მოქალაქეები ივანე ოჩიგავა და ალექსანდრე აბრამიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/10/231 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 23 მაისი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა –(მომხსენებელი მოსამართლე);
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოქალაქეები ივანე ოჩიგავა და ალექსანდრე აბრამიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის, 468-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების, 526-ე მუხლის “ა” პუნქტის და 563-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი №231) მომართეს მოსარჩელეებმა ივანე ოჩიგავამ და ალექსანდრე აბრამიშვილმა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 462-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტი, რომლის თანახმად სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველია თუ: “მოკვლევის ორგანომ, მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა დაუშვა ამ კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევა, რაც ხელს უშლის საქმის განხილვას სასამართლოს მიერ”, 468-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადება, რომლის თანახმად “თუ გარემოებები რომელთა დასადგენადაც განცხადებულია შუამდგომლობა შეიძლება საქმისათვის მნიშვნელოვანი იყოს, ან თუ მტკიცებულება კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას”, 562-ე- მუხლის “ა” პუნქტი “საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძველია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა”, 563-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ადგენს არსებითი დარღვევის ცნებას და მე-2 ნაწილი, სადაც განსაზღვრულია გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში, განაჩენი ყველა შემთხვევაში უნდა გაუქმდეს. მოსარჩელეთა აზრით სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტს, 42-ე მუხლის მე-7 პუნქტს და 44-ე მუხლის პირველ პუნქტს.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად ყველა ის ნორმა, რომელთა არაკონსტიტუციურად ცნობასაც მოსარჩელეები მოითხოვენ მითითებას აკეთებს კანონის არსებით და არაარსებით დარღვევაზე და სწორედ ამგვარ მითითებას აკეთებს კანონის არსებით და არაარსებით დარღვევაზე და სწორედ ამგვარ მითითებას თვლიან ისინი არაკონსტიტუციურად, რადგან მათი აზრით ამით სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის განხილვისას შეუძლია რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, “დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს”. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმებით, ასევე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად “კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს” და საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, “საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს, რადგან სადავო ნორმები ერთმნიშვნელოვნად უშვებენ შესაძლებლობას, რომ წინასწარი გამოძიებისა თუ სასამართლო განხილვისას კანონის ნორმები არ იქნეს დაცული და ეს დარღვევა მიუხედავად იმისა, რომ დარღვევაა მიჩნეულ იქნეს კანონის არაარსებით დარღვევად ანუ სადავო ნორმები მათი აზრით უშვებენ კანონის არ შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების, აგრეთვე განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის ადვოკატის განმარტებათა საფუძველზე მიიჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერც კონსტიტუციურ სარჩელი და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ შეძლეს მოეყვანათ მტკიცებულებები სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე. მოსარჩელეთა ადვოკატის ძირითადი არგუმენტები ემყარებოდა იმას, რომ სადავო ნორმებში ხაზი აქვს გასმული კანონის არსებით დარღვევას და სწორედ ასეთი მითითება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლებს, რომელთა მიმართებითაც მოითხოვენ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. მათ აზრით კანონის ამგვარი დიფერენციაცია შეიძლება მავნე პრაქტიკის დანერგვის საფუძველი გახდეს. ამის საილუსტრაციოდ სარჩელში მოყვანილია თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი მოქალაქე ალექსანდრე აბრამიშვილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება მოქალაქე ივანე ოჩიგავას საქმეზე. ორივე საქმეში სასამართლო მიუთითებს კანონის არაარსებით დარღვევაზე, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების მიღებას.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის ამა თუ იმ ნორმის არასწორად გაგება და მისი არასწორად გამოყენება არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითად განსახილველად მიღების საფუძველს და მსგავს არგუმენტებს სასამართლო მტკიცებულების ახით ვერ შეაფასებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ არის დასაბუთებული. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი “კონსტიტუციური სარჩელი . . . დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის . . . აზრით ადასტურებენ სარჩელის . . . საფუძვლიანობას”. იგივე მოთხოვნას იმეორებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი. ამავე კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად კი კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ “ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით “ა” პუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელეების: ივანე ოჩიგავასა და ალექსანდრე აბრამიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 462-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის, 468-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების, 562-ე მუხლის “ა” პუნქტის, 563-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა