საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1701 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 6 მაისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით დამტკიცებული №5 დანართი - „12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის არასამედიცინო ჩვენებათა ჩამონათვალი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით დამტკიცებული №5 დანართის - „12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის არასამედიცინო ჩვენებათა ჩამონათვალი“-ს - „ა“ პუნქტი: „ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ჩვენებებს, რომელიც კავშირში არ არის სამედიცინო მდგომარეობასთან, წარმოადგენს: ა) ორსულობა, სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი: „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
პრობლემის არსი
სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ქალები დადგენილი ვადის მიღმა ორსულობის შეწყვეტისასსაკანონმდებლო დაბრკოლებას აწყდებიან.[1] პრობლემურია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული 12 კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა მხოლოდ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ არის შესაძლებელი.[2] სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ხანგრძლივობა, როგორც წესი აღემატება ორსულობის ვადას, შესაბამისად, უმრავლეს შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელია კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, დადგენილ ვადაში გაიკეთონ აბორტი. ქალთა თანასწორუფლებიანობის მხრივ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. ამ ვითარებაში მყოფი ქალისთვის ორსულობის შეწყვეტაზე უარი, შესაძლოა, დამატებით ფსიქოემოციური სტრესის და სოციალური სტიგმის წყარო გახდეს.[3]
სადავო წესის ზოგადი შეფასება
სახელმწიფო, ქალთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხო დედობის უზრუნველსაყოფად, ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვის და უსაფრთხო აბორტის მიზნით, განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძვლებს და ქმნის საკანონმდებლო ჩარჩოს არასასურველი ორსულობის თავიდან არიდებისა და აბორტის შესახებ ნებისმიერი ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლების უზრუნველსაყოფად.[4]
საქართველოში, აბორტისთვის ძირითად საკანონმდებლო საფუძველს ქმნის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებს რეპროდუქციის სფეროში, საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო.[5]
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერი მიზეზით, თუ ორსულობის ვადა არ აღემატება 12 კვირას.[6] ამავე კანონის შესაბამისად, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების არსებობისას.[7]
აღნიშნული ჩვენებების ჩამონათვალი განსაზღვრულია „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით, რომლის შესაბამისად, 12-დან 22 კვირის ვადაში, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სოციალურ ჩვენებებს წარმოედგენს, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა, ან თუ პაციენტის ასაკი 15 წელს ქვევითაა ან 49 წელზე მეტია.[8] 22 კვირის შემდეგ აბორტი დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და მხოლოდ სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებით. 22 კვირის შემდეგ არასამედიცინო მიზეზებით ორსულობის შეწყვეტა აკრძალულია.[9] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით უკანონო აბორტი წარმოადგენს დასჯად ქმედებას.[10]
ამავე ბრძანებით, განსაზღვრულია სხვდასხვა ვადის ორსულობაზე დასაშვები აბორტის ფორმა, აბორტის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისთვის შესაბამისი სპეციალიზაციის არსებობა, ხოლო ექიმისთვის შესაბამისი სერტიფიცირების ქონა. უსაფრთხო აბორტის უზრუნველყოფის მიზნით, რაც უფრო იზრდება ორსულობის ვადა, მით უფრო იმატებს სამედიცინო დაწესებულებისთვის და ექიმისთვის დადგენილი მოთხოვნები: მაგალითისთვის, 7 კვირამდე (ჩათვლით) ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ქირურგიული მეთოდით (მანუალური ან ელექტრული ვაკუუმ-ასპირაცია) შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული ტიპის სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.[11] 7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ქირურგიული მეთოდით შესაძლებელია განხორციელდეს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება.[12] 10 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტის განხორციელება შესაძლებელია სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.[13] 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა ხორციელდება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ.[14]
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბრძანების შესაბამისად, სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალის „სოციალური ჩვენების“ დასადასტურებლად, აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების N5 დანართის „ა“ პუნქტის მიხედვით, გაუპატიურების შედეგად დამდგარი 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტისთვის აუცილებელია არსებობდეს სასამართლოს შესაბამისი განაჩენი, რომლითაც დადგენილი იქნება ორსული ქალის გაუპატიურების ფაქტი.
საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიუთითა,[15] რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, როგორც ორსულობის შეწყვეტის წინაპირობად განხილვა, გონივრულობას არის მოკლებული, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე პირის დაზარალებულად ცნობა, სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, ხშირ შემთხვევაში, იმდენად ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება, რომ შესაძლოა გადააჭარბოს არამხოლოდ აბორტის გაკეთებისთვის დასაშვებ ვადას, არამედ ორსულობის მთლიან ვადასაც კი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალადობის მსხვერპლი ქალი, სქესობრივი ძალადობის ფაქტიდან დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოს და გამოძიება მყისიერად დაიწყება, პროცესის 22 კვირაზე მეტი ვადით გაგრძელების რისკი მაინც რჩება. ვინაიდან, დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება პოლიციისა და პროკურორების მხრიდან მოითხოვს საქმის ყოვლისმომცველ ანალიზს, ყველა გონივრული ნაბიჯის გადადგმას, შესაძლო დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების შეგროვებისა და მათი დაცვის მიზნით (ეს გულისხმობს შესაბამისი ფაქტების დადგენას, ყველა მოწმის გამოკითხვას და დაზარალებულის თანხმობით სასამართლო ექსპერტიზისა ან სხვა კვლევების ჩატარებას). თავის მხრივ, სამედიცინო ექსპერტიზა შეიძლება რამდენიმე კვირა ან თვეც კი გაგრძელდეს. საბოლოოდ კი სასამართლომ უნდა შეაფასოს ყველა ფაქტობრივი გარემოება, წარდგენილი მტკიცებულებები და მათ საფუძველზე მიიღოს განაჩენი, რომელითაც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ, რაც ობიექტურად მოითხოვს დროის ხანგრძლივ პერიოდს.
ამგვარი პრობლემის სამართლებრივი მოწესრიგებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, სქესობრივი ძალადობის მსხვერპლის მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობას, რაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში ძალადობის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მყისიერად მიმართვის ხელშემშლელი/შემაფერხებელი მიზეზი იყოს, განსაკუთრებით ტრადიციული/კონსერვატიული შეხედულებების მქონე საზოგადოებში მცხოვრები ქალებისათვის.[16] ძალადობიდან მოკლე პერიოდში, ხშირად, მსხვერპლს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. რაც დამატებითი, შემაყოვნებელი ფაქტორია გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
ზემოაღნიშნული შემაფერხებელი ფაქტორები, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც სექსუალური ძალადობა, ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა - პარტნიორის, ქმრის ან ოჯახის სხვა წევრის მხრიდან. კვლევების მიხედვით, პარტნიორი/ქმარი ხშირად მსხვერპლს ემუქრება, უზღუდავს გადაადგილებას, სერვისებზე წვდომას, რის გამოც, მსხვერპლი მოკლებულია შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე მიაკითხოს შესაბამის სერვისებს. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე განგრძობითი ძალადობა, როდესაც მოძალადე მსხვერპლს ემუქრება, როდესაც მსხვერპლი, სახვადასხვა ფორმით დამოკიდებულია მოძალადეზე. დასახელებული კვლევის თანახმად, შესწავლილი შემთხვევების უმეტესობა ეხებოდა, სწორედ ოჯახის წევრის ან ახლობლის მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რამაც არასასურველი ორსულობა გამოიწვია. ყველა ამ შემთხვევაში, დაზარალებულმა ქალებმა ორსულობა გაამჟღავნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ვიზუალურად გამოიკვეთა.[17]
ასევე საგულისხმოა, რომ, მაგალითად, არასრულწლოვანის შემთხვევაში, პირველი 12 კვირის დროს, მსხვერპლი შესაძლებელია საერთოდ ვერ მიხვდეს ორსულად რომ არის. მართალია ჩვენი კანონმდებლობა, როგორც გამონაკლის შემთხვევას განიხილავს 15 წლამდე ბავშვის ორსულობას, მაგრამ, ეს პრობლემა შეიძლება შეექმნას 16-17 წლის გოგონებსაც, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ორსულობის ნიშნების თაობაზე.[18] ხშირია შემთხვევები, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, გადატანილი ტრავმის ფონზე, ასევე უქვეითდება განცდები, ხდება საკუთარი სხეულისგან მისი გაუცხოება, ასეთ შემთხვევაში, ხშირად, იგი ემოციურად უარყოს რეალობას, რომ ის ორსულადაა.[19]
მხედველობაშია ასევე მისაღები, სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულებული იმ ქალების მდგომარეობაც, რომლებიც, მაგალითად, იგივე რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ზოგადად აბორტის მოწინააღმდეგენი არიან. ასეთ შემთხვევაში, მათ შეიძლება უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდეთ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ გარემოებების საფუძველზეა შემუშავებული მოქმედი ქართული კანონმდებლობაც, რომლიც 12 კვირის შემდეგ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად, სწორედ გაუპატიურების შედეგად დამდგარ ორსულობას ითვალისწინებს.
ამ მხრივ კი, მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოში, პირველ ინსტანციის სასამართლოების არსებული პრაქტიკის[20] თანახმად, მაგალითად, სქესობრივი ძალადობის, კერძოდ გაუპატიურების (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება) დანაშაულზე გამოძიება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება საშუალოდ 4 თვიდან 19 თვემდე გრძელდება.[21] კერძოდ, 2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, გაუპატიურების დანაშაულზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენებიდან ყველაზე მოკლე დრო, რაც გაუპატიურების ფაქტიდან სასამართლოს განაჩენის მიღებას დასჭირდა 4 თვეა (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის N1/136-18 განაჩენი), ხოლო ყველაზე დიდი დრო - 1 წელი და 7 თვე (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის N1/658-17 განაჩენი). თუმცა, საქმეების უმრავლესობაში, სასამართლომ განაჩენი მიიღო 6 თვიდან 9 თვემდე პერიოდში.
აღნიშნულ პრობლემაზე საერთაშორისო გამოცდილებაც მიგვითითებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) განმარტავს, რომ გაუპატიურების დადასტურების მოთხოვნა იწვევს შეფერხებას, რამაც, შეიძლება, თავის მხრივ, გამოიწვიოს აბორტის ლეგალური ვადის ზღვარს გადაცილება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებაა, რომ ორსულობის შეწყვეტისთვის, აღიკვეთოს არასამედიცინო აუცილებლობით გამოწვეული ხელის შემშლელი დაბრკოლებები. ის რეკომენდაციას უწევს, რომ სახელმწიფოებმა არ დააწესონ უსარგებლო ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი პროცედურები, მაგალითად, არ მოსთხოვონ ქალებს სარჩელის შეტანა ან მოძალადის ვინაობის დასახელება.[22]თუმცა, მხოლოდ პროცესის ხანგრძლივობა არ წარმოადგენს მსხვერპლი ორსული ქალის რეპროდუქციული უფლების რეალიზებისთვის ერთადერთ დაბრკოლებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე, ხაზს უსვამს მტკიცების ტვირთის მავნე ზემოქმედებას მსხვერპლ ქალებზე, რომელიც მოითხოვს მსხვერპლმა დაამტკიცოს გაუპატიურების ან ინცესტის არსებობა (მაგალითად, სასამართლოს ან პოლიციის აქტების საფუძველზე).[23]
სასამართლოს მეშვეობით გაუპატიურების ფაქტის მტკიცების გზით, ქალზე არ უნდა გადავიდეს დანაშაულის შედეგების გამო პასუხიმგებლობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ქალების დაუყოვნებლივი წვდომა აბორტის სერვისებზე გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევებში ქალის საჩივრის საფუძველზე და არა სასამართლო მტკიცებულების ან პოლიციის გამოძიების საფუძველზე.[24]
იმავე მიდგომის საჭიროებაზე საუბრობს CEDAW კომიტეტი (გაეროს ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფოების მიერ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) მოთხოვნების შესრულების მონიტორინგზე) და ბავშვის უფლებების კომიტეტი (CRC), რომელებიც ასევე მოგვიწოდებენ, რომ გაუქმდეს სასამართლო ნებართვისა და სამართალდამცავი ორგანოების სხვაგვარი ანგარიშების მოთხოვნა, როდესაც საქმე გაუპატიურების შედეგად დამდგარ ორსულობას ეხება.[25]
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სქესობრივი ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, ქალის მიერ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტისთვის აუცილებელ წინაპირობას არ უნდა წარმოადგენდეს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი. შესაბამისად, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის შეწყვეტის წინაპირობა, კერძოდ სასამართლოს მიერ გაუპატიურების ფაქტის დადგენის მოთხოვნა.
თანასწორობის უფლება
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან მისი მოქმედების პირობებში თანაბარი მოპყრობაა დადგენილი არსებითად უთანასწორო პირებს შორის. კერძოდ, მიუხედავად იმისა რომ სადავო ნორმა ფორმალურად, დასაშვებად მიიჩნევს 12 კვირაზე მეტი ვადის სქესობრივი ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას, სადავო ნორმით დადგენილი წინაპირობა (სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი), არაპირდაპირ გამორიცხავს მსხვერპლი ქალის მისაწვდომობას აბორტზე ორსულობის 12 კვირის შემდგომ.
ფორმალურად, ნორმაშემოქმედმა სხვადასხვა შესაძლებლობები დაადგინა პირთა არსებითად უთანასწორობის გამო, კერძოდ, ძალადობის მსხვერპლ ორსულ ქალებს შესაძლებლობა მისცა 12-დან 22 კვირამდე ვადაში გაიკეთონ აბორტი, მაშინ როდესაც იმ ორსულ ქალებს, რომლებიც ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობის შედეგად დაორსულდნენ, მხოლოდ 12 კვირამდე ვადაში აქვთ აბორტის გაკეთების უფლება (გარდა გამონაკლისი სამედიცინო და სოციალური ჩვენებებისა). თუმცა, ფაქტობრივი მოცემულობით ამ ორ ჯგუფს შორის არის თანაბარი მოპყრობა დადგენილი - იმ შემთხვევაში თუ სასამართლო 22 კვირის ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სქესობრივი დანაშაულის შედეგად დაორსულებული ქალის ლეგალური აბორტის ვადა უთანაბრდება 12 კვირას, სხვა ორსული ქალების მსგავსად.
შესაბამისად, მიუხედავად ფორმალური ჩანაწერისა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ორსული ქალის განსაკუთრებულ სოციალურ საჭიროებებს და მის მიმართ, იმ პირების მსგავს მოპყრობას ადგენს, რომელთა ორსულობა სქესობრივი ძალადობის შედეგად არ დამდგარა.
ქალთა უფლებები მოიცავს უფლებას, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე აკონტროლონ თავიანთ სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჩათვლით.[26] როგორც ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების გაეროს კომიტეტმა აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობის გამოცდილების გამო, აუცილებელია, რომ თანასწორობა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში ყოველმხრივ და ფართოდ იყოს გაგებული.[27] სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა თავის თავში მოიაზრებს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის საკითხსაც, აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას, კი აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მსხვერპლი ქალის განსაკუთრებული სოციალური საჭიროებები, რათა მან შეძლოს საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონტროლი.
სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობიდან გამომდინარე მოთხოვნილებები განსხვავდება, სხვა ორსული ქალების საჭიროებებისგან, მათ შორის, სოციალური ფაქტორების გამო. ეს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აბორტზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში, ვინაიდან არაგონივრული პირობებით მსხვერპლი ქალის აბორტის უფლების შეზღუდვა, წარმოადგენს მის იძულებას, არ შეწყვიტოს, მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად დამდგარ ორსულობა. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში ქალების მიერ აბორტის სერვისებზე წვდომამდე სასამართლო ნებართვის მიღების მოთხოვნა შეიძლება იყოს „გადაულახავი დაბრკოლება“ ქალებისთვის. როდესაც გაუპატიურების მსხვერპლთათვის ხდება ასეთი სასამართლო ნებართვის გაცემის უარყოფა, ეს შეიძლება მიჩნეულ იყოს წამებად და არასათანადო მოპყრობად.[28]
აღსანიშნავია, რომ გაუპატიურება არ არის ქმედება, რომელიც უშუალო ძალადობის დამთავრებით სრულდება. ეს დანაშაული ღრმა კვალს ტოვებს მსხვერპლის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ემოციურ სტრესთან ერთად, ძალადობის ფაქტი გავლენას ახდენს მსხვერპლის მიმართ განსაზღვრული აზრის ჩამოყალიბებასა და აღქმაზე იმ საზოგადოებაში სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. გაუპატიურების მსხვერპლის მიმართ სტიგმა ბიძგს აძლევს მომავალში დისკრიმინაციულ მოპყრობასა და სოციალურ გარიყულობას. განსაკუთრებით მძიმდება ვითარება, როდესაც ქალები გაუპატიურების შედეგად ორსულდებიან, ვინაიდან ისინი გაუპატიურების მსხვერპლის სტატუსთან ერთად, დამდგარი ორსულობის გამო დამატებით სტიგმატიზაციას განიცდიან.[29]
ამდენად, დასახელებული შესადარებელი პირები 1) ორსული ქალები, რომლთა ორსულობა ძალადობის შედეგია და 2) ორსული ქალები, რომელებიც არ წარმოადგენენ სქესობრივი ძალადობის მსხვერპლებს, ორსულობის 12 კვირის შემდეგ აბორტზე წვდომის მიზნებისთვის წარმოადგენენ არსებითად უთანასწორო პირებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს.“[30]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს - პირიქით.“[31]
ზოგადად, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება იზღუდება, როდესაც კანონმდებელი დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს არსებითად თანასწორ პირებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ასევე გვხვდება შემთხვევები, როდესაც სასამართლომ კანონმდებლის მიერ თანაბარი მოპყრობა თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად მიიჩნია,[32] ვინაიდან იგი არსებითად უთანასწორო პირების მიმართ ხორციელდებოდა. ამდენად, „თანასწორობის უფლების მიზანია, პირები აღჭურვოს მსგავსი უფლებებითა და ვალდებულებებით, ხოლო რიგ შემთხვევებში, ასევე დააბალანსოს მათი ბუნებიდან მომდინარე ფაქტობრივი უთანასწორობა და არსებითად უთანასწორო პირებს განსხვავებული უფლება-ვალდებულებები დაუდგინოს. (...) სასამართლომ უნდა შეაფასოს ერთნაირ მდგომარეობაში მყოფ პირებს რამდენად მისცა ერთნაირი შესაძლებლობები კანონმდებელმა ან/და ხომ არ უნდა მიეცა კანონმდებელს სხვადასხვა შესაძლებლობები პირთა არსებითად უთანასწორობის გამო.“[33]
სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, შესაძლებელია, რომ ძალადობის შედეგად დაორსულებულმა ქალმა (თუ ის არ არის 15 წელს ქვემოთ ან 49 წელს გადაცილებული ან არ აღენიშნება შესაბამისი სამედიცინო ჩვენება) ვერ გაიკეთოს აბორტი, სასამართლოს მიერ განაჩენის ორსულობის ვადის 22 კვირის შემდეგ მიღების შემთხვევაში. შესაბამისად, თუ სასამართლოს მიერ განაჩენის მიღება მოხდება ორსულობის ვადის 22 კვირის შემდეგ, მსხვერპლი ორსული ქალი ვერ ისარგებლებს მისთვის ნებადართული აბორტის უფლებით და ფაქტობრივი უთანასწორობის მიუხედავად გაუთანაბრდება სხვა ორსულ ქალებს, რომლებიც ძალადობის შედეგად არ დაორსულებულან და მხოლოდ ორსულობის 12 კვირამდე ვადაში შეუძლიათ ორსულობის შეწყვეტა.
როგორც უკვე მივუთითეთ, ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით, პირთა ეს ორი წრე მოცემული სამართალურთიერთობის მიზნებისთვის განხილულ უნდა იქნენ არსებითად უთანასწოროდ. ამასთანავე, თავად ნორმაშემოქმედიც აღიარებს შესადარებელ პირებს შორის არსებით სხვაობას, ვინაიდან ხედავს მსხვერპლი ორსული ქალების მიმართ განსახვავებული რეგულირების დადგენის საჭიროებას. თუმცა, არაგონივრული პირობის დადგენით, თანაბარ ფაქტობრივ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმით დადგენილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის ვალდებულება, აზრს უკარგავს ორსულობის 12-დან 22-კვირამდე ვადაში აბორტის გაკეთების შესაძლებლობას, რაც მსხვერპლი ორსული ქალებისთვის დაუძლეველი ტვირთის დაკისრებას გულისხმობს და არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას.“[34]
დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დიფერენციაციის ნიშანი. მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირების ნიშნად უნდა მივიჩნიოთ სქესობრივი ძალადობის შედეგად ორსულობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ასეთი ნიშანი პირდაპირ მითითებული არ არის, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ის მაინც უნდა ჩაითვალოს დისკრიმინაციის ნიშნად. „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს (...) ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა. (...) მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში.“[35]
დამკვიდრებული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თანასწორობის უფლებასთან სადავო ნორმების შეფასებისას, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით, სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან.“[36] განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას, ვინაიდან, სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ორსული ქალების მიერ, ორსულობის 12 კვირიდან 22 კვირამდე ვადაში აბორტზე წვდომა მთლიანად დამოკიდებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რის გამოც ისინი სრულად კარგავენ საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების შესაძლებლობას. განსხვავებით ქალებისაგან, რომელთა ორსულობაც სქესობრივი დანაშაულის შედეგად არ დამდგარა და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ორსულობის შეწყვეტა, მხოლოდ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამდენად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი უნდა გადაწყდეს შეფასების მკაცრი ტესტის გამოყენებით.
ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, სადავო რეგულაცია ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „„მკაცრი ტესტის“ ფარგლებში დიფერენცირების შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს, რამდენად არის სახელმწიფოს მიერ უთანასწორო მოპყრობა აუცილებელი და არსებობს თუ არა დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი.“[37] „(...) ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე უფლებაში ჩარევის შედეგად ხელყოფილ ინტერესზე აღმატებული იყოს.“[38]
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა. ამასთან სისხლის სამართლის კოდექსით უკანონო აბორტი დასჯადი ქმედებაა. შესაბამისად, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანი და სასამართლოს მიერ სქესობრივი დანაშაულის ფაქტის დადასტურებაც, სავარაუდოდ სწორედ უკანონო აბორტის შემცირებას შეიძლება უკავშირდებოდეს, რათა არ მოხდეს 12 კვირის შემდეგ იმ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, რომლებიც ძალადობის შედეგად არ არის დამდგარი და არ წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას.
ამდენად, უნდა შეფასდეს, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად რამდენად აუცილებელია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის პირობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.[39] შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუპატიურების ფაქტი დგინდება და განაჩენი კანონიერ ძალაში შედის სწორედ სასამართლოს მიერ მისი გამოცხადებისთანავე. სასამართლო არის ის ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს დანაშაულის ფაქტი და პირი ცნოს დამნაშავედ ან უდანაშაულოდ. თუმცა, სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელება ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორსულობის შეწყვეტის საფუძვლის მიბმა არაგონივრულ პირობას ქმნის.
ამასთანავე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოძიების დაწყებისა[40] და პირის დაზარალებულად ცნობისთვის[41] ადგენს სათანადო საფუძვლების არსებობის პირობას. მართალია, გამოძიების დაწყების ან ქალისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, წარმოადგენს გაცილებით სწრაფ პროცედურულ ქმედებას, თუმცა, მხოლოდ, შესაბამისი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამდენად, ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გულისხმობს იმ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შემცირებას, რომელთაც სადავო წესით დადგენილი სოციალური ჩვენება არ გააჩნია, შესაძლებელია ასევე მიღწეულ იქნას გამოძიების დაწყების ან ქალისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პირობის დაკმაყოფილებით.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა გულისხმობს დროში გაცილებით სწრაფ პროცედურას და ასევე აკმაყოფილებს საფუძვლიანობის კრიტერიუმს, მნიშვნელოვანია რომ ქალის მიერ აბორტზე წვდომის უფლების რეალიზება, კვლავ სხვა პირთა გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული რჩება, რაც საგამოძიებო ორგანოების უკანონო, არაკეთილსინდისიერი ან არა დროული გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, უფლების რეალიზებას რისკის ქვეშ აყენებს.
ამდენად, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ და მსხვერპლის ინტერესზე უფრო მეტად მორგებულ, რაციონალურ საშუალებას, თავად მსხვერპლი ქალის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება წარმოადგენს.
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება ან ცრუ ჩვენების მიცემა წარმოადგენს დასჯად ქმედებას,[42] რაც ორსული ქალის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის სქესობრივი ძალადობის შესახებ უსაფუძვლო მიმართვის რისკის პრევენციას მოახდენს. ამასთანავე, ქალს არ ექნება დამატებითი ბარიერები გასავლელი ორსულობის დროულად შესაწყვეტად და მისი უფლების რეალიზება არ იქნება სხვა პირთა დროულ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული.
ცხადია, რომ 12 კვირის შემდგომ ორსულობის შეწყვეტა გამონაკლის წესს წარმოადგენს, და აუცილებელია გააჩნდეს შესაბამისი საფუძვლები. თუმცა, დაუშვებელია აღნიშნული საფუძვლის დადასტურების მოთხოვნა ხდებოდეს ისეთი გზით, რომელმაც დროში ხანგრძლივობის გამო, შეიძლება საერთოდ გამორიცხოს ორსული ქალის აბორტის უფლება 12-დან 22 კვირამდე, ამასთანავე მსხვერპლზე გადაიტანოს დანაშაულსა და ორსულობას შორის კავშირის მტკიცების ტვირთი.
აბორტის სტიგმა, თავისმხრივ, დამოკიდებულია მსხვერპლის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, მაგალითად, როგორიცაა რელიგიური თუ კულტურული ღირებულებები და ეკონომიკური სტატუსი. ისეთ საზოგადოებებში, სადაც გაუპატიურების გამო მსხვერპლის დადანაშაულება და მისი სტიგზატიზაცია განსაკუთებით არის ფესვგადგმული, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა ქმნის წინაპირობას, რომ მსხვერპლი შესაძლოა მუდმივად იყოს მის ირგვლივ არსებული სოციუმის წნეხის ქვეშ და განიცდოს ვიქტიმიზაცია. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, სოციუმიდან მომდინარე წნეხზე მეტად, გაუპატიურების მსხვერპლი იტანჯება დანაშაულის გრძნობით, ნაკლებად სცემენ საკუთარ თავს პატივს და ეწევიან თვითსტიგმატიზაციას. სექსუალურ ძალადობას შეიძლება განგრძობითი ხასიათის ეფექტი ჰქონდეს მაშინ, როდესაც ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფო, პირდაპირ თუ ირიბად, აიძულებს, რომ ატაროს გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა.[43]
შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ შეიმუშავოს სრულყოფილი, გენდერულად მგრძნობიარე და არა დისკრიმინაციული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის პოლიტიკა - ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, დისკრიმინაციის გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც ქალი არის გაუპატიურების მსხვერპლი.[44]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 7 ოქტომბრის N01-74/ნ ბრძანების N5 დანართის თანახმად, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის არასამედიცინო ჩვენება არის სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო საშუალებას აძლევს ქალს, რომ ხელი მიუწვდებოდეს გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სერვისზე, რაც ერთი შეხედვით, საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტის შესაბამისად იცავს მათ უფლებას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. თუმცა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი არაგონივრული მოთხოვნა, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის შეწყვეტასთან მიმართებით ახდენს მსხვერპლი ქალის დისკრიმინაციას, როდესაც მას აიძულებს განუსაზღვრელი ვადით დაელოდოს სასამართლო მიერ განაჩენის მიღებას. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაუპატიურების მსხვერპლი ქალისათვის 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობაზე ნებადართული აბორტი ფორმალურ დატვირთვას იძენს.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დე ფაქტო თანასწორობა, რაც მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა გარანტირებულს გახდის მსხვერპლი ორსული ქალისთვის 22 კვირამდე ვადაში აბორტზე მისაწვდომობას ყოველგვარი გაუმართლებელი დაბრკოლების გარეშე.[45] სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება მოხსნას ყველა ბარიერი, მაგალითად, მშობლების, მეუღლის ან სასამართლოს თანხმობის მოთხოვნა, რაც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის, მათ შორის, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სერვისზე ხელმისაწვდომობას აფერხებს.[46]
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალის აბორტის შესახებ მსჯელობისას, სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, როგორც ორსულობის შეწყვეტის წინაპირობად განხილვა, გონივრულობას არის მოკლებული, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე პირის დაზარალებულად ცნობა, სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, ხშირ შემთხვევაში, იმდენად ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება, რომ შესაძლოა გადააჭარბოს აბორტის გაკეთებისთვის დასაშვებ ვადას.
აღნიშნულის შედეგად, სავარაუდო გაუპატიურების მსხვერპლი, 12 კვირაზე მეტი ვადის ორსული ქალი, სადავო ნორმის გამო, შესაძლოა იძულებული გახდეს გააგრძელოს არასასურველი ორსულობა ან გაიკეთოს არალეგალური აბორტი, რაც მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
ამდენად, ორსული მსხვერპლი ქალის მიმართ თანასწორობის უფლების დარღვევა შეიძლება უკავშირდებოდეს, მათ შორის, ლეგალიზებული აბორტის პროცედურებს. მაშინაც კი როდესაც მსგავსი სერვისი ფორმალურად ხელმისაწვდომია, შესაძლოა არ არსებობდეს ისეთი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს ქალის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების სრულყოფილ რეალიზებას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი კომპლექსურია და საჭიროებს არა მხოლოდ ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას, არამედ ადამიანის უფლებათა პერსპექტივით განხილვასა და გაუპატიურებისა და აბორტის მიმართ, დანაშაულის მსხვერპლი ქალის საჭიროებაზე მორგებული კანონმდებლობის ჩამოყალიბებას.
აუცილებელია ქალებს ჰქონდეთ ორსულობის შეწყვეტის უფლება და ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სერვისებზე ისეთ შემთხვევებში, როდესაც ორსულობა ქალის მიმართ ძალადობის შედეგად დგება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენილ 2016 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარისხიანი სერვისები უნდა არსებობდეს და იყოს ხელმისაწვდომი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ორსულის სიცოცხლე ან/და ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა, როდესაც ქალი გაუპატიურების ან ინცესტის მსხვერპლია ან როდესაც ნაყოფი დაღუპულია.[47]
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუპატიურების შედეგად დაორსულებული ქალის 12 კვირის შემდგომ აბორტის გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელ წინაპირობას არ უნდა წარმოადგენდეს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება და საკმარისი უნდა იყოს მსხვერპლი ქალის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა სქესობრივი ძალადობის შესახებ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მე-21 ნაწილის შესაბამისად, პირს, რომელიც დანაშაულის შესახებ განაცხადებს, უფლება აქვს, მიიღოს დანაშაულის შესახებ შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ ცნობის წარდგენა უნდა იყოს სქესობრივი დანაშაულის შედეგად დამდგარი ორსულობის შეწყვეტის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არ წარმოადგენს დასახელებული მიზნების მიღწევის აუცილებელ საშუალებას და დაბრკოლებასაც კი ქმნის უფლებით სარგებლობისთვის. სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს მკაცრი შეფასების ტესტს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აღიარებულ თანასწორობის უფლებას.
პიროვნების თავისუფალი განვითარების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
ქალის გადაწყვეტილება ორსულობის შეწყვეტის შესახებ დაკავშირებულია პირადი ცხოვრების უფლების რეალიზებასთან. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პირადი ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებს სხვადასხვა კონსტიტუციურ ნორმაში ხედავს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებში გვხდება ჩამონათვალი ურთიერთობების, მოვლენების ან ქმედებების, რომლებიც პირად ცხოვრებას უკავშირდება. განსხვავებულია აღნიშნული მუხლებით დაცულ უფლებაში ჩარევის საფუძვლები და პირობები. საქმეზე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „შეცდომა იქნებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მთელი შინაარსის მხოლოდ მე-20 მუხლით შემოფარგვლა. პირადი ცხოვრების შემადგენელი ცალკეული უფლებრივი კომპონენტები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის არაერთი მუხლით, როგორებიცაა : 41 ; 16 (საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება); 17.... – მორალური ხელშეუხებლობა; სიტყვისა და აზრის თავისუფლება (მუხ.24;), ოჯახის შექმნის უფლება და სხვა.“[48]
საქართველოს კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია.“ ამიტომ, სასამართლოს თავდაპირველი მიდგომით საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) არ არეგულირებდა „პირადი ცხოვრების ისეთ ასპექტს როგორიცაა აბორტი, ჰომოსექსუალური ქორწინება, მშობლის უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ აღზარდოს შვილი და განსაზღვროს მის განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.“[49]
ამასთანავე, პირადი ცხოვრების უფლებით და თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული სფეროების გამიჯვნის კონტექსტში, სასამართლოს მიერ გაკეთებული, ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით,[50] აბორტის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ფარგლებში უნდა დაგვენახა.
საქართველოს კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად კი, პირადი ცხოვრების უფლების მომწესრიგებელი კონსტიტუციური ნორმა - მე-15 მუხლის პირველი პუნქტი -, ძველი რედაქციის მე-20 მუხლისგან განსხვავებულად ჩამოყალიბდა. კერძოდ, კონსტიტუციის მე-15 მუხლის შესაბამისად, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“
ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაბამისი კონსტიტუციური ნორმების ცვლილების შემდეგ, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელით დაყენებული საკითხის გადაწყვეტის თვალსაზრისით, მე-15 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ფარგლები არ განუსაზღვრია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა დავაყენოთ როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, ისე, ალტერნატიულად, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემს, ამ სარჩელის მიზნებისთვის, განსაზღვროს შესაბამისი კონსტიტუციური ნორმების შინაარსი და მათი ფარგლები. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის ორივე მუხლთან მიმართებით, აბორტის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა (ლეგიტიმური მიზნების და თანაზომიერების შეფასების თვალსაზრისით) მსგავსი სამართლებრივი არგუმენტებით შეიძლება დასაბუთდეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან, ასევე ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.).[51]
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, „პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე.“[52] „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას.“[53]
ამდენად, პირის უფლება, თავად მიიღოს საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებები, გადაწყვიტოს საკუთარ სხეულთან, ჯანმრთელობასთან, ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მოქმედებები და დაგეგმოს შვილის ყოლის დრო, დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით.
წინამდებარე სარჩელით გასაჩივრებული სადავო ნორმა სქესობრივი ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალის მიერ, აბორტის გაკეთების უფლებას ზღუდავს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის წინაპირობით, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით (ალტერნატიულად - მე-15 მუხლის პირველი პუნქტით) დაცულ სფეროში ჩარევა.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული უფლების მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებაც არ არის აბსოლუტური და შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). ამდენად, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით, ისევე, როგორც მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებების შეზღუდვა, რიგ შემთხვევებში, გარდაუვალია[54]
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება ექვემდებარება კონსტიტუციურ სამართლებრივ შეზღუდვებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, „სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა.“[55]
პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის გასამართლებლად აუცილებელია თანაზომიერების პრინციპის დაცვა. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“[56]
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა განვიხილოთ, ემსახურება თუ არა სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალის აბორტზე წვდომის შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს და, თუ ემსახურება, წარმოადგენს თუ არა იგი პიროვნების თავისუფალი განვითარების (ალტერნატიულად - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის) უფლების პროპორციულ შეზღუდვას შესაბამის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით. ეს შეფასება იმავდროულად გულისხმობს იმის განსაზღვრას, მიღწეულია თუ არა სადავო ნორმით სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ ლეგიტიმურ ინტერესებს შორის.
ლეგიტიმური მიზანი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი და სასამართლოს მიერ სქესობრივი დანაშაულის ფაქტის დადასტურების პირობა, უკანონო აბორტის შემცირებას უკავშირდება. კერძოდ, სადავო ნორმის მიზანია, არ მოხდეს 12 კვირის შემდეგ იმ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, რომლებიც ძალადობის შედეგად არ არის დამდგარი და არ წარმოედგენს საგამონაკლისო შემთხვევას.
სადავო ნორმა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სქესობრივი დანაშაულის შედეგად ორსულობის ფაქტის დადგენა და მხოლოდ მის საფუძველზე აბორტზე ხელმისაწვდომობა, თავისთავად შეამცირებს 12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის შეწყვეტის ისეთ შემთხვევებს, რომლებსაც სქესობრივი დანაშაული არ უდევს საფუძვლად.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“.[57] თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.
აუცილებლობა
სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები უკანონო აბორტის შემცირების მიზნით, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებათა ფარგლები არ არის შეუზღუდავი. სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ადამიანის ავტონომიურობას, მის ნებაყოფლობით არჩევანს, მის გადაწყვეტილებებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და არ ჩაერიოს მასში, თუკი იმავდროულად არ არსებობს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების თუ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების რეალური ხელყოფის რისკი. ადამიანის ავტონომიურობაში ჩარევის ფარგლები კიდევ უფრო იზღუდება, როდესაც საქმე შეეხება ძალადობის მსხვერპლი ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხს და აბორტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.
განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველაზე მკაცრ საშუალებას - სასამართლოს მიერ დანაშაულის შედეგად ორსულობის დადასტურებას, რომელმაც შესაძლოა საერთოდ გამორიცხოს მისი აბორტზე წვდომის შესაძლებლობა.
სქესობრივი ძალადობის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის წინაპირობა, საკმარისი საშუალებაა ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის, ვინაიდან, ერთის მხრივ ქალს გადაწყვეტილების მიღების უფლების რეალიზებაში ბარიერი არ შეექმნება და ის არ იქნება სხვა პირის/ორგანოს ქმედებებზე დამოკიდებული და შეძლებს სასურველ დროს გაიკეთოს აბორტი, -ასეთ შემთხვევაში ქალი დარჩება საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძირითადი მონაწილე, ხოლო მეორეს მხრივ, არასასურველი ორსულობის 12 კვირის ვადაზე გვიან შეწყვეტის მიზნით სამართალდამცავი ორგანოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების და აღნიშნული საფუძვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი, დაზღვეული იქნება კანონმდებლობით.[58]
გარდა ამისა, კანონმდებელს შეუძლია აღნიშნული სოციალური ჩვენების შემთხვევაში, 12 კვირის შემდგომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის წინაპირობად გამოძიების დაწყება ან ქალის დაზარალებულად ცნობის კრიტერიუმი განსაზღვროს, ნაცვლად სასამართლოს გადაწყვეტილებისა. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ამგვარი წესი შეიძლება სადავო ნორმით დადგენილზე ნაკლებად მზღუდავი იყოს, ამგვარ მოწესრიგება ტოვებს სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არაეფექტური ან უკანონო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რამაც იგივე დაბრკოლებების წინაშე შეიძლება დააყენოს ძალადობის მსხვერპლი და შეაფერხოს მისი უფლება მომსახურების მიღებაზე. ასეთი რეგულირება მაინც შეზღუდავს ქალის ავტონომიურობას, ვინაიდან მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება სხვა ორგანოების ნებაზე, რაც შეიძლება გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი მსხვერპლთათვის აბორტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას და არღვევს სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ქალის თავისუფალი განვითარების უფლებით (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით) დაცულ ავტონომიას. ამასთანავე, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებით - ქალის მიერ სქესობრივი დანაშაულის შესახებ შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვით.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დაცული ინტერესი საკუთარი მნიშვნელობით უნდა აღემატებოდეს სადავო ნორმით შეზღუდულ ინტერესს.“[59]
განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ინტერესი, არასასურველი ორსულობის 12 კვირის ვადაზე გვიან შეწყვეტა განხორციელდეს აუცილებლად, მხოლოდ სასამართლოს მიერ დადასტურებული გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში და არა ცრუ ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო, მეორე მხრივ, გაუპატიურების შედეგად დაორსულებული ქალის უფლება, განთავისუფლდეს სექსუალური ძალადობის არასასურველი შედეგისაგან.
როგორც უკვე აღინიშნა, ამგვარი პრობლემის სამართლებრივი მოწესრიგებისას, სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს, სქესობრივი ძალადობის მსხვერპლის მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში ძალადობის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მყისიერად მიმართვის ხელშემშლელი/შემაფერხებელი მიზეზი იყოს, განსაკუთრებით ტრადიციული/კონსერვატიული შეხედულებების მქონე საზოგადოებში მცხოვრები ქალებისათვის.[60] ძალადობიდან მოკლე პერიოდში, ხშირად, მსხვერპლს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც დამატებითი, შემაყოვნებელი ფაქტორია გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
ზემოაღნიშნული შემაფერხებელი ფაქტორები, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც სექსუალური ძალადობა, ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა - პარტნიორის, ქმრის ან ოჯახის სხვა წევრის მხრიდან. კვლევების მიხედვით, პარტნიორი/ქმარი ხშირად მსხვერპლს ემუქრება, უზღუდავს გადაადგილებას, სერვისებზე წვდომას, რის გამოც, მსხვერპლი მოკლებულია შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე მიაკითხოს შესაბამის სერვისებს. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე განგრძობითი ძალადობა, როდესაც მოძალადე მსხვერპლს ემუქრება, ან მსხვერპლი, სახვადასხვა ფორმით დამოკიდებულია მოძალადეზე. დასახელებული კვლევის თანახმად, შესწავლილი შემთხვევების უმეტესობა ეხებოდა, სწორედ ოჯახის წევრის ან ახლობლის მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რამაც არასასურველი ორსულობა გამოიწვია. ყველა ამ შემთხვევაში, დაზარალებულმა ქალებმა ორსულობა გაამჟღავნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ვიზუალურად გამოიკვეთა.[61]
ასევე საგულისხმოა, რომ, მაგალითად, არასრულწლოვანის შემთხვევაში, პირველი 12 კვირის დროს, მსხვერპლი შესაძლებელია საერთოდ ვერ მიხვდეს ორსულად რომ არის. მართალია ჩვენი კანონმდებლობა, როგორც გამონაკლის შემთხვევას განიხილავს 15 წლამდე ბავშვის ორსულობას, მაგრამ, ეს პრობლემა შეიძლება შეექმნას 16-17 წლის გოგონებსაც, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ორსულობის ნიშნების თაობაზე.[62] ხშირია შემთხვევები, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, მიღებული ტრავმის ფონზე, ასევე უქვეითდება განცდები, ხდება საკუთარი სხეულისგან მისი გაუცხოება, ასეთ შემთხვევაში, ხშირად, იგი ემოციურად უარყოს რეალობას, რომ ის ორსულადაა.[63]
მხედველობაშია ასევე მისაღები, სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულებული იმ ქალების მდგომარეობაც, რომლებიც, მაგალითად, იგივე რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ზოგადად აბორტის მოწინააღმდეგენი არიან. ასეთ შემთხვევაში, მათ შეიძლება უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდეთ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ გაუპატიურების თაობაზე ცრუ ინფორმაციის მიცემის ჰიპოთეტური საფრთხე ვერ გადაწონის, ზემოაღნიშნულ პირობებში რეალურად მყოფი ქალის აბსოლუტურად ლეგიტიმურ ინტერესს, მაქსიმალურად ეფექტურად განთავისუფლდეს ძალადობის, ფსიქო-ემოციური თვალსაზრისით, უმძიმესი შედეგებისგან. ამდენად, ვთვლით, რომ აშკარად დარღვეულია სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის და სადავო შეზღუდვა ვერც ამ მხრივ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას და ეწინააღმდეგა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს (მე-15 მუხლის პირველ პუნქტს).
[1] საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 168, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3jnkOQF>;
[2] ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართი;
[3] საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 168, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3jnkOQF>;
[4] „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების პრეამბულა;
[5] „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 136-ე მუხლი;
[6] ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ორსულობის 12 კვირის ჩათვლით ნებაყოფლობითია, ტარდება ქალის მოთხოვნის საფუძველზე და არ საჭიროებს დამატებით საფუძველს(„ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „დებულება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის თაობაზე“ მე-3 პუნქტი);
[7] „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
[8] „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „დებულება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის თაობაზე“ მე-2 პუნქტი და №5 დანართი;
[9] იქვე, №6 დანართის მე-2 პუნქტი;
[10] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლი;
[11] „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „დებულება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის თაობაზე“ მე-6 პუნქტი;
[12] იქვე, მე-7 პუნქტი;
[13] იქვე, მე-5 პუნქტი;
[14] იქვე, მე-8 პუნქტი;
[15] საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 2 ოქტომბრის ზოგადი წინადადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს „დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე“, გვ. 7, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3umLeqW >; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 168, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3jnkOQF>; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული კვლევა „ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში: ქვეყნის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება“, გვ. 61, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3FpXCLV >;
[16] იხ.: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6927364/ ;
[17] იხ.: იქვე;
[18] იხ.: იქვე;
[19] იხ.: https://khn.org/news/article/texas-abortion-law-rape-incest-survivors/ ;
[20] საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საერთო სასამართლოებიდან გამოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე 2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში მიღებული განაჩენები, რომლებზეც დაზარალებულს წარმოადგენდა 18 წელს მიღწეული ქალი;
[21] ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის N1/080-18 განაჩენი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის N1/81-18 განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის N1/3824-18 განაჩენი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის N1/4123-18 განაჩენი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის N1/2840-18 განაჩენი; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის N1/536-18 განაჩენი; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის N1/658-17 განაჩენი; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის N1/136-18 განაჩენი;
[22] World Health Organization, Safe Abortion: Technical and Policy Guidance for Health Systems 76, Second edition, 2012, გვ.69, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3a1k6oa >;
[23] იქვე, გვ.89-92;
[24] იქვე;
[25] ბავშვთა უფლებების კომიტეტის (CRC) დასკვნითი შენიშვნები: კამერუნი, §35 (2017); ბავშვთა უფლებების კომიტეტის (CRC) დასკვნითი შენიშვნები: ბოლივია, §9 (2013); ბავშვთა უფლებების კომიტეტის (CRC) დასკვნითი შენიშვნები: რუანდა, §17-18 (2016), ბავშვთა უფლებების კომიტეტის (CRC) დასკვნითი შენიშვნები: ირლანდია (2014), §9; CEDAW კომიტეტის (გაეროს ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფოების მიერ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) მოთხოვნების შესრულების მონიტორინგზე) დასკვნითი შენიშვნები: ახალი ზელანდია, (2012), §33-34: CEDAW CO ტიმორ-ლესტის შესახებ (2015) §30-31; ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ნილს მუიჟნიეკის ანგარიში, გაკეთებული მისი ირლანდიაში ვიზიტის შემდეგ, 2016 წლის 22-25 ნოემბერს (29 მარტი, 2017 წ), §77;
[26] The Beijing Platform for Action, C. Women and Health, §96 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3Bo29fg >
[27] ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის CESCR, ზოგადი კომენტარები N22 (2016) on the right to sexual and reproductive health (article 12 of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights, E/C.12/GC/22, 02/05/2016, §26;
[28] CAT Committee, Concluding Observations: Bolivia, §23, U.N. Doc. CAT/C/BOL/CO/2 (2013); CAT Committee, Concluding Observations: Kenya, §28, U.N. Doc. CAT/C/KEN/CO/2 (2013);
[29] საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 2 ოქტომბრის ზოგადი წინადადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს „დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე“, გვ. 5, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3umLeqW >;
[30] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–1;
[31] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2;
[32] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
[33] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/13/1329 განჩინება საქმეზე „ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8;
[34] აქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2;
[35] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2;
[36] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25;
[37] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-115;
[38] იქვე, II-117;
[39] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი პუნქტი;
[40] დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი და პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილი);
[41] პირის დაზარალებულად ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილი);
[42] სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილი;
[43] საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 2 ოქტომბრის ზოგადი წინადადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს „დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე“, გვ. 5, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3umLeqW >;
[44] Human Rights Council, Report of the Special Rapporteur on the right of everyone to the enjoyment of the highest attainable standard of physical and mental health, A/HRC/32/32, 04/04/2016, §92;
[45] CESCR, General comment No. 22 (2016) on the right to sexual and reproductive health (article 12 of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights, E/C.12/GC/22, 02/05/2016, §27; General comment No. 16 (2005) The equal right of men and women to the enjoyment of all economic, social and cultural rights (art. 3 of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights), E/C.12/2005/4, 11/08/2005, §8;
[46] CESCR, General comment No. 22 (2016) on the right to sexual and reproductive health (article 12 of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights, E/C.12/GC/22, 02/05/2016, §41;
[47] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის 2016 წლის 4 აპრილი A/HRC/32/32 ანგარიში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, §92, ხელმისაწვდომია: < shorturl.at/sBGUV >;
[48] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები _ დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-12;
[49] იქვე, II-19;
[50] იქვე;
[51] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/14/1562 განჩინება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.“, II-6;
[52] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-54;
[53] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „“შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2;
[54] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/14/1562 განჩინება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.“, II-6;
[55] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-65;
[56] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60;
[57] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26;
[58] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით დასჯადი ქმედებას წარმოადგენს დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემა;
[59] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704გადაწყვეტილება, II. პ. 53;
[60] იხ.: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6927364/ ;
[61] იხ.: იქვე;
[62] იხ.: იქვე;
[63] იხ.: https://khn.org/news/article/texas-abortion-law-rape-incest-survivors/ ;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა