ვასილ ჟიჟიაშვილი და მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/9/1800 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 დეკემბერი 2023 14:28 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – კოლეგიის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ვასილ ჟიჟიაშვილი და მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1800) მომართეს ვასილ ჟიჟიაშვილმა და მარინე კაპანაძემ. №1800 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 20 ოქტომბერს. №1800 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 14 დეკემბერს.
2. №1800 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესი) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (ბანერის, პოსტერისა და სხვა), აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელია“. აღნიშნული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, „ვიზიტორს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებლად არის გამოცხადებული ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღიარებულია ყოველი ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტით კი განსაზღვრულია ზემოხსენებულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლები, ფორმა და წესი – კერძოდ, აღნიშნული დებულების მიხედვით, დასახელებულ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
5. №1800 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები ზღუდავს საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე, სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (მაგალითად, ბანერი, პოსტერი და სხვა), ისევე, როგორც ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობებისსაქართველოს პარლამენტის სასახლეში ნებისმიერი იმ პირის მიერ შეტანის შესაძლებლობას, რომელიც არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი. სადავო ნორმები ვიზიტორს, აგრეთვე უკრძალავს საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენასა და საინფორმაციო მასალის დარიგებას, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრას ან სხვაგვარად განთავსებას. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეებს სურვილი აქვთ, საქართველოს პარლამენტის სასახლეში გამოფინონ ფურცელზე დაწერილი წარწერა: „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 1/259/23 ბრძანება არაკონსტიტუციურია“, თუმცა, საკუთარი აზრის ამგვარი ფორმით გამოხატვის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური მათგან წარწერის შენახვას მოითხოვს. მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, მოსარჩელეებს დაატოვებინებს პარლამენტის შენობას. გარდა ამისა, მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სადავო წესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ ვიზიტორს შეუზღუდოს საქართველოს პარლამენტის სასახლეში შესვლა, 1 წლამდე ვადით.
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ აზრის ვერბალური კომუნიკაციის ფორმით გამოხატვა, არამედ ექსპრესიული ქმედებებიც, როგორებიცაა ტრანსპარანტების გამოფენა, საინფორმაციო მასალის დარიგება და სხვა. დამატებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლება მოიცავს ისეთი იდეების, აზრებისა თუ გამონათქვამების გავრცელების შესაძლებლობას, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისათვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის ან რომლებმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათაღელვა და სხვა.
7. მოსარჩელეები აპელირებენ სახელმწიფოს მიერ გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი და შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირების ფორმების განსხვავებაზე და აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული წესის სადავო ნორმებით დადგენილია გამოხატვის თავისუფლების რეგულირების ნეიტრალური ფორმა, რომელიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების არა შინაარსობრივი, არამედ ადგილის, დროისა და მანერის თვალსაზრისით შეზღუდვისაკენ. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, მათი ბლანკეტური და აბსტრაქტული ბუნების გათვალისწინებითა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გარემოებებისა და კრიტერიუმებზე მითითების არარსებობის პირობებში, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი კონტროლის მექანიზმად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, მოსარჩელეების მითითებით, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მათთვის არასასურველი შინაარსის მქონე სადემონსტრაციო ნივთებისა და სხვა მოწყობილობების პარლამენტის სასახლეში შეტანის შეზღუდვას, რამდენადაც სადავო ბრძანებით არ არის გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დამზღვევი მექანიზმები.
8. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი პოლიტიკური პროცესების მთავარი განმსაზღვრელი ორგანოა და მოქალაქეებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი პარლამენტის სასახლის, როგორც საჯარო ფორუმის გამოყენების შესაძლებლობებზე, სადაც გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს და გავლენას მოახდენენ საქართველოს პარლამენტისა თუ საზოგადოების სხვა წევრებზე. მოსარჩელეები, დამატებით, აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელების პროცესში, დაესწრონ საკომიტეტო განხილვებს, შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს და სხვა. შესაბამისად, გაუგებრად მიიჩნევენ აკრძალვას, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს შეუძლიათ ზეპირად გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები პარლამენტში, ხოლო წერილობითი ფორმით, ტრანსპარანტის, ბანერის ან სხვა საშუალებით, აზრების გამოხატვა, რომელსაც თან არ ახლავს წესრიგის დარღვევა, აკრძალულია.
9. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ სადავო წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება ეფუძნება უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას შორის სათანადო ბალანსის დაცვის პრინციპს. ამ კონტექსტში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი საშუალების, აფეთქებასაშიში ნივთიერებების, სხვა ისეთი ნივთების ან ნივთიერების შეტანა, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება, დაირღვეს პარლამენტის სასახლეში არსებული წესრიგი და სამუშაო გარემო ან საფრთხე შეექმნას სასახლეში მყოფ პირებს. მოსარჩელეები, აგრეთვე აქცენტს აკეთებენ სადავო წესით განსაზღვრულ ვიზიტორთა ქცევის წესზე, რომლის თანახმადაც, ვიზიტორი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაიცვას სიმშვიდე და წესრიგი, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას. გარდა ამისა, მოსარჩელეები, დამატებით, მიუთითებენ ბრძანებით გათვალისწინებულ უსაფრთხოების სამ დონეზე, რაც ემსახურება პარლამენტში უსაფრთხოების დაცვას. შესაბამისად, აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორები თვლიან, რომ სავარაუდო ლეგიტიმური მიზნის, საქართველოს პარლამენტის სასახლეში სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისა და საქართველოს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის უკვე განსაზღვრულია ქცევის საჭირო წესები და აკრძალვები, ხოლო „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ არის აუცილებელი ამ მიზნის მისაღწევად, წარმოადგენს ბლანკეტურ, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების მომეტებულად მზღუდავ საშუალებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებს.
10. №1800 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1800 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. მოცემული სადავო ნორმა კრძალავს საქართველოს პარლამენტის სასახლეში ვიზიტორის მიერ, მათ შორის, ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანის შესაძლებლობას.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი კი თითოეულ ადამიანს ანიჭებს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევი, განუყოფელი ელემენტია და წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების საყრდენს, თითოეული ინდივიდისა და სრულიად საზოგადოების პროგრესული განვითარების საფუძველს, რომლის სულისკვეთება ისეთი იდეებისა თუ შეხედულებების გავრცელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომელიც, არსებითად, დაკავშირებულია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებათა მრავალფეროვნებასთან, აზრთა ჭიდილთან და საჯარო და ინფორმირებული დებატების წახალისებასთან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა. აზრის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, რომ მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება კი უზრუნველყოფს, რომ აზრი მივიდეს ავტორიდან ადრესატამდე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
5. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულია არა მხოლოდ პირის უფლება, თავისუფლად გაავრცელოს აზრი, ინფორმაცია, შეხედულებები, არამედ აგრეთვე ის საშუალებები, რომლებიც აზრის, შეხედულებების გამოთქმის, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღებისათვის არის აუცილებელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლების ფარგლები მოიცავს არავერბალურ კომუნიკაციას, მათ შორის, აზრის და ინფორმაციის წერილობით, ტექნიკური საშუალებებით ან ვიზუალური გამოსახულების ფორმით გავრცელებას. ამ თვალსაზრისით, ლოზუნგების, ბანერების და პლაკატების მეშვეობით აზრის გამოხატვა, კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გავრცელებული ფორმაა. თითოეული მათგანი, შესაძლოა, ატარებდეს კონკრეტულ იდეას, ემსახურებოდეს საზოგადოების ინფორმირებას პოლიტიკური, კულტურული, სოციალური ან სხვა ინტერესის სფეროსთან დაკავშირებით მისი განმთავსებლის პოზიციის შესახებ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილება საქმეზე „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
6. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული უფლებების უმთავრესი ფუნქციაა, უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება საჯაროდ, საამისოდ განკუთვნილი საშუალებების გამოყენებით.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული უფლებები, მიუხედავად მათი განსაკუთრებული კონსტიტუციური მნიშვნელობისა, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამდენად, გარკვეულ შემთხვევებში, აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებების შეზღუდვა შესაძლოა, სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლების პირობებში, იყოს აუცილებელი და რაციონალური. შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა, თავისთავად, არაკონსტიტუციური არ არის. იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმას გააჩნია ცხადი ლეგიტიმური მიზნები, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული უფლების ფარგლებში, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელე მხარეს, უფლების შეზღუდვის მტკიცებასთან ერთად, გარკვეული დოზით, მოეთხოვება თავად მოპყრობის არაგონივრულობის, არაკონსტიტუციურობის წარმოჩენა.
8. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს საქართველოს პარლამენტის სასახლეში ვიზიტორის მიერ, მათ შორის, ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ხსენებული რეგულაცია მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის სასახლეში სიმშვიდისა და წესრიგის დაცვას და საქართველოს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული მიზნების არსებობას არც მოსარჩელე მხარე უარყოფს და, მეტიც, კონსტიტუციურ სარჩელში თავადვე მიუთითებს ამგვარი მიზნების ლეგიტიმურობაზე.
9. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა სადავო რეგულირების შემოღების ლეგიტიმური მიზნები, ისევე, როგორც ხელშესახებია ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების არსი და საქართველოს პარლამენტის სასახლეში ამგვარი მოწყობილობების ნებართვის გარეშე, უკონტროლოდ დაშვების შესაძლებლობიდან მომდინარე რისკები. უფრო კონკრეტულად, ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი მოწყობილობები პირდაპირ არის დაკავშირებული ხმის მაღალ ტონალობასთან, ხმაურთან და ა. შ., რამაც შესაძლოა, არსებითად შეაფერხოს საქართველოს პარლამენტში ნორმალური სამუშაო გარემოს მიმდინარეობა/შენარჩუნება. ასეთ ვითარებაში, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, მოიყვანოს არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაციით დადგენილი ნებართვა ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეტანისათვის, მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურ რეგულირებას წარმოადგენს. აღნიშნულის საპირისპიროდ, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს სადავო ნორმის აზრისა და მისი გამოხატვის, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების კონსტიტუციურ უფლებასთან შეუსაბამობაზე. ამგვარი ზოგადი არგუმენტაცია კი ვერ გამოდგება კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1800 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, აგრეთვე „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (ბანერის, პოსტერისა და სხვა), ... საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელია“ და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, „დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“. ხსენებულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის არგუმენტაცია, რომელიც სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებას მიმართებას წარმოაჩენდა. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1800 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (ბანერის, პოსტერისა და სხვა), ... საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელია“ და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1800 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1800 კონსტიტუციური სარჩელი („ვასილ ჟიჟიაშვილი და მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (ბანერის, პოსტერისა და სხვა), ... საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელია“ და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1800 კონსტიტუციური სარჩელი („ვასილ ჟიჟიაშვილი და მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: (ა) „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (ბანერის, პოსტერისა და სხვა), ... საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელია“ და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; (ბ) „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე