დავით მეზვრიშვილი და მარიამი აბესაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/1596 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ნოემბერი 2022 15:18 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: დავით მეზვრიშვილი და მარიამი აბესაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცებული „„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1596) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა დავით მეზვრიშვილმა და მარიამი აბესაძემ. №1596 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 23 აპრილს. №1596 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 7 ნოემბერს.
2. №1596 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცებული „„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოებისას, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში, ქონების ფასი განისაზღვრება ამ ქონების საბაზრო ღირებულების ნახევრით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას აღიარებულად და უზრუნველყოფილად აცხადებს, ხოლო დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი არეგულირებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის საკითხს.
5. №1596 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა მესაკუთრეს უქმნის არაგონივრულ პირობებს, რამდენადაც მას უწევს, ერთი მხრივ, ქონების დათმობა საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასად, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოსათვის დარჩენილი ვალდებულების ხელმეორედ შესრულება. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ საზოგადოების რომელი ნაწილისთვის შეიძლება იყოს დადებითი შედეგის მომტანი სადავო ნორმით დადგენილი წესრიგი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით ხდება არა საჯარო ინტერესის დაცვა საკუთრების უფლების ხარჯზე, არამედ ადგილი აქვს თავად საჯარო ინტერესების შელახვას.
6. მოსარჩელე მხარეს მაგალითად მოჰყავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმე, რომლის ფარგლებშიც მოვალის საკუთრებაში არსებული 950 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება სახელმწიფოს გადაეცა 475 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დარჩენილ 475 000 ლარზე გაგრძელდა სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული წარმოადგენს მოვალის საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
8. №1596 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში „actio popularis“ შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდაოს ნორმატიული აქტების საფუძველზე, უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
3. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა არეგულირებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევისათვის დადგენილი ქონების ფასს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოებისას, მათ შორის, უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. სადავო ნორმის თანახმად, დასახელებული ქონების ფასი განისაზღვრება ამ ქონების საბაზრო ღირებულების ნახევრით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან არ იკვეთება, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო ნორმით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს და, შესაბამისად, ისინი ექცევიან სადავოდ გამხდარი ნორმის რეგულირების სფეროში. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არც იმასთან დაკავშირებით წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომ იგი განჭვრეტად მომავალში გახდება სადავო ნორმით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მოსარჩელის უფლებების დარღვევის რეალურობის შემოწმების და კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით ... სასამართლომ უნდა შეისწავლოს ის მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობის მონაწილე განჭვრეტად მომავალში აუცილებლად გახდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, უბრალო ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები ოდესმე გახდებიან სადავო ნორმით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები, განჭვრეტად მომავალში სადავო ნორმით გათვალისწინებულ ურთიერთობაში შესვლის დამადასტურებელი ხელშესახები მტკიცებულებების გარეშე, ვერ დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს.
4. ამასთან, მოსარჩელეები სადავო ნორმის საფუძველზე მოვალის საკუთრების უფლების დარღვევის მაგალითად კონსტიტუციურ სარჩელში უთითებენ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეს, რომლის ფარგლებშიც მოვალის, შპს „ერ-თი-ჯის“ საკუთრებაში არსებული 950 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება სახელმწიფოს გადაეცა 475 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დარჩენილ 475 000 ლარზე გაგრძელდა სააღსრულებო წარმოება. ამავდროულად, №1596 კონსტიტუციურ სარჩელს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სწორედ ის განკარგულება ერთვის, რომელიც შპს „ერ-თი-ჯის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში ნატურით გადაცემას შეეხება. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოში თითოეულმა პირმა შესაძლოა, იდაოს მხოლოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელეები მიუთითებენ შპს „ერ-თი-ჯის“ უფლებების დარღვევაზე, თავად შპს კი არ წარმოადგენს მოსარჩელეს. შესაბამისად, ნათელია, რომ მოსარჩელეები დაობენ არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დარღვევაზე. ამდენად, №1596 კონსტიტუციური სარჩელი წარმოადგენს „actio popularis“.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1596 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1596 კონსტიტუციური სარჩელი („დავით მეზვრიშვილი და მარიამი აბესაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში