ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1747 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ანა ხაჭაპურიძე |
თარიღი | 17 ნოემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბერის №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბერის №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები“ დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი: „თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.“ | კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბერის №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები“ დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი: „თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი: „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.” |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
სარჩელს თან ერთვის თბილისის საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ ანა ლევანის ასულ ხაჭაპურიძეს უვადოდ, მკვეთრად აქვს შეზღუდული შესაძლებლობა. სარჩელს ასევე თან ერთვის შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ 2022 წლის 23 სექტემბრის №01-04/730 ცნობა, სადაც აღნიშნულია: ანა ხაჭაპურიძე ...2022 წელს ჩაირიცხა შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე და ამჟამად არის პირველი სემესტრის დოქტორანტი. სამართლის სადოქტორო პროგრამაზე წლიური სწავლის საფასური შეადგენს 5000 (ხუთი ათას) ლარს.
ამ სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ როცა რამდენიმე პროექტმა თანმიმდევრულად თანაბარი შეფასება მიიღო პროექტის სამეცნიერო ღირებულების, აკადემიური კომპონენტის და პროექტის განხორციელების კრიტერიუმებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტები უპირატესობას ანიჭებს იმ პროექტს, რომელსაც ნაკლები ბიუჯეტი აქვს. პროექტის ავტორის შეზღუდული შესაძლებლობა არ წარმოადგენს უპირატესობის მინიჭების კრიტერიუმს. როდესაც სახეზეა თანაბარი კომპეტენციის მქონე ორი პირი, რომლებიც ერთსა და იმავე შეფასებას იღებენ, კონკურსანტებისგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ამ პირის სტატუსი და მისი საჭიროება არ წარმოადგენს, მისთვის უპირატესობის მინიჭების საფუძველს. ამით ირღვევა კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რომლითაც სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.” სახელმწიფოს უმოქმედობამ - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დოქტორანტურის საფეხურზე შეუქმნას განათლების უფლების სათანადო პირობები - დაარღვია კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით აღებული ვალდებულება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
ანა ხაჭაპურიძე არ აკმაყოფილებს აღნიშნული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირველ ალტერნატიულ პირობას. მას არასოდეს მიუღია მონაწილეობა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და მისთვის უარი პროექტის დაფინანსებაზე არასოდეს უთქვამთ იმის გამო, რომ მისმა კონკურენტმა დაბალბიუჯეტიანი პროექტი წარადგინა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად არსებობს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების მეორე პირობა - რამდენად შესაძლებელია სადავო ნორმებმა უშუალოდ დაარღვიოს მოსარჩელის უფლებები.
აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის №2/2/508 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გევორქ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამგვარად, უნდა დავასაბუთოთ, რომ ანა ხაჭაპურიძისათვის სადავო ნორმიდან ზიანის მიყენების საფრთხე არის რეალური. მოსარჩელის უფლებების დარღვევის რეალურობის შემოწმების და კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით ... სასამართლომ უნდა შეისწავლოს ის მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობის მონაწილე განჭვრეტად მომავალში აუცილებლად გახდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2)
მოსარჩელეს გააჩნია ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ უახლოეს განჭვრეტად მომავალში გახდეს სადავო ნორმით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. მოსარჩელე არის დოქტორანტი შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №128/ნ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებია საგრანტო კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის ავტორი დოქტორანტი; ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დოქტორანტი არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; ანა ხაჭაპურიძე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და უფლება აქვს, რუსთაველის ფონდის მიერ კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ კონკურსში. ანა ხაჭაპურიძე არის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი, სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №128/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სამართლის მიმართულების დაფინანსებას. ანა ხაჭაპურიძეს აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი პროექტი მიიღებს იმდენივე ქულას, რასაც მისი კონკურენტის პროექტი, ანა ხაჭაპურიძის პროექტი შესაძლოა არ დაფინანსდეს იმის გამო, რომ, კონკურენტთან შედარებით, არ არის მოთხოვნილი უფრო ნაკლები ბიუჯეტი. ანა ხაჭაპურიძის შეზღუდული შესაძლებლობა არ მიიღება მხედველობაში, ამაზე მეტყველებს არა მარტო კანონის სიტყვა-სიტყვითი განმარტება, არამედ თავად რუსთაველის ფონდის მიერ გაცემული წერილობითი პასუხები.
2022 წლის 18 აპრილს პოლიტიკურმა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განცხადებით (იხილეთ დანართი) მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და მოითხოვა ინფორმაცია 2009-2021 წლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდმა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატულ რამდენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დაუფინანსა დოქტორანტურაში სწავლის საფასური.
ამ წერილის საპასუხოდ, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა თავის 2022 წლის 26 აპრილის წერილში (იხილეთ დანართის სახით) მიუთითა: „სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსსა და ფონდის მიერ გამოცხადებულ სხვა საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს განურჩევლად ასაკის, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა და რომ ფონდი უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის სურვილის მქონე ნებისმიერი მკვლევარისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ფონდი არ გამოარჩევს და არ აგროვებს სტატისტიკურ ინფორმაციას დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსზე დარეგისტრირებულ მონაწილეთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობის თაობაზე და შესაბამისად არ ფლობს ინფორმაციას დაფინანსებული პროექტების რაოდენობის შესახებაც.
ფონდის ამგვარი პასუხი, ერთი მხრივ, არღვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც: „მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის სტატისტიკური და კვლევითი მონაცემები, რაც უზრუნველყოფს წინამდებარე კონვენციის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას,“ მეორეს მხრივ, მიუთითებს რომ რუსთაველის ფონდს არ გააჩნია დოქტორანტურის პროექტების დაფინასებისას შშმ პირების უფლებების მიმართ მგრძნობიარე პოლიტიკა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, მოსარჩელემ, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა რომც მიიღოს უმაღლესი ქულები სამეცნიერო ღირებულების, აკადემიური კომპონენტის და პროექტის განხორციელების კრიტერიუმებში, მასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭება იგივე ქულების მქონე, მაგრამ დაბალბიუჯეტიან პროექტს, რაც ისეთმა პირმა წარადგინა, რომელიც არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ამგვარად, რუსთაველის ფონდის მიერ სამართლის მიმართულების დაფინანსების, ანა ხაჭაპურიძის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსისა და დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტურაზე ჩარიცხვის ფაქტის გათვალისწინებით, მომჩივანისათვის სადავო ნორმიდან მომდინარე საფრთხე სავსებით რეალურია. შესაბამისად, ანა ხაჭაპურიძე უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობაზე.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტით, სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, სპეციალური სახელმწიფო პროგრამით. ამგვარად, საკანონმდებლო აქტით, განათლების სამინისტროს მიენიჭა დოქტორანტების დაფინანსების წესის ნორმატიული აქტით განსაზღვრის შესაძლებლობა. თავად „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი არ ადგენს კრიტერიუმებს, რაც გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სასწავლო-სამეცნიერო გრანტის პრიორიტეტული მინიჭების შესაძლებლობას. კანონით პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკანონმდებლო აქტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭა დოქტორანტურის დაფინანსებისას პრიორიტეტების განსაზღვრის უფლებამოსილება. სამინისტრომ გამოიყენა ეს დელეგირებული უფლებამოსილება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დოქტორანტურის ეტაპზე დაფინანსება პრიორიტეტების მიღმა დატოვა, შესაბამისად, პრობლემას წარმოადგენს არა სამინისტროსათვის დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი პირების დაფინანსების პრიორიტეტის განსაზღვრის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მინიჭება, არამედ სამინისტროს მიერ, გასაჩივრებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, დაფინანსების პრიორიტეტების კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საწინააღმდეგოდ განსაზღვრა. შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №128/ნ ბრძანებით დოქტორანტისათვის დაფინანსების მინიჭების წესი და არა საკანონმდებლო აქტი, რომლითაც სამინისტრომ დაფინანსების პრიორიტეტის განსაზღვრის უფლებამოსილება მიიღო.
ამასთან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დოქტორანტურის დაფინანსების პრიორიტეტის განსაზღვრა არის ტექნიკური საკითხი, ვინაიდან დაფინანსების პრიორიტეტები იცვლება დროთა განმავლობაში. შესაბამისად, შეცვლილ პირობებთან აუცილებელია სწრაფი ადაპტაცია, რასაც პარლამენტზე უკეთ უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. საქართველოს პარლამენტმა დაარეგულირა პრინციპული მნიშვნელობის საკითხები: განსაზღვრა დოქტორანტურის ცნება, მისი ხანგრძლივობა, განათლების აღნიშნული საფეხურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობა. ის, თუ როგორც უნდა მოხდეს ამგვარი დაფინანსება, ამ ტექნიკური დეტალების რეგულირების უფლებამოსილება პარლამენტმა განათლების და მიეცნიერების სამინისტროს მოანიჭა. დოქტორანტურის დაფინანსების სამინსიტროზე უფლებამოსილების დელეგირების საკითხი არ არის ამ სარჩელით დავის საგანად ქცეული.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.” აღნიშნული ჩანაწერი კონსტიტუციაში გაჩნდა 2017 წელს შეტანილი კონსტიტუციური ცვლილებებით და ძალაში შევიდა 2018 წლის ბოლოს. აქედან გამომდინარე, ამ მუხლთან დაკავშირებით თითქმის არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა. ამის საპირისპიროდ, სასამართლო პრაქტიკა არსებობს მსგავსი შინაარსის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც: „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“ ამ სარჩელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, არ გაითვალისწინა კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ისეთივე კომპეტენცია გააჩნია, როგორც იმ პირს, რომელსაც არა აქვს შეზღუდული შესაძლებლობა, არ მიანიჭა პრიორიტეტი დოქტორანტურის ეტაპზე განათლების დაფინასებისას. ამ სარჩელით განათლებისა და მეცნიერების მინისტრისაგან ვითხოვთ დოქტორანტურის ეტაპზე სწავლებისას სპეციალური ღონისძიებების გამოყენებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არსებითი თანასწორობა იმ პირებთან მიმართებაში, რომლებსაც არა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა. ჩვენი პოზიციით, რასაც ქვემოთ დავასაბუთებთ, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას - გაატაროს სპეციალური ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა არსებითად ემსჯელა სპეციალურ ზომებზე ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებითი თანასწორობის მიღწევის კონტექსტში, საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტს შორის კავშირი გამოიხატება იმაში, რომ კონსტიტუციის შემქმნელებმა დისკრიმინაციის უამრავი ნიშნიდან გამოყვეს გენდერის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია და ამ ორ ნიშანთან მიმართებაში საჭიროდ მიიჩნიეს სპეციალური ღონისძიებების გამოყენება არსებითი თანასწორობის მისაღწევად. ამაზე მეტყველებს ამ ორი ნიშნის კონსტიტუციაში ცალკე დებულებაში გამოყოფის ფაქტი. კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი სხვა ნიშანი არ არის კონსტიტუციის ცალკე დებულებაში გამოყოფილი, არც ერთ სხვა ნიშანთან მიმართებაში კონსტიტუცია არ ავალდებულებს სახელწიფოს, გაატაროს განსაკუთრებული ზომები ან შექმნას განსაკუთრებული პირობები ამ ჯგუფის წარმომადგენელთა თანასწორობის ხელშეწყობის ან უფლებების რეალიზაციისათვის. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ქალებსა და მამაკაცების თანასწორობასთან მიმართებაში აქვს განსაკუთრებული ზომების გამოყენების ვალდებულებას, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში - განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულება. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ უკვე დაადგინა, რომ კონსტიტუციის მე-11 მუხლი მე-3 პუნქტი გულისხმობს ისეთი სპეციალური ღონისძიებების გამოყენებას, როგორიცაა გენდერული კვოტები საქართველოს პარლამენტში. იგივე ლოგიკით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განათლების უფლების რეალიზებისათვის ისეთი განსაკუთრებული პირობების შექმნას, როგორიცაა დოქტორანტურის საფეხურზე დაფინასებისას პრიორიტეტის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ერთდროულად იქნა შემუშავებული, ერთსა და იმავე დროს შევიდა ძალაში. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში გამოყენებულია სიტყვები „განსაკუთრებული ზომები,“ ხოლო მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში „განსაკუთრებული პირობები,“ არის ერთმანეთის მსგავსი. ეს მსგავსება გამოიხატება სახელმწიფოს ვალდებულებაში - არსებითი თანასწორობის მისაღწევად გაატაროს სპეციალური, განსაკუთრებული ღონისძიებები სქესთა შორის თანასწორობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლების რეალიზებისათვის. სახელმწიფოს არ ეკისრება ამგვარი არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა სხვა ჯგუფებთან, მაგალითად, ასაკობრივ ჯგუფებთან მიმართებაში. სხვა ჯგუფებთან მიმართებაში სახელმწიფოს ვალდებულება შემოიფარგლება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმალური თანასწორობის უზრუნველყოფით. ამ გარემოების გათვალისწინებით ამ სარჩელში გამოყენებული იქნება ის დასაბუთება, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო გვთავაზობს გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტით დაცული სფეროები. კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი „არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
ამგვარად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ითხოვს არსებითად უთანასწოროებს შორის განსხვავებულ მოპყრობას. მოცემული დავის მიზნებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ადამიანი, რომელსაც არა აქვს შეზღუდული შესაძლებლობა, არ არიან არსებითად თანასწორები განათლების უფლებასთან მიმართებაში. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ითხოვს იმას, რომ განათლების უფლებასთან მიმართებაში სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უნდა მოეპყრას განსხვავებულად. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის არსი გამოიხატება იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და იმგვარ პირებს, რომლებსაც არა აქვთ ამგვარი შესაძლებლობა შეზღუდული ეპყრობა თანაბრად, ყველას მიმართ ითხოვს დაბალი ბიუჯეტის მქონე პროექტის წარდგენას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში შესადარებელ პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი განიხილება და წყდება არა აბსტრაქტულად, არამედ კონკრეტულ ურთიერთობასთან მიმართებით. სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებაზე მსჯელობისას, „პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება N2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17). ამასთან, შესადარებელ პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი, ყოველი ინდივიდუალური საქმის ფარგლებში, გამომდინარე იქიდან, თუ რა სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით ფასდება კონკრეტული საკანონმდებლო მოწესრიგებიდან მომდინარე დიფერენცირება, შესაძლოა დამოკიდებული იყოს სხვადასხვა გარემოებებზე. თუმცა აღნიშნული მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ურთიერთობასთან მიმართებით შესადარებელ პირთა ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, გარკვეულ ობიექტურ გარემოებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ არსებითად თანასწორებად ან პირიქით, მათ არსებითად უთანასწოროებად მიჩნევაზე. საგულისხმოა, რომ სასამართლოს პრაქტიკით, თუ პირთა დიფერენცირებას საფუძვლად უდევს შესადარებელ პირთა ჯგუფების განსხვავებული ფაქტობრივი ანდა სამართლებრივი მდგომარეობა, სახეზე არ იქნება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შესაფასებელი მოცემულობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“; II-19).
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თანაბარი მოპყრობის გამო თანასწორობის უფლების „...შეზღუდვის წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ იგი თავისი ბუნებით განსხვავდება სხვა შესადარებელი პირებისაგან და ეს განსხვავება იმდენად არსებითია, რომ სახელმწიფოს მხრიდან პირთა შორის განსხვავებული მოპყრობის ვალდებულებას წარმოშობს. ამდენად, შესადარებელ პირებს შორის არსებითად უთანასწორობის მტკიცება შესაძლებელია უკავშირდებოდეს მხოლოდ პირების განსხვავებულობის წარმოჩენას და არა სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოების გამო სხვადასხვა შედეგის დადგომაზე მითითებას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/15/1403 განჩინება საქმეზე „სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის N3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-22).
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დოქტორანტურის საფეხურზე განათლების მიღების შესაძლებლობა და არსებითი უთანასწორობა ამ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის შესაძლებლობასთან უნდა იყოს შეფასებული და არა ზოგადად. სადავო ნორმა ადგენს ნეიტრალურ წესს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ისევე სხვა პირმა, რომლებსაც გააჩნიათ ერთნაირი კომპეტენცია, უნდა წარადგინონ დაბალბიუჯეტიანი პროექტი. საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის 22 დეკემბერს N1/1/477 გადაწყვეტილებაში საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 65-ე პუნქტში განაცხადა: „იმავდროულად, კანონის ყველას მიმართ თანაბრად გამოყენება ყოველთვის არ მეტყველებს მის სამართლიანობაზე – ზოგადი და ნეიტრალური კანონი, თუ ის ითვალისწინებს ყველას მიმართ, მათ შორის არათანასწორთა მიმართ თანაბარ მოპყრობას, თავადვე არღვევს თანასწორობის პრინციპს. მაშასადამე, ზოგადი დანიშნულების კანონი შეიძლება არაპირდაპირ დისკრიმინაციული იყოს, რადგან ის ადამიანთა განსაზღვრულ ჯგუფს, დანარჩენებთან შედარებით, აკისრებდეს გაცილებით მძიმე ტვირთს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია იმის თქმა, რომ prima facie უნდა გამოირიცხოს ზოგადი და ნეიტრალური კანონების შეფასების შესაძლებლობა თანასწორობის უფლებასთან მიმართებით.“
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სიცოცხლის ბოლომდე შესაძლებელია უხდებოდეს მედიკამენტების შეძენა, თერაპიული მომსახურების მიღება, დღის ცენტრებით სარგებლობა, მომვლელის მომსახურებით სარგებლობა, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გაღებული ხარჯები ახლოსაც ვერ მიდის იმ პირის ნორმალური ცხოვრებისათვის აუცილებელ ხარჯებთან, რომელსაც შესაძლებლობები არა აქვს შეზღუდული. ყველა ამ მომსახურებას არ აფინანსებს სახელმწიფო ან მათ სრულად ვერ აფინანსებს სახელმწიფო. მაშინ როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ობიექტურად ესაჭიროება ნორმალური არსებობისათვის უფრო მეტი სახსრების გაღება, ვიდრე იმ პირს, ვისაც არ გააჩნია შეზღუდული შესაძლებლობა, დაბალბიუჯეტიანი კვლევითი პროექტის წარდგენის ნაწილში პირები, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი და ის პირები, რომლებსაც ამგვარი შესაძლებლობა არა აქვთ შეზღუდული, არ არიან არსებითად თანასწორნი და საჭიროებენ განსხვავებულ მოპყრობას.
„კანონის წინაშე თანასწორობის უფლების მიზანია, პირთათვის თანაბარი შესაძლებლობის მინიჭებით, უზრუნველყოს მათი უნარების თანაბარი რეალიზება, საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი წვდომა. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანის შესაძლებლობების რეალიზებაზე სამართლებრივი გარემოს მიღმა გავლენას ახდენს მრავალი სოციალური ასპექტი. სხვადასხვა სფეროებში კანონით თანაბარი მოპყრობა, რიგ შემთხვევებში, ვერ უზრუნველყოფს ადამიანის შესაძლებლობების თანაბრად რეალიზებას. სამართალი მოქმედებს კონკრეტულ, მოცემულ საზოგადოებაში და სწორედ ამ საზოგადოების თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლოა, სრულიად თანასწორი სამართლებრივი რეგულირებების პირობებში, კონკრეტული ჯგუფები, სოციალური გარემოს მოქმედებით შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო, ვერ ახდენდნენ შესაძლებლობების სხვათა თანაბრად რეალიზებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის N3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-24).
კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ითხოვს სახელმწიფოსაგან იმას, რომ არსებითად არათანასწორ პირებს სახელმწიფო მოეპყრას განსხვავებულად. სადავო ნორმა არღვევს აღნიშნულ მოთხოვნებს, ვინაიდან არსებითად არათანასწორ პირებს ეპყრობა ერთნაირად. ამასთან კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი არ ადგენს სახელმწიფოს მიმართ პოზიტიურ ვალდებულებას, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იყოს მიღწეული არსებითი თანასწორობა, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი შეზღუდულია ფორმალური თანასწორობის გარანტიების დადგენით, მაგრამ არაფერს ამბობს კონკრეტული ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რითაც ეს თანასწორობა შეიძლება იყოს მიღწეული. სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანასწორობის მისაღწევად სპეციალური ზომების გატარების ვალდებულებას ადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი. ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტი ავსებს ერთმანეთს: კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ითხოვს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობის აღმოფხვრას, ხოლო მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ემსახურება იმ ბარიერების აღმოფხვრას, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სხვებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნაა, სახელმწიფომ გაატაროს გამათანაბრებელი, სპეციალური ღონისძიებები, რომლითაც, აღმოიფხვრება ის ბარიერები, რამაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, დანარჩენ საზოგადოებასთან შედარებით, არსებითად არათანასწორ პირად აქცია. თუკი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ამკვიდრებს ფორმალურ თანასწორობას, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ამკვიდრებს არსებით, ანუ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე თანასწორობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტმა სახელმწიფოს დაუდგინა ფაქტობრივი საჭიროებიდან მომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და ინტერესების რეალიზების მიღწევისკენ მიმართული დამატებითი გარანტიების შექმნის უფლებამოსილება. ამ მექანიზმით, კონსტიტუცია სცდება ვიწროდ სამართლის წინაშე თანასწორობის იდეას, ცნობს და აღიარებს საზოგადობის წევრების უნარების თანასწორად რეალიზების მიღწევის საჭიროებას და სახელმწიფოსაგან მოითხოვს სპეციალური ღონისძიებების გატარებას (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის N3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-27) ხსენებული დებულების (კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი) მიზანია, ფაქტობრივი თანასწორობის ხელშემწყობი გარემოებების შექმნა და არა თანასწორობის ხელოვნურად უზრუნველყოფა. კონსტიტუციის მიზანია პირთა შესაძლებლობების გამოვლენის ხელშემშლელი ფაქტორების ნეიტრალიზება და არა შედეგების თანასწორობის ხელოვნური უზრუნველყოფით წარმატების მისაღწევად ადამიანის შრომის უგულებელყოფა, პირის საკუთარი განვითარებისა და წარმატების დამსახურების მიხედვით მიღწევის იგნორირება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის N3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-28).კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის მიზანია, შექმნას ისეთი გარემო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სხვებთან თანასწორ საფუძველზე, თანაბარი შრომითა და უნარებით თანაბარ წარმატებას მიაღწევენ. ხსენებული კი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს წარმატებისთვის ხელისშემშლელი ხელოვნური ბარიერების დამაბალანსებელი მექანიზმების შექმნით (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის N3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-28).
ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მსგავსად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დადგენილი ბარიერების დაბალანსების გზით უზრუნველყოს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების არსებითი, ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველყოფა. კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფორმალურ, სამართლის წინაშე თანასწორობას. ამის საპირისპიროდ, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი სცილდება სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას და მიზნად ისახავს იმას, რომ ფაქტობრივად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არსებითი თანასწორობა დანარჩენ საზოგადოებასთან. არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს მოეთხოვება სპეციალური გამათანაბრებელი ღონისძიებების გატარება. კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის გამოსაყენებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის დასაბუთებას, რომ კონკრეტულ სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან დაბრკოლებას, რითაც ისინი უთანასწორო მდგომარეობაში ექცევიან დანარჩენ საზოგადოებასთან შედარებით, ეს გარემოება განაპირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ სპეციალური ღონისძიებების გამოყენებას. ამასთან სპეციალური ღონისძიება უნდა იყოს ისეთი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ მოუტანს დაუმსახურებელ უპირატესობას სხვა პირებთან შედარებით. ამ საკითხზე მსჯელობა გვექნება ქვემოთ.
2) არსებითი თანასწორობის საკითხები საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში
კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტის განმარტებისას მნიშვნელოვანია სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა პაქტით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციით აღებული ვალდებულებები. აღნიშნული საერთაშორისო ინსტრუმენტები განიმარტება გაეროს შესაბამისი კომიტეტების მიერ, მათ შორის, მათ ზოგად კომენტარებში.
1.1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მე-6 ზოგადი კომენტარის მე- (https://www.ohchr.org/en/documents/general-comments-and-recommendations/general-comment-no6-equality-and-non-discrimination) მე-10 პუნქტში აღნიშნულია: „შესაძლებლობათა თანასწორობა არის შშმ კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული ზოგადი პრინციპი, რომელმაც თანასწორობის ფორმალური მოდელი არსებით თანასწორობამდე განავითარა. ფორმალური თანასწორობა ებრძვის პირდაპირ დისკრიმინაციას, ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას. ფორმალური თანასწორობა გვეხმარება ნეგატიური სტერეოტიპებისა და წინასწარგანწყობების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მას არ შეუძლია გადაჭრას „განსხვავებულობის დილემა,“ რადგან ის მხედველობაში არ იღებს სხვადასხვა ადამიანს შორის არსებულ თავისთავად განსხვავებულ მდგომარეობას. არსებითი თანასწორობა, ამის საპირისპიროდ, მიმართულია სტრუქტურული და არაპირდაპირი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და მხედველობაში იღებს ძალაუფლებრივ ურთიერთობებს. არსებითი თანასწორობა აღიარებს „განსხვავებულობის დილემას“ და მოიცავს ადამიანებს შორის არსებული განსხვავების აღიარებას და დაძლევას, თანასწორობის მისაღწევად.“
ზემოხსენებული ზოგადი კომენტარის მე-14 პუნქტი ერთმანეთისაგან განსხვავებს „სამართლის წინაშე თანასწორობას“ და „სამართლის ძალით თანასწორობას.“ პირველი ეხება ფორმალური თანასწორობის მოდელს, მეორე არსებითი თანასწორობის მოდელს. შშმ პირთა კომიტეტი მე-6 ზოგადი კომენტარის მე-14 პუნქტში მიუთითებს: „ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედი რამდენიმე საერთაშორისო სამართლებრივი ხელშეკრულება იცნობს „სამართლის წინაშე თანასწორობის“ ცნებას, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებას, მოეპყრან თანაბრად სამართლის აღსრულების მომენტში. იმისთვის, რომ მოხდეს ამ უფლების სრულყოფილი რეალიზება, მართლმსაჯულების და სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონის აღსრულების მომენტში არ უნდა მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაცია. „სამართლის ძალით თანასწორობა“ უნიკალური პრინციპია, რაც შშმ პირთა კონვენციაშია გაწერილი. ეს არის შშმ პირის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სამართლებრივ ურთიერთობებში. მართალია, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება გულისხმობს კანონით დაცვის უფლებას, სამართლის ძალით თანასწორობა არის პრინციპი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს პირს, სარგებელი მიიღოს კანონისაგან. შშმ პირებს აქვთ ეფექტური დაცვის უფლება და პოზიტიური მონაწილეობის შესაძლებლობა. კანონმა უნდა უზრუნველყოს მისი იურისდიქციის ქვეშ მოქცეული ყველა პირის თანასწორობა. ამგვარად იმის აღიარება, რომ ყველა პირი სამართლის ქვეშ თანასწორია, ნიშნავს იმას, რომ არ უნდა არსებობდეს კანონი, რომელითაც სპეციფიკურად ნებადართულია, შეზღუდულია ან შემცირებულია შშმ პირის უფლებები. შეზღუდული შესაძლებლობა უნდა იყოს ყველა კანონის და პოლიტიკის მთავარი საკითხი.“ (მე-14 პუნქტი).
თუკი ამ ზოგადი კომენტარით შევაფასებთ ჩვენს კონსტიტუციურ მოცემულობას, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია „სამართლის წინაშე თანასწორობა,“ (ფორმალური თანასწორობა) ხოლო მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით, „კანონის ძალით თანასწორობა.“ (არსებითი თანასწორობა). პირველი პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს ნეგატიურ ვალდებულებას, არ მოახდინოს ადამიანის დისკრიმინაცია, მეორე, პრინციპი, სამართლის ძალით თანასწორობა, გადადგას პოზიტიური ნაბიჯები სტრუქტურული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყოს, მისი სურვილით, ყველა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კომიტეტმა მე-6 ზოგადი კომენტარის მე-16 პუნქტში აღნიშნა: „სამართლის წინაშე თანასწორობა და სამართლის ძალით თანასწორობა დისკრიმინაციის აკრძალვის ურთიერთდაკავშირებული, თუმცა განსხვავებულ ცნებებია. სამართლის წინაშე თანასწორობა არის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებებში კარგად ნაცნობი ფრაზა და გამოიყენება იმისათვის, რომ კანონმდებელმა კანონის და პოლიტიკის შემუშავებისას, აღმოფხვრას შშმ პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ან თავის შეიკავოს ამგვარი მოპყრობის დამკვიდრებისგან. შშმ კონვენციის მე-5 მუხლის კონვენციის პირველ, მე-3 და მე-4 მუხლთან კავშირში წაკითხვა, ნათელს ხდის იმას, რომ იმისათვის, რათა შშმ პირებმა შეძლონ კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით თანაბრად სარგებლობა, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გადადგან პოზიტიური ნაბიჯები. ხელმისაწვდომობა, გონივრული მისადაგება და ინდივიდუალური მხარდაჭერა ხშირად არის აუცილებელი. იმისათვის, რომ ყველა შშმ პირი უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი შესაძლებლობით. „კანონით გათვალისწინებულ სარგებელის მიმართ თანასწორობის“ ტერმინი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოებმა უნდა აღმოფხვრან ყველა ბარიერი, რაც კანონით გათვალისწინებული დაცვაზე წვდომას უშლის ხელს. სახელმწიფომ ასევე უნდა აღმოფხვრას ბარიერი, რითაც შესაძლებელი გახდება კანონით გათვალისწინებულ შეღავათზე თანაბარი წვდომა და უფლების მართლმსაჯულების გზით დაცვა.“
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტი მიუთითებს კონვენციაში ხშირად განმეორებულ ფრაზას „სხვებთან თანაბარ პირობებში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხრიდან უფლებებით სარგებლობა. ეს ტერმინი ნიშნავს ყველა სხვა ადამიანს, რომელიც არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ამ ტერმინის შინაარსის გარკვევა დაკავშირებულია ამ სარჩელით კომპარატორის განსაზღვრასთან. ამ სარჩელით ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დარდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მე-6 ზოგადი კომენტარის მე-17 პუნქტში შშმ კომიტეტმა განაცხადა: „სხვებთან თანაბარ პირობებში“ ჩანაწერი მიუთითებს იმაზე, რომ შშმ პირებს არ ენიჭებათ იმაზე მეტი ან იმაზე ნაკლები უფლებები და სარგებელი, რაც დანარჩენ მოსახლეობას არ გააჩნია. მეორეს მხრივ, ეს ჩანაწერი მოითხოვს მონაწილე მხარეებისაგან კონკრეტული, სპეციფიკური ღონისძიებების გატარებას, რათა მიღწეული იქნას შშმ პირების ფაქტობრივი თანასწორობა დანარჩენ საზოგადოებასთან. ეს ჩანაწერი მოითხოვს იმას, რომ შშმ პირები რეალურად უნდა სარგებლობდნენ ადამიანის ყველა უფლებით და თავისუფლებებით.“
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის მე-6 ზოგადი კომენტარის მე-18 პუნქტში განმარტებულია არაპირდაპირი (ირიბი) დისკრიმინაციის ცნება: „არაპირდაპირი დისკრიმინაცია ხდება მაშინ, როცა კანონები, პოლიტიკა და პრაქტიკა, ერთი შეხედვით, ნეიტრალურია, მაგრამ არაპროპორციულად უარყოფითი გავლენა გააჩნია შეზღუდულ შესაძლებლობაზე. არაპირდაპირი დისკრიმინაცია ეხება შესაძლებლობას, რაც გამოიყურება როგორც ხელმისაწვდომი, მაგრამ რეალურად ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, მათი სტატუსის გამო, გამორიცხულია ამ სარგებლით სარგებლობის შესაძლებლობისაგან. მაგალითად, სკოლა არ იყენებს ადვილად წასაკითხი ფორმატის წიგნებს, ამით ინტელექტუალური შესაძლებლობის შეზღუდვის მოსწავლის ირიბ დისკრიმინაციას ახდენს. ასეთ მოსწავლეს შეუძლია ტექნიკურად დაესწროს გაკვეთილებს, თუმცა სჭირდება დამატებით მომზადება. ამის მსგავსად, ადამიანს, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა, სამსახურის მისაღებად დანიშნული აქვს ინტერვიუ, რაც უნდა გაიმართოს მეორე სართულზე, მაშინ როდესაც შენობას ლიფტი არ გააჩნია. მართალია, პირს აქვს ინტერვიუში მონაწილეობის მიღების თეორიული უფლება, თუმცა კონკურენტებთან შედარებით, რომლებსაც გადაადგილების შესაძლებლობა აქვს, არათანაბარ მდგომარეობაშია ჩაყენებული.“
მოცემული დავის ფარგლებშიც, არაპირდაპირ დიფერენცირებასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან დაბალბიუჯეტიანი პროექტის წარდგენის საფუძველზე დოქტორანტურაში დაფინანსების მიღება, ერთი შეხედვით, ნეიტრალურია, თუმცა მძიმე ტვირთს აკისრებს შშმ პირს, რომელსაც არა შშმ პირთან შედარებით, ცხოვრების ხარჯები ისედაც მეტი აქვს.
არაპირდაპირი დიფერენცირების გამოკვეთის შემდეგ, მნიშვნელოვანია გამოვკვეთოთ დიფერენცირების ნიშანი. საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა შეეფასებინა, როდესაც დიფერენცირება ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არის თუ არა ეს კლასიკური ნიშანი და კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ რომელ ნიშანს მიეკუთვნება ეს უკანასკნელი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები არ არის ერთგვაროვანი. ნორმა, რომლით დადგენილი დიფერენცირებაც უკავშირდება კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშნებს ან/და ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, ექვემდებარება კონსტიტუციურ შემოწმებას „მკაცრი ტესტის” ფარგლებში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, II-6). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს: ა) უკავშირდება თუ არა დიფერენცირება კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშნებს; ბ) ხასიათდება თუ არა დიფერენცირება მაღალი ინტენსივობით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 8 ოქტომბერს მიღებულ N2/4/532,533 გადაწყვეტილებაში საქმეზე ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 109-ე პუნქტში: დისკრიმინაციის „კლასიკური“, სპეციფიკური ნიშნები პირდაპირ არის ჩამოთვლილი კონსტიტუციის მე-14 მუხლში. ამით პირთა ის ჯგუფია განსაკუთრებით დაცული, რომლის მიმართ დისკრიმინაციის საფრთხე ისტორიულად ძალიან მაღალია. ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 114-ე პუნქტით, საკონსტიტუციო სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ისეთი კატეგორიის მიმართ, როგორებიც არიან ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები, განსხვავებული მოპყრობა ჩათვალა სოციალური ნიშნით დიფერენცირებად. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 113-ე პუნქტში განაცხადა: „იმისთვის, რომ კანონი ახდენდეს პირთა სოციალური კუთვნილების ნიშნით დიფერენცირებას, საჭიროა მისი მიღების ან მოქმედების პერიოდში არსებობდეს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, რომლის წევრობასაც უკავშირდება დიფერენცირება. შეიძლება თუ არა პირთა ამა თუ იმ წრის განხილვა სოციალურ ჯგუფად, უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სოციალური ჯგუფის არსებობის დადგენის კრიტერიუმები არ არის ცალსახა და ამომწურავი, თუმცა ზოგადი სურათის შესაქმნელად, პირობითად, შესაძლებელია რამდენიმე მათგანის მითითება: 1. ჯგუფის წევრებს უნდა ახასიათებდეთ საერთო, მუდმივი ბუნება, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს პირის არჩევანის ან მისგან დამოუკიდებელი გარემოებების (ფაქტორების) გამო. მისი შეცვლა არ არის დამოკიდებული ჯგუფის წევრებზე ან იმდენად ფუნდამენტურია მათი პიროვნებისათვის, რომ მისი შეცვლის მოთხოვნა გაუმართლებელია. 2. სოციალურ ჯგუფად შეიძლება მოვიაზროთ პირთა წრე, რომლის წევრებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული მსგავსი იმიჯის, ქცევების ან/და ინტერესების საფუძველზე. ამავე დროს, ორივე შემთხვევაში ჯგუფის წევრებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ბუნება (თვისებები), რომელიც საშუალებას მისცემდა გარეშე პირებს, მოეხდინათ მათი როგორც კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრების იდენტიფიცირება. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს ისეთი პირთა წრის არსებობას, რომელიც ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშეც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სოციალურ ჯგუფად.”
ქემოკლიძისა და ხარაძის საქმისაგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არაპირდაპირი დიფერენცირება. სადავო ნორმით უარყოფით შეგდებს განიცდიან მათ შორის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებიც, რომლებიც ქემოკლიძისა და ხარაძის გადაწყვეტილებაში სოციალურ ჯგუფად იქნენ მიჩნეული. შესაბამისად, სახეზეა კლასიკური ნიშნით ირიბი დიფერენცირება და გამოყენებული უნდა იქნეს მკაცრი ტესტი. შესაბამისად, უნდა დადგინდეს ლეგიტიმური მიზნის არსებობა, მის მისაღწევად შერჩეული ღონისძიების გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა.
1.2. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტი
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტის (შემდგომში პაქტი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს პაქტით გარანტირებული უფლებების განხორციელება, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვაგვარი შეხედულებების, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, საკუთრების დაბადების ან სხვა სტატუსის მიუხედავად. ამ მუხლთან დაკავშირებით, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა შეიმუშავა №20 ზოგადი კომენტარი.
მე-20 ზოგადი კომენტარის მე-8 პუნქტში აღნიშნულია: „იმისათვის, რომ მონაწილე სახელმწიფოებმა უზრუნველყონ, ის, რომ პაქტით გათვალისწინებული უფლებები, რაიმე დისკრიმინაციის გარეშე, იყოს დაცული, დისკრიმინაცია აღმოფხვრილი უნდა იქნას როგორც ფორმალურად, ისე არსებითად.
ა) ფორმალური დისკრიმინაცია: ფორმალური დისკრიმინაციის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია, კანონი და პოლიტიკის დოკუმენტი კრძალავს დისკრიმინაციას გარკვეული ნიშნების საფუძველზე, მაგალითად, კანონით არ უნდა იყოს დასაშვები ქალისათვის განსხვავებული სოციალური შეღავათის მიცემა იმის მიუხედავად იმყოფება თუ არა ის ქორწინებაში
ბ) არსებითი დისკრიმინაცია: ფორმალური თანასწორობა ვერ უზრუნველყოფს არსებით თანასწორობას, რაც განსაზღვრულია პაქტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით. პაქტით გათვალისწინებული უფლებით ეფექტიანი სარგებლობაზე გავლენას ახდენს ის გარემოება, ხომ არ მიეკუთვნება ადამიანი იმ ჯგუფს, რომლის დისკრიმინაციაც აკრძალულია. დისკრიმინაციის აღმოფხვრა მოითხოვს, სათანადო ყურადღება მიექცეს ჯგუფებს და ინდივიდებს, რომელმაც განიცდიდნენ ისტორიული ჩაგვრა ან თანამედროვე ცხოვრებაშიც დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. ამ დროს მხედველობაში არ მიიღება ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ მოპყრობის შედარება, რაც ფორმალური თანასწორობისათვის არის დამახასიათებელი. მონაწილე სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა ხელი შეუშალონ, შეამცირონ ან აღმოფხვრან პირობები, რაც იწვევს არსებით ან დე-ფაქტო დისკრიმინაციას.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გამო, რომ მოსარჩელე მიეკუთვნება ისტორიულად ჩაგრულ ჯგუფს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფს, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომები დე-ფაქტო დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, სათანადო კვალიფიკაციის მქონე დოქტორანტისთვის დაფინანსების მიცემის ჩათვლით.
სოციალურ, ეკონომიკური და კულტურულ უფლებათა კომიტეტის მე-20 ზოგადი კომენტარის მე-10 პუნქტის საფუძველზე:
„ა) პირდაპირი დისკრიმინაცია ნიშნავს, როცა ინდივიდს ექცევიან არახელსაყრელად იმ ადამიანთან შედარებით, რომელიც იმავე მდგომარეობაში იმყოფება დისკრიმინაციისაგან დაცული ნიშნის გამო...
ბ) არაპირდაპირ დისკრიმინაციას იწვევს კანონი, პოლიტიკა ან პრაქტიკა, რომელიც ერთი შეხედვით, ნეიტრალურია, მაგრამ არაპროპორციულ გავლენას ახდენს კონკრეტულ ჯგუფზე პაქტით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალული საფუძვლით. დაბადების მოწმობის მოთხოვნა სკოლაში ჩასარიცხად შეიძლება იწვევდეს ირიბ დისკრიმინაციას იმ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვის მიმართ, რომელიც სახლში მშობიარობის შედეგად დაიბადა ან ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელის არასრულწლოვან შვილია, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევის გამო არ გააჩნიათ ამგვარი მოწმობა (მე-10 პუნქტი). სადავო ნორმის შემთხვევაშიც არაპირდაპირ დისკრიმინაციასთან გავქვს დაბალბიუჯეტიანი პროექტის წარდგენის მოთხოვნის სახით.
მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რამდენად წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დანარჩენ საზოგადოებასთან შედარებით არათანასწორ პირებს. ამაზე პასუხს სცემს, ეკონომიკურ. სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის სხვადასხვა ზოგადი კომენტარი. 1994 წლის 9 დეკემბერს აღნიშნულმა კომიტეტმა სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით მიიღო №5 კომენტარი (https://www.refworld.org/docid/4538838f0.html). აღნიშნულ ზოგად კომენტარში აღწერილია ის მძიმე პირობები, რაშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უწევთ ცხოვრება და, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დანარჩენი საზოგადოებისაგან არსებითად არათანასწორნი არიან, მათ შორის განათლების უფლებით სარგებლობისას. მე-5 ზოგადი კომენტარის პირველივე პუნქტში კომიტეტი მიუთითებს გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაზე, სადაც აღნიშნულია: „შეზღუდული შესაძლებლობა მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებთან. მსოფლიოს დიდი ნაწილის საცხოვრებელი პირობები იმდენად მძიმეა, რომ ისეთმა ძირითადმა საჭიროებამ, როგორიცაა საკვები, წყალი, თავშესაფარი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლება - ეროვნულ სოციალურ პროგრამებში ცენტრალური ადგილი უნდა დაიკავოს. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ცხოვრების ხარისხი მაღალია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოკლებულნი არიან, კონვენციით აღიარებული მთელი რიგი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.“
ამავე ზოგადი კომენტარის მე-8 პუნქტის თანახმად: „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დათვლებით, დღეისათვის მსოფლიოში 500 მილიონზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს. მათგან 80 პროცენტი განვითარებად ქვეყნებში სასოფლო დასახლების მკვიდრია. მათგან 70 პროცენტი შეზღუდულად ან საერთოდ ვერ სარგებლობს აუცილებელი მომსახურებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობის გაუმჯობესება პირდაპირ მნიშვნელოვანია პაქტის მონაწილე ყველა ქვეყნისთვის.“ მე-5 ზოგად კომენტარის მე-10 პუნქტში აღნიშნულია: „ბოლო ათწლეულის განმავლობაში განვითარებულ და განვითარებადი ქვეყნების პროგრესის შესახებ მომზადებულ ანგარიშში გენერალური მდივანი მიუთითებს, რომ ეს პროცესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არახელსაყრელი იყო: სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროების გაუარესებამ, დაბალმა შემოსავლებმა, მაღალი უმუშევრობის დონემ, სახელმწიფო ხარჯების შემცირებამ, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამებმა და პრივატიზაციამ ნეგატიური გავლენა მოახდინა სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებზე და მომსახურებაზე. თუ ამჟამინდელი ნეგატიური ტენდენცია გაგრძელდება, არსებობს იმის რისკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა, ერთჯერადი დახმარების იმედად, იქნენ დატოვებული.“
მე-5 ზოგადი კომენტარის მე-15 პუნქტის თანახმად: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დე-იურე და დე-ფაქტო დისკრიმინაციას დიდი ხნის ისტორია აქვს და სხვადასხვა დროში იღებდა სხვადასხვა ფორმებს. ეს გამოიხატებოდა როგორც პირდაპირ დისკრიმინაციაში მაგალითად განათლებაზე უარის თქმაში, ისე უფრო „დახვეწილი“ ფორმით დისკრიმინაციაში როგორიცაა სეგრეგაციასა და იზოლაციაში, რაც მიიღწეოდა ფიზიკური და სოციალური ბარიერების დაწესების გზით. პაქტის მიზნებისათვის, „შესაძლებლობაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია“ მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის გამო განსხვავებას, გამორიცხვას, შეზღუდვას ან უპირატესობის მინიჭებას ან გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმას, რასაც შედეგად მოსდევს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღიარების, მათით სარგებლობის ან აღსრულების უარყოფა ან დაზიანება. დისკრიმინაციად ჩაითვლება. დაუდევრობით, უყურადღებობით, სტერეოტიპებით და ცრურწმენებით შშმ პირების გამორიცხვა, განსხვავება ან განცალკევება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ძალიან ხშირად, არა აქვთ შესაძლებლობა, იმ პირების თანაბრად, ვისაც არა აქვთ შესაძლებლობები შეზღუდული, ისარგებლონ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით. შეზღუდული შესაძლებლობის გამო დისკრიმინაციის შედეგები განსაკუთრებით მძიმეა საგანმანათლებლო, დასაქმების, საცხოვრებლის, ტრანსპორტის, კულტურულ და საჯარო ადგილზე წვდომის სფეროში.“
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი არაერთხელ და არაორაზროვნად მიუთითებს, რომ, დანარჩენ საზოგადოებასთან შედარებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, დანარჩენ საზოგადოებასთან შედარებით. არსებითად არათანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან განათლების უფლებასთან მიმართებაში. მე-5 ზოგადი კომენტარი კონკრეტულად მიუთითებს როგორ უნდა იქნეს დაძლეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, დანარჩენ საზოგადოებასთან შედარებით, არახელსაყრელ მდგომარეობა. კერძოდ, აღნიშნული ზოგადი კომენტარის მე-5 პუნქტის მიხედვით: „იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სრული მოცულობით უნდა ისარგებლონ პაქტით გათვალისწინებული უფლებებით. დამატებით სპეციალური მოპყრობა არის აუცილებელი.“ ხოლო მე-5 ზოგადი კომენტარის მე-9 პუნქტის თანახმად: „პაქტით დაკისრებული ვალდებულება გულისხმობს მოწყვლადი და არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული ჯგუფების მიმართ იმგვარი პოზიტიური ქმედებების გადადგმას, რითაც ისინი თავს დააღწევენ სტრუქტურულ უთანასწორობას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უნდა იყვნენ ხელსაყრელი მოპყრობით უზრუნველყოფილი, რათა მიღწეული იქნეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულყოფილი და თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა. ამ მიზნის მიღწევა გარდაუვლად გულისხმობს დამატებითი რესურსების გამოყოფას და მრავალი სპეციფიკური მიზანმიმართულების მქონე ღონისძიების გამოყენებას.“
ამგვარად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებული სტრუქტურული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი აუცილებლად მიიჩნევს შშმ პირებისათვის გარკვეული შეღავათების, პოზიტიური ღონისძიებების დაწესებას, ისევე როგორც მათ სასარგებლოდ დამატებითი რესურსების მიმართვას.
3) კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი სახელმწიფოს დისკრეციული ფუნქცია თუ ძირითადი უფლება?
გასარკვევი რჩება, რამდენად არის გაწერილი კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით ძირითადი უფლება თუ ეს არის სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ფუნქცია, რაც არ წარმოშობს, ინდივიდის სარჩელის საფუძველზე, დავის შესაძლებლობას. მსგავს სიტუაციას საკონსტიტუციო სასამართლო წააწყდა საქმეში შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ამ საქმეში მოსარჩელე დავობდა კონსტიტუციის 31-ე მუხლის ძველ რედაქციაზე, რომელიც იმ დროს კონსტიტუციის მეორე თავში იყო მოთავსებული. ამ კონსტიტუციური დებულების მიხედვით: „„სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.” საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 31 მარტის N2/1-392 გადაწყვეტილების მეორე თავის მე-19 პუნქტში განაცხადა: „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში (საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი) არის მოთავსებული. ეს უპირობოდ არ ნიშნავს, რომ ის იცავს რომელიმე ძირითად უფლებას და მასზე შეუძლია დააფუძნოს თავისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრეტენზია მოსარჩელემ. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამოხატავს ერთგვარ სოლიდარობას სახელმწიფოს მხრიდან მისი შემადგენელი ტერიტორიული კორპორაციების მიმართ. ამ თვალსაზრისით, ურთიერთობას ორი სუბიექტი ჰყავს სახელმწიფოსა და ტერიტორიული კორპორაციის სახით და ამ ურთიერთობაში ფიზიკური პირის პირდაპირი მონაწილეობა კონსტიტუციით არ მოიაზრება.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-20 პუნქტის თანახმად: „სუბიექტური უფლებები, გარკვეული სოციალური რეგულირების მოთხოვნა და კონკრეტული მოვალეობები კანონმდებლისათვის სოციალური სახელმწიფოს ცალკე აღებული პრინციპიდან არ გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ არის 31-ე მუხლის პირველი წინადადება, რომელიც მიმართულია ქვეყნის მთელი მოსახლეობისათვის ცხოვრების თანაბარი პირობების შექმნაზე, ნაკლებად პრეტენზიულია სახელმწიფოს მიმართ. აქ საუბარია „ზრუნვაზე“ სახელმწიფოს მხრიდან და არა „ვალდებულებაზე“, რომელიც ეკისრება სახელმწიფოს. შესაბამისად, 31-ე მუხლის პირველი წინადადება არის სახელმწიფოს მიზნის დამდგენი ნორმა, რომელიც არ არის მოვალეობა, მაგრამ, ამავდროულად, არ არის მხოლოდ დეკლარაციული და პროგრამული დანაწესი.“
შოთა ბერიძის საქმემ გამორიცხა ადამიანის კონსტიტუციური სარჩელის შემოწმება ისეთ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებაში, რაც ადგენს სახელმწიფოს ფუნქციას და არა ძირითადი უფლების დაცვის მოვალეობას, თუნდაც ეს კონსტიტუციური დებულება კონსტიტუციის მე-2 თავში იყოს მოთავსებული. ზედაპირული დაკვირვებითაც ჩანს, ეს საქმე განსხვავდება შორთა ბერიძის საქმისაგან. კონსტიტუციის 31-ე მუხლის ძველი რედაქცია ეხებოდა სახელმწიფოსა და მისი ტერიტორიული ერთეულების ურთიერთობას და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ინდივიდებს არავითარ უფლებებს არ ანიჭებდა. კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ეხება სახელმწიფოსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის ურთიერთობას. კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით, სახელმწიფო, სახელდებით, იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისა და ინტერესებისათვის განსაკუთრებული პირობების შექმნას. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობები. მხედველობაშია მისაღები კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ფორმულირების ტექნიკა: „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.“ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება იყენებს ზუსტი ქმედების აღმნიშვნელ ზმნას „ქმნის“ და არა მაგალითად სიტყვა „შეიძლება შექმნას“ „უფლებამოსილია შექმნას,“ რაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრეციის დამდგენი იქნებოდა. კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი იმპერატიულია, რაც ხელისუფლების სამივე შტოს - საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას, შექმნან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობები.
ამგვარად, მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუძლია სასამართლოსათვის მიმართვის გზით, სახელმწიფოს მოსთხოვოს მის მიმართ სპეციალური ზომების გატარება. ამის დასტური გარკვეულწილად არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბერის N2/12/1621 საოქმო ჩანაწერი საქმეზე შიო სურმანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ამავე დღეს მიღებული N2/11/1604 საოქმო ჩანაწერი საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლითაც სარჩელები არსებითად განსახილველად იქნა მიღებული კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებაში. ეს გარკვეულწილად იმის დასტურია, რომ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში ძირითადი უფლება დაინახა, სხვაგვარად, შოთა ბერიძის საქმეზე დაყრდნობით, განჩინებით, უარს ეტყოდა მოსარჩელეს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე, იმ საფუძვლით, რომ კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ძირითად უფლებას არ განამტკიცებს. რომ არა კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი, ლალი ლაზარიშვილის საქმის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო უარს იტყოდა, ზემოხსენებული სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე, ვინაიდან რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ნეგატიური კანონმდებელი და მას არ გააჩნია უფლების მინიჭების შესაძლებლობა. კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტმა შეცვალა ის რეალობა, რაც არსებობდა ლალი ლაზარიშვილის საქმის გადაწყვეტისას. კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით, ხელისუფლების ყველა შტოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, შექმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. განსაკუთრებული პირობები მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შეღავათების დაწესებასაც.
სპეციალური ღონისძიებების გამოყენება ეს არის ადამიანის ძირითადი უფლება. ეს გარემოება აღიარებულია საქართველოსათვის სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ სახელშეკრულებო ორგანოების პრაქტიკითაც. მაგალითად, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა თავის მე-20 ზოგადი კომენტარის მე-9 პუნქტში განაცხადა: (https://www.refworld.org/type,GENERAL,CESCR,,4a60961f2,0.html) „იმისათვის, რომ აღმოიფხვრას არსებითი დისკრიმინაცია, მონაწილე სახელმწიფოებს, ზოგიერთ შემთხვევაში. ეკისრებათ ვალდებულება, გამოიყენონ სპეციალური ზომები, რაც შეასუსტებს ან აღმოფხვრის პირობებს, რაც დისკრიმინაციის ხელშემწყობია. ამგვარი ზომები ლეგიტიმურია იმდენად რამდენადაც წარმოადგენს გონივრულ, ობიექტურ და პროპორციულ საშუალებას დე-ფაქტო დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და ეს ზომები გაუქმდება, როდესაც არსებითი თანასწორობა მიღწეული იქნება. გამონაკლის შემთხვევაში, ასეთი ზომები შეიძლება სამუდამო ხასიათის იყოს...“
ეკონომიკურ. სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტით გათვალისწინებული უფლებების დიდი ნაწილი ექვემდებარება პროგრესულ რეალიზებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ უფლებების რეალიზება დამოკიდებულია მატერიალურ რესურსებზე და არის ნაბიჯ-ნაბიჯ აღსასრულებელი, ეს უფლებები შესაძლოა არც დაექვემდებაროს სასამართლო კონტროლს. ამ კუთხით, გამონაკლისი ვრცელდება, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც კრძალავს ამ პაქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციას. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის მე-20 ზოგადი კომენტარის მე-7 პუნქტი: „დისკრიმინაციის აკრძალვა არის კონვენციიდან გამომდინარე დამოუკიდებელი და დაუყოვნებლივ აღსასრულებელი ვალდებულება. პაქტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ითხოვს სახელმწიფოსაგან უზრუნველყოს, პაქტით გათვალისწინებული ეკონომიკური სოციალური და კულტურული უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციის აკრძალვა.“
ამ საკითხს ასევე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კომიტეტი თავის #6 ზოგად კომენტარში თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით, (https://www.ohchr.org/en/documents/general-comments-and-recommendations/general-comment-no6-equality-and-non-discrimination) რაც გარანტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მე-5 მუხლით. აღნიშნული გაეროს კომიტეტი მე-6 ზოგადი კომენტარის მე-12 პუნქტში აღნიშნავს: „თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა არის უფლებაც და პრინციპიც. შშმ კონვენციის მე-3 მუხლში ის მოცემულია როგორც პრინციპი, ხოლო მე-5 მუხლში როგორც უფლება. მათი მეშვეობით ასევე ხდება კონვენციის სხვა უფლებების და პრინციპების განმარტება. თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლება/პრინციპები არის კონვენციით გარანტირებული საერთაშორისო დაცვის დასაყრდენი. თანასწორობის წახალისება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის დაუყოვნებლივ აღსასრულებელი მრავალმხრივი ვალდებულება. ეს ვალდებულება არ აღსრულდება პროგრესული რეალიზაციის გზით“ ამავე ზოგად კომენტარში შეზღუდული შესაძლებლობის საქმეთა გაეროს კომიტეტი 22-ე პუნქტში მიუთითებს: „დისკრიმინაციისაგან, თანაბარი და ეფექტური, დაცვა გულისხმობს მონაწილე სახელმწიფოების პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვან შშმ პირები დისკრიმინაციისაგან კონკრეტული და ყოვლისმომცველი ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღების ვალდებულების შესრულებით. კანონში პირდაპირ იწერება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვა და სხვაგვარი დისკრიმინაცია შშმ პირების მიმართ. ამას თან უნდა სდევდეს დებულებები ადეკვატური და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ... დადგენა.“
ამგვარად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი უნდა განიმარტოს ეკონომიკურ სოციალურ და კულტურულ უფლებათა გაეროს პაქტთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციასთან კავშირში. აქედან გამომდინარე, სპეციალური, გამათანაბრებელი ღონისძიებების გამოყენება წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შემადგენელ ნაწილს და არა სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ხელისუფლების ყველა შტოს ეკისრება სპეციალურ ღონისძიებაზე ადამიანის უფლების დაუყოვნებლივი აღსრულება, რისთვისაც გარანტირებული უნდა იყოს სასამართლოზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოზე, წვდომა.
4) სპეციალური ღონისძიებები გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების პრაქტიკის მიხედვით
ამ თავში საუბარი გვექნება კონკრეტულად რა სახის განსაკუთრებული ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი და გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ გაეროს კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფაქტობრივი თანასწორუფლებიანობის მიღწევისა და დაჩქარებისათვის მიღებული კონკრეტული ზომები, წინამდებარე კონვენციით, არ განიხილება როგორც დისკრიმინაცია.“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა ეს დებულება განმარტა №6 ზოგად კომენტარში (https://www.ohchr.org/en/documents/general-comments-and-recommendations/general-comment-no6-equality-and-non-discrimination), რომლის 28-ე პუნქტში აღნიშნულია:
„სპეციალური ღონისძიება, რაც არ მიიჩნევა დისკრიმინაციად, არის პოზიტიური ან გამათანაბრებელი ღონისძიება და მიზნად ისახავს, დააჩქაროს ან მიაღწიოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანასწორობას. ეს ღონისძიება ნახსენებია ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებშიც, მაგალითად, ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის მე-4 მუხლში და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის პირველი მუხლის მე-4 პუნქტში. ეს ღონისძიება გულისხმობს გარკვეული უპირატესობის დაწესებას ან შენარჩუნებას მოწყვლადი ან მარგინალური ჯგუფისათვის. ეს ღონისძიებები ჩვეულებრივ დროებითია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია მათი მუდმივად ძალაში დატოვება. კონტექსტის და გარემოების გათვალისწინებით. მუდმივი ღონისძიების შემოსაღებად მხედველობაში მიიღება საზოგადოებაში არსებული დაბრკოლების და სტრუქტურული ბარიერის სიმძიმე. სპეციალური ღონისძიებების მაგალითია: საველე და მხარდაჭერის პროგრამები, სამიზნე ჯგუფისათვის რესურსების გამოყოფა, გადამზადება, დასაქმება და დაწინაურება, წინსვლის და გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები, ეკონომიკური ხელშეწყობა და გაძლიერება, დღიური მოვლა და ტექნოლოგიური მხარდაჭერა.“
აღნიშნული ზოგადი კომენტარის 29-ე პუნქტის თანახმად: „კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით მიღებული ღონისძიება შესაბამისობაში უნდა იყოს კონვენციით გაწერილ ყველა პრინციპთან და დებულებასთან. სპეციალურმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს შშმ პირების იზოლაცია, სეგრეგაცია, სტერეოტიპების გაძლიერება, სტიგმატიზაცია ან სხვაგვარი დისკრიმინაცია. ამის გამო, სახელმწიფო ორგანოებმა კონსულტაცია უნდა გაიარონ შშმ პირთა წარმომადგენელ ორგანიზაციებთან, როდესაც სპეციალურ ღონისძიებებს იყენებენ.“ სადავო ნორმატიული შინაარსით სარჩელის დაკმაყოფილება არ გამოიწვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სტიგმატიზაციას, ვინაიდან დოქტორანტურის პროექტის დაფინანსება ეძლევა იმ შშმ პირს, რომელიც ზუსტად იმდენივე შეფასებას მიიღებს, რასაც ადამიანი, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობები შეზღუდული. ადამიანი დაფინანსებას იღებს იმის გამო, რომ არის კომპეტენტური და კვალიფიციური და არა მხოლოდ იმის გამო, რომ შშმ პირია. ამ გარემოების გათვალისწინებით ამ სარჩელით მოთხოვნილი განსაკუთრებული ღონისძიება არ იქნება უსამართლო და შშმ პირების მიმართ სტერეოტიპების წამახალისებელი.
შეზღუდული შესაძლებლობის უფლებების კომიტეტი სახელდებით არ მოიხსენიებს უმაღლესი განათლების საფეხურზე შშმ პირების დაფინანსებას, სამაგიეროდ, ამის შესახებ საუბრობს ეკონომიკური სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი განათლების უფლებასთან დაკავშირებით შედგენილ №13 ზოგად კომენტარში (https://www.refworld.org/pdfid/4538838c22.pdf). ეკონომიკურ სოციალურ, და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-13 მუხლი იცავს განათლების უფლებას. ამ დავის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის 13 მუხლის მე-2 პუნქტის „e“ ქვეპუნქტი, სადაც აღნიშნულია:
„e) აქტიურად გატარდეს ყველა საფეხურის საგანმანათლებლო სისტემის განვითარების პოლიტიკა, შეიქმნას სტიპენდიების შესაფერისი სისტემა და განუწყვეტლივ უმჯობესდებოდეს საგანმანათლებლო პერსონალის მატერიალური პირობები.“
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა მე-13 ზოგადი კომენტარის 26-ე პუნქტში პაქტის ზემოხსენებული დებულების განმარტებისას განაცხადა: „შესაფერისი სტიპენდიების სისტემა უნდა იქნეს წაკითხული პაქტის დისკრიმინაციის აკრძალვის და თანასწორობის დამდგენ დებულებებთან კავშირში. სტიპენდიების სისტემამ უნდა გააძლიეროს მოწყვლად ჯგუფების თანაბარი წვდომა განათლებაზე.“ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის 13 მუხლის მე-2 პუნქტის „e“ ქვეპუნქტი ეხება განათლების ყველა საფეხურს, მათ შორის, უმაღლეს განათლებასაც. ამ სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს უმაღლესი განათლების ისეთი საფეხური, როგორიცაა დოქტორანტურა. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა მე-5 ზოგად კომენტარში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უკვე მიიჩნია მოწყვლად ჯგუფად, ხოლო უკვე მე-13 კომენტარში აუცილებლად მიიჩნევს ასეთი მოწყვლადი ჯგუფების მიერ, მათ შორის, დოქტორანტურის საფეხურზე განათლების მისაღებად სტიპენდიების დაწესებას, რათა ამით აღმოიფხვრას დისკრიმინაცია.
5) კვოტირების სისტემა აშშ-ში
ამ საქმეში ვისაუბრებთ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რაც ეხება ეთნიკური უმცირესობისათვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მისაღებად დაწესებულ კვოტას. ამ გადაწყვეტილებაში საუბარია რასობრივი და ეთნიკური უმცირესობის მიმართ სპეციალური ზომების უზრუნველყოფაზე, რათა განათლების მიღების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს მრავალფეროვნება, თუმცა ამ მსჯელობაში გამოთქმული არგუმენტები შეიძლება გამოყენებული იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართაც. უნივერსიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოხვედრა უზრუნველყოფს მრავალფეროვნებას, მრავალფეროვანი კლასების ფორმირებას კი გააჩნია საგანმანათლებლო ღირებულება, ვინაიდან სტუდენტები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ უნიკალურ გამოცდილებას და ამით სტუდენტი იღებს განათლებას.
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grutter v. Bollinger, 539 U.S. 306 (2003) https://supreme.justia.com/cases/federal/us/539/306/
ამ საქმეში სამართლის სკოლა არის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი. წლიურად ეს სამართლის სკოლა იღებს 3,500 განცხადებას სტუდენტის 350 ადგილზე. სამართლის სკოლა არჩევანს აკეთებს სტუდენტებზე, რომლებიც არიან ყველაზე განათლებულები; აქვთ პერსპექტივა, წარმატებას მიაღწიონ უნივერსიტეტში; პროფესიულ საქმიანობაში და სხვების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. სამართლის სკოლა ირჩევს ერთმანეთისაგან განსხვავებული სტუდენტების ჯგუფს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა წარსული და გამოცდილება, რომლებიც ერთმანეთს სცემენ პატივს და ისწავლიან ერთმანეთისაგან. 1992 წელს სამართლის სკოლის დეკანმა ფაკულტეტის საბჭოს დაავალა ჩარიცხვის პოლიტიკის შემუშავება და მისი აღსრულების მიზნების განსაზღვრა. სამართლის სკოლა მიზნად ისახავდა, მისი სტუდენტები ყოფილიყვნენ განსხვავებულნი, რაც შესაბამისობაში იქნებოდა რასის, როგორც უნივერსიტეტში მიღების ერთ-ერთი პირობის მოთხოვნასთან.
ფაკულტეტის საბჭომ ერთხმად შეიმუშავა მოხსენება, რაც ოფიციალურად იქცა ფაკულტეტზე სტუდენტის მიღების წესად. ამ წესების დამახასიათებელი ნიშანი იყო აბიტურიენტის აკადემიურ ცოდნაზე კონცენტრირება. ამასთან ერთად აბიტურიენტის მიღებისას მხედველობაში მიიღებოდა მისი ნიჭი, გამოცდილება და უნარი - ცოდნა გაეზიარებინა სხვებისათვის. სტუდენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირები გადაწყვეტილებას იღებდნენ საქმეში მათ ხელთ არსებული მასალების საფუძველზე, მათ შორის, აბიტურიენტის პირადი განცხადების, რეკომენდაციების, ესეის საფუძველზე, სადაც აღწერილი იქნებოდა ის, თუ რა წვლილს შეიტანდა აბიტურიენტი სამართლის სკოლის ცხოვრებაში და მრავალფეროვნების უზრუნველყოფაში. მიღებაზე უფლებამოსილი პირი აფასებს წინა სასწავლო საფეხურზე მიღებულ ქულებს და სამართლის სკოლაში მისაღები ტესტის შედეგებს, რაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმის განსაზღვრისათვის, რამდენად წარმატებული სტუდენტი იქნება აბიტურიენტი სამართლის სკოლაში. წესებში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ არც ერთი სტუდენტი არ იქნება მიღებული, თუკი არსებობდა იმის საშიშროება, რომ ის უნივერსიტეტს დაამთავრებდა აკადემიური ხასიათის პრობლემებით.
ამის მიუხედავად, ჩარიცხვის წესები მკაფიოდ მიუთითებს, რომ მაღალი ქულები არ არის სამართლის სკოლაში მიღების გარანტია. იმავდროულად დაბალი შეფასება ავტომატურად არ გამორიცხავს აბიტურიენტის სტუდენტად ქცევას. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოეთხოვებათ, რომ მხოლოდ აკადემიური მოსწრებით და გამოცდების ქულებით არ შემოიფარგლონ და მხედველობაში მიიღონ სხვა კრიტერიუმები, რაც მნიშვნელოვანი სამართლის სკოლის მიზნებისა მისაღწევად. ამ კრიტერიუმს ეწოდება „მსუბუქი ცვლადი,“ მაგალითად ისეთი როგორიცაა: რეკომენდატორის ენთუზიაზმი, წინა სასწავლებლის ხარისხი, აბიტურიენტის ესეის ხარისხი, წინა სასწავლო კურსის სირთულე. ყველა ეს გარემოება ფასდება იმის დასადგენად, აბიტურიენტს რამდენად შეუძლია წვლილი შეიტანოს ინსტიტუციის ინტელექტუალურ და სოციალურ ცხოვრებაში.
ჩარიცხვის წესების მიზანია მრავალფეროვნების უზრუნველყოფა. კლასის მრავალფეროვნებით შესაძლებელია მთელი საგანმანათლებლო პროცესის გამდიდრება. ჩარიცხვის წესები არ გამორიცხავს იმას, რომ სტუდენტად ქცევაში გარკვეული ტიპის განსხვავებულობამ მნიშვნელოვნად გადაწონოს სხვა ფაქტორები. ჩარიცხვისათვის მხედველობაში მიიღება სხვადასხვა მრავალფეროვნების კომპონენტები. ამის მიუხედავად, სამართლის სკოლა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერთი ტიპის განსხვავებულობას და ეს არის რასობრივი კუთვნილება. მნიშვნელოვანია, სამართლის სკოლაში იმგვარი სტუდენტების მიღება, რომელთა ჯგუფიც ისტორიულად იყო დისკრიმინირებული. ასეთი ჯგუფია აფრო-ამერიკელები, ესპანურენოვანი ხალხი და მკვიდრი ამერიკელები. ამ ფაქტორის გათვალისწინების გარეშე ეს ჯგუფები უნივერსიტეტში წარმოდგენილი ვერ იქნებოდნენ სათანადო რაოდენობით. მოწყვლად უმცირესობას მიკუთვნებული კრიტიკული მასის სტუდენტების თავმოყრა სამართლის სკოლაში მიზნად ისახავს სამართლის სწავლების პროცესში უნიკალური წვლილის შეტანას.
სამართლის სკოლაში მიღების მიზნებისათვის განსხვავებულობა არ შემოიფარგლება მხოლოდ რასობრივი და ეთნიკური კუთვნილებით, მხედველობაში მიიღება განსხვავებულობის სხვა ფაქტორებიც. მისაღები გამოცდების წესები უფლებამოსილ პირებს აძლევს მითითებას, უზრუნველყონ ისეთი კლასის ფორმირება, რაც ერთდროულად მრავალფეროვანიც იქნება და აკადემიურად გამორჩეულიც. კლასი უნდა შედგებოდეს სტუდენტებისაგან, რომელიც გააგრძელებენ სამართლის სკოლის დიდი ხნის ტრადიციას იურიდიული პროფესიის განვითარების საქმეში.
მომჩივანი ბარბარა გრუტერი თეთრკანიანი მიჩიგანის მკვიდრია, რომელმაც სამართლის სკოლას მიმართა 1996 წელს 3.8 GPA და 161 სამართლის სკოლაში ჩასარიცხი ქულებით. სამართლის სკოლამ თავდაპირველად მომჩივანი ჩასვა მომლოდინეთა სიაში, მაგრამ ბოლოს მისი განცხადება არ დააკმაყოფილა. ამის გამო, მომჩივანმა მიმართა სასამართლოს. მომჩივანი ასევე აცხადებს, რომ სამართლის სკოლამ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა რასის გამო, რაც არის ჩარიცხვის მნიშვნელოვანი ფაქტორი. განსაზღვრული უმცირესობის წარმომადგენლებს მნიშვნელოვნად უფრო მეტი შანსი აქვთ გახდნენ სტუდენტები, ვიდრე იმავე მოსწრების მქონე არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებულ რასობრივ ჯგუფებს. მომჩივანი ამტკიცებს, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია ლეგიტიმურ მიზანზე, რასაც შეუძლია გაამართლოს რასის გამოყენება მისაღები გამოცდების პროცესში. მომჩივანი მოპასუხისაგან ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, მის სამართლის სკოლაში ჩარიცხვას და მომავალში რასის ნიშნით დისკრიმინაციისაგან თავის შეკავებას. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ეს საქმე განსახილველად მიიღო.
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: „უზენაესი სასამართლო უმაღლესი განათლების სისტემაში რასის როლს 25 წლის წინ შეეხო. ცნობილი ბეიკის საქმეში სასამართლომ განიხილა სტუდენტთა რასობრივი ჩარიცხვის პროგრამა, რომლითაც სამედიცინო უნივერსიტეტის 100 ადგილიდან 16 გამოყოფილი იყო უმცირესობის ჯგუფებისათვის. საქმეში დაიწერა 6 აზრი, არც ერთ მათგანი არ ეკუთვნოდა უმრავლესობას. 4 მოსამართლე ეთანხმებოდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროგრამის კონსტიტუციურობას, იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფოს შეუძლია, გამოიყენოს რასა იმ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, რაც უმცირესობამ წარსულში დისკრიმინაციით განიცადა. ოთხ მოსამართლეს ჩარიცხვის რასობრივი პროგრამა არ შეუფასებია კონსტიტუციის ჭრილში. მათი აზრით, პროგრამა უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა კანონს (სამოქალაქო თავისუფლებების კანონი). მეხუთე ხმა ეკუთვნოდა მოსამართლე პაუელს, რომელსაც 16 ადგილიან კვოტა უკანონოდ მიაჩნდა. ამის მიუხედავად, პაუელი არ ეთანხმებოდა იმ მოსაზრებას, რომ უნივერსიტეტს არ ჰქონდა იმის უფლება, რომ სტუდენტის მიღების ერთ-ერთ და არა ერთადერთ პირობად გაეთვალისწინებინა რასობრივი ფაქტორი, თუმცა ამისათვის აუცილებელი არ იყო ყოველგვარი კვოტის დაწესება. პაუელის აზრი შეუერთდა იმ მოსამართლეების აზრს, რომელიც მისაღები წესების კონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ და საბოლოოდ, ბეიკის საქმიდან დადგინდა ერთადერთი სავალდებულო წესი, რომ სახელმწიფოს აქვს სათანადო ლეგიტიმური მიზანი, შეიმუშავოს უნივერსიტეტში მიღების იმგვარი პოლიტიკა, რომლითაც რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობა, სხვა ფაქტორებთან ერთობლიობაში, იქნება მხედველობაში მიღებული. ამგვარად, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება. პაუელის ხმა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო უნივერსიტეტის კვოტირების მოდელი, რომლის მიხედვითაც, 100-დან 16 ადგილის უმცირესობისათვის გამოყოფა იყო უკანონო, შეუერთდა სასამართლოს მეორე ოთხეულის ხმას.
მას შემდეგ, რაც სასამართლო დანაწევრდა ბეიკის საქმეზე, მოსამართლე პაუელის აზრი იქცა უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესის ქვაკუთხედად. მთელს ქვეყანაში საჯარო და კერძო უნივერსიტეტები ჩარიცხვის რასობრივად მგრძნობიარე მიღების წესებს აგებდნენ მოსამართლე პაუელის აზრის მიხედვით. ამის გამო, სასამართლო, ამ საქმეზე, მოსამართლე პაუელის აზრს დეტალურად განიხილავს.
მოსამართლე პაუელი დაეთანხმა იმას, რომ უნივერსიტეტს რასის ფაქტორის გამოყენების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ ერთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად - სტუდენტური მრავალფეროვნების უზრუნველყოფად. მოსამართლე პაუელის ანალიზი ეფუძნება აკადემიური თავისუფლებას, რომელიც დიდი ხანია მიიჩნევა სიტყვის თავისუფლებით განსაკუთრებით დაცულ უფლებად. მოსამართლე პაუელი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ლიდერებზე, რომელთა განათლებაც მიმდინარეობს ისეთი იდეებისა და ჩვეულებების ათვისების გზით, რომელიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ამ ქვეყნის ხალხი. უნივერსიტეტის უფლება - შეარჩიოს ის სტუდენტები, რომელიც ხელს შეუწყობენ მრავალფეროვანი მოსაზრებების გავრცელებას- უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტის მიერ საკუთარი მისიის განსახორციელებლად. როგორც ტრადიცია, ისე გამოცდილება ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ მრავალფეროვნების გაძლიერებას განსაკუთრებული აკადემიური ღირებულება გააჩნია.
ამ საქმეში უზენაესი სასამართლო, ქვემოთ მოყვანილი მოტივაციის გამო, იზიარებს მოსამართლე პაუელის აზრს, იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტების მრავალფეროვნება არის მწვავე სახელმწიფო ინტერესი, რასაც შეუძლია რასის ფაქტორის გამოყენების გამართლება უნივერსიტეტში სტუდენტების მიღებისას.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ შემოღებული რასობრივი დიფერენცირება სასამართლოს მიერ მოწმდება შეფასების მკაცრი ტესტით. ეს ნიშნავს იმას, რომ დიფერენცირება კონსტიტუციურია თუ ემსახურება მწვავე სახელმწიფო ინტერესების მიღწევას ვიწროდ მიზანმიმართული საშუალების გამოყენების გზით...
აშშ-ს უზენაესი სასამართლო იზიარებს იმას, რომ კლასში სტუდენტთა მრავალფეროვნების უზრუნველყოფა მწვავე ლეგიტიმური საჯარო მიზანია. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თქმით: „სტუდენტთა მრავალფეროვნება იწვევს კონკრეტულ საგანმანათლებლო სარგებელს. მრავალფეროვნების პოლიტიკა ხელს უწყობს სტუდენტებს შორის ურთიერთგაგებას, ამსხვრევს სტერეოტიპებს, ეხმარება სტუდენტებს უკეთ გაუგონ მისგან განსხვავებულ ადამიანს. ეს სარგებელი მნიშვნელოვანი და სანაქებოა. საკლასო ოთახებში დისკუსია ხდება უფრო ცოცხალი, უფრო მეტად შთამაგონებელი, საგანმანათლებლო თვალსაზრისით, უფრო სარგებლიანი და საინტერესოა, როდესაც იქ მყოფ სტუდენტებს გააჩნიათ ერთმანეთისაგან განსხვავებული წარსული და გამოცდილება.“
მოპასუხე სამართლის სკოლის არგუმენტი ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით ძლიერდება სასამართლოს მეგობრის არგუმენტებითაც, რომელიც ასევე მიუთითებს სტუდენტთა მრავალფეროვნებიდან წარმოშობილ საგანმანათლებლო სარგებელზე. სასამართლოს წარედგინა უამრავი კვლევები და ანგარიშები, რაც აჩვენებს რომ მრავალფეროვნება სტუდენტს საგანმანათლებლო უნარებს უვითარებს: მრავალფეროვნება სტუდენტს უჩენს ასევე მრავალფეროვან სამუშაო ძალასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის აუცილებელ უნარებს, აქცევს მათ უკეთეს პროფესიონალებად.
ეს საგანმანათლებლო სარგებელი არა თეორიული, არამედ სრულიად პრაქტიკულია. ამერიკული ბიზნესის მაგალითი მეტყველებს იმაზე, რომ დღევანდელ გლობალურ ბაზარზე ოპერირებისათვის აუცილებელია ისეთი უნარები, რაც ვითარდება სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან, კულტურებთან, იდეებთან და მოსაზრებებთან შეხების გზით...
სასამართლო კიდევ ერთხელ აღიარებს იმას, რომ განათლების უმთავრესი დანიშნულებაა სტუდენტის მომზადება მუშაობისა და კარგი მოქალაქეობისათვის, პოლიტიკური და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის, რითაც ხდება საზოგადოებრივი მოწყობის დაცვა. სასამართლომ დიდი ხნის წინ აღიარა რომ განათლება კარგი მოქალაქეობის უმთავრესი პირობაა. აქედან გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მომდინარე ცოდნა ყველა ინდივიდისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საჯარო ინსტიტუციები ღია და ხელმისაწვდომი უნდა მოქალაქეთა ყველა სეგმენტისათვის. ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა. ამგვარი ღიაობა არსად არ არის იმდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც უმაღლესი განათლების კონტექსტში. თუკი ერთიან სახელმწიფოზე ოცნებას ასრულება უწერია, ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში ყველა ჯგუფის წევრების ეფექტიანი მონაწილება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
უფრო მეტიც, უნივერსიტეტებში, განსაკუთრებითი კი, სამართლის სკოლებში, მომზადებულია ქვეყნის ლიდერების დიდი ნაწილი. სამართლის სკოლები არის სამართლებრივი ცოდნისა და პრაქტიკის მიღების სანდო საფუძველი. სამართალში ხარისხის მქონე პირთა ნახევარს უკავია გუბერნატორის თანამდებობები, ნახევარზე მეტი წარმოდგენილია შეერთებული შტატების სენატში. ყოველი მესამე წარმომადგენელთა პალატაში იურისტია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია, როცა საქმე ეხება პრესტიჟულ სამართლის სკოლებს. ამგვარი პრესტიჟული უნივერსიტეტები დაამთავრა 100-დან 25 სენატორმა 74 სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, 200-მა რაიონული სასამართლოს მოსამართლემ.
იმისათვის, რომ, მოქალაქეთა გადმოსახედიდან, სამართლიანად მოხდეს მომავალი ლიდერების აღზრდა, აუცილებელია გზა ლიდერობისაკენ გახსნილი იყო ყველა ნიჭიერი და კვალიფიციური ადამიანისათვის. ჩვენი ჰეტეროგენური საზოგადოების ყველა წევრს უნდა ჰქონდეს რწმენა იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ღიაობისა და წესიერების შესახებ, რომლებიც ადამიანებს ლიდერებად ამზადებენ. სასამართლომ უკვე აღიარა, რომ სამართლის სკოლები ვერ იქნებიან იზოლირებულები იმ ინდივიდებისა და ინსტიტუციებისგან, რომელზეც კანონი ახდენს გავლენას. უმაღლესი განათლება ინკლუზიური უნდა იყოს ყველა ნიჭიერი და განათლებული ადამიანისათვის, იმგვარად, რომ ჩვენი ჰეტეროგენური საზოგადოების ყველა წევრს შეეძლოს მონაწილეობის მიღება საჯარო დაწესებულებების საქმიანობაში. მომზადება და განათლება აუცილებელია წარმატების მისაღწევად.
უნივერსიტეტის უმთავრეს მისიას წარმოადგენს სტერეოტიპების გავლენის შესუსტება. ეს მიზანი არ მიიღწევა განსაზღვრული კვოტის შევსების გზით. მიუხედავად ამისა, როგორც კონკრეტულ რეგიონში აღზრდა და კონკრეტული პროფესიული გამოცდილება გავლენას ახდენს ადამიანის შეხედულებებზე, ზუსტად ასეთივე უნიკალურ გავლენას ახდენს ადამიანის მსოფლმხედველობაზე ის გარემოება, რომ ადამიანი კონკრეტული რასის და ეთნიკური ჯგუფის წევრია. ჩვენს დროში რასობრივი კუთვნილება კვლავაც არ არის უმნიშვნელო ფაქტორი. უნივერსიტეტი, თავისი გამოცდილებით, მოწოდებულია იმისთვის, რომ იყოლიოს ჩაგრული უმცირესობის წარმომადგენელთა კრიტიკული მასა, რათა მიაღწიოს ლეგიტიმურ მიზანს - მიიღოს საგანმანათლებლო სარგებელი მრავალფეროვანი სტუდენტური შემადგენლობიდან.
იმ გამონაკლის შემთხვევებშიც კი, როცა განსხვავებული მოპყრობა დასაშვებია მწვავე სახელმწიფო ინტერესის მისაღწევად, სახელმწიფო მაინც შეზღუდულია იმაში, თუ როგორ მიაღწევს ის ამ მიზანს. ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად შერჩეული საშუალება სპეციფიკურად და ვიწროდ უნდა იყოს ფორმულირებული. ვიწროდ მიზანმიმართულების მოთხოვნის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შერჩეული საშუალება ისე ახლო კავშირში იყოს მწვავე ლეგიტიმურ მიზნის მიღწევასთან, რომ არავითარი შესაძლებლობა არ დატოვოს იმისათვის, რომ დიფერენცირებამ არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული ჯგუფის მიმართ მტრობა ან სტერეოტიპული დამოკიდებულება განაპირობოს.
იმისთვის, რომ რასობრივად მგრძნობიარე სტუდენტთა მიღების პროგრამა იყოს ვიწროდ მიზანმიმართული, მან ხელი არ უნდა შეუშალოს კვალიფიციურ აბიტურიენტს, კონკურენცია გაუწიოს სხვა აბიტურიენტებს. ამის ნაცვლად, უნივერსიტეტებს შეუძლიათ რასა და ეთნიკური კუთვნილება დამატებით „პლიუსად“ მიიჩნიონ, ისე რომ ამ ნიშნის არსებობის მიუხედავად, კვლავაც იყოს შესაძლებელი ერთი აბიტურიენტის ცოდნა შედარდეს მეორე აბიტურიენტის ცოდნას ყველა დასაკავებელ ადგილზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტუდენტთა მისაღები პროგრამა უნდა იყოს იმგვარად მოქნილი, რომ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული კრიტერიუმი განხილული იყოს ამ ადამიანის ცოდნასთან კავშირში.
სასამართლო თვლის, რომ ამ საქმეში სტუდენტთა მისაღები პროგრამა ატარებს ვიწროდ მიზანმიმართული ღონისძიების მახასიათებლებს. მოსამართლე პაუელი ნათლად მიუთითებს, რომ ინდივიდუალიზებული შეფასების არსებობის შემთხვევაში რასა გამოყენებული უნდა იქნეს მოქნილი, არამექანიკური გზით. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტებს არა აქვთ უფლება, დააწესონ კვოტა რომელიმე ჯგუფის წევრებისათვის ან ამ ჯგუფის წარმომადგენლებისათვის ცალკე გამოცდები ჩაატარონ, უნივერსიტეტებს ასევე არა აქვთ უფლება, ცალკეული ჯგუფის წარმომადგენლები გამორიცხონ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობიდან. ამის მიუხედავად, უნივერსიტეტებს მაინც შეუძლიათ, რასა და ეთნიკურობა უფრო მოქნილი გზით, ერთ პლიუსად მიიჩნიონ თითოეული აბიტურიენტის ინდივიდუალური შეფასების მომენტში.
სასამართლო კმაყოფილია იმით, რომ განსახილველი სტუდენტთა მისაღები პროგრამა, მოსამართლე პაუელის აზრში აღწერილი ჰარვარდის სქემის მსგავსად, არ ადგენს კვოტებს. მეტი სიზუსტისათვის, კვოტა არის ისეთი პროგრამა, როცა განსაზღვრული ადგილები გამოყოფილია ექსკლუზიურად უმცირესობის წარმომადგენელი ჯგუფებისათვის. კვოტა არის ფიქსირებული რიცხვი ან პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც უნდა შეივსოს და არ უნდა იქნეს გადამეტებული. კვოტის არსებობის შემთხვევაში გამოირიცხება არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული უმრავლესობის ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებულ უმცირესობასთან შედარება, ვინაიდან ფიქსირებულ ადგილებზე კონკურსში მონაწილეობენ მხოლოდ უმცირესობის წარმომადგენლები და არა არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული უმრავლესობის წევრები. ამის საწინააღმდეგოდ, ლეგიტიმური მიზნის არსებობა გულისხმობს იმას, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი წითელი ხაზი არ უნდა გადაიკვეთოს. ამისათვის, რასა შეიძლება იყოს დამატებითი პლიუსი, იმავდროულად ყოველი აბიტურიენტი კონკურენციაში უნდა იყოს იმავე კვალიფიკაციის მქონე კანდიდატთან.
მნიშვნელოვანია მოსამართლე პაუელის მიერ სამედიცინო უნივერსიტეტის ხისტი 16 ადგილიანი კვოტის გამიჯვნა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ რასის, როგორც ერთი პლიუსის მოქნილ გამოყენებასთან. ჰარვადის უნივერსიტეტის მიზანი იყო მოეზიდა უმცირესობის წარომადგენლები, თუმცა მათთვის ექსკლუზიურად არ ჰქონია გამოყოფილი ადგილების განსაზღვრული რაოდენობა. მოსამართლე პაუელმა კატეგორიულად უარყო არგუმენტი, რომ ჰარვარდის პროგრამა იყო კვოტის ეკვივალენტური, მხოლოდ იმიტომ რომ რასა იყო ერთი პლიუსი, მას უფრო მომეტებული წონა ენიჭებოდა, ვიდრე სხვა ფაქტორებს, რათა ამით სტუდენტთა მრავალფეროვნება ყოფილიყო მიღწეული.
რასობრივად მგრძნობიარე სტუდენტთა ჩარიცხვის პროგრამა, რომელიც არ წარმოადგენს კვოტას, ჯერ კიდევ არ გულისხმობს იმას, რომ აკმაყოფილებს ინდივიდუალიზებული შეფასების მოთხოვნას. როდესაც რასის ფაქტორს იყენებენ ერთ დამატებით პლიუსად უნივერსიტეტში მისაღებ კონკურსზე. ამ დროს თითოეული აბიტურიენტი უნდა შეფასდეს როგორც ინდივიდი და წარმატებისათვის აბიტურიენტის ეთნიკურობასა და რასას არ უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რასობრივად მგრძნობიარე ღონისძიების გამოყენების კონტექსტში ინდივიდუალიზებულ შეფასებას უმთავრესი მნიშვნელობა გააჩნია.
ამ საქმეში, სამართლის სკოლა მიმართავს უაღრესად ინდივიდუალიზებულ, ჰოლისტურ მიდგომას აბიტურიენტის მიმართ. სამართლის სკოლა მხედველობაში იღებს ყველა გარემოებას, რაც მიუთითებს, რომ სტუდენტს შეუძლია შეიტანოს წვლილი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოს ფორმირებაში. უნივერსიტეტი ინდივიდუალურად აფასებს ყველა ჯგუფის წარმომადგენელს. de jure ან de facto არ მოქმედებს პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი კრიტერიუმი საკმარისია აბიტურიენტის განცხადების დაკმაყოფილებისათვის ან მასზე უარის თქმისათვის.
რასის გარდა უნივერსიტეტი იყენებდა მრავალფეროვნების შეფასების სხვა კრიტერიუმებსაც. 1992 წელს მიღებული სამართლის სკოლაში ჩარიცხვის წესში დეტალურად აღწერილია რასის გარდა მრავალფეროვნების შეფასების სხვა ფაქტორებიც, მაგალითად, მრავალფეროვნების შეფასების სხვა კრიტერიუმია: აბიტურიენტის სხვა ქვეყანაში მოგზაურობა და განსაზღვრული ვადით იქ ცხოვრება, რამდენიმე ენის თავისუფლად ფლობის ფაქტი, პირადი სირთულეების და ოჯახური გაჭირვების გადალახვის ფაქტი, საზოგადოებრივი მუშაობის გამოცდილება, წარმატებული კარიერა სხვადასხვა სფეროში. უნივერსიტეტი დეტალურად განიხილავდა რამდენად სერიოზულ წვლილს შეიტანდა აბიტურიენტი საკლასო სამუშაოებში, მისი წარსულის გათვალისწინებით. მაგალითად, მოწმდებოდა ჰქონდა თუ არა აბიტურიენტს უჩვეულო აკადემიური მიღწევები, სამუშაო გამოცდილება, განათლების მიღებასთან კავშირის არმქონე საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობის განხორციელების გამოცდილება, როგორი იყო მისი წარსული. ყველა აბიტურიენტს ჰქონდა შესაძლებლობა მისაღები კომისიისათვის წარდგენილ განცხადებაში, რეკომენდაციაში და ესეიში წარმოეჩინა თავისი, სხვებისგან განსხვავებული, მახასიათებელი.
უზენაესი სასამართლო აღიარებს, რომ ვინმესთვის უპირატესობის მინიჭებით სამართლიანობა სერიოზული პრობლემის წინაშე დგება. ვიწროდ მიზანმიმართული ღონისძიების არსი არის ის, რომ სტუდენტების ჩარიცხვის სპეციალურმა პროგრამამ არასათანადო ზიანი არ მიაყენოს რომელიმე ჯგუფს. სპეციალური ღონისძიებაც კი ზოგადად რჩება განგრძობადი ზედამხედველობის საგანი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ის, რომ მან მცირე ზიანი მიაყენოს უდანაშაულო ადამიანს, რომელიც სპეციალურ ზომას დაქვემდებარებულ პირთან კონკურენციაში ცდილობს შეღავათის მოპოვებას. ვიწროდ მიზანმიმართულმა სპეციალურმა ღონისძიებამ მძიმე ტვირთი არ უნდა დააკისროს იმ პირებს, რომლებიც არ არიან ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული ჯგუფის წევრები.
სასამართლო კმაყოფილია იმით, რომ ჩარიცხვის პროგრამით არასათანადოდ მძიმე ტვირთი არ ეკისრებათ იმ ჯგუფის წევრებს, რომლებიც სპეციალური ღონისძიების მიღმა არიან დატოვებულები. სამართლის სკოლა მხედველობაში იღებს მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ ყველა ელემენტს. უნივერსიტეტს შეუძლია შეარჩიოს კანდიდატი, რომელიც უმცირესობას არ მიეკუთვნება, თუმცა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელზე მეტად შეუძლია წვლილი შეიტანოს სტუდენტურ მრავალფეროვნებაში. როგორც მოსამართლე პაუელმა აღიარა ბეიკის საქმეში, იმდენად რამდენადაც სპეციალური ღონისძიებით რასა ერთ-ერთი პლიუსია, სხვა ინდივიდუალურ გარემოებებთან ერთად, დაწუნებული კანდიდატს უარს არ ეუბნებიან უნივერსიტეტში მიღებაზე იმის გამო, რომ მას სათანადო კანის ფერი და გვარი არა აქვს. ამ კანდიდატის კვალიფიკაცია სამართლიანად და კონკურენტულად იქნა შეფასებული და მას არა აქვს საფუძველი, იდავოს კონსტიტუციის მე-14 შესწორებით გარანტირებულ თანაბარი მოპყრობის უფლების დარღვევაზე.
სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ ყველა კანდიდატის მიერ მრავალფეროვნებაში ინდივიდუალური წვლილის შეტანის გამოკვლევის კონტექსტში, უნივერსიტეტის სპეციალური ღონისძიება არაგონივრულად მძიმე ტვირთს არ აკისრებს აბიტურიენტს, რომელიც არ არის უმცირესობის წევრი.
უზენაესი სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ კონსტიტუციის მე-14 შესწორების მიზანია დაასრულოს მთავრობის მიერ რასაზე დაფუძნებული არათანასწორი მოპყრობა. აქედან გამომდინარე რასაზე დაფუძნებული სტუდენტების ჩარიცხვის პოლიტიკა დროში უნდა იყოს შეზღუდული. ეს მოთხოვნა ეფუძნება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, რასობრივი ნიშნით დიფერენცირება, რამდენად მწვავე ლეგიტიმური მიზნის მიღწევასაც არ უნდა ემსახურებოდეს, პოტენციურად იმდენად საშიშია, რომ არსებობს მისი იმაზე ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა, ვიდრე ამის აუცილებლობა არსებობს. რასობრივი ნიშნით უპირატესობის მინიჭების სამუდამო გამართლება დაარღვევდა თანაბარი მოპყრობის ფუნდამენტურ პრინციპებს. სასამართლო ვერ ხედავს ობიექტურ მიზეზს, რასაზე დაფუძნებული სტუდენტების ჩარიცხვის პროგრამა დაუქვემდებაროს გამონაკლისს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ რასაზე, როგორც ფაქტორზე, მითითებას უნდა ჰქონდეს თავისი ლოგიკური დასასრული. სამართლის სკოლაც თანხმდება იმაზე, რომ რასობრივად მგრძნობიარე პროგრამას უნდა ჰქონდეს დროში გონივრული ლიმიტი.
უმაღლესი განათლების კონტექსტში სპეციალური ღონისძიების ხანგრძლივობა შეიძლება განისაზღვროს გარდამავალი დებულებებით ან იმ საკითხის პერიოდული გადასინჯვით, ისევ არსებობს თუ არა რასობრივი ნიშნით შეღავათის დაწესების აუცილებლობა სტუდენტური მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად.
სასამართლო ეთანხმება სამართლის სკოლის მოსაზრებას, რომ უკეთესია რასობრივად ნეიტრალური სტუდენტების ჩარიცხვის ფორმულის მიგნება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება რასობრივად მგრძნობიარე პროგრამის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. იმის გამო, რომ საწინააღმდეგო არ დამტკიცებულა, სასამართლო ვარაუდობს, რომ უნივერსიტეტი კეთილსინდისიერად მოქმედებდა. 25 წელის გავიდა მას შემდეგ, რაც მოსამართლე პაუელმა პირველად დასაშვებად მიიჩნია, რასის, როგორც ფაქტორის, გამოყენება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტური მრავალფეროვნების მისაღწევად. ამ დროიდან მაღალი ნიშნებისა და ტესტის შედეგების მქონე უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა. ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 25 წლის გასვლის შემდეგ, რასობრივი პრეფერენციები აუცილებელი აღარ იქნება ამ გადაწყვეტილებით დღეს დადასტურებული ინტერესის დასაცავად.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ თანაბარი მოპყრობის დებულება არ უკრძალავს უნივერსიტეტს, ვიწროდ მიზანმიმართულად გამოიყენოს რასის ფაქტორი უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების პროცესში, რათა ამით მიაღწიოს მრავალფეროვანი სტუდენტური საზოგადოებიდან მომდინარე საგანმანათლებლო სარგებლის მიღების მწვავე და დაუძლეველ ინტერესს. შესაბამისად, მომჩივანის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
Grutter v. Bollinger-ს საქმიდან მნიშვნელოვანია შემდეგი არგუმენტების გამოყოფა. ისევე როგორც რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობად ყოფნა დაკავშირებულია უნიკალურ გამოცდილებასთან და ამასთან დაკავშირებით უნიკალური შეხედულებების ჩამოყალიბებასთან, იგივე შეიძლება ითქვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ეს ჯგუფები დანარჩენი საზოგადოებისაგან განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს, შშმ პირებს სხვებისაგან განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება და მსოფლმხედველობა გააჩნიათ. სხვებთან თანასწორ პირობებში, ამ ჯგუფის სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე, საგანმანათლებლო ღირებულებების მომტანია უნივერსიტეტში მოხვედრილი იმ პირებისთვისაც, ვინც არ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი. ეს ადამიანები ეცნობიან მათგან განსხვავებული შშმ პირების საჭიროებს, რაც ხელს უწყობს იმას, რომ პროფესიაში შესვლის შემთხვევაში, მათ გაუადვილდებათ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით ეხებათ იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც შეიძლება მოემსახურონ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, იქნება ეს საადვოკატო საქმიანობა, ბრალდების მხარდაჭერა, გამოძიება თუ მართლმსაჯულების განხორციელებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო სამართალის აღსრულების პრაქტიკა წარმოუდგენელია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გარეშე. შესაბამისად, მომავალმა იურისტებმა მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობის უნარები უნდა გამოიმუშაონ იურიდიული ფაკულტეტების აუდიტორიებიდან, რაც მათ მომავალში მხოლოდ უკეთეს პროფესიონალებად აქცევს.
დოქტორანტურაში სწავლა აკადემიური ხარისხის დაცვასთან არის დაკავშირებული. აკადემიური ხარისხის მოპოვება კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის არა მხოლოდ მისი მოწყვლადი მდგომარეობის დაძლევის უმთავრესი წინაპირობაა, არამედ ეხმარება მას საზოგადოებრივ ლიდერად ჩამოყალიბებაში. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ზემოხსენებულ საქმეში მიუთითა, რომ უმაღლესი იურიდიული განათლება, ისევე როგორც აკადემიური ხარისხი გახდა მნიშვნელოვანი წინაპირობა ადამიანისათვის მაღალი პოლიტიკური და სასამართლო თანამდებობის დასაკავებლად. ხშირად ასეთი გამორჩეული წარმატებისაკენ გზა სწორედაც რომ აკადემიური ხარიხის მინიჭებაზე გადის, სწორედ ამიტომ ყველა ნიჭიერი ადამიანისათვის გზა დოქტორანტურისაკენ და შემდგომ საზოგადოებრივი ლიდერობისაკენ თანასწორად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
სადავო ნორმით შემოთავაზებული მოდელი სწორია იმ თვალსაზრისით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დანარჩენ საზოგადოებასთან თანაბარ პირობებში, იბრძვიან დაფინანსების მისაღებად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დოქტორანტის წარდგენილი პროექტი ფასდება ისეთი პირის მიერ წარდგენილ პროექტთან კავშირში, რომელიც არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. რუსთაველის ფონდი არ აცხადებს ცალკე კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რაც იქნებოდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების კონვენციის მთავარი მოთხოვნის - ინკლუზიური განათლების პრინციპის - დარღვევა, გზას მოუჭრიდა შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე პირებს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას, გამოიწვევდა შშმ პირების იზოლაციას და სეგრეგაციას, მაშინ როდესაც კონვენციის და კონსტიტუციის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა. მექანიკური კვოტირების სისტემა ჯერ მოსამართლე პაუელმა უარყო თავის აზრში, რაც 25 წლის შემდეგ, Grutter v. Bollinger-ის საქმეში უკვე სასამართლო პრეცედენტი გახდა. ამის მიუხედავად, მთავარი კონსტიტუციური პრობლემა, რაც სადავო ნორმას ახასიათებს არის ის, რომ მართალია, შშმ და არა შშმ პირები ერთად ფასდებიან, შეზღუდული შესაძლებლობა არ არის ერთ-ერთი პლიუსი მაშინ, როცა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლებისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად წარდგენილი პროექტები შეფასების ყველა კრიტერიუმთან მიმართებაში თანაბარ ქულებს მიიღებენ.
აქვე კიდევ ერთხელ უნდა გავიზიაროთ მოსამართლე პაუელის აზრი, რომლითაც ის არ დაეთანხმა იმ 4 ლიბერალ მოსამართლეს, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს სამედიცინო უნივერსიტეტში 100-დან 16 ადგილის უმცირესობისათვის გამოყოფას. ეს 4 ლიბერალი მოსამართლე მათ განსხვავებულ აზრში კვოტირებას ჩაგრული ჯგუფების ისტორიული უსამართლობის აღმოფხვრით ამართლებდა. ამის საპირისპიროდ მოსამართლე პაუელი აცხადებდა არ შეიძლება ისტორიულ უსამართლობაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს უდანაშაულო ადამიანს, რომელსაც არავითარი წვლილი არ მიუძღვის წარსულში უმცირესობის ჩაგვრაში და არ მიეკუთვნება მოწყვლად ჯგუფს, შესაბამისად, კვოტირების სისტემა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. კვოტირების სისტემა მართლაც შეიცავს ამგვარი უსამართლობის საფრთხეს, როცა უდანაშაულო ადამიანი, რომელიც არანაირად არ არის სხვა ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობაზე პასუხისმგებელი, თავად არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სახელმწიფოს მხრიდან ვარდება უთანასწორო მდგომარეობაში. ეს უსამართლობა განსაკუთრებით ნიშანდობლივი შეიძლება იყოს საგანმანათლებლო სფეროში. ადამიანებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ამა თუ იმ უნივერსიტეტში ან კონკრეტულ სპეციალობაზე მოსახვედრად მომზადება, რაც დაკავშირებულია უდიდეს შრომასთან, სტრესთან, მატერიალური რესურსების ხარჯვასთან. შესაბამისად, ძალიან დიდი უსამართლობის განცდას ტოვებს ის ფაქტი, როცა ადამიანი ვერ ხვდება სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ მიმართულებაზე, არა მისი ცოდნის, არამედ სტატუსის ან სხვა პიროვნული მახასიათებლის გამო.
ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ შეიცავს ამგვარი უსამართლობის საფრთხეს. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის იმგვარი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და არა შშმ პირის მიერ წარდგენილი პროექტების ყველა კრიტერიუმით, თანაბარი შეფასების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ წარდგენილ პროექტს, რათა დოქტორანტურის ეტაპზე სახელმწიფო დაფინანსების მქონე შშმ პირების კრიტიკული რაოდენობა იქნეს მიღწეული. ეს მიდგომა არანაირად არ ტოვებს უსამართლობის განცდას იმ პირში რომელიც არ არის შშმ პირი. ამ მიდგომით დაფინანსება არ გაიცემა შშმ პირზე, რომელიც არის არაკომპეტენტური იმ პირთან შედარებით, ვისი შესაძლებლობებიც არ არის შეზღუდული. ამ მოდელით დაფინანსების მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს იმ პირთან მიმართებაში თანაბარი ცოდნა გააჩნია, ვისაც არა აქვს შეზღუდული შესაძლებლობა. ამ უკანასკნელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს დოქტორანტურისათვის დაფინანსება, თუკი მისი პროექტი უფრო მაღალ შეფასებას დაიმსახურებს, ვიდრე შშმ პირის მიერ წარდგენილი პროექტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ისეთი დიდი უსამართლობა აღარ იარსებებს იმ შემთხვევაში, როცა ქულათა თანაბარი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება შშმ პირის მიერ წარდგენილ პროექტს, ვიდრე მაშინ იარსებებდა, შშმ პირის პროექტს უფრო დაბალი შეფასება რომ მიეღო და ამის მიუხედავად, მაინც დაფინანსება მოეპოვებინა. სარჩელით მოთხოვნილი ნორმატიული შინაარსით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა არ გამოიწვევს იმგვარი უსამართლობის განცდას არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანში, რომ მან უკეთესი ცოდნის და კომპეტენციის მიუხედავად, ვერ მიიღო დაფინანსება. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნორმატიული შინაარსის არსებობის შემთხვევაში, ადამიანის შშმ სტატუსი თამაშობს გადამწყვეტ როლს დაფინანსების მოსაპოვებლად, თუმცა სავსებით სამართლიანი დღეს არსებული მოდელიც არ არის, რომელიც თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობას ანიჭებს მცირებიუჯეტიან პროექტს.
და ბოლოს, როგორც ყველა სპეციალური ღონისძიება, სარჩელით მოთხოვ ნილი ღონისძიებაც შეიძლება იყოს დროებითი, ვინაიდან თავიდან იყოს აცილებული მისი ბოროტად გამოყენების საფრთხე იმ პირებთან მიმართებაში, რომლებსაც არა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სტატუსი. ამგვარი ღონისძიების გამოყენების საჭიროება განაპირობა როგორც ნორმის შემოქმედის, ისე მისი აღმასრულებლის უგრძნობელმა დამოკიდებულებამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროების მიმართ. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის 26 აპრილის წერილი მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნულ ფონდს არა აქვს ინფორმაცია, იმის თაობაზე, თუ რამდენი შშმ პირის მიერ წარდგენილი დოქტორანტურის პროექტი იქნა დაფინანსებული. სარჩელით მოთხოვნილი სპეციალური ღონისძიება შეიძლება გაუქმებული იქნას მაშინ, როცა რუსთაველის ფონდს ექნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დოქტორანტების პროექტის დაფინანსების კრიტიკული პროცენტული სტატისტიკური მაჩვენებელი.
6. ლეგიტიმური მიზანი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ოგანეს დარბინიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ 2014 წლის 12 სექტემბრის N2/3/540 გადაწყვეტილების მეორე თავის 24-ე პუნქტში აღნიშნა: „ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მიღწევასაც უკავშირდება შეზღუდვა. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია.“
თუკი მხედველობაში მივიღებთ სადავო ნორმის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, თანაბარი შეფასების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს, ეს უდავოდ მიუთითებს იმაზე, რომ სადავო ნორმის მიზანი წარმოადგენს საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა. სხვა საკითხია ის, თუ რამდენად შეიძლება იყოს ბიუჯეტის დაზოგვა ლეგიტიმური მიზანი.
„საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, როგორიც სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე: „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). ცხადია, ამ შემთხვევაში, სახეზეა, განსაკუთრებით ჩაგრული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სტრუქტურული, ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრის ინტერესი, რასთან მიმართებაში საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა ვერ იქნება ღირებული ლეგიტიმური მიზანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე, თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მეორე თავის 21-ე პუნქტის თანახმად: „საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა თავისთავად ვერ გახდება ამ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზეზი. ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც ზიანის ანაზღაურების ხარჯი იმდენად მძიმე ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, რომ მისი ანაზღაურება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ფუნქციონირებას, ფისკალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შესაძლებელია მსჯელობა ზიანის ანაზღაურების უფლების შეზღუდვაზე, გადახდის განაწილვადებისა თუ სხვა ფორმებით. სახელმწიფო ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს.“ ამგვარად, ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისაგან გამიჯნა საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა და ფისკალური უსაფრთხოება. პირველი ნიშნავს იმას, რომ მიზნობრივი პროგრამის დასრულების შემთხვევაში სახელმწიფოს დარჩება თანხის ნაშთი, მეორე ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს არა ექნება კონკრეტული ფუნქციის განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური სახსრები. ამ ეტაპზე უნდა დავადგინოთ, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის თუ ფისკალური უსაფრთხოების მიმართ შექმნილი საფრთხე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №128/ნ ბრძანების დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „36-თვიანი პროექტისათვის სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 63000 ლარს, 30-თვიანი პროექტისათვის - 52500 ლარს, 24-თვიანი პროექტისათვის - 42000 ლარს, 18-თვიანი პროექტისთვის - 31500 ლარს, 12-თვიანი პროექტისათვის - 21000 ლარს, ხოლო 6-თვიანი პროექტისთვის - 10500 ლარს.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დასაშვები წლიური ბიუჯეტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 21 000 ლარს.
სადავო ნორმის მიხედვით, თუ 36 თვიანი პროექტისათვის სასწავლო-კვლევითი პროექტისათვის წარდგენილია ორი პროექტი, რომელმაც თანაბარი შეფასება დაიმსახურა, აქედან ერთი პროექტის ბიუჯეტი 62 000 ლარია, ხოლო მეორე პროექტის ბიუჯეტი 63 000 ლარი, დაფინანსდება 62 000 ლარიანი ბიუჯეტის მქონე პროექტი. კონკურსის გამოცხადებამდე რუსთაველის ფონდს უნდა ჰქონდეს მიღებული პროექტების დასაფინანსებლად აუცილებელი სახსრები. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, კი თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 36 თვიანი პროექტისათვის მაქსიმალურ თანხას - 63 000 ლარს მოითხოვს, რუსთაველის ფონდს აქვს მისი გადახდის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით ხდება არა ფისკალური უსაფრთხოებისათვის რისკების აღმოფხვრა, არამედ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. ფისკალური უსაფრთხოებისათვის საფრთხე მაშინ გვექნებოდა სახეზე, კონკურსანტს რომ მოეთხოვა 36 თვიანი პროექტისათვის 63 000 ლარზე მეტი ან რუსთაველის ფონდი ვალდებული ყოფილიყო, დაეხარჯა წლიურ ბიუჯეტზე 21 000 ლარზე მეტი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა ემსახურება საბიუჯეტო რესურსების დაზოგვას. ეს არის მიზანი რომელიც ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება და საფუძვლად ვერ დაედება ადამიანის უფლებების შეზღუდვას.
ღირებული ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს უდანაშაულო პირისათვის სპეციალური ღონისძიებებით გამოწვეული არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენების თავიდან აცილება და სადავო ნორმით დადგენილი ნეიტრალური გადაწყვეტა ამ მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალებაა, თუმცა, როგორც მე-5 თავში ვისაუბრეთ, დროებითი სპეციალური ღონისძიება იქნება ნაკლებ მზღუდავი საშუალება, ხოლო თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობის შშმ პირის მიერ წარდგენილი პროექტისათვის მინიჭება, იმ დრომდე, ვიდრე რუსთაველის ფონდს ეყოლება სახელმწიფო დაფინანსების მქონე შშმ პირების კრიტიკული ოდენობა, პასუხობს, ვიწრო გაგებით, პროპორციულობის ტესტის მოთხოვნებს. ამით ხდება შშმ პირის და იმ პირის ინტერესების სამართლიანი დაბალანსება, რომელმაც დაფინანსებისათვის წარადგინა პროექტი და დაიმსახურა იმდენივე შეფასება, რაც შშმ პირის მიერ წარდგენილმა პროექტმა. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარე არ ხდის სადავოდ მცირებიუჯეტიანი პროექტის წარდგენის კრიტერიუმით გამარჯვებულის გამოვლენის შესაძლებლობას, როდესაც კონკურსში მონაწილეობენ პირები, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა შეზღუდული და რომლებიც მიიღებენ თანაბარ შეფასებას.
ამგვარად, გასაჩივრებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსი არ პასუხობს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტის მოთხოვნებს და ვითხოვთ მის არაკონსტიტუციურად ცნობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა