გრიგოლ აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/8/1338 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 2 აგვისტო 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 2 აგვისტო 2019 12:42 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გრიგოლ აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომლის თანახმადაც, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლება ვრცელდება მხოლოდ მოხელე ქალზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის სიტყვის „ქალი“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1338) მიმართა გრიგოლ აბულაძემ. №1338 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2018 წლის 9 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 2 აგვისტოს.
2. №1338 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. კონსტიტუციური სარჩელის I ნაწილის „2.ბ“ გრაფაში სადავო ნორმად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლი სრულად, ხოლო ამავე ნაწილის „3.ბ“ გრაფაში მითითებულია დასახელებული ნორმა სრულად, თუმცა განსხვავებული შრიფტითაა გამოყოფილი სიტყვა „ქალი“. ამასთან, №1338 კონსტიტუციური სარჩელის II ნაწილის მე-2 გრაფაში („მოთხოვნის არსი და დასაბუთება“) მითითებულია, რომ მოსარჩელე ითხოვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის სიტყვის „ქალი“ არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 312 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, მომხსენებელმა მოსამართლემ მიმართა მოსარჩელეების წარმომადგენელს, დაეზუსტებინათ სასარჩელო მოთხოვნა.
4. მომხსენებელი მოსამართლის წერილობითი მიმართვის საპასუხოდ, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, მაგდა ჯიმშელეიშვილმა, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ სოციალური დაცვის გარანტიებს ავრცელებს მხოლოდ მოხელე ქალზე და ამავე მუხლის სიტყვა „ქალი“.
5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის თანახმად, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო.
6. №1338 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას.
7. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო საჯარო თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება დაცულია 25-ე მუხლის პირველი პუნქტით.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გრიგოლ აბულაძე 2014 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში, კერძოდ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, 2017 წლის 7 მარტის ბრძანებით, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში, იმავე წლის 11 ივლისს კი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო დაითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
9. მოსარჩელის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის მიზანია 3 წლამდე ბავშვის სოციალური ინტერესების დაცვა, რომელიც მიიღწევა მშობლისათვის გარკვეული უფლების მინიჭების გზით. ამასთანავე, ორივე მშობელს, მიუხედავად მათი სქესისა, აკისრია ბავშვზე ზრუნვისა და ცხოვრების სათანადო პირობებით უზრუნველყოფის თანაბარი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მოხელე ქალი და მამაკაცი, ხსენებული სამართლებრივი ურთიერთობისათვის არიან თანასწორი სუბიექტები, თუმცა სადავო ნორმა მხოლოდ ქალებს ანიჭებს კონკრეტულ უფლებას და ამით დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს მოხელე მამაკაცებს. მოსარჩელის პოზიციით, გაუგებარია, თუ რას ემსახურება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების საფუძვლით მხოლოდ მოხელე ქალის თანამდებობიდან გათავისუფლების აკრძალვა და მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა.
10. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების აკრძალვის გავრცელება მხოლოდ მოხელე ქალებზე ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოხელე მამაკაცებს, როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე აღზრდისათვის განკუთვნილი 3 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ მოხელე ქალთა თანაბარი უფლებები და, ამ მხრივ, თანასწორ პირებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური გამართლება. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
11. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება, დასაქმდეს სახელმწიფო სამსახურში და სხვა პირთა თანასწორად განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება. ამასთან, ნებისმიერი მოხელისათვის, მიუხედავად მისი სქესისა, კანონი უნდა ითვალისწინებდეს იდენტურ პირობებს, როგორც დასაქმების, ისე სამსახურიდან გათავისუფლების კუთხით. ამის საპირისპიროდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო რეგულაცია ორსულობისა და ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში თანამდებობიდან გათავისუფლებისგან იცავს მხოლოდ მოხელე ქალს, რითაც ირღვევა სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისას და საქმიანობის განხორციელებისას მოხელე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციურ უფლებას.
12. ხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ უფლებას ავრცელებს მხოლოდ მოხელე ქალზე და ამავე მუხლის სიტყვა „ქალი“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1338 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, შესაბამისად, დასახელებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი აქვთ.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი - სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო საჯარო თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება - 25-ე მუხლის პირველი პუნქტით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დავის საგნად მიიჩნევს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომლის თანახმადაც, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლება ვრცელდება მხოლოდ მოხელე ქალზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის სიტყვის „ქალი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
4. კონსტიტუციური სარჩელიდან იკვეთება, რომ მოსარჩელე გრიგოლ აბულაძე 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში, კერძოდ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის ბრძანებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძვლით, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში. იმავე წლის 11 ივლისს კი, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, დაითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
5. მოსარჩელე მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლი კრძალავს ორსულობის ან 3 წლამდე ბავშვის აღზრდის პერიოდში მოხელე ქალის სამსახურიდან გათავისუფლებას საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, ამგვარი რეგულაციის მხოლოდ მოხელე ქალზე გავრცელებით ირღვევა მოხელე კაცების თანასწორობის უფლება, მათ შორის, საჯარო თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის განხორციელების კონტექსტში. მოცემულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ვრცელდება თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმა მოსარჩელე გრიგოლ აბულაძეზე, წარმოადგენს თუ არა იგი გასაჩივრებული აქტით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს.
6. როგორც უკვე აღინიშნა, გრიგოლ აბულაძე გათავისუფლებულ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობიდან. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება. შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებული პირი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე, რომელზეც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხსენებული კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურესთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებთან მიმართებით სპეციალურ კანონმდებლობას წარმოადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება, ისევე, როგორც მათ საფუძველზე გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტები. სწორედ ერთ-ერთი ამგვარი სპეციალური სამართლებრივი აქტია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანება, რომლის დანართით მოწესრიგებულია იმგვარი საკითხები, როგორებიცაა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურში მიღების წესი, თანამდებობიდან დროებით გადაყენების და გათავისუფლების საფუძვლები და ხსენებულ უწყებაში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა პირობები. ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების დანართის პირველი მუხლის 12 პუნქტი ამომწურავად ჩამოთვლის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლებს (მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლები), რომლებიც ვრცელდება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეზე. ამის მიღმა, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურესთან, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტთან დაკავშირებული ყველა შრომითსამართლებრივი საკითხი წესრიგდება ზემოხსენებული ბრძანებით.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების დანართის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი აწესრიგებს სწორედ იმ საკითხს, რომელიც სადავოდაა გამხდარი №1338 კონსტიტუციურ სარჩელში. ხსენებული ნორმის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეზე, როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ საკითხთან მიმართებით, საერთოდ არ ვრცელდება და, შესაბამისად, ვერ გამოიწვევს ან გამოიწვევდა მისი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას.
9. ამასთანავე, №1338 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არაა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე არის ან იყო დასაქმებული იმგვარ საჯარო სამსახურში, რომლის მოხელეებზეც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. გარდა ამისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმა აწესრიგებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას - ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო მოხელე ქალის თანამდებობიდან გათავისუფლების დაუშვებლობის საკითხს. ამ კუთხით, ზედმეტად აბსტრაქტულია იმის შესაძლებლობა, რომ მოსარჩელე გრიგოლ აბულაძე დასაქმდება საჯარო სამსახურში და განჭვრეტად მომავალში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის საფუძველზე დაირღვევა მისი კონსტიტუციური უფლებები.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1338 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1338 კონსტიტუციური სარჩელი („გრიგოლ აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი