჩელისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. იგი 1995 წლიდან, საკუთარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მართლზომიერად ფლობდა 5 (ხუთ) ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ის და მისი ოჯახი იყენებდნენ საძოვრად. 2007 წელს გაუქმდა მოსარჩელის საკუთრება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, რის შემდეგაც ნაკვეთი გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს, სიღნაღში ბოდბის ეპარქიას. შედეგად, მოსარჩელემ დაკარგა ოჯახის საარსებო წყარო, ტრადიციული სასაქონლო მეურნეობის წარმოებისთვის აუცილებელ რესურსი (დანართი 1). საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანებულების თანახმად, საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოიყო ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის 68.6 ჰა მიჩენილი უბანი.[3] სადაო ნორმამ საქართველოს საპატრიარქოს მიანიჭა შესაძლებლობა საკუთრებაში დაირეგისტრიროს საქართველოში არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყის ფართობები და მათთვის მიჩენის წესით გამოყოფილი უბნები (მათ შორის ბოდბის ეკლესიის მიმდებარედ არსებული 68.6 ჰა სახელწმიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბანი). აღნიშნული კი ნიშნავს, რომ მოსარჩელეს დამატებით შეეზღუდება მანამდე სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ ტერიტორიებზე და საძოვრებზე წვდომა. სახელმწიფო ტყეებზე საკუთრების მოპოვების შედეგად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხდება ამ ტყის ტერიტორიების ექსკლუზიური მოსარგებლე, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე. ამრიგად, სადაო რეგულირებით მოსარჩელეს ეზღუდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსებზე წვდომის უფლება, რის გამოც, იგი წარმოადგენს კონსტიტუციური სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
[1] საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 2, „ფ“ ქვეპუნქტი, მუხლი 23, ნაწილი 1
[2] განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/214712;
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 21 ოქტომბრის N504 ბრძანებულება ,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ახალშენში, წმინდა სამების ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (22516 კვ.მ მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/103804?publication=0;
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 1 აპრილის N177 ბრძანებულება დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (279.5 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“https://matsne.gov.ge/ka/document/view/102742?publication=0;
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ოქტომბრის N748 ბრძანებულება,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ალავერდის მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის ახმეტის სატყეო უბნიდან მიჩენილი უბნის (259.0196 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“https://matsne.gov.ge/ka/document/view/105910?publication=0;
[3] საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 იანვრის N22 ბრძანებულება „საქართველოს საპატრიარქოსათვის ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის მიმდებარედ სახელწმიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (68.6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/102166?publication=0
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ახალი ტყის კოდექსის ის დებულებები, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში არსებულ ტყეზე საკუთრების უფლების დაყოფას სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრების ტყეებად.[1] ახალი ტყის კოდექსის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში თანმდევი ცვლილებების ამოქმედებამდე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების პრივატიზების შესაძლებლობას.[2] 2021 წლის 1 იანვრიდან, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ტყე, აღარ ექვემდებარება პრივატიზებას.[3] ახალი რეგულირებით,ტყეზე კერძო საკუთრების უფლების წარმოშობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტყის იმ ნაწილზე, რომელიც ექცევა ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.[4] თუმცა, ტყის კოდექსი ითვალისწინებს ასევე ტყეზე საკუთრების უფლების წარმოშობის განსაკუთრებულ წესს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას (შემდგომში მართლმადიდებელი ეკლესია) შეუძლია მოითხოვოს მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყეთა ფართობების (თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა), ასევე ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიების საკუთრებაში გადაცემა. მიჩენილი ტერიტორიებში ძველი ტყის კოდექსის თანახმად, იგულისხმება სახელმწიფო ტყის ფონდის უბანი, რომელიც მიჩენის წესით, სამართავად გადაეცემოდა საქართველოს საპატრიარქოს.[5] ამრიგად, სადაო ნორმა სახელმწიფო ტყის კერძო საკუთრებაში გადაცემის უფლებამოსილებას ითვალისწინებს ექსკლუზიურად საქართველოს საპატრიარქოსათვის.
1. სადაო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით (ძველი რედაქციით მე-14 მუხლი) დადგენილია თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპი, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს.[6]
სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე - 11 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ თანასწორობის უფლებას, ვინაიდან ის ადგენს არსებითად თანასწორ სუბიექტთა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ გაერთიანებათა შორის უთანასწორო მოპყრობას. კერძოდ, სადავო ნორმა სახელმწიფო ტყის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს ექსკლუზიურად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, და გამორიცხავს ამ უფლებით სარგებლობას სხვა რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მიერ. შესაბამისად, ცხადია, რომ სადავო ნორმა პრივილეგირებულ რეჟიმში აყენებს მართლმადიდებელ ეკლესიას, რაც განაპირობებს მოსარჩელის მიმართ დიფერენცირებულ მიდგომას.
ამასთან, ევანგელიურ ბაპტისტური ეკლესია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს სადაო ნორმით დადგენილ სამართალურთიერთობასთან მიმართებით.[7]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებისა და სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის კონტექსტში უკვე იმსჯელა მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზე, როგორც არსებითად თანასწორ სუბიექტებზე.[8] საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციების „უმთავრესი მიზანი რელიგიური საქმიანობის განხორციელებაა. ხოლო ამ საქმიანობის ფარგლებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ქონება. მაგალითად, საკუთრების უფლების სარგებლობით რელიგიური ორგანიზაციები უზრუნველყოფენ აღმსარებლობისთვის აუცილებელ პირობებს შესაბამისი რელიგიის მიმდევრებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა რელიგიურ ორგანიზაციას თანაბრად აქვს სახელმწიფოსგან ქონების უსასყიდლოდ მიღებისა და მათი რელიგიური მიზნებისთვის გამოყენების ინტერესი.“[9]
სადავო ნორმის განმარტებითი ბარათის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყეზე საკუთრების უფლების მინიჭება ემსახურება რელიგიური ნაგებობების მიმდებარედ თვითმყოფადი ბუნების შენარჩუნებასა დამომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნას.[10] საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების თანახმად, საპატრიარქოსათვის მიჩენილი ტერიტორიების გადაცემის მიზანი იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებების ხელშეწყობა.[11] გარდა ამისა, ტყის ტერიტორიაზე საკუთრების უფლება შესაძლოა გახდეს მნიშნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების წყარო. ყოველივე ეს კი, ცხადია ხელს უწყობს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ რელიგიური ფუნქციების შესრულებას. რა თქმა უნდა, ანალოგიური სარგებლის მიღებისა და საკუთარი რელიგიური საქმიანობის ხელშეწყობის თანაბარი ინტერესი აქვს ნებისმიერ სხვა რელიგიურ ორგანიზაციას, მათ შორის მოსარჩელესაც (ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია). მიუხედავად ამისა, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ენიჭება პრივილეგია საკუთრებაში მიიღოს და გამოიყენოს სახელმწიფო ტყის ტერიტორიები და ამით ხელი შეუწყოს თავის რელიგიურ საქმიანობას. აღნიშნული კი, უტოლდება სახელმწიფოს მხრიდან არსებითად თანასწორ სუბიექტთა მიმართ რელიგიური ნიშნით დიფერენცირებულ მოპყრობას.
არსებითად თანასწორ სუბიექტთა დიფერენცირებული მოპყრობა, ყოველთვის არ მოდის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობაში, რადგან ცალკეულ შემთხვევებში დიფერენცირება შესაძლოა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია.[12]
არსებითად თანასწორ პირებს შორის დიფერენცირებული მოპყრობის მართლზომიერებას სასამართლო ადგენს სათანადო (მკაცრი ან რაციონალური დიფერენცირების) ტესტით შეფასების შედეგად. შეფასების ტესტის განსაზღვრისას, სასამართლო პირველ რიგში, მხედველობაში იღებს დიფერენცირების ნიშანს. კერძოდ, სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს, როდესაც განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კლასიკურ ნიშანს, მათ შორის რელიგიას. მკაცრი ტესტით შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლო ეყრდნობა თანაზომიერების პრინციპს, რომლის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
საქართველოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება ვერ გაამართლებს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პრივილეგიების მინიჭებასა და ექსკლუზიურად მისი რელიგიური საქმიანობის ხელშეწყობას ტყის ფართობების გადაცემის გზით. 2018 წლის 3 ივნისის N671 და N811 გადაწყვეტილებებში, საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლით (ძველი რედაქციით მე-9 მუხლი) აღიარებულ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო ისტორიაში განსაკუთრებულ როლზე მსჯელობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონსტიტუციის მე-8 მუხლის მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება. სასამართლოს განმარტებით, მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების დიფერენცირების გამართლება მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფოს ისტორიაში განსაკუთრებულ როლზე მითითებით აზრს დაუკარგავდა თანასწორობის უფლებას.
ამრიგად, დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობის შეფასებისას, უნდა შემოწმდეს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, რამდენად მოითხოვს საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სადავო ნორმით დადგენილი პრივილეგიის მინიჭებას.
სადავო ნორმის საფუძველზე, ეკლესიას შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს სადავო ნორმის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები და მიჩენილი ტერიტორიები. ტყის ფართობების მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში გადაცემა უკავშირდება არა რაიმე ისტორიულ ფაქტს ან გარემოებას, არამედ კონკრეტულ ტერიტორიაზე ეკლესიის არსებობას ან/და ძველი ტყის კოდექსის საფუძველზე საპატრიარქოსათვის ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფას. შესაბამისად, ტყის ფართობების მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელი არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ როლსა და საკუთრებაში გადასაცემი ტყის ფართობს შორის კავშირის დადასტურება.
მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია საკუთრებაში მიიღოს ნებისმიერი ტყის ფართობი, რომელიც 2020 წლამდე აშენებული ეკლესიის შემოგარენში მდებარეობს, ან რომელიც მიჩენის წესით გადაეცა ძველი ტყის კოდექსის საფუძველზე. ამგვარი ბლანკეტური მოწესრიგება კი შეუძლებელს ხდის ტყის ფართობების გადაცემასა და ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას. შესაბამისად, სადავო ნორმით მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მინიჭებული პრივილეგია ატარებს თვითმიზნურ ხასიათს და არ წარმოადგენს ეკლესიის ისტორიული ღვაწლის აღიარებიდან გამომდინარე ისტორიულ გარემოებასთან დაკავშირებულ და მისი თანმდევ სამართლებრივ შედეგს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ტყის ფართობებზე საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში რელიგიური ნიშნით დიფერენცირება არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის მოთხოვნიდან, რადგან საპატრიარქოსათვის ტყის ტერიტორიებზე საკუთრების უფლების მინიჭება არ არის რაციონალურ კავშირში საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებასთან. შესაბამისად, სადავო ნორმა აწესებს განსხვავებულ მოპყრობას რელიგიური ნიშნით, საკმარისი, ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე. ამრიგად, სადავო ნორმით ტყის ფართობების საკუთრებაში დარეგისტრირების უფლების ექსკლუზიურად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
1. სადაო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად,ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. იმავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით კი, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით.
მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდე არ უმსჯელია გარემოს დაცვის უფლებაზე ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით, ასევე ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის კონტექსტში, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს გარემოს დაცვის უფლების მაღალ სტანდარტს. ერთის მხრივ, კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს ზოგად ნორმა-პრინციპს სახელმწიფოს მხრიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის ვალდებულებაზე, მეორეს მხრივ კი ადამიანის ძირითადი უფლებების თავში აქცევს გარემოს დაცვის უფლებას, რაც ცალსახად მიუთითებს მის ინდივიდის უფლებად აღიარებაზე. გარემოს დაცვის უფლების ძველ რედაქციასთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე განმარტა, რომ მისი ტექსტის, შინაარსის, დანიშნულებისა და სულისკვეთების გათვალისწინებით, უდავოა, რომ კონსტიტუცია ჯანსაღ გარემოზე უფლებას ადამიანის ძირითად უფლებად განიხილავს. საკონსტიტუციოს მითითებით, „ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დადგენით, საქართველოს კონსტიტუცია ადასტურებს და განამტკიცებს კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგში მდგრადი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.„ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2).
სადაო ნორმების საფუძველზე სახელმწიფოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის ფართობების საკუთრებაში გადაცემა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით განმტკიცებულ ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით სარგებლობის უფლებას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის პრინციპს. აღნიშული კონსტიტუციური დებულებები ემსახურება ადამიანის მიერ ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის ტყის რესურსებზე წვდომის ფუნდამენტური ინტერესის აღიარებასა და დაცვას. ბუნებრივი გარემო, მათ შორის ტყე ქმნის კოლექტიურ სიკეთეს, რომლის გადანაწილებაც უნდა მოხდეს სამართლიანი და არა-დისკრიმინაციული გზით. შესაბამისად, ტყის რესურსების განაწილებისას, სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს ტყის რესურსებთან მიმართებით ადგილობრივი მოსახლეობის რეკრეაციული, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საჭიროებები და დაუსაბუთებლად არ შეზღუდოს მათზე წვდომის უფლება.
რასაკვირველია, ბუნებრივი გარემოთი სარგებლობის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, და შესაძლოა შეიზღუდოს, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების დაცვის ან/და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით. თუმცა, საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს აღნიშნულ ინტერესთა შორის გონივრული ბალანსის დაცვის საჭიროებას. კერძოდ, კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი სახელმწიფოს აკისრებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობის ვალდებულებას. ამავე მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით განმტკიცებული მდგრადი განვითარების პრინციპი, რომელიც მოითხოვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფის პროცესში ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესთა გათვალისწინებას. მდგრადი განვითარების პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტითაც, რომელიც ხაზს უსვამს სატყეო პოლიტიკის სფეროში ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ინტერესების დაბალანსების საჭიროებას.[13] გარემოს დაცვის უფლების რეალიზაციის პროცესში ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვის მნიშვნელობა აღიარებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკითაც.[14]
ტყის რესურსების ბუნებრივი პოტენციალის მიზნობრივი და რაციონალური გამოყენების მიზანი დაედო საფუძვლად ახალი ტყის კოდექსის შემუშავებასაც.[15] კოდექსის პრეამბულის თანახმად, ტყე წარმოადგენს ბუნებრივი გარემოს უმთავრეს ელემენტსა და განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივ რესურსს, რომელიც ქმნის ქვეყნის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს.[16] ტყის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ ფუნქციებს შორის ბალანსის მიღწევა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრინციპის უმთავრესი გამოხატულებაა. ტყის მდგრადი მართვის პრინციპი გულისხმობს ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მისი ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყის ეკოლოგიური ფასეულობის გათვალისწინებით მისი ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მისთვის ტყის რესურსების ხელმისაწვდომობას.[17] თუმცა, მიუხედად ახალი ტყის კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციული ჩანაწერებისა, სადაო ნორმის საფუძველზე სახელმწიფო ტყის ფართობების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში გადაცემის შედეგად, იზღუდება საზოგადოების, მათ შორის მოსარჩელის უფლება ისარგებლოს ტყით, როგორც ბუნებრივი გარემოთი. ამასთან, ტყის ფართობების მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემა ეწინააღმდეგება ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის პრინციპს.
გარემოს დაცვისა და რესურსებით რაციონალური სარგებლობის ინტერესთა შორის ბალანსის დაცვას ემსახურება მაგალითად, ნებართვებისა და ლიცენზიების სისტემის შემოღება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განსაკუთრებით ინვაზიურ ფორმებზე. ამასთან, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ნებისმიერ, მათ შორის არაინვაზიურ ფორმებზე მკაცრად კონტროლირებული რეჟიმის გავრცელება გაუმართლებლად შეზღუდავდა ინდივიდის უფლებას ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. სწორედ ამ ლოგიკით, საქართველოს ტყის კოდექსი ერთმანეთისგან მიჯნავს ტყით სპეციალურ სარგებლობას, რომელიც სანებართვო სისტემას ექვემდებარება, და ტყით საერთო სარგებლობას, რომელიც ნებადართულია ნებისმიერი პირისათვის. საქართველოს ტყის კოდექსის განმარტებითი ბარათის თანახმად, „ტყის საერთო სარგებლობა უზრუნველყოფს ტყის ადამიანების არსებობისათვის მნიშნელოვანი ფუნქციის ხელმისაწვდომობას.“[18] ტყით საერთო სარგებლობის უფლება ქმნის ტყის რესურსზე წვდომის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სასიცოცხლო საჭიროებების დაკმაყოფილებას გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე.ტყით საერთო სარგებლობა მოიცავს ტყეში გართობისა და დასვენების მიზნით ყოფნასა და გადაადგილებას (ტყის კოდექსი, მუხლი 31), ტყეში საქონლის ძოვებას (ტყის კოდექსი, მუხლი 33), პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებისა და ფიჩხის მოპოვებას (ტყის კოდექსი, მუხლი 35).
სადავო ნორმები აუარესებს მოსახლეობის მდგომარეობას ტყის რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით. კერძოდ, ახალი რეგულირებით, შესაძლებელი ხდება აქამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კერძო საკუთრებაში გადაცემა, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მოსახლეობისათვის ტყით საერთო სარგებლობის უფლების შეზღუდვას. კერძოდ, ტყის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტყით საერთო სარგებლობის უფლება კერძო საკუთრების ტყეში არ მოიცავს პირადი მოხმარების მიზნით არამერქნული რესურსის, მცენარეების პროდუქტების, ხის მეორეხარისხოვანი მასალებისა და ფიჩხის შეგროვებას. ტყის კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის ძოვება დაშვებულია მხოლოდ სახელმწიფო და მუნიციპალურ ტყეებში. ტყის კოდექსის 36-ე მუხლი კი ადგენს, რომ კერძო საკუთრების ტყით საერთო სარგებლობის უფლება მოიცავს მხოლოდ გადაადგილებისა და დასვენების მიზნით მის ხელმისაწვდომობას. ამრიგად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემულ ტყეებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი რჩება მხოლოდ გადაადგილებისა და დასვენების უფლება.
ამასთან, ტყის კოდექსი უშვებს ტყეში გადაადგილებისა და დასვენების უფლების შეზღუდვასაც კი ტყის მესაკუთრის თვითნებური გადაწყვეტილების საფუძველზე. კერძოდ, ტყის კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტყეში შესვლა ან/და გადაადგილება შეიძლება შეიზღუდოს ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, ტყის მართვის გეგმით ან წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საფუძვლით. იმ პირობებში, რომ აღნიშნული ნორმა არ აკონკრეტებს, ტყეში შესვლისა და გადაადგილების უფლების შეზღუდვის მიზანსა და ფარგლებს, ტყის მართვის ორგანოს/ტყის მესაკუთრეს ეძლევა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების სრული თავისუფლება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ტყის კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, ტყის მართვის გეგმის დამტკიცების ვალდებულება არ ვრცელდება კერძო საკუთრების ან მუნიციპალურ ტყეზე, რომლის ფართობი 50 ჰა-ს არ აღემატება. ასეთ შემთხვევებში შეიძლება შედგეს მხოლოდ წლიური სამოქმედო გეგმა, რომელიც დგება თავად კერძო მესაკუთრის მიერ, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც კიდევ უფრო ზრდის მოსახლეობისათვის ტყეში გადაადგილების შესაძლებლობის თვითნებური შეზღუდვის რისკებს (ტყის კოდექსი, მუხლი 30).
საქართველოში სოფლის მაცხოვრებელთათვის ტყით სარგებლობის უფლება წარმოადგენს ფუნდამენტური და საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და ღირსეული ცხოვრების საშუალებას. ტყის რესურსები წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისათვის საკვების მიღების უმნიშვნელოვანეს წყაროს, როგორც პირდაპირი მოხმარების გზით, ისე იმ შემოსავლის მიღებით, რომელიც გამოიყენება საკვების შესაძენად. მაგალითად, იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობისთვის სასოფლო მეურნეობის ძირითად სახეა მეცხოველეობა, ადგილობრივებისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია სათანადო საძოვრებით სარგებლობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, მოსახლეობისთვის საკვებისა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტის მნიშვნელოვანი წყაროა სოკო, კენკრა, ფიჩხი, და ტყის სხვაგვარი არამერქნული რესურსი. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევაში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს ეკონომიკური საქმიანობისა და საარსებო რესურსების მოპოვების სხვა ალტერნატივა, მეცხოველეობა და ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა შესაძლოა მათთვის არსებობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდეს. გასათვალისწინებელია ასევე სოფლებში არსებული სიღარიბის ზოგადი ფონი, რაც განაპირობებს მოსახლეობის განსაკუთრებულ მოწყვლადობას ბუნებრივ რესურსებზე წვდომის პირობების ცვლილებებისადმი.
ამ კუთხით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა გადაჯაჭვულია ასევე საყოველთაოდ აღიარებულ ისეთ ფუნდამენტურ უფლებებთან როგორიცაა ადექვატური ცხოვრების პირობები და საკვებზე წვდომის უფლება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლი განამტკიცებს ყველას უფლებას, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი კვების ჩათვლით, აგრეთვე უფლებას, განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. ამ უფლების რეალიზაცია მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ბუნებრივი რესურსების ყველაზე ეფექტურ გამოყენებასა და განვითარებას. როდესაც ბუნებრივ რესურსებზე წვდომა წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკვების ხელმისაწვდომობის ძირითად წყაროს, და შეზღუდულია სხვა, ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობები, სახელმწიფოს ქმედების შედეგად არსებულ რესურსებზე წვდომის გაუარესება გაუტოლდება სახელმწიფოს მიერ აღნიშნული უფლებების პროგრესული რეალიზაციის ვალდებულების დარღვევას. [19]
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების (CESCR) გაეროს კომიტეტის 1999 წლის ზოგადი კომენტარი N3-ის მიხედვით, პროგრესული რეალიზაციის ტერმინიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ ყველა ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლების სრული რეალიზაცია არ მიიღწევა მოკლე დროში. თუმცა, პროგრესული რეალიზაციის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს განსაკუთრებული სიფრთხილით შეაფასოს ნებისმიერი რეტროგრესული ზომა და ასეთი ზომები მიიღოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულადაა გამართლებული პაქტით განმტკიცებული უფლებების ერთობლიობითა და ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით. ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენების შესახებ დათქმა ზღუდავს სახელმწიფოს დისკრეციას რესურსების განაწილების პროცესში, და ავალდებულებს მას უპირატესობა მიანიჭოს კონვენციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას სხვა პოლიტიკურ მიზნებთან შედარებით. გარდა ამისა, სახელმწიფოს ევალება გამოიყენოს არადისკრიმინაციული მიდგომა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ უფლებების განხორციელების პროცესში. [20]
ამრიგად, ბუნებრივი რესურსების განაწილების სფეროში გადაწყვეტილებების მიღებისას, სახელმწიფო შებოჭილია არა-დისკრიმინაციულობისა და „არა-რეგრესიულობის“ პრინციპებით, რომელიც აღიარებულია ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია და დასახელებული საერთაშორისო აქტები ავალდებულებენ სახელმწიფოს არსებული რესურსების ფარგლებში მიმართოს მაქსიმალური ძალისხმევა მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვაზე, რათა უზრუნველყოს ამ უფლებათა დაცვის, სულ მცირე, მინიმალური დონე მაინც. ამ კონტექსტში, სახელმწიფოს მიერ გატარებული ქმედებები უნდა იყოს სტაბილური, ევოლუციური ხასიათის და გამოირჩეოდეს დადებითი დინამიკით. სწორედ ამიტომ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ვეტერანთათვის ელექტროენერგიის გადასახადზე დაწესებული შეღავათების მხოლოდ სიმბოლურ დონემდე შემცირება.[21]
სადაო მოწესრიგება არსებითად აუარესებს იმ ტყეებთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის მოსარჩელის მდგომარეობას ბუნებრივ რესურსებსა, და შესაბამისად, საარსებოდ აუცილებელ რესურსებზე წვდომის კუთხით, რომლებიც საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემულ ტყის ფართობებზე მოსახლეობას აეკრძალება ნებისმიერი ტყით სარგებლობის ფორმა, გარდა სარეკრეაციო მიზნით ტყეში გადაადგილებისა, თუმცა, ეს უკანასკნელიც შეიძლება აიკრძალოს ფართო და ბუნდოვანი საფუძვლით.
სადავო ნორმების განმარტებითი ბარათიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის აუცილებელ საარსებო რესურსებზე წვდომის შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად სახელმწიფო ასახელებს მართლმადიდებელი მომლოცველებისათვის მშვიდი გარემოს შექმნის ინტერესს. ამრიგად, გადაწყვეტილებას საქართველოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობების გადაცემის შესახებ საფუძვლად უდევს არა გარემოს დაცვისა და კონსერვაციის ან/და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ინტერესები, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ რელიგიური საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა.
მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ რელიგიური საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა ვერ ჩაითვლება ისეთ ღირებულ საჯარო ინტერესად, რომელიც გაამართლებდა ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი რაციონალურ კავშირშიც კი არ არის უფლების შეზღუდვასთან, რადგან გაუგებარია როგორ უშლის ხელს მომლოცველებისათვის მშვიდი გარემოს შექმნას ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტყით საერთო სარგებლობა. მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადასაცემი ტყის ტერიტორიები მკვეთრად აღემატება იმ მასშტაბს, რაც ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ მომლოცველთათვის მშვიდი გარემოს შესაქმნელად შეიძლება იყოს საჭირო. ამიტომ, აღნიშნული მიზნის მისაღწევად არ არის აუცილებელი მოსახლეობის ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვა.
არ არსებობს სხვა რაიმე ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ტყის რესურსებზე მოსახლეობის წვდომის შეზღუდვას. მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობების გადაცემა არ ემსახურება არც გარემოს კონსერვაციის ინტერესებს. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტყით საერთო სარგებლობის აკრძალვით არ მცირდება ტყეზე დატვირთვა, რადგან, აღნიშნული უფლებით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას. ამასთან, სადავო ნორმებს შესაძლოა ჰქონდეს პირიქით, გარემოსათვის საზიანო შედეგი. იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით მცირდება სახელმწიფო და მუნიციპალური ტყეების ხვედრითი წილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემულ ტყეებში ტყით საერთო სარგებლობის ფორმების აკრძალვა გამოიწვევს მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფო და მუნიციპალურ ტყეებზე დატვირთვის გაზრდას, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ბუნებრივი გარემოს დეგრადაციას.[22] გარდა ამისა, ტყის რესურსების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის კვალდაკვალ, სახელმწიფოს არ დაუნერგავს კერძო მესაკუთრის მხრიდან ტყის მართვის ეფექტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა ტყის მდგრადი მართვის სტანდარტების შესრულებაზე კონტროლს. მეტიც, 50 ჰა-მდე ფართობის ტყეებთან მიმართებით, ტყის მესაკუთრე საერთოდ თავისუფლდება ტყის მართვის გეგმის პროექტის შემუშავების ვალდებულებისაგან, რაც ასუსტებს ტყის მართვაზე საზოგადოებრივი კონტროლის ბერკეტებს.[23] შესაბამისად, გარემოს დაცვითი პერსპექტივიდანაც სრულიად დაუსაბუთებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობების საკუთრებაში გადაცემა.
სახელმწიფო ასევე ვერ ასაბუთებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყეების კერძო საკუთრებაში გადაცემის ეკონომიკურ სარგებლიანობას. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ტყის ფართობები საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ, ყოველგვარი ეკონომიკური ვალდებულების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ტყის მართვა მოითხოვს მესაკუთრის მხრიდან გარკვეული ხარჯების გაწევას, სახელმწიფოს არ გაუკეთებია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაწეული შესაძლო ხარჯებისა და ტყით სარგებლობის შედეგად მიღებულ პოტენციური მოგების შეფასება, რომელიც დაასაბუთებდა ტყის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში გადაცემის ეკონომიკურ სარგებლიანობას.
აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები პარლამენტმა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს, შემჭიდროვებულ ვადებში მიიღო, საზოგადოების ინფორმირებულობისა და საჯარო განხილვებში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის გარეშე.როგორც სადავო ნორმების განმარტებითი ბარათებიდანაც ჩანს, საქართველოს პარლამენტს სადავო ნორმების მიღებისას არ შეუფასებია სახელმწიფო ტყის რესურსის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების შედეგები არც გარემოს დაცვის, არც ეკონომიკური მოგების და არც მოსახლეობის რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის კუთხით.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ასევე არ შეიცავს ინფორმაციას პოტენციურად საპატრიარქოსთვის გადასაცემი ტერიტორიების მიახლოებითი ფართობისა და მათი სივრცითი განლაგების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა მოსახლეობის საციცოცხლო ინტერესების დაკმაყოფილების კუთხით მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში ტყის ფართობების გადაცემის გავლენის შესაფასებლად.
2016 წლის მონაცემებით, 2021 წლამდე მოქმედი ტყის კოდექსის მე-17 მუხლის საფუძველზე საქართველოს საპატრიარქოს ტყის ფონდიდან გადაეცა 1873.0196 ჰა მიჩენილი უბანი.[24] ცალკეულ შემთხვევებში, რელიგიური ნაგებობების მიმდებარედ საპატრიარქოსთვის მიჩენილი ტერიტორიები აღემატებოდა 250 ჰექტარსაც კი.[25] რიგ შემთხვევებში, მიჩენილი ტერიტორიების გამოყოფა ხდებოდა ეროვნული პარკისა თუ დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებიდანაც კი.[26]
გარდა მიჩენილი ტერიტორიებისა, საქართველოს საპატრიარქოს ენიჭება საქართველოს მასშტაბით არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ (არაუმეტეს 20 ჰექტარისა) არსებული ტყის ფართობების საკუთრებაში რეგისტრაციის უფლება. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ეკლესიების რაოდენობისა და მის მიმდებარედ არსებული ტყის ფართობების შესახებ ინფორმაცია მოგვცემდა იმის ანალიზის შესაძლებლობას, თუ როგორი იქნება საპატრიარქოსათვის გადაცემული კერძო ტყეებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო თუ მუნიციპალური ტყეების თანაფარდობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს არ გაუანალიზებია აღნიშნული ინფორმაცია, ონლაინ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ტყის კოდექსის მოსალოდნელი სივრცითი ანალიზი აჩვენებს, რომ კერძო და საჯარო ტყეებს შორის დისპროპორცია განსაკუთრებითაა გამოკვეთილი ახალციხის რეგიონში, სადაც, სადავო ნორმების შედეგად მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ტყის რესურსი შესაძლოა 78 პროცენტით შემცირდეს.[27]
ამრიგად, იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებზეც განსაკუთრებით მაღალია საპატრიარქოსთვის გადასაცემი ტყეების ხვედრითი წილი, მუნიციპალურ და სახელმწიფო ტყეებთან შეფარდებით, საგრძნობლად შემცირდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სასიცოცხლო მნიშვნელობის ტყის რესურსებზე/საძოვრებზე წვდომის შესაძლებლობა. იმ პირობებში, რომ სახელმწიფოს არ შეუფასებია და დაუსაბუთებია სახელმწიფო ტყეების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის არც გარემოსდაცვითი და არც ეკონომიკური ინტერესი, აშკარაა, რომ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების მიმდებარედ მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნის ინტერესი ვერ გადაწონის ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივ გარემოზე წვდომისა დასასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ინტერესს.
ამრიგად, სადავო ნორმებით გაუმართლებლად იზღუდება ადგილობრივი მოსახლეობისა და მოსარჩელის უფლება ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი და შეინარჩუნოს ტყის რესურსებზე წვდომის ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ადექვატური ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად. მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყითსარგებლობის ექსკლუზიური უფლების მინიჭება და მოსახლეობისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ტყეებში ტყითსარგებლობის უფლების აკრძალვა წარმოადგენს აშკარად რეტროგრესულ ზომას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულ ბუნებრივი გარემოთი სარგებლობის უფლებასა და 29-ე მუხლის მეორე პუნქტით აღიარებულ ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის პრინციპს.
[1] საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლი
[2] „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, 2020 წლის 22 მაისამდე მოქმედი რედაქცია.
[3] „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი
[4] საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლი
[5] საქართველოს 1999 წლის ტყის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილი
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 1
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/2/671 გადაწყვეტილება საქმეზე სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-10
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/2/671 გადაწყვეტილება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/1/811 გადაწყვეტილება საქმეზე სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/1/811 გადაწყვეტილება, II-10
[10] განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
[11] დანართი N2: საქართველოს საპატრიარქოსთვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ასლები (2007 წლის დეკემბრიდან 2009 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით)
[12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/2/671 გადაწყვეტილება, II-17
[13] „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 11 დეკემბრის დადგენილება, https://matsne.gov.ge/document/view/2157869?publication=0
[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II -12, II-13
[15] საქართველოს ტყის კოდექსის 1-ლი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი
[16] საქართველოს ტყის კოდექსის პრეამბულა
[17] საქართველოს ტყის კოდექსის პრეამბულა; პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი
[18] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ტყის კოდექსი“ https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/214676
[19] FAO, the right to food and access to natural recources, pp.14-17, ხელმისაწვდომია: https://www.fao.org/3/k8093e/k8093e.pdf
[20] ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი, ზოგადი კომენტარი 3: ხელმომწერი სახელმწიფოების ვალდებულებების ბუნება, ხელმისაწვდომია: https://www.refworld.org/pdfid/4538838e10.pdf
[21] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება N1/1/126,129,158
[22] ლიკა ჟვანია, (2020), ტყის კოდექსის მოსალოდნელი შედეგების სივრცითი ანალიზი ადგილობრივ დონეზე, https://medium.com/profoundly-seen/%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94-f135a1160b
[23] ტყის კოდექსი, მუხლი 26, ნაწილი 6
[24] მწვანე ალტერნატივა, (2016) „ტყისა და სატყეო მიწების მართვა საქართველოში - კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება“, https://greenalt.org/library/tkisa-da-satkeo-mitsebis-martva-sakartveloshi-kanonmdeblobisa-da-praktikis-shepaseba/
[25] დანართი 2
[26] დანართი 2
[27] ლიკა ჟვანია, (2020), ტყის კოდექსის მოსალოდნელი შედეგების სივრცითი ანალიზი ადგილობრივ დონეზე
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა