გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/6/1663 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2023 19:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-2 მუხლისა (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის 63-ე პუნქტის (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), „„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №38 დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებისა და „„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1663) მომართა გიორგი ცააძემ. №1663 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 10 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს.
2. №1663 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების (შემდგომში, სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილება) მე-2 მუხლის (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი (დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე) შეადგენს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ – 1.895 თეთრს 1მ3-ზე. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის 63-ე პუნქტი (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 1მ3-ზე ბუნებრივი გაზის მიწოდების (ზედა ზღვარი), განაწილებისა და მოხმარების (ზედა ზღვარი) ტარიფებს, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე, იმ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა–საყოფაცხოვრებო მომხმარებელი), რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის. კერძოდ, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 1მ3 ბუნებრივი გაზის მიწოდების (ზედა ზღვარი) ტარიფი არის 9.671 თეთრი, განაწილების ტარიფი შეადგენს 36.678 თეთრს, ხოლო 1მ3 ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელით მოხმარების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფი არის 48.244 თეთრი.
4. „„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №38 დადგენილების (შემდგომში, სემეკის 2020 წლის 29 ივნისის №38 დადგენილება) პირველი მუხლის საფუძველზე, ცვლილება განხორციელდა სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის 63-ე პუნქტში და დადგინდა, რომ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 1მ3 ბუნებრივი გაზის მიწოდების (ზედა ზღვარი) ტარიფი არის 9.671 თეთრი, განაწილების ტარიფი შეადგენს 36.678 თეთრს, ხოლო 1მ3 ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელით მოხმარების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფი არის 48.244 თეთრი. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლით კი განისაზღვრა სადავო დადგენილების ამოქმედებისა და მისი მოქმედების ვადები. კერძოდ, სადავო დადგენილება ამოქმედდა 2020 წლის 1 ივლისიდან და მოქმედებს 2023 წლის 1 იანვრამდე.
5. „„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილების (შემდგომში, სემეკის 2019 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილება) პირველი პუნქტის საფუძველზე, სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-2 მუხლში განხორციელდა ცვლილებები და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი (დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე) დადგინდა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ 1.895 თეთრის ოდენობით, 1მ3-ზე. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად კი, განისაზღვრა სადავო დადგენილების ამოქმედებისა და მისი მოქმედების ვადები. კერძოდ, სადავო დადგენილება მოქმედებს 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით კი ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
7. №1663 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში, სემეკ), სადავო ნორმების საფუძველზე, ცვლილებები განახორციელა ბუნებრივი გაზის ტარიფის ოდენობაში. კერძოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მოთხოვნის შედეგად, სემეკმა დააკორექტირა ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები და დაადგინა მათი ფასნამატის ოდენობები, რათა მომხდარიყო ლართან მიმართებით დოლარის კურსის ცვლილებით აღნიშნული კომპანიებისათვის გამოწვეული ფინანსური ზარალის კომპენსირება.
8. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში არსებობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო ართულებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები. ამ პირობებში, ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის პროცესში, სემეკმა გაითვალისწინა მხოლოდ შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კომერციული ინტერესები და არ შეაფასა მოსახლეობაზე და კომერციულ საწარმოებზე, მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით (მაგ., პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, საშუალო ფენის წარმომადგენლები და სხვ.), შემოსავლისა და გასავლის შეფარდებიდან გამომდინარე, რამდენად სამართლიანი და პროპორციული იყო, ვალუტის კურსის ცვლილების გამო, ბუნებრივი გაზის ტარიფების გაზრდა მოსახლეობის საზიანოდ. მოსარჩელის განმარტებით, სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების გაზრდისას არ გაითვალისწინა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით რამდენად იყო დაცული ერთიან შიდა პროდუქტთან ბუნებრივი გაზის ფასნამატის შესაბამისი პროპორცია.
9. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის გაზრდილი გადასახადი ჭარბ ფინანსურ ტვირთად აწვება მოსახლეობის სოციალურად ყველაზე გაჭირვებულ ფენას. მოსარჩელის განმარტებით, ბუნებრივი გაზის ტარიფების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სემეკმა მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ პენსიონერებისათვის, სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვრის მიღმა მყოფი პირებისათვის ასეთ დონეზე გაზრდილი ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა წარმოადგენს უდიდეს სირთულეს, განსაკუთრებით პანდემიური ვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით. ამგვარად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაციები ეწინააღმდეგება სოციალური სახელმწიფოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პრინციპს. გარდა ხსენებულისა, მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფების ზრდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აყენებს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით განმტკიცებულ მეწარმეობის თავისუფლების უფლებასა და მე-6 მუხლით გარანტირებულ ეკონომიკური თავისუფლების პრინციპს.
10. მოსარჩელის პოზიციით, ღირსების ძირითადი უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნას. ადამიანის ღირსების უფლების შელახვად უნდა შეფასდეს სახელმწიფოში არსებული ძალიან მაღალი, არაგონივრული გადასახადები, რომელთა გადახდის შემდეგაც ადამიანს არ რჩება ღირსეულად ცხოვრების გაგრძელებისათვის მინიმალური შემოსავალი. მოსარჩელის განმარტებით, კომუნალური მომსახურება, საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, იმდენად მნიშვნელოვანი და საჭირო კომპონენტია ადამიანის ცხოვრებაში, რომ მასზე ხელმისაწვდომობისათვის ადამიანმა შესაძლებელია, სხვა საყოფაცხოვრებო და მატერიალური დანაკლისის ხარჯზე, კომუნალური პრობლემის მოგვარება არჩიოს. აღნიშნული კი ადამიანს სახელმწიფოს ხელში ინსტრუმენტად გადააქცევს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს.
11. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები აწესებს, ერთი მხრივ, უთანასწორო მიდგომას მნიშვნელოვნად თანასწორი პირების – კერძოდ კი, საზოგადოების მიმართ, რომელსაც მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში გაეზარდა ბუნებრივი გაზის კომუნალური გადასახადი. მეორე მხრივ, კი ითვალისწინებს არსებითად თანასწორ მოპყრობას მნიშვნელოვნად უთანასწორო სუბიექტებს შორის, რაც გამოიხატა სემეკის მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფების კორექტირების შესახებ შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაში. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაციები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს.
12. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან სადავო ნორმების შესაბამისობაზე მსჯელობისას, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია საზოგადოების, პიროვნებისა და სახელმწიფოს განვითარება უსაფუძვლოდ, არაადეკვატურად და ალოგიკურად გაზრდილი მაღალი გადასახადებიდან გამომდინარე. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარი გადასახადები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის მიერ რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას.
13. ზემოაღნიშნულის გარდა, მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს, რომ ბუნებრივი გაზის კომუნალური გადასახადის გაზრდა, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის თანახმადაც, მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მიუთითებს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველ მუხლზეც, რომელიც აწესრიგებს საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობას საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში და განსაზღვრავს, რომ გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების ცვლილება დასაშვებია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.
14. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მოსარჩელე მიუთითებს სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებაზე.
15. №1663 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ვითარებაში, აგრეთვე მიმდინარე პანდემიის ფონზე, მოსახლეობისათვის შეუძლებელია ბუნებრივი გაზის გაზრდილი ტარიფით კომუნალური მომსახურების ღირებულების გადახდა, რაც მოსახლეობას აყენებს მძიმე ფსიქოლოგიურ-მორალურ მდგომარეობაში და წარმოშობს გამოუსწორებელი ზიანი დადგომის საფრთხეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1663 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-2 მუხლისა (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის 63-ე პუნქტის (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), სემეკის 2020 წლის 29 ივნისის №38 დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებისა და სემეკის 2019 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილების პირველი და მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებთან მიმართებით.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები – სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-2 მუხლი (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და სემეკის 2020 წლის 29 ივნისის №38 დადგენილების პირველი მუხლი – განსაზღვრავს გაზგამანაწილებელი კომპანიის ‒ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 1მ3 ოდენობის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების ზღვრულ ოდენობებს, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე, რომელიც შეადგენს შესაბამისად – 9.671, 36.678 და 48.244 თეთრს 1მ3-ზე. ამასთანავე, სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის 63-ე პუნქტი (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და სემეკის 2019 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილების პირველი მუხლი ადგენს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის ოდენობას, რომელიც შეადგენს 1.895 თეთრს 1მ3-ზე. სემეკის 2020 წლის 29 ივნისის №38 დადგენილების მე-2 მუხლი და სემეკის 2019 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილების მე-2 მუხლი ამავე დადგენილებების ამოქმედებისა და მოქმედების ვადად განსაზღვრავს, შესაბამისად, 2020 წლის პირველი ივლისიდან და 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდსა და 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.
3. აღსანიშნავია, რომ „„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის №59 დადგენილების (შემდგომში, სემეკის 2022 წლის 12 დეკემბრის №59 დადგენილება) პირველი მუხლის საფუძველზე, სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის 63-ე პუნქტში (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) განხორციელდა ცვლილებები და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 1მ3 ოდენობის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების ზღვრულ ოდენობად, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე, განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წელის პირველ იანვრამდე პერიოდისათვის ‒ შესაბამისად, 10.778, 35.883 და 48.244 თეთრი 1მ3-ზე, ხოლო 2026 წლის პირველი იანვრიდან 2028 წლის პირველ იანვრამდე პერიოდისათვის ‒ შესაბამისად, 10.324, 26.450 და 38.112 თეთრი 1მ3-ზე. „„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 12 დეკემბრის №58 დადგენილების (შემდგომში, სემეკის 2022 წლის 12 დეკემბრის №58 დადგენილება) პირველი მუხლის საფუძველზე, ცვლილებები განხორციელდა, აგრეთვე სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-2 მუხლში და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის ოდენობად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე პერიოდისათვის 1.583 თეთრი 1მ3-ზე, ხოლო 2026 წლის პირველი იანვრიდან 2028 წლის პირველ იანვრამდე პერიოდისათვის 1.338 თეთრი 1მ3-ზე. აღნიშნული დადგენილებები, სემეკის 2022 წლის 12 დეკემბრის №58 დადგენილების მე-2 მუხლისა და სემეკის 2022 წლის 12 დეკემბრის №59 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე, ამოქმედდა 2023 წლის პირველი იანვრიდან. იურიდიული ძალის არმქონეა, შესაბამისად, სემეკის 2019 წლის 24 დეკემბრის №38 და სემეკის 2020 წლის 29 ივნისის №38 დადგენილებებიც. ამდენად, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები ძალადაკარგულია 2023 წლის პირველი იანვრიდან, ანუ №1663 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, თუმცა აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად საკითხის გადაწყვეტამდე.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი პრაქტიკის თანახმად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის/ნორმების გაუქმება a priori არ იწვევს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის/ნორმების იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის/ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
6. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს საქმეზე სადავოდ გამხდარი ძალადაკარგული ნორმის იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე, მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი მოქმედი ნორმა, რომელიც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე.
7. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
8. №1663 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-2 მუხლისა (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის 63-ე პუნქტის (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), სემეკის 2020 წლის 29 ივნისის №38 დადგენილების პირველი მუხლისა და სემეკის 2019 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობას.
9. როგორც აღინიშნა, მითითებული სადავო რეგულაციები განსაზღვრავს გაზგამანაწილებელი კომპანიის ‒ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 1მ3 ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების ზღვრულ ოდენობებს, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე, რომელიც შეადგენს, შესაბამისად – 9.671, 36.678 და 48.244 თეთრს 1მ3-ზე და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის ოდენობას, რომელიც შეადგენს 1.895 თეთრს 1მ3-ზე.
10. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმების საფუძველზე, დაუსაბუთებლად, უსამართლოდ, არაგონივრულად და ცალმხრივად, მხოლოდ გაზგამანაწილებელი და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების კომპანიების კომერციული ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და მოქალაქეთა გადახდისუნარიანობის გათვალისწინების გარეშე, გაიზარდა ბუნებრივი გაზის ტარიფები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებს. გარდა ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფების ცვლილება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე, ვერ პასუხობს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის ვერც ფორმალურ კრიტერიუმებს.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე დაკავშირებულია მტკიცებასთან, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფების გაზრდა განხორციელდა დაუსაბუთებლად და არაგონივრულად. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგია ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის ტარიფის გაანგარიშების ძირითად პრინციპებსა და მეთოდოლოგიას და ამომწურავად ჩამოთვლის იმ კრიტერიუმებს, რომლებიც სემეკის მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბუნებრივი გაზის ტარიფების გადაანგარიშებისას. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა ბუნებრივი გაზის ტარიფის რომელიმე კომპონენტის, ნორმატიულ დონეზე, არასწორად განსაზღვრაზე ან/და სემეკის მიერ, პრაქტიკაში, ტარიფის დადგენისას მეთოდოლოგიის ამა თუ იმ კომპონენტის გაუთვალისწინებლობაზე ან საჭიროების გარეშე გათვალისწინებაზე. ამრიგად, მოსარჩელის პოზიცია, რომ სემეკის მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფების გაზრდა ობიექტური საჭიროებების გარეშე, დაუსაბუთებლად განხორციელდა, არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და არ ეფუძნება სათანადო არგუმენტაციას. შესაბამისად, №1663 კონსტიტუციური სარჩელი, ამ მხრივ, დაუსაბუთებელია.
12. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს, რომ სემეკმა, ბუნებრივი გაზის ტარიფების განსაზღვრისას, არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და მომხმარებლის გადახდისუნარიანობა და მხოლოდ კერძო ეკონომიკური აგენტის ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ მიიღო ბუნებრივი გაზის ტარიფების კორექტირების შესახებ გადაწყვეტილება. მოსარჩელის ამ არგუმენტთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმები განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფებს, ისევე, როგორც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფს და არა მათი გაანგარიშების/კორექტირების წესს, პირობებსა და კრიტერიუმებს. შესაბამისად, რამდენადაც დამოუკიდებელი რეგულაციებით განცალკევებით განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ტარიფის გაანგარიშების/კორექტირების წესი და კრიტერიუმები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი გაანგარიშებისას, უშუალოდ ბუნებრივი გაზის ტარიფის ოდენობის დამდგენი ნორმები საკუთარ თავში არ გულისხმობს მისი შემუშავების პრინციპებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფის გადაანგარიშების/კორექტირების მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სათანადო კრიტერიუმებს, რომელთა მეშვეობითაც, მოსარჩელის აზრით, მიღწეულ იქნება სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ ინტერესებს შორის, მან უნდა გაასაჩივროს სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების დამდგენი წესი და არა უშუალოდ ბუნებრივი გაზის ტარიფები. სწორედ ბუნებრივი გაზის ტარიფის გაანგარიშების/კორექტირების საკითხის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე განისაზღვრება ტარიფის შემადგენელი კომპონენტები, მისი დადგენის პრინციპები და ის გარემოებები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ ტარიფის კონკრეტული ოდენობის შემუშავებისას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმები არ აწესრიგებს ბუნებრივი გაზის ტარიფის განსაზღვრისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს, მათ შორის, არც ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და არც მომხმარებლის გადახდისუნარიანობის მხედველობაში მიღების საკითხს. ამრიგად, ნათელია, რომ მოსარჩელის მიერ №1663 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული პრობლემა მომდინარეობს არა გასაჩივრებული ნორმებიდან, რომლებიც უშუალოდ ადგენს ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ზღვრული ტარიფებისა და ტრანსპორტირების ტარიფის კონკრეტულ ოდენობებს, არამედ ბუნებრივი გაზის ზღვრული ტარიფების გაანგარიშების/კორექტირების წესის დამდგენი ნორმებიდან. შესაბამისად, აშკარაა, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფებში სახელმწიფოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის საკითხის გათვალისწინებასთან დაკავშირებული მოსარჩელის არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმებს.
14. №1663 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ მიმართული კიდევ ერთი არგუმენტი უკავშირდება სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნის ვალდებულებას. მოსარჩელის არგუმენტაციით, ადამიანის ღირსებას ლახავს ის გარემოება, რომ, დისპროპორციული გადასახადების გადახდის შემდგომ, ადამიანს არ რჩება საკმარისი შემოსავალი ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველსაყოფად. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არაგონივრულად მაღალი კომუნალური გადასახადები იწვევს ადამიანის ინსტრუმენტალიზაციას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ კომუნალური მომსახურების ტარიფების დადგენის გზით, სახელმწიფო, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, არეგულირებს შესაბამისი კომუნალური მომსახურების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობებს. ამ ფორმით კომუნალური მომსახურების ტარიფის სახელმწიფო რეგულირების მიზანია, განისაზღვროს ის მაქსიმალური ღირებულება, რომლის ანაზღაურებაც დასაშვებია მოითხოვოს მომსახურების გამწევმა სუბიექტმა ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული შესაბამისი მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, რათა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნულ კომუნალურ მომსახურებაზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობა, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამისმა გაზგამანაწილებელმა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება. ამგვარად, სადავო ნორმები ემსახურება ბუნებრივი გაზის ტარიფების დამტკიცებას და მათი რეგულირების სფერო შემოიფარგლება სწორედ აღნიშნული საკითხის მოწესრიგებით.
16. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი გაზის ზღვრული ტარიფი დგინდება იმ მიზნით, რომ, წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მისაღებ ფასად მოხდეს ბუნებრივი გაზის მომხმარებლისათვის მიწოდება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ პირთა გარკვეულ კატეგორიას, ინდივიდუალური სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომუნალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და, ამ თვალსაზრისით, ღირსეული ცხოვრებისათვის მინიმალური პირობების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური და ეფექტიანი მხარდაჭერა ესაჭიროებოდეს. ბუნებრივია, ამ პროცესში, შესაძლებელია, განსხვავებული იყოს სახელმწიფოს მხრიდან მომხმარებლის მხარდაჭერის მიზნით შერჩეული ღონისძიების ფორმები და მათი მასშტაბი. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული პოზიტიური ღონისძიებები არ არის ეკონომიკურ აგენტსა და მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობის შემადგენელი ელემენტი, არამედ ამგვარი ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო ეხმარება პირებს, რათა მათ, უკვე დადგენილი პირობების ფარგლებში, შეძლონ შესაბამისი კომუნალური მომსახურების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის შეძენა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, ამა თუ იმ კომუნალური მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და, მეორე მხრივ, მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იმ მოსახლეობის ხელშეწყობა, რომელთაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ კონკრეტული კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდა, ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცესია.
17. ამრიგად, სადავო ნორმებით რეგულირებული სფერო დამოუკიდებელია სახელმწიფოს მიერ შესაბამისი საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველმყოფი [პოზიტიური] ღონისძიებებისაგან. სადავო ნორმების რეგულირების სფეროს სცდება იმის მოწესრიგება, პირთა რა კატეგორიის მიერ, როგორი პირობებითა და რა ფორმით გადაიხდება მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური და სახელმწიფოს მხრიდან რა გზით იქნება მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი, მას სრულად აანაზღაურებს მომსახურების მიმღები მომხმარებელი თუ სახელმწიფოს მიერ მოხდება კომუნალური მომსახურების გადასახადის გადახდის სრული ან ნაწილობრივი ხელშეწყობა, რა ფორმით მოხდება ან პირთა რა კატეგორიასთან მიმართებით და სხვ.. სადავო ნორმები არ მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავების ვალდებულებაზე და არც რაიმე ფორმით გამორიცხავს ამგვარ შესაძლებლობას. უფრო მეტიც, ისინი საერთოდ არ არეგულირებს აღნიშნულ საკითხს. ამრიგად, მოსარჩელის არგუმენტაცია, რომელიც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნისა და მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას, აგრეთვე არ მიემართება სადავო ნორმების რეალურ შინაარსს.
18. პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დამატებით, ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ №1663 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია არც ის გარემოება, რომ თავად განეკუთვნება პირთა იმ ჯგუფს, რომელსაც, საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეეზღუდოს ბუნებრივ გაზზე ხელმისაწვდომობა, გაზრდილი ტარიფების გამო.
19. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს, რომ სემეკის მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ზღვრული ტარიფების გაზრდა გულისხმობს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების განაკვეთების ფარგლების ცვლილებას. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება განხორციელდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლს, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
20. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოში, მათ შორის, გადასახადების შემოღების, განაკვეთებისა და განაკვეთების ფარგლების მოწესრიგების კონსტიტუციურ სტანდარტებს. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების შესაბამისად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლებების დარღვევას გამოიწვევს ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი რეგულაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად განსაზღვრავს გადასახადების სტრუქტურას და შემოღების წესს, მათ განაკვეთებს ან განაკვეთების ფარგლებს.
21. ამასთანავე, სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის შესაფასებლად, პირველ რიგში, აუცილებელია, დადგინდეს ბუნებრივი გაზის ღირებულების საფასური განეკუთვნება თუ არა გადასახადს, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის. ამისათვის კი, საჭიროა, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებული გადასახადის შინაარსის განსაზღვრება.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, იმისათვის, რომ ესა თუ ის ღონისძიება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადასახადად იქნეს მიჩნეული, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე წინაპირობას. კერძოდ, აღნიშნული გადასახადი უნდა იყოს პირის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გაღებული სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი კონკრეტული საპასუხო შესრულების გარეშე. ამასთანავე, გადასახადი უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების კონსოლიდირებას. სხვა ტიპის გადასახდელებისაგან განსხვავებით, იგი არ უნდა გადაიხადებოდეს რაიმე ინდივიდუალური სიკეთით სარგებლობისთვის და რაიმე კონკრეტული მიზნის მისაღწევად. გადასახადის შეგროვებას/ადმინისტრირებას სახელმწიფოს ფუნქციონირების ზოგადი მიზანი უნდა ჰქონდეს და არ უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტული საპასუხო სარგებლის, საჯარო სერვისის მიღებას ან საქმიანობის განხორციელებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი ‒ საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-26).
23. განსახილველ საქმეზე, როგორც აღინიშნა, სადავოდ არის გამხდარი ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების ზღვრული ოდენობის, ისევე, როგორც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის ოდენობის დამდგენი რეგულაციები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო რეგულაციები აწესრიგებს არა პირსა და სახელმწიფოს, არამედ ორ კერძოსამართლებრივ სუბიექტს შორის არსებულ ურთიერთობას. ბუნებრივი გაზის საფასური წარმოადგენს ორ კერძო სუბიექტს ‒ ერთი მხრივ, გაზგამანაწილებელ კომპანიას, ხოლო, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტს. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული გადასახდელები გადაიხდება არა სახელმწიფოს, არამედ სწორედ გაზგამანაწილებელი კომპანიის სასარგებლოდ. ამასთანავე, ხსენებული გადასახდელები არის არა სავალდებულო შენატანი, რომელიც სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებისკენაა მიმართული და რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი კონკრეტული საპასუხო შესრულების გარეშე, არამედ წარმოადგენს გაზგამანაწილებელი კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის გაწეული კონკრეტული მომსახურების ‒ ბუნებრივი გაზის მიწოდების სანაცვლოდ გადახდილ საფასურს. შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის გადასახდელებს პირი იხდის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი სერვისის მიღების სანაცვლოდ. ამგვარად, სადავო რეგულაციებით დადგენილი გადასახდელი არ არის არც აბსტრაქტული ხასიათის და იგი გადაიხდება მომხმარებლის მიერ კონკრეტული ინდივიდუალური სიკეთით ‒ ბუნებრივი გაზით, სარგებლობისათვის.
24. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუძლებელია №1663 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმებით დადგენილი ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების ზღვრული ოდენობებისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის ოდენობის გადასახადად დაკვალიფიცირება, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიზნებისათვის. შესაბამისად, №1663 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო არგუმენტაციის ამ ნაწილშიც, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
25. ამასთანავე, მოსარჩელე სადავოდ ხდის, აგრეთვე სემეკის 2020 წლის 29 ივნისის №38 დადგენილების მე-2 მუხლისა და სემეკის 2019 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილების მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას. სადავო ნორმები ამავე დადგენილებების ამოქმედებისა და მოქმედების ვადად განსაზღვრავს, შესაბამისად, 2020 წლის პირველი ივლისიდან და 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდსა და 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. №1663 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ მიერ 1მ3-ის ოდენობის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფებისა და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ამავე ოდენობის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფებს. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია მიემართება იმ სადავო ნორმებს, რომლებიც შინაარსობრივად განსაზღვრავს კონკრეტულ შეზღუდვებს და არა მათი ამოქმედებისა და მოქმედების ვადებს.
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელე არ წარმოუდგენია რაიმე სახის არგუმენტაციას იმის თაობაზე, თუ რა შეზღუდვას შეიძლება იწვევდეს უშუალოდ სემეკის 2020 წლის 29 ივნისის №38 და 2019 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილებების ამოქმედებისა და მოქმედების ვადად, შესაბამისად, 2020 წლის პირველი ივლისიდან და 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდისა და 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ესა თუ ის რეგულაცია, მან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს სწორედ აღნიშნული რეგულაციის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. ამდენად, არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტის ამოქმედებისა და მოქმედების ვადის განმსაზღვრელი ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება ვერ გახდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელეს პრობლემას უქმნის არა კონკრეტული ვადები, არამედ კონკრეტული ნორმატიული წესი, შინაარსობრივად (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები: ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). შესაბამისად, მოსარჩელის პრობლემა არ გამომდინარეობს სადავო ნორმისაგან და №1663 კონსტიტუციური სარჩელი, ამ თვალსაზრისითაც, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1663 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
28. აღნიშნული გარემოება იმთავითვე გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად საქმისწარმოების გაგრძელების საჭიროებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს №1663 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1663 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1663 კონსტიტუციურ სარჩელზე („გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე