„საქართველოს მოქალაქე გრიგოლ კარგინი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ“.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/10/204 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ბესარიონ ზოიძე, ავთანდილ აბაშიძე, |
თარიღი | 8 ნოემბერი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 ნოემბერი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. იაკობ ფუტკარაძე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქე გრიგოლ კარგინი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ“.
დავის საგანი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის №226 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის“ მე–3 მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე გრიგოლ კარგინი და მისი წარმომადგენელი ემზარ გრიგოლია.
საქართველოს მოქალაქის – გრიგოლ კარგინის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2002 წლის 18 ოქტომბერს (რეგისტრაციის №204). აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2002 წლის 23 ოქტომბერს. სასამართლო კოლეგიამ 2002 წლის 31 ოქტომბრის განმწესრიგებელ სხდომაზე იმსჯელა წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის შესახებ და დაადგინა მისი არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებანი.
განმწესრიგებელ სხდომაზე გამოირკვა, რომ მოსარჩელე კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს, ამავე კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტს.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე ანა კარგინა იყო კოოპერატივ „ორბის“ წევრი და 1991 წლიდან ახორციელებდა შენატანებს დადგენილი წესითა და პერიოდულობით. ამჟამად ქალბატონი ანა აღარ არის ცოცხალი და მოსარჩელე გრიგოლ კარგინი წარმოადგენს მის კანონიერ მემკვიდრეს აღნიშნულ კოოპერატივში განხორციელებულ შენატანებზე. მოსარჩელის განცხადებით, ჯერ–ჯერობით არც სახლის მშენებლობა დამთავრებულა და არც გადახდილი შენატანები დაბრუნებია მას. ამ საკითხის მოსაწესრიგებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1999 წლის 11 ოქტომბერს გამოსცა №226 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი. მოსარჩელის აზრით, ვალის დაფარვის აღნიშნული წესის მე–3 მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლს, ვინაიდან იგი ითვალისწინებს ვალის დაბრუნების უსამართლო სისტემას. კერძოდ, ბინების სანაცვლოდ ერთჯერადი განაცემის გაცემას დადგენილი რიგითობის მიხედვით ახორციელებს საქართველოს საბინაო–სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია. მოსარჩელის აზრით, კერძო სამართლის იურიდიულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს ამის უფლება.
განმწერიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ემზარ გრიგოლიამ დააყენა შუამდგომლობა დავის საგნის გაზრდის თაობაზე. მან მოითხოვა ასევე „ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 ივნისის №413 ბრძანებულებისა და ამ ბრძანებულებითვე დამტკიცებული „ზოგიერთი სახის საშინაო ვალის დაფარვის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის დებულების“ არაკონსტიტუციურად ცნობა. მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, სადავო აქტების კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს საქართველოს კონსტიტუციის არა მხოლოდ 21–ე მუხლთან, არამედ 42–ე მუხლის მე–9 პუნქტთან მიმართებითაც. სასამართლო კოლეგიამ იმსჯელა აღნიშნულ შუამდგომლობაზე და მიზანშეწონიილად მიიჩნია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 ივნისის №413 ბრძანებულებისა და ამ ბრძანებულებითვე დამტკიცებული დებულების კონსტიტუციურობის შემოწმება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. რაც შეეხება სადავო აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–9 პუნქტთან მიმართებით, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მასთან სადავო აქტების პირდაპირი შემხებლობა არ დასტურდება, ვინაიდან 42–ე მუხლის მე–9 პუნქტში საუბარია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრულ ანაზღაურებაზე სახელმწიფო სახსრებიდან.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია. სარჩელში მითითებული სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–2 პუნქტით, 43–ე მუხლის მე–2, მე–5 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტით, მე–17 მუხლის მე–5 პუნქტით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22–ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლებითა და 32–ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე გრიგოლ კარგინის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ (1) „ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 ივნისის №413 ბრძანებულებისა და ამ ბრძანებულებითვე დამტკიცებული „ზოგიერთი სახის საშინაო ვალის დაფარვის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის დებულების“ კონსტიტუციურობის თაობაზე იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს და (2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის №226 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის“ მე–3 მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტების კონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლთან მიმართბით;
2. პირველ პუნქტში გათვალისწინებულ სარჩელებზე მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს რგანული კანონის 35–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ავთანდილ აბაშიძე
იაკობ ფუტკარაძე