ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/2/1400 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 ივნისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ივნისი 2024 19:18 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 1 ივნისი 2025 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
(ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას;
(ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე ემზარ კვიციანი; მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ნუნუ შალამბერიძე და მოსარჩელეების – ეთერ ჩხეტიანი-ანსიანის და იაგორ ანსიანის წარმომადგენელი იესე კვიციანი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – რუსუდან მუმლაური, ლევან ღავთაძე და ხატია პაპიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1400) მომართეს ემზარ კვიციანმა, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანმა, მაია ანსიანმა და იაგორ ანსიანმა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2020 წლის 5 ივნისის №1-3/1/1400 განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის №3/1-2/1400 საოქმო ჩანაწერით, №1400 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის №3/4/1400 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 20 და 21 აპრილს.
3. №1400 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლები განსაზღვრავს, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის საფუძვლებსა და წინაპირობებს.
5. მოსარჩელე მხარის მითითებით, არაკონსტიტუციურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლები.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება ასევე დასაშვებია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას.
8. №1400 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2006 წელს მიღებულ იქნა დადგენილება მოსარჩელე ემზარ კვიციანის, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისთვის. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ხსენებულ დადგენილებაზე დაყრდნობით, 2006 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელეების წინააღმდეგ და მოითხოვა მათ საკუთრებაში არსებული რიგი ქონების უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევა და ჩამორთმევა. გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი, დაუსაბუთებლად და უკანონოდ იქნა ცნობილი მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული რიგი ქონება და გადაეცა სახელმწიფოს. ხსენებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა 2007 წლის 12 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით. მოსარჩელე მხარის მითითებით, ემზარ კვიციანი და მისი მეუღლე თეთნულდი ანსიანი 2006 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ და არ იყვნენ ინფორმირებული გენერალური პროკურატურის სარჩელისა და მიმდინარე დავის შესახებ. ამასთან, მოსარჩელეები არ იყვნენ მიწვეულნი საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით.
9. მოსარჩელეების მითითებით, 2014 წლის 19 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის დადგენილებით, ემზარ კვიციანის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. მაშასადამე, გაუქმდა დადგენილებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქონების უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და მათი ჩამორთმევის შესახებ. ამდენად, არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და, ასევე, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები, თუმცა საქმის წარმოების განახლებას მოსარჩელეები ვერ ახერხებენ სწორედ სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვის გამო.
10. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პროცესუალური ვადების არსებობა, თავისთავად, არ იწვევს კონსტიტუციური უფლების დარღვევას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არაგონივრულია. ამასთან, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს შემთხვევებზე, როდესაც მხარეს არ ეცნობა კონკრეტული სასამართლო დავის საფუძვლები და სხდომის თარიღი, მეტიც, არ არის ინფორმირებული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. ასეთ ვითარებაში, კანონის დარღვევით მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება უნდა გაბათილდეს და მიღებული იქნეს კანონიერი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვით.
11. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ არაკონსტიტუციურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი, რომლის შესაბამისადაც, პირის მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია ერთი თვის გასვლის შემდგომ. მოსარჩელე მხარის მითითებით, შესაძლებელია, დასახელებული ერთთვიანი იმპერატიული ვადა პირმა დაარღვიოს, მაგალითად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც მიღებულია დოკუმენტი, რომლის არსებობის შესახებ მან არ იცის ან/და სასამართლოში სარჩელის არასწორად წარდგენის ან/და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შეტანის გამო დაკარგა აღნიშნული დრო. შესაბამისად, მოსარჩელეების მტკიცებით, განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა მეტისმეტად მცირეა სრულფასოვანი განცხადების წარდგენისთვის, რაც იწვევს მის არაკონსტიტუციურობას.
12. მოსარჩელეებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დააზუსტეს, რომ მათ მოთხოვნას არ წარმოადგენს, ზოგადად, 5 წლიანი ვადის ნებისმიერ შემთხვევაში არაკონსტიტუციურად ცნობა, არამედ ყურადღებას ამახვილებენ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პირი ამ ვადას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო უშვებს. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
13. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სარგებლობს პრეზუმფციით, რომ იგი არის საბოლოო და სწორი. ასეთი გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა, რასაც ითვალისწინებს, სწორედ, გადასინჯვის ინსტიტუტი, წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას და არა მეოთხე ინსტანციის დავას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების მკაცრი რეგულირების ჩარჩოში მოქცევა, განსაკუთრებით კი - ვადით შემოფარგვლა.
14. მოპასუხის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობა იცავს ისეთ მნიშვნელოვან მიზნებს, როგორებიცაა, სამართლებრივი სტაბილურობა და განსაზღვრულობა. იმ შემთხვევაში, თუ საგამონაკლისო წესი არ იქნება კონკრეტული ვადით შემოსაზღვრული, ხსენებულ მიზნებს შეექმნება საფრთხე, რადგან მუდმივად იარსებებს განცდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ნებისმიერ დროს შეიძლება გადაისინჯოს და, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი საბოლოობა და res judicata ეფექტი.
15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ხანდაზმულობის ვადის არსებობის მიზანს, მათ შორის, წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლო პროცესის მხარეს მუდმივად არ ევალებოდეს მტკიცებულებათა შენახვა და სასამართლოსათვის წარდგენა. მოპასუხის პოზიციით, საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი ემსახურება სამართლიანობის აღდგენას, თუმცა მისი ზედმეტად გაფართოებითა და არათანმიმდევრული და ქაოსური მოწესრიგებით არ უნდა დადგეს უსამართლო შედეგები სხვა პირთა მიმართ, რომელთაც ნდობა აქვთ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართ და, ხშირ შემთხვევაში, მის საფუძველზე გარკვეული უფლებები შეიძინეს.
16. მოპასუხე მხარემ ასევე განმარტა, რომ კანონიერი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ისეთ საფუძველთან მიმართებით, როგორიცაა მხარის არმოწვევა სასამართლო პროცესზე, 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა სრულიად გონივრულია. კერძოდ, არსებობს პრეზუმფცია, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში მხარე აუცილებლად შეიტყობს რაღაც ეტაპზე, რომ მის წინააღმდეგ არსებობს გადაწყვეტილება და ეს შემთხვევა ვერ იქნება გაიგივებული ისეთ შემთხვევასთან, როდესაც მესამე პირი არ იქნა მოწვეული პროცესზე, რომლის ინტერესებსაც შეეხო გადაწყვეტილება. დამატებით, მოპასუხე მხარემ არ გამორიცხა, რომ ერთეულ შემთხვევებში შესაძლოა, მხარემაც ვერ შეიტყოს 5 წლის განმავლობაში მის მიმართ მიმდინარე პროცედურების შესახებ, თუმცა ასეთი შემთხვევების არსებობით ეჭვქვეშ ვერ დადგება, ზოგადად, 5 წლიანი ვადის გონივრულობის საკითხი.
17. საქართველოს პარლამენტმა ასევე მიუთითა, რომ, მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო თუ კერძო პირი, ერთი და იგივე სტანდარტები უნდა გავრცელდეს საკითხის შეფასებისას. სახელმწიფო წარმოადგენს ისეთივე სამართლის სუბიექტს კერძო დავებში, როგორსაც ფიზიკური პირები. სახელმწიფოსთვისაც ისევე უნდა იყოს განჭვრეტადი, ვის რისი მოთხოვნის უფლება წარმოეშობა კანონმდებლობის საფუძველზე, როგორც ფიზიკური პირებისთვის. ამასთან, სახელმწიფოს მიმართ დამდგარი შედეგი გავლენას არა მხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ თავად ფიზიკურ პირებზეც ახდენს. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უფლების დამდგენ დოკუმენტსაც წარმოადგენს.
18. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების წარსადგენად დადგენილი ერთთვიანი ვადა არის გონივრული და საკმარისი, რათა ეს განცხადება მომზადდეს. მათი მითითებით, ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირს წარდგენილი აქვს განცხადება ადმინისტრაციულ ორგანოში რაიმე დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად გამოყენებაც სურს, მას შეუძლია, სასამართლოს მიმართოს განცხადებით და შუამდგომლობის სახით დააყენოს, რომ შემდგომში დაურთავს ხსენებულ მტკიცებულებას.
19. მოპასუხემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ მსგავსი ვადების დადგენა წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივას და მათი კონსტიტუციურობის საკითხი მხოლოდ მაშინ უნდა დადგეს დღის წესრიგში, როდესაც ეს ვადა იმდენად მცირეა, რომ პირისთვის შეუძლებელია უფლების რეალიზაცია. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, ხსენებული ხანდაზმულობის ვადები სრულიად გონივრულია და ამ ვადების გაზრდით შესაძლოა, დაზიანდეს მართლმსაჯულების დროულად განხორციელებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობის მიზნები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმების არსი და შესაფასებელი მოცემულობა
1. №1400 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, ერთი მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
2. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მათ მოთხოვნას არ წარმოადგენს, ზოგადად, კანონით დადგენილი საპროცესო ვადების არაკონსტიტუციურად ცნობა. მოსარჩელეების პოზიციით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები კონსტიტუციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლები. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით, შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა ან თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
3. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავო ნორმები ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ ორ აღმკვეთ ვადას. ერთი მხრივ, მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან/და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. ხოლო, მეორე მხრივ, 5 წლიანი ვადის განმავლობაში პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან/და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული აღმკვეთი ვადების ბლანკეტურობა და, ობიექტური გარემოებების არსებობისას, გამონაკლისის დაშვების შეუძლებლობა არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული აღმკვეთი ვადები ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები.
2. სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სფერო
5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავის თავში, არაერთ უფლებრივ კომპონენტს აერთიანებს და გულისხმობს არა მხოლოდ პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, არამედ, სახელმწიფოს მხრიდან, იმგვარი ნორმატიული წესრიგის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ... თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთანავე, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვის შესაძლებლობით, არამედ აუცილებელია, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტიანი საშუალება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6. ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი კომპონენტები მოიცავს, მათ შორის, სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ან/და სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნის/ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების უფლებასაც. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო პროცესი ჩატარდა კონსტიტუციის/კანონის ფორმალური ან/და მატერიალური მოთხოვნების დარღვევით ან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოვლინდა იმგვარი გარემოება, რომელიც ცნობილი რომ ყოფილიყო პროცესის მიმდინარეობისას, გამოიწვევდა სხვაგვარი სამართლებრივი შედეგის დადგომას და ამ დარღვევათა/ახალ გარემოებათა გამო მიღებული გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნას, ამგვარი გადაწყვეტილების ბათილობის ან წარმოების ხელახლა დაწყების მოთხოვნა წარმოადგენს პირის უფლებათა დაცვის აუცილებელ საშუალებას და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის წინაპირობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-14).
7. ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, პირის უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილი სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის შესახებ, გულისხმობს, მათ შორის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების უფლებასაც.
3. სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სამართლებრივ წესრიგში მხარეთა შორის არსებული დავა წყდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. დასახელებული კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის წესს. კერძოდ: სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ საჩივრდება, კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე; გადაწყვეტილებები, რომლებიც საჩივრდება, ძალაში შედის თუ არ გასაჩივრდა ან/და კანონიერ ძალაში შესული ზემდგომი სასამართლოს განჩინებით დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ კი, მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საბოლოო ეტაპს მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტისას.
9. იმავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, პირს ენიჭება უფლება, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობა ან საქმის წარმოების განახლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქმის წარმოების განახლების/ბათილობის ინსტიტუტი არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1455-2019; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ა-4160-ა-14-2021). ამასთანავე, მსგავსი მოთხოვნის წარდგენის უფლება შეზღუდულია კონკრეტული ვადებით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის ფარგლებში, პირს 5 წლის გასვლის შემდეგ სრულიად ერთმევა შესაძლებლობა, მიმართოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, ხოლო 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში მან სასამართლოს უნდა მიმართოს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ვადები, თავის მხრივ, იმპერატიული ხასიათისაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ იძლევა ნორმაში მოცემული დანაწესისაგან სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას. ამასთანავე, აღნიშნული ნორმით, არ არის გათვალისწინებული მოცემული ვადის არც გაგრძელების ან აღდგენისა და შეჩერების შესაძლებლობა (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინება საქმეზე №1560-1480-2017).
11. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი იმპერატიულად აწესრიგებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობისას, სასამართლოსათვის მიმართვის ვადებს, ისე, რომ არ იძლევა იმის გათვალისწინების შესაძლებლობას, თუ რა მიზეზით, მხარის ბრალეულობითა თუ მისგან დამოუკიდებლად, ვერ მოხდა კანონით დადგენილ 5-წლიან/ერთთვიან ვადაში სასამართლოსათვის მიმართვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვას.
4. უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება
4.1. შეფასების ტესტი
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არის, უდავოდ, დიდი მნიშვნელობის, ის არ არის აბსოლუტური ხასიათის. იგი ვერ იარსებებს იმ პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რამდენადაც ეს უკანასკნელი უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს, მათ შორის, წინასწარ განსაზღვრულ ვადებზე.
13. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად, კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. „აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
14. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმებით განსაზღვრული აღმკვეთი ვადების შესაბამისობა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან.
4.2. ლეგიტიმური მიზანი
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რათა გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, აუცილებელია, იგი ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15). შესაბამისად, წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო რეგულირება.
16. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა გადაწყვეტილების საბოლოობა. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამართლებრივ სტაბილურობასა და განსაზღვრულობას. ამასთანავე, მოპასუხის პოზიციით, პირს, რომლის სასარგებლოდაც მიღებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, არ შეიძლება ევალებოდეს, რომ მუდმივად, განუსაზღვრელი ვადით ჰქონდეს შენახული მტკიცებულებები. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რთულდება სხვადასხვა მტკიცებულების მოპოვება ან ისინი კარგავენ მტკიცებით ძალას, რაც პროცესის მონაწილე მხარეს აყენებს არასამართლიან მდგომარეობაში. შესაბამისად, მოპასუხის პოზიციით, სადავო რეგულირების კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზანს სწორედ მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა წარმოადგენს.
17. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები მიზნად ისახავს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის, ისევე, როგორც მოწესრიგებული და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას. სტაბილური სამართლებრივი წესრიგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობაზე. სასამართლოს მიერ პირისათვის განსაზღვრული/მინიჭებული უფლებები არ შეიძლება მუდმივად საეჭვოობის (საცილოობის) ხასიათს ატარებდეს. სასამართლოს გადაწყვეტილების, როგორც ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტის ფუნქციური დატვირთვა მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად აღსრულებაა. აღნიშნული ფუნქცია კი მიუღწეველი დარჩება იმ შემთხვევაში, თუკი მხარეებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამგვარი წესრიგი აზრს დაუკარგავს, მათ შორის, თავად იმ უფლებათა არსებობასაც, რომლის დაცვასაც ცდილობს პირი სასამართლოს მეშვეობით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-27).
18. ამასთანავე, სტაბილური სამართლებრივი წესრიგი წარმოუდგენელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისადმი სანდოობის გარეშე. სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი ნდობას კი განაპირობებს, მათ შორის, ის გარემოება, რომ მასში შეფასებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, დადგენილი წესრიგი აღარ ექვემდებარება შეცვლას. სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ინსტიტუტი მჭიდროდაა დაკავშირებული საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპთან - res juticata ..., რომლის მიზანია, სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობის უზრუნველყოფით, სანდოობა და სტაბილურობა შესძინოს სასამართლო გადაწყვეტილებას და დაიცვას მხარე ხელახალ სამართალწარმოებაში ჩართვისაგან. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „... სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-25). ამდენად, სასამართლოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია მხარეებს შორის დავების დასრულება, უფლებრივი რეჟიმის დადგენა და სადავო საკითხთან მიმართებით ბუნდოვანების გაფანტვაა.
19. ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისას, პირები ეყრდნობიან სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ უფლებრივ რეჟიმს, სწორედ იმიტომ, რომ არსებობს მისი შეუცვლელობის მოლოდინი. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისადმი სანდოობას იწვევს, მათ შორის, სწორედ ის ფაქტი, რომ იგი არის საბოლოო. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნული შექმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, რომლის ფარგლებშიც არ იარსებებს ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლება მხარეთა შორის დავის საბოლოოდ გადაწყვეტა, უფლების ნამდვილობის ავტორიტეტულად განსაზღვრა და მბოჭავი სამართლებრივი შედეგის დადგენა. მსგავსი გაურკვევლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის მუდმივი რისკი და უფლების საეჭვოობა კი წერტილს დაუსვამს სასამართლოსადმი ნდობას და საფრთხეს შეუქმნის მის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
20. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს პროცესზე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები. შესაბამისად, მტკიცებულებათა გამოყენებადობა, მათი მტკიცებითი ძალა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. თავის მხრივ, დრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საპროცესო უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობაზე. „როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-21). ამდენად, „პროცესის უკვდავება“ ანუ ვითარება, როდესაც მხარეთა შორის დავის გადაწყვეტა საბოლოო არასდროს ხდება, საფრთხეს უქმნის როგორც დავის სამართლიანად გადაწყვეტას, აგრეთვე იმ პირის უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლის სასარგებლოდაცაა მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
21. მოწესრიგებული, საბოლოოდ დასრულებას დაქვემდებარებული საპროცესოსამართლებრივი წესრიგის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია, შეიქმნას რეალობა, რომელიც პირებს დააყენებს არჩევანის წინაშე, ან უარი განაცხადონ სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლაზე, ან მუდმივ რეჟიმში ზიდონ სადავოდ ქცეული ურთიერთობიდან მომდინარე საეჭვოობისა და სამართლებრივი განუსაზღვრელობის ვითარებაში ყოფნის ტვირთი. აღნიშნული კი, საბოლოოდ, საფრთხეს შეუქმნის სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის არსებობას, ისევე, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი სპექტრის ჩამოყალიბებას, რაც რისკის ქვეშ დააყენებს სახელმწიფოს ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას.
22. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლებრივი სტაბილურობა და უსაფრთხოება, მართლმსაჯულების სწორად განხორციელება და დავის საბოლოოდ გადაწყვეტა, ისევე როგორც პროცესის მონაწილე მხარეთა უფლებების დაცვა, წარმოადგენს იმგვარ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც შეიძლება, შეიზღუდოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის სასამართლოსათვის წარდგენის უფლება.
4.3. გამოსადეგობა და აუცილებლობა
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისათვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის კრიტერიუმებს.
24. კონსტიტუციური უფლების მზღუდავი სადავო რეგულირების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). ამავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ სადავო რეგულირება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
25. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, პირი ვალდებულია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან/და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს შესაბამისი საფუძვლის არსებობის შესახებ შეტყობიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ამგვარი მოთხოვნის დაყენება შეზღუდულია ზოგადი ხანდაზმულობის ვადით - 5 წლით. ამდენად, თუკი პირი სასამართლოს არ მიმართავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან/და საქმის წარმოების განახლების საფუძვლის შეტყობიდან 1 თვის განმავლობაში ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 5 წელზე მეტი დრო, აღარ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შესაძლოა, გაბათილდეს ან შეიცვალოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ბათილად ცნობის ან ახლად გამოვლენის გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის უფლების გარკვეული ვადით შეზღუდვა ნამდვილად წარმოადგენს ისეთი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, როგორებიცაა: სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, განსაზღვრულობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი სანდოობა.
26. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების ან საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვების შემდეგ, საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან განიხილება საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით. რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში, მხარეებს მოუწევთ, ხელახლა მოიპოვონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები, ხოლო სასამართლომ შეაფასოს ისინი და მათზე დაყრდნობით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუკი არ იარსებებდა ზოგადი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის შიგნით რაიმე ვადა, რომელიც მხარეს დაავალდებულებდა, რაც შეიძლება სწრაფად მიემართა სასამართლოსათვის, პირს ექნებოდა შესაძლებლობა, არ მოეთხოვა გადაწყვეტილების ბათილობა ან საქმის წარმოების განახლება მანამ, სანამ არ ამოიწურებოდა ზოგადი ხანდაზმულობის ვადა (უმეტეს შემთხვევაში, 5 წელი). სასამართლოსთვის მიმართვის ვადის ამგვარი, უმიზნო გახანგრძლივება, როდესაც პირმა უკვე იცის, რომ არსებობს გადაწყვეტილების ბათილობის ან საქმის წარმოების განახლების საფუძველი, წარმოშობს უფლებით ბოროტად სარგებლობის მომეტებულ რისკს, ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მტკიცებულებათა სანდოობაზე და ამცირებს მათი მოპოვების შანსებს, ისევე როგორც აჭიანურებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და, შესაბამისად, დავის საბოლოოდ გადაწყვეტის პროცესს.
27. ამდენად, გარკვეული საპროცესო ვადების განსაზღვრა - ამ შემთხვევაში 1– თვიანი და 5–წლიანი პერიოდი, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების ხანდაზმულობის ვადად, წარმოადგენს გამოსადეგ საშუალებას ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.
28. რაც შეეხება აუცილებლობის კომპონენტს, შესაძლებელია, კონკრეტული აღმკვეთი ვადის განსაზღვრის გარეშე, თითოეულ საქმეზე მოსამართლისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, რათა ინდივიდუალურად შეაფასოს, რამდენად არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან საქმის წარმოების განახლების აუცილებლობა, წარმოადგენდეს მოსარჩელე მხარის უფლებების უფრო ნაკლებადმზღუდავ საშუალებას. თუმცაღა ამგვარი მოწესრიგების შემოღება ნიშნავს, რომ არ იარსებებს ის დროითი ზღვარი, რომლის შემდეგაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ხდება საბოლოო, შეუქცევადი. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტა იმავე ეფექტურობით ვერ უზრუნველყოფს ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და, ამ მხრივ, ვერ იქნება განხილული არსებული რეგულაციის ალტერნატიულ, უფლების უფრო ნაკლებად შემზღუდველ მექანიზმად.
29. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების ხანდაზმულობის 1-თვიანი და 5-წლიანი ვადის დადგენა წარმოადგენს ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას.
4.4. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
30. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
31. №1400 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე ითხოვს ხანდაზმულობის 1–თვიანი და 5-წლიანი ვადების კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. დასახელებული ნორმები კი ადგენენ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საქმის წარმოების განახლების საფუძვლებს, თუ 1) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ან 2) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. რამდენადაც დასახელებული საფუძვლები ერთმანეთისაგან შინაარსობრივად მნიშვნელოვნად განსხვავდება, საკონსტიტუციო სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს თითოეული მათგანის არსებობის შემთხვევაში, რამდენად კონსტიტუციურია 5-წლიანი აღმკვეთი ვადის არსებობა, ხოლო შემდგომ შეაფასებს დასახელებული საფუძვლების შეტყობიდან სასამართლოსადმი 1 თვის ვადაში მიმართვის კონსტიტუციურობის საკითხს.
i. 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველთან მიმართებით
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლად განსაზღვრავს ერთ-ერთი მხარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) მოუწვევლობას საქმის განხილვაზე. პირის მონაწილეობა სასამართლო პროცესში, მოსამართლისათვის საკუთარი არგუმენტაციის წარდგენა და პოზიციების დაცვის შესაძლებლობა მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელი კომპონენტია. უპირველეს ყოვლისა, უფრო დიდია ალბათობა, რომ მხარეთა მონაწილეობით, ურთიერთდაპირისპირებული ინტერესების შეჯერებით და მტკიცებულებების ყოველ მხრივ გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და სწორად შეფასდება სადავო გარემოებები. ამასთანავე, თუკი პირს არ მიეცემა სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება, რთულად წარმოსადგენია, რომ მას ჰქონდეს ნდობა მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, პროცესის მონაწილის სუბიექტური აღქმით ვერ ჩაითვლება, რომ მართლმსაჯულება შედგა.
33. მხარის მონაწილეობა სასამართლო პროცესში სამართლიანი სასამართლოს სხვა უფლებრივი კომპონენტებით სარგებლობის აუცილებელი წინაპირობაა - თუკი პროცესი მხარის მონაწილეობის გარეშე წარიმართება, ამით შესაძლოა, დაირღვეს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, პირმა ვერ შეძლოს სხვადასხვა საპროცესო მექანიზმებით/გარანტიებით სარგებლობა, ვერ გაასაჩივროს შუალედური აქტები და საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება და სხვა. შესაბამისად, მხარის სამართალწარმოების პროცესში მიუწვევლობა წარმოშობს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და არასწორი გადაწყვეტილების მიღების მომეტებულ რისკს.
34. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ხსენებული საფუძვლის მიზანია, შესაძლებელი გახადოს იმ პირის მიერ საკუთარი უფლებების დაცვა და აღდგენა, რომელიც თავის დროზე მოწვეული არ იყო სასამართლო პროცესზე, მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში ისე, რომ პროცესის მიმდინარეობისას მან ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს მინიმალური გარანტიებით.
35. რაც შეეხება დაპირისპირებულ ინტერესს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართვის ხანდაზმულობის ვადის მიზანია იმ პირის უფლებების დაცვა, რომლის სასარგებლოდაც მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების მიღება. პირს, რომლის სასარგებლოდაც მოხდა გადაწყვეტილების მიღება, ექმნება ლეგიტიმური მოლოდინი, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, გადაწყვეტილება გახდება საბოლოო, მის სასარგებლოდ დამდგარი შედეგი აღარ შეიცვლება და ხელახლა აღარ მოუწევს იმავე საკითხზე დავა. ამასთანავე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდგომ, ამ გადაწყვეტილების ბათილობა და საქმის წარმოების ხელახლა დაწყება პირს შეიძლება აყენებდეს რთულ პროცესუალურ მდგომარეობაში, მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით.
36. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იცავს იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც მიღებულია თავდაპირველი გადაწყვეტილება, მათ შორის, არასამართლიან საპროცესო მდგომარეობაში აღმოჩენისაგან. გარდა ამისა, ხანდაზმულობის ვადა, ასევე ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან საჯარო მიზნებს, როგორებიცაა სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა, სამართლებრივი უსაფრთხოება, სასამართლო გადაწყვეტილებისადმი სანდოობა და განსაზღვრულობა.
37. ზემოაღნიშნული შეპირისპირებული ინტერესების გათვალისწინებით, მოცემული კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის 5-წლიანი ვადით შეზღუდვა ადგენს თუ არა სამართლიან ბალანსს ზემოხსენებულ ინტერესებს შორის.
38. პირის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა შესაძლოა, განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორით. ეს შეიძლება იყოს პირის გაცნობიერებული გადაწყვეტილება, დაუდევრობა ან იგი საერთოდ არ იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე დავის შესახებ. შესაძლოა, არსებობდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც მხარეს არ ჩაბარდა მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელიც კი, თუმცა მან იცის სასამართლოში საქმის წარმოების დაწყების თაობაზე. ამდენად, ტერმინი „მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე“, თავის თავში აერთიანებს მხარის მოუწვევლობის ორ შემთხვევას: 1) როდესაც მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, თუმცა მან იცის მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის წარმოების შესახებ და 2) პირისათვის ობიექტურად უცნობია მის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე დავის არსებობის ფაქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაბათილებას იწვევს ორივე ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში, თუმცა, ბუნებრივია, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის ინტენსივობის თვალსაზრისით, ეს შემთხვევები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
39. შესაძლოა არსებობდეს შემთხვევა, როდესაც, პირი ინფორმირებულია სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის წარმოების შესახებ, პირობითად, ჩაბარდა სარჩელი და წარადგინა შესაგებელი, თუმცა არ მოხდა მისი სხდომაზე მოწვევა ან სხვა წყაროდან შეიტყო სასამართლო წარმოების შესახებ, თუმცა არ მომხდარა მისი ინფორმირება კანონით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ პირმა იცოდა სამართალწარმოების მიმდინარეობის შესახებ, კეთილსინდისიერი ქცევის პირობებში, რთულად წარმოსადგენია, რომ იგი არ გამოცხადდება საქმის განხილვისას და ამავე დროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში არ მოიკითხავს სასამართლოში საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ან არ ეცდება გაარკვიოს, თუ რა ეტაპზეა მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე, მიიღო თუ არა სასამართლომ გადაწყვეტილება და ა.შ.
40. ამდენად, როდესაც პირს ობიექტურად გააჩნია ცოდნა სასამართლოში მიმდინარე საქმის/მისი შედეგის შესახებ, მას ევალება მეტი გულმოდგინების, ინტერესის გამოჩენა. სამართლიანი სასამართლოს უფლების მიზანია, პირს შეუქმნას უფლების დაცვის მექანიზმები და არა სამართალწარმოების ხელოვნურად შეფერხების და ამ ფორმით მოწინააღმდეგე მხარისათვის უფლების დაცვის გართულების ბერკეტები. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა ამა თუ იმ ფორმით იცის მის მიმართ სამართალწარმოების მიმდინარეობის შესახებ და, აღნიშნულის მიუხედავად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლიდან 5 წლის განმავლობაში არ წარადგენს რაიმე სახის პრეტენზიას მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ინტერესთა ბალანსი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შენარჩუნებისაკენ უნდა გადაიხაროს.
41. ზემოხსენებულისაგან განსხვავებული ვითარებაა იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს ობიექტურად არ ჰქონდათ ინფორმაცია საქმის წარმოების შესახებ. მხარის მიერ იმ ინფორმაციის არქონა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო დავა, ავტომატურად ნიშნავს, რომ მას ერთმევა საკუთარი უფლებების, ინტერესების დაცვის ყოველგვარი შესაძლებლობა. იგი ვერ ახერხებს, სასამართლოს წარუდგინოს არგუმენტაცია, დაარწმუნოს საკუთარი პოზიციის მართებულობაში და, ერთი მხრივ, მოახდინოს პროცესუალური უფლებების რეალიზება, ხოლო, მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების სწორად, სამართლიანად განხორციელებას. მხარისათვის ფუნდამენტური პროცესუალური უფლებების შეზღუდვა, საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიუცემლობა, როგორც წესი, პროცესს უსამართლოდ აქცევს. ამასთანავე, მხარის ინფორმირების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებისათვის შეუქცევადი ხასიათის მინიჭება და საქმის წარმოების განახლების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების გამორიცხვა (თუკი პირი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ გაიგებს ამის შესახებ), გამოიწვევს პირის ინტერესების/უფლებების განგრძობადად დარღვევას და მის იძულებას, დაემორჩილოს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლის დადგომაზეც მას, სხდომაზე მოუწვევლობის გამო, არ გააჩნდა რაიმე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
42. მხარეთა შორის დავის გადაწყვეტისას მართლმსაჯულება ვერ ჩაითვლება აღსრულებულად, თუკი იგი არ აკმაყოფილებს სამართლიანობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. პირობითად, თუკი იმ პირს, რომლის უფლებებსა და ინტერესებსაც უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება, არ მიეცემა პროცესში მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციების დაცვის შესაძლებლობა, მიღებული გადაწყვეტილება ნაკლებად შეიძლება მივიჩნიოთ ობიექტური მართლმსაჯულების პროდუქტად. ასეთ დროს, მართლმსაჯულების ხარვეზთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ცნობილი არ იყო სასამართლოში დავის განხილვის თაობაზე, ვერ მიიღო მასში მონაწილეობა, მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, საერთოდ არ განხორციელებულა.
43. სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობის კონსტიტუციური ინტერესი უკავშირდება სწორედ იმ გარემოებას, რომ შემდგარი მართლმსაჯულების პირობებში, აღარ უნდა შეიცვალოს სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი თუ ფაქტობრივი მოცემულობები. თუმცა მსგავსი ინტერესი ნაკლებად არსებობს იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომელთა მიღებაც მოხდა კონსტიტუციისა და კანონის ფუნდამენტურ მოთხოვნათა დარღვევით. ასეთ პირობებში, იმ მხარეს, რომელსაც წაერთვა პროცესში მონაწილეობის უფლება, სულ მცირე, უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მიმართოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით. ამავე დროს, თავად გადაწყვეტილების კანონიერი ძალის შენარჩუნებით დაინტერესებულ მხარესაც აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს მოწინააღმდეგე მხარის სხდომაზე მოწვევის ფაქტი ან გამოუცხადებლობის მიზეზი, რათა საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მისი ინფორმირება სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად, თავად დაინტერესებულ მხარესაც აქვს შესაბამისი ბერკეტები იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირების გზით, უზრუნველყოს დიდი ხნის გასვლის შემდეგ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობის გამორიცხვა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ პირის უფლებების დაცვის/აღდგენის სამართლებრივი ინტერესი, რომელმაც არ იცოდა მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ, გადაწონის, როგორც მეორე მხარის უფლებას, სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობაზე, ისე საჯარო ინტერესს განჭვრეტად და სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვასთან დაკავშირებით.
44. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, თუკი პირი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მიმართავს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოტივით, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა არ არის ამ გადაწყვეტილების ავტომატური ბათილობა და სამართალწარმოების ხელახლა დაწყება. უფრო მეტიც, ვინაიდან გადაწყვეტილების საბოლოობაც სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სიკეთეა, რიგ შემთხვევებში, მხარის მოუწვევლობის მოტივით საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმება შესაძლოა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასაც კი იწვევდეს. სამართლიანი სასამართლოს უფლება ვერ იქნება გაგებული/გამოყენებული თვითმიზნურად - იმ შემთხვევაში, თუკი ცხადია, რომ პირის მონაწილეობა სასამართლო პროცესში ვერ გამოიწვევდა არსებულისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს, გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახლა, იმავე სამართლებრივი შედეგის დასადგომად პროცესის განახლება, ვერც მხარეთა უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს და ვერც საჯარო ინტერესების რეალიზებას. თუმცაღა, თუკი დადგინდება, რომ პირის სასამართლო პროცესში მონაწილეობას, მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და პოზიციებს შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგზე, გაუგებარი ხდება, თუ რატომ არ უნდა მიეცეს მას საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა 5 წლის გასვლის შემდეგ, თუკი მანამდე მისთვის ობიექტურად უცნობი იყო მის მიმართ სამართალწარმოების მიმდინარეობის ფაქტი. შესაბამისად, კონსტიტუციის სწორ ბალანსად შეიძლება იქნეს მიჩნეული სისტემა, რომლის ფარგლებში, მოსამართლეს ეძლევა შესაძლებლობა, თუნდაც არსებითი განხილვის ფორმატში შეაფასოს, სხდომაზე მხარის მოუწვევლობის გავლენა გადაწყვეტილებაზე და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი შეცვალოს არა წინასწარ, არამედ საქმის ხელახალი, სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად.
45. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას იმ პირობებში, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა არ იცოდა სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
ii. 5–წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველთან მიმართებით
46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოება განახლდება, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, კონკრეტული მტკიცებულება ან გარემოება გამოვლინდეს 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა სადავო ნორმიდან გამომდინარე, პირს ეზღუდება სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული აღმკვეთი ვადა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირმა მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში ვერ შეძლო, ახალი გარემოების ან მტკიცებულების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.
47. ზოგადად, 423-ე მუხლი შეეხება იმგვარ გარემოებებს, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვთ ამ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. სწორედ ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) შეიძლება იყოს დამოკიდებული მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა და ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს, თუ როდის იქნება დასაშვები საქმის წარმოების განახლება ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებით. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოება შეიძლება განახლდეს იმ შემთხვევაში, თუ 1) კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები არსებობდა საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე); 2) მათ გააჩნიათ არსებითი მნიშვნელობა საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას; 3) აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; 4) მხარემ ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ შეიტყო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ და; 5) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება საქმეზე Nას-788-2022).
48. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი განსაზღვრავს აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სხვადასხვა საფუძვლებს. მაგალითად, ასეთი საფუძვლებია: იმ დოკუმენტის სიყალბე, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება და სხვა. დასახელებული შემთხვევებისგან განსხვავებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს უფრო ზოგად საფუძველს და აბსტრაქტულად მიუთითებს იმგვარი გარემოების ან მტკიცებულების არსებობაზე, რომელიც სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა. ამდენად, აღნიშნული საფუძვლის შექმნისას კანონმდებლის მიზანს წარმოადგენდა არა საქმის წარმოების განახლების საფუძვლების დუბლირება (მაგალითად, დოკუმენტის სიყალბის შესახებ ცნობა ასევე წარმოადგენს მტკიცებულებას), არამედ იმგვარი ზოგადი წესის შექმნა, რომელიც მხარეს შესაძლებლობას მისცემდა, მოეთხოვა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მტკიცებულება ან გარემოება, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არ თავსდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებში.
49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი შეეხება იმგვარ ვითარებას, როდესაც საქმის მონაწილე მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ მათთვის მინიჭებული ყველა საპროცესო საშუალებით, მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვაში, წარედგინათ საკუთარი და გამოეკვლიათ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებები და ამ გზით გავლენა მოეხდინათ სამართლებრივ შედეგებზე. ამდენად, პირის საპროცესო უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის ხარისხი მკვეთრად განსხვავდება იმ შემთხვევებისაგან, როდესაც მხარე საერთოდ არ ყოფილა მოწვეული საქმის განხილვაზე ან/და არ შეეძლო, სადავოდ გაეხადა კონკრეტული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მოცემულობა.
50. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით საქმის წარმოების განახლებას საფუძვლად უდევს არა რაიმე მატერიალური და პროცედურული დარღვევები, მოსამართლის ან პროცესის მონაწილე პირის მიერ საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენა ან კანონის სხვაგვარი დარღვევა, არამედ ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს არსებობდა რაიმე მტკიცებულება ან გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენდა გადაწყვეტილებაზე, თუმცა მხარემ იგი სასამართლოს ვერ წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის სწორად გადაწყვეტა სასამართლო პროცესის უმნიშვნელოვანესი მიზანია, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომელთა შეფასების შედეგადაც დგინდება არა აბსოლუტური, არამედ რელატიური ჭეშმარიტება. ამგვარ პრინციპებზე აგებული სამართლებრივი სისტემა თავისთავად უშვებს იმ რისკს, რომ, რიგ შემთხვევებში, მხარეებმა შესაძლოა, ვერ შეძლონ ყველა არსებული მტკიცებულების წარდგენა (მხარეთა და მათი წარმომადგენლების მომზადების ხარისხის, კვალიფიკაციის თუ სხვა მიზეზების გამო) და საკუთარი პოზიციების ზედმიწევნით სწორად დაცვა. ამის მიუხედავად, როდესაც მხარეთა მიერ საკუთარი უფლებების სრულყოფილად რეალიზების შესაძლებლობა დამოკიდებულია მათ ნებასა და უნარებზე, თუმცა მხარე ამას ვერ ახერხებს, მატერიალური თვალსაზრისით მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობის ხარისხი არ მცირდება და მიიჩნევა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია კანონისა და კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისი წესით.
51. ამასთანავე, გარდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობის საზოგადო ინტერესისა, შეფასების მიღმა ვერ დარჩება იმ პირის უფლებებიც, ვის სასარგებლოდაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. არსებული მოწესრიგების ფარგლებში, საქმის წარმოების განახლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლით ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მხარის მიერ წარდგენილია ისეთი ახალი გარემოება ან/და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, საქმის წარმოების განახლებისას იგულისხმება, რომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო გამოიტანდა არსებული გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ საპირისპირო გადაწყვეტილებას. ამგვარად, საქმის წარმოების განახლება a priori გულისხმობს, რომ იმ პირს, ვის სასარგებლოდაც იყო გამოტანილი თავდაპირველი გადაწყვეტილება, მოუწევს, რომ მოიპოვოს და წარადგინოს ახალი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო საქმეს გადაწყვეტს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების სასიკეთოდ.
52. მართალია, სადავო ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების მიზანია გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებული შეცდომის გამოსწორება და მართლმსაჯულების სწორად განხორციელება, თუმცაღა ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როდესაც სასამართლო ხელახლა იწყებს წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებას, იზრდება სასამართლოს წინაშე არასანდო მტკიცებულებათა წარდგენის ალბათობა და ამგვარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტურად შეფასების რისკი. ამდენად, ის მოწესრიგება, რომელიც მიმართულია დაშვებული შეცდომების გამოსწორებისაკენ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, თავად შეიძლება ქმნიდეს ხელახალი შეცდომების დაშვებისა და პირთა უფლებების დარღვევის მომეტებულ საფრთხეს.
53. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
iii. 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველთან მიმართებით
54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ სასამართლო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან სხვა ორგანოს დადგენილების გაუქმება, რომელიც საფუძვლად დაედო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების საფუძველს. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, დასახელებულ საფუძველთან მიმართებით, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის დადგენა მას აყენებს უსამართლო მდგომარეობაში, რამდენადაც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დააჩქაროს სასამართლოსა და სხვა ორგანოთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და უზრუნველყოს 5-წლიანი ვადის დაცვა. ამდენად, მოსარჩელეთა პოზიციით, ამგვარი აღმკვეთი ვადის დაწესება წარმოადგენს მათი სამართლიანი სასამართლოს უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას.
55. სასამართლო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან სხვა ორგანოს დადგენილების გაუქმება, რომელიც საფუძვლად დაედო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა მიზეზით. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს მხარის პროცესუალური უფლებების არსებით დარღვევას ან/და ხსენებული აქტი მატერიალურად არ შეესაბამებოდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლება იმ შემთხვევაში, თუკი გაუქმდება ის აქტი, რომელიც მას საფუძვლად დაედო, წარმოადგენს პირის უფლებათა დაცვის/აღდგენის საშუალებას, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია, შეცვალოს/გააქარწყლოს გაუქმებული აქტიდან მომდინარე ნეგატიური სამართლებრივი შედეგები და მიაღწიოს საქმეზე სწორი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი, მოცემულ შემთხვევაშიც, ემსახურება სწორი მართლმსაჯულების განხორციელების, დაშვებული სამართლებრივი შეცდომების გამოსწორების მიზანს და იმ პირის უფლებების დაცვას, რომლის წინააღმდეგაც მიღებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.
56. რაც შეეხება ზემოხსენებული საფუძვლით სასამართლოსათვის მიმართვის უფლების აღმკვეთი ვადით შეზღუდვის მიზნებს, აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს ერთმანეთისაგან არ გაუმიჯნავს ხანდაზმულობის ვადის დაწესების ლეგიტიმური მიზნები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სხვადასხვა საფუძვლებთან მიმართებით და განმარტა, რომ 5-წლიანი აღმკვეთი ვადა, ყველა შემთხვევაში, ემსახურება იდენტური სამართლებრივი სიკეთეების დაცვას. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძვლით, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის დაწესებით დაცული ინტერესებია სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობა და მისდამი სანდოობა, ისევე, როგორც სამართლებრივი უსაფრთხოება, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და იმ პირის უფლებების დაცვა, ვის სასარგებლოდაცაა მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება (იხ., სამოტივაციო ნაწილი, მე-15-22-ე პარაგრაფები.) ამდენად, განსახილველ საქმეში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სწორედ აღნიშნულ ურთიერთშეპირისპირებულ ინტერესებს შორის არსებული ბალანსის კონსტიტუციურობა.
57. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რას გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი იმ სასამართლო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან სხვა ორგანოს დადგენილების გაუქმების შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას. შინაარსობრივი თვალსაზრისით, სიტყვები -„საფუძვლად დაედო“ - შესაძლოა, ერთი მხრივ, გულისხმობდეს გადაწყვეტილების მიღებას, სასამართლოში საქმის წარმოების დაწყებას კონკრეტული განაჩენის, დადგენილების ან სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო, მეორე მხრივ, წინარე სასამართლო განაჩენში, გადაწყვეტილებაში, განჩინებასა ან სხვა ორგანოს დადგენილებაში გამოხატული სამართლებრივი შეფასებებისა ან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებასა და მათზე დაყრდნობით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას.
58. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში მათ წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას, ხოლო შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, საფუძვლად დაედო მოსარჩელე ემზარ კვიციანის, როგორც თანამდებობის პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში, 2006 წლის 25 ივლისს, 2006 წლის 28 ივლისსა და 2006 წლის 3 აგვისტოს ემზარ კვიციანს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლისა (საერთო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოქმედი რედაქციით) და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214 -218 მუხლებით (საერთო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოქმედი რედაქციით) დადგენილი წესის მიხედვით, ქმნიდა სამართლებრივ საფუძველს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენამდე, პროკურორის მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე, თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან მასთან დაკავშირებული პირის ქონების უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად ცნობისა და ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კონკრეტულ მუხლებში მსჯავრდებულ პირთა, მათი ოჯახის წევრების, ნათესავებისა და დაკავშირებული პირებისათვის უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობას პროკურორის სარჩელის საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავი).
59. ზემოხსენებული შემთხვევისგან განსხვავებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი ითვალისწინებს ცალკეული დელიქტების (დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის შესაძლებლობას. აღნიშნული კოდექსის 30920 მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე აღარ იკვლევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის დადასტურებულად ითვლება (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება საქმეზე №ას-199-2020).
60. ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავებულ შემთხვევებში. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდა ის სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციის ძალა ჰქონდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლო დამატებითი გამოკვლევის გარეშე იყენებს ხსენებული აქტით დადგენილ გარემოებებს. ასევე შეიძლება სახეზე იყოს შემთხვევები, როდესაც გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, გამოყენებულ იქნა საქმის წარმოების დაწყების საფუძვლად ან ორდინალური მტკიცებულების სახით, თუმცა სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის განმხილველმა სასამართლომ თავად დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებები.
61. ზემოთ ხსენებულ შემთხვევებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ, როდესაც სასამართლო განაჩენს, გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სხვა ორგანოს დადგენილებას ენიჭება პრეიუდიციის ძალა, მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, სადავოდ გახადოს ამ სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო გარემოებები. ასეთ დროს, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს აქტში ასახულ ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებს და დამატებით არ იკვლევს მათ ნამდვილობას. ამდენად, სასამართლო პროცესის მონაწილე სრულად არის მოკლებული შესაძლებლობას, რომ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გზით, გააქარწყლოს ან შეცვალოს ის გარემოებები, რომელთაც პრეიუდიციის ძალა აქვს. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც ამ ფორმით ეფუძნება სასამართლო განაჩენს, გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სხვა ორგანოს დადგენილებას, ფაქტობრივად, წარმოადგენს იმავე პროცესის გაგრძელებას და არა დამოუკიდებელ პროცესს, რომელზეც ხდება წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მათი შეფასების გზით მიიღება გადაწყვეტილება.
62. პირობითად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო დავის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რამდენადაც ავტომატურად დადასტურებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე დამატებით არ იკვლევს რაიმე ახალ მტკიცებულებებს და ერთადერთი საკითხი, რომელზეც შეიძლება იმსჯელოს, ესაა მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა ისეთ შემთხვევაში, როდესაც პრეიუდიციის ძალის მქონე აქტით ეს საკითხი არაა გადაწყვეტილი. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო სამართლებრივი შედეგები დგინდება სხვა სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით და სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლო, ფაქტობრივად, აფორმებს მას. ამგვარ შემთხვევაში, სამოქალაქო დავის პირობებში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს არა დამოუკიდებელი სამოსამართლო საქმიანობის შედეგს, არამედ იმ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებას, რომელიც დაიწყო სხვა წარმოების ფარგლებში და, რომელმაც დაადგინა პირის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია, რომ პრეიუდიციის მქონე სასამართლო გადაწყვეტილების, განჩინების ან სხვა ორგანოს დადგენილების გაუქმების მიუხედავად, არსებობდეს, მათზე დაყრდნობით მიღებული სამართლებრივი შედეგის შეუცვლელობის რაიმე ობიექტური ინტერესი.
63. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნაა, რომ თუკი გაუქმდება პრეიუდიციის ძალის მქონე სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, ასევე უნდა გაუქმდეს ამ აქტის პირდაპირი სამართლებრივი შედეგები. სწორედ ამგვარ, გაუქმებულ აქტთან პირდაპირ დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგს აყენებს მის საფუძველზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ეს უკანასკნელი, პრეიუდიციის ძალის მქონე აქტების ბუნებიდან და მათთან დაკავშირებული საპროცესო წესრიგიდან გამომდინარე, ნაკლებად შეიძლება იქნეს განხილული ახალი სასამართლო პროცესის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებად, რამდენადაც იგი ეფუძნება სხვა აქტის მიღებისას გამოკვლეულ და დადგენილ გარემოებებს და მისგან დამოუკიდებლად არ იძლევა რაიმე განსხვავებულ შეფასებას, არ იწვევს რაიმე განსხვავებულ შედეგს და არ ადგენს ახალ გარემოებებს.
64. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სასამართლო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან სხვა ორგანოს დადგენილების გაუქმება შესაძლოა, მხარისაგან ან სხვა შესაბამისი ორგანოებისაგან მოითხოვდეს სხვადასხვა პროცესუალური მოქმედებების განხორციელებას, იქნება ეს საქმის გამოძიება, დასკვნის მიღება თუ სხვა. ხშირ შემთხვევაში, ზემოხსენებული აქტების გაუქმების საფუძვლის გამოვლენა შესაძლებელია, დამოკიდებული იყოს პირის ნების მიღმა არსებულ გარემო ფაქტორებზე. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა, ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩაიდინა დანაშაული, ამგვარი საფუძვლის არსებობა კი შეიძლება გახდეს განაჩენის გაუქმების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, იმისათვის, რათა განაჩენი გაუქმდეს, უწინარეს ყოვლისა, უნდა დაიწყოს გამოძიება, შემდგომ კი სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დაადგინოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი. რა თქმა უნდა, მხარეს შეუძლია, გამოძიების დაწყების პროცესის ინიცირება განცხადებით მიმართვის გზით, თუმცაღა, შემდგომ, იგი მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს საგამოძიებო ორგანოებისა თუ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. ამასთანავე, ამ გადაწყვეტილების საბოლოო ინსტანციამდე გასაჩივრების შემთხვევაში, ალბათობის მაღალი ხარისხით, საქმის განხილვა შესაძლოა 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. ასეთ პირობებში, შესაძლებელია, პირმა მიაღწიოს მის წინააღმდეგ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, თუმცაღა 5–წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამო, მოკლებული იქნება შესაძლებლობას, მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება, მაშინაც კი, თუკი გაუქმებულ განაჩენს პრეიუდიციის ძალა ჰქონდა მის წინააღმდეგ გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებისას და სწორედ მას ეფუძნებოდა იგი. ამგვარი სამართლებრივი ბალანსის დადგენა ვერ ჩაითვლება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, რამდენადაც პირს, არც თავდაპირველად მისცემია შესაძლებლობა, გადაწყვეტილების მიღებისას ეჭვქვეშ დაეყენებინა კონკრეტული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებები, სასამართლოს შეფასებები და, ამგვარი აქტის გაუქმების შემდგომაც, ფაქტობრივად, ერთმევა შესაძლებლობა, გამოასწოროს მდგომარეობა, და აღკვეთოს გაუქმებული აქტით განპირობებული ნეგატიური სამართლებრივი შედეგები.
65. აღნიშნულისაგან განსხვავებული სამართლებრივი რეალობა იქმნება მაშინ, როდესაც სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება დამოუკიდებლად და თვითკმარად კი არ ხდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველი, არამედ წარმოადგენს სასარჩელო წარმოების დაწყების საფუძველს ან/და გადაწყვეტილების მიღებისას აქვს ორდინალური მტკიცებულების ძალა. პირობითად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც პროკურორი მიმართავს სასამართლოს კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების უკანონოდ/დაუსაბუთებლად ცნობისა და ჩამორთმევის შესახებ, მართალია, ამ საქმეზე სამოქალაქო წესით სამართალწარმოების დაწყებას საფუძვლად ედება სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცაღა ორივე შემთხვევაში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ხდება მტკიცებულებათა წარდგენა, გამოკვლევა და გადაწყვეტილების მიღება.
66. ამ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენის გაუქმება არ მიუთითებს სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების უსწორობაზე. მაგალითად, ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში შეფასებული გარემოებების საფუძველზე დამდგარ შედეგს. შესაბამისად, განაჩენის სხვადასხვა მიზეზთა გამო გაუქმება, მიუთითებს არა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივად არარსებობაზე, არამედ ამ საქმეზე ახალი მტკიცებულებების/გარემოების შესაძლო გამოვლენაზე. ხსენებული არსებითად ჰგავს შემთხვევებს, როდესაც საქმეზე გამოყენებული იქნა მტკიცებულება, რომელიც არ უნდა გამოყენებულიყო ან/და მხარემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ვერ შეძლო მტკიცებულების წარდგენა საქმის განხილვისას.
67. იმ პირობებში, როდესაც მხარეს უკვე ჰქონდა საპროცესო შესაძლებლობა, ედავა სხვა აქტში მითითებული გარემოებების სისწორესა და სანდოობაზე, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო დაერწმუნებინა საპირისპირო პოზიციაში, მაგრამ ეს ვერ შეძლო ან როდესაც სასამართლო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან სხვა ორგანოს დადგენილების საფუძველზე ხდება სამართალწარმოების ინიცირება, ხოლო, უშუალოდ პროცესის მიმდინარეობისას ფასდება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი შეფასების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება, 5–წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელება ამგვარ შემთხვევებზე ვერ ჩაითვლება არასამართლიანი ბალანსის დამდგენ რეგულაციად.
68. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის უფლების შეზღუდვა 5–წლიანი ვადით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს იმ შემთხვევაში, თუკი გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციული ძალა ჰქონდა და არსებითად გადაწყვიტა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი.
iv. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა 1-თვიანი ვადით
69. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე, აგრეთვე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შემოწმებას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ. მოსარჩელეების განმარტებით, დასახელებული ერთთვიანი იმპერატიული ვადა შესაძლოა, პირმა დაარღვიოს, მაგალითად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც მიღებულია დოკუმენტი, რომლის არსებობის შესახებ მან არ იცის ან/და სასამართლოში სარჩელის არასწორად წარდგენის ან/და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შეტანის გამო დაკარგა აღნიშნული დრო. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა ზედმეტად მცირეა სრულფასოვანი განცხადების წარდგენისთვის.
70. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს ერთ-ერთი მხარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) საქმის განხილვაზე მოუწვევლობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემყარება, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება ეცნობა მხარეს ან სხვა შესაბამის სუბიექტს. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება უფრო გვიან ჩაბარებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან. ამდენად, თუკი პირი ან მისი წარმომადგენელი მიწვეულნი არ იყვნენ საქმის განხილვაზე და მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, პირებს ამგვარი გადაწყვეტილების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ერთი თვის ვადაში შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ აქტის ბათილობა. ამ შემთხვევაში, პირს მხოლოდ იმ ფაქტის დადასტურება უწევს, რომ იგი ინფორმაციას არ ფლობდა მის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შესახებ.
71. რაც შეეხება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას, ამ შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლება ხდება, თუ გაუქმდა სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლებისათვის მხარე ვალდებულია, საკუთარ განცხადებას დაურთოს შესაბამისი განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება ამ უკანასკნელთა მიღებიდან ერთი თვის ვადაში და დაადასტუროს მათი გაუქმების ფაქტი.
72. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოება განახლდება, თუკი კონკრეტულ გარემოებას და მტკიცებულებას გააჩნია არსებითი მნიშვნელობა საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას, მითითებული გარემოება/მტკიცებულება არსებობდა საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე და ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, პირმა უნდა მიუთითოს ისეთ მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე, რომელიც წარსულში უკვე არსებობდა, თუმცა მას, თავისი ბრალის გარეშე, არ ჰქონდა მათი წარდგენის შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.
73. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარ შემთხვევაში, პირმა, რომელსაც სურს მის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება, სასამართლოსთვის მიმართვისას: ა) უნდა მიუთითოს იმ ფაქტზე, რომ არ იცოდა მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (თუკი ბათილობის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ბ) დაურთოს შესაბამისი განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომლითაც დასტურდება წინარე სამართლებრივი აქტის გაუქმების ფაქტი (თუკი სამართალწარმოების განახლების საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და გ) მიუთითოს ისეთ გარემოებებზე/მტკიცებულებებზე, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას (თუკი სამართალწარმოების განახლების საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი). ჩამოთვლილ საპროცესო ქმედებათა განხორციელება, რაიმე განსაკუთრებულ სირთულესთან ან ვადებთან არ არის დაკავშირებული. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებულ შემთხვევებში, განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა გონივრული დროა კონკრეტული საპროცესო ქმედების განსახორციელებლად.
74. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას, მოსარჩელე მხარე აპელირებს მხოლოდ ორ გარემოებაზე. კერძოდ, მოსარჩელეების განმარტებით, როდესაც მიღებულია დოკუმენტი, რომლის არსებობის შესახებ პირმა არ იცის ან/და სასამართლოში სარჩელის არასწორად წარდგენის ან/და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შეტანის გამო დაკარგა აღნიშნული დრო, შეუძლებელია, სადავო ნორმით გათვალისწინებული ვადის დაცვით განაცხადის სასამართლოში წარდგენა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი შეეხება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის ან/და საქმის წარმოების განახლების შესახებ გაცხადების წარდგენისას სასამართლო განსჯადობას. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
75. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამომწურავად და არაორაზროვნად ადგენს, ერთი მხრივ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლებს, ხოლო, მეორე მხრივ, ამ განცხადების წარდგენისა და განხილვის პროცედურას. პირის მიერ უფლებათა დაცვის არასწორი სტრატეგიისა თუ მცდარი პროცედურული მექანიზმის არჩევა ვერ გამოდგება სადავო ნორმით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად.
76. რაც შეეხება მოსარჩელეთა მიერ დასახელებულ მეორე შემთხვევას - როდესაც მიღებულია დოკუმენტი, რომლის არსებობის შესახებ პირმა მანამდე არ იცოდა და მან შეიძლება ერთთვიან ვადაში ვერ შეძლოს მისი სასამართლოსთვის წარდგენა - საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ერთი მხრივ, წარმოდგენილი არგუმენტაცია საკმარისი არ არის სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, ხოლო, მეორე მხრივ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სხვა საპროცესო მექანიზმებსაც, რომლებიც იძლევა განცხადების წარდგენისას დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუკი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან/და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს დასახელებული მუხლის მოთხოვნებს, მათ შორის, როდესაც არსებობს ხარვეზი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან საქმის განახლების საფუძვლებთან და მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებთან მიმართებით, სასამართლო უფლებამოსილია, განმცხადებელს განუსაზღვროს დამატებითი დრო ხარვეზების შესავსებად. ამგვარი მექანიზმი კი პირს აძლევს დაშვებული შეცდომის გამოსწორების დამატებით შესაძლებლობას და მას a priori არ ერთმევა საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება.
77. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სასამართლოსთვის მიმართვისას პირს ეკისრება გადამეტებული პროცესუალური ტვირთი და იგი ვერ ახერხებს მის შესრულებას დადგენილ ვადებში, რის გამოც საჭიროებს დამატებით ვადას. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, არ იკვეთება, რომ ერთთვიანი ვადა, რომელიმე დასახელებულ საფუძველთან მიმართებაში, ზედმეტად მცირე დროა და აზრს უკარგავს ამ უფლებით სარგებლობას.
78. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიან ვადას, აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება
79. წინამდებარე საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ, რიგ შემთხვევებში, სადავო ნორმით დადგენილი 5–წლიანი აღმკვეთი ვადა, რომლითაც იზღუდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირს უნდა ჰქონდეს სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა, მათ შორის, ამ ვადის გასვლის შემდეგაც, თუკი მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა არ იცოდა სასამართლოში მის წინააღმდეგ სამართალწარმოების მიმდინარეობის შესახებ ან/და თუკი გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციული ძალა ჰქონდა და არსებითად გადაწყვიტა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი.
80. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია კონკრეტული სამართლებრივი წესრიგი, თუ როგორ განიხილება განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ, რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი და რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება ამ განცხადების საფუძვლიანად მიჩნევას. დასახელებული კოდექსის 427-ე მუხლი ჩამოთვლის იმ წინაპირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ამოწმებს, დასაშვებია თუ არა წარდგენილი განცხადება, მათ შორის, აკმაყოფილებს თუ არა 427-ე მუხლში ჩამოთვლილ წინაპირობებს (მითითებულია, თუ არა საფუძვლები, რომლის გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება, დაცულია თუ არა ვადა და სხვა). ხოლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გაირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება საფუძვლიანია (გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს განჩინებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად, საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან განიხილება საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, წარდგენილი განცხადების საფუძვლიანად მიჩნევა იწვევს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას და სამართალწარმოების ხელახალ დაწყებას.
81. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოწესრიგების პირობებში, სადავო ნორმის კონკრეტული ნორმატიული შინაარსის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე გაუქმებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს, მნიშვნელოვანი საჯარო ლეგიტიმური მიზნების შელახვა და, მათ შორის, იმ პირთა უფლებების დარღვევა, რომელთა სასარგებლოდაც იყო მიღებული კანონიერ ძალაში გადაწყვეტილება. ბუნებრივია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს უკიდურეს შემთხვევაში ანუ იმ პირობებში, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღებას იწვევს. არსებული მოწესრიგების ფარგლებში კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება წინასწარ, შემდეგ ინიშნება საქმის ხელახალი განხილვა, რის შედეგადაც, შესაძლოა, საქმეზე იგივე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ამდენად, რიგ შემთხვევებში, გადაწყვეტილება უქმდება ისე, რომ მისი გაუქმების საჭიროება საბოლოოდ დადგენილი არ არის. ამდენად, სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობა შექმნის საფუძველს, მათ შორის, ისეთი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის, რომლის გაუქმების საჭიროებაც სასამართლოს მიერ შესაძლოა, არც კი იქნეს დადგენილი.
82. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტს უნდა მიეცეს გონივრული ვადა წინამდებარე საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ისეთი წესის დასადგენად, რომელიც, ერთი მხრივ, გამორიცხავს სათანადო საფუძვლის გარეშე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო, მეორე მხრივ, პირებს, კონსტიტუციით დაცული საფუძვლების არსებობისას, შესაძლებლობას მისცემს, მოითხოვონ ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მითითებით, გადაწყვეტილების გაუქმება.
83. საქართველოს კანონმდებლობა უკვე იცნობს პროცედურას, რომლის ფარგლებშიც ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, გადაწყვეტილება უქმდება/იცვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო მისი გაუქმების/შეცვლის საჭიროების არსებობის შესახებ დასკვნამდე, საქმის ხელახალი განხილვის/გადაწყვეტის შედეგად მიდის. მაგალითად, მსგავს მოწესრიგებას ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე - 314-ე მუხლები.
84. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ პირობებში, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა არ იცოდა სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ და ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუკი გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციული ძალა ჰქონდა და არსებითად გადაწყვიტა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი, ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი 2025 წლის 1 ივნისიდან.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1400 („ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ პირობებში, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა არ იცოდა სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპრო ცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუკი გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციული ძალა ჰქონდა და არსებითად გადაწყვიტა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი.
2. არ დაკმაყოფილდეს №1400 კონსტიტუციური სარჩელი („ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ პირობებში, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა არ იცოდა სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ და ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციული ძალა ჰქონდა და არსებითად გადაწყვიტა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2025 წლის 1 ივნისიდან.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში