ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/25/1788 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 სექტემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 სექტემბერი 2023 14:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11, მე-12 და 31-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1788) მომართა ლაშა შუკაკიძემ. №1788 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 2 აგვისტოს. №1788 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 სექტემბერს.
2. №1788 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის თანახმად, დასჯადია „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „კანონიერი ქურდობა“, შესაბამისად, გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სათანადო ზომა და სახე. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუკი მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, მე-11 მუხლით დაცულია ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, მე-12 მუხლი კი იცავს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებულია პირის საპროცესო უფლებები.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, იმისთვის, რომ პირი სისხლისსამართლებრივად დაისაჯოს, საჭიროა, მის მიერ ჩადენილი ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) იყოს სისხლის სამართლის კანონით დასჯადი და იგი ატარებდეს განზრახ ან გაუფრთხილებლობით ხასიათს. ამასთანავე, აუცილებელია, ასეთი ქმედება შეიცავდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტს. კერძოდ, სახეზე უნდა იყოს: 1. ქმედების შემადგენლობა, ე. ი. პირის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისობა სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. აგრეთვე, ქმედების მატერიალური და ფორმალური შემადგენლობა; 2. ამ ქმედების მართლწინააღმდეგობა, როგორც ქმედების წინააღმდეგობა სამართლის იმ ნორმებისადმი, რომლებიც სამართლის სუბიექტს მართლზომიერი ქმედების მოვალეობას აკისრებს; 3. სუბიექტის ბრალი; 4. მიზეზშედეგობრივი კავშირი და ზიანი. იმისთვის, რომ ქმედება ან უმოქმედობა ჩაითვალოს დანაშაულად, უნდა არსებობდეს ზიანი.
6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა გაურკვეველი და ბუნდოვანია. კერძოდ, გაუგებარია, რას, ვის ან რისთვის სჯის შესაბამისი სანქცია პირს. მისი მოსაზრებით, „კანონიერი ქურდობა“ არის პირის დამოკიდებულება სოციუმის, საზოგადოების მიმართ და პირიქით, საზოგადოების დამოკიდებულება კონკრეტული პირის მიმართ. მოსარჩელის მოსაზრებით, არ არსებობს რაიმე დოკუმენტი ან მატერიალური მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანი არის „ქურდული სამყაროს წევრი“ ან „კანონიერი ქურდი“. ამასთანავე, კანონი არ ადგენს, თუ როდიდან ითვლება პირი ქურდული სამყაროს წევრად ან კანონიერ ქურდად: 1. მაშინ, როდესაც პირი საკუთარ თავს თვლის „ქურდული სამყაროს წევრად“ ან „კანონიერ ქურდად“; 2. მას საზოგადოება აღიქვამს ასეთად, თუ 3. მაშინ, როდესაც ხდება ე. წ. შეკრებაზე მათივე წესებით პირის მონათვლა (კანონიერი ქურდის სტატუსის მინიჭება).
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1788 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11, მე-12 და 31-ე მუხლებთან მიმართებით. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, მე-11 მუხლით დაცულია ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, მე-12 მუხლი კი იცავს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებულია პირის საპროცესო უფლებები. იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიჩნეულ იქნეს დასაბუთებულად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, თითოეულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით წარმოადგინოს არა მხოლოდ სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ უფლებას შორის შინაარსობრივი მიმართების არსებობის დამადასტურებელი არგუმენტაცია, არამედ იგი, იმავდროულად, ვალდებულია, გაამყაროს ნორმის არაკონსტიტუციურობა სათანადო მტკიცებულებებით.
3. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისას ვიწროდ შემოიფარგლება სადავო ნორმის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით ზოგადი არგუმენტაციით და არ აპელირებს იმაზე, თუ სისხლისსამართლებრივი ქმედების, კონკრეტულად, რა ასპექტია განუსაზღვრელი კონსტიტუციურად, სად ირღვევა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, თანასწორობისა თუ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები ან სადავო ნორმის მოქმედების პირობებში პირის რომელი საპროცესო უფლება არ არის კონსტიტუციურად დაბალანსებული. მოსარჩელე მხარე აბსტრაქტულად აპელირებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე და ვიწროდ მსჯელობს ზოგადად სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შემადგენლობის თეორიულ ნაწილზე, რაც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობასაც კი, შეაფასოს, არსებობს თუ არა სადავო ნორმასა და მოსარჩელის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ უფლებას შორის შინაარსობრივი მიმართება. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, ერთი მხრივ, აპელირებს სადავო ნორმის განუსაზღვრელობასა და იმაზე, რომ არ არსებობს „ქურდული სამყაროს წევრობის“ ან/და „კანონიერი ქურდობის“ დამადასტურებელი მტკიცებულებანი, ხოლო, მეორე მხრივ, იქვე მიუთითებს „ქურდული სამყაროს წევრობის“ წესებსა და შეკრებებზე. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე წონადი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გასაჩივრებული რეგულირების მის მიერ იდენტიფიცირებულ არაკონსტიტუციურ შინაარსს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის ზოგადი მითითება ვერ გამოდგება კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის საკმარისად, ვინაიდან მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი არც სადავო ნორმის მზღუდველი ბუნების სათანადო დასაბუთება, არც თითოეულ უფლებასთან მიმართების რელევანტური არგუმენტაცია და, მით უმეტეს, არც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი მსჯელობა. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
4. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის №45554/08 განჩინებაზე (საქმე „აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“), რომელიც, №1788 კონსტიტუციური სარჩელის მსგავსად, შეეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის კონვენციასთან შესაბამისობის საკითხს. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ განუსაზღვრელი და განუჭვრეტელი კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული მსჯავრდების გამო, დაირღვა კონვენციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კანონის ხარისხობრივი მოთხოვნები. ზემოხსენებული განჩინების თანახმად, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანს შეეძლო, განესაზღვრა საკუთარი ქმედებები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის საფუძველზე გამოიწვევდა შესაბამის პასუხისმგებლობას. საყურადღებოა, რომ, შედეგად, სასამართლომ არ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1788 კონსტიტუციური სარჩელით არ არის წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა. აქედან გამომდინარე, №1788 კონსტიტუციური სარჩელი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუსაბუთებლად, რის გამოც არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1788 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე