საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1724 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 23 აგვისტო 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141-ე მუხლის 23-ე ნაწილი და 1416-ე მუხლის პირველი ნაწილი. | საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი და 29-ე მუხლი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით და 29-ე მუხლით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
კანონმდებლობით დადგენილი წესი
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (შემდეგში - კოდექსი) აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარებას, ქალაქთმშენებლობით დაგეგმვას, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობას.[1] კერძოდ, კოდექსი ადგენს ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს.[2]
კოდექსის ამოცანებია: ა) საქართველოს მთელი ტერიტორიისა და მისი ნაწილების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგება საჯარო ინტერესებისა და კერძო ინტერესების შეჯერების საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების მეშვეობით; ბ) ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის ღირსეული გარემოს შექმნა, სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოს, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; გ) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფოს მიერ არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა; ე) სახელმწიფოს მიერ არქიტექტორის შემოქმედებითი თავისუფლების და არქიტექტურული განათლების განვითარების უზრუნველყოფა; ვ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმტკიცესთან, მდგრადობასთან, საიმედოობასთან, სეისმომედეგობასთან, ცეცხლმედეგობასთან, ენერგოეფექტიანობასთან და ხმაურისაგან დაცვასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნების დადგენა; ზ) ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფა, სამშენებლო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება და მშენებლობის ხარისხის ამაღლება; თ) მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების გამარტივებითა და მშენებლობის ზედამხედველობის ეფექტიანობის ამაღლებით სტაბილური საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა.[3]
აღნიშნული ამოცანების უზრუნველყოფისთვის კოდექსი ადგენს სხვადასხვა სავალდებულო პირობას, სამშენებლო პროექტების განხორციელებისას. მათ, შორის ისეთ პირობებს, რომელიც უკავშირდება სამშენებლო მასალის ხარისხს, შენობა-ნაგებობათა მოცულობას, საიმედოობას, სიმტკიცეს, უსაფრთხოებას და სხვა.
2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში.[4] კერძოდ, კოდექსს გარდამავალი დებულებების სახით დაემატა 141-ე მუხლის 23-ე−25-ე ნაწილები და 1416-ე მუხლი, რომლებითაც კოდექსით დადგენილი ვალდებულებებისგან საგამონაკლისო წესი დგინდება ბათუმში დაგეგმილ მშენებლობებთან მიმართებით.
აღნიშნული საგამონაკლისო წესი იმოქმედებს 2027 წლამდე, იმ პირობებში, როდესაც ბათუმს ჯერ კიდევ არ გააჩნია განაშენიანების გენერალური გეგმა, რომლიც სრულად უნდა მოიცავდეს სამშენებლო პროექტების და განაშენიანების საკითხებს, კერძოდ:
· ა) განსახლების (დასახლებული და დაუსახლებელი ტერიტორიების) არსებულ და პერსპექტიულ სტრუქტურას, განსახლების სხვადასხვა დონის ცენტრების იერარქიას, დემოგრაფიის, ურბანიზაციისა და დეცენტრალიზაციის ასპექტებს; ბ) სივრცით კატეგორიებს (დასახლებული ტერიტორია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორია, ბუნებრივი ლანდშაფტი, სხვა ტერიტორია); გ) განვითარების ცენტრების სისტემას; დ) დასაქმების ადგილებს, საცხოვრებლის ინტენსიური განვითარების ადგილებს, სუსტად განვითარებული სტრუქტურის მქონე ტერიტორიებს; ე) დაუსახლებელი ტერიტორიების დაცვის, მათი ფუნქციების შენარჩუნებისა და განვითარების ღონისძიებებს; ვ) დაუსახლებელ ტერიტორიებზე წიაღისეულის მოპოვების ადგილებს; ზ) წყლის ობიექტებს და წყალშემკრებ ტერიტორიებს; თ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიებს; ი) ტყის მასივის დაცვისა და განვითარების ტერიტორიებს; კ) დაცული ტერიტორიების სისტემას; ლ) სარეკრეაციო ტერიტორიებსა და საკურორტო ტერიტორიებს; მ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტერიტორიებს; ნ) ძირითად საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციებს; ო) ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითად გეგმარებით ღერძებს; პ) ენერგეტიკულ ობიექტებს; ჟ) საწარმოო პოტენციალის მქონე ტერიტორიებს; რ) ქვეყნის ცალკეულ ნაწილებში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მისაღებ ძირითად ზომებს, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიების შენარჩუნებას; ს) თავდაცვის მიზნებისათვის განკუთვნილ ტერიტორიებს. გარდა ამისა, სივრცის დაგეგმარების საჭიროებიდან გამომდინარე, გეგმა შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებელ განსაკუთრებულ ტერიტორიებს, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ, ეკონომიკურ და ტურისტულ ზონებს. აგრეთვე ლანდშაფტის დაცვის, გაუმჯობესებისა და განვითარების ღონისძიებებს.[5]
· ა) ფუნქციურ ზონებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − ქვეზონებს; ბ) სოციალური ინფრასტრუქტურისათვის, განსაკუთრებით − სკოლისათვის, საბავშვო ბაღისათვის, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და სხვა სოციალური დაწესებულებებისათვის განკუთვნილ ტერიტორიებს; გ) ტექნიკური ინფრასტრუქტურისათვის, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, კავშირგაბმულობის და ნარჩენების გადამუშავების სისტემებისათვის განკუთვნილ ტერიტორიებს; დ) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისათვის განკუთვნილ ტერიტორიებს; კომპლექსური სატრანსპორტო სქემის შემუშავების საკითხებს; ე) მოსალოდნელი წყალდიდობების, ღვარცოფების და სხვა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების კუთხით საშიშ ტერიტორიებს; ვ) არასამშენებლო ტერიტორიებს (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიებს, გამწვანებული ტერიტორიების სისტემებს, პლაჟებს, სასაფლაოებს და სხვა); ზ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს და სხვა დარგობრივი გეგმების (არსებობის შემთხვევაში) მონაცემებს; თ) სარეზერვო ტერიტორიებს.[6]
შედეგად, კოდექსში შესული სადავო ცვლილებებით, ბათუმში განსახორციელებელი მშენებლობები 2027 წლამდე აღარ დაექვემდებარება არც კოდექსით და არც განაშენიანების გენერალურ გეგმით დადგენილ მოთხოვნებს. ბათუმის გენერალური გეგმის შემუშავება ახლა მიმდინარეობს და მის დამტკიცებამდე ბათუმში არსებული გარემოს სტაბილურად შენარჩუნების მნიშვნელობაზე მიუთითებენ თავად ამ გეგმაზე მომუშავე სპეციალისტებიც.[7]
ამასთან, ცვლილებების შესახებ კანონის მე-2 მუხლით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით დაამტკიცოს დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების წესი და სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი, ხოლო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა განსაზღვროს სათათბირო საბჭოს შემადგენლობა.[8]
ცვლილებით დადგენილი საგამონაკლისო წესი
კოდექსში განხორციელებული ცვლილებების, კერძოდ 141-ე მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, „ქალაქ ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე შესაძლებელია განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა. ასევე დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი (გარდა განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტისა და გამწვანების კოეფიციენტისა)) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანა. ამ ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ ის კომპენსირდება შესაბამისი ღონისძიებით, ამავდროულად, არ დაუპირისპირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს, საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ამასთანავე, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქალაქგეგმარებით ესთეტიკურ პარამეტრებს და უნდა ითვალისწინებდეს არსებული საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურის ეფექტიანი შენარჩუნების/გაუმჯობესების პირობებს. ამ ნაწილით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ: ა) კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთზე; ბ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში; გ) ავარიული შენობა-ნაგებობის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი, საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა) ჩანაცვლების მიზნით; დ) იმ ობიექტის დასრულების მიზნით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად.“
კოდექსის 141-ე მუხლის 23-ე ნაწილით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) არის შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სართულების იატაკის ზედაპირების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან, მეათედის სიზუსტით (მაქსიმალური მაჩვენებელი).[9] ანუ, კ-2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან. განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდით, შენობის სიმაღლის გაზრდა არის შესაძლებელია. კოდექსის 141-ე მუხლის 23-ე ნაწილის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე შესაძლებელია კ-2 კოეფიციენტით დადგენილი შენობის მაქსიმალური სიმაღლის გადაჭარბება ყოველგვარი ზედა ზღვარის დაცვის გარეშე. აქედან გამომდინარე, კ-2 კოეფიციენტი მოსახლეობის სიმჭიდროვესაც განსაზღვრავს.
კოდექსის 141-ე მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, ასევე დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის[10] დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანა. მათ შორის, შესაძლებელია რომ შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლისთვის, ფუნქციური ზონისა და მისი რეგლამენტისთვის დადგენილი პირობები შეიცვალოს. გამონაკლისია მხოლოდ განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-1) და გამწვანების კოეფიციენტის (კ-3) ცვლილება.
ფუნქციური ზონა არის რეგულირებული არეალი, რომელსაც აქვს ზოგადი მახასიათებლები, დანიშნულება, გამოყენება და კონკრეტული შეზღუდვების საგანია. ფუნქციური ზონა იყოფა სხვადასხვა დანიშნულების ქვეზონებად (კონკრეტული მახასიათებლების მქონე ზონებად).[11] ფუნქციური ზონირება გულისხმობს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით ტერიტორიის ფუნქციურ ზონებად დაყოფას. ფუნქციური ზონირებით განისაზღვრება სამშენებლო ტერიტორიები, არასამშენებლო ტერიტორიები და მათი გამოყენებისა და განვითარების პირობები.[12] ფუნქციური ზონირება ისე უნდა განხორციელდეს, რომ ხელი შეუწყოს დასახლებულ ტერიტორიაზე შერეული გამოყენების სახეობათა განვითარებას.[13] სამშენებლოდ განკუთვნილ ფუნქციურ ქვეზონაში დასაშვებია ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც შეესაბამება ამ ქვეზონაში ნებადართულ გამოყენების სახეობას.[14] ძირითადი დებულებებით ფუნქციურ ქვეზონაში დაშვებული გამოყენების სახეობის შესაბამისი შენობა-ნაგებობის მშენებლობა შესაძლებელია არ იქნეს ნებადართული, თუ ეს შენობა-ნაგებობა მდებარეობით, მოცულობითა და ფუნქციური დანიშნულებით ეწინააღმდეგება ამ ქვეზონის თავისებურებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს.[15]
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №33 დადგენილების დანართის მე-3 მუხლით განისაზღვრება ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფუნქციური ზონები (მაგ.: ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა - (ლსზ); სასოფლო-სამეურნეო ზონა - (სოფზ); სარეკრეაციო ზონა - (რზ); საკურორტო-სარეკრეაციო ზონა - (სრზ); სპეციალური ზონა - (სპეცზ); საცხოვრებელი ზონა - (სზ); სატრანსპორტო ზონა - (ტზ); საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - (სსზ); სამრეწველო ზონა - (ს); სანიტარული ზონა (სანზ); სამხედრო დანიშნულების ზონა და სხვ.). ამავე დანართის მე-4 და მე-5 მუხლებით დადგენილია, კონკრეტული ფუნქციური ზონებში მშენებლობებისთვის დასაშვები კოეფიციენტები. მე-6 მუხლით განისაზღვრება კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) სახეობები (მაგ. საცხოვრებელ ზონა - 3-ში დასაშვებია ბაღების, სკვერების, საბავშვო მოედნების, მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების, სკოლების, სპორტული მოედნების, ამბულატორიების, აფთიაქების და სხვ. აშენება).
რეგლამენტი არის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პირობები და მახასიათებლები, რომლებიც დადგენილია დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების საფუძველზე.[16] მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტში ასახული ტერიტორიული ზონებისათვის რეგლამენტებით დგინდება: ა) ზონების ტერიტორიებზე სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები და მათი დასაშვები მაჩვენებლები;ბ) ზონების ტერიტორიებზე შესაძლებელია დადგინდეს ისეთი ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა განთავსებაც დაუშვებელია.[17]
აქედან გამომდინარე, კოდექსის 141-ე მუხლის 23-ე ნაწილი შესაძლებლობას იძლევა, ფუნქციური ზონირების და მისი რეგლამენტის ცვლილებით, კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში იმ შენობა-ნაგებობის მშენებლობა გახდეს ნებადართული, რომელიც მდებარეობით, მოცულობითა და ფუნქციური დანიშნულებით ეწინააღმდეგება ამ ზონის თავისებურებას, პარამეტრებს ან/და კრიტერიუმებს.
განაშენიანების კოეფიციენტი (კ-1) არის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან, მეათედის სიზუსტით (მაქსიმალური მაჩვენებელი).[18] ანუ, კ-1 კოეფიციენტით დგინდება, კონკრეტული მიწის ნაკვეთის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობის განთავსება. ხოლო, გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – მიწის ნაკვეთის თავისუფალი გრუნტის (გამწვანების ფართობის ან/და წყალგამტარი) ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან, მეათედის სიზუსტით (მინიმალური მაჩვენებელი).[19]
ამდენად, კოდექსის 141-ე მუხლის 23-ე ნაწილის საფუძველზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დასაშვები იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანა. მათ შორის, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაშვები ხდება, აშენდეს შენობა-ნაგებობები, რომელთა სიმაღლე გადააჭარბებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ სიმაღლეს, კ-2 კოეფიციენტს, (ისე რომ არ არის დაწესებული ზედა ზღვარი), არ შეესაბამება ფუნქციურ ზონას და მის რეგლამენტს. კოდექსის 141-ე მუხლის 23-ე ნაწილით, ბათუმში განხორცილებული მშენებლობებისთვის მხოლოდ კ-1 და კ-3 კოეფიციენტის დაცვა არის სავალდებულო, რაც გულისხმობს, მხოლოდ შემდგები 2 პირობის დაცვას - კერძოდ, რომ მაგალითად, საცხოვრებელი ზონაში 1000 კვადრატულ მეტრის მიწის ნაკვეთის არა უმეტეს 500 კვადრატულ ნაწილზე არის დასაშვები შენობის აშენება, ხოლო არანაკლებ 300 კვადრატული მეტრის ფართობი უნდა იყოს თავისუფალი გრუნტი.[20] თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნული ნორმა, ზონის და მისი რეგლამენტის ცვლილებას დასაშვებად მიიჩნევს. შესაბამისად, მოცემული წესით კ-1 და კ-3 კოეფიციენტის არაპირდაპირი ცვლილებაც შესაძლებელი ხდება ზონირების წესის ცვლილების გზით.
გარდა ამისა, კოდექსის 141-ე მუხლის 23-ე ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტები განსაზღვრავს მშენებლობათა ფართო წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში იმოქმედებს ზემოაღნიშნული პირობები და ამოქმედდება ე.წ. დროებითი ხელშემწყობი ღონისძიება, კერძოდ: ა) კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთზე; ბ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში; გ) ავარიული შენობა-ნაგებობის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი, საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა) ჩანაცვლების მიზნით; დ) იმ ობიექტის დასრულების მიზნით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის“ (შემდეგში - ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №15 დადგენილება) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუმთავრებელ მშენებლობად მიიჩნევა ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის 1 იანვრამდე და ამასთანავე, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული. დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობის დასრულების მიზნით.[21] გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი ობიექტების დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნევის შესახებ, რომლებზეც არსებობს მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.[22] ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნეულ პირვანდელ საპროექტო ობიექტზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ამგვარი მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებზე, ასევე დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით გამოყოფილ ან გამოყენებულ სხვა ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე).[23]
ამდენად, დროებითი ღონისძიება შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ ობიექტზე, რომელზეც ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა არ არის დასრულებული, არამდე ისეთ ნებისმიერ ობიექტებზეც რომლებზეც არსებობს „მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი.“ ამასთან, დროებითი ღონისძიება შეიძლება ასევე გავრცელდესდაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე.
ამ წესით დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნებისათვის ავარიულ სახლად მიიჩნევა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა, რომელთა ავარიულობის ხარისხი არის V, IV და III კატეგორია და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დემონტირებულია ან/და მისი აღდგენა-გამაგრება არარენტაბელურია, მათ შორის საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მდებარე ე.წ. „ბარაკები“.[24] ხელშემწყობი ღონისძიებები გამოიყენება ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე (მათ შორის, ავარიულ შენობა-ნაგებობად მიჩნეულ შენობა-ნაგებობაზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ამგვარი მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე, ასევე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყოფილ ან/და გამოყენებულ/გამოსაყენებელ სხვა ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე).[25]
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილებით გამოყოფილია/გადაცემულია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილებისათვის.[26]
განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტად, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, საბჭოს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მიიჩნევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.[27] განსაკუთრებით საყურადღებოა კოდექსის 141-ე მუხლის 23-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - „განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში.“ სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტი ფართო ცნებაა და ბუნდოვანია თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს მასში. დამატებითი კრიტერიუმების არ არსებობის პირობებში შესაძლოა ნებისმიერ შენობას მიენიჭოს სახელმწიფოებრივი/მუნიციპალური მნიშვნელობა და მოექცეს ხსენებული დროებითი პროგრამის ფარგლებში.
კოდექსის 141-ე მუხლის 25-ე ნაწილის თანახმად, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ ღონისძიების შედეგად შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და გამოყენებული უნდა იქნეს სოციალური მიზნით, მათ შორის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის. ეს ფართობი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირდება მესაკუთრის ან/და მშენებლობის ნებართვის მფლობელის თანხმობის გარეშე.“
კოდექსის 141-ე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართავს მხოლოდ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო სათათბირო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.“
ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მრავალბინიანი ან/და მრავალფუნქციური ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებები ცალკე დარეგულირდა კოდექსის 1416-ე მუხლით.
კოდექსის 1416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მრავალბინიანი ან/და მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლები ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება, რაც დადასტურებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნით, რომლის თანახმად, ამ სახლების არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, ასეთი სახლები ექვემდებარება დემონტაჟს, ხოლო მათ ნაცვლად სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებების სახით შესაძლებელია განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესი, ავტოსადგომების რაოდენობა და სხვა მოთხოვნები, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით დამტკიცდეს სამშენებლო დოკუმენტაცია ან მასში ცვლილებები იქნეს შეტანილი. ამასთანავე, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების კომპენსირებისთვის შესაძლებელია სხვა ღონისძიებების გამოყენება.“
კოდექსის 1416-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, თუ ეს არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ქალაქგეგმარებითი ესთეტიკური პარამეტრები და არსებული საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურის ეფექტიანი შენარჩუნების/გაუმჯობესების პირობები.“
შესაბამისად, ავარიული საცხოვრებელი სახლების შემთხვევაში, დასაშვებია სამივე კოეფიციენტის (კ-1, კ-2 და კ-3) ზღვრული ოდენობის დარღვევა და კანონმდებლობით დადგენილი ყველა სხვა პირობის უგუვებელყოფა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა.
აღსანიშნავია, რომ კოდექსის 92-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ან/და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულ იქნეს მხოლოდ ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანხმად, ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულ იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, თუ ეს კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით, ამას მოითხოვს ქალაქთმშენებლობითი განვითარების განსაკუთრებული მიზეზები (მაგალითად, ურბანული ღირებულების დაცვა და განვითარება), ამას არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესები და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ამდენად, კოდექსით მოქმედი ზოგადი წესი, ისედაც უშვებდა კ-1 და კ-2 კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობას გარკვეული პირობების დაცვის და ინტერესთა დაბალანსების შემთხვევაში. კერძოდ, თუ ამას მოითხოვდა ქალაქთმშენებლობითი განვითარების განსაკუთრებული მიზეზები (მაგალითად, ურბანული ღირებულების დაცვა და განვითარება), და თუ ამას არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესები და არ გამოიწვევდა ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ხოლო, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას არ მოქმედებს კოდექსის 66-ე−69-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მონაწილეობა, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები ინტერესთა შეჯერების პრინციპის დაცვით.[28]
კოდექსის 1416-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო სათათბირო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.“
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №15 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სათათბირო საბჭოს შემადგენლობას. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სათათბირო საბჭოს ჰყავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სათათბირო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე საბჭოს წევრი.
ამდენად სათათბირო საბჭოს დაკომპლექტება მთლიანად მერის მიხედულებაზე არის დამოკიდებული. არც კოდექსით და არც საკრებულოს დადგენილებით არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები ვინ შეიძლება გახდეს საბჭოს წევრი, რაც შესაძლებელს ხდის მერმა დანიშნოს არა დარგში შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირი, რომელიც შეძლებს პროფესიული ცოდნის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, არამედ პირი, რომელიც მერის ინტერესების სასარგებლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღებს გადაწვეტილებას. ამასთან, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე (რომელსაც გადამწვეტი ხმის უფლება აქვს, ხმათა თანაბრად განაწილების შემთხევაში) და მისი მოადგილე, არიან მერის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირები.
სათათბირო საბჭო უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა ამ წესთან და მოქმედ კანონმდებლობასთან; ბ) იმსჯელოს და რეკომენდაციის სახით მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით; გ) გამოითხოვოს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებისაგან განსხვავებით დამატებითი მასალები, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც აუცილებელია საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის.[29]
სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხების განხილვა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით, ადმინსიტრაციული წარმოების ფარგლებში საბჭოზე განხილვისათვის ამ წესით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებას უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურების წარმართვაზე უფლებამოსილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.[30]
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა ბათუმში დაგეგმილ მშენებლობათა ფართო წრეზე 2027 წლამდე არ გავრცელდეს კოდექსით დადგენილი ისეთი სახის სამშენებლო ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს, შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას. კერძოდ, სადავო ნორმები საგამონაკლისო წესს ადგენს ისეთი ვალდებულებებისგან, როგორიც არის მაგალითად:
Ø 74-ე მუხლით გათვალისწინებული მიჯნის ზონის წესის დაცვა. სადავო ნორმები განსაზღვრავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, მათ შორის მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესით, გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით დამტკიცდეს სამშენებლო დოკუმენტაცია ან მასში ცვლილებები იქნეს შეტანილი. მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონის რეგულირების მიზანია ინსოლაციის, ბუნებრივი განათებულობის, განიავების, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციისა და ტერიტორიის გამწვანების მიმართ მოთხოვნათა დაცვა.[31] შესაბამისად, სადავო ნორმები დასაშვებად მიიჩნევს, იმგვარ მშენებლობებს რომლითაც არ იქნება დაცული ინსოლაციის, ბუნებრივი განათებულობის, განიავების, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციისა და ტერიტორიის გამწვანების მოთხოვნები.
Ø კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქალაქში, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონისა, მიწის ნაკვეთზე ახალი მშენებლობა ან/და მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ისეთი რეკონსტრუქცია, რომელიც ზრდის შენობა-ნაგებობის არსებულ პარამეტრებს, ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სათანადოდ არის/იქნება უზრუნველყოფილი მისასვლელი საავტომობილო გზით, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით.
Ø კოდექსის 75-ე მუხლი ასევე ადგენს, მიწის ნაკვეთზე წყალგამტარიანობისთვის აუცილებელი ადგილების შენარჩუნების ვალდებულებას.კერძოდ, მუნიციპალიტეტი მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს ვალდებულია დაადგინოს მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთზე ნიადაგში წყალგამტარიანობისთვის აუცილებელი თავისუფალი ადგილების შენარჩუნებას, გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით დადგენილი ფართობის გათვალისწინებით. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტით განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართობის მინიმალური წილი, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული ან გადაფარული წყალგაუმტარი მასალით, რომლის ქვეშაც არ უნდა არსებობდეს შენობა-ნაგებობა ან/და მისი ნაწილები და რომელიც განკუთვნილია წყალგამტარიანობისა და გამწვანებისთვის.
Ø შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილი შენობა-ნაგებობისა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შესაძლებლობა.[32] კერძოდ, კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებლისა) ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ დაცული იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე იმავე ნაწილით განსაზღვრული შენობა-ნაგებობისთვის მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცეზე (პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, ქუჩა, ტროტუარი და სხვა).
Ø 79-ე მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ფუნქციას, აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს უვნებლობის, უსაფრთხოებისა და კეთილმოწყობის მოთხოვნებს.
Ø კოდექსის 81-ე მუხლი ადგენს შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმტკიცის, მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფის პირობებს. კერძოდ,შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ მისი ექსპლუატაციის პერიოდში ზღვრული საანგარიშო დატვირთვისას: ა) ნაგებობის ცალკეულმა ნაწილებმა, მათი შეერთების კვანძებმა, შენობა-ნაგებობის საძირკველმა არ განიცადოს რღვევა და სიმტკიცე შეინარჩუნოს; ბ) შენობა-ნაგებობამ შეინარჩუნოს მდგრადობა/წონასწორობა, ხოლო მისი დეფორმაცია დასაშვებ ზღვარს არ აღემატებოდეს; გ) შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციები და საინჟინრო სისტემები იყოს საიმედო და მისი ექსპლუატაციის მთელ პერიოდში, განსაკუთრებით − სეისმური ზემოქმედებისას, აკმაყოფილებდეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებს.
Ø კოდექსის 82-ე მუხლი ასევე ადგენს სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას.კერძოდ, შენობა-ნაგებობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ ხანძრის დროს: ა) შენობა-ნაგებობამ შეინარჩუნოს სიმტკიცე და მდგრადობა; ბ) ცეცხლის ან/და კვამლის შენობა-ნაგებობის ნაწილიდან სხვა ნაწილებში გავრცელება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი; გ) ცეცხლის მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე გავრცელება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი; დ) შესაძლებელი იყოს ადამიანების უსაფრთხო ევაკუაცია, აგრეთვე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობა, ადამიანებისა და ქონების გადარჩენა.
Ø 83-ე მუხლი ადგენს ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ვალდებულებას. კერძოდ, შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ მისი ექსპლუატაციის პერიოდში დაცულ იქნეს შენობა-ნაგებობის ინსოლაციის მიმართ მოთხოვნები (არსებობის შემთხვევაში) და შენობა-ნაგებობაში მცხოვრებთა, მეზობლებისა და დასაქმებულ პირთა ინტერესები მათი ჯანმრთელობის დაცვის და ბუნებრივი განათებულობის უზრუნველსაყოფად.
Ø 84-ე მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას. კერძოდ, შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ მისი ექსპლუატაციის პერიოდში საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ელექტროგაყვანილობის დაზიანების, სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ჩამოცვენის, დაჯახების, აფეთქების, წაქცევის და სხვა საკითხებს. შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას და მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები, რომელთა მიზანია მოსახლეობის საგანგებო სიტუაციებისაგან დაცვის, მოსალოდნელი დანაკარგებისა და ნგრევის შემცირება, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ხელშეწყობისათვის აუცილებელი პირობების შექმნა.
Ø 86-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხმაურისგან დაცვის პირობები. შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ დაცული იყოს ხმის იზოლაციის ნორმები (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოში მოქმედი ხმაურის ნორმების შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნეს მისი მომხმარებლების ან/და მასთან ახლოს მყოფი პირების მიერ საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მათი დასვენებისა და შრომის შესაბამისი პირობები.
Ø კოდექსით ასევე დადგენილია ძირითადი მოთხოვნები სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ.რომლის შესაბამისადაც, სამშენებლო მასალა გონივრული გამოყენებისა და ვარგისობის ვადის დაცვის შემთხვევაში საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.[33]ამასთან კოდექსითვე არის დადგენილი, რომსამშენებლო მასალის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება ხორციელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად.[34]
Ø კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ჩაატაროს მოსამზადებელი კვლევები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება ამ ღონისძიებების განხორციელების საჭიროება, აგრეთვე მათი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტები.
Ø 107-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემისას უნდა მოიცავდეს დადებით საექსპერტო დასკვნას. 107-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საექსპერტო დასკვნა უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდსა და შენიშვნებს, აგრეთვე დადებითი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში − მის დასაბუთებას. საბოლოო საექსპერტო დასკვნა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი. უარყოფითი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
სიცოცხლის უფლება
საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ ღირებულებას, რომლის გარეშე საფუძველი ეცლება ყველა სხვა კონსტიტუციურ უფლებას.
სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების გარეშე განხორციელებულმა სამშენებლო პროექტებმა ცხადია, განსაკუთრებით დიდ რისკი შესაძლოა შექმნას, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ წარმოადგენს ეს სფერო სახელმწიფოს მიერ მკაცრად რეგულირებულ საქმიანობას და სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის ადგენს იმგვარ ვალდებულებებს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს შენობების უსაფრთხოება და გათვალისწინებული იყოს ყველა ის რისკი რაც მათი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში, შეინარჩუნებს მდგრადობას, სიმტკიცეს, უზრუნველყოფილი იქნება სახანძრო უსაფრთხოება და ევაკუაციის შესაძლებლობა და არ შექმნის ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საფრთხეს.
სიცოცხლის უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლითაც. სახელმწიფო ვალდებულება, მიიღოს შესაბამისი ზომები სიცოცხლის დასაცავად, როგორც მე-2 მუხლით გათვალისწინებული გარანტიის პოზიტიური ელემენტი.[35] ეს ვალდებულება სრულად უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული სამშენებლო საქმიანობის დაგეგმვისას. სახელმწიფო პასუხისმგებელი არ არის, როდესაც შეუძლებელია საფრთხის შეფასება, ან კიდევ, როცა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა და არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოიყენა საფრთხის თავიდან ასარიდებლად. თუმცა, პასუხისმგებლობის საკითხი წამოიჭრება იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფომ არ მიიღო ის ზომა, რომელსაც შეეძლო შეერბილებინა ან აერიდებინა სიცოცხლისთვის მიყენებული ზიანი.
საქმეზე Öneryildiz v. Turkey[36] განმცხადებლები იყვნენ სტამბოლის ერთ-ერთ გარეუბანში მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული პირები. ნაგავსაყრელზე მეთანის აფეთქების შედეგად განადგურდა საცხოვრებელი სახლები და დაიღუპა 39 ადამიანი. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მე-2 მუხლით დაცული სიცოცხლის უფლება არ ეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების შედეგად ადამიანის სისოცხლის მოსპობას, არამედ ის აწესებს სახელმწიფოების პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები მის იურისდიქციის ქვეშ მყოფთა სიცოცხლის დასაცავად. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ვალდებულება უნდა განიმარტოს ნებისმიერი საქმიანობის სფეროში, საჯაროა ის თუ არა, რომელმაც სიცოცხლის უფლებას შეიძლება შეუქმნას საფრთხე. მათ შორის, სამრეწველო საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც თავისი ბუნებით სახიფათო იყო ვინაიდან ხდებოდა ნარჩენების შეგროვების ადგილების ფუნქციონირება.
სასამართლოს განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ იცოდა, რომ მუნიციპალური ნაგავსაყრელი, მის მახლობლად მცხოვრები ადამიანებისთვის რეალურ და უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა. შესაბამისად, ხელისუფლებას ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე, მიეღო ისეთი პრევენციული ზომები, რომლებიც აუცილებელი იყო ამ პირების დასაცავად. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავად მოაწყო და გასცა ნაგავსაყრელის ფუნქციონირების უფლება, რაც წარმოშობდა საფრთხეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აფეთქების რისკი ხაზგასმული იყო ანგარიშში ავარიამდე დიდი ხნით ადრე და რისკი შეიძლება მხოლოდ დროთა განმავლობაში გაზრდილიყო. შეუძლებელი იყო, რომ პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებს არ სცოდნოდათ რისკების შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას განმცხადებლის ახლო ნათესავის შემთხვევითი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების მიუღებლობის გამო. სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის უფლების ადეკვატური დაცვის არარსებობის გამო, დაირღვევა კონვენციის მე-2 მუხლი. სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთის ხელისუფლებას ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება, გადაედგა პრაქტიკული ნაბიჯები საცხოვრებლის განადგურების თავიდან ასაცილებლად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოდექსის 141-ე მუხლის 23-ე ნაწილის და 1416-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანა. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და ევაკუაციის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ორივე დასახელებული ნორმა, მშენებლობის განმახორციელებელს ათავისუფლებს სახანძრო უსაფრთხეობის ნორმების დაცვის ვალდებულებისგან.
ამასთან, კოდექსის 1416-ე მუხლის პირველი ნაწილი აკონკრეტებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, მათ შორის მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესით, გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით სამშენებლო დოკუმენტაციის ან მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას. კოდექსის, 74-ე მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონის რეგულირების მიზანია ინსოლაციის, ბუნებრივი განათებულობის, განიავების, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციისა და ტერიტორიის გამწვანების მიმართ მოთხოვნათა დაცვა. შესაბამისად, სადავო ნორმა დასაშვებად მიიჩნევს, იმგვარ მშენებლობებს რომლითაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის მოთხოვნები.[37]
კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება გულისხმობს, შენობა-ნაგებობის ისე დაპროექტებას და აშენებას, რომ ხანძრის დროს: ა) შენობა-ნაგებობამ შეინარჩუნოს სიმტკიცე და მდგრადობა; ბ) ცეცხლის ან/და კვამლის შენობა-ნაგებობის ნაწილიდან სხვა ნაწილებში გავრცელება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი; გ) ცეცხლის მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე გავრცელება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი; დ) შესაძლებელი იყოს ადამიანების უსაფრთხო ევაკუაცია, აგრეთვე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობა, ადამიანებისა და ქონების გადარჩენა.
აქედან გამომდინარე კანონით ხდება ლეგალური, ისეთი შენობის დაპროექტება და აშენება, რომელიც ხანძრის დროს ვერ შეინარჩუნებს სიმტკიცეს და მდგრადობას, ცეცხლი და კვამლი შენობა-ნაგებობის ერთი ნაწილიდან სხვა ნაწილებში მარტივად გავრცელება, ცეცხლის მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ასევე მარტივად გადავა და ადამიანების ევაკუაცია, აგრეთვე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობა, შესაბამისად ადამიანებისა და ქონების გადარჩენა შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, სახელმწიფო თავისი უმოქმედობით - სამშენებლო უსაფრთხოების პირობების დერეგულირებით, არ ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცული ადამიანის სიცოცხლის უფლების პოზიტიურ ვალდებულებას - არ აწესებს პირობებს, არ ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც ხანძრის გაჩენის შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, ევაკუაციას და ხანძრის გავრცელების რისკების მინიმუმამდე შემცირებას.
კოდექსით ასევე დადგენილია ძირითადი მოთხოვნები სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ. რომლის შესაბამისადაც, სამშენებლო მასალა გონივრული გამოყენებისა და ვარგისობის ვადის დაცვის შემთხვევაში საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.[38] კოდექსის 81-ე მუხლი ადგენს შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმტკიცის, მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფის პირობებს. კერძოდ, შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ მისი ექსპლუატაციის პერიოდში ზღვრული საანგარიშო დატვირთვისას: ა) ნაგებობის ცალკეულმა ნაწილებმა, მათი შეერთების კვანძებმა, შენობა-ნაგებობის საძირკველმა არ განიცადოს რღვევა და სიმტკიცე შეინარჩუნოს; ბ) შენობა-ნაგებობამ შეინარჩუნოს მდგრადობა/წონასწორობა, ხოლო მისი დეფორმაცია დასაშვებ ზღვარს არ აღემატებოდეს; გ) შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციები და საინჟინრო სისტემები იყოს საიმედო და მისი ექსპლუატაციის მთელ პერიოდში, განსაკუთრებით − სეისმური ზემოქმედებისას, აკმაყოფილებდეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებს. 84-ე მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას. კერძოდ, შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ მისი ექსპლუატაციის პერიოდში საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ელექტროგაყვანილობის დაზიანების, სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ჩამოცვენის, დაჯახების, აფეთქების, წაქცევის და სხვა საკითხებს. შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას და მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები, რომელთა მიზანია მოსახლეობის საგანგებო სიტუაციებისაგან დაცვის, მოსალოდნელი დანაკარგებისა და ნგრევის შემცირება, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ხელშეწყობისათვის აუცილებელი პირობების შექმნა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით ხდება შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმტკიცესთან, მდგრადობასთან, საიმედოობასთან, სეისმომედეგობასთან, ცეცხლმედეგობასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნების გაუქმება დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების მოქმედების ფარგლებში. შესაბამისად, სახელმწიფო უარს ამბობს კონსტიტუციის 10-ე მუხლით დადგენილი პოზიტიური ვალდებულების შესრულებაზე - უზრუნველყოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობა, რითიც არღვევსკონსტიტუციის მე-10 მუხლით გარანტირებულ სიცოცხლის უფლებას.
დაცული იქნება თუ არა უსაფრთხოების პირობები, დამოკიდებული ხდება მშენებლობის განმახორციელებელი პირის კეთილ ნებაზე. დაუშვებელია, თვითრეგულირების საფუძველზე დარეგულირდეს ისეთი საკითხები, რომლებიც per se საჯარო ინტერესის სფეროა.[39] სამეზობლო მიჯნის ზონის დარღვევა შესაძლებელი ხდება შეთანხმების საფუძველზე - მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით. ეს მოდელი სივრცით წყობას, სახანძრო უსაფრთხოებას და უსაფრთხო ცხოვრების პირობებს, როგორც საჯარო ინტერესს, დაცვის მიღმა ტოვებს.
ცვლილებების განმარტებითი ბარათის თანახმად, კოდექსით დადგენილი პირობებიდან გამონაკლისების დადგენის მიზანი იყო, მშენებლობის განმახორციელებელი სუბიექტების დაინტერესება, რათა მათთვის მომგებიანი გამხდარიყო დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების ფარგლებში სამშენებლო პროექტების განხორციელება. კერძოდ, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია რომ „დღეს მოქმედი რეგულაციებით შეზღუდულია ისეთი მშენებლობების წარმოება, რომლითაც თუნდაც დაკმაყოფილებული იქნება ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მოსახლეობა, ამასთან სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების დაინტერესება ასეთი ობიექტების ჩანაცვლებაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი დააკმაყოფილებენ როგორც მოსახლეობას, ასევე, აწარმოებენ ისეთი ტიპის მშენებლობას (მაღალ სართულიანი, მეტი მოცულობის სამშენებლო ფართები თუ სხვა), რომლითაც დაკმაყოფილებული იქნება მათი ფინანსური ინტერესები.“[40]
სამშენებლო კომპანიების ფინანსური ინტერესის დაკმაყოფილება დაუშვებელია მოხდეს ადამიანების სიცოცხლისთვის უსაფრთხო პირობების ხარჯზე. იმ შემთხვევაში თუ უსაფრთხოების ნორმების დაცვა გამოიწვევს ფინანსური ტვირთის გაზრდას კომპანიებისთვის, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ალტერნატიულ საშულებებზე, რომელიც მაქსიმალურად სამართლიანად უზრუნველყოფს როგორც მოსახლეობის ისე სამშენებლო კომპანიების კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებას. დაუშვებელია სახელმწიფომ უარი თქვას ამგვარი უსაფრთხოების პირობების დაცვაზე და ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება, საკუთარი უმოქმედობით დააყენოს რისკის ქვეშ. ადამიანის სიცოცხლის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია გამართლებულ იქნეს კერძო პირთა ფინანსური ინტერესების, სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ან ადმინისტრაციულ სირთულეთა თავიდან არიდების მიზნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კოდექსის 141-ე მუხლის 23-ე ნაწილის და 1416-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცებას ან მათში ცვლილებების შეტანას არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულ სიცოცხლის უფლებას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობის უფლება
კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით შესაძლებელია ბათუმში დაგეგმილ მშენებლობათა ფართო წრეზე 2027 წლამდე არ გავრცელდეს კოდექსით დადგენილი ისეთი სახის სამშენებლო ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას.
კერძოდ, კოდექსით დადგენილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირებისთვის შენობა-ნაგებობისა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფის ვალდებულება. კერძოდ, კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებლისა) ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ დაცული იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე იმავე ნაწილით განსაზღვრული შენობა-ნაგებობისთვის მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცეზე (პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, ქუჩა, ტროტუარი და სხვა).
აღნიშნული გულისხმობს, რომ ობიექტი (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) დაპროექტებული და აშენებული უნდა იყოს იმგვარად, რომ შშმ პირს შეეძლოს აღნიშული სივრცით დამოუკიდებლად სარგებლობა.
ამ მიზნის უზრუნველსაყოფად, ტექნიკური ხასიათის პირობები განსაზღვრება სხვდასხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით: საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ შესახებ, განსაზღვრავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მისაწვდომი შენობებისა და საშუალებების დაგეგმარება და მშენებლობა უნდა შეესაბამებოდეს წესებსა და „მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებს.“[41] 2021 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა, „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“[42] რომლითაც განსაზღვრული ტექნიკური კრიტერიუმები ადგილებს, საშუალებებს, შენობებსა და ელემენტებს იმ ადამიანებისთვის მისაწვდომსა და გამოყენებადს ხდის, რომელთაც ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, სიარულისას დამოკიდებულნი არიან დამხმარე საშუალებებზე, არიან უსინათლონი და მცირემხედველნი, ყრუ და სმენადაქვეითებულნი, არ შეუძლიათ კოორდინაცია, არ შეუძლიათ რამესთან მიღწევა და მანიპულაცია/ხელის მტევნისა და თითების მოძრაობა, ნაკლებ ამტანები არიან, უჭირთ გრძნობიერი ინფორმაციის გადმოცემა და მასზე რეაგირება და ახასიათებთ ფიზიკური ზომის უკიდურესობები. „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შესაძლებლობა მისცეს, დამოუკიდებლად მიუახლოვდეს, შევიდეს და გამოიყენოს ადგილი, საშუალება, შენობა ან ელემენტი.
ამასთან, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას ხელი შეუწყოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო სერვისების, სტანდარტებისა და რეგულაციების შემუშავებასა და დანერგვას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ფიზიკური გარემოს, შენობა-ნაგებობის, გზის, ტრანსპორტის, ინფორმაციის, საცხოვრებელი სახლის, სამედიცინო დაწესებულების, სამუშაო ადგილის, კომუნიკაციის ტექნოლოგიისა და სისტემის, საზოგადოებისათვის ღია ობიექტის, სასწრაფო-საავარიო და სხვა მომსახურების სხვებთან თანასწორი ხელმისაწვდომობა.[43] ამ კანონის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ მისი გამოქვეყნების მომენტიდან (2020 წლის 28 ივლისიდან) შენობა-ნაგებობების პროექტირება და მშენებლობა უნდა განხორციელდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და მის საფუძველზე დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.[44]
სადავო ნორმები დასაშვებად მიიჩნევს საქართველოს ზემოაღნიშნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით და კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებით, გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცებას ან მათში ცვლილებების შეტანას. ამდენად 2027 წლამდე ბათუმში განსახორციელებელი სამშენებლო პროექტების მიმართ არ იარსებებს შშმ პირებისთვის შენობა-ნაგებობისა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფის ვალდებულება. აღნიშნულის უზრუნველყოფა მხოლოდ, მშენებლობის განმახორციელებელთა კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულებას.სახელმწიფომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით პოზიტიურ ვალდებულება იკისრა, რომ ეფექტიან და შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების რეალიზებას, ასევე, მათ სრულ ინკლუზიასა და მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „განსაკუთრებული პირობების“ შექმნით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისა და საჭიროების შესაბამისად, მიიღოს ყველა ზომა აღნიშნულ უფლებათა სრული დაცვის სისტემატური, პროგრესირებადი უზრუნველყოფისათვის.
კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის შექმნას განსაკუთრებულ პირობები - გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცულობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერის „განსაკუთრებული პირობები“, შინაარსის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია ასევე, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის უფლებების დაცვის კონვენციის დებულებების გათვალისწინება. კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. კონვენციის მე-9 მუხლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზრუნველყოფს მისაწვდომობის უფლებით. კერძოდ, ამ ნორმის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურებების თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. აღნიშნული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავენ არსებული წინააღმდეგობებისა და ბარიერების გამოვლენა-აღმოფხვრას, შეეხება: ა. შენობა-ნაგებობებს, გზებს, ტრანსპორტს, შიდა და გარე ობიექტებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებს; ბ. ინფორმაციას, კომუნიკაციასა და სხვა სამსახურებს, ელექტრონულ და სასწრაფო-საავარიო სამსახურებს.“
აქედან გამომდინარე, შშმ პირებისთვის შენობა-ნაგებობისა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების უფლება წარმოადგენს მისაწვდომობის ფართო უფლების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს,რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ შესაბამისი სიკეთეებით სათანადოდ სარგებლობა.
მისაწვდომობის უფლების შესახებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარში აღნიშნულია, რომ „კონვენციის მე-9 მუხლი ნათლად აცხადებს, რომ შშმ პირისთვის მისაწვდომობა დამოუკიდებელი ცხოვრების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და თანასწორი მონაწილეობისა და ყველა უფლებითა და ძირითადი თავისუფლებით შეუზღუდავი სარგებლობის წინაპირობაა.“[45] „თუ ამ პირებს არ ექნებათ წვდომა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ფიზიკური გარემო, ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე, საზოგადოებისთვის ღია სერვისები და შენობები, ისინი ვერ შეძლებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას.“[46]
„მნიშვნელოვანია, მისაწვდომობის საკითხი გადაიჭრას მისი კომპლექსური ბუნების გათვალისწინებით და მოიცავდეს ფიზიკურ გარემოს, ტრანსპორტს, ინფორმაციასა და კომუნიკაციას, ასევე, სერვისებს. შშმ პირებს თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეთ ყველა საქონელზე, პროდუქტსა და სერვისზე, რომლებიც განკუთვნილია საზოგადოებისათვის; მისაწვდომობა უნდა იყოს ეფექტიანი, თანასწორი, და პატივს სცემდეს შშმ პირთა ღირსებას, გამომდინარე დისკრიმინაციის აკრძალვიდან; წვდომაზე უარი უნდა განიხილებოდეს დისკრიმინაციულ ქმედებად. წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა შშმ პირს, შეზღუდული შესაძლებლობის ტიპის მიუხედავად და ყოველგვარი განსხვავების გარეშე.“[47]
ვინაიდან მისაწვდომობა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა (რაც გარანტირებულია კონვენციის მე-19 მუხლით) და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და თანასწორი მონაწილეობის წინაპირობაა, წვდომის შეზღუდვა საზოგადოებისთვის განკუთვნილ ღია ფიზიკურ გარემოზე, შენობებზე, ასევე, სერვისებზე, დისკრიმინაციად უნდა ჩაითვალოს.[48]
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მისაწვდომობას განსაზღვრავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნაწილად: იგი უნდა განვიხილოთ წვდომის უფლების სოციალური ასპექტის ანალოგად, რომელიც ორიენტირებულია შშმ პირებზე. კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ მისაწვდომობას მიიჩნევს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპად, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რომ შშმ პირებმა ეფექტიანად და სრულად ისარგებლონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით. მისაწვდომობა უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კონტექსტში, არამედ საზოგადოებაში ინვესტირების საშუალებად და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განუყოფელ ნაწილად.“[49] „საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა ნებისმიერ ადგილსა და სერვისზე, რომელიც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი მოხმარებისთვის, მაგალითად: ტრანსპორტი, შენობები - სასტუმრო, რესტორანი, კაფე, თეატრი და პარკი (მუხლი 5 (f)). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში შექმნილი პრეცედენტის მიხედვით, მისაწვდომობა მიიჩნევა per se უფლებად.[50]
ამდენად, კოდექსით დადგენილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შენობა-ნაგებობისა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფის ვალდებულებისგან გათავისუფლება, თავისთავად, ნეგატიურად აისახება მისაწვდომობის ფართო უფლებით ეფექტურ სარგებლობაზე, ვინაიდან სხვადასხვა ბარიერების არსებობის გამო, შშმ პირებს შეეზღუდება შენობა-ნაგებობებით (იქ არსებული ობიექტებით) სარგებლობა.
სახელმწიფო, განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, მათ შორის, ხელს უნდა უწყობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მისაწვდომობის უფლების რეალიზებას. ჩვენ შემთხვევაში კი, სადავო ნორმებით ხდება ამ ვალდებულების გაუქმება 2027 წლამდე განსახორციელებელ სამშენებლო პროექტებისთვის, რასაც ცალსახად ნეგატიური გავლენა აქვს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესზე.
კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი სახელმწიფოსგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად აქტიურ მოქმედებას და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. აღნიშნული ვალდებულება, არ უნდა იქნეს გაგებული მხოლოდ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება წვდომა ჰქონდეთ შესაფერის საკვებზე, საცხოვრებელსა თუ სხვა ძირითად მატერიალურ მოთხოვნილებებზე, არამედ ის ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას და ხელშეწყობას შენობებით და სხვა ობიექტებით დამოუკიდებლად სარგებლობისთვის აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
ამდენად, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეფექტური და შესაბამისი ზომები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მისაწვდომობის (მათ შორის შენობა-ნაგებობებისა და საზოგადოებრივი სივრცით სარგებლობის) უფლების რეალიზების ხელშეწყობისთვის. შეუძლებელია სადავო ნორმებით დადგენილი საგამონაკლისო წესი ემსახურებოდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ხელშეწყობას და მათთვის განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფას. ნაცვლად წამახალისებელი ეფექტისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სახელმწიფო დამატებით დაბრკოლებას ქმნის ამგვარი ხელშემწყობი პირობის გაუქმებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილი წესი ეწინააღმდეგება ასევე, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვალდებულებას.
გარემოს დაცვის უფლება
საქართვლოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი განამტკიცებს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების, ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით სარგებლობის, მასზე ზრუნვის უფლებას. აღნიშნული უფლების უზრუნველსაყოფად კოდექსი სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის და მშენებლობის პროცესში საჯარო ინტერესებისა და კერძო ინტერესების შეჯერების საფუძველზე, ადგენს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის ღირსეული გარემოს შექმნის, ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვასთან დაკავშირებულ ძირითადი მოთხოვნებს.[51]
კოდექსი განსაზღვრავს ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ვალდებულებას. კერძოდ, შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ მისი ექსპლუატაციის პერიოდში დაცულ იქნეს შენობა-ნაგებობის ინსოლაციის მიმართ მოთხოვნები და შენობა-ნაგებობაში მცხოვრებთა, მეზობლებისა და დასაქმებულ პირთა ინტერესები მათი ჯანმრთელობის დაცვის და ბუნებრივი განათებულობის უზრუნველსაყოფად.[52] შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს უვნებლობის, უსაფრთხოებისა და კეთილმოწყობის მოთხოვნებს.[53] კოდექსი ასევე ადგენს მიჯნის ზონების დაცვის ვალდებულებას, რომელის რეგულირების მიზანია ინსოლაციის, ბუნებრივი განათებულობის, განიავების, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციისა და ტერიტორიის გამწვანების მიმართ მოთხოვნების დაცვა.[54] უზრუნველყოფილი უნდა იყოს ასევე ხმაურისგან დაცვის პირობები. შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ დაცული იყოს ხმის იზოლაციის ნორმები და საქართველოში მოქმედი ხმაურის ნორმების შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნეს მისი მომხმარებლების ან/და მასთან ახლოს მყოფი პირების მიერ საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მათი დასვენებისა და შრომის შესაბამისი პირობები.[55]
სადავო ნორმები (კოდექსის 141-ე მუხლის 23-ე ნაწილი და 1416-ე მუხლის პირველი ნაწილი) პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცებისა ან მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე. რაც დასაშვებს ხდის შენობა-ნაგებობის აშენებას ზემოაღნიშნული აუცილებლი პირობების დაცვის გარეშე.
დასახელებული მინიმალური პირობების უგულვებელყოფა გამოიწვევს შენობა-ნაგებობაში მცხოვრებთა, მეზობლებისა და დასაქმებულ პირთა ბუნებრივი განათებულობის, განიავების, ხმაურისაგან დაცვის, ტერიტორიის გამწვანების, უსაფრთხოების შეზღუდვას. რასაც პირდაპირი ეფექტი გააჩნია ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფაზე, საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენების, დასვენებისა და შრომის შესაბამისი პირობებით სარგებლობაზე.
გარდა ზემოთჩამოთვლილი პირობების, სადავო ნომრებით დასაშვებია სამივე კოეფიციენტის (კ-1, კ-2 და კ-3) ნებისმიერი მოცულობით გადაჭარბება. აღნიშნული საგამონაკლისო წესი იმოქმედებს 2027 წლამდე, იმ პირობებში, როდესაც ბათუმს ჯერ კიდევ არ გააჩნია განაშენიანების გენერალური გეგმა. გენერალური გეგმის და კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გარეშე მასიური მშენებლობების განხორციელებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს დაცვის უფლებას.
განაშენიანების გეგმის გარეშე, ყოველგვარი პირობების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელებამ, გამოუსწორებელი და შეუქცევადი ზიანი შეიძლება მიაყენოს დაუსახლებელი ტერიტორიების დაცვის, მათი ფუნქციების შენარჩუნებისა და განვითარების, ტყის მასივის დაცვის და განვითარების, სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიების დაცვის,არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიების შენარჩუნების, აგრეთვე ლანდშაფტის დაცვის, გაუმჯობესების და განვითარების, სოციალური ინფრასტრუქტურის, სოციალური დაწესებულებებისათვის განკუთვნილ ტერიტორიების დაცვის და განვითარების, მოსალოდნელი წყალდიდობების, ღვარცოფების და სხვა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების გათვალისწინებით მშენებლობების განხორციელების ინტერესს.
ქალაქ ბათუმთან მიმართებით გასათვალისწინებელია წლების განმავლობაში მისი აქტიური, ქაოტური და სპონტანური განვითარების შედეგად წარმოშობილი რთული გამოწვევები და სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით ბათუმში დღეს არსებული მძიმე რეალობა. ქალაქში არსებული ასეთი მდგომარეობა შემსუბუქებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას მოითხოვს და არა პირიქით, კიდევ უფრო დამძიმებას.
მხოლოდ ბათუმის კონცხთან დაკავშირებით არსებული მეცნიერული მოსაზრებებიც საკმარისია, იმ საჭიროების გამოსაკვეთად რომ სამშენებლო პროექტების განხორციელებამდე, აუცილებელია შესაბამისი მოსამზადებელი კვლევების ჩატარება და დადებითი საექსპერტო შეფასება. მხედველობაში მისაღები სპეციალისტთა მოსაზრებები, რომელთა თანახმად, შავი ზღვის სანაპიროს მორფოდინამიკა[56] ბათუმის კონცხთან საკმაოდ პრობლემატურია. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით,[57] ზღვის სანაპირო ზონაში კაპიტალური ნაგებობების მაისური მშენებლობა დაუშვებელია და აუცილებელია სანაპირო ზონის ეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნება. წლების განმავლობაში მეცნიერული დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორია რადგან მიბჯენილია ბათუმის წყალქვეშა კანიონის სათავეებს, მორფოლოგიურად საკმაოდ დინამიურია და განვითარებულია აქტიური გრავიტაციული (მეწყერული) პროცესები. მსგავს რეგიონებში მძიმე ტექნოგენური დატვირთვა არ შეიძლება. ასეთი ტექნოგენური დატვირთვა მეწყერული პროცესების პროვოცირებისა და განვითარების საშიშროებას ქმნის, რასაც რამდენჯერმე ადგილიც ჰქონდა. ძლიერი ღელვისას და მიწისძვრისას შესაძლებელია განვითარდეს მეწყერული პროცესები და კონსტრუქცია ნაპირის გარკვეულ ნაწილთან ერთად შეიძლება კანიონის დიდ სიღრმეებში აღმოჩნდეს.
მნიშვნელოვან რისკებზეა საუბარია ასევე 2013 წელს შედგენილ აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიაში,[58] რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის სამდივნოში საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების ნაწილია. სტრატეგიის ავტორთა შეფასებით, „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა.“
საყურადღებოა, საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობები და მოსაზრებები ბათუმში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი წყაროს თანახმად,[59] ბათუმის რივიერად წოდებული კონცხის ტერიტორიის მიმდებარედ მდინარე ჭოროხის ძველი კალაპოტი იყო, საიდანაც მდინარე შავ ზღვას უერთდებოდა. დღეს მისი გაგრძელებაა წყალქვეშ განვითარებული ბუნებრივი კანიონი. ბათუმის სანაპიროს ორი ღრმა კანიონი აქვს - რივიერას სანაპიროზე და ჭოროხის ახლანდელ შესართავთან. მეცნიერები განმარტავენ, რომ სწორედ, ამ კანიონებში იყრის თავს მდინარეებიდან ჩამოტანილი ნატანი მასალა, რომელიც ბუნებრივად კვებავს ზღვის სანაპიროს. თუმცა, მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ გადაკეტა ზღვის სანაპიროს ბუნებრივი კვების წყარო, რის გამოც სანაპიროს ინტენსიური გარეცხვის პროცესი მიმდინარეობს. ამ მხრივ, ბათუმის სანაპირო ხაზი ფაქიზი და მოწყვლადია. ხელოვნური ჩარევით სანაპირო კონფიგურაციის ცვლილებასა და ასეთი სახის მშენებლობების რისკებზე უთითებს ზღვის სანაპიროს პროცესების მკვლევარი.[60]
მოსალოდნელ რისკებსა და საფრთხეებზეა საუბარი სახალხო დამცველის აპარატში სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მიმართვაში: ბათუმის კონცხი, ისევე როგორც სხვა აკუმულაციური კონცხები, ძალზე დინამიკური და მგრძნობიარეა ბუნებრივი და ანთროპოგენული მოვლენების მიმართ. გაბატონებული ტალღების სამხრეთ-დასავლეთისა და დასავლეთის რუმბის ღელვების დროს, ბათუმის კონცხის წყალზედა და წყალქვეშა ფერდზე გროვდება ნატანი, ხოლო აკუმულირებული ნატანის ჭარბი მოცულობა იკარგება დიდ სიღრმეებში. ეს პროცესი ძალზე ნეგატიურად მოქმედებს კონცხის მდგრადობაზე, შესაბამისად, საშიში ხდება ქალაქის ამ მონაკვეთის რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ აქ მშენებლობის განხორციელებაზე. კონცხის ტექნოგენური დატვირთვა მეწყრული პროცესების პროვოცირება-განვითარების საშიშროებას ქმნის, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.
ზემოაღნიშნული მოსაზრებები მიუთითებს მშენებლობების განხორციელებამდე ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების შესწავლისა და გათვალისწინების საჭიროებაზე, რომლის ვალდებულებასაც მოქმედი საგამონაკლისო წესი არ განსაზღვრავს და მათ გარეშე ბათუმში მაშტაბური მშენებლობების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, მხოლოდ მერის მიერ დაკომპლექტებული საბჭოს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე.
ეკონომიკური საქმიანობის და ადამიანის უფლებების მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული საკითხებია და მათ შორის ინტერესთა ბალანსის შენარჩუნება არსებითად აუცილებლია.[61] ეკონომიკური პერსპექტივების ეფექტიანობის გაზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქალაქგეგმარების პროცესში კონკრეტული საზოგადოების ინდივიდუალიზმისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და სწორი ურბანული სტრატეგიის წარმართვაზე. შესაბამისად, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებისა და გარემოს დაცვის საჯარო ინტერესებთან შესაბამისი სივრცითი მოწყობა კვლავ ქალაქის და რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გონივრულად განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია.
ნათელია, რომ დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში მკვეთრად შეიცვლება ქალაქგეგმარება, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმების ცვლილებასაც გულისხმობს. მსგავსი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მხოლოდ საერთო საზოგადოებრივი ჩართულობით და გარემოზე ზემოქმედების შეფასების შემდეგ უნდა იქნას მიღებული, რაც თავის მხრივ საჯაროობის პრინციპს უზრუნველყოფს. აღნიშნული შესაძლებელს გახდის მოქალაქეთა შორის გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს მაქსიმალურად დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები გაეცეს. ამასთან, ხელს შეუწყობს თავად გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების ვალდებულების შესრულებაში. რათა განსახორციელებელი პროექტების უარყოფით ზეგავლენებთან დაკავშირებული ეჭვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს.
გარემოს დაცვა და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება, საკუთარი მნიშვნელობისა და თავისებურების გათვალისწინებით, სპეციფიკურ, განსაკუთრებულ სამართლებრივ რეგულირებას ექვემდებარება, მათ შორის კონსტიტუციის დონეზე.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი განამტკიცებს გარემოს დაცვის უფლებას. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით.“
გარემო, ფართო გაგებით, მოიცავს როგორც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში მყოფ არაცოცხალ თუ ცოცხალ ელემენტებს, რომლებიც არსებობენ ბუნებრივი, თვითმყოფადი სახით, აგრეთვე ადამიანის უშუალო ზემოქმედების შედეგად ჩამოყალიბებულ გარემოს: სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებსა და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ლანდშაფტებს. ამდენად, ბუნებრივი გარემოს არსებობა თავისთავად არ არის დამოკიდებული ადამიანზე და მის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. მეტიც, ადამიანი თავად წარმოადგენს ამგვარი გარემოს ნაწილს და საკუთარი ფიზიკური არსებობის თუ საქმიანობის განხორციელების პროცესში მუდმივად ურთიერთქმედებს მის სხვადასხვა ელემენტებთან, ხშირად გარდაქმნის მათ - იყენებს რა საკუთარი მატერიალური თუ არამატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სწორედ გარემოს განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ფასეულობას წარმოადგენს, რომელზე ზრუნვისა და შენარჩუნების ტვირთს კონსტიტუცია აკისრებს როგორც ცალკეულ ინდივიდს, ასევე მთლიანად საზოგადოებას და სახელმწიფოს.[62]
„ეკოლოგიური უფლებების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში მოქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების [...] საზოგადოებრივი მონაწილეობისა და სხვა გარემოსდაცვითი მექანიზმების გამართული, ეფექტური მუშაობისა და კოორდინაციისთვის. აღნიშნულით კონსტიტუცია ადასტურებს და განამტკიცებს კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგში მდგრადი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.“[63]
საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი „განამტკიცებს ინდივიდის უფლებას იმ გარემოზე, რომელიც, თავისთავად, ადამიანის ზემოქმედების გარეშე არსებობს და, იმავდროულად, ადგენს მის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ამგვარი სახით არსებულ გარემოს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს იგი ხელოვნური ზემოქმედებისგან თავისუფალ მდგომარეობაში.“[64]
რაც შეეხება სახელმწიფოს როლს გარემოს დაცვის კუთხით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით.“ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, „ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა და ქვეყნის მდგრადი განვითარება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. კონსტიტუცია ნათლად მიუთითებს, რომ, ცალკეული ინდივიდებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს როლი არ შემოიფარგლება გარემოს მიმართ მხოლოდ აწმყოში არსებული საფრთხეების თავიდან აცილებით და ამ გზით ინდივიდებზე ზრუნვით, არამედ, იმავდროულად, გულისხმობს მომავალი თაობების საჭიროებათა გათვალისწინებისა და საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების სწორად დაბალანსების ვალდებულებას.“[65]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანხმად, 29-ე მუხლის დაცვის მიზანს არ წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულების ან უფლებამოსილების დადგენა, თავისი შეხედულებისამებრ, საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად ან სხვა ფორმით განსაზღვროს, რა არის ადამიანის ცხოვრებისათვის საუკეთესო გარემო და შემდგომში შეეცადოს, შექმნას იგი აქტიური ჩარევის გზით, ამის საპირისპიროდ, კონსტიტუციის ხსენებული დებულებები, კონსტიტუციურ ფასეულობად აცხადებენ იმ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც არსებობს ადამიანის ჩარევის გარეშე“. სახელმწიფოს როლი განისაზღვრება ამგვარი გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაში და მათზე ინდივიდთა წვდომის იმგვარად უზრუნველყოფაში, რომ არსებული გარემო და ბუნებრივი რესურსები გამოყენებული იქნას მაქსიმალურად გონივრულად. შესაბამისად, „სახელმწიფო ვალდებულია, არ დაუშვას გარემოზე განუზომელი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარემოს დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ“.[66] ერთ-ერთ პრევენციულ მექანიზმს წარმოადგენს სწორედ, ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება და ამის მიხედვით ქალაქთმშენებლობის განვითარება, კოდექსით დადგენილი სტანდარტების შესრულება და მშენებლობების განხორციელება წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების ფარგლებში.
ამგვარად, გარემო წარმოადგენს კონსტიტუციურ დონეზე დაცულ საზოგადოებრივ სიკეთეს, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა ასეთი სიკეთით სარგებლობის პროცესში სახელმწიფოს აქტიურ როლს განაპირობებს.
ამავდროულად, კონსტიტუციური უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრისას, უნდა ვიხელმძღვანელოთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოზე ხელმისაწვდომობის სტანდარტით. კონსტიტუციის აღნიშნული დებულებებით დაცული ვერ იქნება პირის უფლება, იცხოვროს მისთვის კომფორტულ ან/და ესთეტიკურად მისაღებ გარემოში და სახელმწიფოსგან მოითხოვოს აღნიშნულის უზრუნველყოფა. კონსტიტუციის 29-ე მუხლის რეგულირების მიზანია, ყველამ იზრუნოს არსებულ ბუნებრივ გარემოზე და სახელმწიფოსგან მოითხოვოს მისი დაცვა. გარემო პირობების მზარდმა დეგრადაციამ და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გარდაუვალი გახადა ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს კონსტიტუციური დაცვის საჭიროება. საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი მიუთითებს, რომ „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში“ და გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლი მხოლოდ გარემოს დაცვისაკენ მიმართულ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპად იქნეს განხილული. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის შინაარსის, დანიშნულებისა და სულისკვეთების გათვალისწინებით უდავოა, რომ კონსტიტუცია ესწრაფვის ჯანსაღ გარემოზე უფლების მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და მას ადამიანის ძირითად უფლებად განიხილავს. ეკოლოგიური უფლებების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში მოქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და სხვა გარემოსდაცვითი მექანიზმების გამართული, ეფექტური მუშაობისა და კოორდინაციისათვის. ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დადგენით, საქართველოს კონსტიტუცია ადასტურებს და განამტკიცებს კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგში მდგრადი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.[67]
ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური დებულებების განმარტებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსი და დანიშნულება. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი მიმართულია ბუნებრივი გარემოსთვის რეალურ დროში არსებული საფრთხეების და გარემოსათვის მიყენებული ზიანის შეძლებისდაგვარად თავიდან აცილების ან/და გამოსწორებისაკენ. აღნიშნულისგან განსხვავებით, კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეეხება მომავალი თაობების ინტერესების დაცვის საჭიროებას და მიუთითებს, რომ გარემოთი სარგებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ისე, რომ ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ქვეყნის მდგრადი განვითარების პარალელურად დაბალანსდეს ეკოლოგიური ინტერესები, რათა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო შენარჩუნდეს. შესაბამისად, 29-ე მუხლის რეგულირების სფეროს შესაძლებელია წარმოადგენდეს არა მხოლოდ უსაფრთხო გარემოსათვის დღეს არსებული (გარემოს სტატუს-ქვოსთვის შემცველი) საფრთხეების თავიდან აცილება, არამედ სამომავლო საფრთხეებისგან თავის დაცვაც.[68]
სადავო ნორმები დასაშვებად მიიჩნევს ქალაქში ისეთი სამშენებლო პროექტების განხორციელებას რომელსაც შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ საცხოვრებელ გარემოზე სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს, გამოუსწორებელ შედეგი მოიტანოს სწორი ქალაქგეგმარებისთვის, რეკრეაციული და საჯარო სივრცეებისა თუ რესურსის შენარჩუნებისთვის.
სადავო ნორმებით დადგენილი პროცედურა, რომლითაც მერის მიერ დაკომპლექტებული საბჭოს დადებითი რეკომენდაცია არის მხოლოდ საკმარისი გადაწყვეტილებების მისაღებად, შესაძლებელს ხდის გარემოზე სერიოზული უარყოფითი ზემოქმედების მიუხედავად განხორციელდეს სამშენებლო პროექტები და განიკარგოს საჯარო სივრცეები.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, სახელმწიფომ გარემო, მათ შორის, უნდა დაიცვას კერძო პირების მიერ დაზიანებისაგან (პოზიტიური ვალდებულება). შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას უნდა დადგინდეს, ირღვევა თუ არა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას გარემო კერძო პირების მიერ უარყოფითი ზემოქმედებისაგან.
კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზანია ადამიანის ზემოქმედებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი გარემოს შენარჩუნება. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, არ მისცეს მესამე პირებს გარემოზე განუზომელი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა.[69] სახელმწიფო ვალდებულია, შექნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარემოს დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ.
სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, ირღვევა სახელმწიფოს ხსენებული ვალდებულება. სადავო ნომრებით დადგენილი წესი იძლევა საშუალებას სამშენებლო ნორმებისა და ქალაქგეგმარების გვერდის ავლით, ძირითადი სამშენებლო მოთხოვნების დაუცველად განხორციელდეს მაშტაბური მშენებლობები. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილი პროცედურა ვერ უზრუნველყოფს ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მქონე მშენებლობათა განხორციელების პრევენციას, და მეტიც ლეგალურს ხდის ამგვარ საქმიანობებს.
სადავო ნორმებით დადგენილი წესის საფუძველზე მშენებლობების განმახორციელებელ სუბიექტებს, გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს სფეროში დაუბრკოლებლად მოქმედების თავისუფლება ეძლევა. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, ამგვარი საქმიანობის მიმართ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების პრევენციის უმთავრეს ფუნქციას კარგავენ.
პირისთვის გარემოზე ზემოქმედების ფართო თავისუფლების მინიჭება, და მხოლოდ ფორმალური კრიტერიუმით შემოფარგვლა (როგორიც არის საბჭოს დადებით რეკომენდაცია) კონფლიქტში მოდის სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან, უზრუნველყოს გარემოს დაცვა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შესანარჩუნებლად.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც შესაძლებელია გარემოზე გარკვეული ზემოქმედების შესაძლებლობას უშვებდეს, აპრიორი არ უნდა იქნეს მიჩნეული არაკონსტიტუციურად. „უფლებათა უმრავლესობის შეზღუდვა აუცდენელია, რადგან მათი რეალიზაცია ხშირად წარმოშობს ღირებულებათა კონფლიქტს ... მაშინ როდესაც ინტერესების დაპირისპირება აუცდენელია, წარმოიშობა მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.“[70] ადამიანის სხვა უფლებების მსგავსად, ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებასაც მოჰყვება სხვადასხვა კონსტიტუციური უფლებებისა თუ ლეგიტიმური სახელმწიფო ინტერესებთან შემხებლობა და ერთგვარი კონკურენცია. სწორედ ამ დროს დგება სახელმწიფოს მიერ გონივრული ბალანსის დადგენის საჭიროება. „კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია გონივრულია, როდესაც მისი ქმედება კოლიზიური უფლებების თანაარსებობის, თანარეალიზაციის უზრუნველყოფას, უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დადგენას ისახავს მიზნად. ამავე დროს, როდესაც უფლებებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელია და კოლიზიის გადაჭრის მიზნით ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა გარდაუვალი ხდება, უფლების შეზღუდვის ყველაზე ნაკლებად მკაცრი ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული.[71]
სახელმწიფოს განვითარება, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პროგრესი, ხშირ შემთხვევაში, თავისთავად იწვევს გარემოზე მავნე ზემოქმედების ზრდას. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, შესაბამისად, სახელმწიფოს ხშირად უწევს ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინება და დაბალანსება. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ეკოლოგიის დაცვა შესაძლებელია ხშირად მოვიდეს კოლიზიაში სამეწარმეო თავისუფლების რეგულირების სფეროსთან. იმის გარკვევა, სახელმწიფოს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით, რა მოცულობით შეუძლია დაუშვას გარემოზე ზემოქმედება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების ძირითადი უფლების პრაქტიკული რეალიზების ერთ-ერთ ურთულეს სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც ზოგადი და უნივერსალური მიდგომის ჩამოყალიბება შეუძლებელია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების გზით უნდა გაირკვეს, ამა თუ იმ ფორმით გარემოზე ზემოქმედება წარმოადგენს თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დარღვევას.[72]
სადავო ცვლილებების განმარტებით ბარათში მითითებულია რომ „დღეს მოქმედი რეგულაციებით შეზღუდულია ისეთი მშენებლობების წარმოება, რომლითაც თუნდაც დაკმაყოფილებული იქნება ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მოსახლეობა, ამასთან სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების დაინტერესება ასეთი ობიექტების ჩანაცვლებაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი დააკმაყოფილებენ როგორც მოსახლეობას, ასევე, აწარმოებენ ისეთი ტიპის მშენებლობას (მაღალ სართულიანი, მეტი მოცულობის სამშენებლო ფართები თუ სხვა), რომლითაც დაკმაყოფილებული იქნება მათი ფინანსური ინტერესები.“[73] ამასთან იმისათვის, რომ მოგვარდეს ზემოაღნიშნული პრობლემა და პოსტპანდემიურ პერიოდში ხელი შეეწყოს ინვესტიციების მოზიდვას, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებას, მოსახლეობის დასაქმებას და ეკონომიკის განვითარებას მიზანშეწონილია ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული პროცედურების შესაბამისად (მიმდინარეობს მომზადება) განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერდეს კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტების ნაწილში და შემოვიდეს რეგულაცია, რომლის მიხედვით ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტება შესაძლებელი გახდება ბათუმის მერის გადაწყვეტილებით ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.[74]
ამდენად საკანომდებლო ცვლილებების მიზანი იყო სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისთვის ბათუმში ისეთი სამშენებლო გარემოს შექმნა, რომელიც მაქსიმალურად მოერგებოდა და დააკმაყოფილებდა მათ ფინანსურ ინტერესებს. აღნიშნულის მისაღწევად კი, კანონმდებელმა სამშენებლო სფეროში არსებული ფაქტობრივად ყველა რეგულირება შეაჩერა.
კანონმდებლის განმარტებით, კომპანიების დაინტერესება ასეთი ობიექტების ჩანაცვლებაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო კომპანიების აწარმოებენ მაღალ სართულიან, მეტი მოცულობის სამშენებლო ფართების თუ სხვა ვალდებულებებისგან გათავისუფლებულ სამშენებლო პროექტებს.
ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, შესაბამისად, სახელმწიფოს ხშირად უწევს ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინება და დაბალანსება. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ეკოლოგიის დაცვა შესაძლებელია ხშირად მოვიდეს კოლიზიაში სამეწარმეო თავისუფლების რეგულირების სფეროსთან. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფომ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების (რაშიც მოიაზრება შენობა-ნაგებობაში მცხოვრებთა, მეზობლებისა და დასაქმებულ პირთა ბუნებრივი განათებულობის, განიავების, ხმაურისაგან დაცვის, ტერიტორიის გამწვანების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა) სრული უგულვებელყოფის ხარჯზე დაისახა მიზნად, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას.
შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის პირობების გაუმჯობესება, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაჯანსაღება, რა თქმა უნდა წარმოადგენს ლეგიტიმურ ინტერესს. ავარიული სახლების არსებობა სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, შესაბამისად მათი დემონტაჟი და ჩანაცვლება ახალი შენობებით უდავოდ წარმოადგენს სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესს.
აუცილებელი აღვნიშნოთ რომ კოდექსი განსაზღვრავს სპეციალურ წესს, რომელიც ეხება სიცოცხლისთვის რისკის შემქმნელი შენობების დემონტაჟს. კოდექსის 56-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, „თუ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე უძრავი ქონება ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება, რაც დადასტურებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნით, რომლის თანახმად, მისი არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, ასეთი შენობის დემონტაჟი ხორციელდება შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ამ შემთხვევაში ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მესაკუთრეს შენობის დემონტაჟის განხორციელებამდე სანაცვლოდ გადასცეს, სულ მცირე, მისი ტოლფასი ქონება ან სამართლიანი და სრული კომპენსაციის თანხა, ან, თუ იმავე ადგილას იმავე ფუნქციის ახალი შენობა აშენდა, − ახალ შენობაში გადასცეს, სულ მცირე, იმ ფართობის ტოლი ფართობი, რომელიც მის საკუთრებაში იყო ძველ შენობაში. თუ ახალი შენობის აშენებისას შენობის საერთო ფართობი 5 პროცენტზე მეტით იზრდება, ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, დამატებული ფართობი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის ან/და უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრებად და მას საკუთრებაში გადაეცემა ფართობის გაზრდის დაფინანსებისთვის მის მიერ გაწეული ხარჯების პროპორციულად. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მიიღოს მშენებლობის ნებართვა ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე ნებისმიერ უძრავ ქონებაზე.
ამდენად, კოდექსით დადგენილი წესი, უზრუნველყოფს, როგორც ავარიული სახლის მესაკუთრეთა ინტერესების, ისე მშენებლობის განმახორციელებელი პირის ინტერესების მაქსიმალურად სამართლიანი პირობებით დაკმაყოფილებას. თუმცა მიუხედავად ამისა, თუ სახელმწიფოს მიაჩნდა რომ ამგვარი რეგულირებით ვერ დააინტერესებდა სამშენებლო კომპანიებს, იგი უფლებამოსილი იყო სამშენებლო კომპანიებისთვის შეეთავაზებინა ხარჯებისა და მომსახურების სამართლიანი ანაზღაურება. სახელმწიფოს მიერ სამშენებლო ბიზნესის დაინტერესება სავალდებულო მინიმალური რეგულირებების გაუქმებით, რომელთა დაცვაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს უფლების რეალიზებისთვის, არ წარმოადგენს ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორების პროპორციულად გათვალისწინებას და დაბალანსებას. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ რეგულაციების შეჩერება ვრცელდება არა მხოლოდ ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით წარმოებულ მშენებლობებზე, არამედ ყველა სახის სამშენებლო პროექტი შეიძლება მოექცეს კოდექსის 141-ე მუხლის 23-ე ნაწილის „ა“-„დ“ პუნქტებით განსაზღვრულ ჩამონათვალში, რაც კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მასშტაბს.
განაშენიანების გენერალური გეგმის არ არსებობის პირობებში, დასახელებული მშენებლობები ხორციელდება ისე, რომ ცნობილი არ არის საქმიანობამ რა მოცულობის ზიანი შეიძლება მიაყენოს საცხოვრებელ გარემოს და, მითუმეტეს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა ზიანი დადგება მომავალში. შესაბამისად, შეუძლებელია საუბარი გონივრული ბალანსის არსებობაზე იმ პირობებში, როდესაც ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოსათვის მიყენებული ზიანი შესაძლებელია გამოუსწორებელი იყოს.
შეუძლებელია, სახელმწიფომ ამტკიცოს, რომ გარემოზე ზემოქმედების დაშვების საპირწონედ იგი იცავს თანაზომად სიკეთეებს. შესაბამისად, დარღვეულია გონივრული ბალანსი სადავო ნორმით დადგენილი უფლების შეზღუდვასა და მისი მიღებით მიღწეულ პოზიტიურ შედეგებს შორის. სადავო ნორმების მიღებით სახელმწიფო არღვევს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად გარემოს დაცვისა და გარემოთი რაციონალური სარგებლობის კონსტიტუციის 29-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
[1] საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი;
[2] იქვე, პირველი მუხლის პირველი პუნქტი;
[3] იქვე, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი;
[4] „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 23 ივნისის N1712-VIIIმს-Xმპ საქართველოს კანონი, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5502735?publication=0 ;
[5] საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-16 მუხლი;
[6] საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 39-ე მუხლი;
[7] იხ. განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავების ჯგუფის წარმომადგენლის განმარტებები, ხელმისაწვდომია: < https://batumelebi.netgazeti.ge/news/405185/ > ;
[8] „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 23 ივნისის N1712-VIIIმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5502735?publication=0 ;
[9] „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებით დამტკიცებული „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი;
[10] სამშენებლო დოკუმენტაცია − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული/შეთანხმებული სანებართვო დოკუმენტაცია, რომელიც მშენებლობის განხორციელების საფუძველია (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ6“ პუნქტი);
[11] საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ20“ პუნქტი;
[12] იქვე, 45-ე მუხლის პირველი ნაწილი;
[13] იქვე, 45-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
[14] იქვე, 92-ე მუხლის პირველი ნაწილი;
[15] იქვე, 92-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
[16] „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-17 პუნქტი;
[17] იქვე, მე-7 მუხლის პირველი პუნქტი;
[18] „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებით დამტკიცებული „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი;
[19] იქვე, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი;
[20] იქვე, დანართი №1;
[21] ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტი;
[22] იქვე, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი;
[23] იქვე, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი;
[24] იქვე, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი;
[25] იქვე, მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი;
[26] იქვე, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი;
[27] იქვე, მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი;
[28] საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 92-ე მუხლის მე-4 ნაწილი;
[29] ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი;
[30] იქვე, მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი;
[31] საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 74-ე მუხლი;
[32] იქვე, 85-ე მუხლი;
[33] იქვე, 89-ე მუხლი;
[34] იქვე, 91-ე მუხლი;
[35] ოსმანი (Osman) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 23452/94, 28 ოქტომბერი, 1998 [GC], მაჰმუთ კაია (Mahmut Kaya) თურქეთის წინააღმდეგ, 22535/93, 28 მარტი, 2000, პრიტი (Pretty) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 2346/02, 29 აპრილი, 2002 და ონერილდიზი (Öneryildiz) თურქეთის წინააღმდეგ, 48939/99, 30 ნოემბერი, 2004 [GC];
[36] ონერილდიზი (Öneryildiz) თურქეთის წინააღმდეგ, 48939/99, 30 ნოემბერი, 2004 [GC];
[37] კოდექსის 74-ე მუხლი ასევე ადგენს მიჯნის ზონების დაცვის ვალდებულებას. მიჯნის ზონის რეგულირების მიზანია ინსოლაციის, ბუნებრივი განათებულობის, განიავების, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციისა და ტერიტორიის გამწვანების მიმართ მოთხოვნათა დაცვა. მიჯნის ზონების რეგულირება ხდება ძირითადი დებულებებით, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) მიჯნის ზონების ერთმანეთთან მიმართებას და შენობა-ნაგებობის დაშორების ანგარიშის წესს; ბ) მიჯნის ზონის მიმართ შენობა-ნაგებობის პარამეტრების (მათ შორის, სიმაღლის) განსაზღვრის წესს; გ) მიჯნის ზონაში შენობა-ნაგებობის ნაწილების შეჭრის წესს; დ) მიჯნის ზონაში დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსების წესს.
[38] საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 89-ე მუხლი;
[39] სამშენებლო სამართალი, პაატა ტურავა, კობა ყალიჩავა, თბილისი 2020, გვ. 21;
[40] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, გვ. 15;
[41] საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტის 1101.2 პუნქტი - დაგეგმარება;
[42] საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“;
[43] „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი;
[44] იქვე, 37-ე მუხლის მე-6 პუნქტი;
[45] გაეროს შ ეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ზოგადი კომენტარი №1 (2014), პ. 14;
[46] იქვე, პ. 1;
[47] იქვე, პ. 13;
[48] იქვე, პ. 23;
[49] იქვე, პ.4;
[50] იქვე, პ. 3;
[51] საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი;
[52] იქვე, 83-ე მუხლი;
[53] იქვე, 79-ე მუხლის პირველი ნაწილი;
[54] მიჯნის ზონების რეგულირება მოიცავს: ა) მიჯნის ზონების ერთმანეთთან მიმართებას და შენობა-ნაგებობის დაშორების ანგარიშის წესს; ბ) მიჯნის ზონის მიმართ შენობა-ნაგებობის პარამეტრების (მათ შორის, სიმაღლის) განსაზღვრის წესს; გ) მიჯნის ზონაში შენობა-ნაგებობის ნაწილების შეჭრის წესს; დ) მიჯნის ზონაში დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსების წესს (კოდექსის 74-ე მუხლი);
[55] საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 86-ე მუხლი;
[56] სანაპიროს მორფოდინამიკა - სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის წყალქვეშა და ხმელეთის ზედაპირის რელიეფ–წარმომქმნელი პროცესების განვითარება დროსა და სივრცეში, „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-2 მუხლის „პ“ პუნქტი;
[57] საშა ხორავა, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
[58] აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სპეციალისტები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან; ცალკეული აკადემიური ინსტიტუტებიდან; აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოდან; ქ. ბათუმის მერიას; აჭარის ა.რ. რეგიონულ უწყებებიდან; დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამუშაოს შესრულებაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისს, რომელიც დაეხმარა საქართველოს მთავრობას ამ დოკუმენტის მომზადებაში. ხელმისაწვდომია: < https://www.undp.org/content/dam/georgia/docs/publications/UNDP_GE_EE_Ajara_CC_2013_geo.pdf >, გვ. 71;
[59] ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3LT0KlR >;
[60] იქვე, ზურაბ ჯანელიძე, ზღვის სანაპიროს პროცესების მკვლევარი. გეომორფოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი;
[61] ვრცლად იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საქმიანობის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 590;
[62] იქვე, II-8;
[63] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2;
[64] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/3/611 გადაწყვეტილება საქმეზე „პს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ“, II-9;
[65] იქვე, II-10;
[66] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7;
[67] იქვე, II-2;
[68] იქვე, II-3;
[69] იქვე, II-7;
[70] საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება 1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
[71] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32;
[72] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13;
[73] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, გვ. 15;
[74]განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, გვ. 15;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა