ირაკლი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1751 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი მარგველაშვილი |
თარიღი | 14 დეკემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი: 1811 -ე მუხლი, ცივი იარაღის ტარება, პირველი ნაწილი: 1. ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის (სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები), პირველი ნაწილი „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი უთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას განიხილოს ნორმატიულ აქტთა შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სარჩელის საფუძველზე.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის პირველი ნაწილით, უთითებს იმ ნორმატიულ აქტებს, რომლეთა (რომელთა ნაწილის) კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხების განხილვის უფლებამოსილება გააჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განმარტავს: „საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები“.
ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წარმოადგენს საქართველოს კანონს, მისი ნაწილის კონსტიტუციურობის დადგენა ზემოთაღნიშნული მუხლის თანახმად, განეკუთვნება საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს.
გასათვალისწინებელია, ამავე ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, რომლებიც საკუთრივ განმარტავენ: „1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას“.
ზემოთქმული ნორმების გარდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას მანიჭებს ორგანული კანონის 311. ასევე 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ვინაიაიდან მიმაჩნია რომ დარღვეულია ან მომავალში შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ჩემი და საზოგადოების სხვა წევრთა უფლებები და თავისუფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მასში არ ფიგურირებს ამავე კანონის 313 მუხლით დადგენილი სარჩელის მიუღებლობის საფუძვლები, კერძოდ:
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-12-, მუხლით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) შესაძლებელია მსჯელობა კანონის სადავოდ ქცეული ნორმების კონსტიტუციურობაზე;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად: „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“, რაც გულისხმობს პირის შესაძლებლობას განვითარდეს, სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების და დაცულ სფეროთა ზუსტი იდენტიფიცირებით, კანონით დაშვებული, ღირსეული ცხოვრებისა და არსებობისთვის საჭირო ქმედებათა ფარგლების სწორად განსაზღვრის ხარჯზე.
განსახილველ საკითხე მსჯელობისას, საყურადღებოა უფლების და მის მიერ დაცული სივრცის ზუსტი გამიჯვნა. პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას განვითარდეს, როგორც პიროვნულად, ასევე საზოგადოებრივი/საჯარო სივრცის ფარგლებში. შესაბამისად, ტერმინი „პიროვნების თავისუფლად განვითარება“ არ შეიძლება განიმარტოს მხოლოდ პიროვნული, კარიერული ან რაიმე სხვა ვიწრო თვალსაზრისით, უშუალო და პირდაპირი ზრდის, წინსვლის, წარმატების მიღწევის სახით, ვინაიდან უფლებით დაცული სფერო მეტად ფართო და ზოგადია. თუმცა, განსახილველი უფლება, ზედმიწევნითი ინტერპრეტაციის მიღმა უნდა განვმარტოთ ირიბ კავშირადაც ზემოთხსენებულ საკითხებთან, პირთა უფლების ფორმით- ისარგებლონ განჭვრეტადი და მკაფიოდ დადგენილი ნორმებით. შესაბამისად, ალოგიკურად და დაუშვებლად უნდა მივიჩნიოთ აღნიშნული (კონსტიტუციური ნორმით განმტკიცებული) განმარტების საწინაარმდეგო თითოეული ნორმა.
ამასთან ერთად, პიროვნული განვითარების უფლების საარსებო არეალზე მსჯელობისას ასევე უნდა ვიგულისხმოთ, ხელისუფლებისგან დაცული პიროვნული სფეროს არსებობა, რომლის შელახვა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის არსებობის ან მისი დასაბუთებულად ვარაუდის პირობებში, ხოლო სხვა შემთვევაში უნდა გამოვრიცხოთ პიროვნული ავტონომიის დარღვევა ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლის ჩარევით.
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საყურადღებოა გერმანიის ფედერაციული საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა ე.წ მიკროაღწერის საქმეზე, რომელშიც სასამართლო შემდეგ განმარტებას აყალიბებს: „პიროვნების სფეროში ასეთი შეღწევა მოქალქის პირადი მდგომარეობის სახელმწიფოს მიერ ასეთი მოცულობით ინსპექცია სახელმწიფოს იმიტომ ეკრძალება, რომ თითოეულს მისი პიროვნების თავისუფალი და საკუთარი პასუხისმგებლობით განვითარების შიდა სივრცე სჭირდება, სადაც ის თავად ფლობს საკუთარ თავს და სადაც მას შეუძლია განმარტოვდეს, სადაც გარემოს არ აქვს წვდომა“. ხსენებული მსჯელობა მკაფიოდ უსვამს ხაზს პიროვნული ავტონომიას და მასსა და სახელმწიფოს შორის არსებულ საზღვარს და უთითებს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას არ ჩაერიოს პიროვნების პერსონალურ სივრცეში, ასევე მსჯელობიდან გამომდინარე კვეთს იმ სპეციპიკურ და ფრთხილ დამოკიდებულებას, პიროვნების პერსონალური სივრცეზე საუბრისას.
კონკრეტულ მაგალითთან კავშირში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანის პიროვნული განვითარების უფლება არ გულისხმობს აბსოლუტური ხელშეუხებლობისა და გარანტირებულ პიროვნული განვითარების უფლებას, პერსონალური სივრცის გარემოზე გავრცელების შეუზღუდავი პერსპექტივით. პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლების რეალიზება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა უფლების განხორციელება წყდება იქ, სადაც იწყება სხვათა თანასწორი უფლებები ან/და ადგილი აქვს კვეთას მეტად მნიშვნელოვან სამართლებრივ სიკეთესთან.
მაშასადამე, ნათელი და ლოგიკურია, თუ თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაბამისი მითითება კანონმდებლისგან, იმის შესახებ თუ სადაა ზემოთხსენებული გადაკვეთის წერტილი, ხოლო შესაბამისი მითითების არ არსებობის პირობებში, არ შეექმნება ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, უხილავი საზღვრების მავნებლურად გამოყენების შიში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან წინააღმდეგობის გარდა, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანეს და მასშტაბურ შეუთავსებლობას განაპირობებს, მოცემული საქმის სპეციპიკიდან გამომდინარე, საყურადღებოა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომელიც მე-12 მუხლთან კორელაციაში, აყალიბებს შემდგომ დებულებას: პიროვნებას უნდა გააჩნდეს თავისუფლად განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა, რაც ყველაფერთან ერთად უნდა გამოიხატოს მის მიმართ სამართლიან ადმინისტრაიულ წარმოებაში. ხსენებული დებულებაზე მსჯელობის განვითარების შემთხვევაში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თითოეული ნორმა, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში არსებული ურთიერთობის დასარეგულირებელ ინსტრუმენტს, უნდა ითვალისწინებდეს ზემოთხსენებულ პიროვნულ ავტონომიას, მის მნიშვნელობას და საკუთარი არსებობით, ან მისით სარგებლობის შემთხვევაში არ უნდა ქმნიდეს ისეთ ნორმატიულ უზუსტობებს, რაც მე-12 მუხლით დაცულ სიკეთეს არაპროპორციულად შელახავს, რაც განხორციელდება, როგორც უფლებაში უშუალო ჩარევით ასევე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ან შესაბამისად უფლებამოსილი პირისთის საჭირო სტანდარტის მოკლებით, რაც მას შეუზღუდავს უნარს სამართლიანად განიხილის და გადაწვიტოს თითოეული ადმინისტრაციული საქმე.
ყოველივე ზემოთქმულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის პირველი ნაწილი, საკუთარი ბუნებით, მეტად ფორმალური და ნორმის აღსრულების პრაქტიკული ასპექტების გააზრებასაა მოკლებული, კერძოდ, იგი ადგენს ნორმის მოსარგებლე მხარეთათვის (ერთი მხრივ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მეორე მხრივ ფიზიკური პირებისთვის) მოქმედების განუჭვრეტელ ფარგლებს. აღნიშნული ნორმა არ უთითებს შესაბამის ნორმატიულ და ფაქტობრივ საფუძვლებს სამართალდამცავთათვის, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა კონკრეტულ სტანდარტზე და მოცემულობაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბონ პირის მიერ, ცივი იარაღის მართლზომიერად/არამართლზომიერად ფლობის ვარაუდი, რომლის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლები შეძლებდნენ ევარაუდათ სამართალდარღვევის არსებობა, ემოქმედათ ნორმის შესაბამისად, ჩამოერთვათ ცივი იარაღი და მომავალში (საქმის ჯეროვანი კვლევის შემდეგ) ადმინისტრაციული სახდელი დაედოთ სამართალდამრღვევისთვის, ან პირიქით ჩაეთვალათ იგი ნორმის შენიშვნით გათვალისწინებულ პირად, რომელიც ცივი იარაღს ფლობს მართლზომიერად და შესაბამისად არ წარმოადგენს სანქციონირებული დისპოზიციის სუბიექტს.
ნორმის დეფექტური ბუნების უკეთ გასაანალიზებლად საყურადღებოა შემდეგი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის შენიშვნის მეორე და მესამე ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს:
ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;
ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;
გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;
ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;
ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია.
3. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.
აღნიშნული დანაწესი ერთი შეხედვით, მკაფიოდ კვეთს იმ მიზნებსა და საქმიანობებს, რომელთა მისაღწევად/განსახორციელებლად ცივი იარაღის ტარება მართლზომიერად ჩაითვლება, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, 1811 მუხლის პირველი ნაწილი მოკლებულია ნორმის აღსრულების პრაქტიკული ასპექტის გააზრებას, რაც გამოიხატება მუხლის პირველ ნაწილსა და შენიშვნას შორის შეხების წერტილის არ არსებობაში, ნორმის პრაქტიკული განხორციელების შემთხვევაში. მაგალითად: თუ პირი ქუჩაში გადაადგილდება დანით, რომელიც პირის მიერ გამოიყენებოდა საკვების მოსამზადებლად, თუმცა დანას ცივი იარაღის მახასიათბლები აქვს, (ხსენებული მახასიათებლები შესაძლოა ყველაზე უბრალო სამზარეულოს დანასაც კი ჰქონდეს) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ფლობა შესაძლოა ჩაითვალოს ცივი იარაღის არამართლზომიერ ტარებად, მიუხედავად იმისა თუ რა დასაბუთებას წარმოადგენს პირი დანის ფლობის ასახსნელად, კანონი არ უთითებს, რომ პირი მოექცევა მართლზომიერების ფარგლებში თუ წარმოადგენს მოპოვებულ საკვებს მტკიცებულების სახით ან ეცმევა სალაშქრო ტანსაცმელლი. შესაბამისად ნორმა მართლზომიერების განსჯას მთლიანად სამართალდამცავს ანდობს. ხოლო უკანასკნელი, მხოლოდ სუბიექტური (ხშირად დაუსაბუთებელი) ვარაუდით ასკვნის, რომ პირი დანას არ იყენებდა იმ მიზნით, რომლითაც იგი იარაღის ფლობას ასაბუთებს, ამის გამო, სამართალდამცავს ყოველთვის შეუძლია ჩამოართვას პირს ცივი იარაღი და შემდგომში დააჯარიმოს.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ 1811 მუხლი უთითებს ცივი იარაღის ტარების დასაშვებ ზღვარს, ამავე მუხლის პირველი ნაწილი დაჯარიმების ნებართვას იძლევა ნებისმიერ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც არ უთითებს რაიმე სტანდარტს, რომლითაც სამართალდამცავმა ცივი იარაღის ფლობის არამართლზომიერება უნდა ივარაუდოს. მაშასადამე ნორმის განუსაზღვრელი ხასიათი არ გამორიცხავს და შესაბამისად უშვებს ცივი იარაღის ტარების ფაქტის ნებისმიერ შემთხვევაში უკანონო ქმედებად ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც თავად საგნის მახასიათებლებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე არ შეიძლება იძენდეს იგივე ინსპექციისა და კონტროლისთვის საჭირო სტანდარტს, როგორც ბევრად მაღალი საფრთხის მატარებელი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის უბრალოდ ტარების გამო, რიგ შემთხვევაში, მხოლოდ ფაქტზე დაყრდნობით შესაძლოა კანონდარღვევის და დანაშაულის ფაქტის დადგენა.
საინტერესოა, რომ მოკლელულიანი თავდაცვის ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის შემთხვევაში (იმ პირის მიერ ვისაც აქვს ხსენებული ტიპის იარაღის მხოლოდ შენახვის უფლება), რა დროსაც იარაღის გადატანის მოსურნე პირმა წინასწარ უნდა შეათანხმოს უფლებამოსილ ორგანოსთან-საჯარო სამართლის იურიდიული პირთან – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან (იარაღის შესახებ კანონის შესაბამისად), მის მიერ იარაღის გადატანის სურვილი, შესაძლოა სამართალდამცავის მიერ ყოველგვარი მოტივაციის გარეშე შესაბამისი მოქმედების (ჩამორთმევის, დაჯარიმების, დაკავების) განხორციელების საფუძველი გახდეს, მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ პირი იარაღს ატარებს და ეს ქმედება არ აქვს შესაბამისად შეთანხმებული. მაგრამ ცივი იარაღის ტარების შემთხვევაში პირი, ვერავის ვერ შეუთანხმებს ცივი იარაღის გადატანის სურვილს (და არც არის ვალდებული შეუთანხმოს სასკ-ის შესაბამისად) ამრიგად სხვა რა გზა რჩება გარადა იმისა, კონკრეტულ შემთხვევაში ახსნას დანის ფლობის მართლზომიერება, რაც გავიმეორებ, სუბიექტური განსჯის საგანია და შესაბამისად (კანონის არსებული ფომულირების პირობებში) ვერ იარსებებს ობიექტური დასკვნისა და ქმედების ვარაუდი სამართალდამცავისთვის.
შესაბამისად, მავან სამართალდამცავს შეუძლია ნებისმიერი პირი ნებისმიერ დროს დააჯარიმოს, მხოლოდ დანის საჯარო სივრცეში ფლობის მოტივაციით, მიუხედავად მისთვის მიცემული განმარტებისა, რომელიც ისევ სუბიექური და ერთმნიშვნელოვნად მიკერძოებული, შეფასებითი საკითხია. საბოლოო ჯამში ყალიბდება შედეგი, რომელიც ვერაფრით იქნებოდა მოსალოდნელი და წინასწარგანსაზღვრული კანონით მოსარგებლისთვის, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და კონკრეტულ შემთხვევაში არღვევს ადამიანის უფლებას სწორად აღიქვას კანონის შესაბამისი ნორმატიული შინაარსი და ისარგებლოს განჭვრეტადი და გასაგები ნორმით, რაც თავის მხრივ ზღუდავს მის თავისუფლად განვითარების უფლებას.
ზემოთქმულთან ერთად, აუცილებლად აღსანიშნავია მტკიცების ტვირთის ფაქტორი, კერძოდ: როგორც უკვე აღვნიშნე, სასკ არ მიუთითებს პირის ვალდებულებას, დანის გადატანის/გადაზიდვის შემთხვევაში, რაიმე ფორმით შეატყობინოს შესაბამის უწყებას ან უფლებამოსილ პირს, ცივი იარაღის შემდგომი ტარებს შესახებ, თუ იგი აპირებს სალაშქროდ წასვლას ან საკვების მომზადებას. ასევე, პირი არაა ვალდებული ჩაიცვას პროფესიის ან მომავალი საქმიანობის შესაბამისად, მაგალითად: თუ იგი ლაშქრობაში მიდის, არაა ვალდებული დანის ტარების ყველა ეპიზდოში ეცვას სალაშქრო ტანსაცმელი, მხოლოდ იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემთხვევაში, მისი ტანსაცმლითა და შესახედაობით ახსნას მის მიერ დანის ტარების მართლზომიერი მიზანი და ამ შემთხვევაშიც კი, არ არსებობს ნორმატიული გარანტია იმისა, რომ სამართალდამცავისათვის პირის შესახედაობა (ჩაცმულობა, მფლობელობაში არსებული სხვა ნივთები და ა.შ) ცივი იარაღის მართლზომიერად ტარების პრეზუმფციად მიიჩნევა, ანუ პირი ვერაფერს გააწყობს სამართალდამცავთან, თუ უკანასკნელს არ სურს დაიჯეროს ცივი იარაღის ტარების მართლზომიერი მიზანი.
აღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან ერთად საყურადღებოა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც საკუთარი შინაარსით გულისხმობს „განსაზღღულობის პრინციპის“ არსებობას, რაც თავის მხრივ გულისხმობს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ისეთი პრინციპების და ნორმების ჩამოყალიბებას, რომელთა არსი და განხორციელების პრაქტიკული ასპექტები გასაგები და გათვლადი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ანუ ნებისმიერს შეეძლება წინასწარ აღმოაჩინოს და განსაზღვროს ყოველი აქტისა და ნორმის საზღვრები, რომელთა ფარგლებში მისი ქმედება შეირაცხება მართლზომიერ ქმედებად, ხოლო ფარგლებს მიღმა იარსებებს სამართლიანი და შესაბამისად განწონილი სანქციის მოლოდინი, მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ეკარგება ნებისმიერი ნორმის ფორმირებას და შემდგომ არსებობას, იმდენად, რამდენადაც განუსაზღვრელი ხდება დასაშვები ქმედების ჩარჩოები, ხოლო სანქცია მსგავს პირობებში ნებისმიერ შემთხვევაში მოგვევლინება სახელმწიფოსა და მოხელეთა უმართავ ბერკეტად, საზოგადოებისგან მატერიალური სიკეთის მისაღებად და არა სამართლიან უკუგებად განზრახვით/დაუდევრობით/გაუფრთხილებლობით გამოწვეული დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა სწორედ აღნიშნული განუსაზღვრელი* (*-ანუ დისპოზიციასა და სანქციას შორის მკაფიო ზღვრის არარსებობა) ხასიათისაა და შეუძლებელს ხდის პირისათვის მისი ნორმატიული სამოქმედო სივრცის ზუსტად განსაზღვრას.
ზემოთქმული პრობლემური საკითხის გარდა, სადაო ნორმა შეიცავს კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ასევე გამომდინარეობს სადაო ნორმის განუსაზღვრელი ხასიათიდან, კერძოდ გარდა იმისა რომ ნორმის დანაწესი არ გამორიცხავს შესაბამისი ორგანოს წამომადგენლისათვის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე ვარაუდის ჩამოყალიბებას, ნორმა არ განსაზღვრავს შემთხვევებს, რომელთა დადგომის შემთხვევაში პირი ექცევა გამოუვალ მდგომარეობაში არა საკუთარი განზრახვით ან კერძო ინტერესების და გარემოებების შედეგად არამედ თავად უფლებამოსილი პირის ბრძანების შესრულების გამო. მაგალითად: თუ პირი გადაადგილდება მანქანით სადაც მას ტანსაცმელში უდევს ცივი იარაღი (შესაბამისად არ იმყოფება 181-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ საჯარო სივრცეში) და მას მანქანით გადაადგილების დროს პატრულ-ინსპექტორი მოსთხოვს მანქანის გაჩერებას და მანქანიდან გადმოსვლას და ამ ბრძანების შესრულებისას პირს ტანსაცმელში კვლავ ედება ცივი იარაღი რომელსაც წარუდგენს პატრულ-ინსპექტორს იგი შესაძლოა პატრულ-ინსპექტორის ინტერპრეტაციით ჩაითვალოს სამართალდამრვევ სუბიექტად რადგან იგი საჯარო სივრცეშია და იგი ისევ და ისევ პატრულ-ინსპექტორის აზრით ცივი იარაღს არამართლზომიერი მიზნით ფლობს.
მოგახსნებთ, რომ ნორმის „დეფექტური“ თავისებურების უმეტესი ნაწილი სწორედ მსგავს საკითხებში იჩენს ხოლმე თავს, ანუ იმ კონკრეტულ მომენტებში, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლები, კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები განზრახ თუ უნებლიედ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას, გადამოწმების მიზნით აჩერებნ სატრანსპორტო საშუალებებს და სთხოვენ მგზავრებს მის დატოვებას, რა დროსაც მოთხოვნის საფუძველზე, მოქალაქეები წარუდგენენ მათ იმ საგნებსა რაც მათ თან ჰქონდათ (ტანსაცმელში) სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას, რაც მოქალაქეებს იმ პრობლემის წინაშე აყენებს, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე.
დამატებით მოგახსენებთ, რომ მოყვანილი მაგალითის მსგავსი შემთხვევისის უშუალო მონაწილე გახლდით თავადაც (დანართი 1- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები), რის შემდეგ სამართალდარღვევის აქტის შესაბამისი წესით გასაჩივრების შემდეგომ სასამართლომ იმსჯელა და მიემხრო სწორედ იმ გონივრულ სტანდარტს, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის დაჯარიმება სადავო მუხლის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი საჯარო სივრცეში (ცივი იარაღით „შეიარაღებული“) ხვდება სამართალდამცავი ორგანოს მოწოდების საფუძველზე.
მაგრამ, მიუხედავად სასამართლოს სწორი დამოკიდებულებისა, მავანი მოქალაქე ვერაფრით ასცდედბა განსახილველი ნორმის მითითებული უსწორობის შედეგებს სასამართლოსთვის მიმართვამდე და თუნდაც ყოველ დღე გახდება შესაბამისი თანამდებობის პირების უფლებამოსილების არაჯეროვანი გამოყენების მსხვერპლი.
ყოველივე ზემოთქმული, მათ შორის მოყვანილი მაგალითი ცხადყოფს, რომ დღევანდელი მოცემულობით სადავო ნორმა კონკრეტული სტანდარისა და მითითების გარეშე, იძლევა სუბიექტური ნების განხორციელების განუსაზღვრელ შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს, უხეშ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მე-18 მუხლთან და ასევე კონსტიტუციის მე-4 მუხლის მეორე ნაწილის პირველ წინადადებას: „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს“, ვინაიდან იგი არაა საკმარისად განსაზღვრული და შესაბამისად ვერ ეხმიანება პირის საყოველთაო უფლებას, ისარგებლოს ჯეროვნად განჭვრეტადი ნორმით.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, 1811 მუხლის პირველი ნაწილში იკვეთება დაუშვებელი უზუსტობები, რომელთა განსაზღვრა და გათვალისწინება შეუძლებელია, მათ აღმოსაფხვრელად, ძალადაკარგულად უნდა იქნას ცნობილი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოს შესაბამის წარმომადგენელს აძლევს უფლებას, კონკრეტული სტანდარტისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშე ივარაუდოს და დაასკვნას პირის მიერ, ცივი იარაღის არამართლზომიერად ფლობა და შემდგომში, მხოლოდ ხსენებული ვარაუდისა (არამართლზაომიერი ფლობის ვარაუდის) და დასკვნის საფუძველზე, (სხვა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, რომლებიც დაადასტურებდნენ პირის მიერ დანის არამართლზომიერ ფლობას ან მიზნობრიობას, მაგ: პირის ქცევა საჯარო სივრცეში, ცივი იარაღის სპეციფიკა და ა.შ) გამოსცეს სამართალდარღვევის ოქმი; ასევე ადმინისტრაციული სახდელი დაადოს პირს, საჯარო სივრცეში ცივი იარაღის ტარების გამო, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი საჯარო სივრცეში ხვდება სამართალდამცავის მოთხოვნის საფუძველზე, მანქანიდან გადმოსვლის, საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლის ან სხვა არასაჯარო სივრცის (სამართალდამცავის მოთხოვნისამებრ) დატოვების შემდეგ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა