ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/1432 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 11 მაისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 მაისი 2023 13:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–80 მუხლის მე–3 პუნქტის, 801 მუხლის მე–3 პუნქტის და „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესის და პირობების“ მე–4 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1432) მომართეს ციცი ჭელიძემ, სოფიკო ჯიჭონაიამ, ანა გაგუამ, მარიამ შათირიშვილმა, სოფიკო თვალაბეიშვილმა, თამარ სტეფანიშვილმა და მარიამ ბარსონიძემ. №1432 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 19 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 11 მაისს.
2. №1432 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. სადავო ნორმები ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების წესს. გასაჩივრებული წესის თანახმად, დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა, მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 წინადადება ადგენს მოქალაქეთა უფლებას, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით, მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები იღებენ ან მიღებული აქვთ განათლება ერთ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამაზე და, შესაბამისად, სადავო ნორმები მათ ართმევს შესაძლებლობას, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე სახელმწიფო გრანტი ხელახლა მოიპოვონ. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავოდ გამხდარი რეგულირება ზღუდავს პირის უფლებას, საკუთარი შესაძლებლობებიდან და სურვილიდან გამომდინარე, არაერთჯერადად მოიპოვოს სახელმწიფო დაფინანსება და მიიღოს უმაღლესი განათლება, თუნდაც იმავე საფეხურზე.
6. მოსარჩელეთა პოზიციით, განათლება ფუნდამენტური უფლებაა, რომლის წახალისების უზრუნველსაყოფადაც, სახელმწიფო სწავლის საფეხურებზე აწესებს სასწავლო გრანტს, იღებს ვალდებულებას, განსაკუთრებით წარჩინებული შედეგების მქონე პირებს მიანიჭოს, უმაღლესი განათლების სტადიაზე, დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო ნორმები ბლანკეტურად უკრძალავს პირს იმავე საფეხურზე სახელმწიფო გრანტის ხელმეორედ მოპოვების უფლებას.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს საბიუჯეტო რესურსის დაზოგვა და ხარჯის შემცირება, თუმცა პირთა განათლების უფლების რეალიზებისაკენ მიმართული ხარჯი ვერ ჩაითვლება არამიზნობრივად ან ნაკლებად მნიშვნელოვან დანახარჯად. მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, განათლების უფლება გულისხმობს, მის მისაღებად ყველა საჭირო პირობების შექმნას და არსებული დროისათვის ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებას ამ უფლების უკეთ რეალიზებისათვის. ამის საპირისპიროდ, სადავო რეგულირებით, პირს ეკრძალება სახელმწიფო დაფინანსების ხელახლა მოპოვების უფლება, რითაც მცირდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და განათლების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციით, ხდება განათლების მიღების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა და სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა იურისდიქციის სასამართლოების პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1432 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1432 კონსტიტუციური სარჩელი („ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში