მაია გომური საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1803 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | მაია გომური |
თარიღი | 6 ნოემბერი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი
ბ. „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №1002 ბრძანების დანართი -„შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია.“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი: „3. აქტიური სპეციალური საშუალებები პირს მოკლე ვადით უსპობს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და პოლიციელს ეხმარება საპოლიციო ფუნქციის შესრულებაში. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება: გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) – პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №1002 ბრძანების დანართის -„შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ - მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი: „1.სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს ეკრძალება გ) არალეტალური იარაღისა და არალეტალური ჭურვის გამოყენება ოცი მეტრის დისტანციაზე ახლოს მყოფი პირის წინააღმდეგ, ასევე სხეულის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში (თავი, კისერი, მუცელი, გენეტალიები), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პირთა ჯგუფის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი.“ ის ნორმატიული შინაარსი, რაც ითვალისწინებს რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის გამოყენებას ოცი მეტრის დისტანციაზე.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
სარჩელს თან ერთვის მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის ინენშტადტის თვალის კლინიკის კამპუსის დირექტორის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ზიგფრიდ პრიგლინგერის 2019 წლის 28 აგვისტოს დიაგნიზის დედანი გერმანულ ენაზე და სანოტარო წესით დადასტურებული თარგმანი ქართულ ენაზე. დიაგნოზი ეხება მოსარჩელე მაია გომურს. დიაგნოზში აღნიშნულია:„ ქ-ნ გომურს აღენიშნება რეკონსტრუქციის შემდგომი ტრავმული ფტოზი ზედა ქუთუთოს ნაწიბურით და ევისცერაციის შემდგომი მდგომარეობა (06/2019 სასროლი იარაღით მიყენებული ტრავმის შემდგომი მდგომარეობა)..“
სარჩელს ასევე თან ერთვის მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის ინენშტადტის თვალის კლინიკის კამპუსის დირექტორის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ზიგფრიდ პრიგლინგერის 2019 წლის 26 ივნისის წერილობითი დოკუმენტის დედანი გერმანულ ენაზე და სანოტარო წესით დადასტურებული თარგმანი ქართულ ენაზე. აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია: გომური მაია, 04.09.2000. მდედრობითი სქესი 22679203, 53791918, ემილ-გაიზ-შტრ.5; 82031, მიუნხენი; დაზღვევის მონაცემები მოცემული არ არის;; აქტუალური ანამნეზი: მარცხენა თვალი 20,6 რეზინის ტყვიის დაზიანების შემდგომი მდგომარეობა. იმავე დღეს ENU შემდგომი მდგომარეობა: მარცხენა თვალის წნევა, სისხლჩაქცევები რჩება, დატვირთვისას ტკივილები.“
სარჩელს თან ერთვის 2019 წლის 11 ნოემბრის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე. დადგენილებაში აღნიშნულია: „2019 წლის 20-21 ივნისს ქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავებმა ძალადობით და იარაღით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აღნიშნულის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მაია გომურმა, რაც მისი დაზარალებულად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.“
სარჩელს თან ერთვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001929721 სამედიცინო დასკვნა. აღნიშნულ დასკვნაში (გვერდი 6) მითითებულია: „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №637/1358-ის მონაცემებით, მაია გომურის სამედიცინო დახმარების მიზნით აღნიშნული სამედიცინო ცენტრისათვის მიუმართავთ 21.06.2019წ, სადაც დაესვა დიაგნოზი თვალისა და თვალბუდის ტრავმა, დაუზუსტებელი ნაწილის. გადაყვანილია „ნიუ ჰოსპიტალში“
სამედიცნო დოკუმენტაციაში აღწერილია: „პაციენტს მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოს მიდამოში აღენიშნება ჭრილობები, სისხლმდენი...“
როგორც ირკვევა, შპს „ნიუ ჰოსპიტალს-ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის №8934 და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობიდან, მაია გომური აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 2019 წლის 21 ივნისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: თვალის კაკლის მოწყვეტა, თვალის კაკლის დეგენერაციული მდგომარეობა, ქუთუთოთსა და პერიოკულური არის ღია ჭრილობა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ნახეთქი ნაფლეთოვანი ჭრილობები, ქსოვილის დეფიციტი პერიოკულარულ მიდამოში.“
აღნიშნული სამედიცინო დასკვნის მე-8 გვერდზე აღნიშნულია: სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემები: სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №637/1358 /დედანი/-ის მონაცემებით, მაია გომურის სამედიცინო დახმარების მიზნით აღნიშნული სამედიცინო ცენტრისათვის მიუმართავთ 21.06.2019წ. 01:35სთ. პაციენტს მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოს მიდამოში აღენიშნება ჭრილობების სისხლმდენი შეშუპება, ძლიერი ტკივილი. გადმოცემით, თვალში მოხვდა რეზინის ტყვია, დიაგნოზი: თვალისა და თვალბუდის ტრავმა, დაუზუსტებელი ნაწილის. გადაყვანილია „ნიუ ჰოსპიტალში.“
სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: ჰემატომა სახის არეში, პერიოკულარულად ნახეთქი, ნაფლეთოვანი ჭრილობები, რბილი ქსოვილის დეფიციტით, მარცხნივ თვალბუდის მედიალური (ეთმოდიური წიაღის ლატერალური კედელი) და ქვედა კედლების ფრაგმენტული მოტეხილობა. მოტეხილი ფრაგმენტების მცირედი შეცილებით. ვლინდება ასევე მარცხნივ ცხვირის ძვლის და ცხვირის ძგიდის (ძვლოვანი ნაწილი) ხაზოვანი მოტეხილობა მცირედი შეცილებით.“
სარჩელს ასევე თან ერთვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მითითებულია: 2019 წლის აქციაზე ყოფნის დროს მაია გომურს მარცხენა თვალში მოხვდა რეზინის ტყვია, რის შედეგადაც დაკარგა მხედველობა და მიიღო თვალის კაკლის ჭრილობა...“
ამგვარად, მოსარჩელის მიმართ გავრცელდა სადავო ნორმის მოქმედება. მაია გომურის მიმართ საპროტესტო აქციაზე ნასროლი იქნა რეზინის ტყვია, რის შედეგადაც მარცხენა თვალში მოსარჩელემ დაკარგა თვალის კაკალი და მასთან ერთად მხედველობაც.
ამგვარად, სადავო ნორმები უკვე გავრცელდა მოსარჩელეზე. შესაბამისად, მოსარჩელე, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილია, იდავონ გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობაზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) დავის საგანს წარმოადგენს საკანონმდებლო ნორმატიული აქტი და არ არსებობს იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გასაჩივრების აუცილებლობა
ასევე გასაჩივრებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რაც „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მიზნებისათვის არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, არ არის გამოქვეყნებული „საკანონმდებლო მაცნეში.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მყარად აქვს დადგენილი ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც იგი აფასებს სადავო აქტის სამართლებრივ ბუნებას მის ნორმატიულ თუ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტად მიჩნევის თაობაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-81; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/12/782, 783 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3, 7; საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის N1/4/1691 განჩინება საქმეზე გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ. II-4 ).
საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის ნორმატიული აქტის შინაარსი არ ამოიწურება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დეფინიციით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ფორმით ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი შეიძლება იყოს ნორმატიული ბუნების. „... ნორმის ნორმატიული ხასიათი ვლინდება ადამიანთა ქცევის სავალდებულო რეგულირებაში და განსაზღვრავს ამ ქცევათა მოქმედების ფარგლებს. შესაბამისად, სამართლებრივი დებულება მაშინ არის ნორმატიული ხასიათის მატარებელი, თუ იგი ადგენს ქცევის სავალდებულო წესს, რომელიც კონკრეტული პირის ან პირთა წრის მიმართ ადგენს აკრძალვებს ან პირიქით, ნებას რთავს გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. სამართლებრივი ნორმის სავალდებულო ხასიათი ემსახურება სწორედ ამ ფუნქციების განხორციელებას და მიზნად ისახავს ახალი სამართლებრივი წესრიგის დადგენას მისი მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
„შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №1002 ბრძანების დანართის -„შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ - მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: „.სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს ეკრძალება არალეტალური იარაღისა და არალეტალური ჭურვის გამოყენება ოცი მეტრის დისტანციაზე ახლოს მყოფი პირის წინააღმდეგ, ასევე სხეულის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში (თავი, კისერი, მუცელი, გენეტალიები), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პირთა ჯგუფის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი.“
სადავო ნორმა ადგენს ქცევის ზოგად წესს, რომელიც მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის, განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ, კერძოდ აღნიშნული ნორმა ზოგადად ავადლებულებს პოლიციელს არალეტალური ჭურვი გაისროლოს სამიზნიდან არანაკლებ 20 მეტრის დაშორებით, ეს მოთხოვნა ეხება განუსაზღვრელი რაოდენობის პოლიციელს და ეხება განუსაზღვრელი რაოდენობის დემონსტრანტს, რომელსაც 20 მეტრიდან შესაძლოა არალეტალური ჭურვი შეიძლება მოხდეს. ეს ნორმა გამოყენებული შეიძლება იქნას განუსაზღვრელი რაოდენობის დემონსტრაციაზე, სადაც არალეტალური ჭურვის სროლის აუცილებლობა წარმოიშობა. ამგვარად, სადავო ნორმა ზოგადი და მრავალჯერადი გამოყენებისაა და შესაბამისად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ნორმატიულ აქტად უნდა იქნეს მიჩნეული.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. დავის საგნის იდენტიფიცირება
პირველ რიგში, საჭიროდ ვთვლით იმის განმარტებას, რომ დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმის იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი წესის დაუცველად ისეთი სპეციალური საშუალების გამოყენებას, როგორიცაა არალეტალური იარაღი, არალეტალური ჭურვი. სადავო ნორმაში ნახსენები სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენება არ წარმოადგენს დავის საგანს. დავის საგანს წარმოადგენს შემდეგი საკითხები:
1. სადავო ნორმა ითვალისწინებს ნებისმიერი ტიპის არალეტალური ჭურვის გამოყენებას. სადავო ნორმა არ განსხვავებს და არ ახდენს კლასიფიცირებას არალეტალური ჭურვის სხვადასხვა სახეობას შორის. მაგალითად, სადავო ნორმა არ კრძალავს ისეთი არალეტალური ჭურვის გამოყენებას, როგორიცაა რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ჭურვი.
2. სადავო ნორმა ითვალისწინებს ისეთი არალეტალური იარაღის გამოყენებას, რომელიც ითვალისწინებს ერთდროულად, რამდენიმე ჭურვის გასროლის შესაძლებლობას, როდესაც ერთი გასროლით ერთი პირის მიმართულებით რამდენიმე რეზინის ბურთულა ცვივა.
3. სადავო ნორმა ითვალისწინებს ერთი ჭურვის რიკოშეტის ეფექტით გამოყენების შესაძლებლობას, ანუ სამიზნისათვის ტყვიის არაპირდაპირი სროლის შესაძლებლობას, როდესაც ჭურვი ჯერ მყარ ზედაპირს ხვდება, სადაც ის იფანტება და საფანტი საბოლოოდ აღწევს სამიზნემდე. ამგვარი მეთოდით ტყვიის სროლა უფრო დიდ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე მაშინ ერთი ჭურვი უშუალოდ ადრესატს რომ ხვდებოდეს.
4. სადავო ნორმა ითვალისწინებს ჭურვის გამოყენებას ადამიანის ჯგუფის მიმართ და არა სამიზნედ ერთი კონკრეტული პირის არჩევას, რომელიც სჩადის ძალადობრივ ქმედებას სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა პირების მიმართ
5. მართალია, აკრძალულია არალეტალური ჭურვის სროლა ადამიანის თავის მიმართულებით, სადავო ნორმა არ აკისრებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს ვალდებულებას, არ გამოიყენოს არალეტალური ჭურვი შემაღლებული ადგილიდან ან დრონის მეშვეობით. ამ გზით ჭურვის გამოყენება ზრდის თავის დაზიანების საფრთხეს.
6. სადავო ნორმა, კერძოდ, კი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოთვლის სხვადასხვა სპეციალურ საშუალებას: ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ისე რომ არაფერს არ ამბობს იმაზე, რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ამ საშუალებების გამოყენება. ეს საშუალებები განსხვავდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების ხარისხით. არალეტალურ ჭურვს შეუძლია სამუდამოდ დააკარგვინოს ადამიანს მხედველობა. სხვა სპეციალური საშუალებებსაც გააჩნიათ ჯანმრთელობის დაზიანების რისკები, თუმცა წიწაკის გაზის და აკუსტიკური საშუალებით მიყენებული დაზიანების ხარისხი უფრო მსუბუქია, ვიდრე რეზინის ტყვიით გამოწვეული დაზიანება. სადავო ნორმა არაფერს ამბობს რა თანამიმდევრობით უნდა მოხდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი პოლიციას ანიჭებს იმის უფლებას, რომ მაგალითად, წიწაკის გაზი და აკუსტიკური საშუალება რეზინის ტყვიაზე გვიან გამოიყენოს. ამგვარად, სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან ნაკლებად დამაზიანებელი ალტერნატივების გამოყენება წინ არ უძღვის არალეტალური ჭურვის გამოყენებას. სადავო ნორმა არ ავალდებულებს პოლიციას, არალეტალური ჭურვი მაშინ გამოიყენოს, როდესაც ძალადობის აღსაკვეთად მანამდე უშედეგოდ იქნა გამოყენებული სხვა სპეციალური საშუალებები ან ამ საშუალებების გამოყენება თავიდანვე უვარგისი იქნებოდა ძალადობის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით. ამასთან სადავო ნორმა არ ავალდებულებს პოლიციას, რომ შეწყვიტოს რეზინის ტყვიების გამოყენება, როცა არეულობა იმგვარ კონდიციამდე მივიდა, რომ მასების მართვა ეფექტიანად არის შესაძლებელი ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებებით. მოკლედ, ამ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა მდგომარეობს იმაში, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენება არ არის ultima ratio საშუალება.
7. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის გასაჩივრებული ბრძანების ნორმატიულ შინაარსს, ამ ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის გამოყენებას კონსტიტუციურად მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამგვარი ჭურვისათვის დადგენილი იყოს სროლის არა 20 მეტრიანი მინიმალური მანძილი, არამედ უფრო მეტი - სამიზნიდან მინიმუმ 50 მეტრიანი დისტანცია. რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიისაგან განსხვავებით, სხვა არალეტალურ ჭურვებთან მიმართებაში 20 მეტრიანი მანძილი კონსტიტუციურია და, შესაბამისად, ამ სარჩელით არ არის სადავო.
8. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს რეზინის ტყვიების გამოყენებას იმისათვის, რომ ადამიანმა დატოვოს კონკრეტული ტერიტორია ან სატრანსპორტო საშუალება. რეზინის ტყვიის გამოყენება უნდა ხდებოდეს, როცა პირი ფიზიკურად ძალადობს სხვაზე, როცა ადამიანი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის სხვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია პირის მიმართ არალეტალური ჭურვის გამოყენება. მას შემდეგ, რაც აღკვეთილი იქნება სხვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ქმედება, პოლიციამ უნდა გამოიყენოს ნაკლები ზიანის შემცველი საშუალებები. როდესაც ადამიანს უკავია კონკრეტული ტერიტორია, ისე რომ არ არის შეიარღებული და არავის სიცოცხლეს არ უქმნის საფრთხეს, მის განსადევნად საკმარის იქნება წიწაკის სპრეის ან ცრემლსადენი გაზის გამოყენება. ამ შემთხვევაში რეზინის ტყვიის გამოყენება გაუმართლებელია, ვინაიდან არააუცილებელ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. როცა ადამიანი სატრანსპორტო საშუალებაში უკანონოდ იმყოფება, ისე რომ საფრთხეს არ უქმნის სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, პოლიციამ უნდა გამოიყენოს ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება და ფიზიკური ორთაბრძოლის საშუალებები, რათა ადამიანს დატოვებინოს სხვისი ავტომობილი. რეზინის ტყვიის მოცემულ შემთხვევაში გამოყენება არაპროპორციული საშუალებაა.
9. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს რეზინის ტყვიების გამოყენებას მაშინაც, როცა დასაკავებელი პირის ქმედებით არავითარი საფრთხე არ ექმნება არც პოლიციის, არც გარეშე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობას.
ზემოთ ხსენებული გარანტიების არ არსებობის პირობებში, არალეტალური ჭურვის გამოყენება იწვევს არააუცილებელ ფიზიკურ და სულიერ ზიანს, რაც არ აღემატება იმ სიკეთეს, რის დასაცავადაც ამ საშუალების გამოყენება ხდება, ამის გამო, აღწევს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სიმკაცრის ზღვარს. შესაბამისად, სადავო ნორმები, გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით, შემოწმებული უნდა იქნეს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში.
2. მიმართება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს სპეციალური საშუალებების კონსტიტუციურობის საკითხს. ამ გარემოების გათვალისწინებით, იმის წარმოსაჩენად, რომ ამ საშუალების გადამეტებულ გამოყენებას აქვს მიმართება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ არასათანადო მოპყრობის აკრძალვასთან, გვსურს მოვიყვანოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე KILICI c. TURQUIE (გადაწყვეტილება დაწერილია ფრანგულ ენაზე და ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე https://hudoc.echr.coe.int/?i=001-187829). ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა დემონსტრანტების მიმართ რეზინის ტყვიის გამოყენების საკითხი კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებაში (არასათანადო მოპყრობის აკრძალვა). ეს საქმე პირდაპირ კავშირშია ამ სარჩელის დავის საგანთან.
2009 წლის 16 მარტს სხვადასხვა პროფკავშირული ორგანიზაციის, მათ შორის მომჩივანის ორგანიზაციის, 200-მდე წევრი შეიკრიბა სტამბულში ბეიოღლუს რაიონში, დილის 10 საათზე. დემონსტრანტებს სურდათ ჰალიჩის რაიონში გადაადგილება, სადაც მიმდინარეობდა მე-5 მსოფლიო შრომის ფორუმი. დემონსტრანტები გეგმავდნენ, პრესის თანდასწრებით, თავიანთი პროტესტის გამოხატვას წყლის რესურსების კომერციალიზაციასა და პრივატიზაციასთან დაკავშირებით (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §6 27 novembre 2018)
უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებისაგან მოითხოვეს, არ გაეგრძელებინათ გზა ჰალიჩისკენ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება. სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს მოსთხოვეს, პრესისათვის განცხადება ბეიოღლუს რაიონში გაეკეთებინათ (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §7 27 novembre 2018).
მომჩივანის განმარტებით, დემონსტრანტებმა განცხადება გააკეთეს პრესის თანდასწრებით. ამის შემდეგ ისინი დაშლას აპირებდნენ, როდესაც პოლიციამ დაიწყო დემონსტრაციის დარბევა: პროტესტის მონაწილეთა ხელკეტებით ცემის, მათი მიმართულებით ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების სროლით. დემონსტრანტების ნაწილმა სხეულის დაზიანება მიიღო, ნაწილი კი დააკავეს (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §8 27 novembre 2018).
მომჩივანს მოხვდა რეზინის ტყვია, რამაც სხეულის დაზიანება მიაყენა მას, ტყვიის სხეულში შეღწევის გარეშე (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §9 27 novembre 2018).
იმავე დღეს, ღამის 11 საათზე სამართალდამცავებმა შეადგინეს ინციდენტის შესახებ ოქმი, სადაც აღნიშნული იყო: „დემონსტრანტები შეიკრიბნენ ბეიოღლუს რაიონში. სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცი, რომ დემონსტრანტებს ჰქონდათ იმ ადგილას გადაადგილების განზრახვა, სადაც იმართებოდა ფორუმი. პოლიცია შეეცადა დემონსტრანტებისათვის ხელი შეეშალა ამ ქმედების განხორციელებაში და სთხოვა დემონსტრანტებს, პრესისთვის განცხადება, სადაც იმყოფებოდნენ, იმავე ადგილას გაეკეთებინათ. ამით თავიდან იქნებოდა აცილებული ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების ბლოკირება. დემონსტრანტებმა გააკეთეს განცხადება და, ამის შემდეგ, ისინი დაშლას აპირებდნენ. რამდენიმე ადამიანმა გადაკეტა გზა, დაიწყო ლოზუნგების ხმამაღლა ყვირილი. დემონსტრანტებმა დააპირეს ფორუმის ჩატარების ადგილისაკენ გადაადგილება. პოლიციამ ამ ჯგუფს დაშლისაკენ მოუწოდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. უსაფრთხოების ძალებმა, თავდაპირველად, თავი ფარებით დაიცვეს, შემდეგ კი გაუშვეს წყლის ჭავლი, ამით გზის სავალი ნაწილი სატრანსპორტო საშუალებებს გაუთავისუფლეს ნორმალურ რეჟიმში მოძრაობისათვის (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §10 27 novembre 2018)
ე.წ. „გაფრთხილების ოქმში,“ რაც შედგენილი იქნა შეკრების გამართვის დღეს, დილის 11 საათზე, აღნიშნულია: პოლიციელებმა სთხოვეს ერთ-ერთი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, არ წასულიყვნენ ჰალიჩის რაიონში. ამ მოთხოვნას დაემორჩილა 20-მდე ადამიანი. მათ გააკეთეს პრესასთან განცხადება და დაიშალნენ. დანარჩენი დემონსტრანტები მიუახლოვდნენ ფორუმის ჩატარების ადგილს და დაიწყეს განცხადების კითხვა. დემონსტრაციის დაშლის შესახებ სამართალდამცავთა გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანების განსაზღვრულმა ნაწილმა უარი განაცხადა ტერიტორიის დატოვებაზე. ამის შემდეგ, პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §11 27 novembre 2018).
2009 წლის 17 მარტს მომჩივანი შეამოწმა ბოიოღლუს ექსპერტიზის ინსტიტუტმა, რომლის მიერ შედგენილ დასკვნაში აღნიშნულია: კადრი კილიჩის შემოწმებით დადგინდა, რომ მარცხენა ბეჭიდან 10 სანტიმეტრში აღენიშნება დაახლოებით 3X2 სანტიმეტრის ოვალური ფორმის ზომის დაზიანება და სისხლნაჟღენთები. კადრი კალიჩის განცხადებით, ეს დაზიანება მიიღო რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად. დაზიანება არ არის საშიში სიცოცხლისათვის და მისი მკურნალობა შესაძლებელია მარტივი სამედიცინო ჩარევის შედეგად (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §13 27 novembre 2018).
იმავე დღეს მომჩივანმა მიმართა პროკურატურას. საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა იმის შესახებ, რომ, დემონსტრაციის დაშლისას, მას მოხვდა რეზინის ტყვია და შეისუნთქა ცრემლსადენი გაზი (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §12 27 novembre 2018). 2010 წლის 26 აგვისტოს პროკურატურამ არ დააკმაყოფილა მომჩივანის საჩივარი და არ დაიწყო იმ პოლიციელების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრაციის დაშლაში. პროკურატურის დასკვნით, პროფკავშირების წევრებს სურდათ იმ ადგილას შეკრება და პროტესტის გამართვა, სადაც ფორუმი იმართებოდა. პროკურორის განმარტებით, რეზინის ტყვიის გამოყენება, რაც ემსახურებოდა უკანონო შეკრების დაშლას, ჯდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით დადგენილი ძალის ლეგიტიმური გამოყენების ფარგლებში (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §14 27 novembre 2018) .
მომჩივანი მოითხოვდა მის მიმართ რეზინის ტყვიის გამოყენების საკითხი ევროპულ სასამართლოს შეეფასებინა კონვენციის მე-2 მუხლით გარანტირებულ სიცოცხლის უფლებასთან მიმართებაში. ამის ნაცვლად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიციის მიერ რეზინის ტყვიის გამოყენების საკითხი განიხილა კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის უფლებასთან მიმართებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თქმით: „ევროპული სასამართლო მიუთითებს იმაზე, რომ საჩივარი შედგება ორი ელემენტისაგან: ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი არგუმენტებისაგან. jura novit curia (სასამართლომ კანონი იცის) პრინციპზე დაყრდნობით, ევროპული სასამართლო არ არის შეზღუდული სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მომჩივანის მიერ საჩივარში მითითებული კონვენციის და მისი დამატებითი ოქმების დებულებებით. სასამართლოს, ამისაგან დამოუკიდებლად, შეუძლია სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლოს შეუძლია ფაქტობრივი გარემოებები შეაფასოს კონვენციის იმ დებულებებთან მიმართებაში, რომელიც არ არის ნახსენები საჩივარში (Radomilja and Others v. Croatia [GC], nos. 37685/10 and 22768/12, § 126, 20 March 2018). ევროპული სასამართლო არ გამორიცხავს იმას, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების საკითხი შეფასდეს კონვენციის მე-2 მუხლთან მიმართებაში, ვინაიდან ახლო მანძილიდან ამ საშუალების გამოყენება პოტენციურად საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისათვის. ამის მიუხედავად, ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების და ამ საკითხზე სასამართლოს პრეცედენტული სამართლის (see, in particular, Tzekov v. Bulgaria, no. 45500/99, § 40-44, 23 February 2006) გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლოს უფრო სწორად მიაჩნია, მომჩივანის საჩივრის გამოკვლევა კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც:
„არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასა და სასჯელს.” (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §22 27 novembre 2018)
ამგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ადამიანის მიმართ რეზინის ტყვიის, ისევე როგორც სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხს სწავლობს კონვენციის მე-3 მუხლის ჭრილში. მოსარჩელე მხარე, მოგვიანებით, ქვემოთ, დაუბრუნდება KILICI c. TURQUIE წინააღმდეგ საქმეს, იმის გასარკვევად, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო იმისათვის, რომ რეზინის ტყვიით ადამიანის დაზიანება არ ჩაითვალოს არასათანადო მოპყრობად, ამჯერად გვსურს განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 8 ოქტომბერს მიღებულ N2/4/532,533 გადაწყვეტილებაში საქმეზე ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იმსჯელა უსაფრთხოების მიზნით ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებული პირის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ყოველ ადამიანს იცავს ფიზიკურ და ფსიქიკურ ხელშეუხებლობაში ჩარევის ისეთი მძიმე ფორმებისაგან როგორებიცაა: წამება, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუცია ეხმიანება საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და უნივერსალურ გადაწყვეტილებას წამების აკრძალვის შესახებ (mutatis mutandis საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის N2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის, წინააღმდეგ II-177).
მოპყრობამ განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ იგი შეფასდეს როგორც არაჰუმანური მოპყრობა. მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე. ზოგიერთ შემთხვევაში ასევე ყურადსაღებია პირის სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ზოგადი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის N2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის, წინააღმდეგ II-180). პატივისა და ღირსების შემლახავია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, ძლიერ ტკივილს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხვას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის N2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის, წინააღმდეგ II-181).კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის უფლება თავისი შინაარსით აბსოლუტური უფლებაა და მასში ჩარევა, იმის მიუხედავად, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ხორციელდება იგი, დაუშვებელია ნებისმიერ დროსა და ვითარებაში (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის N2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის, წინააღმდეგ II-186).
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ 2018 წლის 26 ივლისის N2/4/665,683 გადაწყვეტილებაში მიუთითა რომ ცალკეული მოპყრობა, რომელიც ემსახურება გარკვეულ ლეგიტიმურ მიზანს და გამოწვეულია აუცილებლობით, per se არ უნდა ჩაითვალოს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის N2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ II-18) ამ გადაწყვეტილების მიხედვით, უსაფრთხოების ღონისძიება არასათანადო მოპყრობად მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა ეს მოპყრობა არავითარი ობიექტური აუცილებლობით არ არის ნაკარნახევი. იმისათვის, რომ უსაფრთხოების ღონისძიება არ ჩაითვალოს არასათანადო მოპყრობად, ხშირად აუცილებელია, სახელმწიფომ დაასაბუთოს ის, რომ ამ ღონისძიების გატარება არ არის თვითმიზნური, გამოწვეულია ობიექტური საჭიროებით. უსაფრთხოების ღონისძიება, რომელიც თვითმიზნურია ან გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად შერჩეული ღონისძიება არათანაზომიერი ინტენსივობით, ქმნის პირის მიმართ დისკომფორტის, სირცხვილისა და დამცირების შეგრძნებას, ამგვარი უსაფრთხოების ღონისძიება იქცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ ქმედებად (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის N2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ II-19, 20).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი აბსოლუტურად კრძალავს წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში თანაზომიერების პრინციპის გამოყენება და სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიების ლეგიტიმური მიზნების, გამოსადეგობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება ემსახურება იმის იდენტიფიცირებას, ხომ არ ხდება ღონისძიების გამოყენება ობიექტური საფუძვლის გარეშე (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის N2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ II-19, 20).
რეზინის ტყვიების (ე.წ, არალეტალური ჭურვი) გამოყენება, როცა ემსახურება ძალადობის აღკვეთის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, არის ამ მიზნის მისაღწევად, გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიება, არ ჩაითვლება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. იმ შემთხვევაში კი, თუ რეზინის ტყვიის გამოყენება იმაზე მეტ ზიანს იწვევს, რომ აღემატება საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მისი გამოყენებით მიღებულ სარგებელს (კანონმდებლობა უშვებს რეზინის ტყვიის იმგვარ არადისკრიმინაციულ გამოყენებას, რომ ძალადობრივი ქმედების ჩამდენ პირთან ერთად დაზიანდეს შემთხვევით ძალადობის ჩადენის ადგილას მოხვედრილი პირი, რომელიც არ მონაწილეობს ძალადობრივ ქმედებაში), არსებობს ძალადობრივი ქმედების აღკვეთის ნაკლებ ზიანის მომტანი ალტერნატივები (წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, აკუსტიკური საშუალება, რომელიც ისეთივე ეფექტიანობით უზრუნველყოფს ძალადობის აღკვეთას, როგორც რეზინის ტყვია), ასეთ შემთხვევაში რეზინის ტყვიის გამოყენება ჩაითვლება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად, ვინაიდან არ არსებობს მათი გამოყენების ობიექტური აუცილებლობა. ამით კი ადგილი ექნება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. შემდეგ თავში უნდა გავარკვიოთ, რა მოთხოვნების დაცვაა აუცილებელი იმისათვის, რომ რეზინის ტყვიის გამოყენება, ობიექტური აუცილებლობით იყოს გამოწვეული და მისმა გამოყენებამ არ დაარიოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი.
3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში KILICI c. TURQUIE დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა რეზინის ტყვიების გამოყენების გამო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასაბუთება იყო შემდეგნაირი: „ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბოიოღლუს რაიონში დაწყებული დემონსტრაცია იყო მშვიდობიანი. რამდენიმე პროფკავშირული ორგანიზაცია გაერთიანდა იმისათვის, რომ პროტესტი გამოეხატათ შრომის საერთაშორისო ფორუმის მიმდინარეობისას. როდესაც დემონსტრანტები მიემართებოდნენ, ჰალიჩის რაიონში, იმ ადგილისაკენ, სადაც ფორუმი იმართებოდა, პოლიციამ სთხოვა დემონსტრანტებს, აღარ გაეგრძელებინათ გზა, განცხადება პრესისათვის ადგილზე გაეკეთებინათ, ვინაიდან ფორუმის ჩატარების ადგილთან მიახლოება გამოიწვევდა ავტომობილების გადაადგილების და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეფერხებას. დემონსტრანტების გარკვეული ნაწილი, დაემორჩილა ამ მოთხოვნას, მათ იქვე წაიკითხეს განცხადება პრესისათვის და დაიშალნენ. მომჩივანის ჩათვლით, დემონსტრანტების მეორე ჯგუფი მიუახლოვდა აკრძალულ ადგილს. მათ გააკეთეს განცხადება. ამის შემდეგ დაიწყო ამ აქციის დაშლა. დემონსტრანტების ნაწილი ყვიროდა ლოზუნგებს და პოლიციას, რომელიც დემონსტრანტებს ხელს უშლიდა გადაადგილებაში, ესროდა ქვებს. არ არის დადგენილი ის და ამასთან დაკავშირებით, არც ეჭვი არსებობს, რომ მომჩივანი აქტიურად იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §28 27 novembre 2018)
ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ მომჩივანი მსუბუქად დაზიანდა რეზინის ტყვიის გამოყენების შედეგად. რეზინის ტყვიის გამოყენებამ გამოიწვია სისხლნაჟღენთები და დაზიანება ბეჭის არეში (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §29 27 novembre 2018).
ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რაც დაადასტურა პროკურატურამ და სადავოდ არ ხდის მთავრობა - მომჩივანი დაზიანდა პოლიციის მიერ რეზინის ტყვიის სროლის შედეგად. საქმის მასალები დუმს იმასთან დაკავშირებით, როგორ დაშალა პოლიციამ დემონსტრაცია. ინციდენტის ოქმი, რაც შედგა აქციის დაშლის შემდეგ, არ მიუთითებს იმის თაობაზე, რომ პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები ან ცრემლსადენი გაზი. ეს ოქმი ასევე არაფერს ამბობს იმის შესახებ, რა წესის დაცვით გამოიყენა პოლიციამ მის ხელთ არსებული საშუალებები შეკრების დასაშლელად. ოქმი, კონკრეტიკის გარეშე, მიუთითებს იმის თაობაზე, რომ პოლიციამ ჯერ თავის დასაცავად ფარები გამოიყენა, ხოლო შემდეგ დემონსტრანტების მისამართით წყლის ჭავლი გაუშვა (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §30 27 novembre 2018).
სხვა სიტყვებით, ევროპულმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საკითხი, პოლიციის ქმედება, რაც სრულად არ იყო აღწერილი ოფიციალურ დოკუმენტებში, რამდენად შეესაბამება კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §31 27 novembre 2018)
მართალია, აღნიშნულ საქმეში რეზინის ტყვიით მიყენებული დაზიანება იყო შედარებით მსუბუქი, ფაქტია ის რომ ამ სპეციალური საშუალების საშიშროება ეჭვს არ იწვევს. დაზიანების ხარისხის მიუხედავად, მომჩივანი სხეულის მძიმე დაზიანების რისკის წინაშე იდგა. ცრემლსადენი გაზის კაფსულის სროლის მსგავსად (Abdullah Yaşa and Others, cited above, § 43), რეზინის ტყვიის არასათანადოდ გამოყენების შედეგად ადამიანს შეიძლება მიადგეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამ გარემოების გათვალისწინებით, ევროპული სასამართლო თვლის, რომ მომჩივანის დაზიანების გათვალისწინებით, საკმარისია საკითხის კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებაში შესაფასებლად(Gäfgen c. Allemagne [GC], no 22978/05, § 88, CEDH 2010) (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §32 27 novembre 2018).
ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, იმისათვის, რომ პოლიციის ამგვარი ქმედება იყოს კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისი, საპოლიციო ოპერაცია, რეზინის ტყვიის გამოყენების ჩათვლით, არა მარტო ნებადართული უნდა იყოს ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, არამედ კანონმა სათანადო სიზუსტით უნდა განსაზღვროს რეზინის ტყვიის გამოყენების შემთხვევები. სამართლებრივი ჩარჩო უნდა იძლეოდეს თვითნებობისაგან, ძალის გადამეტებული გამოყენებისა და თავიდან აცილებადი უბედური შემთხვევების გამორიცხვის ადეკვატურ და ეფექტიან გარანტიებს (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §33 27 novembre 2018).
ამის მიუხედავად, მთავრობას არ მიუთითებია რაიმე სამართლებრივი დებულებაზე, რაც დემონსტრაციაზე სპეციფიკურად რეზინის ტყვიების გამოყენებას არეგულირებდა ან რაიმე დირექტივა, სადაც გაწერილი იყო ამ საშუალების გამოყენების მეთოდები (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §34 27 novembre 2018)
დემონსტრაციის დროს რეზინის ტყვიის გამოყენების ადეკვატური მარეგულირებელი ჩარჩოს და იმავე დღეს შედგენილ პოლიციის ოქმში ამ საშუალების გამოყენების თაობაზე მითითების არარსებობის გამო, ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ პოლიცია მოქმედებდა კონკრეტული ინსტრუქციის გარეშე, ფართო ავტონომიის პირობებში. სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ საკანონმდებლო დებულებები, რაც განსაზღვრავს პოლიციის უფლებამოსილებას - გამოიყენოს ძალა - თავისთავად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პოლიციელმა რეზინის ტყვიები ისროლოს, თუკი არ არსებობს კონკრეტული რეგულაციები, რომლითაც ხდება ხელმძღვანელობა ამ ტიპის სპეციალური საშუალების გამოყენებისას. ევროპული სასამართლო თვლის, რომ ამგვარი ვითარება არ იძლევა საშუალებას თანამედროვე ევროპის დემოკრატიულ საზოგადოებაში ინდივიდის ფიზიკური ხელშეუხებლობის სათანადო დონეზე დაცვისათვის (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §35 27 novembre 2018).
ევროპული სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მომჩივანის საჩივარი პროკურატურამ ისე არ დააკმაყოფილა, რომ არ უპასუხა მომჩივანის მთავარ კითხვებს, რაც ეხებოდა რეზინის ტყვიების გამოყენებას. ამასთან პროკურორს არავითარი საგამოძიებო მოქმედება არ განუხორციელებია. პროკურორი შემოიფარგლა იმით, რომ მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, სამართალდამცავები მოქმედებდნენ ლეგიტიმური ძალის გამოყენების კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ პროკურორის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რეზინის ტყვიის ტიპი, რაც პოლიციამ დემონსტრაციის დაშლისას გამოიყენა ან რა ტიპის იარაღიდან მოხდა ამ ტყვიის გასროლა. მთავრობას არ აუხსნია, როგორ მოხდა სამართალდამცავების ხელთ არსებული რეზინის ტყვიის სროლა. ამის გამო, ევროპული სასამართლო თვლის, რომ ხელისუფლების შიდა ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიება აშკარად ხარვეზიანია (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §36 27 novembre 2018).
ბოლოს, პროკურატურას არ უცდია იმის გარკვევა, პოლიციის მიერ ძალის გამოყენება რამდენად იყო მკაცრად აუცილებელი მომჩივანის ქცევიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს იმაზე, რომ მართალია, უამრავი ადამიანი იქნა დაკავებული ძალადობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, მომჩივანი არც დაუკავებიათ და არც ბრალი წაუყენებიათ დემონსტრაციაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენისათვის (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §37 27 novembre 2018).
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ევროპული სასამართლო თვლის, რომ მომჩივანის მიმართ ძალის გამოყენება, ზემოთ განხილულ გარემოებებში, არ იყო სიტუაციაზე ადეკვატური პასუხი, კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე. ძალის გამოყენება არ იყო პროპორციული იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც საჭირო იყო შეკრების დაშლა. ამის მსგავსად, მე-3 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა ის, რომ გამოძიება არ იყო სრულყოფილი და ეფექტიანი (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §38 27 novembre 2018).
ეს გარემოებები საკმარისია იმისათვის, რათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §39 27 novembre 2018).
ამ გადაწყვეტილებაში იკვეთება შემდეგი პრინციპები, რისი დაცვაც სახელმწიფოს ევალება:
1. ქვეყნის შიდა კანონმდებლობა არა მარტო უნდა ითვალისწინებდეს რეზინის ტყვიის გამოყენების შესაძლებლობას, არამედ დეტალურად უნდა განსაზღვრავდეს მისი გამოყენების შემთხვევებს და მეთოდებს, რათა პოლიციელებს არ ჰქონდეთ ამ საშუალებების გამოყენებისას თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა. არ არის აუცილებელი ეს წესები გაწერილი იყოს მაინცდამაინც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში. ვინაიდან საქმე ეხება რეზინის ტყვიის სროლის მეთოდს, სახეზეა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია. შემდგომში ვისაუბრებთ იმაზე, რეზინის ტყვიები საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, თითქმის წარმოუდგენელია ყოველი ტიპის რეზინის ტყვიის სწორად გამოყენების ინსტრუქციის კანონით დადგენა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ტექნიკური პროგრესის კვალდაკვალ რეზინის ტყვიის და მისი სასროლი საშუალების ტექნიკა მუდმივად იხვეწება. ამიტომ საკმარისია რეზინის ტყვიის სროლის ტექნიკა და მეთოდები იყოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული. იმ პირობებში, როდესაც პოლიციის მიერ რეზინის ტყვიის გამოყენების უფლებამოსილება უნდა იყოს განსაზღვრული კანონით, როგორ მოხდება ამ საშუალების უსაფრთხოდ ან მინიმალური რისკის ფასად გამოყენება, ეს საკითხი უნდა განისაზღვროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. რეზინის ტყვიის მინიმალური რისკის ფასად გამოყენების საკითხი უნდა იყოს მოწესრიგებული აღმასრულებელი ხელისუფლების აქტებით, რათა პოლიციას შეკრების დაშლისას არ მიეცეს საკუთარი მიხედულებით, თვითნებურად მოქმედების შესაძლებლობა. ჩვენს შემთხვევაში, რეზინის ტყვიის (არალეტალური ჭურვის) გამოყენების შემთხვევები განსაზღვრულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეზინის ტყვიის სროლის მეთოდოლოგია დადგენილია შინაგან საქმეთა მინისტრის 1002-ე ბრძანებით. მისასალმებელია ის, რომ ეს ბრძანება უკრძალავს პოლიციას, არალეტალური იარაღის დამიზნებას თავის, კისრის, მუცლის, გენეტალიების მიმართულებით. თუმცა ეს გარანტიები არასაკმარისია არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს შემაღლებული ადგილიდან ან დრონით რეზინის ტყვიის სროლის შესაძლებლობა, რაც დააზიანებს ისეთ ორგანოს, როგორიცაა თავი.
2. ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ასევე მნიშნელოვანია აქციის დაშლისას რეზინის ტყვიის ნაკლები ზიანის მომტანი ტიპის შერჩევა. სახელმწიფომ რეზინის ტყვიის მრავალი სახეობიდან მხოლოდ ისეთი რეზინის ტყვია უნდა შეარჩიოს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ძალადობის აღკვეთას, მეორეს მხრივ, არ მიაყენებს ადამიანს სხეულის შეუქცევად დაზიანებას ან არ გამოიწვევს სამიზნე პირის სიკვდილს. რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვია ლეტალური ტყვიის კატეგორიას წარმოადგენს და ამგვარი ტყვია სახელმწიფომ უნდა აკრძალოს. სახელმწიფოს ამასთან ყველაზე ნაკლები რისკის მქონე რეზინის ტყვია უნდა ისროლოს უსაფრთხოდ, მაგალითად, უნდა აიკრძალოს ისეთი არალეტალური იარაღის გამოყენება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე რეზინის ბურთულას ისვრის. ასევე უნდა აიკრძალოს არალეტალური ჭურვის სროლა სამიზნისათვის არაპირდაპირ, რიკოშეტის ეფექტით (ჯერ მყარ ზედაპირზე, სადაც ტყვია იშლება, ხოლო შემდეგ საფანტის სამიზნისათვის მოხვედრის გზით).
3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ევალება რეზინის ტყვიის სამიზნედ იმ პირის ინდივიდუალურად ამორჩევა, რომელიც ძალადობრივ ქმედებას ჩადის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თურქეთს დარღვევა დაუდგინა იმის გამო, რომ ბატონი კილიჩი, ვისაც რეზინის ტყვია მოხვდა, არ იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში. რეზინის ტყვიის სროლისას, თოფი მიმართული უნდა იყოს ძალადობრივი ქმედების ჩამდენი ერთი კონკრეტული პირის მიმართ, ინდივიდუალურად და არა ჯგუფის მიმართ, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება ჩადიოდეს ძალადობას, სხვები სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ. ამასთან დაკავშირებით, მხედველობაშია მისაღები, შინაგან საქმეთა მინისტრის №1002 ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც არაფერს ამბობს არალეტალური იარაღით პირთა ჯგუფის სამიზნედ ამოღების აკრძალვაზე და, არალეტალური თოფის მხოლოდ ძალადობის ჩამდენი ინდივიდისათვის დამიზნების აუცილებლობაზე. ამგვარი რეგულაციის არ არსებობა აჩენს იმგვარ რისკებს, რომ ადამიანმა, რომელიც ჩართული არ არის ძალადობაში და საპოლიციო ოპერაციის ჩატარების ადგილას შემთხვევით გაიარა, რეზინის ტყვიის სროლის გამო, დაკარგოს მხედველობა, მხოლოდ იმის გამო, რომ არასწორ დროს, არასწორ ადგილას მოხვდა.
შემდგომ თავებში განხილული იქნება საერთაშორისო სამთავრობო და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნები ნაკლებად ლეტალურ - კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის მახასიათებელზე, ასევე მისი სწორი გამოყენების თაობაზე. ეს დასკვნები პირდაპირ კავშირშია დავის საგანთან, ვინაიდან მიუთითებს იმაზე, რა მეთოდების გამოყენებით უნდა იყოს ნასროლი რეზინის ტყვია იმისათვის, რომ ეს ქმედება არ გაუთანაბრდეს არასათანადო მოპყრობას.
4. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის რაობა და მისი მახასიათებლები
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზემოთ ხსენებულ კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ საქმეში მიუთითებს, რეზინის ტყვიის ახლო მანძილიდან სროლამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი (KILICI c. TURQUIE no 32738/11 §22 27 novembre 2018). ამგვარი დასკვნის საპირისპიროდ, როგორც „პოლიციის შესახებ“ კანონი, ისე შინაგან საქმეთა მინისტრის №1002 ბრძანება რეზინის ტყვიას დაჟინებით მოიხსენიებს, როგორც „არალეტალურ ჭურვს,“ ხოლო იმ საშუალებას, საიდანაც ამ ჭურვის გასროლა ხდება „არალეტალურ იარაღს.“ თავისთავად არალოგიკურია, როცა ესა თუ ის სპეციალური საშუალება იწვევს ადამიანის სიკვდილს, რამდენად სწორია მისი მოხსენიება, როგორც „არალეტალური ჭურვის“ ან „არალეტალური იარაღის?“ შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერმინოლოგია მოძველებულია. ქვემოთ ჩვენ დავინახავთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ისეთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა Amnesty International და Omega; „ექიმები ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR) და სამოქალაქო თავისუფლებების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი (INCLO) რეზინის ტყვიებს, იგივე კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვებს, უწოდებენ „ნაკლებად ლეტალურ ჭურვებს“ და არა „არალეტალურ ჭურვებს.“ ეს არის ამ ტყვიების საყოველთაოდ მიღებული დასახელება და არა „არალეტალური ჭურვი,“ როგორც ეს სადავო ნორმაშია მოხსენიებული. ბუნებაში არ არსებობს ჭურვი, რომელიც არალეტალურია, უბრალოდ რეზინის ტყვია, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიისაგან განსხვავებით, „ნაკლებად ლეტალურია.“ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ეს არის ფართოდ დამკვიდრებული მიდგომა.
„სამართალდამცავი საქმიანობისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სახელმძღვანელო დებულებების 7.5.1 პუნქტის მიხედვით, კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვებით სამართალდამცავი ორგანოები ებრძვიან ძალადობრივი ქმედების ჩამდენ პირს. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი არის ცეცხლსასროლი იარაღის ნაკლებად ლეტალური ალტერნატივა. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების აღსაწერად სხვადასხვა სახელწოდება გამოიყენება: მაგალითად, რეზინის ტყვიები, პლასტიკური ტყვიები, ზემოქმედების მომხდენი ბურთულები, რეზინის ბურთულები ან მარცვლის ჩანთები.[1]
არასამთავრობო ორგანიზაციების „ექიმები ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR) და სამოქალაქო თავისუფლებების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის (INCLO) 2016 წლის ანგარიშში - „ლეტალურად შენიღბული: მასების კონტროლის საშუალებების შედეგები“ - აღნიშნულია: მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მწარმოებლებმა ამჟამად შექმნეს ერთმანეთისაგან განსხვავებული ტყვია და მისი სროლის საშუალება“ ამავე ანგარიშში ნათქვამია: ჭურვები იქმნება რეზინის, პლასტმასის, პოლივინილის ქლორიდის, სხვადასხვა მეტალის მათ შორის, ტყვიის, ფოლადის, ხის, ნაჭრის, ცვილის კომბინაციისაგან. ზოგიერთი ტყვია გამიზნულია ერთჯერადი სროლისათვის, როგორც ერთადერთი ჭურვი, ეს მაშინ, როცა სხვა იარაღი ერთდროულად ისვრის ბურთულების ჯგუფს. ამ უკანასკნელს განეკუთვნება ისეთი მცირე და საშუალო ზომის ბურთულები, რომლებიც გასროლის შემთხვევაში, იფანტება ფართო მანძილზე. კინეტიკური ზემოქმედების ტყვიების ჯგუფს მიეკუთვნება ე.წ. „მარცვლების ჩანთა“ (Bean Bag Rounds). ამ შემთხვევაში სინთეტიკური მასალის ჩანთაში განთავსებულია რამდენიმე ტყვიის ბურთულა. არალეტალური იარაღის ახალ სახეობას წარმოადგენს ჭურვები, რომლის გარე გარსი გაჟღენთილია ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპერით, რაც მოქმედებაში მოყვანისთანავე ფეთქდება. ასევე აღსანიშნავია „სუსტი ენერგიის მქონე ჭურვები,“ ჩაზნექილი ზედაპირის მქონე ვაზნა, რაც ამცირებს რიკოშეტის და ორგანიზმში შეღწევის რისკებს.[2]
არასამთავრობო ორგანიზაციების, „ექიმები ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR) და სამოქალაქო თავისუფლებების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის (INCLO) 2016 წლის ანგარიშში „ლეტალურად შენიღბული: მასების კონტროლის საშუალებების შედეგები“ ასევე აღნიშნულია: კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი ერთმანეთისაგან განსხვავდება ტყვიისა და მისი სასროლი ლულის სახეობის მიხედვით. არსებობს მაღალი და დაბალი ენერგიის, მოქნილი და ხისტი, ერთჯერადი და მრავალჯერადი, პირდაპირი და არაპირდაპირი სროლის ნაკლებად ლეტალური იარაღი. გლობალურად მასების კონტროლი ჩვეულებრივ მოიცავს შემდეგ საშუალებებს: რეზინის ტყვიებს, პლასტიკურ ტყვიებს, მარცვლის ჩანთას, მცირე ზომის საფანტს, დიდი ზომის საფანტს, რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიას და ნაჭრის ღრუბელში გახვეულ ტყვიას.[3]
კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის ძალა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორის მის ზომასა და სისწრაფეზე; ასევე ჭურვის გარეგნულ მახასიათებელზე, მისი შესაძლებლობაზე - დაიშალოს ნაწილებად-; ერთდროულად გასროლილი ჭურვების რაოდენობაზე; იმ მიმართულებაზე, რომლისკენაც ჭურვები იქნა გასროლილი. ყველა ეს გარემოება გავლენას ახდენს ჭურვის ფუნქციაზე. ჭურვს შესაძლოა ჰქონდეს ფართო ზედაპირი, რაც გამორიცხავს მისი კანში შეღწევის შესაძლებლობას ან მსუბუქი ობიექტი, რომელიც ამცირებს ჭურვის ფრენის სიჩქარეს. ლულას ან თოფს განსაზღვრული სიჩქარით მოქმედებაში მოჰყავს ჭურვი, უცვლის მას მიმართულებას, რათა შეამციროს მისი ზემოქმედება სამიზნეზე ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარი ჭურვის გასროლა ხდება ისეთივე ლულიდან, რაც ცეცხლსასროლ იარაღს გააჩნია. ამის გამო, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის ახლო მანძილზე სროლა შეიცავს ჯანმრთელობის დაზიანების იმავე რისკებს, რაც ცეცხლსასროლ იარაღს გააჩნია. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გაშლილ ზედაპირზე კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის გასროლა ამცირებს მისი კანში შეღწევის რისკებს, ამის მიუხედავად, იზრდება სწორი სამიზნისაგან ტყვიის აცილების რისკი. მაშინ როცა კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები ლეტალური შეიძლება იყოს ახლო მანძილიდან სროლის შემთხვევაში, არასწორი და განურჩეველი ზიანის გამომწვევია უფრო დიდ მანძილზე სროლისას, მწარმოებლების მიერ გაწეული უსაფრთხოების რეკომენდაციების მიუხედავად. [4]
კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს ან უსაფრთხოების ძალებს სიტუაციაზე, ინდივიდზე ან ადამიანთა ჯგუფზე კონტროლის აღდგენის შესაძლებლობას. იმავდროულად, ამ საშუალების გამოყენებით მცირდება სიკვდილის საფრთხე. თოფის ან ტყვიის მახასიათებელმა უნდა შეზღუდოს ჭურვის კანში შეღწევის რისკები ან სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. ამის მიუხედავად, დიზაინი, რომელიც უზრუნველყოფს ჭურვის შენელებას იმ დრომდე, ვიდრე ის ადამიანს მოხვდება, ამ საშუალებას არაზუსტს ხდის (ტყვია სამიზნემდე ვერ აღწევს). ტრადიციული ტყვიისაგან განსხვავებით, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი არის უცნაური ფორმის ან ზომის. მაშინ როცა ცეცხლსასროლი იარაღისაგან გამოტყორცნილი ტყვია დაფრინავს ერთ ხაზზე, რეზინის ტყვია სროლისას აკეთებს ზევით-ქვევით მოძრაობებს. მარტივად რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი ანელებს მოძრაობას (რათა შეამციროს კანში შეღწევის საფრთხე), სწორი სამიზნისათვის მისი მოხვედრის შანსი მცირდება.[5] „სამართალდამცავი საქმიანობისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სახელმძღვანელო დებულებების მიხედვით, ადამიანის ტანისათვის კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის სროლა იწვევს სასიცოცხლო ორგანოების დაზიანებას. ახლო მანძილიდან სროლა იწვევს ტყვიის სხეულში შეღწევის საფრთხეს.[6]
„სამართალდამცავი საქმიანობისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სახელმძღვანელო დებულებების 7.5.4 პუნქტის მიხედვით, ზოგიერთი ჭურვი ძალიან არაზუსტია მიწვდეს მიზანს. საერთაშორისო სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, ჭურვი უნდა ხვდებოდეს ადამიანს დამიზნების წერტილიდან 10 სანტიმეტრ დიამეტრის ფარგლებში, როდესაც სროლა განსაზღვრული მანძილიდან ხდება. ზედაპირიდან ასხლეტილი ჭურვები იწვევს ჯანმრთელობის დაზიანების დაუშვებელ რისკებს, მისი უზუსტობის გამო.[7]
Amnesty International-ის და Omega-ს ერთობლივ კვლევაში აღნიშნულია: „კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი მოიცავს პლასტიკურ და რეზინის ტყვიებს, სხვაგვარ ჭურვებს, მათ შორის „მარცვლის ჩანთას“.[8] ამავე კვლევის თანახმად, შედეგების თვალსაზრისით, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი წარმოშობს ბლაგვ ტრავმას (სხეულში შეღწევის გარეშე). ჭურვმა სამიზნემდე შეიძლება მიაღწიოს როგორც პირდაპირი გასროლით, ისე არაპირდაპირ (ე,წ. ასხლეტის) გზით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ტყვია ეცემა სამიზნის წინ და იფანტება.[9]
Amnesty International-ის და Omega-ს ერთობლივ კვლევაში აღნიშნულია: რეზინის ტყვიის მოხვედრა იწვევს ბლაგვ ტრავმას. ბლაგვი ტრავმა გამოიხატება სხეულზე, ჭურვის მოხვედრის ადგილას სისხლნაჟღენთებით. ამ ჭურვის მოხვედრის შედეგად მიღებული უფრო მძიმე დაზიანებებია: ნახეთქი ჭრილობები, ძვლის მოტეხილობები, კონტუზია, დაზიანებები თავის არეში, შიდა ორგანოების დაზიანება, სისხლდენა. გასროლილ ჭურვს შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიკვდილი. ამგვარი შედეგი დგება ჭურვის ახლო მანძილიდან სროლის შემთხვევაში ან თუკი ჭურვის სამიზნეა სხეულის მგრძნობიარე ნაწილები: თავი, გულმკერდი და მუცელი. მწარმოებლის ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვის მიუხედავად, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე და სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. მცირე ზომის ჭურვი ზრდის თვალის დაზიანების, თვალსა და კანში შეღწევის რისკებს.[10]
„სამართალდამცავი საქმიანობისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელო დებულებების 7.5.3 პუნქტის მიხედვით, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის სროლამ სახისა და თავის მიმართულებით შეიძლება გამოიწვიოს თავის ქალის მოტეხილობა და ტვინის დაზიანება, თვალის დაზიანება, მხედველობის სამუდამოდ დაკარგვის ჩათვლით, ასევე სიკვდილი.
მას შემდეგ, რაც დავადგინეთ, რას წარმოადგენს სადავო ნორმაში ჩაწერილი სიტყვები „არალეტალური იარაღი“ და „არალეტალური ჭურვი“ უნდა განვიხილოთ, თითქმის ის იდენტური სტანდარტები, რაც შემოთავაზებულია საერთაშორისო სამთავრობო და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის გამოყენებისას. ეს არის სტანდარტები, რასაც არ აკმაყოფილებს სადავო ნორმები.
5. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სტანდარტები
„სამართალდამცავი საქმიანობისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელო დებულებების 7.5.3 პუნქტის მიხედვით, შეკრების დროს ჰაერიდან ან ამაღლებული ადგილიდან კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის სროლა შეიცავს დემონსტრანტებისათვის მისი თავში მოხვედრის რისკს.[11]
„სამართალდამცავი საქმიანობისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სახელმძღვანელო დებულებების 7.5.5 პუნქტის თანახმად, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის სროლა არ უნდა მოხდეს ავტომატური ჯერით.[12]
„სამართალდამცავი საქმიანობისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სახელმძღვანელო დებულებების 7.5.6 პუნქტის თანახმად, კინეტიკური ძალის ჭურვის ერთდროული გასროლა იძლევა სამიზნისაგან მისი აცილების და მისი სხვისთვის მოხვედრის შესაძლებლობას და ამგვარი სროლა არ პასუხობს აუცილებლობის და პროპორციულობის მოთხოვნებს. ამგვარ თოფებში მოთავსებული მეტალის ბურთულები არ უნდა იქნეს გასროლილი. [13]
„სამართალდამცავი საქმიანობისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სახელმძღვანელო დებულებების 7.5.8 პუნქტის თანახმად, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები არ უნდა იქნეს დამიზნებული თავის, სახის და კისრის არეში. რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიები არის განსაკუთრებით საშიში და მისი გამოყენება არ უნდა ხდებოდეს.
შეიძლება ითქვას, რომ ამ მოთხოვნებიდან, საქართველოს კანონმდებლობა მხოლოდ სახელმძღვანელო დებულებების 7.5.8 პუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ისიც ნაწილობრივ. შინაგან საქმეთა მინისტრის 1002-ე ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს ნაკლებად ლეტალური ჭურვის სროლას თავის, სახის და კისრის არეში. სხვა მხრივ, ამ სახელმძღვანელო დებულების მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული. საქართველოს კანონმდებლობით, არ არის აკრძალული რეზინის ტყვიების ავტომატური ჯერით სროლა, შემაღლებული ადგილიდან რეზინის ტყვიის სროლა, რამდენიმე კინეტიკური ძალის ჭურვის ერთდროულად გასროლა. საქართველოს კანონმდებლობით, ცხადად არ არის აკრძალული რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის სროლა და სადავო ნორმაში ჩაწერილ „არალეტალურ ჭურვში“ ეს საშუალებაც უეჭველად იგულისხმება, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმა არავითარ განსხვავებას არ აკეთებს „არალეტალურ ჭურვებს“ შორის.
6. Amnesty International-ის და Omega-ს სტანდარტები კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებთან დაკავშირებით
Amnesty International-ის და Omega-ს ერთობლივ კვლევაში რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით მოცემულია შემდეგი რეკომენდაციები: იარაღი, რაც ერთდროულად უამრავ ჭურვის ისვრის, უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ასეთი საშუალება არაზუსტია, განურჩევლად ხვდება ადამიანებს (მათ შორის ადგილზე შემთხვევით მოხვედრილ თვითმხილველს) და მისი გამოყენება თვითნებურია. რაც შეეხება სხვა ტიპის ჭურვებს, რაც ასევე არაზუსტია და გააჩნია გადამეტებული ზემოქმედების ენერგია (რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვია), მათი უსაფრთხო გამოყენება შეუძლებელია. Amnesty International and Omega-ს რეკომენდაციას წარმოადგენს ამგვარი ტიპის ჭურვების აკრძალვა. სხვა ტიპის ტყვიების გამოყენება, Amnesty International and Omega-ს აზრით, დასაშვებია. ამისათვის კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენება მკაცრად უნდა იყოს შემოფარგლული იმგვარ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს არეულობას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანებს. კინეტიკური ზემოქმედების ტყვიის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს ძალადობის შეჩერებასა და აღკვეთას. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის გამოყენება უნდა ხდებოდეს მაშინ, როცა ნაკლებად მკაცრი საშუალება უვარგისი საშუალებაა მიზნის მისაღწევად. ჭურვი ფრთხილად უნდა იყოს შერჩეული და მისი ზუსტი სამიზნე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უშუალოდ არის ჩაბმული ძალადობაში, ამის მიუხედავად, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი არ უნდა იქნეს დამიზნებული თავის, სხეულის ზედა ნაწილის და საზარდულის მიდამოში. მსროლელმა განზრახ ისე არ უნდა ისროლოს ტყვია, რომ სამიზნისათვის მოხვედრამდე მყარ ზედაპირზე დაცემის შედეგად მოხდეს ტყვიის გაფანტვა (რიკოშეტის ეფექტი). მრავალი კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი არაზუსტია. ამ ჭურვებით შეუძლებელია მხოლოდ იმ პირის სამიზნედ ქცევა, რომელიც ძალადობრივ ქმედებებს სჩადის.[14]
Amnesty International-მა ცალკე შეიმუშავა „სამართალდაცვითი საქმიანობის განხორციელებისას კინეტიკური ძალის ჭურვების გამოყენების“ 25 წესი.[15] კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით Amnesty International მიუთითებს: „სამართალდამცავმა ორგანოებმა არ უნდა გამოიყენონ ძალა, თუკი არსებობს ნაკლები ზიანის მომტანი საშუალებები სამართალდამცავი ამოცანების განსახორციელებლად. ძალის გამოყენება უნდა შეწყდეს როგორც კი ლეგიტიმური მიზანი იქნება მიღწეული ან ამ მიზნის მისაღწევად ნაკლებად საზიანო საშუალების გამოყენება უნდა დაიწყოს, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. [16]
მე-11 წესის თანახმად, დაუშვებელია კინეტიკური ზემოქმედების ტყვიების განურჩეველი სროლა ხალხის მასის მიმართ. ეს ტყვია ყურადღებით უნდა იყოს დამიზნებული იმ კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც სერიოზულ ძალადობრივ ქმედებებშია ჩართული სამართალდამცავების ან სხვა ადამიანების წინააღმდეგ. [17]
მე-12 წესის თანახმად, იარაღი დამიზნებული უნდა იქნეს სხეულის ქვედა ნაწილის მიმართ, იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება თავის, სახის და თვალის არეში. სხეულის ზედა ნაწილი არასოდეს არ შეიძლება იყოს სამიზნე. [18]
მე-13 წესის თანახმად, არ შეიძლება სპეციალური საშუალების ასხლეტით სროლა. ანუ, გასროლილი ტყვია არ უნდა შეეხოს მყარ ზედაპირს, რაც მის გაფანტვას გამოიწვევს (რიკოშეტის ეფექტი). ეს იქნებოდა ტყვიის არასწორი გამოყენება და მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების საფრთხე. [19]
მე-15 წესის თანახმად, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები არ უნდა იყოს ნასროლი ამაღლებული ადგილიდან (მაგალითად, შენობის სახურავიდან), ამით იზრდება ჭურვის ადამიანის თავში მოხვედრის რისკები. [20]
მე-17 წესის თანახმად, ყველა კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი უნდა იქნეს აკრძალული, თუკი ის იმგვარად არის მოწყობილი, რომ შეიცავს გადამეტებული ზიანის ან ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს. ეს ეხება მრავლობით ჭურვებს (ერთი ტყვია, სადაც რამდენიმე პატარა ბურთულაა მოთავსებული და სროლის შემთხვევაში ჰაერში იფანტება), ასევე არაზუსტ ერთეულ ჭურვებს (რეზინის ბურთულები) და ასევე ძალიან დიდი ძალის მქონე რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიებს.[21]
როგორც ვხედავთ, Amnesty International-ის და Omega-ს რეკომენდაციები იმეორებს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის რეკომენდაციებს. უფრო მეტიც, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის სტანდარტების საფუძველი Amnesty International-ის და Omega-ს რეკომენდაციები გახდა. კვლავაც, საქართველოს კანონმდებლობით, გაზიარებულია მხოლოდ Amnesty International-ის მე-12 წესი, რომელიც კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის თავის, სახის და თვალის არეში სროლას კრძალავს. სხვა არც ერთი გარანტია, რაზეც Amnesty International მიუთითებს თავის წესებში, არ გვხვდება საქართველოს კანონმდებლობაში.
დამატებით მნიშვნელოვანია Amnesty International-ის და Omega-ს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, რეზინის ტყვიების გამოყენება უნდა იყოს საბოლოო საშუალება. მანამდე სახელმწიფო უნდა ეცადოს ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებების გამოყენებით ძალადობის აღკვეთას. კინეტიკური ძალის ჭურვების გამოყენება ნაკლებად დამაზიანებელი ალტერნატივების წინასწარი გამოყენების გარეშე, დასაშვებია მაშინ, როცა თავიდანვე ნათელია, რომ ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებები ვერ შეაჩერებს ძალადობას. პოლიციამ, პირველივე შესაძლებლობისას, რეზინის ტყვია უნდა ჩაანაცვლოს სხვა ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებით, როცა რეზინის ტყვიის გამოყენების შემდეგ ვითარება იმგვარად შეიცვალა, რომ სხვა სპეციალური საშუალება გახდა ეფექტიანი საშუალება მასების სამართავად.
Amnesty International-ის და Omega-ს რეკომენდაცია, რომელიც კინეტიკური ზემოქმედების ჭურვს ultima ratio საშუალებას წარმოადგენს სხვა სპეციალურ საშუალებებთან მიმართებაში, გარკვეულწილად უკავშირდება თანაზომიერების პრინციპის ისეთ შემადგენელ ნაწილს, როგორიცაა აუცილებლობა. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი, რომლითაც საკანონმდებლო დონეზე, განმტკიცებულია თანაზომიერების პრინციპი. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს.“ ამასთან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.“ ეს ნორმები თითქოს იძლევა იმას, გარანტიას, რომ პოლიცია „არალეტალურ ჭურვს“ გამოიყენებს როგორც უკიდურეს საშუალებას, მას შემდეგ, რაც სხვა ნაკლებად დამაზიანებელი საშუალებები იქნება გამოყენებული, მაგრამ ამით ძალადობა ვერ შეწყდება.
იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არის Lex Specialis „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენებისას გადამწყვეტია კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ტექსტი. თუ სპეციალური კანონის ტექსტი იმგვარად არის ფორმულირებული, რაც გამორიცხავს კანონის ზოგად ნაწილში განმტკიცებული ზოგადი პრინციპების გამოყენებას, სპეციალური ნორმა ვერ იქნება აღსრულებული ზოგადი ნაწილით დადგენილი პრინციპის გათვალისწინებით.
პრობლემა იმაში მდგომარეობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი იმგვარად არის ფორმულირებული, რომ ზიანის მიყენების თვალსაზრისით, არალეტალური ჭურვი გათანაბრებულია ისეთ სპეციალურ საშუალებასთან, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება. ეს უკანასკნელი, გრძელვადიან პერსპექტივაში, არ არის ისეთი დამაზიანებელი, როგორც რეზინის ტყვია (რეზინის ტყვიას შესაძლოა მხედველობის სამუდამო დაკარგვა მოჰყვეს). რაც შეეხება ცრემლსადენ გაზს, ეს უკანასკნელი სიცოცხლისათვის საშიშია, თუ მისი გამოყენება ხდება სამიზნისათვის, მხოლოდ მაშინ, როცა ნასროლი კაფსულა ადამიანის სხეულზე ფეთქდება.[22] ცრემსადენი გაზის კაფსულის მოხვედრა ადამიანის სხეულზე სიცოცხლისათვის საშიშია აფეთქების მომენტში, სანამ ბოლს გამოუშვებს. ბოლის გაშვების შემდეგ, ცრემლსადენი გაზი არალეტალური საშუალება ხდება. ამ შემთხვევაში, ცრემლსადენი გაზი არ არის ისევე საზიანო, როგორც რეზინის ტყვია. წიწაკის გაზის გამოყენება ხშირად დაკავშირებულია არა კაფსულის აფეთქებასთან, არამედ სპეციალური კონტეინერიდან სპრეის ადრესატისათვის შესხურებასთან.[23] ამიტომ ეს უკანასკნელი კიდევ უფრო ნაკლებად დამაზიანებელია, ვიდრე რეზინის ტყვია. ამის მიუხედავად, კანონმდებელმა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, არალეტალური ჭურვი გაუთანაბრა ისეთ საშუალებებს, როგორიცაა აკუსტიკური საშუალება და წიწაკის გაზი. სადავო ნორმაში ამ სპეციალური საშუალებების არალეტალურ ჭურვთან ერთად მოხსენიება, მათი გამოყენების თანამიმდევრობის განსაზღვრის გარეშე, კვალიფიციურ სამართალშემფარდებელს იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს, რომ ოთხივე ეს სპეციალური საშუალება ერთნაირი ზიანის მომტანია. ეს მაშინ, როცა აკუსტიკური საშუალება და წიწაკის სპრეი არალეტალურ ჭურვზე ნაკლებად საზიანოა. სადავო ნორმის ამგვარი ფორმულირება გამორიცხავს, მისი „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-4 პუნქტთან კავშირში წაკითხვის შესაძლებლობას. სადავო ნორმაში ოთხივე საშუალების ერთად მოხსენიების გამო გამორიცხულია, რომელიმე კვალიფიციურმა სამართალშემფარდებელმა, აკუსტიკური საშუალება, არალეტალურ ჭურვზე ნაკლებად დამაზიანებელ საშუალებად მიიჩნიოს.
ამასთან არც შინაგან საქმეთა მინისტრის 1002-ე ბრძანება არ მიუთითებს იმაზე, რომ არალეტალური იარაღი და არალეტალური ჭურვი უნდა იყოს გამოყენებული, როგორც უკიდურესი საშუალება, როცა სხვა ნაკლებად დამაზიანებელი საშუალების გამოყენება არაეფექტიანია ძალადობის აღმოსაფხვრელად. არადა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში არსებული ჩანაწერის მიუხედავად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდა მაღალი უფლებრივი სტანდარტის დადგენის და რიგითი პოლიციელისათვის გასაგებ, მარტივ, არატექნიკურ ენაზე ბრძანებაში იმის ჩაწერის შესაძლებლობა, რომ შეკრებაზე მასების სამართავად, არალეტალური იარაღი და არალეტალური ჭურვი ყველაზე ბოლოს უნდა იქნეს გამოყენებული.
ამგვარად, სხვა გარანტიების არარსებობასთან ერთად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურობა მდგომარეობს იმაში, რომ არ ითვალისწინებს არალეტალური ჭურვის, როგორც უკიდურესი საშუალების, გამოყენების ვალდებულებას, როცა სხვა ნაკლებად დამაზიანებელი საშუალების გამოყენება აშკარად არაეფექტიანია ძალადობის აღსაკვეთად.
7. არასამთავრობო ორგანიზაცია „ექიმები ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR) და სამოქალაქო თავისუფლებების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის (INCLO) მიდგომა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ექიმები ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR) და „სამოქალაქო თავისუფლებების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის“ (INCLO) რეკომენდაციებიც არსებითად იმეორებს ზემოთ აღნიშნულ მიდგომებს. მათი 2016 წლის ანგარიშში -„ლეტალურად შენიღბული: მასების კონტროლის საშუალებების შედეგები“- აღნიშნულია: „კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები უნდა იქნეს გამოყენებული ინდივიდის წინააღმდეგ და არა ადამიანის ჯგუფის მიმართ... როცა კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები გამოიყენება, ის არ უნდა იყოს მიმართული სასიცოცხლო ორგანოებისაკენ, არამედ ფეხებისაკენ. ამ იარაღის სროლა ჰაერში ან მიწაზე უნდა იყოს თავიდან აცილებული, ვინაიდან ეს იწვევს რიკოშეტის ეფექტს და ჯანმრთელობის დაზიანებას. მტკიცებულებების სახით გამოყენებული ფოტოები, ვიდეო კამერით გადაღებული მასალები და მოწმეთა ჩვენებები მიუთითებს იმაზე, რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის გამოყენება ხდება სხეულის ზედა ნაწილის ან სახის მიმართულებით, ასევე ადგილი აქვს ამგვარი ჭურვის სამიზნიდან ახლო მანძილში სროლას; რეზინის ტყვიებს იყენებენ იმ ინდივიდის წინააღმდეგ, რომელიც არ ემუქრება სხვა ინდივიდების უსაფრთხოებას და ხდება ჭურვის ადამიანის ჯგუფის მიმართ განურჩეველი გამოყენება.[24] როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიც მიდგომა არის იდენტური, როგორც ეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, Amnesty International-ის და Omega-ს ჰქონდათ.
ცალკე უნდა გამოვყოთ შემთხვევა, როცა კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის გამოყენება ხდება ადამიანის მიმართ, რომელიც სხვებს არ უქმნის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საფრთხეს. „სამართალდამცავი საქმიანობისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სახელმძღვანელო დებულებების 7.5.2 პუნქტის მიხედვით, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები უნდა იყოს ნასროლი ძალადობრივი ქმედების ჩამდენი პირის ...მიმართულებით. რათა ამით თავიდან იქნეს აცილებული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისათვის ან საზოგადოების წევრისათვის მყისიერი საფრთხის რისკი. Amnesty International and Omega-ს რეკომენდაციის მიხედვით, კინეტიკური ზემოქმედების ტყვიის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს ძალადობის შეჩერებასა და აღკვეთას. ამავე რეკომენდაციის თანახმად, კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვი იმგვარად უნდა იქნეს შერჩეული, რომ მისი ზუსტი სამიზნე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უშუალოდ არის ჩაბმული ძალადობაში.[25]
ეს რეკომენდაციები მიუთითებს იმაზე, რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის გამოყენება გამართლებულია აქტიური ძალადობრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, როცა ამგვარი ჭურვის გარეშე საფრთხე ემუქრება პოლიციის ან სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის გამოყენებას ითვალისწინებს მაშინ, როცა: „ხდება პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოგერიება; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს;“ პირზე, პოლიციაზე, ან დაცულ ობიექტზე თავდასხმა, მართლწერიგის მასობრივი ან ჯგუფური დარღვევა, უდავოდ წარმოადგენს იმ გარემოებას, როცა პოლიციელის და სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე.
პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას აპრიორი არ ემუქრება საფრთხე, მაშინ, როცა ადამიანი არ არის შეიარაღებული, თუმცა უკანონოდ იმყოფება კონკრეტულ ტერიტორიაზე და შენობაში, პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, არ აჩერებს სატრანსპორტო საშუალებას. როდესაც არ არსებობს პოლიციის ან სხვა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების საფრთხე, პოლიციამ მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს არალეტალურ ჭურვზე ნაკლებადა დამაზიანებელი საშუალება. მოცემულ შემთხვევაში რომ ძალადობრივი ქმედების არარსებობასთან გვაქვს საქმე, ამაზე მეტყველებს სიტყვები „თავს აფარებს.“ ტერიტორიაზე, სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში. „თავის შეფარება“ არის პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ერთადერთი გამოხატულება. ეს გარემოება გულისხმობს იმას, რომ პირს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა შეწყვეტილი აქვს, დანაშაული ან სამართალდარღვევა დასრულებულია და ერთადერთი უკანონო ქმედება, რასაც კონკრეტული ადამიანი სჩადის, კონკრეტულ ტერიტორიაზე, შენობაში ან სატრანსპორტო საშუალებაში თავის შეფარება, დამალვაა. პოლიციის ან სხვა ადამიანის სიცოცხლეს, რომ საფრთხე ემუქრებოდეს, სამართალდამრღვევი არ დაიმალებოდა. ასეთ შემთხვევაში ადამიანის განეიტრალება შესაძლებელია, ღია ტერიტორიაზე თავის შეფარების შემთხვევაში, ცრემლსადენის გაზის, აკუსტიკური საშუალების, წიწაკის სპრეის გამოყენერებით. ავტომობილში თავის შეფარების შემთხვევაში მისი სათანადო საშუალებით გაჩერების და ფიზიკური ძალის გამოყენებით პირის ავტომობილიდან გადმოყვანით, ხოლო დახურულ სივრცეში თავის შეფარების შემთხვევაში, ადამიანის მოძიება სასამსახურო ძაღლის მეშვეობით. არალეტალური ჭურვის გამოყენება ადამიანის მიმართ, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე იმალება და არ ქმნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხეს, აშკარად არაპროპორციული ღონისძიებაა. მეორეს მხრივ, დამალული ადამიანიც შეიძლება ქმნიდეს საფრთხეს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის შენახვის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში გამართლებული იქნება მის მიმართ არალეტალური ჭურვის გამოყენება. ამის მიუხედავად, სადავო ნორმა არალეტალური ჭურვის გამოსაყენებლად საკმარისად მიიჩნევს კონკრეტულ ტერიტორიაზე, ავტომობილში, შენობაში სამართალდამრღვევის მიერ თავის შეფარებას, სხვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის მტკიცების მიუხედავად. ამის გამო სადავო ნორმით, არალეტალური ჭურვის სროლა არაკონსტიტუციურია.
რაც შეეხება დაკავებას, ამ დროს ადამიანი შესაძლოა პოლიციას უწევდეს აქტიურ წინააღმდეგობას, პოლიციელს ჰქონდეს საკმარისი საფუძველი, იმგვარი დასკვნისათვის, რომ დასაკავებელი პირი შეიარაღებულია. ამ შემთხვევაში შესაძლოა გამართლებული იყოს არალეტალური ჭურვის გამოყენება. მეორეს მხრივ, შესაძლოა დაკავებისას ადამიანმა მიიბას თავი კონკრეტულ ადგილას და ამ გზით ხელს უშლიდეს დაკავებაში (დაკავებისას პასიური წინააღმდეგობის გაწევა). ადამიანის დაკავებისას, სადავო ნორმა ისე ითვალისწინებს არალეტალური ჭურვის გამოყენებას, რომ არაფერს ამბობს პოლიციისათვის ან სხვა ადმიანისათვის შექმნილ რისკებზე. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ითვალისწინებს არალეტალური ჭურვის გამოყენებას, რაც მას ადამიანის დაკავებას გაუადვილებს. ამის გამო, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია იმ ნორმატიული შინაარსით, რაც ითვალისწინებს არალეტალური ჭურვის გამოყენებას იმ ნორმატიული შინაარსით, როცა დაკავებისას ადამიანი პოლიციელს ან სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანრმთელობას არავითარ საფრთხეს არ უქმნის.
8. რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის გამოყენება
ამ სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №1002 ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ითვალისწინებს რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის სროლას 20 მეტრის რადიუსში. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია „ექიმები ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR) და „სამოქალაქო თავისუფლებების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის“ (INCLO) კვლევა სახელწოდებით „ლეტალურად შენიღბული მასების კონტროლის საშუალებების შედეგები,“ სადაც აღნიშნულია:[26] „კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებთან დაკავშირებით სამედიცინო ლიტერატურა მიუთითებს, რომ ამ საშუალების სროლა ხდება ისეთი მანძილიდან, რაც არ არის მიჩნეული უსაფრთხოდ. ამ ჭურვების უსაფრთხო სროლის მანძილი არ არის ერთნაირი და ეს დამოკიდებულია იარაღზე, ქვეყანაზე და მწარმოებელზე. გასროლის მანძილის განსაზღვრა ჭირს ძალიან ბევრ შემთხვევაში, მანძილი პირდაპირ კავშირშია მიყენებული დაზიანების ხარისხთან. ერთ-ერთი კვლევა მიუთითებს, რომ ელასტიური და წებოვანი შეღწევადი დაზიანება სხეულის ნაწილში გაჩენილი იყო ახლო მანძილიდან სროლის შედეგად.[27] სხვა კვლევის მიხედვით, დოკუმენტირებული დაზიანება გამოწვეული იყო 2,4-3 მეტრიდან სროლის შედეგად, ეს იყო რეკომენდირებული უსაფრთხო სროლის მანძილზე - 9-დან 14 მეტრზე - ნაკლები.[28] სხვა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანებების ნახევარზე მეტი მოდიოდა 6 მეტრზე ნაკლებ მანძილზე განხორციელებული სროლის შედეგად. [29] ზოგიერთი ლიტერატურა მიუთითებს იმაზე, რომ გასროლის მანძილი, რამაც დაზიანება გამოიწვია, იყო იმაზე მცირე, ვიდრე ეს კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის მწარმოებლის მიერ იყო რეკომენდირებული. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ უსაფრთხო სროლის მანძილის განსაზღვრა რთულია არა მხოლოდ საექსპერტო თვალსაზრისით, არამედ სამართალდამცავი ორგანოების დინამიურ და მუდმივად ცვალებად სამუშაო გარემოში.[30] კიდევ ერთი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი განსაკუთრებით საშიში შეიძლება იყოს მხედველობისათვის. მაშინ, როცა მის სროლა ხდება თეორიულად უსაფრთხო ადგილიდან.[31]
ამავე კვლევის მიხედვით, „სხვადასხვა კინეტიკური ზემოქმედების ჭურვს გააჩნია განსხვავებული სროლის მანძილი და უსაფრთხოების პროტოკოლი. ეს დამოკიდებულია იმ იარაღზე, საიდანაც ხდება ჭურვის გასროლა და ტყვიაზე. ეს სპეციალური საშუალება გასროლილი უნდა იქნეს სულ მცირე 6 მეტრიდან 60 მეტრამდე. ამის მიუხედავად, ამ საშუალებებმა შესაძლოა დაკარგოს როგორც ეფექტიანობა ისე სიზუსტე, თუ მისი გასროლა ძალიან შორს მდგომი სამიზნის მიმართ მოხდა. ერთ-ერთ ასეთ მაგალითს წარმოადგენს ისრაელის შემთხვევა, სადაც რეგულაციის მიხედვით, რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის სროლის მინიმალური მანძილია 50 მეტრი, თუმცა 60 მეტრში ეს საშუალება კარგავს ეფექტიანობას.“[32]
ამგვარად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი 20 მეტრიანი რადიუსი შედარებით უსაფრთხოა უმრავლესი კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებისათვის, მაგალითად, Straten Technologies წარმოების არალეტალური რეზინის ტყვიის სროლის რეკომენდირებული მანძილი მართლაც 20 მეტრია.[33] ეს არის მრავალთაგან ერთ-ერთი სახეობის რეზინის ტყვია და ყველა კინეტიკური ზემოქმედების ჭურვისათვის 20 მეტრი შესაძლოა უსაფრთხო მანძილი არ იყოს. ეს განსაკუთრებით ეხება რეზინში გახვეულ ფოლადის ან მეტალის ჭურვს. ისრაელის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საინფორმაციო ცენტრის (B’Tselem) მონაცემებით, თუკი ამ საშუალების 40 მეტრზე ნაკლებ მანძილზე სროლა მოხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ჯანმრთელობის დაზიანება.[34] B’Tselem ციტირებს ექიმ კირშნერს რეზინის ზედაპირის მქონე ფოლადის ტყვიის გამოყენების თაობაზე:
„რეზინის ზედაპირის მქონე ფოლადის ბურთულის მიერ სხეულის ქსოვილის დაზიანება იმაზე მეტ გამჭოლ ჭრილობას წარმოშობს, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ტყვიის შემთხვევაში ხდება. ეს უკანასკნელი ადვილად ხვრეტს კანს მისი აეროდინამიკის, ფორმისა და მცირე დიამეტრის გამო. რეზინის ზედაპირის მქონე ჭურვის მიერ გამოწვეული ზიანი უფრო ახლო დგას ბლაგვ ტრავმასთან. ცილინდრის ფორმის რეზინის ტყვიები კიდევ უფრო მეტ ზიანს იწვევენ, ვინაიდან სხეულზე მოხვედრის დროს ისინი ერთ ხაზზე კი არა, ზევით-ქვევით მოძრაობს. ჭურვი იწვევს სხეულის გაგლეჯვას, ფოსოების გაჩენას, შიდა ორგანოების დაზიანებას. მართალია, ეს ჭურვი იშვიათად იჭრება ღრმად ორგანიზმში, იმის გამო, რომ კინეტიკური ენერგია ძალას კარგავს ზედაპირულ ქსოვილზე მოხვედრის შედეგად. ამის მიუხედავად, რამდენიმე სანტიმეტრის გავლაც საკმარისია იმისათვის, რომ ეს რეზინის ტყვია შევიდეს ტვინში, გულმკერდის და მუცლის არეში, გულში, ფილტვში, ღვიძლში, კუჭნაწლავის ტრაქტში ან ხერხემლის სვეტში. რეზინის ტყვიის მიერ ზურგის ტვინის დაზიანება იწვევს ზემო და ქვემო კიდურების დამბლას, ასევე ოთხივე კიდურის დამბლას. შემავალი ჭრილობები, განსაკუთრებით კი თავის არეში, არის სიცოცხლისათვის საშიში. გვამის გაკვეთის შედეგად, 10-დან 3 შემთხვევაში, სიკვდილის მიზეზი იყო ბლაგვი ტრავმით გამოწვეული შემავალი ჭრილობები, რაც წარმოშობილი იყო კინეტიკური ენერგიის ზემოქმედებით რბილ ქსოვილზე.“[35]
არასამთავრობო ორგანიზაცია „ექიმები ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR) და „სამოქალაქო თავისუფლებების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის“ (INCLO) მონაცემებით, არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთი ტყვია უფრო საშიშია, ვიდრე სხვა ტყვია. ლიტერატურა მიუთითებს რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის, ასევე მეტალისა და პლატმასის ნაერთით მიღებული ტყვიებით წარმოშობილი მძიმე ხასიათის დაზიანებებზე. ეს ტყვიები შეიძლება უფრო მეტად ლეტალური იყოს, ვიდრე მხოლოდ პლასტმასისგან წარმოებული ტყვიები.[36]
PHR-ს და INCLO-ს ცნობით, იმ გარემოების დადასტურებამ, რომ რეზინის ზედაპირის მქონე ტყვიებს შეეძლო სასიკვდილო შედეგი გამოეწვია, აიძულა ისრაელის მთავრობა, უარი ეთქვა ამ საშუალებაზე, როგორც მასების კონტროლის იარაღის გამოყენებაზე. გამონაკლის შემთხვევაში, ისრაელის ხელისუფლებას შეუძლია ამ საშუალების გამოყენება, უკიდურესი აუცილებლობის არსებობის პირობებში, თუკი ამის შესახებ თანხმობას პოლიციის უფროსი გასცემს. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის შედეგად, რომელიც შეიქმნა 12 პალესტინელის სიცოცხლის მოსპობის და ასობით მოქალაქის სხეულის დაზიანების მიზეზების დასადგენად. ამ შედეგით დასრულდა უსაფრთხოების ძალების და პალესტინელი მოქალაქეების ფიზიკური დაპირისპირება 2000 წლის ოქტომბერში.[37]
რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის გამოყენება უნდა აიკრძალოს ან მისი სროლის მანძილი უნდა იყოს სამიზნიდან 50 მეტრი. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მათ შორის ამ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვისათვის დადგენილია 20 მეტრი. იმ პირობებში, როდესაც ეს საშუალება პირდაპირ არ არის აკრძალული, ივარაუდება, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში, დისტანცია უნდა იყოს სამიზნიდან მინიმუმ 20 მეტრი. ამ მანძილზე ამ კონკრეტული საშუალების სროლა იწვევს სასიკვდილო შედეგს. შესაბამისად, ამ კონკრეტული სახის კინეტიკური ზემოქმედების ჭურვთან მიმართებაში 20 მეტრიანი დისტანცია არაკონსტიტუციურია. სხვა ტიპის კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებთან მიმართებაში, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი 20 მეტრიანი დისტანციის რეგულაცია არის კონსტიტუციური.
9. დასკვნა და მოთხოვნა
ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ არც „პოლიციის შესახებ“ კანონით და არც შინაგან საქმეთა მინისტრის 1002-ე ბრძანებით არ არის გათვალისწინებული ისეთი გარანტიები როგორიცაა რეზინის ზედაპირის მქონე ფოლადის ტყვიის გამოყენების, ავტომატური ჯერის, ერთი გასროლით რამდენიმე ჭურვის გაშვების, რიკოშეტის ეფექტის, შემაღლებული ადგილიდან ან დრონის მეშვეობით ნებისმიერი ნაკლებად ლეტალური ჭურვის სროლის აკრძალვა; კანონმდებლობა არ ავალდებულებს პოლიციელს, ნაკლებად ლეტალური ჭურვი დაუმიზნოს ერთ პირს, რომელიც უშუალოდ ჩართულია ძალადობრივ ქმედებაში და არა კონკრეტულ ადგილას თავმოყრილ მთელს ჯგუფს; ასევე იმ პირობებში, როცა კანონმდებლობა ცალსახად არ მიუთითებს იმას, რომ ნაკლებად ლეტალური ჭურვის გამოყენება უნდა იყოს უკიდურესი საშუალება, როცა სხვა სპეციალური საშუალებებით შეუძლებელია ძალადობის აღკვეთა; როცა ადამიანის დაკავებისას, კონკრეტულ ტერიტორიაზე, სატრანსპორტო საშუალებაში, შენობაში თავშეფარებული ადამიანის მიმართ დასაშვებია რეზინის ტყვიის გამოყენება, თუნდაც ამ პირის ქმედება არ ქმნიდეს ძალადობის საფრთხეს; როცა რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის გამოყენება დასაშვებია 20 მეტრიანი რადიუსის დაცვით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობა. ეს უკანასკნელი აკრძალულია კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით. ზემოთ ჩამოთვლილი გარანტიების არ არსებობის პირობებში, არალეტალური ჭურვის გამოყენება წარმოადგენს არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის აბსოლუტური უფლების დარღვევას. იმის გამო, რომ სადავო ნორმები, ზემოთ ხსენებული გარანტიების არ არსებობის პირობებში ითვალისწინებს არალეტალური ჭურვის გამოყენებას, სადავო ნორმები არღვევს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად, ვითხოვთ მათ არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობას.
[1]https://www.ohchr.org/sites/default/files/Documents/HRBodies/CCPR/LLW_Guidance.pdf
[2] Physicians for Human Rights (PHR) and The International Network of Civil Liberties Organizations (INCLO) “LETHAL IN DISGUISE THE HEALTH CONSEQUENCES OF CROWD-CONTROL WEAPONS” (MARCH 2016) page 23 https://www.aclu.org/sites/default/files/field_document/lethal_in_disguise_inclo_single_page.pdf
[3] Physicians for Human Rights (PHR) and The International Network of Civil Liberties Organizations (INCLO) “LETHAL IN DISGUISE THE HEALTH CONSEQUENCES OF CROWD-CONTROL WEAPONS” (MARCH 2016) page 24 https://www.aclu.org/sites/default/files/field_document/lethal_in_disguise_inclo_single_page.pdf
[4] Physicians for Human Rights (PHR) and The International Network of Civil Liberties Organizations (INCLO) “LETHAL IN DISGUISE THE HEALTH CONSEQUENCES OF CROWD-CONTROL WEAPONS” (MARCH 2016) page 24 https://www.aclu.org/sites/default/files/field_document/lethal_in_disguise_inclo_single_page.pdf
[5] Physicians for Human Rights (PHR) and The International Network of Civil Liberties Organizations (INCLO) “LETHAL IN DISGUISE THE HEALTH CONSEQUENCES OF CROWD-CONTROL WEAPONS” (MARCH 2016) page 25 https://www.aclu.org/sites/default/files/field_document/lethal_in_disguise_inclo_single_page.pdf
[6] https://www.ohchr.org/sites/default/files/Documents/HRBodies/CCPR/LLW_Guidance.pdf
[7] https://www.ohchr.org/sites/default/files/Documents/HRBodies/CCPR/LLW_Guidance.pdf
[8] Amnesty International and Omega Research Foundation “THE HUMAN RIGHTS IMPACT OF LESS LETHAL WEAPONS AND OTHER LAW ENFORCEMENT EQUIPMENT” First published in 2015 by Amnesty International Ltd page 17
[9] Amnesty International and Omega Research Foundation “THE HUMAN RIGHTS IMPACT OF LESS LETHAL WEAPONS AND OTHER LAW ENFORCEMENT EQUIPMENT” First published in 2015 by Amnesty International Ltd page 17
[10] Amnesty International and Omega Research Foundation “THE HUMAN RIGHTS IMPACT OF LESS LETHAL WEAPONS AND OTHER LAW ENFORCEMENT EQUIPMENT” First published in 2015 by Amnesty International Ltd page 17
[11] https://www.ohchr.org/sites/default/files/Documents/HRBodies/CCPR/LLW_Guidance.pdf
[12] https://www.ohchr.org/sites/default/files/Documents/HRBodies/CCPR/LLW_Guidance.pdf
[13] https://www.ohchr.org/sites/default/files/Documents/HRBodies/CCPR/LLW_Guidance.pdf
[14] Amnesty International and Omega Research Foundation “THE HUMAN RIGHTS IMPACT OF LESS LETHAL WEAPONS AND OTHER LAW ENFORCEMENT EQUIPMENT” First published in 2015 by Amnesty International Ltd page 17 https://www.amnesty.org/en/wp-content/uploads/2021/05/ACT3013052015ENGLISH.pdf
[15] https://www.amnesty.nl/content/uploads/2023/02/Leaflet-KIP-English-online.pdf
[16] Amnesty International 25 Rules for THE DEPLOYMENT AND USE KINETIC IMPACT PROJECTILES IN LAW ENFORCEMENT page 1
[17] Amnesty International 25 Rules for THE DEPLOYMENT AND USE KINETIC IMPACT PROJECTILES IN LAW ENFORCEMENT page 3
[18] Amnesty International 25 Rules for THE DEPLOYMENT AND USE KINETIC IMPACT PROJECTILES IN LAW ENFORCEMENT page 3
[19] Amnesty International 25 Rules for THE DEPLOYMENT AND USE KINETIC IMPACT PROJECTILES IN LAW ENFORCEMENT page 3
[20] Amnesty International 25 Rules for THE DEPLOYMENT AND USE KINETIC IMPACT PROJECTILES IN LAW ENFORCEMENT page 3
[21] Amnesty International 25 Rules for THE DEPLOYMENT AND USE KINETIC IMPACT PROJECTILES IN LAW ENFORCEMENT page 3
[22] Abdullah Yaşa and Others, cited above, § 43
[23] http://www.battleground.ge/show/851
[24] Physicians for Human Rights (PHR) and The International Network of Civil Liberties Organizations (INCLO) “LETHAL IN DISGUISE THE HEALTH CONSEQUENCES OF CROWD-CONTROL WEAPONS” (MARCH 2016) page 25 https://www.aclu.org/sites/default/files/field_document/lethal_in_disguise_inclo_single_page.pdf
[25] Amnesty International and Omega Research Foundation “THE HUMAN RIGHTS IMPACT OF LESS LETHAL WEAPONS AND OTHER LAW ENFORCEMENT EQUIPMENT” First published in 2015 by Amnesty International Ltd page 17
[26]Physicians for Human Rights (PHR) and The International Network of Civil Liberties Organizations (INCLO) “LETHAL IN DISGUISE THE HEALTH CONSEQUENCES OF CROWD-CONTROL WEAPONS” (MARCH 2016) page 31 https://www.aclu.org/sites/default/files/field_document/lethal_in_disguise_inclo_single_page.pdf
[27] Human Rights Council, “The Promotion and Protection of Human Rights in the Context of Peaceful Protests” (United Nations General Assembly, April 11, 2014), http://www.ohchr. org/Documents/Issues/Executions/A-HRCRES-25-38.pdf
[28] Global Non-Lethal Weapons Market 2015- 2019” (Techinavio, October 2015), http:// www.reportlinker.com/p01911331-summary/ Global-Non-lethal-Weapons-Market. html; “Global Non-Lethal Weapons Market Report 2013 - 2018,” accessed December 15, 2015, http://www.prnewswire.com/news
[29] Neil Corney, Skype, April 24, 2015; Omega Research Foundation and Amnesty International, “The Human Rights Impact of Less Lethal Weapons and Other Law Enforcement Equipment.”
[30] Human Rights Council, “Report of the Special Rapporteur on Extrajudicial, Summary or Arbitrary Executions, Christof Heyns.
[31] Departmental Task Team, “Briefing on Crowd Control” (Independent Complaints Directorate, Republic of South Africa. Presentation to the Portfolio Committee on Police, Parliament, August 30, 2011), http://www.icd.gov.za/ sites/default/files/Crowd%20Control%20 Presentation.pdf
[32] Physicians for Human Rights (PHR) and The International Network of Civil Liberties Organizations (INCLO) “LETHAL IN DISGUISE THE HEALTH CONSEQUENCES OF CROWD-CONTROL WEAPONS” (MARCH 2016) page 30 https://www.aclu.org/sites/default/files/field_document/lethal_in_disguise_inclo_single_page.pdf
[33] https://stratentech.com/pdf/Non-Lethal-RB_5.56x45_R1.pdf
[34] B’Tselem – The Israeli Information Center for Human Rights in the Occupied Territories “DEATH FORETOLD Firing of "Rubber" Bullets to Disperse Demonstrations in the Occupied Territories”” December 1998 page 7
[35] B’Tselem – The Israeli Information Center for Human Rights in the Occupied Territories “DEATH FORETOLD Firing of "Rubber" Bullets to Disperse Demonstrations in the Occupied Territories”” December 1998 page 20
[36] Physicians for Human Rights (PHR) and The International Network of Civil Liberties Organizations (INCLO) “LETHAL IN DISGUISE THE HEALTH CONSEQUENCES OF CROWD-CONTROL WEAPONS” (MARCH 2016) page 36 https://www.aclu.org/sites/default/files/field_document/lethal_in_disguise_inclo_single_page.pdf
[37] Physicians for Human Rights (PHR) and The International Network of Civil Liberties Organizations (INCLO) “LETHAL IN DწიISGUISE THE HEALTH CONSEQUENCES OF CROWD-CONTROL WEAPONS” (MARCH 2016) page 36 https://www.aclu.org/sites/default/files/field_document/lethal_in_disguise_inclo_single_page.pdf
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა