საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/7/1753 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 დეკემბერი 2023 13:51 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1753) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1753 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 22 დეკემბერს. №1753 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 14 დეკემბერს.
2. №1753 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება. კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არასათანადოდ მიიჩნევს მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო პერიოდს მიღმა პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებას და ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მისი გავრცელებისთვის.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი იცავს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს არასაარჩევნო რეკლამის მარეგულირებელ წესებს და, შესაბამისად, პირდაპირ არ კრძალავს წინასაარჩევნო პერიოდს მიღმა პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას. არსებული საკანონმდებლო წესრიგი განსაზღვრავს კონკრეტულ წესებს მხოლოდ წინასაარჩევნო რეკლამასთან და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ წესების დარღვევისათვის. მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად, პოლიტიკური რეკლამის განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში, არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესს, რაც თავის მხრივ, ქმნის დამრღვევის სუბიექტის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველს (კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, სხვადასხვა დროს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, „მთავარ არხს“, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“, შპს „გირჩი ტვ“-ის, „შპს „ტელეკომპანია პირველს“ და შპს „ფორმულას“). კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მოსაზრებით, კომისიის მიერ გამოყენებული აკრძალვა ბუნდოვანია და მისი დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის მოთხოვნებს.
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მითითებით, კონკრეტული აკრძალვის არარსებობის პირობებში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის იყენებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტს და არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამას განმარტავს, როგორც არასათანადოს. ნორმის ამგვარი განმარტება ქმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ისეთ საკანონმდებლო საფუძველს, რომელიც არ არის დემოკრატიულ სახელმწიფოში გამართლებული.
7. კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მოწესრიგება და ამ მხრივ, კონკრეტული რეგულაციების დაწესება ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესში მომეტებული ფინანსური გავლენების განეიტრალებას. თავის მხრივ, ეს მიზანი რელევანტური ვერ იქნება არაწინასაარჩევნო პერიოდში, რადგან კანონი საფრთხის სიმცირიდან გამომდინარე „პოლიტიკური რეკლამის“ ცნებას არ განავრცობს არაწინასაარჩევნო პერიოდზე.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, არაწინასაარჩევნო პერიოდში იკლებს მოქალაქეთა სენსიტიურობა პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მიმართ, მომეტებული ფინანსური რესურსების გავლენა ხელშესახებ პოლიტიკურ შედეგებზე კი, პრაქტიკულად, ჰიპოთეტურია, ვინაიდან ისინი არ რეალიზდება კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგებში. ამდენად, არაწინასაარჩევნო პერიოდში, არ იკვეთება პოლიტიკური გამოხატვის შეზღუდვის აუცილებლობა, ვინაიდან, ასეთ დროს არ არსებობს ამომრჩეველთა ნებაზე მანიპულაციური და არაჯანსაღი გავლენის მოხდენის მომეტებული საფრთხე.
9. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, არასაარჩევნო პერიოდში კანონის მიზნებიდან გამომდინარე შეუძლებელია წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის მიზნები და მოცემულობა აქტუალურობას ინარჩუნებდეს. ამის გათვალისწინებით, კანონმდებელი პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით, სპეციალურ მოწესრიგებას ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში. ამდენად, საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესში მომეტებული ფინანსური გავლენების განეიტრალების ლეგიტიმურ მიზანს არ გააჩნია რაციონალური საფუძველი, როდესაც საკითხი არაწინასაარჩევნო პერიოდს ეხება.
10. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, იმ დაშვების შემთხვევაშიც, თუ სადავო რეგულაციით დადგენილი წესის საფუძველზე ლეგიტიმური მიზანი განივრცობა არაწინასაარჩევნო პერიოდზეც, დაწესებული შეზღუდვა მაინც არ აკმაყოფილებს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ სტანდარტს და არაპროპორციულია. კერძოდ, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო რეგულაციით მისაღწევი ლეგიტიმური საჯარო ინტერესი უკავშირდება არამხოლოდ უკვე დანიშნულ არჩევნებს, არამედ ნებისმიერ სამომავლო პერიოდს, განუსაზღვრელად. შესაბამისად, აკრძალვის ქვეშ მოიაზრება ისეთ არჩევნებიც, რომელიც ჯერ საერთოდ არ არის დანიშნული ან არც არის განსაზღვრული როდის დაინიშნება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სადავო ნორმის მიხედვით ნებისმიერ პერიოდში რეკლამა ჩაითვლება „არასათანადოდ“ და იგი შექმნის გასაჩივრებული ნორმის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს, ამავდროულად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას იმაზე მეტად, ვიდრე ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში არის აუცილებელი.
11. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკის საფუძველზე, სადავო ნორმის ფარგლებში შესაძლოა მოექცეს ნებისმიერი ტიპის რეკლამა. აღნიშნულ მიდგომას თავად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსის ფართო წაკითხვა განაპირობებს. არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა, ეფუძნება უშუალოდ პოლიტიკური რეკლამის არსის ექსცესიურ განმარტებასა და იმ მნიშვნელობის მინიჭებას, რომელსაც მას კანონი არ ანიჭებს. შესაბამისად, როდესაც სადავო რეგულაციის ნორმატიულ შინაარსში მოიაზრება ნებისმიერი ტიპისა და არაწინასაარჩევნო პერიოდის რეკლამა, ის ზოგადად შეზღუდვის არსებობასა და მის მიზანს აბსტრაქტულს ხდის, რაც განაპირობებს გასაჩივრებული წესის არაკონსტიტუციურობას.
12. დამატებით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის სადავო ნორმატიული შინაარსით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეესაბამება კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნას, რომლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გაშუქების აკრძალვას. თავის მხრივ, კომისიის მიერ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტში არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშუქების აკრძალვის ამოკითხვა, ნორმის ფართო და განუჭვრეტელი ინტერპრეტაციის შედეგია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების მხოლოდ კანონის საფუძველზე შეზღუდვასთან დაკავშირებით.
13. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
14. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რელევანტურ პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1753 კონსტიტუციური სარჩელით, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, „დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“. მითითებულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის არგუმენტაცია, რომელიც სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შორის მიმართებას წარმოაჩენდა. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1786 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1753 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1753 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1753 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე