გეგი არღვლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1303 |
ავტორ(ებ)ი | გეგი არღვლიანი |
თარიღი | 26 მარტი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და ანალოგიურ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება 2017 წლის 13 ივლისს, N1/8/696
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2013 წლის 22 ნოემბერს ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით N1/266-13 ცნობილი ვარ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განმესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 02 წლით განმესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი 05 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩამეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დამიდგინდა 05 წელი. საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის თანახმად, 05 წლით ჩამომერთვა - სარანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. სასჯელის ვადა აითვალა 2013 წლის 19 ნოემბრიდან, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავთავისუფლდი 2015 წლის 02 ივლისს.
2017 წლის 13 დეკემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით N1აგ/526-17 ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალი დამედო მასში, რომ 2013 წლის 19 ნოემბერს ქ.ბოლნისში ადმინისტრაციული წესით დაკავებისას თან მქონდა ერთჯერადი გამოყენების ინსულინის სამედიცინო შპრიცში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი წონით - 0,00025 გრამი.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა, შენახვისათვის. აღნიშნული კანონით ნარკოტიკული საშუალებების უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია მცირე ოდენობა საკმარისის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის და მათი უმცირესი შემცვლელობაც კი იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით. მოცემული კანონის იმპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე მოსამართლე მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას განსაზღვროს და გადაწყვიტოს მისცეს თუ არა სისხლისსამართლის პასუხისგებაში პირი იმდენად მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გამო, რომლის არსებობა ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ვინაიდან, ფაქტობრივად შეუძლებელია მისი მოხმარება. ცხადია ამ მოცემულობაში ობიექტურად უსამართლოა და ადამიანის უფლებების დარღვევაა ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა იმ ოდენობისათვის, რომლის არა თუ მოხმარება (გამოყენება ნებისმიერი ფორმით) შეუარარებელი თვალით ხილვა და შეხება არის შეუძლებელი.
UNOCD (Unaited Nations Office for Drugs and Crime) ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას განმარტავს, როგორც ჯანმრთელობის დარღვევას, რომელიც წარმოეშობათ ნარკოტიკების მომხმარებელ იმ პირებს, რომელთაც უკვე გააჩნიათ წინასწარ არსებული ფსიქოლოგიური მოწყვლადობა. შესაბამისად, მკაცრი სასჯელის შეფარდება არ ჩაითვლება ადეკვატურ და სამართლიან ნაბიჯად, რადგან თავისუფლების აღკვეთა შეიძლება უფრო მძიმე შედეგის მომტანი იყოს ასეთი პირებისთვის. იმ პირებისთვის, რომლებსაც არ ჩაუდენიათ ძალადობრივი დანაშაული, თავისუფლების აღკვეთა, როგორც წესი, უფრო მეტად საზიანოა, ვიდრე სასარგებლო. ხანგრძლივი პატიმრობით შესაძლებელია მსჯავრდებულმა განიცადოს სოციალიზაცია ციხის სუბკულტურაში და იქცეს კრიმინალად.
განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში სახელმწიფოები თავიანთ მოქალაქეებს ანტინარკოტიკული პოლიტიკის ფარგლებში სთავაზობენ სოციალურ-სამედიცინო ღონისძიებათა კომპლექსურ სისტემას, რამაც მათ რეალურად პოზიტიური შედეგი მოუტანა, განსხვავებით ქართული კანონმდებლობისა და პრაქტიკისაგან, რომელიც მხოლოდ პირის დასჯაზეა ორიენტირებული.
ადამიანის პირადი ცხოვრების, მიმოწერის თავისფლების, საკუთრების და სხვა უფლებების ხელშეუხებლობის დაცვის ძირითად გარანტიას ადგენს საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა ნორმატიული აქტები. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით აღიარებული ძირითადი უფლებების შეძღუდვისას, გამოიყენება თანაზომიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპი, რომლებიც განსაკუთრებულ გარანტიებს ადგენენ დასახელებული უფლებების შეზღუდვისას. შეზღუდვის ლეგიტიმურობის დადგენისას, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დადგენილი ჩარევის საფუძვლის გარდა, განსაზღვრული უფლებების შეზღუდვის თანაზომიერების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.
„ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის 36-ე მუხლის 1(ა) პუნქტი ადგენს ნარკოტიკულ დანაშაულთა დასჯის სავალდებულობას, თუმცა ამავე მუხლის 1(ბ) პუნქტის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას სასჯელის ალტერნატიული ღონისძიებები, გაეწიოს მკურნალობა, მიეცეს განათლება, გაეწიოთ მკურნალობის შემდგომი დახმარება, რათა მოხდეს მათი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ამავე კონვენციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფოებმა „უნდა მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების და ასეთი სარგებლობის ადრეული გამოვლენის, წამალდამოკიდებულების ადრეული მკურნალობის, მოსახლეობის განათლების, მკურნალობის შემდგომი მხარდაჭერის, ნარკოტიკის მოხმარების პრობლების მქონე პირების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიზნით“.
UNOCD (Unaited Nations Office for Drugs and Crime) -ის განმარტებით, საერთაშორისო დებულებებიდან გამომდინარე, მკურნალობა-რეაბილიტაცია, სოციალური რეინტეგრაცია და მკურნალობის შემდგომი დახმარება უნდა ჩაითვალოს სისხლისსამართლებრივი სასჯელების ალტერნატივად. პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული დანაშაული, შეიძლება წავახალისოთ და მათ მიმართ, ნაცვლად სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმებისა, გამოყენებულა იქნას მკურნალობის კურსი. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ტრადიციული - სასჯელზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება იწვევს პატიმრების რაოდენობის ზრდას. ე.წ. გამოსასწორებელი ბანაკები არ არის ეფექტური და ხშირად იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას. აღნიშნულისგან განსხვავებით, სამედიცინო მიდგომა შეიძლება გულისხმობდეს განათლებას, სამოტივაციო და ქცევით კონსულტაციას. იმგვარი მეთოდოლოგიის გამოყენებას, რომელიც რეალურად ემსახურება წამალდამოკიდებულის რეაბილიტაცია და რეინტეგრაციას. აღნიშნულ კონვენციაზე დაყრდნობით მიღებულია არაერთი რეკომენდაცია. მაგალითისთვის, სახელმძღვანელო პრინციპები „სასჯელის ალტერნატიული ზომების გამოყენების შესახებ“, „ინვესტირება წამალდამოკიდებულთა მკურნალობაში“. აღნიშნული რეკომენდაციების მიზანს წარმოადგენს ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტური, მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული მექანიზმების დამკვიდრება და გამოყენება. 1998 წლის 8-10 ივნისს გამართულ, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სესიაზე მიღებულ იქნა „პოლიტიკური დეკლარაცია ნარკოტიკის მოთხოვნილების შემცირების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ“. აღნიშნული დოკუმენტით გაერო ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით ეროვნულ სტრატეგიაზე მომუშავე სახელმწიფოებს მოუწოდებს გაითვალისწინონ ზემოხსენებული ძირითადი პრინციპები.
ნარკოტიკული პოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმი (IDPC) – „წამალდამოკიდებულება უნდა ითვლებოდეას არა დანაშაულად, არამედ ჯანმრთელობის პრობლემად. მკურნალობა წამალდამოკიდებულის პრობლემისა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების, მათ შორის, სოციალურ საკითხებთან და დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტის გზაა“. ორგანიზაციის განმარტებით, კანონმდებლობა ხელს უნდა უწყობდეს ბალანსის შენარჩუნებას ნარკობაზრის პრობლემის გადაჭრისა და სოციალური პოლიტიკის იმ პროგრამების განხორციელებას შორის, რომელთა მიზანსაც ნარკოტიკების მომხმარებელთა დახმარებას წარმოადგენს. კანონმდებლობა უნდა აკეთებდეს ცალსახა დიფერენცირებას ნარკობაზრის სხვადასხვა მოქმედ პირს შორის და წამალდამოკიდებული პირების მიმართ უნდა გამოიყენებოდეს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული ზომები. ამასთან კანონმდებლობა მოსამართლეს უნდა აძლევდეს შეფასების შესაძლებლობას, რათა ნარკოტიკის მომხმარებლებს მიეცეთ სარეაბილიტაციო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ (WHO) მიღებულ დოკუმენტში „წამალდამოკიდებულთა მკურნალობის ეფექტური პრინციები“, ხაზგასმულია ნარკოტიკის მომხარებელთა მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ. ორგანიზაციის განმარტებით, სახელმწიფოებში, სადაც წამალდამოკიდებულება მიიჩნება არა ჯანმრთელობის, არამედ პიროვნების პრობლემად, ხდება ნარკოტიკულ საშუალებათა მომხმარებელ პირთა სტიგმატიზირება, ისინი მოკლებულნი არიან მკურნალობისა და რეაბილიტაციის საშუალებას. ორგანიზაციის განმარტებით, მკაცრი საჯარიმო ან სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება უშედეგოა.
ნარკომანიასთან ბრძოლაში წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ ლიბერალური კანონმდებლობა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მკაცრი, რეპრესიული ხასიათის კანონმდებლობა. მაგალითად, პორტუგალიაში 2001 წელს ყველა ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შენახვისა და მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა. დიდი თანხები ჩაიდო სარეაბილიტაციო პროგრამებში, რის შედეგადაც ნარკოტიკების მომხმარებელთა, ნარკოტიკების მოხმარებით გარდაცვლილთა რიცხვი რადიკალურად შემცირდა და ასევე შემცირდა ინფექციური დაავადებების რიცხვი ნარკოდამოკიდებულთა შორის (სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ https://jam-news.net/?p=52824&lang=ka).
სახელმწიფო ნარკოდამოკიდებულების რეპრესიისა და სტიგმატიზირების ნაცვლად, მათ საზოგადოებაში ინტეგრირებასა და რეაბილიტაციაზე უნდა ზრუნავდეს. სწორედ ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაცია უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი და არა მათი ბნელ საკნებში გადამალვა. სრულიად გაუმართლებელია, ნარკოდამოკიდებულს, რომელიც მსხვერპლია და არა დამნაშავე, კოლოსალური თანხა გამოსძალო და მეტიც, სრულიად ჩამოართვა რესოციალიზაციის საშუალება. არაჰუმანურია, მცირეოდენი, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო სახელმწიფომ მოქალაქეებს წლების განმავლობაში ჩამოართვას თავისუფლების ფუნდამენტური უფლება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს ნარკოპოლიტიკის ცვლილებებში უმნიშვნელოვანესია. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასა თუ სხვადასხვა სახის ნარკოტიკების ოდენობების შეძენა, შენახვისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ჩვენს შემთხვევაში პარალელად მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინება, რომლის თანახმადაც კანონი 100 გრამამდე ნედლ მარიხუანასთან მიმართებაში უფრო მკაცრი იყო ვიდრე 70 გრამამდე მარიხუანასთან მიმართებაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბერს გამოიტანილი ჰქონდა გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად გამოცხადდა 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა და შენახვა საქმეში - წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლომ წარდგინების საქმეში მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ 70 გრამი გამომშრალი და 100 გრამი ნედლი მარიხუანიდან გამომდინარე არავითარი განსხვავებული მახასიათებლები და საფრთხეები არ მომდინარეობდა, სწორედ ამიტომ არაკონსტიტუციურად ცნო 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვის გამო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25 სასამართლომ განმარტა, რომ „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ჩადენილი დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე (საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3975 - ვებგვერდი, 17.07.2015წ.)
როგორც ზემოთ ავღნიშნე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას თან მქონდა ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო შპრიცში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის 0,00025 გრამი. აღნიშნულის საფუძველზე კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შემეფარდა თავისუფლების აღკვეთა 07 წლით, საიდანაც 02 წელი მოვიხადე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი სასჯელი ჩამეთვალა პირობით.
ვინაიდან, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ დეზომორფინს არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, ნებისმიერი ოდენობის ერთ გრამამდე დეზომორფინის აღმოჩენა, კვალიფიცირდება როგორც დიდი ოდენობა. ცხადია 0,00025 გრამი დეზომორფინი არ არის იმ ოდენობის, რომ შესაძლებელია იყოს მისი ინტრავენური მოხმარება, ასევე, აღნიშნული ოდენობა არ უქმნის საფრთხეს საზოგადოების წევრებსა და მათ ჯანმრთელობას. ბუნებრივია დეზომორფინის დაზმადებისა და მოხმარების შემდეგ სამედიცინო შპრიცში დარჩა იმდენად მცირე ოდენობის დეზომორფინი კვალის სახით, რომ არათუ მისი მოხმარება, სპეციალური ხელსაწყოს - მიკროსკოპისა ან სხვა კომპიუტერული საშუალების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელია მისი აღმოჩენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, აშკარად არაპროპორციულია 0,00025 გრამი დეზომორფინის შენახვის გამო ადამინის მიმართ თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე ფარგლებში დასჯა, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუცია სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის N1/8/696 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №696 (საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული დეზომორფინის ოდენობა და ჩემს შემთხვევაში განსახილვილი ოდენობის (0,00025 გრამი) შორის უმნიშვნელო სხვაობაა, რასთანაც დაკავშირებით მითითებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ მოყვანილ არგუმენტებს მთლიანად ვეთანხმები და აგრეთვე, ზემოთაღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული რეკომენდაციების, ნორმატიული აქტებისა და განვითარებული სახელმწიფოების მიერ დანერგილი ლიბერალური ნარკოტიკული პოლიტიკის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ დეზომორფინის აღნიშნული ოდენობა (0,00025 გრამი) არ წარმოშობს მისი მოხმარების ან/და გასაღების რისკებს, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების - დეზმორფინის 0,00025 გრამამდე დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და უნდა იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად.
ვინაიდან, ანალოგიურ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, გთხოვთ წინამდებარე საკონსტიტუციო სარჩელი განიხილოთ ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა