ბადრი ხორავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/12/1702 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2022 18:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ბადრი ხორავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1702) მომართა ბადრი ხორავამ. №1702 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 13 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 16 ივნისი.
2. №1702 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ (შემდეგში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №217/04 ბრძანება) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, „სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“.
5. №1702 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე იყო „შპს მაქს-კაპიტალის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელი. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სესხის გაცემა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №217/04 ბრძანების საფუძველზე, დამტკიცდა სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი რეგულაციებით დადგენილი სტანდარტებით და მოთხოვნებით კომპანია ვეღარ გააგრძელებდა საქმიანობას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რის გამოც 2018 წლის სექტემბრიდან კომპანიას სესხები აღარ გაუცია. თუმცა უკვე გასესხებული თანხების უკან დაბრუნებას სასამართლოს გზით ახდენდა.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ვინაიდან კომპანია 2018 წლიდან აღარ ახორციელებდა სესხის გაცემას, მას არ წარუდგენია სათანადო დოკუმენტაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით. შპს „მაქს კაპიტალის“ მიერ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე სასამართლოში დავას მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დაინტერესება და შპს „მაქს კაპიტალის“ მიმართ 2021 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ბრძანების შედეგად, სესხის გამცემი ის სუბიექტები, რომლებსაც არაუზრუნველყოფილი სესხები ჰქონდათ, იძულებულები ხდებიან, უარი თქვან გაცემულ სესხებზე მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ. აღნიშნული კი არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და მეწარმეობის თავისუფლებას. ამდენად, სადავო ნორმა მძიმე მდგომარეობაში აგდებს მეწარმე სუბიექტს და კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების განხორციელების დროს ქმნის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საშიშროებას. შესაბამისად, სადავო რეგულაცია არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
8. მოსარჩელე მხარე, აგრეთვე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ/იურიდიულ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
3. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური/იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
4. №1702 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის პირველ თავშია მოქცეული. შესაბამისად, მოსარჩელე ფიზიკური პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებთან მიმართებით (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/8/1317 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-7,8; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/9/1351 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5,6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1322 განჩინება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5,6).
5. №1702 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №217/04 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში “actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდაოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა, მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის ამოქმედებას შედეგად მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დაინტერესება და „შპს მაქს-კაპიტალის“ მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც გულისხმობს უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სესხის გამცემი ის სუბიექტები, რომლებსაც არაუზრუნველყოფილი სესხები ჰქონდათ, სადავო რეგულაციით, იძულებული არიან, უარი თქვან გაცემულ სესხებზე მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ. აღნიშნული კი არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და მეწარმეობის თავისუფლებას. ამდენად, სადავო ნორმა მძიმე მდგომარეობაში აყენებს მეწარმე სუბიექტს და კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების განხორციელების დროს ქმნის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საშიშროებას. შესაბამისად, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
8. სადავო ნორმის ანალიზიდან ცხადია, რომ იგი ეხება სესხის გამცემ სუბიექტებს, კერძოდ, სადავო ნორმა ადგენს სესხის გამცემი სუბიექტის უფლებას 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელებაზე. შესაბამისად, სადავო რეგულირებით რეგლამენტირებული ურთიერთობის ფარგლებში თავისუფალი მეწარმეობისა და საკუთრების უფლების დაცვის სუბიექტი შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც ახორციელებს ზემოაღნიშნულ საქმიანობას. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ, „შპს მაქს-კაპიტალი“ ახორციელებდა სესხის გაცემას, მოსარჩელე კი წარმოადგენს აღნიშნული შპს-ს 100 პროცენტიანი წილის მფლობელს და, ამავე დროს, დირექტორს. ამდენად, აშკარაა, რომ მოსარჩელე სასამართლოს მიმართავს მისი კომპანიის ინტერესების დასაცავად. მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ იგი თავად ახორციელებდა აღნიშნულ საქმიანობას და წარმოადგენდა სესხის გამცემ სუბიექტს. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოში თითოეულმა პირმა შესაძლოა, იდავოს მხოლოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე, პირი სასამართლოს ვერ მიმართავს მის მიერ დაფუძნებული საწარმოს უფლებების დასაცავად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/15/1469 განჩინება საქმეზე „ააიპ „სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №2/6/1381 განჩინება საქმეზე „ააიპ „ვეტერანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ეროვნულ უმცირესობათა, ლტოლვილთა (იძულებით გადაადგილებულთა) საზოგადოება გუშაგი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/9/1336 განჩინება საქმეზე „ააიპ „წყლის მრეწველთა ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის №1/8/669 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). ამდენად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, საკონსტიტუციო სასამართლოში იდავოს სხვა პირის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს პირი მის მიერ არის დაფუძნებული.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა საკუთარი, არამედ სხვა პირის - „შპს მაქს-კაპიტალის“ უფლებების დასაცავად. შესაბამისად, №1702 კონსტიტუციური სარჩელი არის ”actio popularis“ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1702 კონსტიტუციური სარჩელი („ბადრი ხორავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე