გიორგი გიგაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1739 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი გიგაური |
თარიღი | 18 ოქტომბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი: ,,პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე.'' |
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები: 1. ადამიანის თავისუფლება დაცულია. 2. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. 31-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტები: 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. 4. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 59-ე, მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლებით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) კანონის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. იერარქიაში არ არსებობს ზემდგომი ნორმატიული აქტი რომელიც სადავო საკითხს შეეხება და შესაბამისად, შესაძლებელია სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები რაც სარჩელში მითითებული დასაბუთების და ნორმების საფუძველზე კონსტიტუციური სარჩელის არსებით განსახილველად მიღების საფუძველი და წინაპირობაა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტების აღწერა:
1. გიორგი გიგაური 74-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა, 2022 წლის 30 მაისს ის იმყოფებოდა სკოლაში და ესწრებოდა გაკვეთილებს. სპორტის გაკვეთილზე კლასელებს შორის მოხდა კონფლიქტი, რომლის გამოც, გაკვეთილების შემდეგ მე-10 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეიკრიბნენ სკოლის მიმდებარედ, ერთ-ერთი 16 სართულიანი კორპუსის ეზოში მდებარე ავტოფარეხებში, სადაც ორ ჯგუფს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ერთ-ერთი მე-9 კლასელი დაიჭრა.
2. ინციდენტში მონაწილე ბავშვები 30 მაისს მიიყვანეს თბილისის პოლიციის სამმართველიშო მდებარე არასრულწლოვანთა საქმეების საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება სსკ 19,109.2.ა-მუხლით დაიწყო შემდგომ კი 19,109.2.ბ დაკვალიფიცირდა.
3. პოლიციის სამმა თანამშრომელმა დედისგან განმარტოებით გაიყვანეს არასრულწლოვანი გიორგი გიგაური და თხოვდნენ, რომ ეღიარებინა დანაშაული. როდესაც პოლიციელები დარწმუნდნენ, რომ დანაშაულთან და დანასთან გიორგი გიგაურს არ ჰქონდა შეხება, ის გამომძიებელთან გაიყვანეს, სადაც უკვე დედაც დაასწრეს გამოკითხვას. გამომძიებელმა შეადგინა გამოკითხვის ოქმი, სადაც გიგაური აღწერდა განვითარებულ მოვლენებს. მას არ უღიარებია დანაშაული. 31 მაისს გიორგი გიგაურს აცნობეს, რომ იყო დაკავებული და ბრალდებული მკვლელობის მცდელობაში.
4. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხუბის დაწყებამდე გიორგის კლასელმა ადგილზე მიიტანა დანა და გადასცა სხვა კლასელს, რომელიც ითხოვდა დანის მიტანას, რადგან განზრახული ჰქონდა, დაზიანება მიეყენება გაურკვეველი პირისთვის. დანით შეიარაღებული კლასელის ინფორმაციით, ის ჩხუბის დროს წაიქცა და ჯინსის შარვლის წინა ჯიბიდან დანა ამოუვარდა, რომელიც დაინახა როგორ აიღო გიგაურმა. მისივე განცხადებით, ტანსაცმელი დაზარალებულის სისხლით ჩხუბის დასრულების შემდეგ დაესვარა. ერთ-ერთი ბავშვის ინფორმაციით მან დაინახა, თუ როგორ დაჭრა დაზარალებული ბრალდებულმა.
5. შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი გიგაურს 01.06.2022წ პროკურორის დადგენილებით ბრალი წარედგინა სსკ 19,109.2.ბ. მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობა).
6. ბრალდებულის ოჯახის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულთან საავადმყოფოში იმყოფებოდნენ პოლიციელები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გიგაური დანაშაულს აღიარებდა, ის იყო დამნაშავე. დაზარალებულმა არ დაადასტურა პოლიციელების ვერსია, რაც მათ არ მოეწონათ და დატოვეს საავადმყოფო. დაზარალებულის მშობლების განცხადებით, მათ არ მოეწონათ, რომ არ განხორციელდა ბავშვის გამოკითხვა და თუ ადვოკატს ექნებოდა სურვილი, შეეძლო გამოეკითხა არასრულწლოვანი.
7. 04.06.2022წ ადვოკატთან გამოკითხვისას დაზარალებულმა განაცხადა, რომ ის ჩხუბის დაწყებიდან 4-5 წამში უკვე დაჭრილი იყო და ამ დროს, მისი მხედველობის არეში ან მის სიახლოვეს გიორგი გიგაური არ იმყოფებოდა. დაზარალებულმა გამორიცხა დანით შეიარაღებულის ჩვენება, რომ სისხლი შესაძლოა, ჩხუბის დასრულების შემდეგ გადასულიყო მის ტანსაცმელზე და გამოძიების ბოლო ეტაპზე დამატებით გამოკითხვისას განაცხადა, რომ მისი დაჭრის დროს ძირს წაქცეული არავინ ყოფილა. (გაბათილდა ვერსია, რომ დანით შეიარაღებული მოწმე წაიქცა და დანა ამოუვარდა, რითაც გიგაური შეიარაღდა).
8. რამოდენიმე დღეში, ბრალდებულის ოჯახისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. თვითმხილველი მოწმე იყო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, სტრესში და მძიმედ განიცდიდა, რომ მისი გამოკითხვის ოქმში დაფიქსირდა ის რაც მას არ უნახავს. მოწმე არ იყო დანაშაულის თვითმხილველი. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული მოწმე სპეციალურად შეხვდა გამომძიებელს ადვოკატის და მშობლების თანდასწრებით, აცნობა აღნიშნული და ხელახალი გამოკითხვა მოითხოვა, რასაც არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. გამოძიების დასრულების ბოლო დღეს 01.07.2022წ. აღნიშნული მოწმე ადვოკატთან გამოიკითხა, სადაც განმარტა, რომ ის არ იყო დანაშაულის თვითმხილველი და გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია არასწორი და მანიპულაციის შედეგი იყო. 07.07.2022წ საქმეზე ჩატარდა წინასასამართლო სხდომა.
9. 2022 წლის 27 აგვისტოს შაბათს რადიო „თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: ,,12 წლით ციხეში - როგორ იყენებს პროკურატურა ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს მეათეკლასელის წინააღმდეგ''
10. ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილი იყო, რომ გიორგი გიგაურის საქმეში არსებული მტკიცებულებები, რაც ბრალდების საფუძველი გახდა არასანდო და ფალსიფიცირებული იყო. ე.წ. თვითმხილველის მშობლები დეტალურად ყვებოდნენ გამოყენებული უკანონო მეთოდების თაობაზე, ასევე დანით შეიარაღებული მოწმის მხარეც უარყოფდა გიგაურის მიერ დანის აღებას, ორი სხვა მოწმეც, რომლებმაც თითქოს ნახეს ჩხუბის დროს დაპირისპირებული დაზარალებული და ბრალდებული, აცხადებდნენ რომ ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. სტატიის შემდეგ და საფუძველზე გამოვკითხეთ ფიგურანტი პირები რა დროსაც გაირკვა, რომ არც ერთ მოწმეს არ ჰქონდა დანახული ბრალდებულის და დაზარალებულის დაპირისპირება. 12.09.2022წ. ინფორმაცია სასამართლომ სსსკ 236.2-ე მუხლის საფუძველზე მიიღო როგორც დაცვის მტკიცებულება.
11. 1-ლი არსებითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 29.07.2022წ გაიმართა რა დროსაც დაცვამ განვაცხადეთ, რომ სასურველი იყო პროკურორს მოეყვანა ძირითადი მოწმეები (დაახლოოვებით 5-6 ადამიანი).
12. საქმეზე არსებითი სხდომები 29.07.2022წ, 17.08.2022წ, 05.09.2022წ, 06.09.2022წ, 12.09.2022წ, 15.09.2022წ, 19.09.2022წ, 21.09.2022წ გაიმართა, თუმცა არც ერთი ძირითადი მოწმე პროკურორს არ მოუყვანია. პარალელურად, რამდენჯერმე განიხილა სასამართლომ დაცვის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის შესახებ და ყოველ ჯერზე უცვლელად დატოვა პატიმრობა.
13. 19.09.2022წ დაცვამ ვიშუამდგომლეთ, მოეცა სასამართლოს შესაძლებლობა, რომ 21.09.2022წ სასამართლო პროცესზე წარმოვადგინოთ დაცვის მოწმეები: გიორგი ხოხობაშვილი, მერი ბლიაძე, ლუკა აიოიანი, ალექს სნჯოიანი, ხათუნა ავდიანი, მიშიკო გარსენიშვილი, დავით გარსენიშვილი. ამ დრიოსათვის გაირკვა, რომ ჩხუბის დროს დანით შეიარაღებულმა მოწმემ (შამილ კნიაზი) ოჯახთან ერთად დატოვა საქართველო და გერმანიაში გაემგზავრა არა მცირე ხნით. ასევე, საქმის ძირითად მოწმეს გიორგი ხოხობაშვილს პროკურორმა ბრალი წარუდგინა იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის.
14. სასამართლომ დაცვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სსსკ სსსკ-ის 242-ე მუხლის საფუძველზე. როგორც განსახილველ შემთხვევაში ასევე ზოგადად, დადგენილი პრაქტიკაა, რომ დაცვას არ ეძლევა უფლება წარადგინოს დაცვის მტკიცებულება მანამ, სანამ ბრალდების მხარე არ განაცხადებს, რომ დაასრულა მტკიცებულებების წარდგენა.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება:
- არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2. პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე.), რადგან ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებს კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 31-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებით დაცულ უფლებებს.
1. გამოძიების პროცესში ბრალდების მხარეს დაცვამ ნებისმიერ დროს შეუძლია ინფორმაცია, ანუ დაცვის მტკიცებულებები წარუდგინოს. მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმის განხილვას დაიწყებს სასამართლო მტკიცებულების წარდგენის უფლება მხოლოდ ბრალდების მხარეს აქვს, დაცვის მხარეს მტკიცებულების წარდგენის უფლება ჩამორთმეული აქვს მანამ, სანამ ბრალდება არ დაასრულებს მტკიცებულებების წარდგენას. გიორგი გიგაურის შემთხვევაში 29.07.2022წ, 17.08.2022წ, 05.09.2022წ, 06.09.2022წ, 12.09.2022წ, 15.09.2022წ, 19.09.2022წ, 21.09.2022წ გამართულ სხდომებზე ბრალდებულის დაცვის უფლება არ იყო დაცული და რეალიზებული სადავო ნორმის და შექმნილი პრაქტიკის წყალობით.
2. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული დაცვის მხარეს გვყავს გამოკითხული 04.06.2022წ და გამოძიებამ ის მხოლოდ 16.06.2022წ გამოკითხა, ასევე დაცვამ გამოვკითხეთ ბრალდებულის ჩხუბში მონაწილე 2 კლასელი. ეს მოწმეები საქმეში მაინც ფიგურირებენ როგორც ბრალდების მოწმეები. აღნიშნული საკითხიც ფაქტობრივად სსსკ-ის რეგულირების გარეშეა და დადგენილი პრაქტიკით, ბრალდების მოწმეა ყველა ის პირი, ვის სიასაც ბრალდება წარადგენს სასამართლოში და მათ შორის, თვითონ ბრალდებულიც.
3. ასევე, მნიშვნელოვანია აღკვეთის ღონისძიების კონტექსტში უფლების რეალიზება.
სსსკ 231/1 მუხლის შესაბამისად: მუხლი 2301. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის საკითხის გადაწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანამდე თავისი ინიციატივით პერიოდულად, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილავს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხს. ეს ორთვიანი ვადა აითვლება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით. ბავშვების შემთხვევაში, აღნიშნული ვადა 20 დღეა.
206.8 მუხლის თანახმად: ,,მხარე უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, წყვეტს, რა ახალი, არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებია დასმული და მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესაძლებლობაზე“.
4. განსახილველ შემთხვევაში, როდესაც პროკურორი არ წარმოადგენს ძირითად მოწმეებს და მტკიცებულებებს, დაცვის მხარეს, სადავო ნორმის წყალობით, არ აქვს მტკიცებულებების და მოწმეების წარმოდგენის და დაკითხვის შესაძლებლობა. ბრალდების მხარე უფლებემოსილია ,ყოველ ჯერზე მიუთითოს, რომ კვლავინდებურად არსებობს პატიმრობის საფუძველი- მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ეს მდგომარეობა შემდგომშიც შეინარჩუნოს. არსებულ ვითარებაში ირღვევა კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული უფლება.
5. დაცვის და ბრალდების მოწმეთა დაკითხვის და სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლოს 14.12.2018წ გადაწყვეტილებით №2/13/1234,1235 საქმეზე (მიქელაძე ბურჯანაძე პარლამენტის წინააღმდეგ) განიმარტა: 112. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს არსებით სხდომამდე მოწმის დაკითხვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბრალდებულის მიერ საქმის არსებითი განხილვისთვის მომზადებაზე და წარმოადგენს დაცვის სათანადოდ განხორციელების მნიშვნელოვან წინაპირობას. შესაბამისად, ბრალდების მხარისათვის სადავო ნორმით მინიჭებული უპირატესობა მხარეთა საპროცესო შესაძლებლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან დისბალანსს იწვევს. მხარეთა თანასწორობისა და პროცესის სამართლიანობის დაცვა უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ სიკეთეს წარმოადგენს. 113. სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაცულ უფლებას უზღუდავს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–3232, 325-ე–329-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულებს. სისხლის სამართლის კოდექსის ხსენებული მუხლები მძიმე დანაშაულს წარმოადგენს და მათ ჩადენაში ბრალდებული პირები არიან მძიმე სასჯელის საფრთხის წინაშე. დანაშაულის სიმძიმე, რომლის ჩადენაშიც არის პირი ბრალდებული მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ხსენებული კონსტიტუციური ინტერესების დაცვის საჭიროებას. ამდენად, მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებს სათანადო საპროცესო გარანტიებით სარგებლობის აღმატებული კონსტიტუციური ინტერესი გააჩნიათ. შესაბამისად, სადავო ნორმა ზღუდავს უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ უფლებას იმ ფორმით, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბრალდებულის მიერ თავის დაცვაზე.
6. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლი არ არის კონსტიტუციის მე-2 თავით დაცული უფლება, მნიშვნელოვანია რომ ( მუხლი 62. სამართალწარმოება 5. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე) სადავო ნორმის წყალობით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა ნიველირებულია და შეუსაბამოდ აღმატებული პრივილეგიით სარგებლობს ბრალდების მხარე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა