ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1353 |
ავტორ(ებ)ი | ნატალია ფერაძე, კონსტანტინე გურული |
თარიღი | 3 ოქტომბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით |
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით |
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტი |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. |
კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილებით საქმე #4/3181-16-ზე (ასლი იხილეთ დანართის სახით) ნატალია ფერაძე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). ნატალია ფერაძეს განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
დადგენილებაში (მე-6 პუნქტი მე-2 და მე-3 გვერდები) აღნიშნულია: ,,სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ნატალია ფერაძის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა და ნატალია ფერაძის ბრალეულობა შესაბამისი სამართალდარღვევის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევა გამოიხატა ნატალია ფერაძის მიერ პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნის შეუსრულებლობაში, კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვისას შეეწყვიტა საპატრულო პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას, კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის თაობაზე, ნატალია ფერაძე დაემორჩილა (მიუხედავად მოთხოვნის უკანონობისა). ვინაიდან სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ე.წ. ,,სამხრე კამერის“ ჩანაწერი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. კერძოდ, მოწოდების შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ნატალია ფერაძეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ავიდა და განთავსდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე. მის ჩამოყვანას გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. ამასთან, რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის წარმომადგენლის განმარტებას ავტომანქანიდან ჩამოსვლისათვის დროის განსაზღვრის შესახებ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მოცემულ სიტუაციაში უსაფუძვლოდ მიაჩნია.
ამასთან, საყურადღებოა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნა იყო უკანონო და მისი შეუსრულებლობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ პირები, რომლებსაც წინააღმდეგობას უწევდა ნატალია ფერაძე, იყვნენ პოლიციელები და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-10 მუხლის მიხედვით, პოლიციელის მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპიდან. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა. ამასთან რაც შეეხება პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კონკრეტული ქმედების კანონიერებას, საკითხი არ წარმოადგენს მოცემული სამართალდარღვევის საქმის ფარგლებში განხილვის საგანს.
სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით თვითნებური, ძალადობრივი მოქმედებები დაუშვებელია. არამედ კანონით დაშვებულია მხოლოდ პრეტენზიის საჩივრით ან/და სარჩელით გამოხატვა“
ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც, რომელიც ასეთ საქმეებზე წარმოადგენს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს.
მეორე მოსარჩელეც კონსტანტინე გურული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის დადგენილებით (ასლი იხილეთ დანართის სახით) 2016 წლის 7 მაისს ქალაქ თბილისში კოჯრის ახალი გზატკეცილი #4-ის მიმდებარედ, საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ერთად“-ის ორგანიზებით (რომელიც აერთიანებდა 24 საზოგადოებრივ ჯგუფს და არასამთავრობო ორგანიზაციას) იმართებოდა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ,,პანორამა თბილისის“ მშენებლობის, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან 4 ჰა მიწის ნაკვეთის გასხვისებისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰა მიწის აუქციონზე გაყიდვის გასაპროტესტებლად. აქციის მიმდინარეობისას პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა 6 მონაწილე, მათ შორის კონსტანტინე გურული (დადგენილების მე-2 გვერდი) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ კონსტანტინე გურული ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე და დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. ეს დადგენილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის დადგენილებით.
საერთო სასამართლომ უარი განაცხადა, დაედგინა პოლიციის მიერ ნატალია ფერაძის და კონსტანტინე გურულის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის კანონიერება. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული სცილდებოდა დავის ფარგლებს. ამით სასამართლომ ისე დააკისრა მოსარჩელეს ადმინისტრაციული სახდელი, არ შეუსწავლია ის საკითხი რამდენად კანონიერი იყო პოლიციის მიერ მომჩივანისათვის წარდგენილი მოთხოვნა. თუ მოთხოვნა უკანონოა, პოლიცია ამეტებს თავის უფლებამოსილებას, არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს, რომ პოლიციელს დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა ან ცალკე წარმოებით ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა აინაზღაუროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მიყენებული ზიანი, არამედ პოლიციის უკანონო მოთხოვნის არსებობის დადგენის შემთხვევაში, არ დაეკისროს ადამიანს ადმინისტრაციული სახდელი. სადავო ნორმამ უშუალოდ შელახა მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტით, ასევე 42-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის სადავო ნორმატიული შინაარსი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2015 წლის 15 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-2 პარაგრაფში საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხილა იმ ნორმის კონსტიტუციურობა, სადაც სიტყვა-სიტყვით ისეთივე ჩანაწერი იყო, როგორც კონსტიტუციაში. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო გასაჩივრებულ ნორმასთან დაკავშირებით არსებული საერთო სასამართლოს პრაქტიკა, რაც განსხვავდებოდა ნორმის სიტყვა-სიტყვითი შინაარსისაგან და წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან. გიორგი უგულავას საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა:
,,საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ სადავო ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციის დანაწესთან, არამედ უნდა დაადგინოს, სადავო ნორმა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, რამდენად უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლების არსის დაცვას. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს“. შესაბამისად, მოცემული დავის გადასაწყვეტად სასამართლომ უნდა მოახდინოს სადავო ნორმის შინაარსობრივი შესაბამისობის დადგენა კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან.“
სადავო ნორმა ფორმალურად შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვინაიდან სადავო ნორმით სამართალდარღვევის შემადგენლობის ობიექტურ მხარეს ქმნის პოლიციის მოთხოვნის ან განკარგულების კანონიერება. თუმცა ნორმის სიტყვა-სიტყვით აზრთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს ამ ნორმის ნამდვილ აზრს და მისი გამოყენების პრაქტიკასაც. სარჩელს თან ერთვის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დადგენილებები, საიდანაც ირკვევა, რომ სასამართლო ისე სცნობს პირს სამართალდამრღვევად, რომ არ ადგენს, იყო თუ არა პოლიციის მოთხოვნა კანონიერი. სადავო ნორმის წაკითხვაც იმგვარად არის შესაძლებელი, რომ პოლიცია თავად განსაზღვრავს რა მოთხოვნაა შეიძლება იყოს კანონიერი, მოთხოვნის ადრესატი ვალდებულია დაემორჩილოს ნებისმიერ მოთხოვნას, მათ შორის ისეთს, რაც ობიექტურად შეიძლება იყოს უკანონო, მაგრამ თუნდაც პოლიციელის სუბიექტური გადმოსახედიდან შეიძლება იყოს კანონიერი.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლე სრულ დისკრეციას ანიჭებს პოლიციელს იმის შეფასებისას, რამდენად კანონიერია მისი მოთხოვნა და მხოლოდ იმას განსაზღვრავს, რამდენად დაემორჩილა ადამიანი ამ მოთხოვნას. ამავე დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი მოსამართლე ამოწმებს რამდენად ჰქონდა პოლიციელს კონკრეტული მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილება ზოგადად და არა იმ სიტუაციაში, როცა ამგვარი მოთხოვნა წარადგინა. საქმის ინდივიდუალური გარემოებების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან პოლიციას ზოგადად შეიძლება ჰქონდეს განსაზღვრული შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების უფლება (მაგალითად აქციის დაშლის უფლება), მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ამ ღონისძიების გამოყენება ან მოთხოვნის წარდგენა იყოს არაპროპორციული. მაგრამ საქმის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მოსამართლე არ წყვეტს საკითხს იმის თაობაზე, რამდენად იყო პოლიციის მოთხოვნა კონკრეტულ შემთხვევაში კანონიერი. სწორედ ამგვარი შეფასების გარეშე წყდება ადამიანისათვის ადმინისტრაციული პასუხისგების დაკისრება.
პოლიციის მიერ მისივე ქმედების კანონიერების შეფასების გადამოწმება არ ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სასამართლოში განხილვისას. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველმა მოსამართლემ მიუთითა, პოლიციის ქმედების კანონიერების შემოწმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართალწარმოების დავის საგანს არ წარმოადგენდა. სავარაუდოდ, პოლიციის ქმედების კანონიერების საკითხის დადგენა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველმა მოსამართლემ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას ან ადმინისტრაციული სარჩელის განმხილველ მოსამართლეს მიანდო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმეზე ,,ლიბერთი ბანკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-14 პუნქტში, განაცხადა:
,,სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა. თუმცა ამ ზოგადი წესიდან შეიძლება რამდენიმე გამონაკლისი არსებობდეს, მათ შორის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება, რომ ერთი და იგივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები წინააღმდეგობრივია. ასეთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, რომ საერთო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შინაარსი საბოლოოდ განისაზღვრა. ნორმის განმარტების არაერთგვაროვანი პრაქტიკა შესაძლოა ასევე ნორმის ბუნდოვანებაზე და მის არაკონსტიტუციურობაზეც მიუთითებდეს. გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე უფლებამოსილია, არ მიიღოს საერთო სასამართლოს მიერ შემოთავაზებული განმარტება, თუ ის აშკარად არაგონივრულია.“
მოცემულ შემთხვევაში არა გვაქვს ვითარება, როდესაც საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმის განმარტება წინააღმდეგობრივია. საერთო სასამართლოების, კერძოდ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიდგომა იმ საკითხზე, რომ პოლიციის მოთხოვნის კანონიერების შესწავლა სცილდება სამართალდარღვევის საქმის შესწავლის ფარგლებს, ერთნაირია. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ამგვარი მიდგომა ჰქონდათ, არა მხოლოდ ნატალია ფერაძის, არამედ ასევე კონსტანტინე გურულის საქმეშიც (სააპელაციო სასამართლოს დადგენილება კონსტანტინე გურულის საქმეზე თან ერთვის ამ სარჩელს), რომელიც ასევე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში. სასამართლოს პრაქტიკა ამ კუთხით არის თანმიმდევრული და დადასტურებული სამართალდარღვევების საქმეზე საბოლოო ინსტანციის - სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: ,,სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“ ამგვარად, ის, რომ სამართალდარღვევის საქმის განმხილველ მოსამართლეს არ ევალება პოლიციის მოთხოვნის კანონიერების შესწავლა, წარმოადგენს სადავო ნორმის საბოლოოდ განსაზღვრულ შინაარსს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთ შემთხვევაში აქვს უფლება, საერთო სასამართლოს მიერ ნორმის განმარტება არ მიიჩნიოს სადავო ნორმის შინაარსად, თუ საერთო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება აშკარად არაგონივრულია. ნატალია ფერაძის და კონსტანტინე გურულის საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება აშკარად არაგონივრული არ არის. სასამართლომ ახსნა მიზეზები, თუ რატომ ქმნის პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა აპრიორი 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის შემადგენლობას: ,,სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით თვითნებური, ძალადობრივი მოქმედებები დაუშვებელია, არამედ კანონით დაშვებულია მხოლოდ პრეტენზიის საჩივრით ან სარჩელით გამოხატვა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილება #4/3181-16 საქმეზე მე-6 პუნქტი მე-3 პუნქტი).
თბილისის საქალაქო სასამართლო ნორმის ამგვარი განმარტებისას, მიზნად ისახავდა არ დაეშვა თვითნებური და ძალადობრივი შეწინააღმდეგება პოლიციის მოთხოვნისადმი. სწორედ ამიტომ, სასამართლომ განაცხადა, რომ მოქალაქე უნდა ემორჩილებოდეს პოლიციელის ნებისმიერ მოთხოვნას, მათ შორის უკანონოს. სასამართლოს თქმით, პოლიციის უკანონო ქმედებაზე ერთადერთი პასუხი საჩივრის ან სარჩელის წარდგენის უფლების გამოყენებაა. ცხადია, ამ განმარტებით, საერთო სასამართლო მიზნად ისახავდა, არ დაეშვა უკანონო თვითდახმარების ან თვითნებობის შესაძლებლობაც კი, როცა მოქალაქე თავისი ნამდვილი ან თავისად დაგულებული უფლების დასაცავად არ ემორჩილება პოლიციას.
მაგალითად, პოლიციელი სთხოვს ადამიანს საჯარო ადგილის დატოვებას და მოქალაქე პოლიციელის მიერ მიცემულ გონივრულ დროში არ ტოვებს ტერიტორიას. სასამართლოს პოზიციაა, რომ იმის მიუხედავად, რამდენად აქვს მოქალაქეს მოცემულ ადგილას ყოფნის უფლება, უნდა შეასრულოს პოლიციელის მოთხოვნა და დატოვოს ტერიტორია. საერთო სასამართლოებმა მოქალაქეს ერთადერთი არჩევანი დაუტოვა: პოლიციის მოთხოვნას შეეწინააღმდეგოს საჩივრის ან სარჩელის წარდგენის მეშვეობით. სასამართლოს პოზიციით, სხვაგვარად იქმნება მოქალაქის მხრიდან პოლიციელზე ძალადობის ან თვითნებობის საფრთხე, რაც საბოლოო ჯამში ქმნის სახელმწიფოს მხრიდან ძალის მონოპოლიის დაკარგვის და ქაოსის საფრთხეს. სასამართლოს მიერ ნორმის ამგვარი განმარტება აშკარად არაგონივრული არ არის, იმის მიუხედავად, რომ მოქალაქის ამგვარი საჩივარი შეიძლება სამართალდარღვევის საქმის საქმესთან ერთად იყოს განხილული. თუმცა ეს სხვა საკითხია და ამ სარჩელის ფარგლებში ვითხოვთ იმ საკითხის კონსტიტუციურობის გამოკვლევას, რომ სამართალდარღვევის საქმის განხილვისას სასამართლო არ ახდენს ამგვარი საჩივრის გამოკვლევას. ამის მიუხედავად, ამით საერთო სასამართლოების მიერ ნორმის განმარტების გონივრულობა ეჭვქვეშ არ დგება.
ამგვარად, იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლში პირდაპირ არ წერია ის, რომ სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სასამართლო არ უნდა შევიდეს კონკრეტულ ვითარებაში პოლიციის მოთხოვნის წარდგენის კანონიერების შემოწმებაში, ასეთი შინაარსი სადავო ნორმებს მიანიჭეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა. იმის გამო, რომ ამ ორ ინსტანციას ამ საკითხზე აქვს ერთგვაროვანი მიდგომა, იმავდროულად, ეს მიდგომა აშკარად არარაციონალური არ არის, ამით დაკმაყოფილებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ,,ლიბერთი ბანკი“-ს საქმეზე დადგენილი ტესტის მოთხოვნები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის იმგვარ ნორმატიულ შინაარსზე, რომლის მიხედვითაც ამ სამართალდარღვევის განმხილველი სასამართლო არ ამოწმებს, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციელის მოთხოვნის ან განკარგულების კანონიერებას.
2) სადავო ნორმის არსი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის სასამართლოში განხილვის ფარგლებიდან პოლიციის ქმედების კანონიერების საკითხის გამორიცხვა აჩენს იმის შესაძლებლობას, რომ ობიექტურად უკანონო, მაგრამ პოლიციელის გადმოსახედიდან კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის ადამიანს დაეკისროს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. ამით სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სასამართლო თავად ხდება ადამიანის დაუსაბუთებელი პატიმრობის თანამონაწილე. სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სასამართლოში განხილვის ეტაპზე პოლიციელის ქმედების კანონიერების შესწავლა და ამის საფუძველზე სახდელის დაკისრება/არდაკისრების გადაწყვეტილების მიღება მომავალში თუ არ გამორიცხავდა, შეამცირებდა მაინც სახელმწიფო ორგანოს მიერ უკანონო ქმედებით მოქალაქისათვის მიყენებულ ზიანს. უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული დაკავება, რასაც მოჰყვა ჯარიმის ან ადმინისტრაციული პატიმრობის დაკისრება, ზრდის ადამიანისათვის მიყენებული როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ოდენობას. ამასთან ერთად სასამართლოს ეს უმოქმედობა ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ავტორიტეტს, აქცევს რა მოსამართლეს აღმასრულებელი ხელისუფლების უკანონო ქმედების თანამონაწილედ.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ მოსამართლეს თავად აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს პოლიციის სავარაუდო უკანონო ქმედებებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმის ფუნქცია, იმით, რომ სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განიხილოს ის საჩივარი, რაზედაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია საუბრობდა ნატალია ფერაძის საქმეში. სამართალდარღვევის საქმის განხილვისას დაცვის მხარის, მტკიცებულებებით გამყარებული, მითითება იმის თაობაზე, რომ პოლიციის მოთხოვნა მოცემულ ვითარებაში იყო უკანონო, სწორედ ის საჩივარი შეიძლება იყოს, რაც პოლიციის მოთხოვნის მიმართ ძალადობრივი ან თვითნებური პასუხის კანონიერ ალტერნატივად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლომ ნატალია ფერაძის საქმეზე 2016 წლის 10 მაისის დადგენილებაში.
პოლიციის მოთხოვნის კანონიერების შესწავლით, ერთი მხრივ, სასამართლო შეასრულებდა აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედების კანონიერებაზე ზედამხედველის ფუნქციას, რაც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებული სამართლებრივი სახელმწიფოს და კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხელისუფლების დანაწილების ნორმა-პრინციპიდან, მეორე მხრივ, პოლიციის უკანონო ქმედების დადგენის შემთხვევაში, სასამართლო თავიდან აიცილებდა კანონდარღვევაში პოლიციასთან თანამონაწილეობას, იმ პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე დადგენილების მიღებით, ვინც არ დაემორჩილა პოლიციის უკანონო მოთხოვნას არაძალადობრივი გზით (მაგალითად, პოლიციელმა სთხოვა მოქალაქეს საჯარო ადგილის დატოვება, რა უფლებაც, მოცემულ სიტუაციაში და არა ზოგადად, პოლიციელს არ ჰქონდა და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მოქალაქე იქნა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული). აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედების კანონიერების შემოწმება ემსახურება სასამართლო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვას.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მომავალში გადასინჯვის შესაძლებლობა, უკანონო ქმედებისათვის პოლიციის მსჯავრდების, დისციპლინური ან დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ, ეს არ გამორიცხავს იმის საჭიროებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველმა სასამართლომ თავად დაადგინოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ ჩადენილი ქმედების კანონიერება ან უკანონობა. როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში მოსამართლე ნათლად ხედავს პოლიციელის მხრიდან უკანონო მოთხოვნის წარდგენის ფაქტს, ან უკანონობის დამადასტურებელ მტკიცებულებას დაცვის მხარე წარუდგენს სასამართლოს ან თავად ოქმის შემდგენელი პოლიციელი ვერ ასაბუთებს თავისი მოთხოვნის კანონიერებას, სამართალდარღვევის საქმის განმხილველმა სასამართლომ უარი არ უნდა თქვას მართლმსაჯულების განხორციელებაზე, შსს-ს გენერალური ინსპექციისათვის, პროკურატურის, სისხლის სამართლის საქმეებისა და ადმინისტრაციული სარჩელის განმხილველი სასამართლოსათვის ლოდინის გარეშე, სამართალდარღვევის საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა აღმოფხვრას პოლიციელების მხრიდან უკანონობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის გზით. ეს არის უფრო დროული ღონისძიება ადამიანის უფლებების დასაცავად, ვიდრე დროში გაწელილი პროცედურები გენერალურ ინსპექციაში, პროკურატურას, სისხლის სამართლის საქმის თუ ადმინისტრაციული სარჩელის განმხილველ სასამართლოში. როცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილი მოთხოვნის კანონიერება ვერ დასტურდება, სასამართლოს მიერ ამ გარემოების დადგენის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტა არის ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი ნაწილი, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით. ეს უკანასკნელი მოიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთ ასპექტსაც, რაც დაკავშირებულია სასამართლო დაცვის ეფექტურობასთან.
3) საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დაცული სფერო
სადავო ნორმით ადამიანს შეიძლება შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა, ისე, რომ სასამართლომ არ გამოიკვლიოს პოლიციელის ქმედების კანონიერება. პატიმრობა თავისი არსით არის შეუქცევადი სამართლებრივი შედეგის მქონე სახდელი. თუკი ჯარიმის შემთხვევაში ადამიანს აქვს შესაძლებლობა, დელიქტური სამართალწარმოების წესით მიიღოს კომპენსაცია და ამით აინაზღაუროს უსაფუძვლო ჯარიმით განცდილი ზიანი, იმავეს ვერ ვიტყვით ადმინისტრაციულ პატიმრობაზე. ფული არ არის ადეკვატური ეკვივალენტი უსაფუძვლოს თავისუფლების აღკვეთით გამოწვეული ტანჯვისათვის, როცა ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, პატიმრობის შემფარებელი მოსამართლის მიერ პოლიციის მოთხოვნის კანონიერების შესწავლით გზით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 11 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუქნტის თანახმად, „თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა“ დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. შესაბამისად, ადამიანის თავისუფლების, მისი ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა, როგორც წესი, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლეზე უნდა მოხდეს. ეს არის ძირითადი წესი, პრინციპი, რომელსაც თავისუფლების უფლების მზღუდავი ნორმა უნდა აკმაყოფილებდეს.“
ამავე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის მე-15 პუნქტში აღნიშნულია: ,,კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტი პირის ფიზიკური თავისუფლების ხანგრძლივი შეზღუდვის შემთხვევებს განსაზღვრავს, მაგალითად: წინასწარი პატიმრობა ან სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, სასჯელის (ან სახდელის) სახით თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. შესაბამისად, სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამო იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უშვებს. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა იქნება, თუ სადავო ნორმის საფუძველზე პირის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 72 საათზე მეტი ვადით არის შესაძლებელი.“
სადავო ნორმა ითვალისწინებს 15 დღით პირისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას. ნორმას მიმართება აქვს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტთან იმის გამო, რომ სადავო ნორმით თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა აღემატება 72 საათს და იმავდროულად, ამ ხანგრძლივობის პატიმრობის გამოყენებისას გადამწყვეტია, პოლიციელის და არა მოსამართლის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. მართალია, 15 დღით პატიმრობის გამოყენება ფორმალურად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ არ უძღვის სასამართლოს მიერ პოლიციელის ქმედების კანონიერების შეფასება. ქმედების კანონიერების ერთადერთი შემფასებელი, პატიმრობის გამოყენებამდე, თავად პოლიციელია. ამ ქმედების კანონიერება აღარ ექვემდებარება იმ სასამართლოს კონტროლს, რომელიც უფლებამოსილია პატიმრობის ღონისძიება გამოიყენოს.
ლევან იზორიას და დავით-მიხეილ შუბლაძის საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-2 პუნქტში კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეორე მუხლების განმარტებისას, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,უდავოა, რომ ადამიანის პირადი თავისუფლების, მისი ხელშეუხებლობის, საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედების თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, შეუზღუდავი უფლება. თუმცა, ის აბსოლუტურად არის დაცული უკანონო, უსაფუძვლო და თვითნებური შეზღუდვისგან. პირადი თავისუფლების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობის, მისი გადაწყვეტილების საფუძველზეა დასაშვები. კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო, ერთი მხრივ, მოქმედებს როგორც ადამიანის ფიზიკური თავისუფლების დაცვის გარანტი, ხოლო, მეორე მხრივ, მისი შეზღუდვის უფლებამოსილებით აღჭურვილი ლეგიტიმური ორგანო.
სასამართლო ვერ იქნება ადამიანის ფიზიკური თავისუფლების დაცვის გარანტი, თუ ქმედების კანონიერების დადგენის უფლებამოსილებას მთლიანად პოლიციას მიანდობს და თავად არ გადაამოწმებს პოლიციელის ამგვარ შეფასებას.
სადავო ნორმის თანახმად, გადამწყვეტია იმის დადგენა, დაემორჩილა თუ არა პირი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. იმის დადგენა, რომ პოლიციელის მოთხოვნა იყო კანონიერი და პირი მას არ დაემორჩილა, იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღით. შესაბამისად, პოლიციელის მოთხოვნის კანონიერების შეფასება, თუ მხოლოდ თავად პოლიციელის უფლებამოსილებაა და ამაში სასამართლო ვერ/არ ერევა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთა მოსამართლის გადაწყვეტილებით სახელდებული პოლიციელის გადაწყვეტილებით ხდება. ეს გარემოება არა მარტო მე-18 მუხლის მეორე პუნქტთან მოდის წინააღმდეგობაში, არამედ ეწინააღმდეგება ისეთ ფუძემდებლურ კონსტიტუციურ პრინციპებს, როგორიც სამართლებრივი სახელმწიფოს და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპებია, რომლებიც მთლიანობაში განაპირობებს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის შინაარსსაც და მიზანსაც. როდესაც მოთხოვნის კანონიერების შეფასება მთლიანად პოლიციელზე და არა სასამართლოზეა დამოკიდებული და ამ შეფასებას მოჰყვება თავისუფლების აღკვეთა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აღარ არის დამოკიდებული და მხოლოდ სასამართლო აღარ არის ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვაზე ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანო.
როდესაც სასამართლო ენდობა პოლიციელის მიერ მისივე მოთხოვნის კანონიერების შეფასებას და ხელახლა აღარ ამოწმებს ამ მოთხოვნის კანონიერებას, პოლიციელი თავად ხდება თავისივე ქმედების შემფასებელი. ,,არც ერთი ადამიანი არ შეიძლება იყოს მოსამართლე თავის საქმეში“ (liquis non debet esse Judex in propria causa” აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სკალიას თანხვედრი აზრი საქმეში Tellabs, Inc. v. Makor Issues & Rights, Ltd. https://supreme.justia.com/cases/federal/us/551/308/concurrence.html). ადამიანის ფიზიკური თავისუფლება ,,ძალიან ძვირფასია საიმისოდ, რომ მისი ხელშეუხებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მხოლოდ კეთილ ნებას მივანდოთ“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის№1/1/625, 640გადაწყვეტილების მეორე თავის მე-80 პუნქტი).
როცა ქმედების კანონიერებაზე საბოლოო სიტყვას ამბობს პირი, რომელმაც ეს ქმედება განახორციელა და ამ შეფასებას მოჰყვება ადამიანის 15 დღის ვადით პატიმრობა, იზრდება თვითნებობის და თავისუფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვის საფრთხე. ამასთან სასამართლო უარს აცხადებს, პოლიციელის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელის ჯეროვან კონტროლზე ისეთ კონსტიტუციურად მგრძნობიარე სფეროსთან მიმართებაში, როგორიც ადამიანის ფიზიკური თავისუფლებაა. სასამართლო კონტროლი ამ შემთხვევაში ადამიანის თვითნებური თავისუფლების აღკვეთის პრევენციის საშუალება იქნებოდა, რაც კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეორე მუხლის მოთხოვნაა.
არანაირი გამართლება არ გააჩნია სადავო ნორმის იმგვარ ნორმატიულ შინაარსს, რაც მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას, ისე შეუფარდოს ადამიანს ადმინისტრაციულ პატიმრობა, რომ არ გამოიკვლიოს, პოლიციელის მოთხოვნის კანონიერება. ადამიანის თავისუფლება იმდენად ძვირფასია, რომ განხილვის შეზღუდული ვადები არ წარმოადგენს იმის გამართლებას, რომ მოსამართლე გათავისუფლდეს პოლიციელის მოთხოვნის კანონიერების შესწავლის ვალდებულებისაგან. ცალკე წარმოება, რაც უკანონო პატიმრობისათვის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, ვერ იქნება ადეკვატური საპირწონე უსაფუძვლო პატიმრობისათვის, რომლის აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა, მოსამართლეს პოლიციელის მოთხოვნის კანონიერება რომ შეესწავლა. „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს, როგორც ultima ratio“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). როცა მოსამართლე, დროის სიმცირის მოტივით, ისე უფარდებს ადამიანს პატიმრობას, რომ არ სწავლობს პოლიციის იმ ქმედების კანონიერებას, რასაც პირი არ დაემორჩილა, იმ ვარაუდით, რომ თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ, მოქალაქე სხვა სასამართლო პროცედურის გზით დაამტკიცებს პოლიციის მოთხოვნის უკანონობას და მოახდენს ზიანის ფულად ანაზღაურებას, ასეთ ვითარებაში თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება მივიჩნიოთ სათანადოდ დასაბუთებულ და გამართლებულ ultima ratio საშუალებად.
ამგვარად, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეორე პუნქტთან.
4) კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი იცავს ადამიანის უფლებას, ეროვნულ დონეზე ჰქონდეს კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის ეფექტური საშუალება. კონვენციის მიზნებისათვის ეს საშუალება შეიძლება იყოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის ასეთად მიჩნეულია სასამართლო, სადაც ხდება კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა. როცა სასამართლოს არ შესწევს უნარი, შეაფასოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედების კანონიერების საკითხი, როგორც მატერიალური, ისე ფორმალური თვალსაზრისით, ამით სასამართლო ვერ ჩაითვლება კონსტიტუციური უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებად, შედეგად ადამიანის კონსტიტუციური უფლებები დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2016 წლის 29 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე პარალამენტის წევრები დავით ბაქარაძე, სერგო რატიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის კონტექსტში იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობაზე, გაეკონტროლებინა საკანონმდებლო ხელისუფლება. ამ საქმეში სასამართლო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტურობის პრინციპები ისევე მიემართება საერთო სასამართლოსაკენ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოსაკენ. ამის მიზეზია ის, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება, როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთო სასამართლოზე.
2016 წლის 29 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-6 პუნქტში აღნიშნულია: ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული დებულება, როგორც წესი, გულისხმობს ხელისუფლების დანაწილებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად, რაც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ქვაკუთხედს წარმოადგენს. მოცემული ჩანაწერი არ არის დეკლარაციული ხასიათის და იგი მჭიდრო კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რომელიც გაცხადებული და განმტკიცებულია კონსტიტუციის პრეამბულით.“ ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში აღნიშნულია: ,,აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, არამედ მისი მიზანია, აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც გამოხატულია კიდეც კონსტიტუციის შესაბამის თავებში მოცემული რეგულირებებით, რომლებიც განსაზღვრავს ხელისუფლების თითოეული შტოს კომპეტენციას და მის ურთიერთმიმართებას სხვა შტოებთან.“ აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-15 პუნქტში აღნიშნულია: ,,საკანონმდებლო ორგანო განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულირებების შემუშავებას. მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ხელისუფლების ქმედებებმა არ გამოიწვიოს ... მაკონტროლებელი ორგანოს … საქმიანობის შეფერხება და პარალიზება, რაც არაეფექტურს გახდის მთლიანად კონტროლის განხორციელების პროცესს და დაარღვევს შეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციურ სტრუქტურას.“
ამ კონტექსტში ასევე საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დავით ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლის მეორე თავის პირველ პუნქტში აღნიშნულია: ,, აზრს კარგავს სამართლებრივი წესებით ხელისუფლების შეზღუდვა, თუ არ არსებობს ამ წესების შემქმნელი და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მესამე ინსტანცია, რომელიც ქმედებების ამ წესებთან შესაბამისობას დაადგენდა. უფლებებისა და თავისუფლებების არსებობისა და ეფექტური რეალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობას. უფლება ის ლეგიტიმური ინტერესია, რომელიც ამართლებს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირის თავისუფლების შეზღუდვას. ხოლო კონკრეტული ინტერესის უფლებად განსაზღვრის შედეგი არის სწორედ ის, რომ მისი ხელყოფის ან შესაძლო ხელყოფის შემთხვევაში, უფლების სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს ხელყოფის საფრთხისგან დაცვა ან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების იურისდიქციის შეზღუდვა – სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვით სასამართლო კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების სასამართლო განსჯადობის სფეროდან გამოყვანა, prima facie საფრთხეს უქმნის როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ისე სასამართლო ხელისუფლების უნარს, შეაკავოს და გააწონასწოროს პოლიტიკური ხელისუფლება. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ყოველი ასეთი მოქმედება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შემოწმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.“
უფლება, რაც შეიძლება შეილახოს სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შეუსრულებლობისას, შეიძლება იყოს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული ფიზიკური თავისუფლების, 24-ე მუხლით გარანტირებული გამოხატვის და 25-ე მუხლით გარანტირებული შეკრების თავისუფლება. ცალკე აღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ არის მიმართული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისათვის. თუმცა პრაქტიკაში ამ ნორმის გამოყენება შესაძლოა იმგვარად მოხდეს, რომ ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლებები შეიზღუდოს და მოსარჩელეების შემთხვევა ამის დასტურია. მოსარჩელეების დაკავებისას ისინი სარგებლობდნენ შეკრების კონსტიტუციური უფლებით. ამ უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევისაგან დაცვის შესამოწმებლად სასამართლო უნდა იყოს აღჭურვილი პოლიციის კონტროლის სრული პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი შესაძლებლობით. სხვაგვარად, შეკრების თავისუფლება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ და სასამართლო არ იქნება ეფექტური, გააკონტროლოს სამართალდამცავი ორგანოს ქმედების კანონიერება, რასაც შედეგად ინდივიდის მიმართ მკაცრი სანქციები და გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა მოჰყვება.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პოლიციის მოთხოვნის კანონიერებაზე ეფექტური სასამართლო კონტროლი უნდა არსებობდეს იმის მიუხედავად, პირისათვის სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება პირდაპირ იწვევს თუ არა გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დარღვევას. ამ კუთხით საკმარისია, პრაქტიკაში ამ უფლებების შელახვის რისკების არსებობის დემონსტრირება. ის რომ ნორმას ზოგადი და ნეიტრალური შინაარსი გააჩნია შეკრების თავისუფლების მიმართ, პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს გარემოება ვერ გამორიცხავს შეკრების უფლების შეზღუდვას სწორედ ამ ნორმის საფუძველზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ, დავით ყიფიანისა და ავთანდილ უნგიაძის საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავში, აღნიშნა: ,,კონსტიტუციის 42–ე მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა არა მარტო უფლების დარღვევის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი იმ საკითხის გადასაწყვეტად, რაც პირდაპირ თუ ირიბ გავლენას იქონიებს პირის უფლების შინაარსზე, მის ფარგლებსა თუ შეზღუდვებზე.“
რას გულისხმობს სასამართლოს ეფექტურობა, გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება? ამ კითხვაზე პასუხი გასცა საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის პირველ პუნქტში: ,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. ეს ნორმა ადგენს უფლებას სამართლიან სასამართლოზე, რომლის შინაარსი და ფარგლები განსაზღვრულია თავად კონსტიტუციით და საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით. კერძოდ, ეს უფლება არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის (სარჩელის შეტანის) შესაძლებლობას გულისხმობს, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს.“
როდესაც შეკრების უფლებით სარგებლობისას პირი წარდგენილი იქნა სასამართლოში იმის შესაფასებლად, რამდენად არ დაემორჩილა ეს პირი შეკრების ჩატარებისას პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, სასამართლოს მიერ პოლიციის მოთხოვნის კანონიერების შეფასების გარეშე, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის ან ჯარიმის გამოყენება, არ ჩაითვლება სასამართლოს მიერ სახელმწიფო ორგანოს (პოლიციის) ყველა გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებად და შესაბამისად, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის სრულყოფილად დაცვად. შესაბამისად, სადავო ნორმით ადგილი აქვს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვას.
ამ ეტაპზე უნდა დავადგინოთ, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა და რამდენად აკმაყოფილებს ეს შეზღუდვა თანაზომიერების მოთხოვნებს.
5) თანაზომიერების ტესტი
როდესაც ეროვნული სასამართლოები მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ სწავლობენ ადმინისტრაციული ორგანოების ისეთ აქტებს, რაც გავლენას ახდენს კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას. ამის მაგალითია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გლას ნადეჟდა და ელენკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-82632. ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში აღნიშნულია:
2000 წლის 16 აგვისტოს ორგანიზაცია ,,გლას ნადეჟდამ“ მიმართა სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომისიას (შემდგომში კომისია) ქალაქ სოფიაში ქრისტიანული რელიგიური არხის რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად. მომჩივანმა კომისიას წარუდგინა ბიზნეს გეგმა, პროგრამების პროექტი, მაუწყებლობის კონცეფცია, პროფილი, სამაუწყებლო ბადე. ნათელი იყო, რომ მომჩივანი ქრისტიანული რელიგიური პროგრამებით მაუწყებლობას გეგმავდა.
დადგენილი პროცედურის შესაბამისად, განცხადება გადაეგზავნა რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულ კომიტეტს (შემდგომში კომიტეტი). განცხადებაზე მსჯელობის შემდეგ, 2000 წლის 26 სექტემბერს კომიტეტმა არ დააკმაყოფილა განცხადება. კომიტეტმა განაცხადა, რომ მართალია მომჩივანმა წარმოადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, ამის მიუხედავად ეს დოკუმენტაცია არ შეესაბამება კომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების 3.4 (რეგიონებზე გათვლილი გადაცემები), 3.5 (სოციალური დანიშნულების გადაცემები, ინფორმაცია და კომენტარი, კულტურა და განათლება, მოწყვლადი ჯგუფები) და 4.3 (ბიზნესზე გადაცემები) პუნქტებს. წარდგენილი დოკუმენტაცია ნაწილობრივ აკმაყოფილებდა კრიტერიუმების 3.1 (შერჩეული პროგრამების დასაბუთება), 3.2 (წარმოდგენილი პროგრამების უნიკალურობა), 3.3 (აუდიტორიის მოლოდინებთან შესაბამისობა), 4.1 (ადამიანური რესურსები) და 4.2 (ტექნიკური რესურსები) პუნქტებს. კომისია ასევე აღნიშნავდა, რომ ,,გლას ნადეჟდას“ ადრე არასოდეს ჰქონია ამგვარი პროგრამების მომზადების გამოცდილება (გადაწყვეტილების მე-8 პარაგრაფი). დადგენილი წესით კომიტეტის გადაწყვეტილება გადაეგზავნა კომისიას (გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი) კომისიის გადაწყვეტილებითაც ,,გლას ნადეჟდას“ უარი ეთქვა ლიცენზიის გაცემაზე. ეს უარი ეფუძნებოდა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (გადაწყვეტილების მე-10 პარაგრაფი).
მომჩივანმა რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბულგარეთის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ მან წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც აკმაყოფილებდა კომიტეტის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. ამის მიუხედავად, კომიტეტმა არ მიუთითა ის, თუ რატომ ვერ აკმაყოფილებდა განაცხადი დადგენილ კრიტერიუმებს. ამით დაირღვა ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები (გადაწყვეტილების მე-15 პუნქტი).
თავისი გადაწყვეტილებით უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს სამი მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა სარჩელი. სასამართლომ დაადგინა, რომ რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული კომიტეტის მიერ სალიცენზიო განაცხადის კომიტეტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენაზე არ ვრცელდებოდა სასამართლო კონტროლი. სასამართლოს თქმით, ამის მიზეზი იყო ის, რომ რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული კომიტეტი სარგებლობდა დისკრეციით ამ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეში კომიტეტმა დაადგინა, რომ ,,გლას ნადეჟდას“ მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ მოიცავდა რეგიონულ აუდიტორიას, სოციალური თემატიკისა და ბიზნესის შესახებ გადაცემებს. განაცხადი ნაწილობრივ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრამები უნდა ყოფილიყო სხვებისაგან გამორჩეული, ასევე მაუწყებელი ნაწილობრივ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს აუდიტორიის მოლოდინებთან, ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებთან დაკავშირებით. თუმცა, რატომ ვერ აკმაყოფილებდა წარდგენილი დოკუმენტები ამ მოთხოვნებს, ამ საკითხის მსჯელობაში სასამართლო არ შესულა, იმის გამო, ამ საკითხების განსაზღვრაში კომიტეტი დისკრეციით სარგებლობდა (გადაწყვეტილების მე-16 პუნქტი).
,,გლას ნადეჟდამ“ სამართლებრივი თვალსაზრისით გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება ხუთი მოსამართლისაგან შემდგარ კოლეგიაში. საჩივარში მიუთითა იგივე არგუმენტები (გადაწყვეტილების მე-17 პარაგრაფი).
საბოლოო გადაწყვეტილებაში უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს ხუთი მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილის შეუცვლელად (გადაწყვეტილების მე-18 პუნქტი).
ბულგარეთისა რადიოსა და ტელევიზიის შესახებ კანონის თანახმად, რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტს უფლება ჰქონდა, გაეცა და ჩამოერთმია სუბიექტისთვის მაუწყებლობის ლიცენზია, შეეცვალა სალიცენზიო პირობები. ეს გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს კონტროლს (გადაწყვეტილების 31-ე პუნქტი).
ბულგარეთის ადმინისტრაციულ საპროცესო კანონის თანახმად, სასამართლო კონტროლის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტები, რომლებიც სასამართლოების მიერ მოწმდება კანონიერების თვალსაზრისით. რაც ნიშნავს შემდეგი გარემოებების დადგენას: გამოსცა თუ არა აქტი კომპეტენტურმა ორგანომ, მოხდა თუ არა აქტის დადგენილი ფორმით გამოცემა, დაცული იყო თუ არა სათანადო პროცედურული და მატერიალური წესები აქტის გამოცემისას, შეესაბამება თუ არა ადმინისტრაციული აქტი კანონის მიზნებს (გადაწყვეტილების 32-ე პუნქტი).
ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, კონვენციის მე-13 მუხლით გარანტირებულია ის, რომ ეროვნული დონეზე ხელმისაწვდომი იყოს დაცვის საშუალება კონვენციის შესაძლო დარღვევის აღსაკვეთად, რათა კონვენციით გათვალისწინებული უფლების რეალური შინაარსი, რა ფორმითაც არ უნდა გვხვდებოდეს ის კონკრეტულ სამართლებრივ წესრიგში, იყოს უზრუნველყოფილი. ეროვნულ დონეზე დაცვის მექანიზმი მხოლოდ მაშინ მოითხოვება, თუკი კონკრეტული პრეტენზია მიემართება კონვენციის ტექსტს (გადაწყვეტილების 65-ე პარაგრაფი).
ამ საქმეში დადგინდა კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა, რაც აშკარად მიუთითებს, რომ პრეტენზია კონვენციით გათვალისწინებულ საკითხს უკავშირდება. ამის შემდეგ სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ეროვნულ დონეზე დაცვის ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებაც აძლევს მხარეს იმის შესაძლებლობას, რომ რეალურად ისარგებლოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებით (გადაწყვეტილების 66-ე მუხლი).
რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული კომიტეტის ადმინისტრაციული აქტის საწინააღმდეგო პროცესში უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ნათლად განაცხადა, რომ სასამართლო არ შეამოწმებდა იმას, თუ როგორ დაადგინა ადმინისტრაციულმა ორგანომ ,,გლას ნადეჟდას“ პროგრამული დოკუმენტების შესაბამისობა სათანადო კრიტერიუმებთან, ვინაიდან ეს საკითხი ამ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების წარმოადგენდა. ამ გარემოებაზე დაყრდნობით, ეროვნულმა სასამართლომ უარი განაცხადა, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ჩარეულიყო რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და არ შეისწავლა პრეტენზია, რაც კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლებას) გათვალისწინებული საკითხის შესწავლას უკავშირდებოდა (გადაწყვეტილების 68-ე პარაგრაფი).
სასამართლოს მსგავს საკითხთან შეხება ჰქონდა საქმეებში სმიტი და გრეიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, პეკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. ამ საქმეებში ინგლისური სასამართლოები მხედველობაში არ იღებდნენ მომჩივანის კონვენციაზე დაფუძნებულ არგუმენტებს, არამედ იზღუდებოდნენ იმის შემოწმებით, სახელმწიფო ორგანო, რომელიც კონვენციით გათვალისწინებულ უფლებაში ჩაერია, ხომ არ მოქმედებდა ,,ირაციონალურად“ თავისი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას. ამ ორ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების ამგვარი მიდგომა არ პასუხობდა კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნებს. ამის მიზეზი იყო ის, რომ დაცვის ეფექტური საშუალება, რაც კონვენციის მე-13 მუხლით მოითხოვება, არის იმგვარი, რომ გულისხმობს ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას, კონვენციით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საჩივარზე სრულყოფილად იმსჯელოს. ამ საქმეებთან დაკავშირებით პასუხი უნდა გაცემულიყო კითხვებზე, ადამიანის უფლებაში ჩარევა რამდენად იყო განპირობებული მწვავე სოციალური აუცილებლობით და მზღუდავი საშუალება რამდენად იყო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად პროპორციული. ბოლო, ჰატონი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ საქმეში, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-13 მუხლის დარღვევა, ვინაიდან ეროვნული სასამართლოების კონტროლის სფერო იყო შეზღუდული იყო კლასიკურ ინგლისურ საჯარო სამართალში არსებული პრინციპებით: ადმინისტრაციული აქტის რაციონალურობა, უკანონობა და აშკარად დაუსაბუთებლობა. ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეს ღონისძიება არასაკმარისი იყო იმისთვის, რომ მხარეს დაეცვა თავისი უფლებები. საქმეში ჰასანი და ჩავუში ბულგარეთის წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა, ვინაიდან ბულგარეთის უზენაესი სასამართლო მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ სწავლობდა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლითაც ხდებოდა კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევა. ამის მიზეზი იყო ის, რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ჩაერია ადამიანის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში, მოქმედებდა საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში (გადაწყვეტილების 69-ე პარაგრაფი).
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ევროპული სასამართლო თვლის, რომ უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიდგომა აღნიშნულ (გლას ნადეჟდა) საქმეში, რომლითაც სასამართლო არ ჩაერია რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული კომიტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებაში, მატერიალურ-სამართლებრივი კონტროლის თვალსაზრისით, არღვევს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნებს (გადაწყვეტილების 70-ე პარაგრაფი)
ამგვარად, დაცვის ეფექტურ საშუალებაზე უფლების დარღვევას წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც სასამართლო მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ აფასებს პოლიციელის იმ მოთხოვნის კანონიერებას, რომლის მიმართაც დაუმორჩილებლობას მოჰყვება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და მასთან ერთად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ის ფაქტი, რომ პოლიციელს კანონმდებლობით ზოგადად გააჩნია გარკვეული ტიპის უფლებამოსილება, მაგალითად აქციის შეწყვეტის, პირისათვის კონკრეტული ტერიტორიის დატოვების მოთხოვნის უფლება, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ პოლიციელი არ მოქმედებს ირაციონალურად (საერთო სამართლის პრინციპი ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ ბრიტანულ საქმეებში). თუმცა რაციონალობის შეფასება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნები. იმისათვის, რომ პოლიციის ამ მოქმედებამ დააკმაყოფილოს კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნები, საჭიროა დადგინდეს, კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენად ჰქონდა პოლიციელს ამ ღონისძიების გამოყენების უფლებამოსილება. ამ გარემოების დადგენა აუცილებელია იმისათვის, რომ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალშია მითითებული, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინონ, რამდენად პასუხობდა პოლიციის შემზღუდველი ქმედება მწვავე სოციალურ აუცილებლობას და რამდენად იყო პროპორციულობის მოთხოვნა დაცული.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განმხილველი სასამართლოები არ სწავლობენ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციის მოთხოვნის კანონიერების საკითხს. ამის გამო მოთხოვნის კანონიერების საკითხის განსაზღვრა პოლიციის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო იზღუდება იმის შემოწმებით, ზოგადად აქვს თუ არა ეს უფლებამოსილება პოლიციელს, მაგრამ სასამართლო არ სწავლობს, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად ჰქონდა პოლიციელს ამ უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა. ამ საკითხის გარკვევა პირდაპირ კავშირშია შეზღუდვის პროპორციულობის საკითხის დადგენასთან, თუმცა სადავო ნორმები არ აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, გაარკვიოს ეს საკითხი.
შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. ხშირად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი მოსამართლე დროში შეზღუდულია, რის გამოც ყველა სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა შეიძლება ვერც მოესწროს. ამიტომ, განსაზღვრულ ფარგლებში, შესაძლოა გამართლებულიც იყოს ცალკეული საკითხების სასარჩელო წარმოების გზით გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა.” ამ შემთხვევაში როგორც მხარეებს, ისე სასამართლოს მეტი დრო ექნებათ საქმის გარემოებების დასადგენად და ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მისაცემად.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, ,,ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე, თუ პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული დაკავება და ამოწურული არ არის ადმინისტრაციული დაკავების ვადა.“ ამგვარად, სამართალდარღვევის ოქმის შესვლიდან მოსამართლეს აქვს სამდღიანი ვადა საქმის განხილვის დასაწყებად.
უნდა ითქვას ისიც, რომ 2014 წლის 1 აგვისტოს ცვლილებების შეტანამდე მოსამართლე ვალდებული იყო აღნიშნული სამართალდარღვევები განეხილა ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ეს ვადა ცვლილებების შეტანის შემდეგ გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა ყველა სამართლებრივ გარემოებების სრულყოფილად დადგენის შესაძლებლობა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ,,პოლიციის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,პოლიცია უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად ფორმის ტანსაცმელზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, გზასა და შენობების გარე პერიმეტრზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა, კერძოდ: დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისათვის;” სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შეუსრულებლობა დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან. შესაბამისად, ეს ნორმა ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციამ ვიდეოტექნიკით სრულად ჩაიწეროს 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 პუნქტით ვიდეოფირი მიეკუთვნება ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომლითაც დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საჭირო მონაცემი.
პოლიციელსა და მოქალაქეს შორის კონტაქტის სრულად ჩაწერა, აიოლებს საქმის ყველა გარემოების სწრაფად დადგენის შესაძლებლობას. ეს მტკიცებულება, უმეტეს შემთხვევაში, იმდენად საკმარისია ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, რომ აღარ არის საჭირო დამატებით სხვა მტკიცებულების მოპოვება და გამოკვლევა (თუმცა პრაქტიკაში შეიძლება იყოს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მაგალითად, პოლიციელი დავობს იმას, რომ მოქალაქეს სხვისი კერძო საკუთრების დატოვება მოსთხოვა და მან ეს ადგილი არ დატოვა, რის გამოც შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვიდეომასალა საკმარისი მტკიცებულება არ იქნება პოლიციის მოთხოვნის კანონიერების დასადგენად. დამატებით აუცილებელი იქნება საჯარო რეესტრიდან წერილობითი დოკუმენტის გამოთხოვა, რომლითაც დადასტურდება, კონკრეტული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში იყო თუ კერძო პირის. თუმცა ამ დოკუმენტის სამი დღის ვადაში ან იმ დრომდე გამოთხოვა, ვიდრე სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოში შევა და 3 დღიანი ვადის დინების ათვლა დაიწყება, სრულიად შესაძლებელია). ვიდეოფირი შესაძლებელს ხდის, როგორც საქმის ინკვიზიციური წესით განმხილველმა მოსამართლემ, ისე მხარეებმა 3 დღის ვადაში მოიპოვონ და გამოიკვლიონ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის ყველა ნიშანის არსებობის ან არარსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის შეისწავლონ ის საკითხი, რამდენად კანონიერი იყო პოლიციის მოთხოვნა.
ამგვარად, პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობის, რასაც მოქალაქის სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით პასუხისგებაში მიცემა მოჰყვა, სრულად ვიდეოზე გადაღება, აადვილებს საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევას შემჭიდროებულ ვადაში. ამგვარად, ამ ვიდეოფირის გაკეთების, მისი სასამართლოში მისი წარდგენის და გამოკვლევის შესაძლებლობა შეიძლება იყოს ნაკლებად მზღუდავი სამართლებრივი საშუალება ლეგიტიმური მიზნის - საქმის დროულად განხილვის უზრუნველსაყოფად. განხილვის ვადის დასაცავად აღარ არის აუცილებელი სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დავის საგნიდან პოლიციის ქმედების კანონიერების საკითხის შესწავლის გამორიცხვა და ამ საკითხის მხოლოდ სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებში მოქცევა.
ამგვარად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა