საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | 2/1/215 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, |
თარიღი | 15 იანვარი 2003 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 3 დეკემბერი 2019 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელელ – შალვა ნათელაშვილი.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გამოარკვია
2002 წლის 27 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №215) მომართა მოქალაქე შალვა ნათელაშვილმა და მოითცოვა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” 1998 წლის 26 ივნისის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის”“ კონსტიტუციის 26-ე, 31-ე, 32-ე, 34-ე, 35-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე და 44 მუხლებთან შეუსაბამობის დადგენა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის “ვ” პუნქტი, საქართველოს ორგანული კანონის “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” პირველი მუხლი, მე-19 მუხლის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი6 მე-10 მუხლი.
მოსარჩელელ აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით, “საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, ხსვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში”. მისი აზრით, არჩევნებში პარტიული სიით გასული დეპუტატები პარლამენტსა თუ ადგილობრივი თვთიმმართველობის ორგანოებში, ვალდებულნი არიან განახორციელონ თავისი წარმდგენი პარტიის პროგრამით გათვალისწინებული და ხალხზე შეპირებული პოლიტიკური კურსი სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და კონსტიტუციის მე-2 თავის მოქალაქეთა უფლება – მოვალეობაში განსაზღვრული პრინციპების შესასრულებლად.
მოსარჩელელ თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციით, როგორც სახელმწიფოს უზენაესი კანონით განსაზღვრულია მხოლოდ პარლამენტის წევრის – სტატუსი, განსაზღვრულია მისთვის თავისუფალი მანდატიც, რადგან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისი გაწვევა დაუშვებელია. იგივე წესს კონსტიტუცია და საქართველოს ორგანული კანონი - “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” არ ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკრებულოს წევრის მიმართ.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციისა და ორგანული კანონის გვერდის ავლით საქართველოს პარლამენტმა 1998 წლის 26 ივნისს მიიღო საქართველოს კანონი - “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსისი შესახებ”, რომლის მე-4 მუხლმა (საკრებულოს წევრის მანდატი) პარლამენტის წევრზე მეტი მანდატი მიანიჭა საკრებულოს წევრებს, კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად “საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობების შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით”. მოსარჩელე აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის - “საქართველოს პარლამენის წევრის სტატუსისი შესახებ” მიღება განაპირობა საკონსტიტუციო ჩანაწერმა პარლამენტის დეპუტატის სტატუსის შესახებ და სწორედ ამ კანონში არსებული ჩანაწერი თავისუფალი მანდატის შესახებ აისახა გაფართოებული სახით სადავო ნორმატიულ აქტში, რითაც არა მხოლოდ გაიგივდა პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატის სტატუსი, არამედ უფრო მაღალი სტატუსი დაუდგინდა ამ უკანასკნელს.
მოსარჩელის თქმით, აღნიშნულმა ფორმულირებამ ფაქტიურად მოსპო პარტიული სისტემების მდგრადობა ადგილებზე, გააუქმა პარტიის პროგრამების, განაწესების და დავალებების ინსტიტუტი საკრებულოებში, გამოიწვია ფრაქციების უსასრულო მსხრევა, უპასუხისმგებლობა საკუთარი წარმდგენი პარტიისა ამომრჩეველთა მიმართ.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ამ კანონით ნებადართული დაუსჯელობა აისახა 2002 წლის 2 ივნისს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილსის საკრებულოში, კერძოდ, საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სიით გასულმა დეპუტატებმა ბერდია გველებიანმა და რეზო უმფრიანმა თბილისის მთავრობის დამტკიცებისას არ შეასრულეს პარტიის დავალება დაეტოვებინათ დარბაზი პარტიის დეპუტატთა ჯგუფთან ერთად და დაუჭირეს მხარი იმ მთავრობას, რომლის მიმართ პროტესტის ნიშნად 70 ათასზე მეტმა თბილისელმა ხმა მისცა საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სიას. დასახელებული პირები გარიცხულნი არიან პარტიიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღემდე აგრძელებენ ქალაქის ხელისუფლების ლობირებას საკრებულოს წევრის მანდატით.
მოსარჩელის აზრით, აღნიშნული დეპუტატების მოქმედებამ, რომლის საფუძველი არაკონსტიტუციური სადავო აქტი გახდა, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მისი, როგორც მოქალაქის, ისე პარტიის თავმჯდომარის უფლებების შელახვა.
მოსარჩელელ თვლის, რომ ბერდია გველებიანისა და რეზო უმფრიანის სადაო აქტს ამოფარებულმა მოქმედებამ განაპირობა ასევე, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის უგულებელყოფა, რომლითაც “დაუშვებელია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ჩარევა პარტიის საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა”, ანუ მათი ქმედება ხელეწიფებოდა მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის ხელისუფლებას პარტიის ინტერესების დისკრედიტაციისათვის, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლთან შეუსაბამობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელელ ასევე მოითხოვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმატიული აქტის მოქმედების და ბერდია გველებიანის და რეზო უმფრიანის თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერებას.
მოსარჩელელ განმწესრიგებელ სხდომაზე არ გამოცხადდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის და მასზე დართული მასალების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ მოსაზრებათა გამო:
1. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი მუხლის “ვ” პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 39-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოში ნორატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებანი და თავისუფლებანი. მოსარჩელელ ნათელაშვილი კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვს “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტს შეუსაბამობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და აქედან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული სხვა პრინციპებიც.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელელმ ვერ დაადასტურა, რომ პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური გაერთიანების შექმნისას ან მის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების დროს შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მისი უფლებები.
ასევე, არ არის დასაბუთებული კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს კონსტიტუციის დანარჩენ მუხლებზე 31-ე, 32-ე, 34-ე, 35-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე და 44-ე) მითითება – საკრებულოს წევრის თავისუფალი მანდატის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის კონსტიტუციის ამ მუხლებთან უშუალო კავშირისა და მათთან მიმართების საფუძვლიანობა.
2. კონსტიტუციურ სარჩელში თავად მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია მხოლოდ პარლამენტის წევრის სტატუსი და მისი თავისუფალი მანდატიც; კონსტიტუცია იგივე წესს არ ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკრებულო სწევრის მიმართ. მაშასადამე, მოსარჩელელ არ არის უფლებამოსილი იდავოს “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობაზე კონსტიტუციასთან, რადგან სადავო საკითხი გადაწყვეტილი არ არის საქართველოს კონსტიტუციით. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 18-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება.
3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სადავო ნორმატიული აქტის შეჩერების თაობაზე, იგი თავისთავად იხსნება კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის გამო.
იხელმძღვანელა, რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ვ” პუნქტით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, “საქართველოს კანონის საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-18 მუხლის “ე” პუნქტით,
სასამართლო კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შალვა ნათელაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე
2. ლამარა ჩორგოლაშვილი
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი