საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №3/2/1723 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 3 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 თებერვალი 2023 18:11 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1723) მომართა საქართველოს მთავრობამ. №1723 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2022 წლის 18 აგვისტოს რეზოლუციით, გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 3 თებერვალს.
2. №1723 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 34-ე მუხლი.
3. №1723 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს მთავრობამ მიიღო 2022 წლის 15 ივლისის №1256 განკარგულება დავით ბაქრაძის კანდიდატურის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის თაობაზე. აღნიშნული წარდგინება, 2022 წლის 15 ივლისის №22851 წერილით, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. წერილს თან ერთოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 14 ივლისის №01/21308 კორესპონდენცია და ,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ წარდგინებას უმოქმედობით (უარით) უპასუხა.
4. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის წარდგინების უარყოფით, იგი პირდაპირი ფორმით შეიჭრა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მსჯელობა იმაზე, თუ რომელი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა იქნება კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობიდან თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით, რის უფლებამოსილებასაც მას საქართველოს კონსტიტუცია არ ანიჭებს.
5. მოსარჩელე მხარე მიუთითებს 2017-2018 წლების კონსტიტუციურ რეფორმაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში კი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და სრულად მოკლებულია აღმასრულებელ ძალაუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ელჩები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენენ, მათი დანიშვნა და გათავისუფლება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, უპირობოდ, აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციად უნდა იქნეს მიჩნეული.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში სახელმწიფოს მეთაურის სტატუსისა და უფლებამოსილებების განმსაზღვრელ კონსტიტუციურ ნორმებს ახასიათებს სიმბოლურობის მაღალი ხარისხი. ვინაიდან ელჩი არის სახელმწიფოს წარმომადგენელი, მნიშვნელოვანია, მისი დანიშვნა იმ ორგანოს მიერ ხორციელდებოდეს, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს ატარებს. სწორედ ამიტომ, 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და საქართველოს პარლამენტმა ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების სიმბოლური უფლებამოსილება, უპირობოდ, საქართველოს პრეზიდენტს მიანიჭეს, თუმცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაშიც კი არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, რომ ხსენებული უფლებამოსილება მხოლოდ სიმბოლური და სამართლებრივი ბუნებისა იყო. ამასთან, სწორედ ამგვარ განმარტებაზეა მითითება კონსტიტუციური კანონის განმარტებით ბარათშიც, რითაც ცალსახად დასტურდება კანონმდებლის ნება.
7. მოსარჩელე მხარე დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს მეთაურის სტატუსისა და უფლებამოსილებების განმსაზღვრელ ნორმებში, ზოგადად, არ გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა, მაგალითად, “სიმბოლური”, სწორედ ამიტომ, უფლებამოსილებების არსი მმართველობის სისტემაზე დაყრდნობით განიმარტება. საპარლამენტო მმართველობის სისტემაში კი პრეზიდენტის ისეთი უფლებამოსილება, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უკავშირდება, სწორედ რომ სიმბოლურად უნდა განიმარტოს.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით ნიშნავს. ამასთან, თანახელმოწერილ აქტებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს მთავრობას ეკისრება. საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს საქართველოს პრეზიდენტისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეფარდების არანაირ მექანიზმს, რაც, კიდევ ერთხელ, ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ხსენებულ უფლებამოსილებას მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს, ხოლო მატერიალური თვალსაზრისით, ეს უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას ეკუთვნის.
9. მოსარჩელე მხარის აზრით, თუკი საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს ექნებოდა პოლიტიკური დისკრეცია ისეთ უფლებამოსილებებთან მიმართებით, რომლებიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას უკავშირდება, საპარლამენტო მმართველობის არსი ეჭვქვეშ დადგებოდა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმოქმედობით გამოხატული უარით, ნათლად ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1723 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა. 2023 წლის 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1723 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1723 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში