ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/1/855 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 15 თებერვალი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 თებერვალი 2017 18:05 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი;
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 8 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - თეა ლეონიძე) კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №855). №855 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 15 თებერვალს.
2. №855 კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის სასჯელის სახით განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვს წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. №855 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, რაფაელ ვალიევს 2015 წლის 30 ივლისს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების - ნარკოტიკული საშუალების (ნედლი მარიხუანის) უკანონო შეძენისა და შენახვისათვის. კოდექსის აღნიშნული ნორმა დანაშაულის ჩადენის დროს სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით. ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საქმე განსახილველად შევიდა 2015 წლის 12 ოქტომბერს. სასამართლომ 2016 წლის 28 ოქტომბერს შეაჩერა საქმისწარმოება ბრალდებულ რაფაელ ვალიევის მიმართ და წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. №855 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის შეძენისა და შენახვის გამო. წარდგინების ავტორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს რისკი იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, შესაძლოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული.
7. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი დამატებით ყურადღებას ამახვილებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე გრაფაში დაფიქსირებულ ოდენობებზე, რომლის თანახმადაც, „ნედლი მარიხუანის“ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია „გამომშრალი მარიხუანის“ ორმაგ ოდენობებზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიდგომა ცალსახად მიუთითებს, რომ ერთი და იმავე წონის „გამომშრალი მარიხუანისა“ და „ნედლი მარიხუანის“ შემთხვევაში, მიდგომა „გამომშრალ მარიხუანასთან“ მიმართებით უფრო მკაცრია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 8). ამგვარად, დასახელებული ნორმა უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან მექანიზმად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ამ უკანასკნელის მხრიდან, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ამ უფლებათა შემდგომი დარღვევის პრევენციისთვის.
3. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე არაერთხელ განმარტა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 მუხლში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას და არც მიანცდამაინც იმავე კანონში ასეთი წესის გამეორებას. „სასამართლო ამ დროს სწავლობს უფლებაში ამა თუ იმ ფორმით, შინაარსით თუ ინტენსივობით ჩარევა იწვევს თუ არა უფლების დარღვევას. შესაბამისად, თუ უფლებაში ჩარევის შედეგის მიხედვით, ახალი/ან კანონმდებლობაში არსებული სხვა რეგულაციით კონკრეტულ უფლებას დარღვევის არსებითად ან თვისობრივად იგივე საფრთხე ემუქრება, დამოუკიდებლად იმისგან, ასეთი რეგულაცია რომელ ნორმატიულ აქტში გაჩნდება/არსებობს ან იქნება თუ არა ის ტექსტუალურად არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციის იდენტური, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დასახელებული ნორმა ავალდებულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ძალადაკარგულად ცნოს განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზევე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინება , II-5).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ,,სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის N1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 10). „სადავო ნორმის „დამძლევ ნორმად“ მიჩნევა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობა ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 12).
5. ამგვარად, მოცემულ შემთხვევაშიც, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმა იწვევს თუ არა იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და დგება თუ არა არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგები.
6. საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში შეფასებულ იქნა ზოგადად მარიხუანის როგორც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად საზოგადოების/კონკრეტული პირის მიმართ მომდინარე საფრთხეები, მოხმარების მიზნით მისი შეძენა/შენახვის დასჯადობის ლეგიტიმური მიზნები და ამგვარი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესების პროპორციულობის საკითხი.
7. საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ლეგიტიმურ მიზნად განსაზღვრა ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის გავრცელების პრევენციის მეშვეობით ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისგან განასხვავა საფრთხე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მომხმარებლის ჯანმრთელობას და საფრთხე, რომელსაც ამგვარი საშუალების გამავრცელებელი უქმნის სხვათა ჯანმრთელობას. სასამართლოს შეფასებით, თუკი პირის მხრიდან მარიხუანის შეძენა/შენახვა ხორციელდება მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით, იგი საფრთხეს არ უქმნის სხვის ჯანმრთელობას. თუკი პირი დასახელებულ ნარკოტიკულ საშუალებას თავად მოიხმარს, კონკრეტულად მის ჯანმრთელობას შეიძლება მართლაც მიადგეს საფრთხე. „ცხადია, ხელისუფლებას აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, კონკრეტული ქმედებების რეგულირების გზით მოახდინოს იმ რისკების გამორიცხვა/მინიმალიზება, რომლებიც შეცდომის დაშვების შედეგად ქმნის, განაპირობებს ადამიანის მიერ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს... თუმცა ... საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით პირის თავისუფლების აღკვეთა აუხსნელი და გაუმართლებელია“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-82). საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, თავისუფლების აღკვეთა ასეთ შემთხვევაში ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რაც კონკრეტულ პირს აქცევს ძალაუფლების ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში და, საბოლოო ჯამში, ხელყოფს მის ღირსებას. ამავე დროს სასამართლომ მიუთითა, რომ გარკვეულ შემთხვევაში შეძენილი/შენახული მარიხუანის მასა შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ თავისთავად მიუთითებდეს მისი გასაღების საფრთხეზე პირის განზრახვის გამოკვლევის გარეშე.
8. N592 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავო ნორმა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა დიდი ოდენობით მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში დიდ ოდენობად განსაზღვრავს 50-500 გრამს. თუმცა მოსარჩელის მიმართ ბრალის წარდგენა მოხდა 69 გრამი მარიხუანის შეძენა/შენახვის გამო. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა შეაფასა სწორედ ამ ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვის ფარგლებში და დაადგინა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა, a priori, არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც არ არის განკუთვნილი პირადი მოხმარებისთვის და რომელიც ავტომატურად ქმნის მისი გავრცელების და, შესაბამისად, სხვათა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს.
9. წინამდებარე დავის ფარგლებში სადავო ნორმა ადგენს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.
10. N855 კონსტიტუციური წარდგინებით გასაჩივრებულ ნორმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გათვალისწინებულია არსებითად იგივე ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის. სხვაობა სადავო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს შორის გამოიხატება მარიხუანის როგორც ნარკოტიკული საშუალების მდგომარეობაში (გამომშრალი ან ნედლი) და მოცულობაში. კერძოდ, სადავო ნორმა აწესებს სასჯელს 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენისა და შენახვისათვის.
11. N592 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას როგორც მხარეებმა, ისევე მოწვეულმა მოწმეებმა ისაუბრეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ბუნებაზე, მის პირად მოხმარებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა მითითება, რომ მარიხუანას გამომშრალ და ნედლ მდგომარებაში აქვს განსხვავებული მახასიათებლები და რომ განსხვავებული მდგომარეობით მისი არსებობა, თავისთავად, გავლენას ახდენს დასახელებული ნარკოტიკული საშუალებიდან მომდინარე საფრთხეების ხარისხზე. ნედლ მარიხუანას არ ახასიათებს ნარკოტიკული თრობის მიზნებისათვის რელევანტური რაიმე ისეთ თვისებები, რომლებიც არ გააჩნია მას გამომშრალ მდგომარეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასთან შედარებით, მომეტებულ საფრთხეს შეიძლება იწვევდეს მხოლოდ და მხოლოდ შეძენილი/შენახული მარიხუანის მასიდან გამომდინარე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა/შენახვიდან მომდინარე საფრთხე, ნარკოტიკული ნივთიერების მასიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა აღემატებოდეს 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვიდან მომდინარე საფრთხეს.
12. განსხვავება, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში გამომშრალი და ნედლი მარიხუანის დადგენილ ოდენობებს შორის არსებობს, ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ ნედლ მარიხუანაში წყლის შემცველობა უფრო მეტია, რაც ზრდის მცენარის მასას თავად ნარკოტიკული თრობის უნარის ზრდის გარეშე. სწორედ აღნიშნულით უნდა აიხსნას კანონმდებლის მიდგომა, რომლის თანახმად, რაოდენობრივი მაჩვენებლები გრამებში, რომლითაც განისაზღვრება აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა, თითოეულ შემთხვევაში ნედლ მარიხუანასთან მიმართებით ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე გამომშრალ მარიხუანასთან მიმართებით. მაგალითისათვის, თუკი 0-5 გრამი გამომშრალი მარიხუანა ითვლება მცირე ოდენობად, ხოლო 5-50 გრამი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში ეს მაჩვენებლები ორჯერ მეტია და, შესაბამისად, შეადგენს 0-10 გრამს და 10-100 გრამს.
13. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის, რადგან ამგვარი ოდენობა ავტომატურად არ ქმნიდა მისი გავრცელების საფრთხეს, პირადი მოხმარების მიზანი კი გამორიცხავდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების აუცილებლობას/საჭიროებას. აშკარაა, რომ მასის გათვალისწინებით, მარიხუანის შეძენა/შენახვიდან მომდინარე საფრთხეების განსაზღვრისას კანონმდებელმა იდენტური საფრთხის მატარებლად მიიჩნია 50 გრამამდე მშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანა. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ნარკოტიკული საშუალების მასის გათვალისწინებით საფრხეების განსაზღვრისას კანონმდებელი 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა/შენახვას, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვასთან შედარებით, ნაკლები საფრთხის შემცველად მიიჩნევს.
14. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით განსაზღვრული ნედლი მარიხუანის მოცულობა, ნარკოტიკული თრობის ეფექტის თვალსაზრისით, არ არის 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის მოცულობაზე მეტი. შესაბამისად, ვერც 100 გრამამდე ნედლი მარიხუანა მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობად, რომელიც თავისთავად ქმნის მისი გასაღების საფრთხეს. ამდენად, 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირდი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის გამო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხი ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/592 გადაწყვეტილებით და არ არსებობს N855 კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვის ფორმატში გამოკვლევის საჭიროება.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის, არის საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დამძლევი და იგი უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად საქმის არსებითად განხილვის გარეშე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5, 51 პუნქტების და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად ბოლნისის რაიონული სასამართლოს N855 კონსტიტუციური წარდგინება და განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.
2. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
3. განჩინება ძალაშია მისი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი