საქართველოს მოქალაქეები - ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/15/1262 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 16:19 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (2017 წლის 20 ივნისიდან 2018 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების: „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა)“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1262) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ნატალია ფერაძემ და კონსტანტინე გურულმა. №1262 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2017 წლის 9 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 ივლისს.
2. №1262 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველა ადამიანს უფლება აქვს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
5. №1262 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ნატალია ფერაძე 2016 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ადმინისტრაციული სახდელის სახით ნატალია ფერაძეს განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ანალოგიურად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი კონსტანტინე გურულის მიმართ და ადმინისტრაციული სახდელის სახით მასაც დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. მოსარჩელეთა განმარტებით, ორივე შემთხვევაში საერთო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებს სცილდებოდა იმის დადგენა, კანონიერი იყო თუ არა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ იმ კონკრეტულ ვითარებაში მოსარჩელეთა მიმართ წარდგენილი მოთხოვნა.
6. №1262 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ფორმალურად შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობას ქმნის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის ან განკარგულების დაუმორჩილებლობა, თუმცა საერთო სასამართლოს მიერ ხდება ამ ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გამოყენება. კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სასამართლო აფასებს მხოლოდ პოლიციელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის აბსტრაქტულ კანონიერებას, ჰქონდა თუ არა მას ამგვარი მოთხოვნის წაყენების უფლებამოსილება ზოგადად, ხოლო შეფასების მიღმა რჩება მოთხოვნის კანონიერების საკითხი იმ კონკრეტულ ვითარებაში, როდესაც მოხდა მისი წარდგენა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური გარემოებების შესწავლა მნიშვნელოვანია, რამდენადაც შეიძლება პოლიციელს ზოგადად ჰქონდეს აქციის დაშლის უფლება, თუმცა კონკრეტულ ვითარებაში ამ ღონისძიების გამოყენება ან მოთხოვნის წარდგენა იყოს არაპროპორციული.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისას აუცილებელია, მოხდეს პირის უფლებების სრულყოფილი დაცვა, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ სახელმწიფო ორგანოს (პოლიციის) ყველა გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლების იმ კომპონენტს, რომლის თანახმადაც, სასამართლო უნდა წარმოადგენდეს პირის უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ სასამართლოს თავად უნდა ჰქონდეს პოლიციის სავარაუდო უკანონო ქმედებაზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობა. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფორმალურად და მატერიალურად უნდა ამოწმებდეს პოლიციის მიერ წარდგენილი მოთხოვნის კანონიერების საკითხს და მხოლოდ ამგვარი შესწავლის შედეგად იღებდეს გადაწყვეტილებას, პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. სამართლებრივი მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს არ შესწევს უნარი, შეაფასოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედების კანონიერება ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით, ვერ ჩაითვლება კონსტიტუციური უფლებების დაცვის ადეკვატურ გარანტიად.
9. №1262 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ პოლიციის წარმომადგენელს აქვს სრული უფლებამოსილება, ვიდეო ტექნიკით ჩაიწეროს სამართალდარღვევის ფაქტი, ამგვარი მტკიცებულების დართვით სასამართლოსთვის სრულად იქნება შესაძლებელი, შეზღუდულ ვადებშიც კი, დაადგინოს კონკრეტული მოთხოვნის კანონიერების საკითხი. შესაბამისად, დადგენილი რეგულირება არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.
10. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტა იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილი მოთხოვნის კანონიერება, არის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების შემადგენელი ნაწილი. ამ მხრივ, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
11. 2018 წლის 15 მარტს მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობით მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს და შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, იგი სადავოდ აღარ ხდის მთლიანად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის კონსტიტუციურობას, არამედ ითხოვს მხოლოდ მისი სიტყვების: „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა)“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
12. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1262 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის სიტყვების: „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა)“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 17 მაისის (რეგისტრაციის ნომერი 2374-IIს) საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შეიცვალა ხსენებული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის ოდენობა.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1262 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ძალადაკარგულია. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
5. ამდენად, №1262 კონსტიტუციურ სარჩელზე არსებობს საქმის შეწყვეტის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1262 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქეები - ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი