ნოე კორსავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1265 |
ავტორ(ებ)ი | ნოე კორსავა |
თარიღი | 18 ოქტომბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები: ,,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის განაჩენში (ასლი იხილეთ დანართის სახით) აღნიშნულია: ქალაქ თბილისის დიდებე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე ნოე კორსავას ბრალად ედება დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა... 2015 წლის 21 თებერვალს, ნოე კორსავა იმყოფებოდა თამარ კრიხელის საცხოვრებელ ბინაში მდებარე, მდებარე ქალაქ თბილისში, დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი, მე-9 კორპუსი, ბინა #50-ში, რა დროსაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ ჩატარდა ნოე კორსავას პირადი ჩხრეკა. ნოე კორსავას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა უფერო მინის ცარიელი ფლაკონის და მილგაყრილი ხუფის შიდა კედელზე არსებული ნივთიერება, ქიმიური ექსპერტიზის #226/სქ-#245/ქრ დასკვნის თანახმად, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) – 0,00000126 გრამის ოდენობით.
2016 წლის 04 ივლისს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულებს ნოე კორსავას, თამარ კრიხელსა და პროკურორ გიორგი ოსაძეს (ადვოკატების მონაწილეობით) წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის განაჩენით დამტკიცდა აღნიშნული საპროცესო შეთანხმება. ნოე კორსავა ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალა პირობით, საქართველოს სისხლის სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი.
ამგვარად, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სადავო ნორმებმა უკვე შელახა მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები. ამიტომ მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობაზე
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით საქმეზე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პრიმა მუხლის თანახმად, არსებობს განმაწესრიგებელ სხდომაზე ამ სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის და განჩინებით სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 14 დეკემბერს საქმეზე მოლდოვას მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული განჩინების მეორე თავის მე-4 პუნქტში განაცხადა: ,,კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელება, სადავოდ მიჩნეული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა კონსტიტუციური ნორმებისა და პრინციპების განმარტებას უკავშირდება. სადავო საკითხისადმი საკონსტიტუციო სასამართლოს დამოკიდებულება აისახება როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლითაც სადავო ნორმა კონსტიტუციასთან შესაბამისად ან მასთან შეუსაბამოდ ცხადდება, ასევე სამოტივაციო ნაწილში, რომელშიც სარეზოლუციო ნაწილში ასახული სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება არის მოცემული. შესაბამისად, სადავო ურთიერთობების ახლებურად მოწესრიგებისას კანონმდებელი უნდა ითვალისწინებდეს როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო, ასევე სამოტივაციო ნაწილს.“[1]
აღნიშნულ საქმეზე მიღებული განჩინების მე-6 პარაგრაფში ასევე აღნიშნულია: ,, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით მოახდენს კანონმდებელი არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების აღდგენას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოს ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაესობის პრაქტიკაში რეალიზებას ემსახურება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.”[2]
მარიანა კიკუს საქმეში მიღებული განჩინების მე-7 პარაგრაფში აღნიშნულია: ,,კანონის აღნიშნული დანაწესი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს. ასეთი დავების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია დადგინდეს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა შინაარსობრივად იდენტურია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით წარსულში ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად და იწვევს იმავე სამართლებრივ შედეგს. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას არსებითი განხილვის გარეშე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობს.“[3]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 24 ივნისს მიღებული განჩინების მე-10 პარაგრაფში საქმეზე ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორებად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია.”[4]
2016 წლის 22 დეკემბერს საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული განჩინების მეორე თავის მე-8 პარაგრაფში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს ფორმალურ, სიტყვიერ მსგავსებას“. „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას და არც მაინცა და მაინც იგივე კანონში ასეთი წესის გამეორებას. საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს არა კონკრეტულ სიტყვებს, ფრაზებს, წინადადებებს, არამედ ის აფასებს ნორმაში ასახულ პრობლემას, საკითხს, რომელიც გამოიხატება ამ სიტყვებში, ფრაზაში თუ წინადადებაში. სასამართლო ამ დროს სწავლობს უფლებაში ამა თუ იმ ფორმით, შინაარსით თუ ინტენსივობით ჩარევა ხომ არ იწვევს უფლების დარღვევას. შესაბამისად, თუ უფლებაში ჩარევის შედეგის მიხედვით, ახალი/ან კანონმდებლობაში არსებული სხვა რეგულაციით კონკრეტულ უფლებას დარღვევის არსებითად ან თვისობრივად იგივე საფრთხე ემუქრება, დამოუკიდებლად იმისგან, ასეთი რეგულაცია რომელ ნორმატიულ აქტში გაჩნდება/არსებობს ან იქნება თუ არა ის ტექსტუალურად არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციის იდენტური, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დასახელებული ნორმა ავალდებულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ძალადაკარგულად ცნოს განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზევე.“[5]
მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში მიღებული განჩინების მეორე თავის მე-12 პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, ნორმა მიიჩნევა დამძლევად: ,, სადავო ნორმის „დამძლევ ნორმად“ მიიჩნევა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობა, ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ამასთან, არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს / წინაპირობას შექმნიდა.
ლაშა ბახუტაშვილის საქმეში დადგინდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის დარღვევა. ვინაიდან ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის იმ ოდენობის (0,00009 გრამი) შენახვა არ წარმოშობდა რეალიზაციაში გაშვების საფრთხეს. ამ ოდენობის დეზომორფინი არ იყო საკმარისი მოხმარებისათვის და მით უმეტეს თრობის მისაღწევად. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით ირღვეოდა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების მე-2 თავის მე-19 პარაგრაფში განაცხადა:
,,მოცემულ შემთხვევაში კი პირი ისჯება ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არ ქმნის არათუ ნარკოტიკული საშუალების გასაღების, არამედ მოხმარების საფრთხესაც კი. ამდენად, სადავო ნორმით დაწესებული სასჯელი (0,00009 გ. დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის) ემსახურება მხოლოდ დეზომორფინის შეძენის, დამზადებისა და მოხმარების ზოგადი პრევენციის მიზანს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას.“
0,00009 გრამ დეზომორფინის მსგავსად, 0,00000126 და მეტამფეტამინი, უვარგისია არა მხოლოდ რეალიზაციისათვის, არამედ მოხმარებისათვის. ამ ოდენობის მქონე ნივთიერების შეძენა, შენახვისათვის სასჯელის გამოყენებით სახელმწიფო ესწრაფვის ზოგადი პრევენციის მიზანს, რაც პროპორციულობის გარეშე, ინდივიდს აქცევს სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტად. ღირსების უფლების დარღვევა მოცემულ შემთხვევაშიც სახეზეა.
ასევე სახეზეა ჰუტერის ტესტის მეორე მოთხოვნაც - უფლების შესაზღუდად გამოიყენება იგივე სამართლებრივი საშუალება - თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე. ეს სასჯელი არის ჩადენილი ქმედების არაპროპორციული, სასჯელი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ იღებს ჩადენილი ქედებიდან. ლაშა ბახუტაშვილის საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ მოხმარებისათვის უვარგისი ოდენობის მქონე ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთა სცნო არაკონსტიტუციურად, ვინაიდან ეს სასჯელი ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში მომეტებულად მკაცრი იყო. ლაშა ბახუტაშვილის საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-19 პუნქტში აღნიშნულია: ,,სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისათვის, თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, სახელმწიფო პირს იყენებს ზოგადი პრევენციის მიზნების მისაღწევად. ამ სიმკაცრის სასჯელის წყარო არის არა პირის მიერ ჩადენილი ქმედება, არამედ ზოგადი პრევენციის მიზნები, ხოლო მსჯავრდებული პირი ზემოხსენებული მიზნების მიღწევის საშუალებაა. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“
მოცემულ შემთხვევაშიც, 0,00000126 მეტამფეტამინის შენახვისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ რაოდენობის ნივთიერების არათუ რეალიზება, არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელია, თავისუფლების აღკვეთა აშკარად აცდენილია ჩადენილი ქმედების საშიშროებასთან.
ჰუტერის ტესტის მესამე მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ დამძლევი ნორმით ისეთივე სამართლებრივი შედეგი უნდა დგებოდეს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას ჰქონდა. ამ კუთხით საინტერესოა ის, რომ ლაშა ბახუტაშვილის საქმის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ადამიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება იმ ქმედებისათვის, რაც არავითარი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი არ არის. ლაშა ბახუტაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-17 პუნქტში აღნიშნულია:
,,როგორც უკვე აღინიშნა, საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია დეზომორფინის იმ ოდენობით დამზადება, რაც გამოყენებადია მოხმარებისთვის. 0,00009 გ. დეზომორფინის დამზადება, ერთი მხრივ, მისი დამამზადებლის მხრიდან, წარმოადგენს ალოგიკურ და უმიზნო ქმედებას (სავსებით შესაძლებელია დეზომორფინის ამ ოდენობით დამზადება შეუძლებელიც კი იყოს სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე), ხოლო, მეორე მხრივ, ცხადია, რომ ზემოხსენებული ოდენობით დეზომორფინის დამზადება და შენახვა მისი მოხმარების ან/და გასაღების საფრთხეს არ ქმნის.“
ამავე გადაწყვეტილების მე-2 თავის მე-18 პარაგრაფში ასევე აღნიშნულია:
,,კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ოდენობის დეზომორფინი პირის მფლობელობაში შესაძლებელია აღმოჩნდეს სხვადასხვა გზით. როგორც წესი, დეზომორფინის მოსახმარად გამოყენებულ შპრიცში ან/და მის დასამზადებლად გამოყენებულ ჭურჭელში ყოველთვის რჩება აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მიკროსკოპული ოდენობა. ზემოხსენებული შემთხვევები შესაძლოა მიუთითებდეს პირის მიერ დეზომორფინის დამზადების ან/და მოხმარების ფაქტზე. თუმცა ცალკე აღებული, სადავოდ გამხდარი ოდენობით, დეზომორფინის დამზადებისა და შენახვის ფაქტი თავისთავად არ შეიცავს ისეთ საფრთხეებს, რომლებმაც, შესაძლოა, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გაამართლოს.“
ისევე როგორც დეზომორფინი, 0,00000126 გრამი მეტამფეტამინი, შესაძლოა ჭურჭელში დარჩეს მოხმარების შედეგად. თუმცა ცალკე აღებული ჭურჭელში დარჩენილი ამ ნივთიერების ოდენობა, რომელთა აღმოჩენაც, ხშირად მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელი ხდება, არ შეიცავს იმგვარ საფრთხეს, რამაც შეიძლება თავისუფლების აღკვეთა გაამართლოს. ადამიანი ხდება მკაცრი სისხლისსამართლებრივი სანქციების მატარებელი ხელშესახებ საფრთხის არ არსებობის პირობებში.
ლაშა ბახუტაშვილსა და აღნიშნულ სარჩელს შორის არის განსხვავება ერთადერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით: ლაშა ბახუტაშვილის საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა დეზომორფინი, ხოლო ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს მეტაფეტამინი. ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებული ეს განსხვავება არ განაპირობებს აღნიშნული სარჩელის არსებითი განხილვის ეტაპზე გადატანის აუცილებლობას. თუკი დადგინდა, რომ მეტაფეტამინის გასაჩივრებული ოდენობის არათუ რეალიზება, არამედ მოხმარებაც შეუძლებელია, გამორიცხულია დადგეს ლაშა ბახუტაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული შედეგი. ნარკოტიკული საშუალებების სახეობის გარდა, არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რაც შექმნის ხელახალი შეფასების საჭიროებას. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს ეწინააღმდეგება იმგვარი ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის ან შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რაც გამოუსადეგარია არა მხოლოდ რეალიზაციისათვის, არამედ გამოყენებისათვის. ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში უნდა დადგინდეს რა ოდენობის მეტაფეტამინს შეუძლია გამოიწვიოს თრობა. ამ გარემოების დადგენა შესაძლებელია გამწესრიგებელი სხდომის ეტაპზე.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სადავო ნორმა წარმოადგენს დამძლევ ნორმას და უნდა მოხდეს მისი ძალადაკარგულად ცნობა გამწესრიგებელ სხდომაზე მიღებული განჩინებით.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონი, რომელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებისგან დამოუკიდებლად;
[1] მოლდოვას მოქალაქე მარინა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინება N 1/5/525, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1798356
[2] იქვე
[3] იქვე
[4] ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუნტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება N 1/2/563, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2383097
[5] საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განჩნება N 1/16/770, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3504738
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ზემოთ აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტთან. სადავო ნორმა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ჭურჭელში დარჩენილი იმგვარი ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის, რაც ხილვადია მხოლოდ მიკროსკოპის მეშვეობით. ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შენახვა არ ქმნის არათუ მისი გავრცელების, არამედ პირადი მოხმარების შესაძლებლობასაც კი. ამიტომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისათვის თავისუფლების აღკვეთის დაკისრება წარმოადგენს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ სასჯელს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი