საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ გაბუნია და არჩილ ღუდუშაური და შპს „ჯგუფი ქალაქური“ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/4/154,200 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 13 ივნისი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი - დარეჯან ჩალიგავა.
ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ: მოსარჩელეთა წარმომადგენლები – გოჩა სვანიძე და მიხეილ სარჯველაძე, მოპასუხის – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ბელა სირბილაძე, მოწმეები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი მალხაზ ბიწაძე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლილი ქინქლაძე, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სამართლებრივი ურთიერთობების სამმართველოს სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე დავით მარშავა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საჩივრების განყოფილების უფროსი ვასილ ხანიშვილი, სპეციალისტი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის მთავარი ექსპერტი, ეკონომისტი ნიკოლოზ ორველაშვილი,
განიხილა საქმე „საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ გაბუნია და არჩილ ღუდუშაური და შპს „ჯგუფი ქალაქური“ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანია „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 6 სექტემბერს გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების – ზურაბ გაბუნიასა და არჩილ ღუდუშაურის 154-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მისი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. საკითხის განხილვის პროცესში, 2002 წლის 20 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა და იმავე წლის 23 სექტემბერს პირველ კოლეგიასვე გადმოეცა 154-ე ნომრით რეგისტრირებულ სარჩელთან შინაარსობრივად დაკავშირებული ახალი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯგუფი ქალაქურის“ მე-200 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მათი გაერთიანებისა და არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 4 ოქტომბრის №1/10/154,200 საოქმო ჩანაწერით ორივე კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნა არსებითად განსახილველად და ერთ საქმედ გაერთიანდა.
კონსტიტუციური სარჩელების შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულებით, მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ აიკრძალა იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების მე-4 პუნქტის მოთხოვნებს. მოსარჩელეთა მითითებით, ეს მოთხოვნებია:
1) თამბაქოს მზა ნაწარმზე ინფორმაცია პროდუქციის შესახებ უნდა იყოს ქართულ ენაზე და შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის ჩამონათვალსა და ოდენობას; ტექსტს თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის“, აგრეთვე მითითებული უნდა იყოს ერთერთი მოთხოვნა თამბაქოს მავნებლობის შესახებ, მაგალითად, „მოწევა იწვევს კიბოს“, „მოწევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს“, „მოწევა ორსულობის დროს საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას“ და სხვა.
2) ინფორმაცია პროდუქციის შესახებ მზა თამბაქოს ნაწარმის კოლოფზე უნდა იყოს კოლოფის მოცულობის არანაკლებ 6 პროცენტისა.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულების საფუძველზე, შპს „ჯგუფი ქალაქურის“ საკუთრებაში არსებული თამბაქოს ნაწარმი დაილუქა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი განიცადა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ და მის დირექტორებს ზ. გაბუნიასა და ა. ღუდუშაურს წაერთვათ შესაძლებლობა მიეღოთ განსაზღვრული „წამახალისებელი დანამატი ძირითად ხელფასზე“. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ბრძანებულებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლები.
სარჩელებში მითითებულია, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. თამბაქოს ნაწარმის მესაკუთრეებს, მოსარჩელეთა სიტყვით, პრაქტიკულად ჩამოერთვათ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების გასხვისების უფლება. აქედან გამომდინარე კი, მათ შეეზღუდათ საკუთრების უფლება, ვინაიდან ასეთ მესაკუთრეებს აღარ გააჩნიათ შესაძლებლობა თამბაქოს ნაწარმის მიმართ სრულად გამოიყენონ მესაკუთრის უფლებამოსილებათა კლასიკური ტრიადა, ხოლო მომხმარებელს წაერთვა საკუთრების შეძენის უფლება.
მოსარჩელეთა მითითებით, პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტსაც, რომლის მიხედვითაც დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დროს; სადავო აქტით დაწესებული აკრძალვა კი არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ ამ აუცილებელ პირობას.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო აქტი ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“. სარჩელების მიხედვით, სადავო აქტის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოებმა მეწარმეებს დაულუქეს საქონელი და მოუსპეს არა მხოლოდ თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და მოგების მიღების შესაძლებლობა, არამედ არ დაუტოვეს არანაირი გზა ზიანის თავიდან არიდებისთვის. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ სადავო აქტით არათუ ხელი არ შეუწყო თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას თამბაქოთი ვაჭრობის სფეროში, არამედ პირდაპირ მოსპო „ჯანსაღი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობა“ და არც კი იზრუნა იმისათვის, რომ მეწარმეებს თავიდან აერიდებინათ სავარაუდო ზარალი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულება „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე“.
მოპასუხე მხარის – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბელა სირბილაძემ მხარი არ დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას. მისი აზრით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას. მოპასუხე მხარის განცხადებით, საკითხი არ ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვას პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება „მიმართულია მეწარმის ხელის შესაწყობად“.
მოწმემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსმა მალხაზ ბიწაძემ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებულების ძალაში შესვლის შემდეგ საბაჟო სამსახური ვალდებული იყო საქონელი, რომელსაც არ ჰქონდა ქართული წარწერა, პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივლისის ბრძანებულების თანახმად საბაჟო რეჟიმში არ მოექცია.
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ლილი ქინქლაძის განმარტებით, სადავო ბრძანებულება არ არღვევს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებს. მოწმის აზრით, სადავო ბრძანებულების მიღება განაპირობა იმან, რომ დაცული ყოფილიყო მომხმარებელთა უფლებები.
საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სამართლებრივი ურთიერთობების სამმართველოს სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილემ დავით მარშავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სადავო აქტი იცავს მომხმარებელთა უფლებებს. მას მიაჩნია, რომ მომხმარებელმა უნდა მიიღოს ინფორმაცია ქართულ ენაზე. მოწმის განმარტებით, მეწარმეს ჰქონდა საკმაო დრო იმისათვის, რომ პროდუქცია სადავო ბრძანებულებასთან შესაბამისობაში მოეყვანა.
მოწმედ მოწვეულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საჩივრების განყოფილების უფროსმა ვასილ ხანიშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ „აღმკვეთი ღონისძიების“ ჩასატარებლად შექმნილი იყო სპეციალური ჯგუფი. ამ ჯგუფში შედიოდნენ საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლებიც, მაგრამ კონკრეტულად სად, როდის და ვის მიერ იქნა ჩატარებული საწყობების დალუქვა, ეს მოწმისთვის ცნობილი არ არის.
სპეციალისტის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის მთავარი ექსპერტის, ეკონომისტ ნიკოლოზ ორველაშვილის განმარტებით, სადავო ბრძანებულება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას. საკუთრების უფლების შეზღუდვა არ განხორციელებულა კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ბრძანებულება არა მარტო ზღუდავს მესაკუთრის უფლებას სარგებლობდეს თავის ქონებით, არამედ „შეზღუდვამ მიიღო ისეთი ხასიათი და მასშტაბი, რომ დამდგარი შედეგების თვალსაზრისით ის პრაქტიკულად გაუთანაბრდა საკუთრების უფლების ჩამორთმევას“. სპეციალისტის აზრით, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებით დაწესებული მოთხოვნების დაცვა აშკარად შეუსრულებადი ამოცანის წინაშე აყენებს მესაკუთრეს. ქონების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მეწარმეს ამ მოთხოვნის შესრულება უფრო ძვირი დაუჯდებოდა, ვიდრე ქართულ ენაზე გამაფრთხილებელი წარწერების მქონე სიგარეტის ახალი პარტიის დაკვეთა. სპეციალისტის თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში მეწარმეს „საკუთრებიდან ყოველგვარი სარგებლის მიღების საშუალება მოესპო და იმავდროულად დარჩა მისი დაცვისა და შენახვის ვალდებულება, რაც მას დამატებითი ხარჯების გაღებას ავალდებულებს“. სპეციალისტი თვლის, რომ ეს გარემოება აშკარა შეუსაბამობაშია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის საფუძველზე გააანალიზა კონსტიტუციური სარჩელების მონაცემები, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლები, მოწმეთა ჩვენებები, სპეციალისტის დასკვნა, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები და ამის შედეგად დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულების არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
1. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს სადავო აქტის გამოცემის გარემოებანი, მისი მიზანი და დანიშნულება.
მოსარჩელე მხარის განცხადებით, იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, აიკრძალა საქართველოს პრეზიდენტის სადავო აქტით – 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულებით (იხ. კონსტიტუციური სარჩელები, გვ. 1). სპეციალისტის აზრითაც, სადავო ბრძანებულებით „მეწარმეს მოესპო შესაძლებლობა განეხორციელებინა მისი მართლზომიერი საქმიანობა და მიეღო სარგებელი მისი ქონების (კაპიტალის) გამოყენებით“ (იხ. ნ. ორველაშვილის დასკვნა, გვ. 24).
ეს მოსაზრება დასაზუსტებელია. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სადავო აქტი ორგანულ კავშირშია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებასთან (სადავო აქტი სწორედ ამ ბრძანებულებაზე მიუთითებს). აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ სადავო აქტის მიზანდანიშნულება №391 ბრძანებულებასთან მიმართებით უნდა იქნეს გარკვეული.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა ის წესები (მათ შორის, მომხმარებლისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ქართულ ენაზე), რომელთა დაცვითაც უნდა განხორციელდეს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია („თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ... განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით“).
საერთო წესის მიხედვით, მე-4 პუნქტი, ბუნებრივია, მისი მომცველი ბრძანებულების ძალაში შესვლისას ამოქმედდებოდა. მაგრამ მისი ამოქმედება, იმავე ბრძანებულების მე-8 პუნქტით, გადავადდა 1998 წლის 1 დეკემბრამდე („1998 წლის 1 დეკემბრიდან აიკრძალოს იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის მოთხოვნებს“). ამის შემდეგ, ბრძანებულების მე-8 პუნქტი კიდევ ორჯერ შეიცვალა და, შესაბამისად, მე-4 პუნქტის ამოქმედებაც ორჯერვე გადავადდა – 1998 წლის 5 ოქტომბრის №553 ბრძანებულებით – 1999 წლის 1 მარტამდე და 1999 წლის 20 მარტის №111 ბრძანებულებით – 1999 წლის 1 ივლისამდე. ეს ნიშნავდა, რომ გადავადების პერიოდში მე-4 პუნქტით დადგენილი შემზღუდველი წესები არ მოქმედებდა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ქართული ნიშანდების გარეშე თავისუფლად შეიძლებოდა.
№391 ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივნისის №360 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების შედეგად ამოღებული იქნა მე-4 პუნქტის ამოქმედების გადამვადებელი მე-8 პუნქტი. ეს, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა (იხ. დასკვნითი სიტყვა, გვ. 1, 78) და სპეციალისტის (იხ. დასკვნა, გვ. 5) მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, ნიშნავდა არა შეზღუდვის (რეალიზაციის ამკრძალავი ნორმის), არამედ გადავადების გაუქმებას, ესე იგი – საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების მე-4 პუნქტის ამოქმედებას და, მაშასადამე, იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვას, რომელსაც არ ექნებოდა სათანადო ინფორმაცია ქართულ ენაზე.
სწორედ ამის შემდეგ, ესე იგი ისეთ ვითარებაში, როცა უკვე მოქმედებდა ქართული ნიშანდების გარეშე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვის წესი, 2000 წლის 18 თებერვალს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის სადავო – №55 ბრძანებულება. ამ აქტით, მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ აიკრძალა იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების მე-4 პუნქტის მოთხოვნებს. ეს, მოსარჩელე მხარის მტკიცების საწინააღმდეგოდ, ნიშნავს იმას, რომ სადავო ბრძანებულების მიზანდანიშნულებას არ წარმოადგენდა ქართული ნიშანდების გარეშე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვის დაწესება (ასეთი წესი იმ დროს უკვე მოქმედებდა). პირიქით, ამ აქტით გარკვეული დროით გადავადდა – ესე იგი, დროებით მოიხსნა იმ პერიოდში მოქმედი შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, თუკი მას არ ექნებოდა სათანადო ინფორმაცია ქართულ ენაზე. სადავო ბრძანებულება მიღებული იქნა 2000 წლის 18 თებერვალს, გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” იმავე წლის 22 თებერვალს და, მაშასადამე, მისი გამოცემით შესაძლებელი გახდა იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია 2000 წლის 23 მარტამდე, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია ქართულ ენაზე.
ამგვარად, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულებით გარკვეული შეღავათი დაუწესდათ შესაბამის მეწარმეებსა და, მათ შორის, მოსარჩელეებსაც იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის საქმეში, რომელსაც არ გააჩნდა ქართული ნიშანდება. ცხადია, რომ ეს გარემოება სადავო აქტის ანტიკონსტიტუციურობის მაჩვენებლად ვერ ჩაითვლება.
2. მოსარჩელეთა მიერ არასწორად არის გაგებული სადავო აქტის შინაარსი „საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებასთან მიმართებით. ამ საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის მართებულად გადაწყვეტისათვის.
სადავო ბრძანებულების მიხედვით, მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ აიკრძალა იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.
მაშასადამე, საქართველოს პრეზიდენტის სადავო აქტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულების მოქმედების სფერო №391 ბრძანებულების მე-4 პუნქტით დადგენილი ფარგლებით შემოისაზღვრება. ამ მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია ის წესები, რომელთა დაცვითაც უნდა განხორციელდეს „თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია საცალო სავაჭრო ქსელში“. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულება თამბაქოს ნაწარმის მხოლოდ საცალო სავაჭრო ქსელში რეალიზაციას შეეხება.
როგორც საქმის არსებითად განხილვის დროს გამოირკვა, შპს „ჯგუფი ქალაქურის“ თამბაქოს ნაწარმის საწყობებიდან, რომლებიც საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ დალუქა, არ ხორციელდებოდა საცალო ვაჭრობა (თვით მოსარჩელე მხარის განცხადებით, „ისეთ ადგილას არის ... საწყობი, რომ იქ საცალო ვაჭრობა შეუძლებელია“).
ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულების არაკონსტიტუციურობის თაობაზე საფუძველს მოკლებული და მიუღებელია.
3. მოსარჩელე მხარე სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს იმის გამო, რომ „საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულების საფუძველზე და მის შესაბამისად, შპს „ჯგუფი ქალაქურის“ საკუთრებაში არსებული თამბაქოს ნაწარმი დალუქულ იქნა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ, რითაც საწარმომ განიცადა სოლიდური მატერიალური ზიანი“. ასევე, მოსარჩელეთა და მათ წარმომადგენელთა მტკიცებით, „შპს „ჯგუფი ქალაქურის“ მიერ განცდილი ზიანი უშუალოდ გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულებამ, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებს“.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით მართლაც დასტურდება შპს „ჯგუფი ქალაქურის“ საკუთრებაში არსებული თამბაქოს ნაწარმის დალუქვის ორი ფაქტი. მაგრამ არ მოიპოვება ისეთი საბუთი, რომლითაც დამტკიცდებოდა სასაწყობო სათავსოების დალუქვა და მატერიალური ზიანის მიყენება სადავო აქტის „საფუძველზე და მის შესაბამისად“. სათანადო მტკიცებულება მოსარჩელე მხარემ სასამართლო კოლეგიას ვერ წარმოუდგინა.
ამ საკითხთან დაკავშირებულ მასალებში მითითებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს წერილობითი შეტყობინების გზით მოითხოვოს კონკრეტულად დასახელებული ინფორმაციის წარდგენა. შპს „ჯგუფ ქალაქურს“ საგადასახადო დეპარტამენტიდან გაეგზავნა ასეთი შეტყობინება. მასში აღნიშნულია, რომ სიგარეტის თაობაზე ინფორმაციაში უნდა აისახოს სასაწყობო მეურნეობის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტების დისლოკაცია, დისტრიბუტორები, საქონლის ნაშთები, ცნობები აქციზურ მარკებზე, მომუშავეთა რაოდენობა და საშუალო ხელფასი. იმავდროულად, შემოწმების ჩასატარებლად შეიქმნა ჯგუფი საგადასახადო ინსპექციისა და საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლების შემადგენლობით. მას სპეციალური ბრძანებით დაევალა „ჯგუფ ქალაქურში“ „ეკონომიკური საქმიანობის ქრონომეტრაჟის ჩატარება, დღგს ანგარიშფაქტურების ხარჯვის და დღგს დასაბეგრი ბრუნვის წარმოდგენილ დეკლარაციებში ასახვის სისწორის შესწავლა“. შემმოწმებლებმა დალუქეს ორი საწყობი, სადაც მოთავსებული იყო „ჯგუფი ქალაქურის“ კუთვნილი სიგარეტი „ასტორი“. ამის თაობაზე შედგენილი ოქმებიდან ერთში დალუქვის მიზეზი საერთოდ არ არის აღნიშნული, ხოლო მეორის მიხედვით, „სასაწყობო მეურნეობად დაკავებული სათავსო“ დალუქულა რაღაც (კონკრეტულად დაუსახელებელი) „ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე“.
ამგვარად, ამ მასალებში ოდნავი მინიშნებაც კი არ არის სადავო ბრძანებულებაზე, იმაზე, რომ თამბაქოს ნაწარმი სწორედ აღნიშნული აქტის საფუძველზე და მაინცდამაინც ქართული ნიშანდების არარსებობის გამო დაილუქა. ამიტომ, სადავო აქტის არაკონსტიტუციურად მიჩნევა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ შესაბამის მოტივზე დაყრდნობით შეუძლებელი და გამორიცხულია.
4. სასამართლო კოლეგია მოსარჩელე მხარის ვერც ზოგიერთ სხვა მოსაზრებას ვერ გაიზიარებს.
კერძოდ, მოსარჩელეები და, მათთან ერთად, სასამართლო პროცესზე მოწვეული სპეციალისტიც, თვლიან, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულებით, შპს „ჯგუფი ქალაქურის“ კუთვნილი თამბაქოს ნაწარმის სათავსების დალუქვით შეიზღუდა შესაბამისი იურიდიული და ფიზიკური პირების კონსტიტუციური უფლებები საკუთრების, აგრეთვე თავისუფალი მეწარმეობის განვითარების სფეროში. ასეთ მოსაზრებას, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 13 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება. საერთოდაც, სასამართლო კოლეგიის აზრით, ადამიანის უსაფრთხოების, მისი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით პროდუქციის რეალიზაციის სათანადო წესების დადგენა და მათი შესრულების უზრუნველყოფა ვერანაირად ვერ ჩაითვლება საკუთრების უფლების შეზღუდვად, აგრეთვე თავისუფალი მეწარმეობის განვითარებისათვის ხელის შეშლად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით.
ასევე, სასამართლო კოლეგია მოსარჩელე მხარის ვერც იმ პოზიციას ვერ გაიზიარებს, რომ ქართული ნიშანდების გარეშე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ამკრძალავი „ნებისმიერი ვადის დაწესება იქნებოდა კონსტიტუციის 21-ე მუხლის ... დარღვევა“ (იხ. სხდომის ოქმი, გვ. 7). ამა თუ იმ მართლზომიერი ვადის საჭიროებისამებრ დაწესება ჩვეულებრივი მოვლენაა სამართალში. ამის გათვალისწინებით, საქართველოში მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად ისეთი გონივრული ვადის დადგენა, რომელიც ზღვარს დაუდებს პროდუქციის რეალიზაციას სახელმწიფო ენაზე სათანადო ნიშანდების გარეშე, სასამართლო კოლეგიის აზრით არ შეიძლება კონსტიტუციის 21-ე მუხლის დარღვევად იქნეს მიჩნეული.
5. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის საყურადღებოდ – შესაბამის სამართალშემოქმედებით საქმიანობაში გათვალისწინების მიზნით, სასამართლო კოლეგია მიუთითებს სადავო აქტის ტექსტში დაშვებულ ორ უზუსტობაზე, რომლებიც გამოვლინდა საქმის არსებითად განხილვის პროცესში.
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულება მითითებითი სამართლებრივი აქტია. იგი სათანადო სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაზე (სახელდობრ, მის მე-4 პუნქტზე), მაგრამ ამ აქტის სახელწოდება აქ არაზუსტად არის დასახელებული. №391 ბრძანებულების სათაურია „საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოების ... შესახებ“, სადავო აქტში კი მისი სახელწოდება ნაწილობრივ შეცვლილია „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების ... შესახებ“. ასეთ ვითარებაში რამდენადმე რთულდება საქმე იმით, რომ წამოიჭრება შესაბამისი სამართლებრივი აქტის იდენტიფიცირების საკითხი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების სათაური ასევე არასწორად არის წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის კიდევ 5 სხვა ბრძანებულებაში, რომლებითაც სხვადასხვა დროს ცვილილებები იქნა შეტანილი თვით №391 ბრძანებულებაში. ესენია – საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 ოქტომბრის №553, 1999 წლის 20 მარტის №111, იმავე წლის 7 ივნისის №360, 2000 წლის 8 დეკემბრის №520 და 2001 წლის 15 იანვრის №10 ბრძანებულებები.
ერთმანეთთან შეუთანხმებელია აგრეთვე სადავო აქტის სათაური და შინაარსი. სათაურის მიხედვით, №55 ბრძანებულება გამოიცა „№391 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე“. მაშასადამე, №55 ბრძანებულების სათაურით იგულისხმება რამდენიმე ღონისძიების დასახვა, სინამდვილეში კი მხოლოდ ერთია გათვალისწინებული (აიკრძალა №391 ბრძანებულების მე-4 პუნქტთან შეუსაბამო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია).
წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის პირველი, მე-2, მე3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით,
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. უარყოფილი იქნეს საქართველოს მოქალაქეების ზურაბ გაბუნიასა და არჩილ ღუდუშაურის და შპს „ჯგუფი ქალაქურის“ კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
2. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
კოლეგიის წევრები:
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე)
იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნიკოლოზ შაშკინი