გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1277 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ლაბაძე |
თარიღი | 13 ნოემბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის მე–2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი – „პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია“ | საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
ა) საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის 1 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის მიხედვით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო“... „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით.
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 1 მუხლის ე) ქვეპუნქტის მიხედვით,
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს – „საქართველოს კოსნტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“.
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 39–ე მუხლის 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით, – „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიული პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნორმატიულმა აქტმა შესაძლოა სამომავლოდ დაარღვიოს მისი უფლებები იმდენად, რამდენადაც 1000 კაციანი რიცხვი პარტიის დაფუძნებასთან მიმართებით წარმოადგენს არაგონივრულად გადაჭარბებულ რაოდენობას და, მაშასადამე, მოსარჩელე ამ რიცხვს უფლების შეზღუდვის საფუძვლად განიხილავს.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის ჩვენს ქვეყანაში საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. შესაბამისად, როდესაც პირი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ადგილი აქვს ადამიანის ძირითად უფლებათაგან რომელიმეს დარღვევას, ადგილი აქვს დისკრიმინაციას ან/და რომელიმე საკანონმდებლო აქტი ან მისი რომელიმე დებულება წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის უმთავრეს კანონთან - ის უფლებამოსილია, დარღვეული უფლებისა თუ უთანასწორობის აღდგენის მიზნით მიმართოს სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში სადავოდ არის გამხდარი სწორედ საქართველოს ორგანული კანონის, კერძოდ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ 22–ე მუხლის მე–2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისობისა და კონსტიტუციურობის საკითხის შეფასება საქართველოს უზენაესი კანონის და კონკრეტულად მისი მეორე თავით განსაზღვრულ ნორმასთან მიმართებით.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა, ხოლო ამავე კანონის 39-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა. ჩვენს შემთხვევაში, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადაო ნორმამ შეიძლება სამომავლოდ დაარღვიოს მისი უფლებები პოლიტიკური გაერთიანების შექმნის თავისუფლებასთან მიმართებით, წევრთა სავალდებულო რაოდენობის, მისი შეფასებით არაგონივრული სიდიდის გამო, რამდენადაც, აქტიური პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შეძლებს წევრთა გაცილებით მცირე გაერთიანებითაც, ხოლო აღნიშნული ნორმა ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება, როგორც შემაფერხებელი გარემოება.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანა. ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე სარჩელით დაყენებულ საკითხზე შეიტანება კონსტიტუციური სარჩელი. ამასთან, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი და წარმოდგენილია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა, სარჩელი ფორმითა და შინაარსით აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ მოთხოვნებს, არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები და უნდა მოხდეს მისი განსახილველად მიღება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
პოლიტიკური გაერთიანება სახელმწიფოთა პოლიტიკურ ცხოვრებაში წარმოადგენს მოქალაქეთა ისეთ გაერთიანებას, რომელთაც ერთი იდეოლოგიური შეხედულებები და ხედვა გააჩნიათ. უკვე საუკუნეებია, რაც სწორედ ასეთი გაერთიანებები წარმართავენ სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებას, დემოკრატიასა და საზოგადოდ, ჯანსაღი მმართველობის განვითარებას. სწორედ ასეთი ფორმით – პარტიული ერთიანობით ხორციელდება მმართველობა ქართულ რეალობაშიც. პოლიტიკურ პროცესში განცალკევებით, პარტიული ნომენკლატურის დახმარების გარეშე ჩართვა და შედეგების მიღწევა თანამედროვე საზოგადოებებში ფაქტობრივად მიუღწეველ მიზანს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, პარტიული პლურალიზმისა და ლიბერალური დემოკრატიის პირობებში, განვითარებულმა სახელმწიფოებმა პარტიების შექმნისა და საქმიანობის თავისუფლება სცნეს, როგორც პოლიტიკური ცხოვრების განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობა.
როგორც სასამართლოს მოეხსენება, დასავლეთის მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს კანონმდებლობა პარტიის რეგისტრაციას მისთვის სამართლებრივი უფლებაუნარიანობის წარმოქმნის აუცილებელ წინაპირობად განსაზღვრავს. საქართველოს ორგანული კანონის მე–2 მუხლი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ განმარტავს, რომ „პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 1998 წელს თავის ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში (UNITED COMMUNIST PARTY OF TURKEY AND OTHERS v. TURKEY) ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები გაერთიანებათა ის ფორმაა, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა დემოკრატიის ჯეროვნად განვითარებისათვის. თანამედროვე ეტაპზე, პოლიტიკური პარტიები მსოფლიოს უკლებლივ ყველა დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ძირითად წარმმართველ ძალად გვევლინებიან. ამ პირობებში კი შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თანამედროვე დემოკრატია – ეს არის სწორედ პარტიული დემოკრატია.
ზემოთ გამოთქმული და გაცხადებული მოსაზრებები მთლიანად ამყარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ პარტიის ინსტიტუტის ასეთი დაწინაურების და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათთვის განსაკუთრებული როლის მინიჭების პროცესში, უნდა მოხდეს მოქალაქეთათვის პარტიული თავისუფლების უზრუნველყოფა, რამდენადაც მოქალაქეებმა შეძლონ ჯანსაღი/თავისუფალი კონკურენციის პირობებში დააარსონ პოლიტიკური გაერთიანება და ალტერნატივა შესთავაზონ ამომრჩეველს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ქართულ რეალობაში, პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო ბატალიებში ჩართვისათვის აუცილებელია პარტიათა იურიდიული რეგისტრაცია, რაც წარმოადგენს პარტიული საქმიანობის წამოწყების გადამწყვეტ ფაქტორს.
მოსარჩელე რეგისტრაციის აუცილებლობის ფაქტს სადაოდ არ ხდის, რამეთუ მიაჩნია, რომ იურიდული ფაქტი ნამდვილად წარმოადგენს საქმიანობის წამოწყების აუცილებელ საფუძველს, თუმცაღა არ ეთანხმება ორგანული კანონის იმ ჩანაწერს, სადაც აღნიშნულია პარტიულ სიაში 1000 მოქალაქის დაფიქსირების აუცილებლობის შესახებ. მოსარჩელე არ ეთანხმება აღნიშნულ ნორმას და მიაჩნია, რომ სადაო ნორმამ შეიძლება სამომავლოდ დაარღვიოს მისი უფლებები პოლიტიკური გაერთიანების შექმნის თავისუფლებასთან მიმართებით, წევრთა სავალდებულო რაოდენობის, მისი შეფასებით არაგონივრული სიდიდის გამო, რამდენადაც, აქტიური პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება შესაძლოა მოსარჩელემ შეძლოს წევრთა გაცილებით მცირე გაერთიანებით, ხოლო აღნიშნული ნორმა ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება, როგორც შემაფერხებელი გარემოება. საინტერესო ფაქტორს წარმოადგენს როგორ განსაზღვრა კანონმდებელმა, რომ არჩევნებში მონაწილეობისა თუ სხვა პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობებისთვის, აუცილებლად 1000 მოქალაქეა საჭირო და რით განმარტავს იმას, თუ რატომ ვერ შეძლებს ამ რაოდენობაზე გაცილებით ნაკლები მოქალაქე მოიპოვოს რეიტინგი და პოპულარობა სამიზნე ჯგუფებს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია რა წარმოადგენს მოქალაქეთა მიერ პარტიის შექმნის მიმართ ასეთი შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს და რას ემსახურება კონკრეტულად ასეთი შეზღუდვა. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმის ნომერი 1/3/407) განმარტა – „როგორც უკვე აღინიშნა, კონკრეტულ უფლებაში ჩარევა ხდება გარკვეული საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად. თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით უფლების სავარაუდო დარღვევის საკითხის გარკვევისას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამართლებრივი სიკეთისადმი მოსალოდნელი საფრთხის სიმძიმეს. ეს სამართლებრივი სიკეთე, ერთი მხრივ, არის კონკრეტული უფლება, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც დგება და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესი, რომლის დაცვისთვისაც აუცილებელია უფლებაში ჩარევა.“ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს აუცილებლობა და რეალური საზოგადოებრივი ინტერესი რომლის განხორციელების გამოც მოქალაქეთა ჯგუფს, თუკი ისინი არ არიან რაოდენობრივად 1000–ნი, უნდა შეეზღუდოთ პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის უფლება. საკანონმდებლო რეგულაციის დადგენისას, კანონმდებელს უწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა, ამის მიუხედავად, მას მართებს წინდახედულობა რათა განისაზღვროს ის ლეგიტიმური მიზანი, რის მიღწევასაც კანონმდებელი უფლების შეზღუდვისას ადგენს. ამ დროს მხედველობაში მიიღება გარემოება, თუ რა მასშტაბების სავარაუდო ზიანის თავიდან აცილებას ემსახურება კონკრეტული ლეგიტიმული მიზნის მიღწევა. ამ სტანდარტებიდან გამომდინარე, ვერ დაეთანხმება მოსარჩელე კანონმდებლის პოზიციას, რამდენადაც იგი მიიჩნევს, რომ მისაღწევი მიზანი არ წარმოადგენს უფლების შეზღუდვის საპირწონე და გამაწონასწორებელ გარანტიას, რამდენადაც უფლების ასეთი ხარისხით შეზღუდვის შედეგად მიღებული სიკეთე ვერ აღემატება იმ სიკეთეს, რაც შეიძლებოდა ამ უფლების ნაკლები ხარისხით შეზღუდვის შედეგად მიგვეღო. ამასთან, მოსარჩელე ეხება უფლებაში ჩარევის აუცილებლობის საკითხსაც და მიიჩნევს, ამ უფლების შეზღუდვა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, როგორც აუცილებელი ღონისძიება, რადგანაც კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს უფლებაში უფრო ნაკლები ინტენსივობით ჩარევის გზით, რაც გულისხმობს 1000 კაციანი ნიშნულის განახევრებას, ან სხვა გონივრული ალტერნატივის შეთავაზებას.
სარჩელის ობიექტურობისა და მიზანშეწონილობის დადასტურების მიზნით, მოსარჩელეს სურს წარმოადგინოს თუ როგორია საერთაშორისო, დემოკრატიული სახელმწიფოების პრაქტიკა საკითხთან დაკავშირებით. როგორც სარჩელის შესავალშივე აღინიშნა, დასავლეთის ქვეყნებში პარტიების რეგისტრაცია აუცილებელ გარემოებას არ წარმოადგენს მათი კონსტიტუციურ–სამართლებრივი უნარიანობის წარმოქმნისათვის. მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკურ პარტიათა სამართლის მომწესრიგებელი რაიმე საკანონმდებლო აქტი და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსებში. ასეთ მაგალითს წარმოადგენს ბელგია, სადაც არც პარტიათა სამართალი და არც მათ დაარსებასთან დაკავშირებული რაიმე განსაზღვრული მოთხოვნა არ არსებობს. მიზერულია მოთხოვნები პარტიების დაარსებასთან დაკავშირებით დანიაში, სადაც პარტიის დამრეგისტრირებელი ვალდებულია წარმოადგინოს საერთო ამომრჩეველთა სიის 1/175 ნაწილი, რაც საშუალოდ დაახლოებით 20 000 ხელმოწერას უდრის, თუმცა ისინი წარმოადგენენ პოტენციურ მხარდამჭერებს და არა უშუალოდ პარტიის წევრებს. შედარებით მკაცრი და ფართოდ კოდიფიცირებულია პარტიის შექმნასთან დაკავშირებული წესები გერმანიაში, თუმცაღა შენიშვნას პარტიის წევრთა მინიმალური, აუცილებელი რაოდენობის შესახებ იქაც არ ვხვდებით. საფრანგეთის მაგალითს რაც შეეხება, იქ პარტიათა საკითხები საარჩევნო კანონმდებლობითაა განსაზღვრული და ძირითადად მოიცავს მკაცრად რეგლამენტირებულ საფინანსო კონტროლს. აღნიშნულ საკითხებზე იხილეთ ევროპარლამენტის ვრცელი კვლევა – (http://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/etudes/join/2012/462512/IPOL-AFCO_ET(2012)462512_EN.pdf). როგორც ამ კვლევიდან მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ყველაზე კარგად განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არ ვხვდებით პარტიათა შექმნისთვის დაწესებულ მინიმალურ, სავალდებულო ზღვარს და ძნელად თუ მოიძებნება განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა, სადაც ასეთი ზღვარი საქართველოს მსგავსად მოქმედებს.
გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების უკეთ რეალიზებისა, აღნიშნული ნორმის გაუქმება შედეგად მოიტანს მმართველობის მიმდინარე და სამომავლო მოდელისთვის, პარლამენტარიზმისთვის, როგორც ინსტიტუციური მექანიზმისთვის ხელშეწყობას, რამდენადაც ეს მიდგომა იქნება მრავალპარტიულობისკენ გადადგმული ერთ–ერთი ნაბიჯი, რაც მეტად საჭირო და მნიშნელოვანია სახელმწიფოში დემოკრატიის ჯეროვნად განვითარებისათვის. თუკი პოლიტიკური პარტიის დაარსება გარკვეული ფუფუნების საგანი აღარ იქნება და მოქალაქებს გაცილებით მარტივად, ნაკლები რესურსებით (ამ შემთხვევაში ადამიანური რესურსით, რაც პირდაპირ კავშირშია მატერიალურ რესურსთანაც) მიეცემათ სახელმწიფო პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა, ეს სწორედაც რომ იქნება მნიშვნელოვანი სვლა გამჭვირვალე, ღია და პლურალისტური მმართველობისკენ, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი თავისთავად და აუცილებლად უნდა შეუწყოს სასამართლომ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა