გიორგი ციბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/1815 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 15 მაისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 მაისი 2024 15:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ციბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1815) მომართა გიორგი ციბაძემ. №1815 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის 25 აპრილს. №1815 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 15 მაისს.
2. №1815 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციური უფლება.
5. №1815 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის პირველი თებერვლის განაჩენით (საქმე №1/3055-20), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენით, უცვლელად დარჩა მოსარჩელის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის №882აპ-21 განაჩენით, დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–19, 108-ე მუხლზე და მოსარჩელე დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რითაც მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო სამართლებრივად აფასებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იმისათვის, რომ საქმეზე მიღებულ იქნეს დასაბუთებული, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანია, მხარემ მიუთითოს იმ სამართლებრივ გარემოებებზე, რომელიც, მისი აზრით, ქვედა ინსტანციების მიერ გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღებაზე მიუთითებს. ამასთანავე, მოსარჩელის განმარტებით, ზეპირი მოსმენის ჩატარება იძლევა საქმის გარემოებების სწრაფი და ეფექტიანი გამოკვლევის საშუალებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას სძენს მეტ ლეგიტიმურობას. მოსარჩელე მხარეს დაცვის უფლებით სრულყოფილად სარგებლობისთვის წერილობითი პოზიციის წარდგენა, უშუალოდ მხარის მოსმენის გარეშე, არასაკმარის პროცედურულ გარანტიად მიაჩნია.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე, მას ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ინტერესი, საქმე განიხილებოდეს ზეპირი მოსმენით. ამავდროულად, მოსარჩელის განმარტებით, ზეპირი მოსმენის გამართვის მნიშვნელობას ის ფაქტიც ზრდის, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადასინჯვას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა, რომელიც განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას იძლევა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს.
8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე დროს, მოსარჩელემ უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითებასთან ერთად, სათანადო არგუმენტების მოყვანის გზით, გარკვეული ხარისხით უნდა წარმოაჩინოს გასაჩივრებული რეგულირების არაკონსტიტუციურობაც. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, საკმარისი არ არის მარტოოდენ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/17/1629 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1815 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით დადგენილი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა მის მიმართ არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. იგი მიიჩნევს, რომ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, მას ყოველთვის აქვს მომეტებული ინტერესი, ზეპირი მოსმენის ფორმატში წარუდგინოს მოსაზრებები საქმის განმხილველ საკასაციო სასამართლოს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს რა მხარეთა უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სწორედ ამ გზით წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას პროცესის შეჯიბრებითობის, დაცვის უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის, ამასთან, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61).
4. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია ისიც, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის ინტერესი ყოველთვის ვერ გადაწონის პროცესის ეკონომიურობისა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. განსხვავებულია მიდგომა მაშინ, როდესაც სასამართლო წყვეტს როგორც ფორმალურ-სამართლებრივ საკითხებს, აგრეთვე აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42). გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის ფორმატში, ერთხელ უკვე შეფასებულ ფაქტებზე, სადაც უზრუნველყოფილი იყო მხარეებისათვის პოზიციების თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა, განმეორებით, ზემდგომ ინსტანციაში ზეპირი მოსმენის გამართვა საქართველოს კონსტიტუციით არ არის იმ ხარისხის სიმკაცრით დაცული, როგორც ეს იქნებოდა ფაქტობრივი გარემოებების პირველ ჯერზე შეფასებისას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/2/1428 გადაწყვეტილება საქმეზე „კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69).
5. ამდენად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის ინტერესის შეფასებისას, უმთავრესი საკითხი, რომელიც მხედველობაში მიიღება, არის ის - როგორია კონკრეტული საკითხის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია იმ მოცემულ შემთხვევაში, კერძოდ კი, თვისებრივად რა საკითხების შესწავლა/შეფასება/გამოკვლევა უწევს სასამართლოს. ამდენად, იმისათვის, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დადგინდეს, რა ვალდებულებებს უწესებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი კანონმდებელს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს საკასაციო სასამართლოს კომპეტენცია, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის კანონიერების საკითხის განხილვასთან მიმართებით.
6. საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში შეფასებული აქვს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის საკითხი სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების დადგენისას (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობაზე). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო აფასებს იმ საკითხებს, რომელზეც სააპელაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებაში კანონის შესაბამისად იმსჯელა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კანონიერების შემოწმებისას, საკასაციო პალატის კომპეტენცია არ შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობით და მას უხდება საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/2/1428 გადაწყვეტილება საქმეზე „კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69). მიუხედავად ამისა, მოცემულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირს ერთხელ უკვე ჰქონდა სასამართლოს წინაშე (სააპელაციო სასამართლოში) წარდგომისა და, მისი მონაწილეობით, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შესაძლებლობა, რაც ამცირებდა ზემდგომ ინსტანციაში (საკასაციო სასამართლოში) იმავე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევასთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენის გამართვის მომეტებულ ინტერესს. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა კი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ნორმა ბლანკეტურად კრძალავდა საქმეზე ზეპირი მოსმენის გამართვის შესაძლებლობას და საკასაციო სასამართლოს არ უტოვებდა შესაძლებლობას, კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქმის ყოველმხრივი შესწავლის მიზნით, იგი განეხილა ზეპირი მოსმენით. საყურადღებოა ისიც, რომ მოცემულ საქმეზე, საკასაციო სასამართლო, სადავო ნორმის საფუძველზე, მოქმედებდა როგორც მეორე ინსტანციის სასამართლო.
7. წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მოითხოვს, რომ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, მესამე ინსტანციის სასამართლომ (საკასაციო სასამართლომ) მისი საჩივარი ყოველთვის განიხილოს ზეპირი მოსმენით. განსახილველ საქმეზე, საკასაციო სასამართლოს განაჩენის ანალიზის საფუძველზე, ცხადი ხდება, რომ იგი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას, მსჯელობს არა, მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე, არამედ ადგენს, რამდენად სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. აღსანიშნავია ის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების შესაბამისად, სასამართლო სხდომა პირველი ინსტანციის სასამართლოში ტარდება ზეპირი მოსმენით. მიღებული განაჩენი შესაძლებელია გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივარი კი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად. ამდენად, პირველ ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს ზეპირი მოსმენით, მხარის ჩართულობით, რომლის ფარგლებშიც პირს ეძლევა შესაძლებლობა, სასამართლოს წარუდგინოს არგუმენტები, შესაბამისი მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის პროცესში. შესაბამისად, ორი ინსტანციის ფარგლებში, უზრუნველყოფილია პირის უშუალო მონაწილეობა სასამართლო განხილვაში. ამდენად, პირის მოთხოვნას წარმოადგენს, მონაწილეობა მიიღოს პირველი და მეორე ინსტანციის ფარგლებში ორჯერ უკვე შეფასებული და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების/მტკიცებულებების საკასაციო ინსტანციაში გამოკვლევის პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლო დამკვიდრებული პრაქტიკის საფუძველზე განმარტავს, რომ, როდესაც პირველი და შემდგომი ინსტანციის მიერ ზეპირი მოსმენის ფორმატში გამოკვლეულია საქმეში არსებული ყველა რელევანტური ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, იმავე ფაქტობრივი გარემოებების განმეორებით, ზეპირი მოსმენის გზით შემოწმების ინტერესი ვერ იქნება კონსტიტუციით იმავე ხარისხში დაცული, როგორც ეს იქნებოდა ფაქტობრივი გარემოებების პირველ ჯერზე შეფასებისას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/2/1428 გადაწყვეტილება საქმეზე „კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). იმავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ სადავო ნორმა არ კრძალავს ზეპირი მოსმენის გამართვის შესაძლებლობას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ყოველმხრივი შესწავლის მიზნით, აუცილებელია მხარეების პოზიციების მოსმენა, იგი არ არის შეზღუდული, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს, პრაქტიკაში, ბევრჯერ განუმარტავს, რომ ზეპირი მოსმენის გამართვის შეზღუდვა ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორიცაა პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფა და სასამართლო სისტემის გადატვირთვისგან დაცვა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისის №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17-21; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68-69; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20-24). ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება თვითმიზნური არაა, სასამართლოს დადგენილი სტანდარტის თანახმად, „მოსარჩელემ, ძირითადი უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების მიღმა, უნდა მოიყვანოს არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტა მიზნის მიღწევის არაპროპორციული და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური საშუალებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-7). წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი ცხადი არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, რომ ზემოაღნიშნული პირობების მიუხედავად, არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის ყველა შემთხვევაში, ზეპირი მოსმენით განხილვის ისეთი განსაკუთრებული ინტერესი, რომლის უგულებელყოფაც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებდა. ამდენად, №1815 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1815 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ციბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე