კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1312 |
ავტორ(ებ)ი | კონსტანტინე გამსახურდია |
თარიღი | 25 აპრილი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. სისხლისსამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ,,თ“ ქვეპუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი |
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ,,თ“ ქვეპუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მესამე პუნქტი |
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ,,თ“ ქვეპუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
სარჩელს თან ერთვის საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის, ია დარჯანიას 2017 წლის 04 ოქტომბრის დადგენილება მოსარჩელის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე. ამ დადგენილებაში აღნიშნულია: ,,1994 წლის 10 იანვარს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #7494802 საქმეზე, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც 2015 წლის 4 მარტს დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) - განზრახი მკვლელობა ჩადენილი დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1993 წლის 31 დეკემბერს დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთზე ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში კარლო ღურწკაიას საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდგარ საწოლში აღმოჩენილ იქნა დევნილობაში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხედარი, თავის არეში ცეცხლსასროლი დაზიანებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს (დაზარალებულის უფლებამონაცვლე), ხოლო ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში, დაზარალებულის უფლებამონაცვლე წილისყრით განისაზღვრება. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს შორის არსებული დავის გათვალისწინებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის განსაზღვრის მიზნით 2017 წლის 04 ოქტომბერს ჩატარდა წილისყრა, რის შედეგად დაზარალებულის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა კონსტანტინე გამსახურდია...დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა კონსტანტინე გამსახურდია.“
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის, ჯარჯი წიკლაურის 2018 წლის 21 მარტის #13/20810 წერილით (ასლი იხილეთ დანართის სახით) დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველ ადვოკატს ამირან გიგუაშვილს უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაცემაზე შემდეგი მოტივით:
,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაღებისა და გადაცემის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თქვენ და თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს გაქვთ შესაძლებლობა, მიიღოთ სრული ინფორმაცია სისხლის სამართლის #7494802 საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და სრულად გაეცნოთ საქმის მასალებს. აღნიშნული პროცესუალური უფლება გაძლევთ შესაძლებლობას, სრულფასოვანი წვდომა გქონდეთ გამოძიების მასალებთან, რის თაობაზეც არაერთხელ წერილობით შემოგთავაზათ საგამოძიებო უწყების მხრიდან. განცხადებაში მითითებულია, რომ პროკურატურის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან კანონში (საუბარია 57-ე მუხლზე) არსებული ბუნდოვანების განმარტება უნდა მოხდეს პოზიტიური ვალდებულების ფორმატში და შესაბამისად, ის, რაც დაშვებული არ არის კანონით, მიგაჩნიათ, რომ საგამოძიებო უწყებამ უნდა შეასრულოს (მასალების ასლების გადაცემის ვალდებულება). აღნიშნულთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში არავითარი ბუნდოვანება არ არსებობს დაზარალებულის უფლებებთან მიმართებაში და კოდექსის 57-ე მუხლი ამომწურავად განმარტავს დაზარალებულის, როგორც პროცესის მონაწილის უფლებებს, მათ შორის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. ამდენად საგამოძიებო უწყებას არა აქვს შესაძლებლობა, საქმის მასალების ასლები გადასცეს პროცესის სხვა მონაწილეებს (ასლების მიღების უფლება აქვს მხოლოდ დაცვის მხარეს). მითითებული ჩანაწერი საკმარისი განჭვრეტადობით და სიცხადით განმარტავს დაზარალებულის უფლებას, თუ რა ფარგლებშია შესაძლებელი მას წვდომა ჰქონდეს გამოძიების მასალებთან. ’’
ამგვარად, სადავო ნორმებმა უშუალოდ შელახეს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი კონსტანტინე გამსახურდიას კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლება, ასლის სახით მიიღოს და გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ იმ ინფორმაციას, რომელიც უშუალოდ მას ეხება, ასევე კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით აღიარებული დაცვის უფლება.
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტანტინე გამსახურდია, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლე, უფლებამოსილია იდავოს იმ ნორმის კონსტიტუციურობაზე, რამაც მას შეუზღუდა სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლის მიღების უფლება.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით, ასევე კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონი, რომელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გა საჩივრებისაგან დამოუკიდებლად;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმის არსი
დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რაც დაზარალებულს ართმევს უფლებას, მიიღოს სისხლის სამართლის საქმის ასლები. ამ სარჩელით კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება დაზარალებულის უფლება, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს. ამ ნორმატიული შინაარსით სადავო ნორმა აღმჭურველი ხასიათისაა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, აღმჭურველი ნორმა ვერ გახდება და არც უნდა გახდეს დავის საგანი.
სადავო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს; გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების და საქმის მასალების გაცნობის უფლება გულისხმობს საქმის მასალების წაკითხვას. ეს უფლება არ მოიცავს ამ საქმის მასალების ასლების გადაღების შესაძლებლობას. საქმე რჩება გამომძიებელს ან პროკურორს, ხოლო სისხლის სამართლის საქმის ასლები არ გადაეცემა დაზარალებულს, იმისათვის რომ ამ უკანასკნელმა ეს ასლები მტკიცებულებად გამოიყენოს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი პუნქტი აღმჭურველია იმ თვალსაზრისით, რომ აძლევს დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმის მასალების წაკითხვის შესაძლებლობას. მაგრამ სადავო ნორმით დაზარალებულის უფლება აქ მთავრდება. ნორმის ამგვარი ფორმულირება გამორიცხავს იმას, რომ დაზარალებულმა, თუნდაც საკუთარი ხარჯით გადაიღოს ასლები. როდესაც ნორმა ასლის გადაღების შესაძლებლობაზე არ მიუთითებს, იგულისხმება რომ დაზარალებულის ეს უფლება არა აქვს და თავად სადავო ნორმამ გამორიცხა დაზარალებულის უფლება, მიიღოს საქმის მასალების ასლები.
სადავო ნორმამ დაადგინა ის ფარგლები და შეზღუდვები, რომელთა დაცვითაც დაზარალებულს ექნება წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე. სადავო ნორმით დაზარალებულს შეუძლია წაიკითხოს, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს. ამ ფარგლების მიღმა, დაზარალებულს არა აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა სისხლის სამართლის საქმეზე. სადავო ნორმის თანახმად, დაზარალებულს შეუძლია წაიკითხოს, დაიმახსოვროს, ხელით ფურცელზე ამოიწეროს და ამის შემდეგ გამომძიებელს დაუბრუნოს სისხლის სამართლის საქმე. ეს არის სადავო ნორმით დადგენილი ის ვიწრო ფარგლები და შეზღუდვები, რომელითაც ხდება დაზარალებულის წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე. თავისთავად სადავო ნორმიდან გამომდინარეობს ის პრობლემა, რომ დაზარალებულს შეუძლია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნოს, მაგრამ მის ასლებს ვერ მიიღებს. სადავო ნორმა დაზარალებულისათვის ადგენს რა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლებას, ამით იმავდროულად გამორიცხავს მისი ასლების მიღების შესაძლებლობას.
სადავო ნორმა ამით ჰგავს ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას, რომელიც ადამიანს უფლებას აძლევდა, მიეღო საკუთარი და მეუღლის გაერთიანებული გვარი, მაგრამ ამით გამორიცხავდა საკუთარი გვარის ბებიის გვართან მიერთებას.
მოსარჩელე კონსტანტინე გამსახურდიას ინტერესების დამცველ ადვოკატს, ამირან გიგუაშვილს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ორმა პროკურორმა უარი უთხრა სისხლის სამართლის საქმის ასლების გადაღებაზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს უარი სასამართლოში არ საჩივრდება. ეს განმარტება კი საბოლოოა და არ იცვლება. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას.“ ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის განმარტების შესაძლებლობას მოკლებულია საერთო სასამართლოები, ამ ნორმის განმარტებისა და გამოყენების პრაქტიკა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზეც.
ამ სარჩელს თან ერთვის საქართველოს მთავარი პროკურორის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ჯარჯი წიკლაურის წერილი, სადაც აღნიშნულია: ,,57-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. ამდენად საგამოძიებო უწყებას არა აქვს შესაძლებლობა, საქმის მასალების ასლები გადასცეს პროცესის სხვა მონაწილეებს (ასლების მიღების უფლება აქვს მხოლოდ დაცვის მხარეს). მითითებული ჩანაწერი საკმარისი განჭვრეტადობით და სიცხადით განმარტავს დაზარალებულის უფლებას, თუ რა ფარგლებშია შესაძლებელი მას წვდომა ჰქონდეს გამოძიების მასალებთან.“ ამგვარად, თავად სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის შემფარდებელი ორგანოს განმარტება არის იმგვარი, რომ ეს ნორმა ადგენს იმას თუ რაფარგლებშიუნდა ჰქონდეს დაზარალებულს წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან. პროკურორის მიერ სადავო ნორმის განმარტებით, 57-ე მუხლით დაზარალებულს შეუძლია საგამოძიებო ორგანოს შენობაში გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, მაგრამ, ამავე განმარტების თანახმად, დაზარალებულს არა აქვს სისხლის სამართლის საქმის მასალების მიღების უფლება. ამგვარად, სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკითაც გამორიცხულია დაზარალებულის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღება.
სადავო ნორმის შინაარსის უკეთ განმარტებისა და შესაბამისად, კანონმდებლის ნების გასარკვევად, მნიშვნელოვანია სადავო ნორმის სისტემური განმარტება. სადავო ნორმა, რაც ეხება დაზარალებულის უფლებას, ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: ,,მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს;“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნულია: ,,ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები.“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსპერტს უფლება აქვს ,,გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი;“ ამგვარად, იქ, სადაც კანონმდებელი მიზნად ისახავდა იმას, რომ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს მიეღო სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, ამის შესახებ კანონმდებელმა ეს პირდაპირ ჩაწერა. სადავო ნორმაში კანონმდებლის დუმილი დაზარალებულისათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სადავო ნორმით ასლების მიღების უფლება არა აქვს დაზარალებულს. სადავო ნორმაში დაზარალებულისათვის ასლების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლის დუმილით, ამავე სადავო ნორმით, კანონმდებელმა დაზარალებულს უარი უთხრა ასლების გადაცემის უფლებაზე. ბრალდებულთან და ექსპერტთან მიმართებაში საქმის მასალების გაცნობასთან ერთად, ამ მასალების ასლების გადაცემაზე კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს.
ამგვარად, სწორედ იმის გამო, რომ სადავო ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვს და სადავო ნორმა არაფერს ამბობს ამ მასალების ასლების დაზარალებულისათვის გადაცემაზე, ამით იგულისხმება ის, რომ სადავო ნორმა ართმევს დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღების უფლებას. სარჩელში დასმული კონსტიტუციური პრობლემა გამომდინარეობს სადავო ნორმიდან.
2) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის 52-ე პუნქტში, საქმეზე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პირდაპირ განაცხადა: ,,ყოველივე ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, დაზარალებული თავისი ინტერესით ბუნებრივად არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მოწმე, რაც, თავისთავად, მოითხოვს მის სათანადო და საკმარის ჩართულობას პროცესში. დაზარალებული ინფორმირებული უნდა იყოს საქმის მსვლელობის შესახებ მის ყველა ეტაპზე, ყველა კატეგორიის დანაშაულზე ჰქონდეს შესაძლებლობა, გაასაჩივროს, მათ შორის, სასამართლოში, დაზარალებულად ცნობასა და დევნის დაწყებაზე უარის თქმის, ისევე როგორც დევნის/გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილება, მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს,“ ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ ამოიკითხა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტში ის, რომ დაზარალებულს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის მასალების მიღების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-10 პუნქტის თანახმად: ,,დაზარალებულის ინტერესია, მის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული იქნეს გამოძიებული, რეალური დამნაშავე იდენტიფიცირებული, დანაშაული სწორად დაკვალიფიცირებული და, საბოლოოდ, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული დანაშულის შედეგად მიყენებული ზიანის ეფექტურ, ადეკვატურ ანაზღაურებას, ხოლო, მეორე მხრივ, სამართლიანობის განცდის დაკმაყოფილებას იმ გაგებით, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშული არ დარჩება რეაგირების გარეშე” ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-11 პუნქტით: ,,სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი გულისხმობს არა მხოლოდ კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, არამედ უფლებას ეფექტურ გამოძიებაზე, რომელიც ასევე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებისა და დასჯის წინაპირობაა.“ გადაწყვეტილების მე-12 მუხლის თანახმად: ,,დაზარალებულს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამ კონტექსტში მისი დასაცავი ინტერესი არის: დანაშულის შედეგად დარღვეული უფლებების აღდგენა, რაც გამოიხატება შესაბამისი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაში...“
დაზარალებულისათვის კომპენსაციის მიღების უფლება უზრუნველყოფილია სამოქალაქო პროცესის შედეგად. სამოქალაქო დავის წამოსაწყებად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილ მტკიცებულებებს. იმისათვის, რომ დაზარალებულმა სამოქალაქო წესით ეფექტურად დაიცვას თავისი ინტერესები, საჭიროა მას არა მხოლოდ წვდომა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, არამედ კომპენსაციის საქმის განმხილველი მოსამართლისათვის ჰქონდეს ამ მასალების წარდგენის შესაძლებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: ,,მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში.“ დაზარალებულს შეუძლია სამოქალაქო წესით იდავოს ზიანზე, რაც მას დანაშაულის გზით მიადგა. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულის მოთხოვნა შეიძლება ეფუძნებოდეს მასალებს, რაც ინახება სისხლის სამართლის საქმეში. მართალია, დაზარალებულს არა აქვს ამ საქმის მასალების ასლების მოპოვების შესაძლებლობა, მაგრამ დაზარალებულს შეუძლია შეადგინოს და სასამართლოში ისე წარადგინოს სარჩელი, რომ მას არ ერთოდეს სისხლის სამართლის მასალების ასლები. ამის მიუხედავად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაზარალებულს შეუძლია სთხოვოს სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს, მისცეს მითითება გამომძიებელს, რათა მან წარუდგინოს სასამართლოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს სარჩელში აღნიშნული გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი.“
მსგავსი წესია განსაზღვრული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში. ევროპული სასამართლოს წესების 47-ე პრიმა მუხლის 3.1 (a) პუნქტის თანახმად, საჩივარს თან უნდა ერთოდეს დოკუმენტის ასლი, რაც ეხება მომჩივანის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ან ღონისძიებას.[1] ამ მუხლის 5.1. პუნქტის თანახმად, ხსენებული დოკუმენტის ასლის წარუდგენლობა გამოიწვევს იმას, რომ ევროპული სასამართლო არ განიხილავს საჩივარს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომჩივანი ადეკვატურ განმარტებას წარადგენს იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ ახერხებს ამ მოთხოვნის შესრულებას. ის გარემოება, რომ დაზარალებული ვერ იღებს, ეროვნული კანონმდებლობით, სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლებს და შესაბამისად ვერ წარადგენს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ჩაითვლება ამგვარ გარემოებად. წესების 492 მუხლის მე-3 (a) ქვეპუნქტის თანახმად, მასალები, მათ შორის სისხლის სამართლის საქმის მასალები, შესაძლოა ევროპული სასამართლოს კომიტეტის მომხსენებელმა მოსამართლემ გამოითხოვოს.
ამგვარად, ზიანის ასანაზღაურებლად დანაშაულის მსხვერპლს ისე შეუძლია სამოქალაქო წესით სარჩელის აღძვრა, რომ სარჩელს არ დაურთოს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ამ მასალებს დაზარალებული სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლის მეშვეობით მოიპოვებს და დაურთავს საქმეს. იგივე ითქმის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოებაზე. თუ მომჩივანი სტრასბურგის სასამართლოში სიცოცხლის მოსპობაზე ან არასათანადო მოპყრობაზე არაეფექტური გამოძიების წარმოების თაობაზე დავობს, ამის დასადასტურებლად სისხლის სამართლის საქმის მასალებს იშველიებს, მომჩივანს შეუძლია სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს ამ მასალების საჩივარზე დართვის გარეშე. ამ შემთხვევაში მომჩივანი ევროპულ სასამართლოს უხსნის, რომ მას როგორც დაზარალებულს, ეროვნული კანონმდებლობა არ აძლევს ამ საქმის მასალების ასლების მიღების შესაძლებლობას. თუ საჩივარი აშკარად დაუშვებელი არ არის, ამ მასალებს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით სტრასბურგის სასამართლო თავად გამოითხოვს.
ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია დაზარალებულს იმ დრომდე ჰქონდეს ამ მასალებზე წვდომა, სანამ ის სარჩელს აღძრავს ან სამოქალაქო წესით ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სარჩელის აღძვრამდე მნიშვნელოვანია დაზარალებულმა სათანადოდ დაგეგმოს თავისი სტრატეგია. როდესაც ადამიანი დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სარჩელის შედგენამდე, იცოდეს ამ ზიანის მოცულობა. ზიანის ოდენობა დგინდება ექსპერტის მიერ. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული მხოლოდ თავად ეცნობა სისხლის სამართლის საქმის მასალებს, არა აქვს ექსპერტიზის ჩასატარებლად ამ მასალების ასლების ექსპერტისათვის წარდგენის შესაძლებლობა, წინასწარ მას არც ზიანის ოდენობა ეცოდინება და არც იმის პრაქტიკული შესაძლებლობა არ ექნება, კონკრეტული ოდენობის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი აღძრას. კონკრეტული ოდენობის ზიანის ანაზღაურება არის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ სარჩელის სავალდებულო რეკვიზიტს წარმოადგენს, სასარჩელო მოთხოვნა. დანაშაულის შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნაში უნდა იყოს მითითებული, რა ოდენობის ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს მოსარჩელე, რაც დამოკიდებულია ექსპერტის მიერ ზიანის შეფასებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალების ასლებს დაზარალებული ექპერტიზის ბიუროს ვერ წარუდგენს, ვერც მიყენებული ზიანის ოდენობა დგინდება და ამის შედეგად სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებაც ვერ ხერხდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ არის დაკმაყოფილებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები ანუ სარჩელში არ არის მითითებული მოთხოვნის რეკვიზიტი, ასეთი სარჩელი არ რეგისტრირდება. იმ შემთხვევაშიც თუ ასეთი სარჩელი დარეგისტრირდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელი, სადაც მოთხოვნა არ არის ფორმულირებული, მოსამართლის მიერ არ მიიღება წარმოებაში.
ამგვარად, იმის გამო, რომ სადავო ნორმით დაზარალებულს არა აქვს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღების შესაძლებლობა, ის ვერ ატარებს ექსპერტიზას დანაშაულით მისთვის მიყენებული ზიანის დადგენის თაობაზე. ამის გამო დაზარალებული მოკლებული ხდება შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო წესით, მისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. ამით პირს ეზღუდება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიან სასამართლოზე წვდომის შესაძლებლობა.
სასამართლოზე წვდომის კონტექსტში დამატებით აღსანიშნავია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოც. ამ სასამართლოში საქმის განხილვა საკმაოდ დიდ დროსთან არის დაკავშირებული. სადავო ნორმის მეშვეობით, ეს ისედაც ხანგრძლივი ვადა დამატებით იწელება იმით, რომ სიცოცხლისა და არასათანადო მოპყრობის უფლების დარღვევის მსხვერპლს, რომელიც ევროპულ სასამართლოში არაეფექტური გამოძიების ჩატარებაზე დავობს, არა აქვს შესაძლებლობა თავად წარადგინოს ამ არაეფექტური გამოძიების დამადასტურებელი საქმის მასალების ასლები. მომჩივანმა უნდა გააკეთოს განმარტება იმის თაობაზე, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ აძლევს სისხლის სამართლის მასალების ასლების მოპოვების შესაძლებლობას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ეს მასალები საგამოძიებო ორგანოებიდან თავად ევროპულმა სასამართლომ უნდა გამოითხოვოს. ამით დამატებით იწელება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილვის ისედაც ხანგრძლივი პროცესი. ამის მიზეზი სწორედ სადავო ნორმაა. ვინაიდან სადავო ნორმა უსაფუძვლოდ ხელს უწყობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურებას, იმით, რომ მტკიცებულება არის არა მომჩივანის წარსადგენი, არამედ თავად სასამართლოს მოსაპოვებელია, სადავო ნორმა არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
3) კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი
„დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55).
ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის 41-ე პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,დაზარალებულს უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო მტკიცებულების და ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის, რათა დახმარება გაუწიოს სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამასთან, სახელმწიფო ორგანოების ქმედების კანონიერების შემოწმების, კონტროლის და პასუხის მოთხოვნის ეფექტური ბერკეტები, რათა დაზარალებულმა შეძლოს სახელმწიფოს დახმარებით საკუთარი უფლებების დაცვა/აღდგენა. როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულს, ერთი მხრივ, უნდა ჰქონდეს დანაშაულის შედეგად დარღვეული უფლებების (ჯანმრთელობის, სიცოცხლის, საკუთრების, ღირსების და სხვა) აღდგენის, დაცვის საკმარისი ბერკეტები. მეორე მხრივ, დაზარალებულს აქვს ინტერესი, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ იქნეს სწორი გადაწყვეტილება, რაც, მათ შორის, მნიშვნელოვანია მიყენებული ზიანის ადეკვატური ანაზღაურებისთვის. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, დაზარალებულის ინტერესია, მონაწილეობა მიიღოს გამოძიებასა თუ სასამართლო პროცესში იმ ფორმითა და დოზით, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია საქმეზე სწორი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის. ამასთან, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს ბერკეტები სახელმწიფოზე ზემოქმედებისათვის, მისი კონტროლისთვის, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობა, დაუდევრობა, შეცდომა, რაც შეუძლებელს გახდის დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დაცვას, დაკმაყოფილებას. ბრალდების მხარე, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა მართლაც იყოს არსებითად უუნარო, მხედველობაში მიიღოს დაზარალებულის ყველა კერძო ინტერესი და ეფექტურად მოახდინოს მისი წარმოდგენა და დაცვა სასამართლოს სხდომაზე. ამასთან შესაძლოა, ის ყოველთვის ვერ/არ იყოს სათანადოდ მოტივირებული, სრულყოფილად გამოიკვლიოს ყველა რელევანტური გარემოება. ზოგჯერ საქმეთა სიმრავლის მოტივით, შესაძლოა ფიზიკურად რთული იყოს ერთნაირი გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით, ამასთან თანაგრძნობით ყველა საქმის სკურპულოზური შესწავლა. შედეგად, გამოძიებისა და მართლმსაჯულების პროცესში ვერ გამოირიცხება შეცდომები, გულგრილობა და სხვა ფაქტორები, რამაც შესაძლოა დააზარალოს საქმის ეფექტურად გახსნისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესი.“
ამავე გადაწყვეტილების 42-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,შესაბამისად, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის საკმარისი ბერკეტები, შესაძლებლობები, მისი ჩართულობა უნდა იყოს იმ დოზისა და ხარისხის, რაც დაეხმარება გამოძიებას, მართლმსაჯულებას ფაქტებისა და საჭირო, საკმარისი მტკიცებულებების მოძიებასა და საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამორიცხავს/მინიმუმამდე დაიყვანს დანაშაულზე თვალის დახუჭვის, გამოძიების გულგრილობის, შეცდომის ან განზრახ არასწორი ქმედების რისკებს.“
წინა თავში ვისაუბრეთ იმაზე, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღება ეხმარება დაზარალებულს, ექსპერტისთვის ასლების წარდგენის გზით ზუსტად დაადგინოს მისთვის მიყენებული ზიანი და ამის შემდეგ სამოქალაქო წესით მიმართოს სასამართლოს. ამის გარდა საქმის მასალების ასლების დაზარალებულისათვის გადაცემა ხელს უწყობს თავად სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური გამოძიების წარმოებას. საქმის მასალების დაზარალებულიდან მესამე პირებისათვის გადაცემის შემთხვევაში შესაძლებელია, დაზარალებული დაეხმაროს გამოძიებას ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენაში, დამატებით მოწმეთა მოძიებაში, სხვა მტკიცებულებების აღმოჩენაში, დანაშაულით მიყენებული ზიანის დადგენაში, რაც ასევე რელევანტურია სისხლის სამართლის საქმეზე. დაზარალებულის ხელში ასლების არსებობა, აძლევს დაზარალებულს იმ გარემოების უტყუარად მტკიცების შესაძლებლობას, რომ საგამოძიებო ორგანო თვალს ხუჭავს, სათანადო გულმოდგინებით არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს. დაზარალებულის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის წარდგენის შესაძლებლობა, არის დაზარალებულის ინტერესების დაცვის საშუალება, რათა აღიკვეთოს საგამოძიებო ორგანოს გულგრილობა ან განზრახ უმოქმედობა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას.
ამგვარად, სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების დაზარალებულისათვის გადაცემა და დაზარალებულიდან ამ მასალების მესამე პირებისათვის მიწოდების შესაძლებლობის არსებობა, წარმოადგენს საპროცესო შესაძლებლობას, რაც დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმეზე აძლევს საკუთარი ინტერესების ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. საქმის მასალების ასლის გადაცემის აკრძალვით სადავო ნორმა ზღუდავს დაზარალებულის დაცვის უფლებას, რაც აღიარებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
4) კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტი
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.” სადავო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაზარალებულს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.“ სადავო ნორმა დაზარალებულს უზღუდავს შესაძლებლობას, გადაიღოს სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რაც მას ეხება და, იმავდროულად, არ წარმოადგენს არც სახელმწიფო, არც პროფესიულ და არც კომერციულ საიდუმლოებას. სადავო ნორმა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს საქმის მასალების გაცნობის უფლება წარმოეშობა მაშინ, როცა ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. როდესაც დაზარალებულის მიერ საქმის მასალების გაცნობა არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი ინფორმაცია ვერ იქნება სახელმწიფო საიდუმლოება. სადავო ნორმის თანახმად, დაზარალებულს შეუძლია გაეცნოს არასაიდუმლო ინფორმაციას, მაგრამ მას არ შეუძლია არასაიდუმლო ინფორმაციის ასლის გადაღება. შესაბამისად, სადავო ნორმის თანახმად, დაზარალებულს ეზღუდება იმგვარი ინფორმაციის ასლის მიღება, რაც არ წარმოადგენს არც ერთი ტიპის საიდუმლოებას. ეს კი არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ როგორც სადავო ნორმაში, ისე კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტში ნახსენებია ტერმინი ,,გაცნობა,“ ერთ შემთხვევაში - საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის, მეორე შემთხვევაში - სისხლის სამართლის საქმის მასალების. როგორც ამ სარჩელის პირველ თავშია მითითებული, გაცნობა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ნიშნავს სისხლის სამართლის საქმის მასალების წაკითხვას და არა ასლის გადაღებას. ამის საწინააღმდეგოდ, კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი უნდა განიმარტოს ფართოდ, მუხლის მიზნების (ტელეოლოგიური განმარტება) გათვალისწინებით და არა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით. კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზანს წარმოადგენს ღია მმართველობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ეს მიზანი -ღია მმართველობა, საჯარო დაწესებულების ანგარიშვალდებულება მოქალაქეების წინაშე - ვერ მიიღწევა, თუ მოქალაქე შეზღუდული იქნება საჯარო დაწესებულებაში დაცული დედნების გაცნობის შესაძლებლობით და, იმავდროულად, მას არ ექნება ამ ინფორმაციის ასლების გადაღების უფლება.
კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტში ღია მმართველობის დამკვიდრების მიზნები ამოიკითხა საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-5 პუნქტში აღნიშნულია: ,,სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოში ღია მმართველობის განხორციელებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის. აღნიშნული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად.“
კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სიტყვა ,,გაეცნოს“ ვიწრო, სიტყვასიტყვითი განმარტება გამოფიტავდა ინფორმაციის თავისუფლების უფლების არსს, დაამკვიდროს ღია მმართველობა. დაინტერესებულ პირს არ ექნებოდა, მისთვის საინტერესო საკითხების გამოკვლევის შესაძლებლობა, კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო მხოლოდ დედნების ადგილზე შემოწმების უფლებით რომ შემოისაზღვრებოდეს და არ მოიცავდეს დაინტერესებული პირის უფლებას, მიიღოს საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ასლები. ადამიანისათვის საინტერესო ინფორმაციის გამოკვლევა მოიცავს საჯარო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის გადამოწმებასაც მესამე პირთან, რის შესაძლებლობასაც იძლევა მესამე პირისათვის საჯარო ინფორმაციის ასლების წარდგენა. ასევე თანამდებობის პირების მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებისა თუ მიზანშეწონილობის გადამოწმება შეუძლებელი იქნება, თუკი ინფორმაციის მომთხოვნს საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ასლის წარდგენის შესაძლებლობა არ ექნება მესამე პირთან. ასლების გაცემის შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის ღია მმართველობის პრინციპთან, ამით მცირდება საჯარო დაწესებულების ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. როცა საჯარო დაწესებულება ან თანამდებობის პირი დარწმუნებულია იმაში, რომ საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა არაინფორმირებული ადამიანის გარდა არავის არ ექნება, ამით ასეთ თანამდებობის პირს არ ექნება იმის მოლოდინიც რომ გადაცდომაზე დაეკისრება ან სამართლებრივი ან პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამით კი კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზანი - დამკვიდრდეს ღია მმართველობა - ვერ მიიღწევა.
ამგვარად, კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი, მოქალაქის უფლება, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ჩანაწერს, უნდა განიმარტოს მიზნობრივად. ეს უფლება მოიცავს ადამიანის შესაძლებლობას, ეწვიოს საჯარო დაწესებულებას და ინფორმაციას გაეცნოს დედანში. იმავდროულად, კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის შესაძლებლობას მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ასლები. სადავო ნორმა ზღუდავს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ასპექტს, რაც სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულს ანიჭებს ინფორმაციის ასლების მიღების შესაძლებლობას, იმ მიზნით რომ ამ ინფორმაციის მესამე პირთან გადამოწმება მოხდეს. შეზღუდვა არ არის კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გამართლებული - გამოძიებას არა აქვს ამ ინფორმაციის გასაიდუმლოების ინტერესი (სადავო ნორმაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქმის მასალებს დაზარალებული ეცნობა იმიტომ რომ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს). იმის მიუხედავად, რომ ეს გამოძიების ინტერესებს არ ეწინააღმდეგება და შესაბამისად, სახეზე არ არის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესი, სადავო ნორმით დაზარალებული ვერ იღებს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლებს. ამგვარად, სადავო ნორმა არღვევს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
5) ლეგიტიმური მიზანი
როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს არ წარმოადგენს, გამოძიების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება. სადავო ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ დაზარალებული იმ პირობით ეცნობა სისხლის სამართლის საქმეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. თუ დაზარალებულის მხრიდან საქმის მასალების გაცნობა წინააღმდეგობაში მოვა გამოძიების ინტერესებთან, დაზარალებულს ვერც საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა ექნება, ვერც შესაბამისად, ასლებს გადაიღებს (ასეთი უფლება რომც არსებობდეს). ამგვარად, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს, გამოძიების ინტერესებს.
სადავო ნორმის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ინტერესი. სისხლის სამართლის საქმე შეიძლება რამდენიმე ათას გვერდს შეადგენდეს და დაზარალებულისათვის მისი ასლების გადაღება მძიმე ფინანსური ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს საგამოძიებო ორგანოებისათვის.
აქვე აღსანიშნავია ის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად: ,,დაზარალებულს უფლება აქვს: უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;“ ამ საპროცესო დოკუმენტებისაგან სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალების ასლების მისაღებად დაზარალებულს შეიძლება მოეთხოვოს ასლის გადაღების ხარჯების დაფარვა. თუმცა, თუკი დაზარალებული სოციალურად დაუცველია, შესაძლოა საქმის მასალების ასლების გადაღების ანაზღაურებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდეს. ამგვარად, ლეგიტიმური მიზნის - საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის - მისაღწევად ნაკლებად მზღუდავი საშუალება იქნებოდა ასლის ხარჯების ანაზღაურების დაზარალებულისათვის დაკისრება. ამ მიზნის მისაღწევად დაზარალებულისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაღებაზე უარის თქმა არ არის ნაკლებად მზღუდავი საშუალება და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
ამგვარად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც დაზარალებულს უკრძალავს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღების უფლებას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტს. შესაბამისად, ვითხოვთ სადავო ნორმის აღნიშნული ნორმატიული შინაარსით არაკონსტიტუციურად ცნობას.
[1] https://www.echr.coe.int/Documents/Rules_Court_ENG.pdf
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა