შალვა ჯავახია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1767 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | შალვა ჯავახია |
თარიღი | 2 თებერვალი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი
ბ. საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 27 ივლისის N98 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტის პირველი წინადადება: „ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეორე პუნქტი: „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის სიტყვები: „რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეორე პუნქტი: „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე, 31 პრიმა და 31-ე ტერცია მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე ტერცია მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები, იქიდან გამომდინარე, რომ:
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე პრიმა მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ;
მოსარჩელე პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში კანონიერად აქვს სახლი სენაკში. საკუთრების დამადასტურებელი საჯარო რეესტრიდან ამონაწერი თანდართულია სარჩელზე.
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით;
ვ) კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარდასდგენად;
ზ) სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმები
2011 წლის 27 ივლისის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით N98 (შემდგომში, N98 ბრძანება), „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტის სიტყვები: „ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.“
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის სიტყვები: „რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს მესაკუთრის ნებართვის გარეშე მის საკუთრებაში სხვა პირის რეგისტრაციას. აღნიშნულ ნორმას აქვს ის ნორმატიული შინაარსი, რაც გაწერილია N98 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტით.
სადავო ნორმები უშვებენ, მესაკუთრის შალვა ჯავახიას არათუ ნებართვის, არამედ ცოდნის გარეშეც მესამე პირები ჩაეწერონ ჯავახიას კერძო სახლში. ამდენად, სადავო ნორმებმა მესაკუთრის კონტროლს მიღმა გაიყვანა თავის საკუთრებასთან დაკავშირებული რეგისტრაციის საკითხი. კერძოდ, სადავო ნორმებით მოწმეების გამოყენებით მესამე პირები შესაძლოა ისე დარეგისტრირდნენ სხვის საკუთრებაში, რომ ამის შესახებ მესაკუთრეს არც შეატყობინონ. მესამე პირების მიერ შესავსები ბლანკეტური ფორმა უშვებს იმასაც, რომ მოწმემ შესაძლოა არ იცოდეს ვინ არის იმ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე, რომელზეც მესამე პირების ფაქტობრივი ცხოვრების შესახებ წერილობით დასტურს იძლევა. ამასთან, აღნიშნულ მოწმეზე არ არის დაწესებული რაიმე სახის მოთხოვნები - იგი შეიძლება არც ცხოვრობდეს ამ ფართთან ახლოს ან მხოლოდ რეგისტრაციის მსურველი პირზე დაყრდნობით იძლეოდეს დასტურს რომ 3 თვის განმავლობაში ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. ამდენად, მოწმის დასტურის არსებობა არა მხოლოდ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის ნების მიღმა რეგისტრაციის გატანის საშუალებაა, არამედ იგი შესაძლოა არასწორი ინფორმაციის რეგისტრაციისთვის დიდი რისკის მატარებელიც იყოს.
სადავო ნორმის შინაარსი
სადავო ნორმა შესაძლებლობას იძლევა ორი მოწმის ინფორმაციის საფუძველზე სხვა პირის საკუთრებაში - საცხოვრისში დარეგისტრირდეს. სადავო ნორმის საფუძველზე პირის საკუთრებაში მესამე პირების რეგისტრაციის პროცესში უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებები ირღვევა. შედარებისთვის, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის, იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციისათვის აუცილებელია მესაკუთრის თანხმობა და ასეთ შემთხვევებში ორი მოწმის ინსტიტუტი გაუქმდა. კერძოდ, N98 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ბ. ქვეპუნქტის საფუძველზე, იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ იურიდიული პირის შესაბამისი ხელმძღვანელი ორგანოს თანხმობა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციისას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობაა სავალდებულო. ამავე მუხლის ბ.ა. პუნქტის მიხედვით სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, მესაკუთრის, შესაბამისად – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ან მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის თანხმობაა საჭირო. ამდენად, საკანონმდებლო ბაზა, საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხებს განასხვავებს იმის საფუძველზე და ნიშნით თუ ვინ არის კონკრეტული ადგილის მესაკუთრე პირი - გამონაკლისად ფიზიკური პირის საკუთრების შემთხვევაში არის რეგისტრაციის საკითხი მესაკუთრის ნების გარეთ გატანილი, ხოლო სხვა შემთხვევებში კი მხოლოდ მესაკუთრის ნების საფუძველზეა შესაძლებელი.
იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ის ფორმა, რომლის შევსებითაც შესაძლებელია პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით რეგისტრაციის ადგილის შეცვლა იმ პირებისთვისაც, ვინც სახლის მესაკუთრეები არ არიან.[1] ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ისინი მესაკუთრის თანხმობის გარეშეც გაივლიან რეგისტრაციას, ორი ფიზიკური პირის დასტურის არსებობის შემთხვევაში.
სადავო პროცედურა იძლევა შესაძლებლობას უცხო პირი დარეგისტრირდეს ბინაში, რომელსაც ფაქტობრივად არ უცხოვრია, არც დარეგისტრირების მომენტისთვის ცხოვრობს რეგისტრაციის ადგილას და არც მესაკუთრის ნებართვა ქონია რეგისტრაციისთვის. ამგვარ შესაძლებლობას უშვებს სადავო ნორმების ფართო შინაარსი და იმის დაშვება, რომ მესაკუთრის თანხმობის და ნებართვის გარეშე შეუძლიათ მესამე პირებს კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაცია ე.წ. ორი მოწმის წერილობითი დასტურის საშუალებით. „გაადვილებული პროცედურა“ მესამე პირებს არ აკისრებს ისეთი დოკუმენტის აუცილებლად წარდგენის ვალდებულებას, როგორიცაა მაგალითად, ქირავნობის ხელშეკრულება, მესაკუთრის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის დოკუმენტი. მესამე პირების სახლში ფაქტობრივად ცხოვრების მოცემულობა სანდოდ და უტყუარად მხოლოდ შეიძლება დაადასტუროს თავად სახლის მესაკუთრემ. ამასთან, მესაკუთრე არის ის სანდო წყარო, რომელიც ფლობს ინფორმაციას მესამე პირების საკუთრებაში ფაქტობრივი ცხოვრების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მესაკუთრის ნების გარეთ რეგისტრაციის საკითხის გატანა კი ამავე დროს ნიშნავს, რომ მესაკუთრემ, რომელიც არ ფლობს მესამე პირების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას და ნაკლებად სავარაუდოა შეამოწმოს რეგისტრირებულთა ბაზა, სახელმწიფო ვერ მიიღებს გარკვეული პერიოდი მაინც რეგისტრაციის შესახებ არასწორ ინფორმაციას. ამდენად, გარდა საკუთრების უფლების შელახვისა, მესაკუთრის კონტროლს მიღმა სადავო ნორმას გააქვს საკუთრებასთან დაკავშირებული რეგისტრაციის საკითხები, ამავე დროს სახელმწიფო დიდი ალბათობის წინაშე დგება, რომ ფლობდეს არასწორ ინფორმაციას საცხოვრისში პირთა რეგისტრაციის შესახებ.
სადავო წესი შესაძლებლობას იძლევა მესაკუთრის ნების მიღმა, სხვა პირებმა გადაწყვიტონ რეგისტრაციის საკითხები - შესაბამისად, მესაკუთრის ნებას თუ ვინ იქნება რეგისტრირებული საკუთარ სახლში, სახელმწიფო არ ითვალისწინებს და იგი გააქვს მის კონტროლს მიღმა, რაც აისახება იმ კომუნალურ გადასახადებზე, რომელიც სულადობის მიხედვით არის გადასახდელი.
სადავო რეგულირება არღვევს მესაკუთრის უფლებებს და უზრდის მას კომუნალური მომსახურების გადასახადების ხარჯებს. მაგალითად, თბილისისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგების ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ფიქსირებული გადასახადის უმრიცხველო მოხმარებისას განისაზღვრება სულადობის მიხედვით - თვეში 4,518 ლარი 1 სულზე.[2] საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს N36 დადგენილების მიხედვით, რომელიც 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება განისაზღვრა წყალმომარაგების ზღრული ტარიფები, რომელიც გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის სულადობის მიხედვით დაიანგარიშება.[3] ამდენად, ის პირები, რომლებსაც კერძო საკუთრებაში არ აქვთ წყლის მრიცხველი წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიან, რომელიც თავისთავად კერძო სახლში რეგისტრირებულ პირთა ოდენობის მიხედვით დაიანგარიშება.
ქ. თბილისში დასუფთავების მოსაკრებელიც ფიზიკური პირებისთვის განისაზღვრება სულადობის მიხედვით.[4] ქ. სენაკშიც ფიზიკური პირისთვის დასუფთავების მოსაკრებელი დაიანგარიშება ოჯახში სულადობის მიხედვით, ხოლო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, როლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.[5]
ამდენად, სადავო რეგულირება ერთის მხრივ მესაკუთრის კონტროლს მიღმა უშვებს მის საკუთრებაში პირების რეგისტრაციის საკითხს, ხოლო მეორეს მხრივ საკანონმდებლო რეგულირება მესაკუთრის კონტროლს მიღმა დარეგისტრირებული პირებისთვის ადგენს შესაბამისი მოსაკრებლებისა და ტარიფების გადახდის წესებს.
ამასთან, სადავო რეგულირება მესაკუთრეს მუდმივად აკისრებს ტვირთს გაარკვიოს არიან თუ არა მის საკუთრებაში სხვა პირები რეგისტრირებული, გამოითხოვოს ამ პირების შესახებ ინფორმაცია, შეადგინოს განცხადება ამ პირების ამოწერის შესახებ (რომელსაც უნდა დაურთოს შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვილი რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის გარდა მის საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სია და ამ რიცხოვნობის დამადასტურებლად შესაბამისი კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წლისა და დასუფთავების) გადასახადების ქვითარი) და მიმართოს შესაბამის უწყებას, რომელიც ამ განცხადების საფუძველზე გადაწყვეტს ამოწერს თუ არა მესაკუთრის მიერ მითითებულ პირებს მისი საკუთრებიდან. ამდენად, ადმინისტრაციულ ტვირთს ისეთ პირებზე, რომელთა რეგისტრაციაზეც მესაკუთრეს ნებართვა არ გაუცია, აკისრებს საცხოვრისის მესაკუთრეს. ამასთან, N98-ე ბრძანების მე-20 მუხლი ადგენს რეგისტრაციის მოხსნის პირობას, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში პირი არ უნდა ცხოვრობდეს კონკრეტულ მისამართზე - რაც დამატებითი ტვირთია საკუთრების უფლების რეალიზებისას.[6]
არჩევნების დროს განსაკუთრებით ხდება მესაკუთრეების მიერ ისეთი რეგისტრირებული პირების აღმოჩენა, რომელთაც არა თუ არასდროს უცხოვრიათ იმ სახლში, არამედ მესაკუთრეები მათ არც იცნობენ. ასეთი რამდენიმე ფაქტის შესახებ დაწერა ა(ა)იპ თავისუფლების ინსტიტუტმა.[7] ამდენად, მესამე პირების კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის სიზუსტე საჯარო ინტერესს წარმოადგენს და კანონმდებლობაც უნდა ქმნიდეს ასეთი ზუსტი ბაზის შექმნის შესაძლებლობას. მესაკუთრის კონტროლს მიღმა (რომელიც ყველაზე სწორად ფლობს ინფორმაციას კონკრეტული პირები ცხოვრობენ თუ არა მის საკუთრებაში) მისამართზე მესამე პირების რეგისტრაციის შესაძლებლობა ეწინააღმდეგება საჯარო მიზანს, რომ სახელმწიფოს ქონდეს სწორი ინფორმაცია ადამიანების ნამდვილი ფაქტობრივი საცხოვრისის შესახებ. სწორი ფაქტობრივი მისამართის ბაზირება მნიშვნელოვანია მაგალითად, საჯარიმო ქვითრების სწორ მისამართზე მისატანად, სასამართლოსთან კორესპონდენციაში, ბანკის ანგარიშის გახსნისას (ფულის გათეთრებასთან და სხვა სანაკო საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია საბანკო ანგარიშის გამხსნელის სწორი ფაქტობრივი მისამართის დადგენა). არსებული მოწესრიგების პირობებში, სახელმწიფოს მიერ პირისთვის გაცემული ფაქტობრივი მისამართის დამადასტურებელ დოკუმენტს (რაც ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა, სხვადასხვა უწყებებში წარსადგენად) ვერ ექნება მაღალი სანდობაა, რადგან რეგისტრაციის ბაზა სრულად არ ეფუძნება მესაკუთრის სახით სანდო წყაროს.
არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში სახელმწიფოს მიერ გაცემული ცნობა პირის ფაქტობრივი საცხოვრისის შესახებ იქნება დიდი რისკის შემცველი, რომ არასწორ ინფორმაციას შეიცავს, რადგან იგი არ დაეფუძნება ისეთ უტყუარ წყაროს, როგორიცაა საცხოვრისის მესაკუთრის დადასტურება. შესაბამისად, ასეთი საეჭვო ინფორმაცია დასაყრდნობი ვერ იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებისთვის - სასამართლო, პოლიცია, საბანკო სექტორი თუ სხვა. ამდენად, საჯარო ინტერესი, პირის უტყუარი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, სადავო რეგულირებით ზიანდება.
უფლების შეზღუდვის გამართლება:
საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა ფასდება თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. ამდენად, იგი შეიძლება შეზღუდვას დაექვემდებაროს მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში. საკუთრების უფლების შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად უნდა შეფასდეს. „აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60).
ლეგიტიმური მიზანი:
„ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). ამდენად, განსახილველი კონსტიტუციური საკითხის გადაწყვეტისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევას ემსახურება მესაკუთრის თანხმობის გარეშე სხვა პირების მესაკუთრის საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციის სადავო დანაწესი.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია ღირებული, გონივრული ლეგიტიმური მიზანი. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო რეგულირება არის თვითმიზნური და ამდენად, არაკონსტიტუციურია.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის მოწესრიგებაც, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველის ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვედრა და აქტიური საარჩევნო უფლებით რეალიზება საცხოვრებელი ადგილის მისამართის რეგისტრაციის ქონას უკავშირდებოდა.[8] ამდენად, სადავო ნორმასაც არაგონივრულია ქონდეს საარჩევნო პროცესის სათანადო ადმინისტრირების ლეგიტიმური მიზანი, როდესაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვედრის მოთხოვნა მათთვის, ვისაც არ გააჩნია რეგისტრაციის მისამართი ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრირების ნაწილი ვერ იქნებოდა ისეთი რეგულირება, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა კერძო მესაკუთრისთვის უცნობ პირებს მისი ნებართვის გარეშე დარეგისტრირებულიყვნენ კერძო საკუთრებაში, თუნდაც ხმის მიცემის მოტივით, რადგან მესაკუთრის ნებართვის გარეშე მესამე პირების რეგისტრაცია შეიცავს რეგისტრაციის არასწორობის დიდ რისკებს. ლეგიტიმური მიზანი კი სწორედ ასეთი არასწორი ინფორმაციის გამორიცხვა უნდა იყოს და სწორი სარეგისტრაციო ბაზის საფუძველზე არჩევნების ჩატარება. ამასთან, მაგალითისთვის, აშშ-ში ხმის მიცემა შესაბამისი პროცედურების დაცვით შეუძლიათ იმ პირებსაც, ვინ კონკრეტულ მისამართზე არ არიან რეგისტრირებული. მაგალითად, პენსილვანიის შტატში რეგისტრაციის დროს უთითებენ საცხოვრებელ მისამართს, ხოლო მას ვისაც არ აქვს საცხოვრებელი ადგილი, მათ შეუძლიათ რუკაზე მონიშნონ ადგილი სადაც ცხოვრობენ ან მათი დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ.[9]
მოპასუხე მხარემ ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება დაასახელოს რეგისტრაციის პროცედურის გაიოლებაც.
გამოსადეგობა და აუცილებლობა
საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში უნდა დადგინდეს რამდენად არსებობს კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
კანონმდებლობაში შეიძლება შევხვდეთ შედეგის მიღწევის სხვადასხვა პროცედურულ გზებს. ამასთან, აღნიშნული პროცედურული გზები უნდა შეესაბამებოდეს ორ რამეს: შედეგის დადგომის, როგორც პროცესის ადმინისტრირების, ასევე თავად დამდგარი შედეგის ჭეშმარიტებასაც. მაგალითად, პროცედურული ადმინისტრირებაა, როდესაც რეგისტრაციისთვის პირს მოეთხოვება მესაკუთრის ნებართვის წარდგენა შესაბამის უწყებაში, ხოლო დამდგარი შედეგი იქნება კონკრეტულ საცხოვრისში ფაქტობრივად ნამდვილად მცხოვრები პირის რეგისტრაცია. თუკი, პროცედურა პირს არა მესაკუთრის წერილობით ან დისტანციურ ნებართვას მოსთხოვს, არამედ რეგისტრაციისთვის შესაძლებლად დაუშვებს ამ მისამართზე არ მცხოვრები სხვა პირების ნებართვის მიღებას, მაშინ ეჭვქვეშ დადგება შედეგი - პირის რეგისტრაციის სისწორე და ნამდვილობა.
ამდენად, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო პროცედურის გამოსადეგობას შეამოწმებს, უნდა შეხედოს არა მხოლოდ სიადვილეს, რომ სხვა მესამე პირებსაც შეუძლიათ წერილობითი ნებართვა გასცენ, არამედ ეს პროცედურა რამდენად გამოსადეგია რეგისტრაციის სწორი ბაზის შესაქმნელად. ისეთი პროცედურა, რომელიც დიდი ალბათობის ეჭვებს გააჩენს რეგისტრაციის სისწორესთან დაკავშირებით, რადგან ინფორმაცია ეფუძნება არა ისეთ სანდო წყაროს, როგორიცაა მესაკუთრე, ან თუნდაც ამ სახლში უკვე რეგისტრირებული სხვა მესამე პირები, არამედ სხვა უცნობი პირებს დაეყრდნობა, მაშინ ასეთი პროცედურა შედეგის სანდოობის მიღწევის თვალსაზრისით გამოუსადეგარია. ასეთი სანდო პროცედურა არის უზრუნველყოფილი იმ შემთხვევაში თუ საკუთრება ეკუთვნის N98 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ა და ბ.ბ. ქვეპუნქტში მითითებულ პირებს.
ამასთან, მესაკუთრე არის სანდო წყარო არა მხოლოდ რეგისტრაციის პროცესში, არამედ რეგისტრაციის შემდგომაც. მაგალითად, თუკი რეგისტრირებული პირი გარკევული პერიოდის შემდგომ წყვეტს იმ მისამართზე ცხოვრებას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ და სანდოს ინფორმაციას ფლობს მესაკუთრე. თუკი, რეგისტრირებული პირი არ მიაწვდის სახელმწიფოს საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას, სწორედ მესაკუთრე არის ის პირი, ვინც სახელმწიფოს ამის შესახებ სანდო ინფორმაციას მისცემს. თუკი, სახელმწიფო მესაკუთრის ნებართვის გარეშე დაუშვებს მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრაციის შესაძლებლობას, ამით ასევე გამორიცხავს საცხოვრებლის რეგისტრაციის ინფორმაციის სანდოდ განახლების შესაძლებლობასაც, რადგან მესაკუთრე ნაკლებად სავარაუდოა ამოწმებდეს იმ პირების რეგისტრაციის საკითხს, ვის შესახებაც მას უშუალოდ ნებართვა არ გაუცია. ამდენად, სადავო რეგულირება მისამართზე რეგისტრაციის ბაზის სანდოობის საჯარო მიზნებს მნიშვნელოვნად არის აცდენილი.
ასევე, სადავო ნორმა ადგენს 3 თვიანი ცხოვრების ვადას და ორი მოწმის წერილობით დადასტურებას. 3 თვიანი ვადის დაწესება არაგონივრულია გაადვილებულ პროცედურას უკავშირდებოდეს, როდესაც მესაკუთრეს შეუძლია პირის ფაქტობრივი ცხოვრების დაწყების (მაგ. ბინის გაქირავებიდან) დღიდან გასცეს რეგისტრაციის ნებართვა. ამასთან, თუკი მესაკუთრე არ არის ქვეყნის ფარგლებში, მას შეუძლია დისტანციური საშუალებით ან სხვა პირზე მინდობილობის გაკეთების გზით, მარტივად გასცეს რეგისტრაციის ნებართვა ფაქტობრივი ცხოვრების დაწყების დღიდან. თუკი, მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულება იდება, ასევე შესაძლოა ამ ხელშეკრულების ნაწილი გახდეს რეგისტრაციის შესაძლებლობა. ამდენად, 2 მოწმის წერილობითი ნებართვის მოძიება და 3 თვიანი ვადის დალოდება არ არის გამოსადეგი საშუალება პროცედურის გაადვილების მიზნებისთვისაც.
„გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწროდ მიმართული საშუალება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
სადავო შემთხვევაში აშკარაა, რომ რეგულირება იმაზე მეტად ზღუდავს პირის საკუთრების უფლებას, ვიდრე აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მესამე პირები სხვის საკუთრებაში ფაქტობრივად ცხოვრებას კანონიერად მხოლოდ მესაკუთრის ნებართვით იწყებენ. იმ შემთხვევაში თუკი მესამე პირები უკანონოდ არიან საკუთრებაში შეჭრილი, თუმცა ფაქტობრივად ცხოვრობენ და ცხოვრების ფაქტს ადასტურებენ მოწმეები, ცხადია ასეთი უკანონოდ შეჭრა სამართლებრივი დავის საგანია და იგი არ შეიძლება გახდეს რეგისტრაციის საფუძველი. ამდენად, მესაკუთრე არის ის სანდო პირი, რომელსაც მესამე პირების ფაქტობრივი ცხოვრების დაწყების დღიდან შეუძლია დაადასტუროს მათი ამ მისამართზე ცხოვრების კანონიერებაც. უფრო მეტიც, მესაკუთრეებს ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურებისთვის არ ჭირდებათ 3 თვე დაკვირვება, როგორც ეს ამჟამად მოქმედ სადავო ნორმაში წერია. სადავო ნორმა ლახავს პირის საკუთრებას, როდესაც უკანონოდ შეჭრილი პირების შემთხვევაშიც უშვებს რეგისტრაციის შესაძლებლობას მოწმეების წერილობითი დასტურის საშუალებით. მოწმეებს მოეთხოვებათ მხოლოდ ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურება და არა ცხოვრების კანონიერების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფოსთვის.
თუკი მესაკუთრე არ იმყოფება ქვეყნის ფარგლებში, მას წარმომადგენლობის გადანდობა შეუძლია გააკეთოს სხვა სანდო პირებზე ან სახელმწიფომ უზრუნველყოს დისტანციური წესით მესაკუთრისგან თანხმობის მიღების შესაძლებლობა, როგორც ეს არაერთ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი (მათ შორის ელექტორნულად მესაკუთრისთვის კოდის გაგზავნისა და რეგისტრაციის მსურველის მიერ ამ კოდის წარდგენის საშუალებით). ამდენად, მესაკუთრის ნების გვერდის ავლით მესამე პირების რეგისტრაციის შესაძლებლობა არა მხოლოდ მესაკუთრის უფლებას ზღუდავს მომეტებულად და არ წარმოადგენს ნაკლებად მზღუდავ ღონისძიებას, არამედ თავად რეგისტრაციის ბაზის სანდოობასაც აყენებს ეჭვქვეშ.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
ამ ეტაპზე უნდა შეფასდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
სადავო შემთხვევაში ერთ მხარეს დგას მესაკუთრის ინტერესი, რომ თავის საკუთრებაში რეგისტრაციის ნებართვას გასცემდეს თავად, ხოლო მეორე მხარეს მესამე პირების შესაძლებლობა, რომ მესაკუთრის გვერდის ავლითაც სხვა პირების დახმარებით შეძლონ მისამართზე რეგისტრაცია.
ევროპის ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ მესაკუთრის ნებართვის გარეშე რეგისტრაციის დაუშვებლობა არა მხოლოდ მესაკუთრის უფლებების დაცვას ემსახურება, არამედ თავად სახელმწიფოს მაღალი ინტერესია ქონდეს მაღალი ალბათობით სწორი სარეგისტრაციო ბაზის შექმნა.
მაგალითად, გერმანიაში რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტის მე-17 მუხლის თანახმად პირი ვალდებულია მისამართზე საცხოვრებლად გადასვლიდან 2 კვირის ვადაში დარეგისტრირდეს.[10] რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისამართის რეგისტრაციისთვის პირის ვალდებულია შესაბამის უწყებაში წარადგინოს ხელმოწერილი და შევსებული სპეციალური ფორმა[11], თავისი ID ბარათი ან პასპორტი და გამქირავებლისგან ცხოვრების დადასტურება.[12]
რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტის მე-19 მუხლის მიხედვით მხოლოდ გამქირავებელი არის უფლებამოსილი პირი დაადასტუროს კონკრეტულ ბინაში სხვა პირის ცხოვრების ფაქტი.[13] გამქირავებლის მიერ ცხოვრების დადასტურების წერილობითი დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: (1) გამქირავებლის სახელი და მისამართი, და ასევე მესაკუთრის სახელი თუ იგი არ ემთხვევა გამქირავებლისას; (2) მისამართზე გადასვლის თარიღი; (3) საცხოვრისის მისამართი; (4) იმ ადამიანების სახელები, ვინც ფედერალური აქტის შესაბამისად რეგისტრირდებიან მისამართზე. აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად წარსადგენი წერილობითი ფორმა იხილეთ footnote-ის ლინკზე.[14] გამქირავებელს ცხოვრების ფაქტის დადასტურება შეუძლია ელექტრონული საშუალებითაც რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე. იმ შემთხვევაში თუ გამქირავებელი არ არის ბინის მესაკუთრე, პირს მაინც დასჭირდება მესაკუთრის ხელმოწერა. პრაქტიკაში აღნიშნული სერტიფიკატის მიღება ხდება მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულების დადების შემდგომ.[15]
აღნიშნული რეგულირებით დაცულია, როგორც მესაკუთრის ინტერესები, რომ ნებისმიერ პირს არ შეუძლია მის საკუთრებაში დარეგისტრირდეს, ხოლო მეორე მხრივ დაცულია ბინაში მცხოვრები პირის ინტერესებიც, რომ მას შეუძლია კანონის ძალით მოითხოვოს მისი კონკრეტულ საკუთრებაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი. დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, პირი იღებს რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტის 24-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტების შესაბამისად.[16]
რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო უწყებამ შესაძლოა გამქირავებელს, მესაკუთრეს მოსთხოვოს იმ პირების შესახებ დამატებით ინფორმაციის წარდგენა, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ ან წარსულში ცხოვრობდნენ ამ მისამართზე. რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით აკრძალულია მესამე პირებისთვის, რომლებიც არ ცხოვრობენ კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად, მათთვის ამ მისამართის შეთავაზება რეგისტრაციის მიზნებისთვის.[17] თუკი, რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევით ერთი პირი მისცემს მეორეს საცხოვრებელ მისამართს, იგი ამავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა ასევე გათვალისწინებულია იმ პირებისთვის, რომლებიც ამ კანონით გათვალისწინებული წესით არ გაივლიან რეგისტრაციის პროცედურას. ასევე, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება გამქირავებელი (რომელიც ამ კანონის 19(1) მუხლის მიხედვით ვალდებულია მისამართზე საცხოვრებლად გადმოსულ პირს მისცეს ცხოვრების დადასტურება) თუ იგი ამ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ შეასრულებს და პირს მისამართზე ცხოვრების დამადასტურებელ დოკუმენტს არ მისცემს კანონით მოთხოვნილი წესით. აღნიშნული ჯარიმები გათვალისწინებულია რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტის 54-ე მუხლით.[18]
ნიდერლანდებში პირის მისამართზე რეგისტრაციის საკითხს არეგულირებს პირის ძირითადი რეგისტრაციის შესახებ კანონი.[19] ამ კანონის 2.38 მუხლის თანახმად პირი ვალდებულია გამოცხადდეს შესაბამის უწყებაში კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, რათა საცხოვრებელი მისამართი წერილობითად დაადეკლარიროს. პირის ძირითადი რეგისტრაციის შესახებ კანონის 2.45-ე მუხლის თანახმად მისამართზე რეგისტრაციის წერილს (წერილობით დეკლარაციას) თან უნდა ახლდეს თანხმობის წერილობითი განცხადება.[20] ნებართვის თანხმობის წერილში მითითებულია მესაკუთრის ვინაობა, დაბადების თარიღი, კონკრეტული მისამართი, საფოსტო ნომერი, ტელეფონი და დადასტურება იმის შესახებ, რომ იგი არის მესაკუთრე მითითებული საცხოვრისის. თანხმობის ფორმაში არის აუცილებელი მითითება იმის შესახებ, რომ მესაკუთრისგან ცხოვრების ნებართვა აქვთ კონკრეტულად ამავე ფორმაში სახელდებით მითითებულ პირებს. ფორმა ასევე უთითებს, რომ არასწორად შევსების შემთხვევაში პირის ძირითადი რეგისტრაციის შესახებ კანონის 4.17 მუხლის საფუძველზე პირი ჯარიმდება 325 ევრომდე,[21] და ასევე ჯარიმდებიან ის პირებიც, ვინც მესამე პირებს მისცემს იმ მისამართზე რეგისტრაციის ნებართვას, ვიზეც იცის არასწორია ამის გაცემა.[22] იმ შემთხვევაში თუ პირი მესაკუთრისგან წარადგენს კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ნებართვას, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი წესით შევსებული ფორმა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ footnote-ის ლინკში.[23]
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მეორე მხარეს არ იკვეთება ისეთი დაუძლეველი, ღირებული ინტერესი, რომელიც გადაწონიდა მესაკუთრის უფლებას თავად გასცეს საკუთრებაზე რეგისტრაციის ნებართვა. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო რეგულირება ეწინააღმდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“
2011 წლის 27 ივლისის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით N98 (შემდგომში, N98 ბრძანება), „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტის სიტყვები: „ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.“
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის სიტყვები: „რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს მესაკუთრის ნებართვის გარეშე კერძო სახლში სხვა პირის რეგისტრაციას.
სადავო ნორმები არეგულირებს საკუთრებაში მესამე პირების რეგისტრაციის საკითხს. აღნიშნული ნორმების მიხედვით ფიზიკური პირების საკუთრებაში მესამე პირების რეგისტრაციის მოთხოვნები განსხვავებულია იურიდიული პირების საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნებისგან. კერძოდ, ფიზიკური პირების საკუთრებაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ორი მოწმის წერილობითი თანხმობით შესაძლებელია მესამე პირების რეგისტრაცია, როდესაც იურიდიული პირების (კერძო და საჯარო იურიდიული პირები) საკუთრების შემთხვევაში მხოლოდ ამ იურიდიული პირის თანხმობაა საჭირო.
აშკარაა, რომ N98-ე ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტი სიტყვებით „ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში“ გამოყოფს მხოლოდ იმ მესაკუთრეებს, რომლებიც ფიზიკური პირები არიან და მათ საკუთრებაზე მესამე პირების რეგისტრაციას უშვებს ორი მოწმის წერილობითი თანხმობით. ხოლო, სხვა პირების, იურიდიული და სახელმწიფოს შემთხვევაში კი რეგისტრაციისთვის მოწმეების თანხმობის წესი არ მოქმედებს და მხოლოდ მესაკუთრის ნების შემთხვევაში არის რეგისტრაცია შესაძლებელი.
ამდენად, სადავო ნორმა განსხვავებულად ეპყრობა იმ მესაკუთრეებს, რომლებიც არიან ფიზიკური პირები და მათი ნების გარეშე უშვებს მათივე საკუთრებაში მესამე პირების რეგისტრაციის შესაძლებლობას. აშკარაა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ხდება გარკვეული პირების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამოყენება, რაც გამოიხატება საკუთრებაში პირების რეგისტრაციის წესიდან ერთი ნაწილის - იმ მესაკუთრეების გამოყოფაში, რომლებიც ფიზიკური პირები არიან და მათ საკუთრებაში მათი ნების გათვალისწინების გარეშე, ორი მოწმის წერილობითი თანხმობით სხვა პირების რეგისტრაციის დაწესებაში. ამდენად, დიფერენცირება ხდება იმ მესაკუთრეებს შორის, რომლებიც არიან ფიზიკური და იურიდიული პირები.
დიფერენცირების ფაქტის არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა იმ მესაკუთრეებს შორის დიფერენცირება, რომლებიც ფიზიკური და იურიდიული პირები (კერძო, საჯარო) არიან, რაც გამოიხატა მათ საკუთრებაში მესამე პირების რეგისტრაციის შესაძლებლობაში მესაკუთრის ნებართვის არ არსებობისას, ორი მოწმის წერილობითი თანხმობით.
„პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19). ამდენად, სადავო შემთხვევაში ფიზიკური და იურიდული პირები არიან თუ არა არსებითად თანასწორები, უნდა გადაწყდეს დიფერენცირების დამდგენი სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან და აგრეთვე, შესადარებელ ჯგუფებსა და დიფერენცირების ფაქტს შორის ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ზოგადად პირები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება მათ განსხვავებულად განხილვას მოითხოვს (შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
მესაკუთრის ნებართვის გარეშე მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრაციის შესაძლებლობა ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. კერძოდ, მესაკუთრე ფიზიკური პირი და იურიდიული პირი საკუთრების დაცვის მიზნებისთვის თანასწორი არიან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იმის გამო რომ მესაკუთრე ფიზიკური პირია, განსხვაებით იურიდიული პირებისგან მის საკუთრებაში მესაკუთრის ნებართვის გარეშე შეუძლიათ მესამე პირებს რეგისტრაცია, როდესაც კანონმდებლობა იურიდიული პირების საკუთრებაში რეგისტრაციას მესაკუთრის გარდა სხვა მოწმეების გარეშე დაუშვებლად მიიჩნევს. ამდენად, სადავო ნორმა გამოყოფს მხოლოდ ფიზიკურ პირებს მესაკუთრეთა წრედან და ავრცელებს მათ საკუთრებაში სხვა პირების რეგისტრაციის შესაძლებლობას სხვა მესამე პირების მონაწილეობით.
მესაკუთრის ინტერესების დაცვა, თუ ვინ იქნება მის საკუთრებაში რეგისტრირებული ან პირთა რეგისტრაციით კომუნალური გადასახადების ხელოვნურად გაზრდის აღკვეთისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ ფიზიკური და იურიდიული პირების არსებითად არათანასწორ სუბიექტებად მიჩნევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირება ხორციელდება არსებითად თანასწორ პირებს შორის და სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/603 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის შესაფასებლად მნიშვნელოვანია გაირკვეს, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ხომ არ ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე ნიშანს ან/და ხომ არ არის მაღალი ინტენსივობის.
მოცემულ შემთხვევაში იმის დასადგენ თუ რომელი ტესტი უნდა გამოიყენოს სასამართლომ უნდა შეფასდეს სადავო ნორმით არსებითად თანასწორ პირებს შორის შექმნილი დიფერენცირების ინტენსივობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-5).
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის დიფერენცირების კონსტიტუციურობაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა გადაწყვეტილებაში - იხ. „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N2/6/623).
სადავო ნორმა ლახავს ფიზიკური პირების საკუთრების უფლებას, აჩენს კომუნალური გადასახადების გაზრდის მოცემულობას, უშვებს ისეთი კორესპონდენციის მიღების შესაძლებლობას, რომელიც არ ეკუთვნის მესაკუთრეს ან იქ ფაქტობრივად მცხოვრებ პირებს, მესაკუთრის ნების გარეთ გააქვს თავის საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხი და უშვებს საკუთრებაში უკანონოდ შეჭრილი პირების რეგისტრაციასაც. სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს „მკაცრი ტესტი“, რადგან ადგილი აქვს მესაკუთრის ნების გარეშე რეგისტრაციის შესაძლებლობას, რაც მესაკუთრეს მნიშვნელოვნად აშორებს განკარგოს საკუთრებასთან დაკავშირებული პირების რეგისტრაციის საკითხი. დიფერენცირების მართლზომიერებისთვის უნდა დადგინდეს, რომ იგი ემსახურება ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებს და წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგის (გამოსადეგ), აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია ღირებული, გონივრული ლეგიტიმური მიზანი. თუმცა, მოპასუხე მხარემ ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება დაასახელოს რეგისტრაციის პროცედურის გაიოლებაც.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო რეგულირება არ არის დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. კერძოდ, იგი მინიმალური ინტენსივობით მაინც უნდა მოითხოვდეს არსებითად თანასწორი პირებისთვის განსხვავებული რეგულირების დადგენის საჭიროებას. სადავო ნორმა გაუგებარია რატომ გამოყოფს მხოლოდ ფიზიკური პირების საკუთრებას და იურიდიული პირების საკუთრებისგან განსხვავებით უშვებს ორი მოწმის საშუალებით მესამე პირების რეგისტრაციას. თუკი მიზანი პირების რეგისტრაციის გაიოლებაა, მაშინ მსგავსი რეგულირება რატომ არ ვრცელდება იურიდიული პირების საკუთრებაზე და რატომ არის იგი ფიზიკური პირების საკუთრებასთან შედარებით მეტად დაცული, რომ მესაკუთრის ნების გარეშე არ დარეგისტრირდნენ სხვა პირები. თუ პირების რეგისტრაციის გაიოლებაა მიზანი, მაშინ თუ რომელ პირს ეკუთვნის საკუთრება ამის მიხედვით არ უნდა იყოს დიფერენცირება და ერთნაირად ვრცელდებოდეს „გაადვილებული პროცედურა“ ყველა პირზე.
ამასთან, სადავო პროცედურული რეგულირება არსად მიუთითებს, რომ 2 მოწმის საშუალებით რეგისტრაცია მაშინ ხდება, როდესაც მესაკუთრის ნებართვის მოპოვება ვერ ხერხდება. შესაძლოა მესაკუთრის თანხმობის მოპოვება არავითარ სიძნელესთან არ იყოს დაკავშირებული, მაგრამ მესამე პირებმა მესაკუთრის ნების გარეშე გადაწყვიტონ რეგისტრაცია - ამდენად, სადავო ნორმა არა თუ პროცედურის ადმინისტრირების გაადვილებას ემსახურება, არამედ მისი მიზანი მესაკუთრე ფიზიკური პირის ნების გარეშე რეგისტრირების შესაძლებლობის შექმნაა. ამასთან, რეგისტრაციის გაიოლება ვერ იქნება 3 თვიანი ლოდინი იმისთვის, რომ ორმა ადამიანმა შეძლოს ცხოვრების ფაქტის დადასტურება. ევროპის ქვეყნების ზემოთ აღნიშნული გამოცდილება მიუთითებს, რომ ცხოვრების დაწყების პირველივე დღიდან, მესაკუთრე არის ის სანდო წყარო, ვისაც შეუძლია რეგისტრაციის ნებართვა გასცეს. ამდენად, თავად 3 თვიანი ვადის გასვლის აუცილებელი პირობა არა თუ გაიოლება, არამედ პირიქით პროცედურის გართულებასთან არის დაკავშირებული.
ამასთან, ისეთი პროცედურა, რომელიც დიდი ალბათობით ეჭვებს გააჩენს რეგისტრაციის სისწორესთან დაკავშირებით, რადგან ინფორმაცია ეფუძნება არა ისეთ სანდო წყაროს, როგორიცაა მესაკუთრე, ან თუნდაც ამ სახლში უკვე რეგისტრირებულ სხვა მესამე პირებს, არამედ სხვა უცნობი პირებს დაეყრდნობა, მაშინ ასეთი პროცედურა შედეგის სანდოობის მიღწევის თვალსაზრისით გამოუსადეგარია. მაშინ, როდესაც იურიდიული პირების საკუთრების შემთხვევაში რეგისტრაციის სანდოობა მესაკუთრის ნებართვით არის გამყარებული.
ამასთან, მესაკუთრე არის სანდო წყარო არა მხოლოდ რეგისტრაციის პროცესში, არამედ რეგისტრაციის შემდგომაც. მაგალითად, თუკი რეგისტრირებული პირი გარკევული პერიოდის შემდგომ წყვეტს იმ მისამართზე ცხოვრებას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ და სანდო ინფორმაციას ფლობს მესაკუთრე. თუკი, რეგისტრირებული პირი არ მიაწვდის სახელმწიფოს საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას, სწორედ მესაკუთრე არის ის პირი, ვინც სახელმწიფოს ამის შესახებ სანდო ინფორმაციას მისცემს. თუკი, სახელმწიფო მისი ნებართვის გარეშე დაუშვებს მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრაციის შესაძლებლობას, ამით ასევე გამორიცხავს საცხოვრებელი რეგისტრაციის ინფორმაციის სანდოდ განახლების შესაძლებლობასაც, რადგან მესაკუთრე ნაკლებად სავარაუდოა ამოწმებდეს იმ პირების რეგისტრაციის საკითხს, ვის შესახებაც მას უშუალოდ ნებართვა არ გაუცია. ამდენად, იურიდიული პირების საკუთრებასთან დაკავშირებით მესაკუთრეებს მეტი ბერკეტი აქვთ რეგისტრირებულთა სანდოობა გააკონტროლონ, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში რეგისტრაციის სანდოობა უფრო დაბალია. სადავო რეგულირების ამგვარი დიფერენცირება მესაკუთრე პირების საფუძველზე გამოყენებული საშუალების აშკარა გამოუსადეგარობას აჩვენებს.
ამდენად, სადავო ნორმით დიფერენცირებას არ გააჩნია ზემოთ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან რაციონალური კავშირი, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შეუძლია მესაკუთრისგან ნებართვის მიღების სხვადასხვა გზები შეარჩიოს, რომელიც რეგისტრაციას ნაკლები ბიუროკრატიული ტვირთით შეძლებს. მესაკუთრისგან დისტანციურად ნებართვის მიღება ან მესამე პირებისთვის ასეთი ნებართვის გაცემის გადანდობა არის ისეთი პროცედურული საშუალებები, რომლითაც ფიზიკურ პირებს ისევე შეუძლიათ ისარგებლონ, როგორც იურიდულ პირებს თავიანთ საკუთრებაში სხვა პირების რეგისტრაციის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის. ამასთან, თუკი მესამე პირები შეჭრილი არიან საკუთრებაში, ამ შემთხვევაში იურიდიული პირები დაცული არიან იმ გარატიით, რომ მათი ნებართვის არ გაცემით შეჭრილები ვერ დარეგისტრირდებიან, ხოლო ფიზიკური პირის საკუთრებაში ასეთი გარანტია მოხსნილია სადავო ნორმით ორი მოწმის წერილობითი დოკუმენტის საკმარისობის გამო.
ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იურიდიული პირის საკუთრების დაცვა ისეთივე თანაბარი მნიშვნელობის ინტერესია, როგორც ფიზიკური პირის. სადავო ნორმა ფიზიკური პირის კონტროლს მიღმა საკუთრებაში მესამე პირების რეგისტრაციის გატანით არღვევს ბალანსს კერძო საკუთრების დაცვასა და რეგისტრაციის „გაადვილების პროცედურულ“ ინტერესებს შორის. გარდა იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული კომუნალური ხარჯები ემატება მესაკუთრეს სხვა პირების რეგისტრაციით, ასევე ირღვევა საკუთრების ნების მიხედვით განკარგვა, ვინაიდან საკუთრებაში მესამე პირების რეგისტრაციაც ამ საკუთრების შემადგენელი კომპონენტია. იურიდიული პირების შემთხვევაში საკუთრების ეს კომპონენტი სრულად არის დაცული მესაკუთრის ნების გათვალისწინებით, ხოლო სადავო ნორმით ფიზიკური პირების შემთხვევაში გასულია მესაკუთრის კონტროლს მიღმა.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და ამდენად, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
[1] https://psh.gov.ge/main/page/6/515
[2] https://www.gwp.ge/ka/prices
[3] https://matsne.gov.ge/ka/document/view/5552444?publication=0
[4] https://matsne.gov.ge/ka/document/view/1933999?publication=1
[5] https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2825748?publication=6
[6] https://matsne.gov.ge/ka/document/view/1435931?publication=31
[7] https://www.facebook.com/LibertyInstitute/photos/a.10159262821259428/10161218476824428/
[8] https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=14683
[9] https://www.vote.pa.gov/Register-to-Vote/Pages/How-to-Register-to-Vote.aspx
[10] იხ. რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტი ლინკზე: https://www.gesetze-im-internet.de/englisch_bmg/englisch_bmg.html
[11] ინგლისურად ხელმისაწვდომია ლინკზე: https://allaboutberlin.com/documents/anmeldung-translated-2021-v2.pdf , ასევე რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტის მე-18 მუხლი იხილეთ ლინკზე: https://www.gesetze-im-internet.de/englisch_bmg/englisch_bmg.html
[12] იხ. რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ლინკზე: https://www.gesetze-im-internet.de/englisch_bmg/englisch_bmg.html
[13] იხ. რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტი ლინკზე: https://www.gesetze-im-internet.de/englisch_bmg/englisch_bmg.html
[14] https://www.promietrecht.de/Untermieter/Vermieterbescheinigung-fuer-Untermieter-AnmeldungWohnsitz-E2286.htm
[15] https://www.iamexpat.de/housing/rentals-germany/proof-of-residence-certificate-wohnungsgeberbestaetigung
[16] იხ. https://www.gesetze-im-internet.de/englisch_bmg/englisch_bmg.html
[17] იხ. რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტი https://www.gesetze-im-internet.de/englisch_bmg/englisch_bmg.html
[18] იხ. რეგისტრაციის შესახებ ფედერალური აქტის 54-ე მუხლი ლინკზე: https://www.gesetze-im-internet.de/englisch_bmg/englisch_bmg.html
[19] იხ. კანონი ლინკზე: https://wetten.overheid.nl/BWBR0033715/2023-01-01
[20] https://wetten.overheid.nl/BWBR0033715/2023-01-01#Hoofdstuk2_Afdeling1_Paragraaf5_Artikel2.38
https://www.amsterdam.nl/en/civil-affairs/moving-amsterdam/
[21] იხ. თანხმობის ფორმა ლინკში: https://www.amsterdam.nl/en/civil-affairs/moving-amsterdam/
[22] იხ. პირის ძირითადი რეგისტრაციის შესახებ კანონის 4.17 მუხლი ლინკზე: https://wetten.overheid.nl/BWBR0033715/2023-01-01
[23] იხ. “consent form’’ ლინკში: https://www.amsterdam.nl/en/civil-affairs/moving-amsterdam/
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა