შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ახალი სადაზღვევო კომპანია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/218 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 20 თებერვალი 2003 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 3 დეკემბერი 2019 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ახალი სადაზღვევო კომპანია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე-20 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მეორე წინადადებებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ახალი სადაზღვევო კომპანიის” წარმომადგენელი – დირექტორი თამაზ ბუტიკაშვილი და იურისტი გურამ ჩალაგაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2003 წლის 20 იანვარს გადმოეცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ახალი სადაზღვევო კომპანიის” 218-ე ნომრის რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე ღია განმწესრიგებელი სხდომა დაინიშნა 2003 წლის 7 თებერვლისათვის, მაგრამ მოსარჩელის წარმომადგენლის თხოვნით გადაიდო და გაიმართა 14 თებერვალს.
სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2003 წლის 23 იანვარს შემოვიდა. იგი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის თანახმად, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიკვდილის ფაქტის საფუძველზე, ზიანის მიყენების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, გარდაცვლილის კანონიერ წარმომადგენელს გადაუხადოს 3750 ლარი. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 აგვისტოს №315 ბრძანებულებაში მოცემულია იმ დოკუმენტების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა წარდგენის შემდეგაც სავალდებულო დაზღვევის ფონდიდან გაიცემა კანონით განსაზღვრული თანხა. მაგრამ ბრძანებულება ვრცელდება მხოლოდ “საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდზე” და არა კერძო სადაზღვევო კომპანიებზე.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-20 მუხლი უნდა გაუქმდეს, რადგან მასში არ არის იმ აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იქნეს სადაზღვევო კომპანიაში ზარალის ასანაზღაურებლად. სადავო მუხლი, მოსარჩელე მხარის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტის იმ დებულებებს, რომ “სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა”.
სადავო მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “მზღვეველი ვალდებულია დაზარალებულს გადაუხადოს ამ კანონით განსაზღვრული თანხა არა უგვიანეს, ორი კვირისა ყველა იმ აუცილებელი დოკუმენტის მიღების მომენტიდან, რომლებიც ადასტურებენ ზიანის მიყენების ფაქტს”. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, “მიყენებული ზიანისათვის საზღაურის გაცემის დაუსაბუთებლად შეჩერების შემთხვევაში, მზღვეველი დაზარალებულს უხდის საურავს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით”. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამ მუხლით დადგენილი ორკვირიანი ვადა საკმარისი არ არის სადაზღვევო კომპანიისათვის ყველა იმ დოკუმენტის მოსაძიებლად და გადასამოწმებლად, რომლებიც ადასტურებენ ავტოსაგზაო შემთხვევასა და ზიანის მიყენების ფაქტს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჭიროა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის სრულყოფა. ეს მუხლი იმის გამო, რომ მასში არ არის ავტოსაგზაო შემთხვევისა და ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი საბუთების ჩამონათვალი, საერთოდ, ბუნდოვანს ხდის მთელ კანონს და ამასთანავე აუარესებს სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს გაუქმებული იქნეს “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე-20 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან წინააღმდეგობის გამო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღებისათვის.
კოლეგია აღნიშნავს, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად “კონსტიტუციური სარჩელი ... აუცილებლად უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში . . . აუცილებდა უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის . . . აზრით ადასტურებენ სარჩელის . . . საფუძვლიანობას”. ანალოგიურ დებულებას შეიცავს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთხოვნაში იგულისხმება, რომ სარჩელის დასაბუთება და ამ მიზნით მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათისა, არამედ საგნობრივი და მართლა მიანიშნებდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და იგი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის ძალით, განსახილველად არ მიიღება.
სასამართლო კოლეგიის აზრით, არც კონსტიტუციურ სარჩელში არ არის და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა ვერ მოიყვანეს ის მტკიცებულებები, რომლებიც სათანადოდ დაადასტურებდა კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევები და განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტები არ მიანიშნებენ, რომ სადავო მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
მოსარჩელის ძირითად სადავო საკითხად, შესაბამისი ნორმის ანტიკონსტიტუციურობის მაჩვენებლად მიაჩნია ის, რომ მასში არ არის ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი აუცილებელი დოკუმენტების კონკრეტული ჩამონათვალი. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ტექნიკის საყოველთაოდ ცნობილი ხერხია, როცა ასეთ ვითარებაში კანონმდებელი აწესებს ამომწურავ ან სავარაუდო ჩამონათვალს, ანდა აყალიბებს ზოგად ნორმას ისე, როგორც ეს არის სადავო მუხლში. ეს წესი აპრობირებულია კანონმდებლობაში.
სადავო მუხლში იგულისხმება, რომ თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი. მოსარჩელეს შეუძლია ამ ზოგადი ნორმიდან გამომდინარე და მასზე დაყრდნობით მოითხოვოს სწორედ ის დოკუმენტები, რომლებიც ნამდვილად ადასტურებენ ზიანის მიყენების ფაქტს.
ამავე დროს, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ასეთი ზოგადი ნორმის არსებობისას მზღვეველი შეზღუდული არ არის კონკრეტული ჩამონათვალით და საჭიროების შემთხვევაში სხვა აუცილებელი დოკუმენტის მოთხოვნაც შეუძლია. გარდა ამისა, იგი უფლებამოსილია სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობებში გამოიყენოს კანონის ანალოგია და ამ თვალსაზრისით სათანადო შემთხვევაში მიმართოს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის დებულებას”, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 აგვისტოს №315 ბრძანებულებით.
რაც შეეხება დავას კონკრეტულ ვადასა და საურავზე, მათ კანონმდებელი განსაზღვრავს სხვადასხვა საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგების დროს. კონკრეტული ვადისა და საურავის დაწესება მიღებული მოვლენაა სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “ა” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად. განსახილველად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ახალი სადაზღვევო კომპანიის” კონსტიტუციური სარჩელი “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე-20 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მეორე წინადადებებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ა. აბაშიძე
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)