ოთარ ჯიქია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/1339 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 მარტი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მარტი 2019 16:09 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ოთარ ჯიქია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის „ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ“ 1999 წლის 18 მაისის №37/10 გადაწყვეტილების პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1339) მიმართა საქართველოს მოქალაქე ოთარ ჯიქიამ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2018 წლის 13 აგვისტოს. №1339 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 7 მარტს.
2. №1339 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის „ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ“ 1999 წლის 18 მაისის №37/10 გადაწყვეტილებით დამტკიცდა რიგი რაიონების გამგეობებისა და ქალაქების მერიების დადგენილებები და განისაზღვრა ცალკეული მიწის ფართობების კონკრეტული ორგანიზაციებისა თუ საწარმოებისათვის მუდმივი სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი. აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ „მარტვილის რაიონის სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიას მის გარშემო მდებარე სახელმწიფო ფონდის/ყოფილი დადიანის სასახლის ეზო 6,62 ჰექტარი ფართობი, აქედან სახნავი - 1,7 ჰექტარი, ნაგებობების ქვეშ - 0,15 ჰექტარი, გზები - 0,07 ჰექტარი, პარკ-ხეივანი - 1,5 ჰექტარი, ეზო - 2,70 ჰექტარი, სხვა დანარჩენი - 0,50 ჰექტარი - გამოეყოს მოვლა-დაცვის მიზნით“.
4. №1339 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტით დაცული უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
6. №1339 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ 2006-2008 წლებში მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა, ერთი მხრივ, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიასა და, მეორე მხრივ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურსა და იმ პირებს შორის, რომელთა საკუთრებაშიც რეგისტრირებული იყო სადავო ნორმით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობები.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის №ბს-229-223(კ-08) განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორის - ჯაბა ჯიქიას საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ სადავო ქონება, ჯაბა ჯიქიას საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩათვლით, მიაკუთვნა სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა აღნიშნული ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვა ეკლესიის სახელზე. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის“ 2002 წლის 14 ოქტომბრის კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლი, ასევე გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ლახავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოსარჩელის საკუთრების უფლებას, რადგან არსებული მოწესრიგების საფუძველზე, მას, ისევე როგორც ზემოაღნიშნულ სამართლებრივ დავაში მონაწილე სხვა პირებს, ჩამოერთვათ მემკვიდრეობით მიღებული და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის სასარგებლოდ.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით კონსტიტუციური ცვლილებები შეეხო, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავს. ამავე კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, კონსტიტუციური ცვლილებები ძალაში შევიდა №1339 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, 2018 წლის 16 დეკემბერს. შესაბამისად, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის დროისათვის ძალადაკარგულია საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის ის დებულება, რომელთან მიმართებითაც, მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. №1339 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის აღნიშნული რედაქციის მითითებული დებულება აღიარებდა და ხელშეუვლად აცხადებდა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას. თუმცა საქართველოს კონსტიტუციის ახალი მოქმედი რედაქციის ჩამოყალიბების შემდგომ, საკუთრებისა და მემკვიდრეობის აღიარებისა და უზრუნველყოფის გარანტიებს ითვალისწინებს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 333 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება განსახილველად, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
5. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე წარმოადგენს ფიზიკურ პირს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური პირების კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე იხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს, რომლებიც მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით მოწესრიგებულ საკითხებთან მიმართებით. შესაბამისად, №1339 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა გამოარკვიოს, სადავო დებულების სამართლებრივი ბუნება, აქვს თუ არა მას ნორმატიული ხასიათი.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ინდივიდუალური და ნორმატიული სამართლებრივი აქტის გამიჯვნა უნდა მოხდეს ამგვარი აქტით მოწესრიგების ადრესატთა წრისა და ობიექტის გათვალისწინებით. კერძოდ, „ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია, იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება იგი ამ წრის გვარეობითი ნიშნით იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ეხება როგორც კონკრეტულ პირს, ისე მისი გამოცემის მომენტში განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა ჯგუფს. ნორმატიული აქტი თავისი ბუნებით აბსტრაქტულ, საერთო ნორმას წარმოადგენს და დაკავშირებულია არა რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან ან შემთხვევასთან, არამედ თავის იურიდიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური შემთხვევების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ნორმატიული აქტის მრავალჯერადი გამოყენების თვისება. ამდენად, ნორმატიული აქტი, როგორ ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ. განსხვავებით ნორმატიული აქტისგან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ხასიათდება თავისი შინაარსის კონკრეტულობით. იგი კონკრეტულ ურთიერთობას (შემთხვევას) ეხება“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5).
7. მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის „ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ“ 1999 წლის 18 მაისის №37/10 გადაწყვეტილების იმ ნაწილის კონსტიტუციურობა, რომელიც მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიისათვის კონკრეტული ფართობების მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რამდენიმე ნაკვეთის გადაცემას ითვალისწინებს.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით ნათელია, რომ კომისიის სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება არ ადგენს პირთა განუსაზღვრელი წრისკენ მიმართულ ქცევის ზოგად წესს. აღნიშნული გადაწყვეტილება ზედმიწევნით ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრავს როგორც პირთა წრეს, რომელთაც მიწის ნაკვეთები გადაეცემათ მუდმივი სარგებლობის უფლებით, ასევე, ზუსტად განსაზღვრავს და აღწერს ქონებას, რომელიც მათ გადაეცემათ. სადავო აქტი ვერ იქნება გამოყენებული სხვა ანალოგიური ურთიერთობების მიმართ, რომლის მონაწილეთა ვინაობა მისი გამოცემის დროისათვის განუსაზღვრელი იყო, არამედ მისი მოქმედება ამოიწურება კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობათა ერთჯერადად მოწესრიგებით. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის №37/10 გადაწყვეტილების სადავო დანაწესი ვერ იქნება განხილული როგორც ნორმატიული აქტი საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1339 კონსტიტუციური სარჩელი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 333 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მეორე პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1339 კონსტიტუციური სარჩელი („ოთარ ჯიქია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი