„საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/6/221 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 11 მარტი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – თავმჯდომარე;
2. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლიკა ჯალაღონია.
საქმის დასახელება: ”საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საქმის განხილვის მონაწილენი: საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტიის წარმომადგენლები – ამავე პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭინჭარაული და იურისტი ლაბაზ გუმაშვილი.
დავის საგანი: „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის; „უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის; „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის „ბ“ პუნქტის და 158-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 35-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტიის 221-ე ნომრთი რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2003 წლის 10 თებერვალს, რომელიც მიმდინარე წლის 17 თებერვალს დადგენილი წესით გადმოეცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მისი საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად.
წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო აქტებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“; 35-ე მუხლის პირველი პუნქტი რომლის შესაბამისად, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი – „სახელმწიფო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან“ და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება – „საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რულიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა“. კერძოდ, სადავო აქტები უგულუბულყოფენ საკონსტიტუციო მოთხოვნებს განათლების სფეროში და აშკარა პრივილეგიას ანიჭებენ სახელმწიფო და არასახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს. აღნიშნულის დასასაბუთებლად მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და განხორციელებისათვის იძენენ ან იჯარით იღებენ შენობა-ნაგებობებს, ტექნიკურ მოწყობილობებს, მიწას და ა.შ. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები კი სარგებლობენ და იყენებენ ისტორიულად უკვე შექმნილ „ფონდს“ და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწას. ამასთან, ისინი განთავისუფლებულნი არიან არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგებიდან გადასახადის გადახდისაგან და მიწის გადასახადით დაბეგვრისაგან, რამდენად საბიუჯეტო ორგანიზაციებს განეკუთვნებიან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საბიუჯეტო ორგანიზაციის მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა. ხოლო, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, „მიწის გადასახადით არ იბეგრება: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ის ნაკვეთი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას...“, მაშინ, როდესაც არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები დასახელებულ გადასახადს იხდიან. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, მიწის გადასახადით ასევე არ იბეგრება. ბ) სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომელზედაც სამუშაოები ფინანსდება ბიუჯეტის სახსრებით“. მოსარჩელის აზრით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მიწა, შენობა- ნაგებობები, ტექნიკური მოწყობილობანი თანაბრად უნდა იყვნენ გადასახადით დაბეგრილნი, როგორც სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლისათვის, ისე არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლისათვის, რაც არის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო, რომლის გარეშე სახელმწიფო (საჯარო) იურიდიულ პირებს არ შეუძლიათ თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობა მიიღონ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების პრივილეგიური მდგომარეობის შედეგია თვით ამ სასწავლო დაწესებულებების მართვის სისტემაც“. კერძოდ, „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორს განათლების მინისტრის წარდგინებით ამტკიცეძს საქართველოს პრეზიდენტი, რაც მოსარჩელის აზრით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს და აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს განათლების სფეროს ავტონომიურობისა და თვითმმართველობის საწყისების უხეშ დარღვევას. განათლების სამინისტროს ასევე შექმნილი აქვს, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელთან რექტორთა საბჭო, არასახელმწიმფო უმაღლესი სასწავლებლების ფუნქციონირებას და მათ მონაწილეობას საერთო სახელმწიფო საგანმანათლებლო პრობლემების განხილვასა და გადაწყვეტაში კი, მეორეხარისხსოვანი როლი აქვს განკუთვნილი.
კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს ასევე, „უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „...სადისერტაციო საბჭოები იქმნება სათანადო დარგებში მაღალი მეცნიერული მიღწევების მქონე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. ხოლო, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში შემოღებულია დოცენტისა და პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებები...“ დასახელებულ კანონში არასახელმწიფო სასწავლებელზე კი არ არის მითითებული – აღნიშნულია სარჩელში და დასახელებულ საკითხებშიც არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი აშკარად არანათაბარ პირობებში არიან ჩაყენებული სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთან შედარებით.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ასევე არაკონსტიტუციურია, „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, „წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და სამხედრო სწავლებას გადის შესაბამის სამხედრო კათედრაზე-სასწავლებლის დამთავრებამდე“. „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით კი, „სამხედრო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორცილებს მხოლოდ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება“, რაც მოსარჩელის აზრით, „სახელმწიფო სასწავლებლებში აბიტურიენტთა მიზიდვის მძლავრი ბერკეტია“ და შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო სასწავლებლებს ბოროტად გამოიყენონ მათთვის მინიჭებული პრივილეგირებული უფლებები.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტიის წარმომადგენლებმა – ამავე პარტიის თავმჯდომარემ გიორგი ჭინჭარაულმა და იურისტმა ლაბაზ გუმაშვილმა მხარი დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 221-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღება-არმიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმატიული აქტებით, კერძოდ, „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის ”ნ” ქვეპუნქტით, 24-ე მუხლის მე-6 პუნქტით; „უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-4 მუხლის პირველი პუნქტით; „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30- ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის „ბ“ პუნქტით და 158-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რადგან, სადავო ნორმატიული აქტები, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს აყენებს აშკარად პრივილეგირებულ და არათანაბარ მდგომარეობაში არასახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით.
მოსარჩელე, მართალია მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მუხლებს (30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 38-ე მუხლის პირველი პუნქტი), რომლებსაც, მისი აზრით, არ შეესაბამება სადავო აქტები, მაგრამ კონსტიტუციური სარჩელი არ ასაბუთებს როგორ დაირღვა, ან როგორ არის შესაძლებელი დაირღვეს ამ აქტებით მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებანი და თავისუფლებანი:
ა) საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თავისუფალი მეწარმეობა მოქალაქეთა და მათ გაერთიანებათა ინიციატივით შექმნილი დამოუკიდებელი საქმიანობაა მოგების მისაღებად, რომელიც ხორციელდება მათი რისკითა და ქონებრივი პასუხისმგებლობით. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობასა და კონკურენციის განვითარებას, მაგრამ აქ არ შეიძლება მოიაზრებოდეს უკვე არსებული სახელმწიფო სასწავლებლების მიწით, შენობა-ნაგებობებით უზრუნველყოფის ამ მუხლთან შეუსაბამობა, ან ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციების დაბეგვრის აუცილებლობა, ასევე, ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასამართლო თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში, არ შეიძლება განხილულ იქნეს კონსტიტუციური სარჩელის არც სხვა მოტივები, რომელთა განხორციელებისათვის დადგენილია განსაკუთრებული მოთხოვნები.
ბ) კონსტიტუციური სარჩელი ვერ ასაბუთებს რაში გამოიხატა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით აღიარებული უფლებების დარღვევა განათლების მიღების, მისი ფორმის არჩევის და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის შესახებ საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან;
გ) სასამართლო არ იზიარებს კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებაშიც, ვინაიდან იგი ვერ მიუთითებს ამ მუხლში ჩამოთლილი რომელი ნიშნით (ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილების) დაირღვა მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის განმარტებული და მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმწესრიგებელ სხდომაზეც ვერ დაასაბუთეს, თუ როგორ ირღვევა სადავო ნორმატიული აქტებით უშუალოდ მათი, როგორც არასაწარმეო იურიდიული პირის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებები. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სადავო ნორმატიული აქტები განსაზღვრავს სახელმწიფო და არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ფუნქციონირების წესს და მათ უფლებამოსილებას განათლების სფეროში და სადავო ნორმატიული აქტები არ ეხება მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებს. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამასთან, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ: „ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“.
იხელმძვანელა რა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად, საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტიის კონსტიტუციური სარჩელი და შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე)
ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი)
ზაურ ჯინჯოლავა (წევრი).