ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/9/1813 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 25 ივლისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ივლისი 2024 12:06 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე,
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1813) მომართა ლაშა ჯანიბეგაშვილმა. №1813 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 25 მარტს. №1813 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 25 ივლისს.
2. №1813 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; 31-ე მუხლი; 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „ადვოკატს შეუძლია ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
5. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე, ლაშა ჯანიბეგაშვილის მიმართ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის (შემდგომში ეთიკის კომისია) 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ორ სხვადასხვა საქმეზე აღიძრა დისციპლინური დევნა. კერძოდ, ეთიკის კომისიის პირველი დისციპლინური კოლეგიის (საპროცესო კოლეგია) შეფასებით, ორივე საჩივრის შესწავლის შედეგად დასაბუთებული ვარაუდით დასტურდება, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა სოციალურ ქსელში პოსტის საჯაროდ გამოქვეყნებით დაარღვია სწორი ინფორმაციის გაჟღერებისა და პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის პატივისცემის ეთიკური ვალდებულება, რაც შემდგომში საჭიროებს არსებითი განხილვის კოლეგიის მხრიდან შეფასებას და შესაბამისი დისციპლინური სახდელის შესაძლო გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას.
6. სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით წინააღმდეგობის წარმოსაჩენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი უთითებს, რომ გასაჩივრებული რეგულაცია იძლევა შესაძლებლობას, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გასაჩივრებულ იქნეს ერთჯერადად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, რომელიც პირველი ინსტანციით განიხილავს საქმეს. მოსარჩელე განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანცია და სააპელაციო სასამართლო არ ამოწმებს ადვოკატისთვის შეფარდებული დისციპლინური სახდელის კანონიერებას, ეთიკის კომისიას შეთავსებული აქვს ორი ინსტანციის სასამართლოს უფლებამოსილება, რაც დისკრიმინაციულია და არ არის შეთავსებადი სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან.
7. რაც შეეხება სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული წესი ადგენს შეზღუდვას, რომ ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადვოკატისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, გასაჩივრებულ იქნეს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრების შესაძლებლობის დადგენა მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მეშვეობით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების დანაწესს, რომლის თანახმადაც „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“
8. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, ისევე როგორც 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. ამავდროულად, მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
9. №1813 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
10. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით მომართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვისას და სასამართლო აქტების საჯაროდ გამოქვეყნებისას დაიფაროს მოსარჩელის პერსონალური მონაცემები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქმის შეწყვეტა
1. №1813 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ლაშა ჯანიბეგაშვილი. 2024 წლის 22 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1813 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
2. პერსონალური მონაცემების დაფარვის საკითხი
4. საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის შუამდგომლობაზე სასამართლოს აქტების გამოქვეყნებისას მისი პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის (შემდგომში - რეგლამენტი) 33-ე მუხლით მოწესრიგებულია პერსონალური მონაცემების/პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის საკითხები. კერძოდ, რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმის განმხილველი სასამართლო ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის მიზნით, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის მაიდენტიფიცირებელი/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დოკუმენტები ქვეყნდება იმგვარი ფორმით, რომ არ გამჟღავნდეს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან/და მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული შესაბამისი ინფორმაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების საორგანიზაციო დეპარტამენტისთვის ჩაბარებიდან მის განაწილებამდე პერიოდში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განაწილების შემდეგ სამართალწარმოების დასრულებამდე პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდგომ პლენუმის აქტებში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს - პლენუმი, კოლეგიის აქტებზე - შესაბამისი კოლეგია, სხვა დოკუმენტებზე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების (გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა) სრული ტექსტი ქვეყნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრული ტექსტის გამოქვეყნება ემსახურება საკონსტიტუციო კონტროლის საჯაროობის და საზოგადოებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).
7. საქართველოს კონსტიტუცია, ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევაში, მოსარჩელის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, უშვებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის შესაძლებლობას იმ პირობით, რომ დადგენილ იქნება სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე, მათ შორის, მოსარჩელის ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე, საზოგადოების ხელმისაწვდომობასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31).
8. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „როდესაც მონაცემთა მფლობელს გააჩნია საკუთარი პერსონალური მონაცემების დაფარვის ინტერესი, ეს არ ქმნის ავტომატურად მათი დაფარვისა და საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). „ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია, არსებობდეს იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის მომეტებული ინტერესი, რომელსაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ინფორმაცია. ... სასამართლოს აქტში შესაძლებელია, ასახული იყოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე და ზიანსაც კი მიაყენებს მას. მაგალითად, სასამართლოს აქტში, შესაძლოა, მითითებული იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ინტიმური დეტალის შესახებ და ა. შ.. ამგვარ შემთხვევებში, ცხადია, იზრდება მსგავსი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და საჭიროება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56-57).
9. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აყენებს შუამდგომლობას მისი პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე, თუმცა არ წარმოადგენს სათანადო დასაბუთებას, თუ რა საფრთხე შეიძლება წარმოიშვას მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შემთხვევაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ არსებობს დაპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის ჭრილში საკითხის განხილვის აუცილებლობა. მოსარჩელემ მხოლოდ დააყენა აღნიშნული შუამდგომლობა, თუმცა, არ აუხსნია მისი მიზეზები. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს რაიმე ალბათობას, რომ მოსარჩელის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებამ შეიძლება რაიმე საფრთხე შეუქმნას მას ამა თუ იმ თვალსაზრისით, რაც გაამართლებდა მათ დაფარვას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა №1813 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1813 კონსტიტუციურ სარჩელზე („ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. №1813 კონსტიტუციურ სარჩელზე („ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე