რუსუდან ქარჩავა, ქეთევან ბაშელეიშვილი, მარიამ მჭედლიძე, ხათუნა ციხისელი, ნინო ახვლედიანი, გიორგი ძიძიგური, ნინო გოგოლიძე, დიანა ვართანოვი, პაატა კაპანაძე, დალი გოგიძე, ია პაიჭაძე, ბესიკი შენგელია, ბექა კვინიკაძე, ბექა ონიანი, ლაშა ხუსკივაძე, ლიანა ენუქიძე, ანნა მაჭავარიანი და კესო ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/2/832, 833, 834, 835, 836, 837, 838, 839, 840, 841, 842, 843, 844, 845, 846, 847, 848, 849 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 12 ივლისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 ივლისი 2024 16:04 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: რუსუდან ქარჩავა, ქეთევან ბაშელეიშვილი, მარიამ მჭედლიძე და სხვები (სულ 18 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
განსახილველი საკითხი: №832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848 და №849 კონსტიტუციურ სარჩელებზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოსამართლე მერაბ ტურავას აცილების შესახებ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848, №849) მომართეს რუსუდან ქარჩავამ, ქეთევან ბაშელეიშვილმა, მარიამ მჭედლიძემ და სხვებმა (სულ 18 მოსარჩელე). დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელებში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავას აცილების შესახებ.
2. კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მე-2 და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში“. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები კი ითვალისწინებს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, ისე მათთვის გათვალისწინებული სანქციის სახეს და ზომას.
4. მოსარჩელეების შუამდგომლობებში აღნიშნულია, რომ მოსამართლე მერაბ ტურავა ცდილობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილების (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გამოცხადების შეფერხებას, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უჩენს რწმენას მისი მოპასუხის მიმართ მიკერძოებულობასთან მიმართებით.
5. შუამდგომლობის ავტორების პოზიციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მერაბ ტურავას მიერ მასობრივი ინფორმაციის წყაროთათვის მიცემული ინტერვიუები მიუთითებს მის წინასწარ ნეგატიურ განწყობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეებზე.
6. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ მოსამართლის ქმედება აჩენს დასაბუთებულ ეჭვს მის მიკერძოებულობასა და არაობიექტურობასთან დაკავშირებით, რაც ქმნის მისი აცილების საფუძველს.
7. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო დოკუმენტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის აცილების შესაძლებლობას, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა დადასტურების დროსაც, უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილება. ეს საფუძვლებია, ერთი მხრივ, საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და, მეორე მხრივ, ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.
2. შუამდგომლობების ავტორების მტკიცებით, განსახილველი კონსტიტუციური სარჩელების ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხის მიმართ მოსამართლე მერაბ ტურავას მიკერძოებულობას წარმოაჩენს ის გარემოება, რომ იგი ცდილობდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილების (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გამოცხადების შეფერხებას. გარდა ამისა, შუამდგომლობებში აღნიშნულია, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას მხრიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიცემულ ინტერვიუებში იკვეთება წინასწარი ნეგატიური განწყობა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე.
3. აღსანიშნავია, რომ იდენტურ გარემოებებზე მითითებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უკვე იმსჯელა მოსამართლე მერაბ ტურავას აცილების საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №3/3/740,764 განჩინების ფარგლებში. დასახელებულ განჩინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ შუამდგომლობაში წარმოდგენილი არგუმენტაცია არასაკმარისი იყო კონსტიტუციური სარჩელების ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დასაყენებლად. შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №3/3/740,764 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2,3).
4. №832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848 და №849 კონსტიტუციური სარჩელების ავტორების შუამდგომლობებში წარმოდგენილი პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ მერაბ ტურავას აცილების თაობაზე გამყარებულია იმავე გარემოებებითა და არგუმენტებით, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა №740 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის ფარგლებში. როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი არგუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიჩნია მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანისა და მისი აცილებისათვის საკმარის საფუძვლად. აღნიშნულს მიღმა, განსახილველი კონსტიტუციური სარჩელების ფარგლებში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე დამატებითი გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა მოსამართლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებას საქმის შედეგით ან/და იმგვარი გარემოების არსებობას, რომელიც მის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შუამდგომლობების ავტორების მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსამართლე მერაბ ტურავას აცილების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მერაბ ტურავას აცილების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა№832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848 და №849 კონსტიტუციურ სარჩელებზე მოსამართლე მერაბ ტურავას აცილების შესახებ.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში