ავთანდილ მეტრეველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/1479 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 11 მაისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 18 მაისი 2022 12:50 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ავთანდილ მეტრეველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით (19670 გრამი) უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1479) მომართა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ მეტრეველმა. №1479 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 3 თებერვალს. №1479 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 11 მაისს.
2. №1479 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილი სანქციის სახედ ითვალისწინებს ექვსიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისა და მოყვანისთვის.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საჩხერის პროკურორის 2019 წლის 28 ივლისის დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელე ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, კერძოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის (19670 გრამი კანაფი) უკანონოდ დათესვისა და მოყვანისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს რისკი იმისა, რომ მოსარჩელე დამნაშავედ იქნეს ცნობილი სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ დაეკისროს ექვსიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მცენარე კანაფისგან შესაძლებელია, დამზადდეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. შესაბამისად, კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის პასუხისმგებლობის დაწესება მიმართულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების პრევენციისკენ. თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივნისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს ლეგალურ ქმედებას. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არც ერთ ლეგალურ გზას, რომელიც პირს შესაძლებლობას მისცემდა მართლზომიერად მოეპოვებინა მარიხუანა მისი მოხმარების მიზნით.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სანქციის სახე – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ე.წ. „სანიმუშო სასჯელს“, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს – დანაშაულის ზოგად პრევენციას. აღნიშნული სასჯელის გამოყენების მოტივს სხვების დაშინება წარმოადგენს, რათა მათაც არ ჩაიდინონ აღნიშნული დანაშაული. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზნის მისაღწევად სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებებში პროპორციულ ჩარევად.
8. მოსარჩელის აზრით, კანაფის დათესვისა და მოყვანის აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულირებით, მარიხუანის მოხმარება ლეგალურ ქმედებათა რიგს მიეკუთვნება, დაუშვებელია, პირი კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, სადავო ნორმა არ მიუთითებს კანაფის გასაღების მიზანზე, რის გამოც პირს შესაძლოა, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს, მათ შორის პირადი მოხმარების მიზნით კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, არ არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომლებიც დაადასტურებდა კანაფის მოხმარებასა და სხვა დანაშაულის ჩადენას შორის კავშირს. ამასთან, კანაფის თუნდაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით დათესვა-მოყვანა არ შეიცავს მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს.
10. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ბლანკეტური შინაარსისაა. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა თანაბრად მიემართება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვასა და მოყვანას, მაშინ, როდესაც ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათგან მომდინარე რისკებით. ამასთან, სადავო ნორმა არ მიჯნავს ერთმანეთისგან კანაფის დათესვა-მოყვანა ხდება პირადი მოხმარების თუ გასაღების მიზნით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
11. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
12. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ითხოვს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ შესაძლებელია, საერთო სასამართლომ მოსარჩელის მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, რის შედეგადაც მას სასჯელის სახედ შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე, რაც მას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე, მათ შორის, სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით (19670 გრამი) უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 19670 გრამი კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის სადავო ნორმით დადგენილი სანქციის სახე – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს.
3. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებაში უკვე შეფასდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) 266 გრამამდე ოდენობით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ აწესებს თავისუფლების აღკვეთას, მათ შორის ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა. სხვაობა სადავო ნორმასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით უკვე შეფასებულ ნორმებს შორის ვლინდება მხოლოდ მცენარე კანაფის ოდენობებში. კერძოდ, №1/9/701,722,725 გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა 265,49 გრამი კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობაზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, მცენარე კანაფის სადავოდ გამხდარ ოდენობას წარმოადგენს 19670 გრამი. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, დასახელებული სხვაობა სადავო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე შეფასებულ ნორმას შორის წარმოშობს თუ არა გასაჩივრებული რეგულაციის კონსტიტუციურობის შემოწმების საჭიროებას არსებითი განხილვის ფორმატში.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით, შეფასებულ იქნა მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანისგან მომდინარე საფრთხეები. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით გამოირკვა, რომ მცენარე კანაფისგან შესაძლებელია დამზადდეს ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, როგორებიცაა - მარიხუანა, კანაფის ფისი, კანაფის ზეთი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანაფის პროდუქტების მოხმარებას შეეძლო ნეგატიური გავლენის მოხდენა ადამიანის ჯანმრთელობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანის აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა.
6. 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით, სასამართლომ განასხვავა საფრთხე, რომელიც უკავშირდება მომხმარებლის ჯანმრთელობას და საფრთხე, რომელსაც გამავრცელებელი უქმნის სხვის ჯანმრთელობას. აღნიშნული გადაწყვეტილებით დამკვიდრდა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არ წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს იმ ოდენობის კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის, რომელიც აჩენს მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ავტომატურ რისკს. ამგვარ ოდენობად, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მიჩნეულ იქნა 265,49 გ. კანაფი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
7. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე არაერთხელ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების ოდენობის ზრდასთან ერთად, პროპორციულად იზრდება მისი რეალიზაციისა და ამ გზით სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკები. „იმის უარყოფა არ შეიძლება, რომ, რაც უფრო დიდია ოდენობა, მით ლოგიკური, აშკარა და რეალურია მისი რეალიზაციის მიზნებისთვის ფლობა, ისევე, როგორც ოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება სხვა პირების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მასშტაბიც… მაშინ, როდესაც [ნარკოტიკული საშუალების] ოდენობა აშკარად, ობიექტურად აჩენს რეალიზაციის გარდაუვალ საფრთხეს, კანონმდებელი უნდა თავისუფლდებოდეს ვალდებულებისგან, დამატებით შებოჭოს სამართალშემფარდებელი, ამტკიცოს, რომ ასეთ შემთხვევაში, არსებობს რეალიზაციის განზრახვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-91).
8. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი 19670 გრამი მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის დაწესებული სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მცენარე კანაფის გასაჩივრებული ოდენობა, დაახლოებით, 74-ჯერ აღემატება 265,49 გრამს (კანაფის იმ ოდენობას, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ აჩენდა მისი გავრცელების ავტომატურ რისკს). როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელემ დათესა და მოიყვანა 29 ძირი მცენარე კანაფი, რომელთა საერთო წონამაც (მას შემდეგ, რაც გადაიჭრა პირველი განშტოების დონეზე) შეადგინა 19670 გრამი. ცხადია, ამ ოდენობის კანაფის დათესვა და მოყვანა აჩენს მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობის დაზიანების გაცილებით უფრო მაღალ რისკს, ვიდრე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით უკვე შეფასებული 265,49 გრამი კანაფი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხი 19670 გრამი მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
9. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია იზიარებს №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება იმ ოდენობის კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის, რომელიც წარმოშობს მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობის დაზიანების ავტომატურ რისკს, არ წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1479 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით (19670 გრამი) უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. №1479 კონსტიტუციურ სარჩელში, ასევე სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე“- იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით (19670 გრამი) უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
12. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქციის კონკრეტული ზომა – თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე, აშკარად არაპროპორციული სასჯელი. ამა თუ იმ სახის სასჯელის კონკრეტული ზომა, შესაძლებელია, დამოუკიდებლად დაექვემდებაროს კონსტიტუციურსამართლებრივ შემოწმებას, რაც საჭიროებს სათანადო არგუმენტაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში №1479 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1479 („ავთანდილ მეტრეველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში