თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1715 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | თბილისის სააპელაციო სასამართლო |
თარიღი | 11 ივლისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი: „მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს“ 2. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 57-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: „მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“ 3. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი: „მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე მერის მიერ მათი თანამდებობებიდან გათავისუფლების შემთხვევაში.“ |
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტი. „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო წარდგინება აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 313 -ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:
წარდგინება ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან გასაჩივრებულია საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ ნორმები, ხოლო ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის არაკონსტიტუციურად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია
წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით
არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საჭიროება წარმოშვა იმ საკითხმა, თუ რამდენად კონსტიტუციურია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის ის ნორმები, რომლებიც უფლებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის მერს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მერის მოადგილე თანამდებობაზე ყოფნის 4 წლიანი ვადის გასვლამდე.
საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ საქმეში დგინდება, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1 დეკემბრის №X ბრძანებით ბ. ხ. დაინიშნა მერის მოადგილედ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 31 მაისის №X პ.შ ბრძანებით ბ. ხ. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ბ. ხ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ე.ე“ ქვეპუნქტები, 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 57-ე მუხლის პირველი პუნქტი, 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ხოლო სასამართლო სხდომებზე მოპასუხის მიერ გაკეთებული განმარტებების თანახმად, მერს შეეძლო მისი ვადამდე განთავისუფლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე და უბრალოდ, გამოიყენა ეს უფლებამოსილება, თანაც ისე, რომ რაიმე კონკრეტული საფუძველი არ არსებულა.
იმის მიუხედავად, რომ სადავო ნორმებში პირდაპირ იკითხება მერის მოადგილის ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად განთავისუფლების შესაძლებლობა, თუმცა თუკი მივიჩნევთ, რომ ნორმის ტექსტი არ იძლევა ამგვარი განმარტების საფუძველს, საგულისხმოა საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმაში ამოკითხული ნორმატიული შინაარსი, რომელიც სავარაუდოდ არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას.
მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია პრაქტიკა მსგავსი კატეგორიის დავებზე (თუნდაც საქმე #ბს-237-237(კ-18), 20 სექტემბერი, 2018 წელი), რომლის თანახმადაც, გამგებელს (საკონონმდებლო ცვლილებების კვალობაზე დღეის მდგომარეობით მერს, თუმცა უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტანდარტი ესადაგება დღევანდელ საკონონმდებლო რეალობასაც) გააჩნია მოადგილის დანიშვნა/განთავისუფლების ფართო დისკრეცია, იქედან გამომდინარეც, რომ მოადგილე ინიშნება მისი ერთპიროვნული გადწყვეტილებით, კონკურსისა და თანამდებობის დასაკავებლად კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, რომ ეს გამგებლის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, რასაც ის ახორციელებს საკუთარი პასუხისმგებლობით და ამდენად, არ ევალება გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება.
აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს (მოსამართლე შოთა გეწაძე) მაინც გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი იმ ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც მერს უფლებას ანიჭებს, მოადგილე გაათავისუფლოს ვადაზე ადრე, დასაბუთებისა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე. პალატის მოსაზრებით, უსამართლოა უფლებით აღჭურვა და უფლების შეზღუდვა, ანუ მერის უფლებამოსილება - დანიშნოს და გაათავისუფლოს მოადგილე, დაექვემდებაროს ერთი და იგივე სტანდარტით შეფასებას.
თანამდებობიდან განთავისუფლება, მით უფრო ვადაზე ადრე, მიზეზისა და დასაბუთების გარეშე, უნდა დაექვემდებაროს უფრო მკაცრ შეფასებასა და კონტროლს, უფრო მაღალი კონსტიტუციური სტანდარტით შეფასებას, ვიდრე ეს უფლებით აღჭურვის - თანამდებობაზე დანიშვნისას ხდება. შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშვნა, როგორც უფლებით აღჭურვა (თანმდევ მოვალეობებთან ერთად), უნდა დაექვემდებაროს უფრო დაბალი კონსტიტუციური სტანდარტით შეფასებას, ვიდრე თანამდებობიდან განთავისუფლება, როგორც უფლებაში ნეგატიური ჩარევა.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ პუნქტის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირი არის სახელმწიფო რწმუნებული, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე.
ამდენად, ბ. ხ. წარმოადგენდა პოლიტიკური თანამდებობის პირს.
პირმა პოლიტიკური თანამდებობა შესაძლოა დაიკავოს ორი გზით: არჩევით და დანიშვნით. ბ. ხ. იყო მერის მიერ დანიშნული პირი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მერის მოადგილის განთავისუფლების, წინამდებარე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ორი ძირითადი საფუძველი არსებობს. პირველი - ახალი მერის არჩევისას უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტა და მეორე - თანამდებობაზე ყოფნის 4 წლიანი ვადის გასვლამდე ნებისმიერ დროს, თუნდაც დაუსაბუთებლად, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული პირველი შემთხვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურობის ეჭვქვეშ არ დაყენებულა, თუმცა ამგვარი ეჭვი არსებობს მეორე შემთხვევის მიმართ, დანიშნული პირი თანამდებობიდან თავისუფლდება ვადაზე ადრე, ყოველგვარი დასაბუთებისა და მიზეზის გარეშე, რაც სააპელაციო სასამართლოს აფიქრებინებს, რომ ამგვარი რეგულაციით შესაძლოა ირღვეოდეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტი (საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება).
საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც მოტივაციის ძირითადი ნაწილი აგებულია არჩევითი პოლიტიკური თანამდებობის პირის კონტექსტში, ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად ვერ ერგება განსახილველი დავის ფაქტობრივ გარემოებებს. უფრო მეტიც, მითითებული გადაწყვეტილების 27-ე პუნქტის თანახმად, დავის საგანი და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა, არ შეხებია კონკრეტულად პოლიტიკური თანამდებობის პირის განთავისუფლების საკითხს, გადაწყვეტილების ე.წ. Ratio Decidendi ეს არ ყოფილა, ხოლო ე.წ. Obiter Dicta კი ვერ ჩაითვლება სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტად.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ არჩევითი პოლიტიკური თანამდებობის პირის განთავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხი წმინდად პოლიტიკურია და ვერ თავსდება საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილ უფლებადაცვით სტანდარტებში, დანიშნული პოლიტიკური თანამდებობის პირის დანიშვნა-განთავისუფლება შესაძლოა არც იყოს წმინდად პოლიტიკური პროცესი და მთლიანად დაცლილი პროფესიული ნიშნით შეფასებისაგან. ამ თვალსაზრისით, შესაფასებელია ამგვარი თანამდებობის ფუნქციები; თუ ეს ფუნქციები არ არის მხოლოდ პოლიტიკური და მოიცავს პროფესიული ნიშნით საქმიანობასაც, მისი განთავისუფლების საკითხზე უნდა გავრცელდეს საჯარო მოხელისათვის განკუთვნილი გარანტიები.
მოსარჩელის თანამდებობა, რომელიც არის დანიშვნითი პოლიტიკური თანამდებობა, არის წმინდად პოლიტიკური ფუნქციებით დატვირთული, თუ გააჩნია პროფესიული ნიშნებიც, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის #200 დადგენილების (მერიის დებულების დამტკიცების შესახებ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მერის მოადგილეებს უნაწილდებათ ფუნქციები, ხელმძღვანელობენ შესაბამის დარგს, ორგანიზებას უწევენ მერიის სამსახურის საქმიანობას, აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადგილობრივ დონეზე აღნიშნული ფუნქციების შესრულება გარკვეულწილად მოითხოვს პროფესიულ კომპეტენციას, სტაბილურობას და არ შეიძლება განიხილებოდეს სრულად პოლიტიკურ თანამდებობად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ასკვნის, რომ მერის მოადგილის თანამდებობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ფუნქციების მატარებელი, მას გააჩნია ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე საჭირო ისეთი ფუნქციებიც, რომელიც არ არის პოლიტიკური და უახლოვდება პროფესიულ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ ფუნქციებს და ამგვარი ფუნქციების შემსრულებელი პირი ვერ ჩაითვლება მხოლოდ პოლიტიკურ თანამდებობის პირად და მის ვადამდე განთავისუფლებას სათანადო საფუძველი და დასაბუთება სჭირდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი საინტერესო განმარტება აქვს გაკეთებული შრომის უფლებასთან მიმართებით. იმ დროისათვის ამ უფლებას იცავდა კონსტიტუციის 29-ე მუხლი და რომელი უფლებაც, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შედეგად, აისახა 25-ე მუხლის პირველ პუნქტში, თუმცა, ბუნებრივია, დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტი მოქმედებს დღეისათვის არსებული 25-ე მუხლის შემთხვევაშიც.
აღსანიშნავია საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის #3/2/717 გადაწყვეტილება (საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომლის თანახმადაც, გაიმიჯნა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული სფეროები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი. ამასთან, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიას.
საკონსტიტუციო სასაამართლოს 2014 წლის 23 მაისის #3/1/574 გადაწყვეტილებაში (გიორგი უგულავა საქართველოს პაარლამენტის წინააღმდეგ, მე-19 პუნქტი) მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისაგან.
იგივეს იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს # 2/5/595 გადაწყვეტილება (ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომლის თანახმადაც, კონსტიტუციის ხსენებული დებულებით დაცული სფეროდან სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან დაცვისათვის მნიშვნელოვან პროცესუალურ გარანტიათა სრულად ამორიცხვა, მის მიღმა დატოვებდა ნორმებს, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ უფლების ხელყოფის რესურსი. არასათანადოდ რეგლამენტირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, შესაძლოა შედეგად მოყვეს მოხელის სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლება....საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნას წარმოადგენს, რომ თითოეული საჯარო მოხელე უზრუნველყოფიული იყოს იმ მინიმალური პროცედურული გარანტიებით, რომლებიც აუცილებელი და საკმარისია მისი თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლების თავიდან ასაცილებლად.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა და ადმინისტრაციული ორგანოს/საერთო სასამართლოს მიერ მისი გამოყენება/განმარტება, სწორედ ამგვარ საფრთხეს ქმნის.
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ეთხოვოს დაადგინოს, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.გ)“ ქვეპუნქტის, 57-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ნორმებით სარგებლობისას მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია, სათანადო დასაბუთებისა და მიზეზის გარეშე, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მერის მოადგილე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა