შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამება“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/15/216 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 20 ოქტომბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “სამება” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით 1) “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის ჩანაწერი – “საზღვაო ნავსადგურებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით დაკავებულ და მათ სანიტარულ-ტექნიკურ ზონას მიკუთვნებულ მიწებზე, აგრეთვე ნავმისადგომების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად არსებულ ტერიტორიებზე” და 2) საქართველოს საზღვაო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილების უფროსი ბათარ ჩანქსელიანი და ამავე განყოფილების მოწვეული სპეციალისტი მარინე რობაქიძე, სპეციალისტი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ეკა ზარნაძე, მოწმე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანზორ მესხიშვილი.
კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2003 წლის 16 იანვარს მიიღო არსებითი განხილვისათვის (საოქმო ჩანაწერი №1/16/216).
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 მარტის №159 დადგენილების საფუძველზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “სამებას” ფოთის ნავსადგურის ტერიტორიიდან მუდმივ სარგებლობაში გამოეყო 2,21 ჰექტარი ფართობის №7 ნავმისადგომი ალკოჰოლიანი სასმელების, მინერალური და წყაროს წყლების ტერმინალის მშენებლობისათვის. აღნიშნულ ფართობზე 1998 წლის 29 დეკემბერს ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველომ შპს “სამების” სახელზე გასცა საკუთრების უფლების მოწმობა, პირველადი რეგისტრაციის ფორმით და დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ეს ჩანაწერი, როგორც უკანონო, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც უცვლელად იქნა დატოვებული ჯერ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის, ხოლო შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინებებით. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმებზე და მიმჩნევს, რომ სწორედ მათ საფუძველზე უშუალოდ შეიზღუდა მისი საკუთრების უფლება – დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნები. გამომდინარე, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს სადავო ნორმების ანტიკონსტიტუციურად ცნობას.
საქმის არსებითად განხილვის დროს, 2004 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე, მოპასუხე მხარის წირმომადგენელმა ბათარ ჩანქსელიანმა სასამართლო კოლეგიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა საქმის განხილვის შეწყვეტის შესახებ იმ მოტივით, რომ არ დასტურდება სადავო ნორმების მიმართება (შემხებლობა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან. მისი აზრით, საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ სადავო ნორმებით ვინმეს საკუთრების უფლება ირღვეოდეს. შპს “სამებას” არ წარმოშობია შესაბამის ფართობზე საკუთრების უფლება. საქართველოს რესპუბლიკის მინისტთა კაბინეტის 1995 წლის 27 მარტის № 159 დადგენილების საფუძველზე აღნიშნული ფართობი მოსარჩელეს გადაეცა მუდმივ სარგებლობაში. მუდმივი სარგებლობა არ ნიშნავს საკუთრებას და შესაბამისი უფლების დარღვევაზე საკითხის დაყენება მიზანშეწონილად ვერ ჩაითვლება.
მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას და განაცხადა, რომ შპს “სამებას”, მართალია, არ ჰქონია ფოთის საზღვაო ნავსადგურის №7 ნავმისადგომთან არსებული მიწის ფართობი საკუთრებაში, მაგრამ სადავო ნორმებით მას წაერთვა ყოველგვარი შესაძლებლობა ამ ფართობზე საკუთრების უფლების შეძენისა.
სპეციალისტად მოწვეულმა ეკა ზარნაძემ აღნიშნა, რომ სწორად უნდა ჩაითვალოს მოპასუხე მხარის შუამდგომლობა. საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევაა, რომ შპს “ სამებას” არ ჰქონია საკუთრებაში ფოთის საზღვაო ნავსადგურის №7 ნავმისადგომთან არსებული მიწის ფართობი. ამიტომაც უმართებულოა მოსარჩელის მხრივ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე მითითება – შეუძლებელია არარსებული საკუთრების ჩამორთმევა ან სხვაგვარად შეზღუდვა. სპეციალისტის აზრით, მოსარჩელის მტკიცება, რომ სადავო ნორმებით მას წაერთვა საკუთების შეძენის უფლება, ვერ ჩაითვლება არგუმენტირებულად, ვინაიდან სახელმწიფოს თვითონ შეუძლია დაადგინოს, თუ რისი პრივატიზება შეიძლება და რისი – არა.
მოწმე ანზორ მესხიშვილის განცხადებით, შპს “ სამების” სახელზე ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიერ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა მოხდა შეცდომით და შემდგომ სასამართლოს ეთხოვა შესაბამისი გაუქმების შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გაანალიზა სამართალწარმოების მონაწილეთა არგუმენტები, სპეციალისტისა და მოწმის ჩვენებები და მოწმის ჩვენებები და დაადგინა საქმის შეწყვეტის შუამდგომლობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
მართალია, შპს “სამების” 216-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი უკვე მიღებულია არსებითად განსახილველად, მაგრამ, ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია პირველ რიგში მიუთითებს განმწესრიგებელი სხდომისათვის დამახასიათებელ თავისებურებებზე, კერძოდ კი იმ გარემოებაზე, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების ამ სტადიაზე პროცესში არ მონაწილეობს მოპასუხე და მისი წარმომადგენელი. ამიტომ არ გამოირიცხება, რომ ზოგჯერ ვერ მოხერხდეს ამა თუ იმ საკითხის გამოკვლევა და საბოლოოდ გადაწყვეტა. ასეთ შემთხვევაში რჩება ერდადერთი შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციური სამართალწარმოების დანიშულებიდან გამომდინარე, საკითხი პროცესის შემდგომ სტადიაში იქნეს დაზუსტებული.
საქმის არსებითად განხილვის პროცესში, სადაც მონაწილეობდნენ მხარეები, სპეციალისტი და მოწმე, გამოირკვა და დაზუსტდა სხვადასხვა გარემოებანი, რომლებიც არ ადასტურებენ სადავო ნორმების მიმართებას საქრთველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან. კერძოდ, სასამართლო კოლეგია ყურადღებას მიაქცევს იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ შპს “სამება”-ს არ ჰქონია საკუთრების უფლება ფოთის №7 ნავმისადგომთან არსებულ მიწის ფართობზე, რაც დასტურება საერთო სასამართლოების სათანადო გადაწყვეტილებით და თვით მოსარჩელის წარმომადგენელმაც აღიარა საქმის არსებითად განხილვის პროცესში. ამგვარად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობს საკუთრების უფლება და შესაბამისად, შეუძლებელია საუბარი მისი შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ. არარსებული უფლება კი, ცხადია ვერ გახდება კონსტიტუციური კონტროლის საგანი.
სასამართლო კოლეგია მოსარჩელის ვერც იმ აზრს ვერ დაეთანხმა, რომ სადავო ნორმებით თითქოს მოხდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების შეძენის “საყოველთაო უფლების გაუქმება”,– შპს “სამება”-ს წაერთვა შესაძლებლობა გამხდარიყო მესაკუთრე მის სარგებლობაში არსებული ქონებისა. სადავო ნორმები მხოლოდ იმის კონსტატაციას ახდენენ, რომ გარკვეული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა. საკუთრების კი კანონმდებლობის გზით სრული უფლება აქვს განსაზღვროს, თუ რისი გასხვისება შეიძლება და რისი – არა. ამ უფლებამოსილების განხორციელება ვერანაირად ვერ ჩაითვლება რაიმე უფლების შელახვად, მით უმეტეს – საკუთრების უფლებისა.
საქმის არსებითად განხილვის დროს გამოვლენილი ზემოაღნიშნული გარემოებანი იმის მაჩვენებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დავის საგანი, რის გამოც, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო პროცესის შემდგომი წარმართვა გამორიცხულია.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის დებულებებიდან გამომდინარე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
I. დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის შუამდგომლობა და შეწყდეს სამართალწარმოება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “სამების” კონსტიტუციურ სარჩელზე იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით 1) “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის ჩანაწერი – “საზღვაო ნავსადგურებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით დაკავებულ და მათ სანიტარულ-ტექნიკურ ზონას მიკუთვნებულ მიწებზე, აგრეთვე ნავმისადგომების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად არსებულ ტერიტორიებზე” და 2) საქართველოს საზღვაო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
II. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის შემადგენლობა
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე);
ვ. გვარამია;
ი. ფუტკარაძე;
ნ. შაშკინი. (მომხსენებელი მოსამართლე).