შპს „ინტერსტანდარტ საბურთალო“ და უჩა ზაქაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1782 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | „შპს ინტერსტანდარტ საბურთალო“, უჩა ზაქაშვილი |
თარიღი | 26 აპრილი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1. საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მშენებლობის მაკონტროლებელ ორგანოებს ანიჭებს უფლებას იმ სუბიექტებზე, რომლებიც მოქმედებენ სამშენებლო დოკუმენტაციის საფუძველზე (ანუ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვთ სრული სამშენებლო დოკუმენტაცია და მათი სრული საკონტაქტო ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია) მაგრამ კონკრეტულ მომენტში არ იმყოფებიან სამშენებლო მოედანზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტები (მითითება, შემოწმების აქტი, დადგენილება ან უწყება) ჩაბარდეთ საჯარო სივრცეში განთავსებით. 2. საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ამ მუხლის პირველი და 1 პრიმა ნაწილების მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: „ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი; ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მშენებლობის მაკონტროლებელ ორგანოებს ანიჭებს უფლებას იმ სუბიექტებზე, რომლებიც მოქმედებენ სამშენებლო დოკუმენტაციის საფუძველზე (ანუ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვთ სრული სამშენებლო დოკუმენტაცია და მათი სრული საკონტაქტო ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია) მაგრამ კონკრეტულ მომენტში არ იმყოფებიან სამშენებლო მოედანზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტები (მითითება, შემოწმების აქტი, დადგენილება ან უწყება) ჩაბარდეთ საჯარო სივრცეში განთავსებით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები: 1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ჩაბარების განსხვავებულ/სპეციალურ წესს, კერძოდ: „სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.“
შესაბამისად, ამ სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს შემდეგი საკითხი:
1) დასახელებული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მშენებლობის მაკონტროლებელ ორგანოებს ანიჭებს უფლებას იმ სუბიექტებზე, რომლებიც მოქმედებენ სამშენებლო დოკუმენტაციის საფუძველზე (ანუ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვთ სრული სამშენებლო დოკუმენტაცია და მათი სრული საკონტაქტო ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია) მაგრამ კონკრეტულ მომენტში არ იმყოფებიან სამშენებლო მოედანზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტები (მითითება, შემოწმების აქტი, დადგენილება ან უწყება) ჩაბარდეთ საჯარო სივრცეში განთავსებით.
მოსარჩელე შპს „ინტერსტანდარტ საბურთალო“ არის საქართველოში რეგისტრირებული საწარმო, რომელსაც სადაო ნორმის მოქმედების პერიოდში ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ მან კანონით დადგენილი წესით მიიღო ყველა სამშენებლო დოკუმენტი, რითიც მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანოებისთვის სრულიად ხელმისაწვდომი გახადა მისი საკონტაქტო ინფორმაცია, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების პროცესში თუ უფლებამოსილი პირი (კომპანიის დირექტორი ან მინდობილი პირი) არ იმყოფება ფიზიკურად ადგილზე მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია დოკუმენტები განათავსოს საჯარო სივრცეში (არა სამშენებლო ტერიტორიის შიგნით არამედ, გარეთ) და ყველა პროცესუალური ვადა რაც ამ დოკუმენტებს თან ახლავთ ათვალოს სწორედ მათი განთავსების მომენტიდან. აღნიშნული კი უხეშად ლახავს მოსარჩელის უფლებას, იცოდეს რა საქმისწარმოება მიმდინარეობს მის მიმართ, რის დარღვევას ედავებიან და რა მოქმედებების განხორციელებაა საჭირო, რათა თავიდან აირიდოს სანქციები - რაც ლაკონურად მოიაზრება კიდეც კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლ ნაწილში განმარტებულ უფლებაში - ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლებაში, ასევე მე-2 ნაწილით გარანიტრებულ უფლებაში იცოდე რა ინფორმაცია ინახება შენს შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოებში.
აღსანიშნავია, რომ სადაო ნორმის გამოყენების პირობებში სამომავლოდ შესაძლოა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც, კერძოდ:
„მუხლი 360- 1. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა
მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა, ჩადენილი ასეთი ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ,
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გამოძიება იწყება მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვისა და ამ დადგენილების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ.“
გამოდის, რომ შეიძლება ისე მიეცეს პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში, რომ მან არც კი იცოდეს რას ედავებიან.
1. საკონსტიტუციო სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით უზრუნველყოფილი უფლების ხელყოფის ფაქტები
შპს „ინტერსტანდარტ საბურთალოს“ საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 01.14.15.002.119, სადაც აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს კანონის საფუძველზე გაცემული სამშენებლო დოკუმენტაციის საფუძველზე. კერძოდ: 2019 წლის 6 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის #4404398 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი კორპუსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 6 მარტიდან 2021 წლის 6 მარტის ჩათვლით (იხ. დანართი ).
ვინაიდან თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და გაცემა წარმოებს ინტერნეტ საიტზე: tas.ge მარტივად შესამოწმებელია და დღემდე საჯაროა, რომ 2019 წლის 6 მარტის პროექტის და ნებართვის გაცემის განაცხადის გაკეთების მომენტიდან, ანუ 2018 წლის 20 ნოემბრიდან საჯაროა განმცხადებლის დეტალური ინფორმაცია: წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო თავის მხრივ სამეწარმეო ამონაწერში დაფიქსირებულია კომპანიის იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, პაბლო პიკასოს ქ. 7 ბინა 16.
მოგვიანებით, ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე შპს „ინტერსტანდარტ საბურთალომ“ მოითხოვა ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება, ვინაიდან მშენებლობის პერიოდს დაემთხვა პანდემია, პანდემიური შეზღუდვები და ნებართვის გამცემ ორგანოს მიმართა 2021 წლის 19 თებერვალს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალი ნებართვა გაიცა მხოლოდ 2021 წლის 25 ივნისს.
ვინაიდან შპს „ინტერსტანდარტ საბურთალოს“ მიმართული ჰქონდა ნებართვის ვადის გაგრძელებაზე, მან სამშენებლო სამუშაოები გააგრძელა 2021 წლის 6 მარტის შემდგომაც, რის შედეგადაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წლის 11 მარტს გამოსცა მშენებლობის შეჩერების დადგენილება, რომელიც განათავსა კანონით გათვალისწინებულ „თვალსაჩინო ადგილას“ 2021 წლის 18 მარტს (იხ. დანართი).
აღსანიშნავია, რომ შპს „ინტერსტანდარტ საბურთალოს“, მას შემდეგ რაც მათთვის ცნობილი გახდა მშენებლობის შეჩერების დადგენილების არსებობის თაობაზე, არ გაუგრძელებია არანაირი სამშენებლო სამუშაო. ხოლო 2021 წლის 6 მარტიდან 2021 წლის 23 მარტამდე (ამ დღეს გახდა ცნობილი, რომ კომპანია მშენებლობის შეჩერების ჩაუბარებელი დადგენილების შეუსრულებლობისთვის ჯარიმდებოდა 50 000 ლარით, რის თაობაზეც შედგენილი შემოწმების აქტი კვლავ ობიექტზე განთავსდა, თუმცა რადგან ობიექტზე გამოცხადებულმა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ამჯერად ზეპირსიტყვიერად ჩააყენეს საქმის კურსში ობიექტზე დასაქმებული მუშები, მათ თავის მხრივ შეატყობინეს კომპანიის დირექტორს მომხდარის თაობაზე) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გამო.
2021 წლის 8 აპრილს მშენებლობის მაკონტროლებელმა ორგანომ შპს „ინტერსტანდარტ საბურთალო“ დააჯარიმა 50 000 ლარით და როგორც ამ დადგენილების შინაარსიდან ირკვევა, მათ 2021 წლის 23 მარტს გადაამოწმეს სამშენებლო სამუშაოები და რადგან დაადგინეს სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ფაქტი, იმავე დღეს შეადგინეს შემოწმების აქტი და ისიც განათავსეს სამშენებლო ობიექტის საინფორმაციო ბანერზე, რომელიც მდებარეობს ქუჩაში (საზოგადოებრივ სივრცეში).(იხ. დანართი).
იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები შპს „ინტერსტანდარტ საქართველომ“ გაასაჩივრა, სასამართლოს წარუდგინა მათ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი, რომ მუნიციპალურ ინსპექციას მშენებლობის შეჩერების დადგენილების ჩაბარების მიზნით არ უცდია სამშენებლო ობიექტის მისამართზე უფლებამოსილი პირის მოძიება (და რომც ეცადა და ადგილზე არ დახვედროდა ამის მიუხედავადაც) ასევე არ უცდია ოფიციალურ მისამართზე დადგენილების გამოგზავნა, სასამართლომ განგვიმარტა, რომ 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილი არ მოითხოვს ამ ტიპის დოკუმენტების საფოსტო გზავნილით გაგზავნას და კომპანიის დირექტორის ან მინდობილი პირის ადგილზე არყოფნა საკმარისი საფუძველია აქტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებისთვის. შესაბამისად, სასამართლომ 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით კანონიერად ცნო მშენებლობის შეჩერების დადგენილების თვალსაჩინო ადგილზე გაკვრით ჩაბარება და 50 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრება ძალაში დატოვა. (იხ. დანართი - სასამართლოს გადაწყვეტილება), ხოლო მანამდე 2021 წლის 27 მაისს ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 27 მაისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილის ბრძანებით (იხ. დანართი).
2. სხვა სასამართლო გადაწყვეტილებები მსგავს საქმეებზე
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის არსებული რედაქციის პირობებში, ნებისმიერი ობიექტური ვითარების მიუხედავად, იმ დაშვების პირობებში, რომ მშენებლობის მწარმოებელი ნებართვის მფლობელი პირი არ იმყოფებოდა ობიექტზე საპატიო მიზეზით და შემდგომში ასევე ობიექტური გარემოებების გამო მან განთავსებული საქმისწარმოების დოკუმენტი ვერ ნახა, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება წინასწარაა ცნობილი, რადგან არსებული რედაქცია არ იძლევა ამ გარემოებების მხედველობაში მიღების შესაძლებლობას, გააჩნია იმპერატიული შინაარსი და იმავდროულად გაუგებარია, თუ რა ლეგიტიმური მიზნის აღსრულებისკენაა მიმართული, ვინაიდან საფოსტო სერვისებით სარგებლობა ნორმალური საქმიანობაა გზავნილების ჩაბარების მიზნების გათვალისწინებით და აღნიშნული პროცესისგან თავის არიდება/საქმიანობის გამარტივება არ შეიძლება ლეგიტიმურ მიზნად შეფასდეს, როდესაც მეორე მხარეს სასწორზე მხარის ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დგას. 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის არსებობის პირობებში ეს უფლება დამოკიდებულია „გამართლებაზე“ ანუ საჯარო სივრცეში განთავსებული საქმისწარმოების დოკუმენტის ავთენტური სახით ადრესატამდე მისვლაში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რა ვადაში მოხდება ადრესატის მიერ ამ დოკუმენტის აღმოჩენა და გაცნობა, რადგან შესაძლოა საქმისწარმოების დოკუმენტებთან დაკავშირებული ვადები უკვე გასული იყოს და ისინი აღდგენას სადაო ნორმის პირობებში არ ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეგულაცია გათვალისწინებული იყო ძველი კანონმდებლობითაც, კერძოდ პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 და მე-20 ნაწილები მშენებლობის მაკონტროლებელ ორგანოებს ანიჭებდნენ საქმისწარმოების დოკუმენტების „განთავსების“ გზით ჩაბარების უფლებას, თუმცა ნორმის ძველი რედაქცია ქმნიდა ადრესატის დაცვის მეტ მექნიზმს, რაშიც პოზიტიური წვლილი მიუძღოდა სასამართლო პრაქტიკასაც. ერთ-ერთ საქმეზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავდა, რომ: „ამდენად, ცალსახად არის დადგენილი, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს მითითება, შემოწმების აქტი, უწყება ან დადგენილება განათავსოს მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე მხოლოდ მაშინ, თუ მისი გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული ნორმა გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მის ხელთ არსებული ყველა ზომა მიიღო შესაბამისი კორესპოდენციის ადრესატისათვის პირადად ჩასაბარებლად, მაგრამ ეს ვერ მოახერხა არაერთი მცდელობის მიუხედავად.“ „კერძოდ, მოსარჩელეს მითითებული აქტები არ გაგზავნია მისი რეალური, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტელეფონის ნომერი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ, მათ არ უცდიათ ამ ტელეფონის ნომრით მოსარჩელესთან დაკავშირება. არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომლები ტელეფონით ესაუბრენ (ან სცადეს მაინც ტელეფონით საუბარი) მოსარჩელეს, რის შემდეგაც მან უარი განაცხადა მათთან გამოცხადებაზე და ზემოაღნიშნული აქტების ჩაბარებაზე.“ (იხ. დანართი).
აღსანიშნავია, რომ სხვა საქმეზე 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებისას მხარის მითითება, რომ სასამართლოს ესარგებლა პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 და მე-20 ნაწილებთან (რომელიც მსგავს რეგულაციას აწესებდნენ) დაკავშირებით უკვე გაკეთებული განმარტებებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე #ბს-278-278 (2კ-18) სასამართლომ განმარტა: „სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე #ბს-278-278 (2კ-18), სადაც უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილების ფასადზე გაკვრა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას და აღნიშნული უნდა განხორციელდეს მინიმუმ ფოსტით ორჯერ გაგზავნის, ყველა რესურსის დაინტერესებული პირისთვის მისი ჩაბარების თაობაზე ამოწურვის შემდგომ, რადგან მაშინ მოქმედი საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 29-ე მუხლის 19-ე პუნქტში პირდაპირ იყო მითითებული „თუ დადგენილებაში მითითებული მხარისთვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე“. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომ უზრუნველყო ადრესატისთვის გზავნილის პირადად ჩაბარება, რაც გულსხმობდა ასევე მის გაგზავნას ფოსტის მეშვეობითაც და დაინტერესებული პირისითვის მისი ჩაბარების თაობაზე ყველა რესურსის ამოწურვის შემდგომ მის განთავსებას ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. ხოლო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღევისთვის, მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე, ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ობიექტზე განთავსება. შესაბამისად, სახეზეა სხვა სამართლებრივი რეგულირება, რადგან კანონმდებლობა სავალდებულოდ არ თვლის ადრესატისთვის გზავნილის პირადად ჩაბარებას ფოსტის მეშვეობით, რადგან თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე, ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ობიექტზე განთავსება.“ (იხ. დანართი) აღსანიშნავია, რომ შპს „ინტერსტანდარტ საბურთალოს“ საქმეზე სასამართლოს ასე ფართოდ არ უმსჯელია 128-ე მუხლის 1 -ლი ნაწილის გამოყენების კანონიერებაზე, თუმცა არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადაო დადგენილების გაკვრის მომენტში ობიექტზე მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, ადგილზე იმყოფებოდნენ პასუხისმგებელი პირები, ვისაც თავის მხრივ შეეძლოთ დირექტორთან დაკავშირება და შეთავაზება, რომ მოსულიყო სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის შეჩერების დადგენილების გასაცნობად/ჩასაბარებლად, თუმცა არავინ შესულა მათთან, არავის უცდია გადაწყვეტილების ჩაბარებაც კი. მათ დადგენილება ფარულად განათავსეს, რომელიც არ უნახავს სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელს და შემდგომში კომპანია დაჯარიმდა მშენებლობის შეჩერების დადგენილების შეუსრულებლობისთვის 50 000 ლარით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები წარმოადგენენ უფლებამოსილ სუბიექტებს, იდავონ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხებთან მიმართებით.
ა)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
ბ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-18 მუხლით;
დ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში სადავოდ არის ქცეული საკანონმდებლო აქტი (კონკრეტული ნორმების შესაბამისი ნორმატიული შინაარსი);
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლებაზე არ გვაქვს შესაბამისი საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა, განმარტებები თუ გადაწყვეტილებები, ამდენად წინამდებარე სარჩელის მიზნებისთვის ვიყენებთ არსებულ განმარტებებს სასამართლო განხილვის უფლებასთან დაკავშირებით, რადგან შეგვიძლია არაერთი პარალელი გავავლოთ. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ეს უფლება „პროცედურულ“ სამართლიანობას გულისხმობს, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით პროცესის მონაწილეები აღჭურვილ იყვნენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებელობა ჰქონდეთ იმოქმედონ კანონით მინიჭებული უფლებების შეჯიბრებით ფარგლებში. როგორც კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ ნაწილთან დაკავშირებულ არაერთ სასამართლო გადაწყვეტილებაშია მინიშნებული, დროის ეკონომიურობისა და სამართალწარმოების დაჩქარების სურვილი არ ამართლებს ისეთი ფუნდამენტური უფლების უგულვებელყოფას, როგორიცაა შეჯიბრებითი სამართალწარმობის უფლება (Niderost-Huber v Switzerland &30). შეჯიბრებითი პროცესის უფლება დამაკმაყოფილებელ პირობებში უნდა განხორციელდეს: სამართალწარმოების მხარეს უნდა ჰქონდეს სასამართლოს წინაშე არსებული მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა, ისევე, როგორც მისი შინაარსსა და ავთენტურობასთან დაკავშირებით შესაბამისი ფორმით და გონივრული დროის განმავლობაში კომენტარის გაკეთების საშუალება (Krcnar and Others v the Czech Republic &42; Immeubles Groupe Kosser v France &26). მხარეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ცნობილი გახადონ ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც მათი პოზიციის გასამყარებლად არის საჭირო (Clinique des Acacias and Others v France &37).
სადაო ნორმით მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანო შეზღუდული არაა:
ა. სამუშაო დღეებით - მას ნებისმიერ დღეს შეუძლია სამშენებლო ობიექტზე გამოცხადება და დოკუმენტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება;
ბ. სამშენებლო სამართალდარღვევის დოკუმენტების ჩაბარება წარმოშობს სხვადასხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს და სადაო ნორმის მოქმედების გავრცელება არაა დამოკიდებული დამრღვევის მიერ მათი რეალურად გაცნობის ფაქტის დადგენაზე;
გ. მხედველობაში არ მიიღება მეტეოროლოგიური პირობები და სხვა გარე ფაქტორები - ძლიერი ქარი, წვიმა, თოვლი და ა.შ, რამაც შესაძლოა ეს დოკუმენტები დააზიანოს, ასევე, გარეშე პირების წვდომის და დოკუმენტების დაზიანების შესაძლებლობა - რადგან თვალსაჩინო ადგილების გარკვეული ნაწილი პირდაპირ და უშუალო შეხებაშია სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილთან.
იმ პირობებში, რომ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ 360 პრიმა მუხლით (მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა) მშენებლობის შეჩერების დადგენილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, გამოდის, რომ თეორიულად სადო ნორმის შინაარსი შესაძლებლად მიიჩნევს პირი ისე მიეცეს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობაში, რომ იგი ინფორმირებულიც კი არ იყოს, თუ რის გამო ხდება ეს. სამშენებლო ობიექტის ღობეზე ან საინფორმაციო ბანერზე განთავსებული დოკუმენტების ავთენტურობა, მათი დაცვა დაზიანებისა და ჩამოხევისგან - არაფრით არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი. მით უფრო, რომ კანონმდებლობის მიერ დოკუმენტების განთავსების ადგილებად დაშვებულია ისეთი სივრცეები, რომლებიც ექცევა საზოგადოებრივ სივრცეში და მათზე კონტროლი სცდება სამშენებლო ობიექტის მესაკუთრის ნებელობას. თუკი საზოგადოებრივი სივრცეებში წესრიგის დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა, ესეც არაა საკამარისი იმის სამტკიცებლად, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების არ დაკარგვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დავაკისროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფოც და სამშენებლო ტერიტორიის მესაკუთრეც თანაბარ, უკონტროლო მდგომარეობაში იმყოფებიან. რომ არაფერი ვთქვათ ბუნებრივ და კლიმატურ მოვლენებზე, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია განთავსებული დოკუმენტების დაზიანების/ავთენტურობის დადგენის მიზნებისთვის.
კოდექსის განმარტებით ბარათში ვერ ვხვდებით დეტალურ ახსნას, თუ რამ განაპირობა 128-ე მუხლის ამ სახით არსებობა, თუმცა ცხადია, რომ მისი მიზანია, შეუფერხებლად განხორციელდეს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება, რაც ნამდვილად ლეგიტიმურია, მაგალითად ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო მიწაზე (არარეგისტრირებულ) უნებართვო მშენებლობა, სადაც დამრღევის იდენტიფიკაცია პრობლემურია და საზოგადოებრივი ინტერესების უპირატესობა აშკარაა. თუმცა სრულიად გაუგებარია სანებართვო დოკუმენტების თანახმად მიმდინარე მშენებლობებზე მსგავსი პრაქტიკის დანერგვა და შემდგომ 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების მსგავსი გადაწყვეტილებით მუნიციპალური ინსპექციისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, რომ გულგრილად მოეკიდოს არამხოლოდ სპეციალური კანონმდებლობით გარანტირებულ, არამედ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით აღიარებულ ადმინისტრაციულ ორგანოში სამართლიანი განხილვის უფლებას და ადმინისტრაციულ ორგანოში სუბიექტზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
ნიშანდობლივია სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლით განსაზღვრული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების გამოცემის მიზნები, კერძოდ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე“. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავად მსგავსი სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიზანს წარმოადგენს მისი დაუყოვნებლივი და რეალური მოქმედება, რაც მისი ადრესატისთვის გაცნობის გარეშე ვერ განხორციელდება. დადგენილება მშენებლობის შეჩერების თაობაზე მუნიციპალური ინპექციის მიერ გამოიცემა იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო სამუშაოები უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია ხსენებული ღონისძიების გამოყენების გარეშე. შესაბამისად, მშენებარე ობიექტზე მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღება იმ მიზანს მესახურება, რომ მშენებლობის გაგრძელების შედეგად არ მოხდეს ობიექტზე არსებული დარღვევების გაუარესება (გაზრდა). თუ 128-ე მუხლით განსაზღვრული დისპოზიციის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო შეასრულებს მხოლოდ კანონის ფორმალურ დანაწესს, მაშინ გამოდის, რომ იზღუდება და ირღვევა მისი გამოცემის საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესი. მშენებლობის შეჩერების დადგენილების მხოლოდ ფორმალური ამოქმედება (თვალსაჩინო ადგილას გაკვრა), გარდა წინამდებარე სარჩელით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევისა, არღვევს თავად ამ აქტის გამოცემის საჯარო და საზოგადოებრივ ინტერესს. იგივე ითქმის საქმისწარმოების დაწყების უმთავრეს დოკუმენტზე „მითითება“ რადგან მისი დატვირთვა ბევრად აღემატება მისი ფორმალურად ამოქმედების შინაარსს. კერძოდ, სამშენებლო კანონმდებლობა, კერძოდ კი სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას ჰუმანურ მიდგომებს უკავშირებს, რისი ნათელი მაგალითიცაა - "მითითება", როგორც საქმისწარმეობის დაწყების უპირველესი დოკუმენტი. მითითების გამოცემის მიზანს წარმოადგენს არამხოლოდ არსებული დარღევების დაფიქსირება და ადრესატისთვის დარღვევის გამოსწორებისთვის გარკეული დროის განსაზღვრა, არამედ სამომავლოდ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თავიდან აცილება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს მითითების გამოცემისას დაფიქსირებული სამართალდარღვევის შინაარსი და კონკრეტული შეუსაბამობები. დამრღვევმა ჯერ უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია არსებული დარღვევების შესახებ, ხოლო შემდგომ უნდა იზრუნოს განსაზღვრულ დროში სამართალდარღვევის გამოსწორებისთვის. ეს განმარტება ერთ-ერთ საქმეზე (საქმიდან: 3ბ/1313-16) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთდა იმ მიზნით, რომ შეეხსენებინა მაკონტროლებელი ორგანოებისთვის, რას წარმოადგენს სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების დატვირთვა და მნიშვნელობა. წარმოვიდგინოთ, რომ 128-ე მუხლის განმარტებაში მაკონტროლებელი ორგანოებისთვის მტკიცების ასეთი დაბალი სტანდარტის დადგენის პირობებში, როგორ შეასრულებს ამ დატვირთვას, რაც მოყვანილ განმარტებაშია მოყვანილი, არამხოლოდ „მითითება“, არამედ ნებისმიერი საქმისწარმოების დოკუმენტი?!
128-ე მუხლის 1-ლ ნაწილში განსაზღვრული კიდევ ერთ დოკუმენტს რომლის ჩაბარებაც თვალსაჩინო ადგილას გაკვრითაა შესაძლებელი არის „შემოწმების აქტი“. უმთავრეს შემთხვევაში თავად „შემოწმების აქტს“ გააჩნია ფორმალური დატვირთვა, მაგრამ არა ყოველთვის. თუ უმეტეს შემთხვევაში ეს დოკუმენტი ადგენს „მითითებით“ განსაზღვრული პირობების შესრულების შედეგების დადგენას და თავად ეს დოკუმენტი არ წარმოშობს დამოუკიდებელ შედეგებს, გამონაკლის შემთხვევაში, კერძოდ კი სივრცის დაგეგმარების არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში „შემოწმების აქტი“ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის დაწყების უმთავრეს დოკუმენტს. 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით სწორედ ასეთ საქმისწარმოებას მიეკუთვნება მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობაზე საქმისწარმოების დაწყება დამრღვევისთვის სანქციის დაკირების მიზნით. ამდენად, შემოწმების აქტის ფორმალური მოთხოვნების დაცვით ჩაბარებაც წინააღმდეგობაში მოდის თავად სამშენებლო კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმის მიზნებთან. მაგალითად, შემოწმების აქტითვე იწყება მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საქმისწარმოება და თუკი ამ დოკუმენტს თვალსაჩინო ადგილას გავაკრავთ და მას ვერავინ ვერ ნახავს, მაგრამ ობიექტს კანონიერად დავაჯარიმებთ ამ დარღვევისთვის, გაჩნდება შეკითხვა: კანონმდებელს მხოლოდ საჯარიმო სანქციის ფორმალური კანონიერება აინტერესებს? თუ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის მყისიერი აღმოფხვრა და ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა? - არსებული რედაქციის პირობებში ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს და საერთო სასამართლოების პრაქტიკის გათვალისწინებით უფრო სანქციის კანონიერების მიზნის პრიორიტეტულობა იკვეთება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება თავად სამშენებლო კანონმდებლობის პათოსს და მიზნებს.
კიდევ ერთი დოკუმენტი რომლის თვალსაჩინო ადგილზე გაკვრაც დასაშვებია სადაო ნორმით არის უწყება, ანუ დაინტერესებული პირის ინფორმირებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, თუ სად, რომელ საათზე და რა კონრეტულ საქმეზე იგეგმება ზეპირი მოსმენა. ბუნებრივია, აღნიშნულ საკითხზეც წარმოუდგენელია მხოლოდ ფორმალური გზით უწყების გაკვრა, შეფასდეს, როგორც კანონით დადგენილი საქმისწარმოების მიზნებთან შესაბამისად. უწყების დაინტერესებული პირისთვის ამ გზით ე.წ. გაცნობა უხეშად ლახავს ადმინსიტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანად განხილვის უფლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ლოგიკურად არ უკავშირდება _ შეზღუდვა გაუმართლებელია. მხოლოდ ასეთი კავშირის არსებობის შემთხვევაში გადადის სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ საფეხურზე: დაცულია თუ არა პროპორციულობა ინდივიდის უფლებასა და საჯარო ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44). ამგვარად, შეზღუდვა რომ თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად ჩაითვალოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის." - საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც. „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც, როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-29). „საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-30).
წინამდებარე სარჩელით კი სადაოდ ვხდით სანებართვო დოკუმენტების მფლობელ სუბიექტებზე 128-ე მუხლის 1-ელი ნაწილის გავრცელების შესაძლებლობას, რადგან საქმისწარმოების გაჭიანურების არანაირი რისკი არ არსებობს. ცნობილია მშენებლობის დამკვეთი, მისი საკონტაქტო ინფორმაცია და თავისუფლადაა შესაძლებელი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარდეს საფოსტო გზავნილით და არა თვალსაჩინო ადგილას განთავსებით საზოგადოებრივ სივრცეში, რომელზე კონტროლიც აღემატება მშენებლობის მწარმოებლის ნებას და შესაძლებლობის ფარგლებს.
მოსარჩელეს სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად მიაჩნია იმიტომ, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ უფლების შეზღუდვის ფორმალურ კანონიერებას. სადავო ნორმებს შეიძლება ჰქონდეს მწვავე ლეგიტიმური მიზანი, გასაჩივრებული ნორმებით შერჩეული საშუალება იყოს გამოსადეგი, ნაკლებად მზღუდავი და პროპორციული, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის მომენტში ხორციელდება ნებართვის მფლობელის სრული საკონტაქტო ინფორმაციის წარდგენა და იდენტიფიცირება, სრულიად არაპროპრორციულია საქმსიწარმოების დოკუმენტების ჩაბარების მიზნებისთვის კომპანიის დირექტორისთვის სამშენებლო ობიექტზე მუდმივად ყოფნის დავალდებულება, ხოლო არყოფნის შემთხვევაში საჯარო სივრცეში განთავსებული საქმისწარმოების დოკუმენტების ჩაბარებულად მიჩნევა და შესაბამისად, ამ დოკუმენტების სამართლებრივი შედეგების სამშენებლო დოკუმენტის მფლობელზე გავრცელება იმ პირობებშიც კი, თუ მას არ უნახავს ისინი.
ზოგადად, ის ფაქტი, რომ 128 მუხლით კომპანიის უფლებამოსილი პირის ადგილზე არ ყოფნა უკვე იძლევა აქტის განთავსების შესაძლებლობას და ეს ფაქტი ობიექტურად აჩენს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის სრულიად აბსურუდულ ვითარებაში დაკისრების მოცემულობას, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სადაო ნორმა სახიფათო შინაარსის მატარებელია მაკონტროლებელი ორგანოების უფლებამოსილების, პასუხისმგებლობის, ობიექტურობის და შესაძლო გულგრილობის კონტექსტში. სადაო ნორმის არსებობა მომავალში შესაძლოა საფუძვლად დაედოს სრულიად უდანაშაულო სუბიექტების როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას.
დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად 128-ე მუხლი შორსაა საქართელოს კონსტიტუციით გარანტირებული საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში სამართლიანი განხილვის უფლებისგან, რადგან პრაქტიკულად სრულად ზღუდავს იმ მხარეების უფლებებს, რომლებმაც ობიექტურად ვერ შეძლეს განთავსებული დოკუმენტების გაცნობა. 128-ე მუხლი, ერთის მხრივ, ავალდებულებს სამშენებლო კომპანიის უფლებამოსილ პირებს დრო სამშენებლო ობიექტზე გაატარონ ან/და საკუთარ თავზე აიღონ დოკუმენტის დაზიანების, დაკარგვის ან ვერ გაცნობის რისკი, არა საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, არამედ საჯარო სივრცეში.
აღსანიშნავია, რომ სივრცის დაგეგმარების არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით განმარტებულია, რომ შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად:
ა) I კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო რისკით;
ბ) II კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება დაბალი რისკით;
გ) III კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება საშუალო რისკით;
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება მაღალი რისკით;
ე) V კლასის შენობა-ნაგებობა − მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობა.
აღნიშნული კოდექსის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასის შენობებზე, რაც განსაზღვრულია თავად კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით: „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სოციალური საცხოვრისის და სხვა, მსგავსი საკითხები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
შესაბამისად, ხაზგასასმელია, რომ 128-ე მუხლის სადაო შინაარსი ვრცელდება მხოლოდ უმნიშვნელო, დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის შემცველ შენობებზე, ხოლო რაც შეეხება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ შენობებს, მათ მშენებლობას, კონტროლს, საქმისწარმოებას, დოკუმენტების ჩაბარების წესს და სხვა საკითხებს აწესრიგებს „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, რომელიც იმის მიუხედავად, რომ უფრო საშიშ, უფრო მეტი საჯარო და კერძო ინტერესის უზრუნველყოფას ემსახურება, რადგან არეგულირებს მომეტებული საფრთხის ობიექტებიდან გამომდინარე ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით;მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბება და ინსპექტირების ორგანოების საქმიანობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა და ა.შ. დოკუმენტის ჩაბარებასთან დაკავშირებით შეიცავს აბსოლუტურად ლეგიტიმურ და ადამინის უფლებების და თავისუფლების უზრუნველყოფასთან შესაბამისობაში მყოფ რეგულაციას. კერძოდ, კოდექსის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრულია, რომ „მითითების გაცნობად ჩაითვლება ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ ობიექტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის მითითების შინაარსის გაცნობა და მითითების გადაცემა, რომლის მიღებას პირი ხელმოწერით ადასტურებს, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში – მითითების ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.“, ხოლო კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 პუნქტის მიხედვით დადგენილია, რომ: „თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.“ აღნიშნული რეგულაცია ცხადყოფს, რომ მომეტებული საფრთხის კონტროლის ობიექტებზე საქმისწარმოების დოკუმენტების ჩაბარების განსაკუთრებული წესი იცავს სამართლიან ბალანსს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებსა და კანონის აღსრულების ლეგიტიმურ მიზნებს შორის და არსებული ნორმები მხოლოდ უკიდურეს, გამოუვალ მდგომარეობაში აძლევენ მაკონტროლებელ ორგანოს ამ დოკუმენტების თვალსაჩინო ადგილას განთავსების უფლებას.
აღსანიშნავია, რომ სივრცის დაგეგმარების არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ამოქმედებამდე , ყველა კლასთან დაკავშირებულ საკითხს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არეგულირებდა და იმ პერიოდშიც ერთხელ უკვე გახდა სადაო თავად 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის შინაარსის განმარტება და მაშინ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჩარევით (#ბს-278-278 გახდა შესაძლებელი 25-ე მუხლის მე-19 პუნქტის ამგვარი განმარტება: „საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას მასზედ, რომ დადგენილების განთავსება ობიექტის ფასადზე არის უკიდურესი ღონისძიება და აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას სხვა ფორმის გამოყენებით მოახდინოს მისი დაინტერესებული პირისათვის ჩაბარება. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო დადგენილების გაგზავნა მოხდა მხოლოდ ერთხელ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დოკუმენტი ადრესატისათვის მითითებულ მისამართზე გაეგზავნა განმეორებით, ამოეწურა ყველა რესურსი დაინტერესებული პირისათვის მისი ჩაბარების თაობაზე და მხოლოდ ამის შემდგომ მოეხდინა განთავსება ობიექტის ფასადზე.“ (იხ. დანართი)
ზემოაღნიშნულის მიუხედავად სივრცის დაგეგმარების არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის სადაო რედაქცია, (რომელიც შეეხება უფრო დაბალი რისკის მქონე შენობებს, ვიდრე პროდუქტის თავისუფალი მიმქოცევის კოდექსი) საერთო სასამართლოების მხრიდან არ იძლევა მისი დასახელებული უზენაესი სასამარტლოს გადაწყვეტილების მსგავსი განმარტების შესაძლებლობას (რაც აჩვენა უკვე მიღებულმა სასამართლო გადაწყვეტილებებმაც) და სწორედ ამიტომ შემოგვაქვს წინამდებარე სარჩელი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა