საქართველოს მოქალაქე ირაკლი არველაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/3/1270 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ზაზა თავაძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 30 მარტი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 მარტი 2018 18:57 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ირაკლი არველაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის და „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის №531 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1270) მომართა საქართველოს მოქალაქე ირაკლი არველაძემ. №1270 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2017 წლის პირველ ნოემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 30 მარტს.
2. №1270 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლი და „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლი წარმოადგენენ შინაარსობრივად იდენტურ ნორმებს. აღნიშნული რეგულაციების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, უნდა დაიფაროს 2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან, ყოველწლიურად განახლებად, სახელმწიფო სავალო ვალდებულებად - სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა - სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი წლების საქართველოს ბიუჯეტებიდან. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის №531 დადგენილების პირველი მუხლით ცვლილება შევიდა „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში, რომლის მე-3 პუნქტიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2018 წლის პირველ იანვრამდე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენს უფლება მოთხოვნაზე, რომლის კანონიერი მოლოდინი შექმნა 1992 წელს მოსარჩელის მიერ მომგებიანი სესხის ობლიგაციის შეძენამ. მთელ რიგ საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით მოსარჩელე აცხადებს, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების და ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების გამოშვებით წარმოშობილი ვალდებულებები სახელმწიფომ აიღო შიდა ვალში, რომლის დაფარვაც უნდა მომხდარიყო 1998 წლის პირველ სექტემბერს, თუმცა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ემინენტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
6. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგინდა სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის საბოლოო თარიღი - 2030 წლის 16 მარტი. მისი თქმით, ვალდებულების შესრულების თარიღის ასეთი ხანგრძლივი დროით გადავადება, ერთი მხრივ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრედიტორისთვის წარმოშობილ ლეგიტიმური მოლოდინების აღსრულებას, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს კრედიტორს და გაუმართლებელ სარგებელს - მოვალეს.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს მთავრობა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადას ყოველწლიურად ახანგრძლივებს. ამასთან, არც ერთ ჯერზე არ მომხდარა არც საშინაო ვალის განსაზღვრა და არც აღნიშნული ვალის გასტუმრების რეგლამენტირება. ამიტომ მოსარჩელე ითხოვს, ძალადაკარგულად იქნეს მიჩნეული სადავო ნომრების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებას, დაუსრულებლად გადადოს ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციები ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩლე ფლობს 1992 წელს შეძენილ მომგებიანი სესხის ობლიგაციებს და მიიჩნევს, რომ ხსენებული სადავო ნორმა არღვევს მისი საკუთრების უფლებას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლეგიტიმურ მოლოდინს, დაიბრუნოს კუთვნილი თანხა, რომელიც მან სახელმწიფოს „ასესხა“.
3. აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორად აღქმით. კერძოდ, სადავო ნორმა ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკისადმი საქართველოს მთავრობის დავალიანების დაფარვის წესს, იგი არ არეგულირებს სახელმწიფოს მიმართ კერძო პირების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხს. სადავო ნორმის იდენტური საკანონმდებლო ჩანაწერი ასევე გვხვდება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლში, ხოლო სხვადასხვა ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებებად აღიარებას შეეხება ამავე კანონის 48-ე მუხლი. აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ პრობლემასა და სადავო ნორმით დადგენილ რეგულირებას შორის კავშირი არ არსებობს. სადავო ნორმა შეეხება იმ დავალიანებას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია საქართველოს ეროვნული ბანკისადმი და არა კერძო პირებისგან აღებული სახელმწიფო ვალის გადახდის 2030 წლის 16 მარტამდე გადავადებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1270 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
4. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება კი ადგენს, რომ „საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“. №1270 კონსტიტუციურ სარჩელზე სადავო იყო როგორც ორგანული კანონის, ასევე კანონის და მთავრობის დადგენილებების ნორმების კონსტიტუციურობა. შესაბამისად, ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯად საკითხს.
5. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „... თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, არ მიიღება სასამართლოში არსებითად განსახილველად, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას“. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილების ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება კოლეგიის განსჯადი საკითხია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის და „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის №531 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, №1270 კონსტიტუციური სარჩელი უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1270 („საქართველოს მოქალაქე ირაკლი არველაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის და „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის №531 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, №1270 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ირაკლი არველაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში