იბრაჰიმ მუხტაროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/1/1592 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 17 მარტი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 მარტი 2023 17:17 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: იბრაჰიმ მუხტაროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1592) მომართა იბრაჰიმ მუხტაროვმა. №1592 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 19 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 17 მარტს.
2. №1592 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება სამინისტრომ უნდა განიხილოს საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.
5. №1592 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ იბრაჰიმ მუხტაროვი არის ოპოზიციური პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ წევრი, ეკავა აღნიშნულ პარტიაში სხვადასხვა თანამდებობა და აქტიურად მონაწილეობდა აზერბაიჯანის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რის გამოც იგი არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. კერძოდ, მოსარჩელე მუდმივად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას სახელისუფლებო ორგანოთა მიერ, რაც გამოიხატებოდა მის ფარულ მიყურადებასა და თვალთვალში, ასევე, არაერთხელ მომხდარა მოსარჩელის უკანონოდ დაკავება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, რასაც მოჰყვებოდა დაკითხვები პოლიციისა და უშიშროების ორგანოებში არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა, წამება და ფსიქოლოგიური ტერორი.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე, ფიზიკური გადარჩენის მიზნით, იძულებული გახდა, უკანონოდ გადმოეკვეთა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარი და საქართველოში ეძია სამართლებრივი დაცვა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იბრაჰიმ მუხტაროვი დაბინავდა თავის ბიძასთან აფგან მუხტარლისთან ქალაქ თბილისში, სადაც მათ დაიწყეს აქტიური საქმიანობა ჟურნალისტიკის სფეროში. 2017 წელს საქართველოში აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა საქმიანობის შედეგად, იბრაჰიმ მუხტაროვის ბიძა გაუჩინარდა და მეორე დღეს აღმოჩნდა აზერბაიჯანის ბაქოს ციხეში, ხოლო იბრაჰიმ მუხტაროვი დაკავებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით და სასამართლოს მიერ მას მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მან მოიხადა და საპატიმრო დატოვა 2020 წლის სექტემბერში.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2020 წლის 24 სექტემბერს საპატიმროს დატოვებისთანავე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ მოთხოვნის საფუძველზე, იბრაჰიმ მუხტაროვი ისევ დაკავებულ იქნა და მოთავსდა საექსტრადიციო პატიმრობაში. აზერბაიჯანის პროკურატურის მიერ იბრაჰიმ მუხტაროვი ბრალდებულად არის ცნობილი მკვლელობის მუხლით. მოსარჩელის პოლიტიკური სტატუსის, მის მიმართ აზერბაიჯანში სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან არსებული დამოკიდებულების და აზერბაიჯანის ციხეში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იბრაჰიმ მუხტაროვს არ სურს, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში, ვინაიდან იგი დაექვემდებარება არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და მის სიცოცხლეს დაემუქრება რეალური საფრთხე. შესაბამისად, 2020 წლის 23 ოქტომბერს იბრაჰიმ მუხტაროვმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი. მოსარჩელის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და იქნა განხილული, რის საფუძველზეც, მოსარჩელეს თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ განცხადების განხილვის პროცედურა მოსარჩელის მიმართ ჩატარდა დისტანციურად, სატელეფონო კავშირის საშუალებით. იბრაჰიმ მუხტაროვი შესაძლებლობას იყო მოკლებული, ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარედგინა მის ხელთ არსებული სრული მტკიცებულებები და ინფორმაცია, ასევე, მისი მხრიდან, არაერთხელ მოთხოვნილი იქნა თარჯიმნის აცილება, ვინაიდან თარჯიმანი განზრახ თუ უნებლიედ არ თარგმნიდა არც იბრაჰიმ მუხტაროვის განცხადებებს, არც მიგრაციის სამსახურის თანამშრომლის განმარტებებს. იბრაჰიმ მუხტაროვის ყველა მოთხოვნა ოქმების თარგმანთან და ნათარგმნ მდგომარეობაში მისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, დარჩა განუხილველად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საერთო სასამართლოში, შესაგებელზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ოქმები და ჩანაწერები რადიკალურად განსხვავდება იბრაჰიმ მუხტაროვის მიერ მიწოდებული ინფორმაციისაგან, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ განზრახ თუ უნებლიედ, თარჯიმნის ბრალეულობის გამო თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებები გადმოცემულია არასწორად ან/და არასრულად. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ მომხდარა განხილვის პროცედურის აუდიო ჩაწერა. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა და არ განიხილა მოსარჩელესთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, იბრაჰიმ მუხტაროვს უარი ეთქვა თავშესაფრის მინიჭებაზე.
9. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ვინაიდან ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირების მიმართ დადგენილია განცხადების განხილვის ერთთვიანი ვადა, ამავე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით კი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის სხვა შემთხვევებზე განსხვავებული ვადაა განსაზღვრული. კერძოდ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ჩვეულებრივი წესით უნდა განიხილოს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 9 თვით, თუ: ა) გამოვლინდა რთული ფაქტობრივი და იურიდიული საკითხები; ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება სამინისტროს ერთდროულად მრავალმა უცხოელმა ან/და მოქალაქეობის არმქონე პირმა წარუდგინა, რაც ართულებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების 6 თვის ვადაში განხილვას“. ამავე კანონის მე-4 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან 21 თვეს“.
10. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლებას. თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელეს კანონით აკისრია მტკიცების ტვირთი, თუმცა საგულისხმოა, რომ მოსარჩელე იმყოფება პენიტენციური დეპარტამენტის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, მას შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება. ასევე, მოსარჩელეს საკუთარ ადვოკატთან, რომელიც აზერბაიჯანში იმყოფება, „პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, შეზღუდული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთთვიანი განხილვის ვადის განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, მოსარჩელის მხრიდან, მტკიცების ტვირთის უნაკლოდ შეუსრულებლობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანად განხილვის შესაძლებლობას.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება, რადგან იბრაჰიმ მუხტაროვის ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არსებითადაა დამოკიდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მოსარჩელე ასევე შუამდგომლობს, მოცემული სარჩელი სასამართლოს წინაშე განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1592 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
6. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
7. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. კერძოდ, თავდაპირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს, რამდენად შეიცავს სადავო ნორმის მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს და რამდენად არსებობს, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გზით, ამგვარი საფრთხის თავიდან აცილების შესაძლებლობა.
8. მოსარჩელის არგუმენტაციით, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ არის დასაშვები საერთაშორისო დაცვის მინიჭების პროცედურის სრულად ამოწურვამდე. შესაბამისად, იბრაჰიმ მუხტაროვის ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არსებითადაა დამოკიდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე მის ადმინისტრაციულ საქმეზე და ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
9. №1592 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება სამინისტრომ უნდა განიხილოს საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან, ისე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, მოსარჩელის მიმართ საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ გამოცემულ იქნა 2020 წლის 27 ნოემბერს და იბრაჰიმ მუხტაროვს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად, სადავო ნორმამ დაასრულა მისი მოქმედება მოსარჩელის მიმართ და მასში განსაზღვრული ერთთვიანი ვადაც ამოწურულია. ამასთან, ყურადსაღებია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ამ მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. მოსარჩელეს არც კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებია და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი განმეორებით აპირებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვას, რა შემთხვევაშიც, კვლავ რელევანტური გახდება სადავო ნორმით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა.
10. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების სავალდებულო წინაპირობაა, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად დაასაბუთებს, რომ სადავო ნორმის მოქმედება ქმნის გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, ერთი მხრივ, იმ გარემოებაზე, რომ ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ არის დასაშვები საერთაშორისო დაცვის მინიჭების პროცედურის სრულად ამოწურვამდე და, მეორე მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მისი განცხადების განხილვისას დაშვებულ შესაძლო პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული არგუმენტაცია არ მიემართება, სადავო ნორმით განსაზღვრული განხილვის ვადით, მოსარჩელის მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისათვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1592 კონსტიტუციური სარჩელი („იბრაჰიმ მუხტაროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში